QronikaPlus
მამუკა ნოზაძე: ,,ნინო გვენეტაძე ვერ შევა ისტორიაში, როგორც უზენაესი სასამართლოს სამართლიანი თავმჯდომარე!”

მამუკა ნოზაძე: ,,ნინო გვენეტაძე ვერ შევა ისტორიაში, როგორც უზენაესი სასამართლოს სამართლიანი თავმჯდომარე!”

2017-02-03 08:35:41

  როგორ აფასებენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის საქმიანობას იურისტთა წრეებში? რისი შეცვლა შეეძლო მრავალი უკანონობის მომსწრე სისტემაში დევნილის სტატუსით მოსულმა ადამიანმა და არ შეცვალა? ამ კითხვებით, ამჯერად, „ქრონიკა+“ ადვოკატ მამუკა ნოზაძეს მიმართავს. მამუკა ნოზაძე: _ უზენაეს სასამართლოში ახლაც ისეთივე უძრაობაა, როგორც `ნაციონალების” ხელისუფლების დროს იყო. ახლაც არ იხილება საქმეები. სისხლის სამართლის საქმეებზე ისეთივე ტრაფარეტული განჩინებები გამოაქვთ, როგორიც აქამდე გამოდიოდა. სისხლის სამართლის საქმეთა პალატას კვლავ გამოაქვს ერთგვერდიანი განჩინებები, სადაც წერია, რომ საქმის განხილვა არ არის მნიშვნელოვანი სამართლისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის განვითარებისთვის და ამ მიზეზით ეუბნებიან უარს მხარეს საკასაციო საჩივრის განხილვაზე. ყველა საქმეზე იდენტური განჩინება გამოდიოდა და გამოდის, მხოლოდ გვარ-სახელები იცვლება, ამაზე უკვე მუდმივად ვწერთ. _ უზენაესი სასამართლოს მისია რეალურად რას წარმოადგენს? _ ეს გახლავთ საკასაციო ინსტანციის, ყველაზე მაღალი რანგის სასამართლო საქართველოში. ცხადია, აქ მოსამართლეები რეალურად უნდა იხილავდნენ საქმეებს, პირველ და მეორე ინსტანციებში დაშვებული ხარვეზები რომ გამოსწორდეს და მოსამართლეებმა დასაბუთებული განჩინებები გამოიტანონ. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება სასამართლო პრაქტიკისთვის, რადგან ანალოგიურ საქმეებზე ვეღარ დაადგენენ უკანონო განაჩენებს და ის სახელმძღვანელო ხასიათის გახდება. ასევე კარგი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პირველ და მეორე დონის სასამართლოებში სამართლიანობას ვერ მიაღწიეს და იმედის თვალით შეჰყურებენ უზენაეს სასამართლოს. სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება არ არის, მხოლოდ და მხოლოდ, ნორმათა ციტირების საშუალება. სასამართლო გადაწყვეტილებებში უნდა ჩანდეს მოსამართლის ანალიზის უნარი, აზროვნება და სამართალშემოქმედება.  სამწუხაროდ, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ მოსამართლეებს შეუძლიათ აზროვნება, რაც მათ სასამართლოს გადაწყვეტილებებშიც ნათლად ჩანს. უზანაესი სასამართლოს ფუნქცია სწორედ ის არის, რომ უნდა იყოს მაღალი დონის სასამართლო და იქ სამართლებრივად უნდა ასაბუთებდნენ გადაწყვეტილებებს. ვერ დავმალავ და ამ უწყებაში, ჯერ კიდევ, სააკაშვილის დროს დანიშნული მოსამართლეები არიან მოკალათებულნი. ისინი წინათ ხელისუფლების მიმართ ლოიალურობით გამოირჩეოდნენ და დღესაც იგივეს აგრძელებენ უკვე არსებული ხელისუფლების მიმართ. მეტიც, სამი ვაკანტური ადგილია უზენაეს სასამართლოში, მეოთხე ახლა განთავისუფლდება და მოსამართლეები იმის გამო არ ინიშნებიან, რომ მმართველი პარტია გარკვეული კანდიდატების მათადმი ერთგულებაში ვერ დარწმუნდა. პროცესს შეგნებულად სწორედ ამიტომ აჭიანურებენ, რითაც ზიანს აყენებენ საზოგადოებისა და მართლმსაჯულების ინტერესებს. _ ე. ი. უზენაეს სასამართლოში სამართალს ვერ იპოვი და კიდევ უფრო დაზარალდები? _ დიახ. სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება, რომელიც გარანტირებულია ქვეყნის კონსტიტუციით, ფაქტობრივად, ხელმიუწვდომელია. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება და საშუალება, სასამართლოს მიმართოს, მაგრამ სასამართლო ხელმისაწვდომობაში მხოლოდ ეს არ მოიაზრება. სასამართლო ხელმისაწვდომობა არის ის, რომ საქმე იყოს ობიექტურად, კანონის შესაბამისად განსჯილი და ადამიანი არ გახდეს ვინმეს ინტერესების მსხვერპლი. ზოგიერთი, რომელიც წარსულში მძიმე დანაშაულებებისთვის მსჯავრდადებული იყო, დღეს პარლამენტში ზის, ასევე ის მოსამართლეები, რომლებმაც მათ მიმართ უკანონო, მკაცრი განაჩენები გამოიტანეს, არ დასჯილან და კვლავ სასამართლო ხელისუფლებაში არიან. ხელისუფლებაში მყოფ ყოფილ პოლიტპატიმრებს, რატომღაც, კითხვა არ უჩნდებათ, მოსამართლე, რომელიც მათ მიმართ უსამართლო იყო, დღეს სამართლიანი როგორ არის და თუ სამართლიანი არაა, რატომ არის კვლავ მოსამართლე? ეს კითხვა იმიტომ არ უჩნდებათ, რომ ზოგიერთმა დაუმსახურებლად მიიღო საოცრად თბილი სავარძელი პარლამენტში და დღეს, ამბიონზე მდგარი, უკვე სხვაგვარად უყურებს ამ საკითხს. _ ვის გულისხმობთ, ვინ იქცევა ასე? _ გვარ-სახელებს არ დავასახელებ, თუმცა ყველა მიხვდება, ვინ იყო მსჯავრდადებული სააკაშვილის რეჟიმის დროს და დღეს ვინ არის პარლამენტის წევრი. საზოგადოება კარგად იცნობს ამ ადამიანებს. „ოცნების“ ხელისუფლებამ დაპირება გასცა, რომ უზენაეს სასამართლოსა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება უნდა შესულიყო, რომლის თანახმადაც, სასამართლო წევრთა რაოდენობა გაიზრდებოდა. ამავე დროს, მოსამართლეთა რაოდენობა უნდა განსაზღვრულიყო პირდაპირ კანონით. მესამე ტალღის ეგიდით ეს გაჟღერდა და თავდაპირველ პროექტში ის იყო კიდევაც. ამის შემდეგ ნინო გვენეტაძისა და თეა წულუკიანის ქმედებებში, რომელიც უკვე მხილებული არის ტყუილებსა და ფაქტების უტრირებაში, გამოიკვეთა ის, რომ ამ ხელისუფლებას არ აწყობს სასამართლო წევრთა რაოდენობის განსაზღვრა და იმ რეგულაციის დატოვება სურს, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო. უზენაესი სასამართლოს პლენუმს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და თუ მოუნდება, შეამციროს უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა, ან გაზარდოს. პრეზიდენტმა ვეტო დაადო საერთო სასამართლოების შესახებ კანონს და მისი, ასევე ვენეციის კომისიის მოთხოვნა არის ის, რომ არ უნდა მიეცეს ამის უფლება. ვინ არის უზენაესი სასამართლოს პლენუმი, რომ მან მიიღოს ქვეყნის მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანეს რგოლში გადაწყვეტილება, მოსამართლეები შეამცირონ, ან გაზარდონ პოლიტიკური ნიშნით? ამის უფლება პლენუმს არ უნდა ჰქონდეს. _ ვინ არიან პლენუმის წევრები? _ პლენუმში შედიან უზენაესი სასამართლოს წევრები: ნინო გვენეტაძე, ჩინჩალაძე და ა. შ. უზენაესი სასამართლოს ყველა წევრი პლენუმის წევრადაც ითვლება და მისი თავმჯდომარე ასევე არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე _ გვენეტაძე. ვფიქრობ, პარლამენტი გაიზიარებს პრეზიდენტის ვეტოს, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების, ადვოკატების მოთხოვნაა, რომ პარლამენტმა განსაზღვროს წევრთა რაოდენობა. საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, საქართველოს უზენაესი სასამართლო რამდენი წევრით განისაზღვრება. ასევე, პარლამენტმა უნდა შეწყვიტოს ის ბოიკოტირება და წევრთა არდანიშვნა, რომელსაც თვეების განმავლობაში აგრძელებს. ის მიზანმიმართულად არ ნიშნავს პრეზიდენტის მიერ უზენაეს სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატებს. შეიძლება, რომელიმე კანდიდატის მიმართ მართლაც  არსებობს ლეგიტიმური კითხვები, მაგრამ იქ ასევე არიან კანდიდატები, რომელთა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვა არ არსებობს. თუ სხვაგვარად არის რაიმე, პარლამენტმა პრეზიდენტთან უნდა ითანამშრომლოს და დაასაბუთოს, რატომ არ ხდება ამ ადამიანების გამწესება უზენაეს სასამართლოში და ეს არგუმენტები საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. ან უნდა შეარჩიონ სხვა კანდიდატები, რადგან ამით საზოგადოება ზარალდება. ბუნებრივია, წარდგენილ კანდიდატს როცა ჩაუგდებენ, პრეზიდენტმაც უფრო ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გაატაროს და ა. შ. _ ამით როგორ ზარალდება საზოგადოება და რატომ აწყობს ასეთი რამ უზენაესი სასამრთლოს ხელმძღვანელობას, ესეც განგვიმარტეთ? _ საზოგადოებას აღარ აქვს მოლოდინი, რომ მათ საქმეს ობიექტური მოსამართლე განსჯის. ჯერ ერთი, ამ სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა მცირეა, მერე სასამართლო დაკომპლექტებულია ისეთი პირებით, რომლებიც ლოიალურად იყვნენ განწყობილი წინა ხელისუფლების მიმართ და ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოირჩეოდა არაობიექტურობით, ის ობიექტურ მოსამართლედ ვერასდროს იქცევა. ამიტომ ახალი ძალის მისვლა უზენაეს სასამართლოში არ აწყობს მმართველ ძალასაც. მას ეშინია, რომ ეს ადამიანები ობიექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და ამით მათ გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნიან. ამით, შეიძლება, პროკურატურის მიერ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრების ფაქტი გამოვლინდეს, ამ მოსამართლის მიკერძოება, უკანონო საქციელი და ა. შ. აქედან გამომდინარე, ის პირები, რომელთაც განაცხდი აქვთ შეტანილი და ფიქრობენ, რომ მათ საქმეებს სამართლიანად განსჯიან, საწინააღმდეგო ხდება. მათი საქმეები კვლავ ხვდება პავლიაშვილის, გვენეტაძის, პაატა სილაგაძის ხელში, რომელთაც ისეთივე ტრაფარეტული გადაწყვეტილებები გამოაქვთ, როგორიც წინათ გამოჰქონდათ ამ სასამართლოში. გაზეთ „ქრონიკა+“-ში არაერთხელ გავაშუქეთ ასეთი ფაქტებიც და ახლა ყველა მათგანზე არ შევჩერდები. გამოვყოფ ერთ საქმეს, სადაც სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარემ, მოსამართლე ნინო გვენეტაძემ, შალვა დოლიძის საქმეზე ისეთ განჩინებას მოაწერა ხელი, რომელიც ალოგიკურობისა და აბსურდულობის ნათელი ნიმუშია. პროკურორმა, რომელიც მონაწილეობდა შალვა დოლიძის მიმართ შეთითხნილ სისხლის სამართლის საქმეში, შემდგომ, როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ, დოლიძის შუამდგომლობა განიხილა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც წარსულში პროკურორად მონაწილეობდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ნათლად წერია: პირი, რომელიც წარსულში მონაწილეობდა საქმეში პროკურორად, მოსამართლედ, სხდომის მდივნად, გამომძიებლად, ვერ მიიღებს იგივე საქმეში მონაწილეობას სხვა ინსტანციის სასამართლოში. მაგრამ გვენეტაძემ განაცხადა, თითქოს ასეთი რამ ცალსახად არ არის აღნიშნული, რაც ასევე ტყუილია. შეგიძლიათ, კოდექსში ეს მუხლი თქვენც ნახოთ. ასეთ განჩინებას მოაწერა მან ხელი, რაც სამარცხვინოა. ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით ის ასე იმიტომ მოიქცა, რომ, ჩემი აზრით, არ კითხულობს განჩინებებს, ვითომ დიდი მოუცლელი და სამართლიანობის ქურუმია და დრო არ აქვს. ამის გამო ის მომხსენებელ მოსამართლეს ენდო, რომელმაც განჩინება შეუტანა. ანდაც, მან სამართლიანობაზე დახუჭა თვალი და უარი თქვა ობიექტურ მოსამართლეობაზე. ორივე ვარიანტი დანაშაულებრივი ქმედებაა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან. ნინო გვენეტაძეს თავი მოაქვს ბრძენად, საზოგადოებას წარმოუდგა, როგორც დევნილი მოსამართლე და მსხვერპლი, მაგრამ თუ ეს ყველაფერი სიმართლე იყო, მაშინ დღეს როგორ არის მდევნელებთან კოჰაბიტირებული და როგორ ატარებს მათთან ჟივილ-ხივილში დღეებს? ჩვენ ვნახეთ ფოტოები მოსამართლეების საახალწლო ფართების, კარნავალებისა და ტაში-ტუშის. იმ პირებს, რომლებიც, თითქოს, გვენეტაძეს სდევნიდნენ, დღეს ტორტის ნაჭრებით უმასპინძლდება და როდის ტყუის, ან როდის არის მართალი გვენეტაძე, როგორ უნდა გავიგოთ? მოსამართლეობა არ არის მუდმივი. მანტიით არავინ იბადება და არც კვდება. ასეთ საქმეებს მას ხშირად გაუხსენებენ და ვერ შევა ისტორიაში, როგორც უზენაესი სასამართლოს სამართლიანი, ობიექტური ხელმძღვანელი. _ თქვენ ამბობთ, რომ ნინო გვენეტაძეს უზენაეს სასამართლოსა და საერთო სასამართლოებში ბევრი რამის შეცვლა შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა? _ გვენეტაძეს საზოგადოების მხრიდან დიდი ლეგიტიმაცია ჰქონდა და მას ბევრი რამის გაკეთება შეეძლო ამ სფეროში. თუმცა ყველამ დაინახა, რომ ამ ადამიანმა რეფორმატორული, სწორი ნაბიჯები არ გადადგა და თითქმის არაფერი შეცვალა სისტემაში, ამიტომ საზოგადოებას მისი მხრიდან მოლოდინები აღარ აქვს. „ქრონიკა+“-ის ფურცლებზე გვეწერა, თუ როგორ დააკომპლექტა მან უზენაესი სასამართლო დაქალებით. სამწუხაროდ, ეს პროცესი ამით არ ამოწურულა და ამ უწყების დაკომპლექტება გვენეტაძისა თუ სხვათა ნაცნობ-მეგობრებით, დაქალ-ძმაკაცებით კვლავ გრძელდება. მოკლე ხანში ჩვენ შემოგთავაზებთ იმ ადამიანების სიას, რომლებიც სწორედ ასეთი ფორმით არიან წამომსხდარნი უზენაესი სასამართლოს სხვადასხვა სამსახურში და საკმაოდ მაღალ ხელფასებსაც იღებენ. შეიძლება ითქვას, რომ გვენეტაძემ საკმაოდ საპასუხისმგებლო უწყება აქცია ახლობელთა და მეგობართა თავშესაფრად. აქედან გამომდინარე, ისეთი გადაწყვეტილებები, როგორსაც იქ იღებენ, არ არის გასაკვირი. როცა ესა თუ ის პირი ბედავს, ერთპიროვნულად, კონკურსებისა და პრივილეგიების გარეშე ახლობლებისა და მეგობრების დაწინაურებას, იქ ობიექტურობაზე საუბარიც კი ზედმეტია. ამის შესახებ აუცილებლად უნდა ამოეღოთ ხმა იმ არასამთავრობოებს, რომლებიც პერიოდულად საუბრობენ ხოლმე სასამართლოების მხრიდან გარკვეულ უკანონობებზე, მაგრამ ისინი ასე არ მოიქცნენ და არ შეისწავლეს საკითხი, რა პრინციპით ნიშნავს გვენეტაძე უზენაეს სასამართლოში, ღია კონკურსის გარეშე, თანამდებობებზე გარკვეულ პირებს? მათი ლაპარაკიც მხოლოდ პიარია. ცხადია, გვენეტაძეს უზენაეს სასამართლოში ბევრი რამის შეცვლა შეეძლო. მაგალითად, ბოლომდე მიეყვანა სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა ხელისუფლებასთან კომუნიკაციის შედეგად. განსაზღვრულიყო მოსამართლეთა ოდენობა, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა; დაეწესებინა თუნდაც ზეპირი მოსმენით საქმეების განხილვა, სადაც არ მოხდებოდა გადაწერა პირველი და მეორე ინსტანციის საქმეებისა და მხარეთა საკასაციო საჩივრების მიხედვით, გაცემული იქნებოდა დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხი, რატომ დაკმაყოფილდა საჩივარი, ან არ დაკმაყოფილდა, მაგრამ გვენეტაძემ ხელისუფლებასთან და ყოფილი ხელისუფლების კვლავ მაღალ თანამდებობებზე წამოჭიმულ პირებთან ჩახუტება არჩია. გვენეტაძეს და არსებულ ხელისუფლებას ურჩევნია, რომ ძველი კასტა ჰყავდეთ უზენაეს სასამართლოში. იქ არიან „ნაციონალების“ პერიოდის მოსამართლეები, რომლებიც, ამჯერად, „ოცნების“ ხელისუფლებასთან ძალიან კარგად ბრძანდებიან. მაგალითად, მიშა ჩინჩალაძე, რომელიც არც ერთ საქმეს არ იხილავს, ის იყო ადეიშვილის მარჯვენა ხელი და ასე მოხვდა ამ თანამდებობაზე, შეინარჩუნა არსებული მდგომარეობა და პასუხიც არაფერზე მოსთხოვეს. საერთოდაც, არც ერთ მოსამართლეს არ მოეთხოვა პასუხი ჩადენილ ქმედებებზე. ამიტომ დღეს, საერთო სასამართლოების კანონში, რომელიც პარლამენტმა მიიღო, გაჩნდა დებულება, რომლის თანახმადაც, უზენაესი სასამართლოს ყოფილ წევრს უფლება აქვს, ყოველგვარი გამოსაცდელი ვადის გარეშე, უვადოდ დაინიშნოს პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში. შესაბამისად, ჩინჩალაძეს და მსგავს დამნაშავე მოსამართლეებს სიკვდილამდე გზა ხსნილი აქვთ ამ უწყებებში და მიუხედავად იმისა, რაც მათ გააკეთეს, უფლება მიეცათ, იყვნენ დაუსჯელები, ბედნიერები და ლაღები. ნინო გვენეტაძემ, არქივიდან ამოღებული, შევარდნაძის დროინდელი მოსამართლეები დააბრუნა ხელისუფლებაში. მართალია, მას ერთი ხმა აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მაგრამ თავისი პოზიციის გაჟღერების შემთხვევაში შეეძლო, გვერდით დაეყენებინა, თუნდაც, ისეთი უწყება, როგორიც არის ადვოკატთა ასოციაცია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო საზოგადოება, იურისტთა ფართო წრე და საკუთარი აზრი ბრძოლით გაეტანა, არ დაეშვა, თუნდაც, ლევან მურუსიძის გახდომა კვლავ მოსამართლედ, მაგრამ ამ გზას მან მურისიძესთან ჩახუტებისა და შეხმატკბილების გზა არჩია, რაც ფოტოზეც კარგად ჩანს.   ნელი ვარდიაშვილი      

გაზიარება