საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილთა ნაწილისთვის 45-ლარიანი დახმარების გაუქმებას აპირებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა _ ნუგზარ წიკლაურმა და ბესო წერედიანმა ისაუბრეს.
„ჩვენ ხელში ჩაგვივარდა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ სამინისტრო აპირებს, დაწიოს შემოსავლის 1250-ლარიანი ზღვარი, ასევე დახმარება შეუწყდეს იმ პირებს, რომლებიც არ არიან დაბადებულები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და მათ, რომლებიც ქორწინებაში იმყოფებიან არადევნილებთან.
ამ დოკუმენტის ამოქმედება ძალიან მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემებსა და სოციალურ კრიზისს გამოიწვევს, რადგან დევნილთა უმრავლესობა სწორედ ამ შემწეობებზეა დამოკიდებული.
სრულიად შესაძლებელი იქნებოდა, ხელისუფლებას ეზრუნა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე და ამ შემთხვევაში არანაირი საფრთხე ამ პროგრამას არ დაემუქრებოდა. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების უცოდინარობამ, არაკომპეტენტურობამ, კორუმპირებულობამ ყველაფერი გააკეთა, რომ საზოგადოების განსაკუთრებით დაუცველი ნაწილი _ დევნილები _ ასეთი მძიმე საფრთხის ქვეშ დადგნენ“.
„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა დევნილთა სამინისტროს მოუწოდებს, ხელი აიღოს ასეთი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანაზე.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „დევნილთა პარტიის“ თავმჯდომარე _ ლელა გულედანი:
_ ქალბატონო ლელა, როგორ აფასებთ მოსალოდნელ რეფორმას?
_ ასეთი სტრატეგია, თავის დროზე, „ნაციონალებმა“ შექმნეს, რომ დევნილებს აღნიშნული დახმარება გაუქმებოდათ. მაშინაც ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა. სხვა საკითხია, დღევანდელ სამინისტროზე რას ვისაუბრებ.
_ მაშინ, ამას რით ხსნიდნენ?
_ აღნიშნული სტრატეგიის შექმნაში უცხოელები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები ჩართული იყვნენ, მაგრამ ეს ფორმალობა იყო და ისეთი დოკუმენტი შექმნეს, როგორიც მაშინდელ მმართველებს აწყობდათ. ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ დევნილების განსახლების პოლიტიკა უნდა გაგრძელებულიყო, რათა ამ გზით „ფული ეკეთებინათ“. ძალიან კარგად ვიცით, 2008-შიც რამხელა თანხები დაიხარჯა.
_ მაგრამ განსახლების პოლიტიკა დევნილთა შემწეობის გაუქმებას ხომ არ გულისხმობდა?
_ იქ პირდაპირ წერია, რომ შემწეობა საჭიროებიდან გამომდინარე დარჩებოდა. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ეს სტრატეგია არ შეცვალა, მიდგომებიც იგივე დარჩა. ყველაფერი ისევ უცხოელების დირექტივებით ხორციელდება. სამეთვალყურეო საბჭოში თავს არავინ შეგაყოფინებს. ამ ფონზე რატომ ითხოვენ, თუნდაც, დონორები შემწეობის გაუქმებას, ჩემთვის გაუგებარია.
როცა ევროპაში ჩადიხარ, დევნილის სტატუსის გათვალისწინებით, შემწეობა პირდაპირ გენიშნება. იქ არავინ გეკითხება, ეს დახმარება გჭირდება თუ _ არა? მაშინ ქვეყანაში ეკონომიკა ისე უნდა იყოს განვითარებული და სოციალური მდგომარეობა იმ დონეზე გვქონდეს, რომ დასაქმება უდიდეს პრობლემას არ წარმოადგენდეს. კი, კედლები დაუკანონე, მაგრამ რა ჭამოს ადამიანმა?
მე პირადად ამის მეტი შემოსავალი არ გამაჩნია. დღეს უმუშევარი ვარ, ჩემი და სამი ბავშვის 180 ლარი მაქვს, იცით, როგორ ველოდები ამ დახმარებას თვიდან თვემდე? რაღაც საქმეს ხომ მიკეთებს? დავრჩები ყოველგვარი შემწეობის გარეშე.
მე რომ ასეთ დღეში ვარ (პარტიას შემოწირულობა არ გააჩნია), ამხელა პასუხისმგებლობა მაკისრია (სამ შვილს მარტო ვზრდი), სხვამ რაღა უნდა გააკეთს? კიდევ კარგი და მეხმარება, მაგრამ როდემდე? სამუშაოს ვერაფრით ვპოულობ. ვერც პარტიას ვაფინანსებ.
საარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ უანგაროდ დავეხმარე, რათა ხელისუფლების შიგნიდან ამეღო პასუხისმგებლობა. რამდენი წელია, ოპოზიციაში ვართ და ვერანაირი შედეგი ვერ დავდეთ. თვითონ სახელმწიფოსაც გამოვადგები და საკუთარ თავსაც რეალიზებას გავუკეთებ-მეთქი. ვინ არ დაასაქმეს, მე ეს ვერ შევძელი, მაგრამ ეს სხვა თემაა.
მოკლედ, დევნილთა დახმარების გაუქმება ერთგვარი პოლიტიკური ნებაა, რადგან ეს სახელმწიფო სტრატეგიაში ადრეც იყო და დღესაც ასეა იმ ფონზე, როცა ხალხს, თვითონ დევნილებს, არაფერს ეკითხებიან. „ნაციონალებმაც“ გაიხსენონ, როგორ ყრიდნენ ადამიანებს ავტობუსებიდან... ეს სამინისტრო ხალხს პატივისცემით მაინც ეპყრობა და ნორმალურად მაინც ელაპარაკება. კომუნიკაციაც უკეთესია და შედარება არ არის.
_ მკითხველისთვის დავაზუსტოთ, განსახლების შემთხვევაში დევნილებს სტატუსი ხომ უნარჩუნდებათ?
_ ღმერთმა ნუ ქნას, რომ ბინის გადაცემის შემთხვევაში სტატუსიც გააუქმონ, რადგან დასაბრუნებელი აღარავინ გვეყოლება და ამით აფხაზეთის საკითხიც ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება.
რაც შეეხება დახმარებას, ეს საკითხი ე. წ. საჭიროებიდან გამომდინარე წყდება. ამ საკითხში ვითომ საერთაშორისო მრჩევლების წინადადებას ეყრდნობიან. რას ნიშნავს საჭიროება? მაშინ ინდივიდუალურად იმუშაონ ყველა ოჯახთან და დაადგინონ, ვის სჭირდება ეს 45 ლარი და ვის _ არა. თან კარგაც იცით, ეს 45 ლარიც რის ხარჯზე გაორმაგდა, ერთი ჯიბიდან ერთ დევნილს ამოუღეს და მეორეს ჩაუდეს. ანუ დღეს 1250-ლარიანი ხელფასი ვისაც აქვს, მას 45 ლარი აღარ ეძლევა.
_ ამ ხელისუფლებამ რატომ არ შეცვალა წინამორბედის სტრატეგია?
_ არც ერთი სახელმწიფო უწყების სტრატეგია ამ ქვეყანაში არ შეცვლილა. და თუ იგივე ხედვით ხელმძღვანელობ, მაშინ რა ოპოზიცია ხარ? ახალი ხედვით ხომ უნდა მოხვიდე? მესმის, რომ სახელმწიფოს გაუჭირდა და თანხების გამოთავისუფლება ხდება. ბიუროკრატიული აპარატი გაზრდილია, სააკაშვილის დროსაც დიდი იყო. ჩვენთან სახელმწიფო უწყებებში, დაახლოებით, 26% მუშაობს, როცა ევროპაში ეს მაჩვენებელი ერთი და ორი პროცენტია. როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები შენზე ბევრად ძლიერია, მას ვერაფრით მოერევი. აღნიშნული ბიუროკრატიული აპარატი, ფაქტობრივად, იგივე დარჩა. ხარჯებმა, პირიქით, მოიმატა, შტატები გაიზარდა და ა. შ. ამან ბიუჯეტის დეფიციტი შექმნა, ანუ თანხების გამოთავისუფლება მიდის. ახლა მთავრობის დავალებაა, რომ ყველა უწყებიდან ას-ასი კაცი გაუშვან, თვითონ სუბარმაც გაათავისუფლა ადამიანები.
დევნილების განსახლების ბიუჯეტი მწირია და შეიძლება, მინისტრი გამოუვალ მდგომარეობაშიც იყოს. არც ადრე იყო კარგი მდგომარეობა, სუბელიანს 10 მილიონი ჰქონდა და დღეს ბიუჯეტი 70 მილიონია, მაგრამ ეს თანხა არსებულ საჭიროებებთან მიმართებით დიდი არაფერია, იმდენი პრობლემაა დევნილ მოსახლეობაში მოსაგვარებელი. ამ ფონზე ვერც სესხს იღებენ, რადგან ისედაც 9-მილიარდიანი ვალი გვაქვს. მაგრამ ის მაინც თქვან, სად სურთ გამოთავისუფლებული თანხების გაშვება? ისევ ჯიბიდან ჯიბეში გადატანა ხდება, თუ რას უზამენ ამ თანხას? დევნილებისთვის სხვა რამ კეთდება, თუ ამ ფულს ისევ განსახლებაში გაუშვებენ? ამ ბიუჯეტის მონიტორინგიც ძალიან რთულია. დევნილებშიც კონსოლიდირებული ძალა არ არის და მათ ჩანაფიქრი ადვილად გაუვათ. დევნილმა რაც უნდა იხმაუროს, ამ პროცესზე გავლენას მაინც ვერ მოახდენს. როგორც ვხედავ, ეს, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი, საკითხია. აქეთ ხალხი გაღიზიანებულია, _ ამდენი მანქანა, პრემია, სახელფასო დანამატი გაიცემა... საჯაროდ ახსნან მაინც რეფორმის არსი, ჩვენი პრეტენზია სწორედ ეს არის. ჩუმად ნუ კეთდება. ხალხისთვის აქამდეც უნდა ეთქვათ, რომ გვიჭირს და ამის გაკეთებას ვაპირებთო.
_ ფიქრობთ, რომ ეს სათანადოდ არ ხდება?
_ ჭორის დონეზე ვიცით, რომ რაღაც დოკუმენტი უკვე გამზადებულია და დევნილებმა მის შესახებ კონკრეტული არაფერი იციან. დოკუმენტის შემუშავებისას საქმის კურსში ხომ უნდა ვიყოთ? რატომ უნდა ვიჭორაოთ? ე. ი. აღნიშნული საკითხი ხისტად უნდა გადაწყდეს. მათთვისაც უკეთესია, რომ ამას ერთი ამბავი არ მოჰყვეს. ყველა უწყებას ხალხთან მეტი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს. მსგავსი გადაწყვეტილებები ცენტრალიზებულად მოდის და მასზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ ვახდენთ. თანხებს როგორ დახარჯავენ, კეთილი ინებონ და აგვიხსნან.
_ ხარჯები ახსენეთ, რა დანახარჯები უნდა შეამციროს ხელისუფლებამ, რომ დევნილთა აღნიშნულ შემწეობას არ შეეხოს?
_ ეს დახმარება 100 მილიონი ლარი ჯდება, ბიუჯეტისთვის იმხელა თანხა არ არის, რომ ამით სასწაული ზარალი განიცადოს. ქვეყანაში უამრავი არაფრისმკეთებელი ბიუროკრატიული სტრუქტურაა, ათასობით სსიპ-ია და გააუქმონ, რაღა, მაინცდამაინც, საცოდავ ხალხს უუქმებენ ამ მიზერულ 45 ლარს? ბოლოს და ბოლოს, თუ ამ სამინისტროს საკმარისი ფინანსური რესურსი არ გააჩნია, მთავრობა მაქსიმალურად უნდა ეხმარებოდეს, რათა ელემენტარული ვალდებულებები შეასრულოს. ხალხი ამ დახმარების გაორმაგებას ელოდებოდა, ამიტომ მთელი მთავრობა მობილიზებული უნდა იყოს, რომ რამენაირად ამ მთავრობას, მინისტრს დავეხმაროთ. ამ შემთხვევაში ვიღაცამ თავისი უნდა დათმოს, მაგრამ მთავრობის სხდომაზე ამასთან დაკავშირებით ჭიდაობა მიდის ხოლმე, კუთვნილი რესურსის გადასროლა არ უნდათ, გაჭირვებულ ხალხზე არავინ ფიქრობს. დარწმუნებული ვარ, აქაც დევნილებისთვის თანხას ვერავინ გაიმეტებს, რაც ჩვენი ბრალიცაა. დევნილი საზოგადოება, თავის დროზე, ხმას არ ვიღებთ, ისეთ ძალას არ წარმოვადგენთ, რომელსაც რეალურ ანგარიშს გაუწევენ.
_ პროექტში აღნიშნულია, რომ სამინისტრო აპირებს დაწიოს შემოსავლის 1250-ლარიანი ზღვარი, ასევე დახმარება შეუწყდეს იმ პირებს, რომლებიც არ არიან დაბადებულები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე ქორწინებაში იმყოფებიან არადევნილებთან...
_ ზღვრის დაწევაზე საუბარი უკვე ხალხის დაცინვაა. ოჯახში ერთ-ერთი რომ არადევნილია, მას შემწეობა ისედაც არ ერიცხება.
აქ დაბადებული ბავშვებისთვის სტატუსის განსაზღვრა კი ცოტა სხვა საკითხია. ამაზე მეც ვფიქრობ, რათა ეს სახელმწიფოსთვის დაუსრულებელი პრობლემა არ იყოს. დევნილად, რეალურად, ის მიიჩნევა, ვინც საომარი მდგომარეობიდან წამოვიდა და აქ დაბადებული დევნილად არც უნდა ითვლებოდეს. ამაში ვერ შეედავები. მაშინ ამით დაიწყონ, არ მისცენ დევნილის სტატუსი და, თავისთავად, 45 ლარიც არ მიეცემა.
_ აღნიშნული რეფორმა რა შედეგებს მოიტანს?
_ ხალხში ძალიან დიდი უკმაყოფილება იქნება, ყური მოვკარი, ხელმოწერები შეიძლება შეგროვდეს და ა. შ. ხელმოწერების შეგროვების წინააღმდეგი არ ვარ და დავეხმარები. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, დევნილების დიდი იმედი არ მაქვს. მოვლენების განვითარებას დაველოდებით. ასევე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პოზიციას არავინ ითვალისწინებს. მას არც ხალხი, არც ცენტრალური ხელისუფლება არაფრად მიიჩნევს.
_ რატომ?
_ უფუნქციოა, რეპუტაცია შელახული აქვს, ხალხის გვერდით არასოდეს იდგნენ, ხმასაც კი ვერ იღებენ... ზოგადად, დევნილ მოსახლეობასაც ეს მთავრობა არ უყვარს, მათ მარადმწვანე დეპუტატებს ვუწოდებთ. იმ დროიდან მოყოლებული მხოლოდ საკუთარ სამუშაო ადგილებს უფრთხილდებიან. ეს მთავრობა ერთი და იგივე ხალხის ხელშია, ერთგვარი მაფიაა, რომელსაც, სხვათა შორის, ვერც ერთი მთავრობა ვერ ერევა. ამ საკითხში მათ აზრსაც არავინ გაუწევს ანგარიშს. პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღმდგენი დროებითი კომისია არ შექმნილა, ესეც ცუდი სიგნალია. ალბათ, მალე აფხაზეთის მთავრობას დახურავენ, მერე შერიგების სამინისტროს და დევნილთა სამინისტროსაც და მორჩება ამით ყველაფერი. საკონსტიტუციო ცვლილებებშიც აფხაზეთის საკითხი არ ფიგურირებს. საერთოდ, ამ პროცესში ჩვენ ვერ ვმონაწილეობთ, არ მოგვცეს ამის საშუალება. „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში დევნილებზე ერთი სიტყვა არ არის, არც კონფლიქტებზე, _ ეს თემა მათ არ აწუხებთ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის ბრიფინგი დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით:
„დევნილის სტატუსს არავინ ეხება. ლაპარაკია, მხოლოდ და მხოლოდ, იმაზე, რომ დევნილთა დახმარების სისტემა გახდეს მეტად ეფექტიანი და მეტად ორიენტირებული გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ დევნილებზე და არა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეს დახმარება არ სჭირდებათ...
დიდი ხანია ვაპირებთ დევნილთა დახმარების სისტემის რეფორმას, ეს არ არის ახალი ამბავი, ამის შესახებ ნათლად და მკაფიოდ წერია 2015-2016 წლების დევნილთა სახელმწიფო დახმარების სტრატეგიაში, რომელიც მიღებულია მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის სხდომაზე და სწორედ ამის განხორციელების მორიგ ეტაპზე გადავდივართ, ეს რეფორმა დიდი ხანია, დაწყებულია.
მე არ მომისმენია და შეიძლება, უკვე თქვეს კიდევაც, რომ თითქოს დევნილის სტატუსს ვაუქმებთ. თუ არ უთქვამთ, უკვე დაიწყებენ ამის შესახებ ყვირილს. პირდაპირ მინდა წინასწარ ვთქვა, რომ ეს არის ტყუილი, დევნილის სტატუსს არავინ ეხება. ლაპარაკია, მხოლოდ და მხოლოდ, იმაზე, რომ დევნილთა დახმარების სისტემა გახდეს უფრო მეტად ეფექტიანი და მეტად ორიენტირებული გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ დევნილებზე და არა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეს დახმარება არ სჭირდებათ.
მაგალითისთვის გეტყვით, რომ ამ რეფორმის პირველი ეტაპი გატარდა 2013 წელს, ეს იყო ერთგვარი დასაწყისი და მაშინ ფინანსთა სამინისტრომ აღმოაჩინა დევნილი ოჯახები, რომელთა წლიური შემოსავალი 3 მილიონ ლარს აღემატებოდა. ამ დევნილი ოჯახების ყველა წევრი 45 ლარს იღებდა. მე მგონი, გასაგებია, რომ ეს არის არასწორი, ეს არის სახელმწიფო ფინანსების არაეფექტიანი ხარჯვა. ეს თანხა უნდა მოხმარდეს იმ დევნილებს, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ დახმარება. მაშინ რეფორმა გატარდა, ოღონდ ეს იყო მხოლოდ ნაწილობრივი რეფორმა, კერძოდ, 45-ლარიანი დახმარება იმ ადამიანებს მოეხსნათ, რომელთა თვიური შემოსავალიც 1250 ლარს აღემატება. 3 მილიონი ლარის შემოსავლის მქონე ბიზნესმენს ეს დახმარება მოეხსნა, თუმცა მისი ოჯახის ყველა წევრს კანონით უფლება დარჩა, რომ მიიღოს ეს დახმარება, რაც, დამეთანხმებით, არ არის ნორმალური და სახელმწიფო სახსრების არასწორი ფლანგვაა.
ეს რეფორმა, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ თითოეული თეთრი, რომელიც რეფორმით დაიზოგება, მოხმარდეს, ისევ და ისევ, დევნილებს, სოციალურად დაუცველი დევნილების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათ სოციალურ დახმარებებს, მოხმარდება ამ დევნილებისთვის შემოსავლის წყაროების ზრდასა და გაჩენას (იგულისხმება დასაქმების პროგრამები და ა. შ.), რაც ყველაზე მთავარია, მოხმარდება მშენებლობებს და დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, რომ დავაჩქაროთ მშენებლობების ტემპები. პირობას გაძლევთ, ეს რეფორმა, ამ მხრივ, ძალიან სერიოზულ წინსვლას მოგვცემს და უფრო ნაკლები გაჭირვებული დევნილი გვეყოლება.
რაც ყველაზე საოცარია, ჩემთვის ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისა და ამ მოძრაობის სხვადასხვა ანასხლეტის ყვირილი ამ თემაზე. განსაკუთრებით გაოცებული ვარ, როდესაც ბრიფინგს ამ თემაზე მაშინდელი მინისტრის, კობა სუბელიანის მოადგილე წერედიანი ატარებს. წერედიანი იყო მინისტრის მოადგილე 2008 წლის 4 დეკემბერს, როდესაც მაშინდელმა მთავრობამ, ამ სამინისტროს წარდგინებით, დადგენილება მიიღო, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ყველა დევნილს, რომელმაც მიიღო სახლი, ბინა, კომპენსაცია ან მიიღებს ბინას ან კომპენსაციას, უწყდება ეკონომიკური დახმარება სახელმწიფოსგან.
როგორ იღებდნენ მაშინ ბინებსა და კომპენსაციებს და როგორ ხდებოდა დაკანონება, როგორ ხდებოდა დევნილების გამოყრა და გადასახლება ფოცხოეწერში, ბაკურციხესა თუ სხვაგან, ეს თქვენ ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ. დღეს, ვინც იღებს ბინას, ან იპოთეკურ სესხის დაფარვის პროექტში მონაწილეობს, ეს არის აბსოლუტურად ნებაყოფლობითი პროცესი, მაშინდელისგან განსხვავებით.
ასევე იგეგმება გარკვეული ინოვაციების შემოტანა ბინებით დაკმაყოფილების პროცესში. ერთ-ერთი ინოვაცია, რომელიც უკვე განვახორციელეთ, არის იპოთეკური სესხების დაფარვაში დახმარება. ასევე ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც გულისხმობს, რომ თუ დევნილ ოჯახს არ აქვს სახლის მშენებლობა დამთავრებული, ან აქვს მიწა, სადაც საცხოვრებლის აშენებას აპირებს, შეიძლება გამოვუყოთ გარკვეული თანხა... 2003 წლიდან მოყოლებული ამ რეფორმის გატარებას დაჟინებით ითხოვს სახელმწიფოსგან ყველა ის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დევნილთა საკითხებზე მუშაობს. პირიქით, ბრალს გვდებდნენ, რომ მთავრობას არ აქვს პოლიტიკური ნება. დიახ, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება. ამას სჭირდებოდა მომზადება და ჩვენ ახლა მზად ვართ ამისთვის. ამ საკითხზე 2016 წლის ნოემბრიდან ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ანუ იმათთან, ვინც უშუალოდ ჩართული იყო ამ რეფორმის მომზადებასა და ლობირებაში.
გარდა ამისა, შევხვდი ექსპერტებს და მათაც წარვუდგინე ეს იდეები. ამ დღეებშიც ვაპირებ, ეს შეხვედრები გავაგრძელო. ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის გადაგზავნილი მთავრობასა და პარლამენტში, თუმცა ჩემი იდეების შესახებ მთავრობას ვესაუბრე, გუშინ შევხვდი საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე ლიდერს და, პრაქტიკულად, მათგან სრული მხარდაჭერა გვაქვს, რომ ეს რეფორმა უნდა გატარდეს. რა მოდელით გატარდება რეფორმა, ამაზე ჯერ არ არსებობს კონსენსუსი, იმიტომ რომ მუშაობა მიდის. მუშაობის პროცესში განხილული იყო აბსოლუტურად მიუღებელი მოდელებიც, მოდელები რომლებიც მისაღებია, მაგრამ ისეთ ეფექტს ვერ მოგვცემს...
ვფიქრობ, ნელ-ნელა ვუახლოვდებით საჭირო მოდელს და როგორც კი დონორებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ამ მოდელზე ჩამოვყალიბდებით, მერე გავაცნობთ მას მთავრობასაც, პარლამენტსაც, უშუალოდ დევნილ საზოგადოებას, ლეგიტიმურ სტრუქტურებს: აფხაზეთის, „სამხრეთ ოსეთის“ და იმ ხუთი მუნიციპალიტეტის, როგორიც არის კოდორის, თიღვის, ერედვისა და ასე შემდეგ, დევნილებს. მათთან ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია ამ თემაზე მუშაობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე, ინტენსიურად და ნაკლები ინტენსივობით მანამდე ვმუშაობდით იმ არასამთავრობოებთან და დონორებთან, რომლებიც მსგავსი რეფორმების ინიციატორები იყვნენ.
ეს პროცესი არ ხდებოდა ზურგს უკან, 2016 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მე ამის შესახებ „მაესტროსა“ და „პალიტრა ტვ“-ის ეთერში ვილაპარაკე, დეტალები არ დამიკონკრეტებია, თუმცა იმას, რომ ამ რეფორმას ვატარებთ, ყველგან და ყოველთვის ვამბობ და ამას გავაკეთებთ აუცილებლად, რომ გაჭირვებულ დევნილებს დავეხმაროთ.
სანამ მოდელზე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება, თანხებზე ლაპარაკი შეუძლებელია. ამ სამინიტროს ბიუჯეტი არის 85 მილიონი ლარი, აქედან 70 მილიონი ლარი ხმარდება დევნილთა ბინებით დაკმაყოფილებას. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, რომ სანამ დაბრუნდებიან, ყველა დევნილს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების პირობები. მაშინ, როცა დევნილთა სოციალურ დახმარებებზე, მთლიანობაში, იხარჯება 150-160 მილიონი და ამ თანხის დიდი ნაწილი არ არის ეფექტიანი, იმიტომ რომ ადამიანებს ვურიგებთ 45 ლარს, მიუხედავად იმისა, მის ოჯახს სჭირდება ეს თუ არ სჭირდება. ჩვენ ვაპირებთ დავეხმაროთ იმათ, ვისაც ეს სჭირდება და ეს არანაირად არ ეხება სტატუსს. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ დევნილს უნდა ჰქონდეს ისეთივე ღირსეული საცხოვრებელი პირობები საკუთრებაში, როგორიც აქვთ ქვეყნის დანარჩენ მოქალაქეებს“, _ განაცხადა სოზარ სუბარმა.
გელა მამულაშვილი