სადაზღვევო კომპანიების ავკარგიანობაზე „ქრონიკა+“-ს ადვოკატი და უფლებადამცველი ლელა ბჟალავა ესაუბრა და განაცხადა, რომ ძალიან ხშირად ისინი დამკვეთთან დადებულ ხელშეკრულებებს არღვევენ და ამით სერიოზულ პრობლემას უქმნიან ბიზნესს, ამიტომ მიზნად დაისახა, ასეთი სადაზღვევო კომპანიები გამოავლინოს და მათ საქმიანობას ფარდა ახადოს.
ლელა ბჟალავა:
_ ახლა რასაც მოგიყვებით, მსგავსი შემთხვევები გახშირდა. სადაზღვევო კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო მოქალაქეები თუ ბიზნესმენები სასამართლოებში ჩივიან და ამ კომპანიებს დადებული პირობის შესრულებას სთხოვენ.
კომპანია წ&ტი.აგრო 2010 წელს შეიქმნა. მას სასათბურე მეურნეობა ჰქონდა, სადაც აჭარის მოსახლეობა დაასაქმა, მოჰყავდათ ბოსტნეული, რომლის რეალიზაცია ხდებოდა საქართველოშიც და უცხოეთშიც. კომპანიის დამფუძნებლები უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. მათ საქართველოში 2 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. ეს კომპანია აჭარაში მსხვილ გადამხდელად ითვლებოდა. რადგან მცირე ქონებას არ ფლობდა, გადაწყვიტა, ყველაფერი სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ დაეზღვია და გააფორმა კიდევაც ხელშეკრულება. დაზღვეული ობიექტის საერთო ფართია 9784.56.
2016 წლის 4 იანვარს ქობულეთში დიდი თოვლი მოვიდა და სტიქიამ კომპანია წ&ტი.აგრო დაანგრია. დირექტორმა ნუკრი ტაკიძემ ამ ამბის შესახებ მაშინვე აცნობა სადაზღვევო კომპანიას და უთხრა, რომ დიდთოვლიანობამ დაზღვეული ობიექტი დაანგრია. „ალდაგის“ წარმომადგენლები მეორე დღესვე მივიდნენ ობიექტის სანახავად, მაგრამ ეს იყო და ეს, მას შემდეგ არავინ აღარ გამოჩენილა და მათი მხრიდან კომუნიკაციაც შეწყდა.
_ რატომ მოიქცნენ ასე?
_ მათგან ჩამიჩუმი რომ აღარ ისმოდა, დაზარალებული კომპანიის დირექტორი ნუკრი ტაკიძე „ალდაგის“ სათავო ოფისში არაერთხელ მივიდა. იქ ეუბნებოდნენ, რომ ზარალს აუნაზღაურებდნენ, მაგრამ ერთი წელი გავიდა და ზიანის ანაზღაურებაზე არავინ ფიქრობდა. მთელი წელი მხოლოდ იმედს აძლევდნენ და, რეალურად, არაფრით ეხმარებოდნენ, რის გამოც კომპანიამ დიდი ზარალი განიცადა. ბოლოს, მუშაობა შეაჩერეს და სამსახურიდან თანამშრომლებიც დაითხოვეს.
აღნიშნული სასათბურე მეურნეობა ებრაულმა კომპანია „ტოპ გრინჰაუზიზ“-მა დააპროექტა და ევროსტანდარტებზე იყო გათვლილი. სათბურის მიწა შრი-ლანკიდან ჩამოიტანეს და წარმოიდგინეთ, რამდენი თანხაა ამ საწარმოს ასაღორძინებლად ჩაყრილი. ახლა კი დაკეტილია და ვეღარ მუშაობს. რაც დრო გადის, ყველაფერი უფრო და უფრო ნადგურდება და ორი მილიონის ინვესტიციაც წყალში იყრება.
_ სადაზღვევო კომპანიამ განა, რა თანხა უნდა გადაუხადოს, რომ ორმილიონიანი საწარმო ფეხზე წამოდგეს?
_ სადაზღვევო პოლისით გამოწერილია ხუთასი ათას ოთხმოცდაათი ათასი აშშ დოლარი. რა თქმა უნდა, თავად საწარმოც ყოველთვიურად სოლიდურ თანხებს უხდიდა სადაზღვევო კომპანიას. ურთიერთთანამშრომლობა, დაახლოებით, ოთხი წლის წინათ დაიწყო და საწარმოსაც „ალდაგისთვის“ დიდი თანხები აქვს ჩარიცხული ისე, რომ „ალდაგის“ დაზღვევის გამოყენება არ დასჭირვებია. აი, 2016 წლის 4 იანვარს კი სტიქიამ დიდი ზარალი მიაყენა და სადაზღვევო კომპანიის დახმარებაც დასჭირდა. „ალდაგის“ წარმომადგენლობა თავისი ორგანიზაციის რეპუტაციას თუ უფრთხილდება, საწარმო, რომელიც 2-მილიონიან ინვესტიციას ახორციელებდა, გაკოტრებამდე არ უნდა მიეყვანა. სწორედ სასათბურე მეურნეობის ნგრევის შემდეგ შეაჩერა საქმიანობა საწარმომ.
კომპანიამ, რადგან „ალდაგისგან“ ვერანაირი დახმარება ვერ მიიღო, საკუთარი უფლებების დასაცავად საქალაქო სასამართლოს მიმართა. ახლა უკვე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს კუთვნილი დახმარების მიღებას. იმედია, სასამართლო იმსჯელებს და სწორ, დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გამოიტანს.
_ „ალდაგის“ პოზიცია როგორია, ალბათ, ესეც გეცოდინებათ?
_ შესაგებელში „ალდაგის“ იურისტი უარყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას. ამბობს, ექსპერტიზის შედეგებს ველოდებითო. ასევე განაცხადეს, რომ თითქოს ზამთარი რომ არის, ამიტომ აქვს საწარმოს შეჩერებული საქმიანობა. ეს ყველაფერი ტყუილია და სადაზღვევო კომპანიის მორიგი ხრიკი, თავი დაიძვრინოს ნაკისრი ვალდებულებისგან, _ ის ფული, რომელიც ამ საწარმომ წლების განმავლობაში გადაიხადა, ფაქტობრივად, მიიტაცოს და არ მოემსახუროს.
მე ვარ საწარმოს ადვოკატი და რა თქმა უნდა, შესაბამისი მტკიცებულებები გვაქვს, რომ სადაზღვევო კომპანია დანაშაულებრივ ქმედებებში ვამხილოთ.
სადაზღვევო კომპანიების მუშაობის სტილი და სქემები ყოვლად მიუღებელია, მათ საქმიანობას კი არავინ აკონტროლებს. ძალიან ბევრი კომპანია თუ პიროვნება, რომელიც მათთან არის დაკავშირებული, აცხადებს, რომ დაპირებებს ხშირად არ ასრულებენ და იტყუებიან. ეს არის თაღლითობა, რომელიც კანონით მკაცრად ისჯება. თუმცა რომელიმე სადაზღვევო კომპანია რომ დაესაჯოთ, ასეთი რამ არ მომხდარა, რადგან ასეთ კომპანიებს სათავეში უდგანან მაღალჩინოსნების ახლობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები, ანდაც მაღალი რანგის ჩინოვნიკი „კრიშავს“. ამ სფეროში სრული განუკითხაობაა, ამიტომ მინდა, სამართალამცველებს თქვენი გაზეთით მოვთხოვო, დაინტერესდნენ სადაზღვევო კომპანიების მუშაობით, გამოჰკითხონ ბენეფიციარები და მათგან გაარკვიონ, როგორ იქცევა სადაზღვევო კომპანია, როცა გადახდილი თანხის სანაცვლოდ მის მომსახურებას ითხოვენ?!
საჭიროა, დაწესდეს სადაზღვევო კომპანიების კონტროლი და თითოეული აღმოჩენილი დარღვევა სააშკარაოზე უნდა გამოიტანონ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა რისკებს შეიცავს სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობა.
ამ კონკრეტული შემთხვევის გამო კომპანია წ&ტი.აგრო-ს სხვა სახის პრობლემებიც გაუჩნდა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან კომპანიას ნასყიდობის ხელშეკრულებით ობიექტი ვალდებულებებით გადაეცა (რომელიც შემდგომში დააზღვიეს), მაგრამ აღნიშნული ვალდებულების შესრულებას კომპანია ვერ ახერხებს და პრობლემები ექმნება. უკრაინელი დამფუძნებლები დროებით წავიდნენ საქართველოდან და „ალდაგისგან“ ზიანის ანაზღაურებას ელოდებიან.
ცხადია, საწარმოს არანაირად არ უნდოდა, დიდთოვლიანობას დაენგრია შენობა-ნაგებობა, ან ზიანი მისდგომოდა მას. სწორედ ამიტომ, 2015 წლის დეკემბერში, ზამთრისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა და სახურავიც ასწია, რათა თოვლი არ დაგროვილიყო და არ დაეზიანებინა. ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია ინფორმირებული იყო და ეს საკითხი მათთან შეთანხმებით გადაწყდა. მეტიც, მას, ამასთან დაკავშირებით, ხელიც კი აქვს მოწერილი. ზიანი გამოწვეული იყო, მხოლოდ და მხოლოდ, სტიქიით, რაზედაც უარის თქმა „ალდაგისგან“ დიდი უსამართლობაა. კომპანიას დღეს ანგარიშებიც დაყადაღებული აქვს.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ შეგნებულად უქმნის პრობლემებს საქართველოში ბიზნესის განვითარებას და ადგილობრივ წარმოებას იმ მეთოდებით ებრძვის, როგორც ეს მას შეუძლია და გამოსდის.
აქვე ვიტყვი, რომ ამ საწარმოს მდგომარეობაში სხვებიც არიან და ისინიც ამაოდ, წლების განმავლობაში ელოდებიან სადაზღვევო კომპანიებისგან ზარალის, ზიანის ანაზღაურებას. სხვა კომპანიებიც კოტრდებიან, სადაზღვევოების მაქინაციური სქემებისა და შეუსრულებელი ვალდებულებების შედეგად, მაგრამ ქვეყანაში ისეა საქმე დაყენებული, რომ სადაზღვევოებს დანაშაულს, რატომღაც, პატიობენ და არავინ არაფერს ედავება. ჩვენ ასე არ მოვიქცევით და ბოლომდე ვიბრძოლებთ! დაზღვევის ხელშეკრულების არსებით პირობას წარმოადგენს საფრთხე, რომლისგანაც დაზღვეულია სადაზღვევო ურთიერთობის ობიექტი. მზღვეველი მოვალეა, დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ საზღაური გადაუხადოს, რომელიც სადაზღვევო თანხის ფარგლებში გამოიანგარიშება. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ხუთასი ათას ოთხმოცდაათი აშშ დოლარი. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად კი დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს ხელშეკრულების შესაბამისად.
ასე რომ, ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის და საწარმოს ბოლომდე გაკოტრებისთვის „ალდაგს“ პასუხისმგებლობას აუცილებლად დავაკისრებთ. სადაზღვევო კომპანიებს კი ვურჩევ, მაქინაციური სქემებით მუშაობას თავი დაანებონ, თორემ რაც არ ერგებათ, მაინც არ შეერგებათ.
ზემოთ აღნიშნული ბრალდებების გამო „ქრონიკა+“ „ალდაგის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელს, თაკო გოფოძეს დაუკავშირდა: „აღნიშნულ საწარმოს მანამდე ჰქონდა საქმიანობა შეწყვეტილი, სანამ სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანზე იქნებოდა საუბარი. აქედან გამომდინარე, მათი მუშაობა ჩვენი მიზეზით არ შეწყვეტილა. თუმცა ამ საკითხს სასამართლო იხილავს და დეტალების დაკონკრეტებისგან, ამჯერად, თავს შევიკავებ. დაველოდებით, მოსამართლე რა გადაწყვეტილებას გამოიტანს“.
ნელი ვარდიაშვილი