QronikaPlus
პაატა დავითაია: „ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, როდესაც ქართველი მოსამართლე სტრასბურგის სასამართლოში კვალიფიკაციას ვერ აკმაყოფილებს?!“

პაატა დავითაია: „ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს, როდესაც ქართველი მოსამართლე სტრასბურგის სასამართლოში კვალიფიკაციას ვერ აკმაყოფილებს?!“

2017-02-03 08:26:22

საქართველოს წარმომადგენელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ევროპის საბჭოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტმა ვერ შეარჩია. ქართული მხარის მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია, რომელშიც ევა გოცირიძე, გიორგი ბადაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე შედიოდნენ, უკან დააბრუნეს. სავარაუდოდ, საჭირო გახდება ხელახალი კონკურსის გამოცხადება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება, მანამდე კი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის ადგილი ვაკანტური იქნება. 2017 წლის იანვარში ქართველი მოსამართლე ევროპულ სასამართლოში მუშაობას რომ ვერ შუდგებოდა, ამაზე, ჯერ კიდევ, გასულ წელს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დავითაიამ „ქრონიკა+“-თან ექსკლუზიურად ისაუბრა და საქართველოს მთავრობა სიცრუეში დაადანაშაულა. დავითაიამ ევროპის საბჭოს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული მოხსენებითი ბარათი გაასაჯაროვა, სადაც აღწერილია, რა მისწერა საქართველოს მთავრობამ ევროპის საბჭოს და რა მოატყუა საქართველოს მთავრობამ ევროპის საბჭოს?! გასულ წელს საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამი კანდიდატი დაამტკიცა. სამთავრობო კომისიის მიერ საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული ხუთი კანდიდატი მთავრობის სხდომას კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა წარუდგინა. მთავრობამ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან სამი პირველი, საუკეთესო ქულის მქონე პირი შეარჩია: ალექსანდრე ბარამიძე, უფლებადამცველი და ყოფილი ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე; გიორგი ბადაშვილი, სტრასბურგის სასამართლოს უფროსი იურისტი 2005 წლიდან; და ნანა მჭედლიძე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სპეციალისტი, ამჟამად საქართველოში ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის კონსულტანტი. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლე ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ამოეწურა. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი სამი კანდიდატის შერჩევის კონკრეტულად გაწერილი და გამჭვირვალე პროცედურა ქვეყნის შიგნით არ არსებობდა. 2015 წლის დეკემბერში მთავრობის მიერ პირველად გაიწერა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი. გამოცხადდა საჯარო კონკურსი, რის შედეგადაც მოსამართლეობის სურვილი მსურველმა 47-მა კანდიდატმა გამოთქვა. 47 კანდიდატიდან შეირჩა 13 საუკეთესო. მათ ჯერ ტესტირება გაიარეს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაში, შემდეგ კი _ გასაუბრება სამთავრობო კომისიასთან. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში იყვნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ, კანდიდატთა სამპირიან სიაში, ნანა მჭედლიძის კანდიდატურის ნაცვლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურა შეიყვანა. როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტეს, ევა გოცირიძე იმ ხუთ საუკეთესო კანდიდატს შორის არის, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ, აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრეებისა და ადვოკატთა ასოციაციის მაღალი წარმომადგენლების მონაწილეობით, საჯარო კონკურსის გზით შეარჩია და, მოგვიანებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მთავრობას წარუდგინა. 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზედაც საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან (ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი) გასაუბრება შედგა. მოცემულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურა არ ჩატარებულა, შესაბამისად, სამ წევრს შორის გამარჯვებული, რომელიც შემდეგ საპარლამენტო ასამბლეამ უნდა აირჩიოს, არ გამოვლენილა. სხდომა მომდევნო 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო, რომელმაც ქართული მხარის მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია უკან დააბრუნა. სავარაუდოდ, საჭირო გახდება ხელახალი კონკურსის გამოცხადება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება, მანამდე კი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის ადგილი ვაკანტური იქნება.   ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაია: _ თქვენი გაზეთი პირველი იყო, სადაც პროგნოზი გავაკეთე, რომ ამ მოსამართლეების კანდიდატურები არ გავიდოდნენ. მე ვიყავი მოსამართლეთა შერჩევითი კომიტეტის წევრი და ვიცი, როგორ მუშაობს ეს სისტემა. ზუსტად თქვენი გაზეთის მეშვეობით გავაჟღერე, რომ საქართველოს მთავრობამ კომიტეტი შეცდომაში შეიყვანა და ეს ღიად გავახმაურეთ. საქართველოს მთავრობამ ევროპის საბჭოს იმასთან დაკავშირებით მისწერა, რომ შერჩევის პროცესი ჟურნალისტებისთვის თავისუფალი იყო. რაც შეეხება კომიტეტის მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევით სხდომებს, რომელიც თბილისში ტარდებოდა, გახსოვთ, მას არც ერთი ჟურნალისტი არ დასწრებია. ხელისუფლება აცხადებდა, თითქოს დასწრება თავისუფალი იყო, მაგრამ ჟურნალისტები არ მივიდნენ, რაც სრული აბსურდი და ტყუილია. მეორე ტყული ითქვა, რომ თითქოს ჟურნალისტებს გასაუბრების ჩანაწერები გადასცეს და ეს იყო საჯარო, ესეც დიდი ტყუილია. თქვენმა გაზეთმა პირველმა გააგზავნა წერილი, რომ ეს ჩანაწერები გადმოეცათ, მაგრამ არ გადმოუციათ, მთავრობამ კი ევროპის საბჭოში გააგზავნა წერილი, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა, რომელიც აბსოლუტური ტყუილი იყო! მე, როგორც კომიტეტის ყოფილმა წევრმა, ისინი საქმის კურსში ჩავაყენე, რომ ეს იყო ტყუილი, ბრიფინგიც ჩავატარე და თქვენმა გაზეთმაც გააშუქა. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ასეთი კითხვა დაიბადა, _ რატომ ტყუის მთავრობა? რატომ არის გასაიდუმლოებული კიმიტეტზე მოსამართლეთა კანდიდატების ასეთი შერჩევა? მესამე _ გახსოვთ, რომ ერთ-ერთი კანდიდატი ევა გოცირიძის კანდიდატურით ჩაანაცვლეს, რატომ მოხდა ეს შეცვლა და რატომ არ იყო ეს საჯარო? ბევრი კითხვა იბადება, შემდგომ დაიწყო პოლიტიკური ზეწოლები კომიტეტის წევრებზე და საქართველოს მთავრობამ ბერკეტები გამოიყენა. _ რა ზეწოლაზე საუბრობთ? _ პირველად გავაჟღერებ თქვენთან: ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ დავოსში, როდესაც კვირიკაშვილი პოროშენკოს შეხვდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკითხი დააყენა, რომ უკრაინის დეპუტატებს, რომლებიც მოსამართლეთა შერჩევის ქვეკომიტეტის წევრები არიან, ხმა მიეცათ ამ მოსამართლეებისთვის. ეს არის პოლიტიკური ზეწოლა და ასეთი განცხადება ყოვლად მიუღებელია! კვირიკაშვილს კი არ უნდა „ეჩალიჩა“ და ასე კი არ უნდა ყოფილიყო კანდიდატების გაყვანა, არამედ მაშინ უნდა ელაპარაკა გია ცერცვაძის გამოშვებასთან დაკავშირებით და არა ვიღაც კანდიდატების გაყვანაზე. სწორედ ეს ნიშნავს პოლიტიკურ ზეწოლას! კომიტეტი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს დასკვნას _ თუ რატომ იქნა უარყოფილი ეს კანდიდატები, ეს არის თავიდან ბოლომდე ქვეყნის სირცხვილი! როგორ, საქართველოდან 2017 წლის 17 იანვარს უკვე ახალ მოსამართლეს უნდა დაეწყო სტრასბურგში მუშაობა და ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, რომ ნორმალური მოსამართლეთა კანდიდატი შეერჩია, რომელიც კვალიფიკაციას აკმაყოფილებდა. პირდაპირ კომიტეტის დასკვნაში ჩაიწერება, რომ არაკვალიფიციური კანდიდატები იყვნენ და პოლიტიკური ბერკეტები გამოიყენეს, ამაზე მეტი სირცხვილი რა შეიძლება იყოს?! _ ახლა რა პროცედურები იქნება საჭირო? _ ახლა ჩვენ ახალი კონკურსი უნდა ჩავატაროთ, იმედია, კიდევ არ შევრცხვებით, ნორმალურ კონკურსს ჩაატარებენ და ნორმალურ კანდიდატს აირჩევენ, რომელიც კვალიფიკაციას დააკმაყოფილებს, მაგრამ ამას მთელმა საქართველომ თვალყური უნდა ვადევნოთ იმიტომ, რომ ეს მოსამართლე „ოცნების“ მოსამართლე კი არ იქნება, ეს იქნება საქართველოს წარმომადგენელი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. ამიტომ არის საჯარო ეს კონკურსი თავიდან ბოლომდე. ახალ კონკურსს უნდა ველოდოთ, მაგრამ როდესაც ასეთი ჩავარდნა ხდება, იმ პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც ეს გააკეთა, დაწყებული იუსტიციის მინისტრიდან, დამთავრებული კომისიის წევრებით, რადგან კომისიის წევრებს კანდიდატების შეფასება ზოგს ნული ჰქონდა, რაც აბსურდი იყო და იმათ, ვისაც მაღალი შეფასებები ჰქონდათ, კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს, როგორც არაკვალიფიციურმა მოსამართლეებმა. ეს სირცხვილია! დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ საზოგადოებრივი კონტროლი ძალიან დიდი იქნება, ეს კონტროლი უნდა იყოს და უნდა ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ კანდიდატურებს წარმოადგენენ. ერთი სიტყვით, ახალი კონკურსი ჩატარდება და „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ რომელიც შეიქმნა, მთავრობის მიმართ სპეციალურ მიმართვას გააკეთებს ბრიფინგზე _ თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ კანდიდატები. თუ მათ არ იციან, ჩვენ ავუხსნით, როგორ უნდა იყოს. არ არის სირცხვილი, როცა უცოდინარი ხარ, იმისგან გაიგო, ვინც იცის. _ თქვენ ხართ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ასოციაციის წევრი, რა ახალი ინფორმაცია გაქვთ აგვისტოს ომის გამოძიების თაობაზე? _ აგვისტოს ომის საკითხი იცით, რომ დიდი თემაა და თქვენც არაერთხელ გაგიშუქებიათ. მიდის გამოძიება, გამოძიებაში ამ წუთას რა ხდება, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რადგან დახურული ინფორმაციაა. არის გარკვეული ქმედებები, რომელიც ჩვენ გავაშუქეთ და საუბარია იმაზე, რატომ დაიწყო ეს გამოძიება ჰააგამ, როდესაც ჩვენ თვითონ ვთქვით უარი. იქ იუსტიციის მინისტრის წერილი იყო, _ გამოძიებას იმის გამო ვერ ვახორციელებთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა შეიძლება საფრთხის ქვეშ ჩავარდეს. ეს ხომ სრული აბსურდია! ჰააგამ გამოძიება რომ დაიწყო, მოსახლეობა საფრხის ქვეშ არ არის? აქ გაჩნდა კითხვა, რომ ქვეყანას არ სურს გამოიძიოს. თუ რატომ არ სურს, ამაზე ჰააგის პროკურატურა უკვე მუშაობს. ეს შემიძლია ვთქვა, რა ინფორმაციაც მაქვს. ყოფილი სსრ კავშირიდან მხოლოდ მე ვარ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ასოციაციის წევრი, აქედან გამომდინარე, ვიცი, როგორ მუშაობს ეს სისტემა, მოვლენებს ვერ გავუსწრებ. ვნახოთ, როგორ წავა პროცესები.     თამარ ბატიაშვილი    

გაზიარება