ოზურგეთის საკრებულოს წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“, ნათია შარაშენიძე, გურიის ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებებზე გვესაუბრა. ცოტა ხნის წინ, ქალაქის მერიასთან სასამართლო პროცესი წააგო. დეპუტატის განცხადებით, მერიაში საჯარო ინფორმაციის გადაცემისთვის მას ფული მოსთხოვეს, თუმცა ადგილობრივი სასამართლო და ხელისუფლება ერთმანეთთან არის გარიგებული და აბსურდული გადაწყვეტილებაც ამის შედეგია.
ნათია შარაშენიძე:
_ ქალაქ ოზურგეთის მერიიდან 2016 წელს საჯარო ინფორმაცია მოვითხოვე _ მათი სამსახურების საქმიანობის შიდა და გარე აუდიტის დასკვნები, რომელიც, ალბათ, საკმაოდ დიდი მოცულობისაა. ერთი კვირის შემდეგ მიპასუხეს, რომ თუ ამ დოკუმენტაციის მიღება მინდოდა, ასლებისთვის მოსაკრებელი უნდა გადამეხადა _ 143 ლარი. მათ ასევე შემომთავაზეს ამ დოკუმენტაციის ელექტრონული სახით გამოგზავნა, რაზედაც უარი განვაცხადე. საქმე ის არის, რომ ეს დოკუმენტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ მინდოდა, დოკუმენტს ქონოდა წარწერა: „ასლი დედანთან სწორია“. მოგეხსენებათ, ელექტრონულ ვერსიაში ბევრი რამის შეცვლა და ადამიანის მოტყუება შეიძლება. საკრებულოს დეპუტატს მოსაკრებლის გადახდა არანაირად არ ეკუთვნის. განცხადებაშიც მინიშნებული მქონდა, რომ დოკუმენტი ჩემი უფლებამოსილების სრულად განხორციელებისთვის მესაჭიროებოდა, მაგრამ მოსაკრებელს ჯიუტად მთხოვდნენ.
_ სხვა დროსაც მოუთხოვიათ საკრებულოს დეპუტატისთვის საჯარო დოკუმენტაციის თანხა?
_ ჩემი კოლეგებისთვის ფული არასდროს მოუთხოვიათ, მაგრამ მე ანალოგიურად მომექცნენ, როცა ერთჯერად სოციალურ დახმარებებზე საჯარო ინფორმაცია მოვითხოვე. მაშინაც მითხრეს, რომ მოსაკრებელი უნდა მიმეტანა, მაგრამ იმ დროს ელექტრონულ ვერსიაზეც დავთანხმდი, რადგან ის დოკუმენტები ძალიან მნიშვნელოვანი არ იყო.
საკრებულოში ხელფასი არ მერიცხება, რადგან თანამდებობა არ მაქვს, მხოლოდ ხარჯებს მინაზღაურებენ. ეს ფული რომ მეშოვა, გადამეხადა და ხვალ, უფრო ვრცელი ინფორმაცია დამჭირვებოდა გამოსათხოვად, ე. ი. ვალებით უნდა გამეკეთებინა საკრებულოში ჩემი საქმე; ან, კიდევ, დოკუმენტები თუ არ გამოვითხოვე, ჩემი უფლებამოსილება საკრებულოში როგორ განვახორციელო? ვფიქრობ, ასე იმიტომ იქცევიან, რომ მე დაკისრებული მოვალეობები ვერ შევასრულო. სხვა გზა რომ აღარ დამრჩა, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მივმართე და მოვითხოვე, ჩემთვის ყოველგვარი მოსაკრებლის გარეშე მოეწოდებინათ საჯარო ინფორმაცია. როგორც გავარკვიე, საქართველოში არ ყოფილა პრეცედენტი, როცა საკრებულოს წევრს მოსაკრებელი სასამართლოშიც მოსთხოვეს. სასამართლოს ავუხსენი, რომ რიგითი მოქალაქე არ ვიყავი და საკრებულოში მსგავსი დოკუმენტაციის გარეშე მუშაობას ვერ შევძლებდი. მოსამართლე ბიძინა სტურუამ, ჩემდა გასაკვირად, სარჩელი არ დამიკმაყოფილა. გადაწყვეტილებაში ჩაწერა, რომ საკრებულოს ერთი წევრი ვალდებულია, გამოთხოვილი დოკუმენტების მოსაკრებელი გადაიხადოს, _ თუ ბიურო ან კომისია მერიას მიმართავდა, მაშინ შეეძლო, მოსაკრებლის გარეშე მიეცაო.
თვითმმართველობის კოდექსით საკრებულოს წევრის უფლებამოსილება განსაზღვრულია. იქ არ წერია, რომ საკრებულოს ერთ წევრს არ აქვს უფლება, დოკუმენტაცია გამოითხოვოს და მონიტორინგი მარტომ ჩაატაროს, რომელიც მას ევალება. სიმართლე გითხრათ, რაიონული სასამართლოსგან არც ველოდებოდი, რომ სარჩელს დამიკმაყოფილებდა, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ ხელებსა და ყურებს არ მოიჭრიდა.
_ გინდათ მითხრათ, რომ ოზურგეთის სასამართლო ადგილობრივ ხელისუფლებასთან ალიანსშია?
_ მურუსიძის სასამართლო ადგილობრივ დონეზეც მურუსიძის სასამართლოა. მათზე გავლენა ადგილობრივ ხელისუფლებასაც აქვს. რასაც ბეგლარ სიორიძე იტყვის, ისინიც იმას აკეთებენ. ადგილობრივი ხელისუფლება მათთან რომ არ თანამშრომლობდეს, მსგავს გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება სასამართლოს არ უნდა დაეკნინებინა. ამით პრეცედენტი დაუშვეს, რომ თუ რომელიმე საკრებულოს წევრი დოკუმენტაციას მოითხოვს და ფულს ვერ გადაიხდის, ის ვერც იმუშავებს. ანუ საკრებულო, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, უფუნქციოდ დარჩება. თუ საკრებულოს წევრმა ვერ გააკონტროლა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა, მაშინ რა ფუნქცია რჩება მას? ეს სასამართლო მაგალითი გახდება სხვა მუნიციპალიტეტებისთვის და საკრებულოები ჩამოიშლება.
მოსაკრებელი უნდა გადამეხადა მერიის ანგარიშზე, შემდეგ საკრებულოში ქვითარს თუ წარვადგენდი, რადგან ხარჯებს მინაზღაურებენ, ფული იგივე ანგარიშიდან უკან დამიბრუნდებოდა. აქედანაც ჩანს, რომ ეს არის აბსურდი და მოსაკრებლის გადახდა მე არ მეკუთვნოდა. ხელოვნურად შექმნილი ბარიერებია, რომ ხვალ მსგავსი სქელტანიანი დოკუმენტაცია აღარ გამოვითხოვო, რათა აღარ მაწვალონ და სასამართლოებში არ მატარონ. რეალურად თუ შევხედავთ: ოზურგეთის მერიამ დოკუმენტაციის გადმოცემის პროცესი გააჭიანურა, რადგან არ უნდოდა გავცნობოდი და იქ რაც წერია, ის ხელში ჩამვარდნოდა. ამ ბინძურ საქმეებში სასამართლოც ჩაერთო. მან მერის დაკვეთა შეასრულა და ამის გამო თვვითმმართველობის კოდექსი და მასში გათვალისწინებული საკრებულოს წევრის უფლებამოსილება საერთოდ უარყო. თვალები დახუჭა ამ მუხლზე, რასაც არ გააკეთებდა, მასზე ზეწოლა რომ არ ყოფილიყო.
_ მოსამართლე ბიძინა სტურუა პოლიტიკური დაკვეთების მიღებასა და შესრულებაში სხვა დროსაც არის შემჩნეული?
_ ამ საკითხით ჯერ არ დავინტერესებულვარ, თუმცა რაც ახლა გააკეთა, ნიშნავს, რომ ის პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. ვაპირებ, მისი გადაწყვეტილება გავასაჩივრო და სააპელაციო სასამართლოში მოვითხოვო მისი გაბათილება. ასევე მოვითხოვო აღნიშნული დოკუმენტაცია მოსაკრებლის გარეშე. ვნახოთ, რას მეტყვის მურუსიძის სასამართლო სააპელაციოს დონეზე და მივიღებ თუ არა დოკუმენტებს, რომელსაც ერთი წელია, ვითხოვ.
_ გინდათ მითხრათ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება და მურუსიძის სასამართლო საკრებულოებს ებრძვის? რომ საკრებულოები საკუთარ მოვალეობებს პირნათლად ასრულებენ და ამის გამო მათი ჩაჩოჩება უნდათ? არა მგონია, ასე იყოს...
_ უამრავი ბარიერისა და წინააღმდეგობის მიუხედავად ნამდვილად ვასრულებ პირნათლად ჩემს მოვალეობას და უფლებამოსილებას. საკრებულოს წევრები გადაწყვეტილებებს მერიების სასარგებლოდ თუ იღებენ, ეგ არ ნიშნავს, რომ მეც ასე ვიქცევი. გეთანხმებით, რომ საკრებულოს უმრავლესობას ნამდვილად არ აინტერესებს არც აუდიტის დასკვნები და არც სხვა რამ, მაგრამ მე მაინტერესებს და მუდმივად ვითხოვ დოკუმენტაციას, არ მინდა, რაიმე გამომეპაროს. ძალიან ბევრს დავდივარ მოსახლეობასთან, რომელმაც ხმა მომცა. იმიტომ ვითხოვ ამდენ დოკუმენტს, რომ შიგნით ჩავიხედო, წავიკითხო და ჩემს ამომრჩეველთან პირნათელი ვიყო.
_ რა უნდა ეწეროს აუდიტის დასკვნაში ისეთი, რომ მისი მოცემა მერიას არ უნდოდეს? ყური მაინც არ მოგიკრავთ, რა დაწერა აუდიტმა?
_ ეს ფაქტი ერთ შემთხვევას მახსენებს: დოკუმენტებს ვითხოვდი იმასთან დაკავშირებით, ვის დაეხმარნენ ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებით. ასეთ დროს ადგილობრივ მოქალაქეებს სამედიცინო დაწესებულებიდან ფორმა 100 მოაქვთ და მათ 150-ლარიანი დახმარება ეკუთვნით. ინფორმაცია მქონდა, რომ ერთ-ერთ ოჯახში, როცა ბატონი მერი მიბრძანდა და მათთან გაშლილ სუფრასთან შეზარხოშდა, თქვა, _ არჩევნების დროს რომ გვეხმარებოდით და ვერ დაგაფინანსეთ, ახლა მოითხოვეთ 150-ლარიანი სამედიცინო დახმარება და თანხას გაიტანთო. ერთ ოჯახში ეს დახმარება აიღეს: ცოლმა, ქმარმა, დედამთილმა და მამამთლიმა ცალ-ცალკე. ეს მაშინ, როცა მსგავსი დახმარება სხვას მართლა სჭირდებოდა და თანხის ამოწურვის გამო უარი უთხრეს. სახელობითი სიის გადმოცემა მოვითხოვე, რათა გამერკვია, კონკრეტულად, ვის მისცეს თანხა და მაშინაც იგივე პრობლემებისა და ბარიერების წინაშე აღმოვჩნდი. მითხრეს, რომ ეს იყო ადამიანის პირადი, კონფიდენციალური ინფორმაცია და ვერ გადმომცემდნენ. მაშინ პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორ ქალდანს მივმართე და ვკითხე, ჰქონდათ თუ არა უფლება, ასეთი დოკუმენტაცია საკრებულოს წევრისთვის არ გადაეცათ? ბოლოს, მაინც კომისიის საშუალებით გამოვთხოვე და ეს დოკუმენტი ვნახე, თუმცა არასრული სია მომცეს, რადგან ამ ადამიანების მისამართებსაც ვითხოვდი და ეს ინფორმაცია დამიმალეს. სწორედ მისამართებით იყო შესაძლებელი იმის გარკვევა, ერთ ოჯახში რამდენ ადამიანს მისცეს ფული, მაგრამ ვერ შევძელი. რადგან ამჯერადაც ხელოვნურად მიქმნიან ბარიერს და ყველაფერს აკეთებენ, რომ ინფორმაცია დამალონ, ვეჭვობ, ეს აუდიტის დასკვნა სკანდალურ ინფორმაციას შეიცავს. მათ რაღაცის გასაჯაროება არ უნდათ და იციან, რომ მე თუ გავიგებ, არ დავმალავ და ხალხს გავაგებინებ.
_ როგორც მახსოვს, ოზურგეთის მერს სახალხო დამცველთანაც უჩივლეთ და ეს საქმე როგორ დასრულდა?
_ სახალხო დამცველისგან მეც და ბეგლარ სიორიძემაც წერილები მივიღეთ, სადაც ის გააფრთხილეს, რომ მისი გამონათქვამები უნდა ყოფილიყო მოზომილი და არ შეიძლებოდა ჩინოვნიკი მოქცეულიყო ისე, როგორც ის იქცევა. გააფრთხილეს. სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფებს შეეშვა, თუმცა სიტყვიერი შეურაცხყოფები მაინც ვერ მოიშალა თანამშრომლების მიმართ.
24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამ საათზე, პროცესი გაიმართება ჩემსა და ოზურგეთის მერს შორის. ამჯერად მერმა მიჩივლა და პატივისა და ღირსების შელახვას მაბრალებს. მისი პატივი და ღირსება შელახულა იმ დროს, როცა მე ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, რომ მან 27 ათასი ლარის საწვავი მოიხმარა. ის ამბობს, რომ ამდენი არ მოუხმარია და მხოლოდ 11 ათასი მოიხმარა, 16 ათასით მეტი კი, თურმე, ღირსებას ულახავს. რა ციფრზე გადის მისი ღირსება, მე ეგ საიდან უნდა მცოდნოდა?
_ გასაგებია, მაგრამ 27 ათასი ლიტრი საწვავი რომ მოიხმარა, ეს საიდან განაცხადეთ?
_ რა თქმა უნდა, ეს ციფრი ჰაერიდან არ მომიტანია და ოფიციალური, გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან ვიცი. მან ბენზინის ტალონები გასცა თითქმის ყველა სამმართველოს უფროსზე და ტალონებით გაცემულმა ბენზინმა 27 ათასი ტონა შეადგინა. თავად იყო პასუხისმგებელი ბენზინის განაწილებაზე და ამიტომაც ვთქვი, სიორიძემ მოიხმარა-მეთქი. ოზურგეთი ძალიან პატარა ქალაქია, სადაც ფეხითაც შეიძლება გადაადგილება, მანქანით კი 5 წუთში გახვალ ქალაქის ცენტრიდან ბოლოში. აქედან გამომდინარე, ამ რაოდენობის საწვავი სამსახურების უფროსებს ნამდვილად არ სჭირდებათ. ამის გამო ვთქვი, რომ თანაშემწიდან დაწყებული ყველას ჩამოურიგა თვეში 110-120 ლიტრი საწვავი ერთ მუჭა ოზურგეთში გადასაადგილებლად. ჯამურად, სამ თვეში 27 ათასი გამოვიდა. თუნდაც მერმა სად დაწვა 11 ათასი საწვავი?! ესეც გაუგებარია! ვისაც ასე უხვად ჩამოურიგა ტალონები, ისინი როგორ ხარჯავენ ბიუჯეტის ფულით მიღებულ საწვავს, ამას ჩემ გარდა არავინ კითხულობს. ასე რომ, მარტო მიწევს ბრძოლა სახელმწიფო, მაფიოზურ მანქანასთან.
იცით, რატომ მიჩივლა სიორიძემ ამ განცხადების გამო?! ეს იყო ჩემი პირველი დოკუმენტაცია, რომელიც გამოვითხოვე, გავასაჯაროვე და უნდოდა შევეშინებინე, სხვა დროს იგივე რომ არ გამეკეთებინა. არ გამოუვიდა ეს და ამას თქვენც კარგად ხედავთ. ის ბევრჯერ ეცადა შეშინებას, ყველა ინფორმაცია მაქვს, რასაც ქალაქის მერი ჩემ შესახებ ამბობს, ასევე ვიცი, ვის ხვდება ღამის 2 საათზე სტადიონზე და რა დავალებებს აძლევს იქ მისულ ხალხს. არ დავიღლები, არ შემეშინდება, რაც უნდა გააკეთოს და სიმართლეს მაინც ვიტყვი, ვერ გამაჩუმებს.
_ ვის და რა სახის დავალებებს აძლევს ღამით სტადიონზე მერი?
_ ჩემი ინფორმაციით, ის ადგილობრივ ავტორიტეტებს ხვდება და დავალებებს აძლევს, ვინ როგორ უნდა გააჩუმონ. ჯერჯერობით, მეტს არაფერს ვიტყვი. გურიაში ყოფნის დროს ჩემს მეუღლესთან ვიღაც მთვრალი ადამიანი მიაგზავნეს. შემთხვევით მეც იქ ვიყავი, თორემ აპირებდნენ, ფიზიკურად გასწორებოდნენ მას.
საკრებულოს სხდომიდან სახლში ვბრუნდებოდით, როცა სოფელ ნაღობილევში უცნობი პიროვნება, „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანით, ხმოვანი სირენებით გამოგვეკიდა, ნატანებთან გზა გადაგვიჭრა, მანქანიდან გადმოხტა და ჩემს მეუღლეს შარს სდებდა, საცემრად იწევდა, _ შენ იცი, მე ვინ ვარო? მართალია, მანქანიდან ერთი ადამიანი გადმოვიდა, მაგრამ უცებ იქ სხვებიც გაჩნდნენ. პროვოკაციას აწყობდნენ. სასწრაფოდ პატრულში დავრეკე და ცხადია, ეს დაფიქსირებულიც არის, მაგრამ სანამ პატრული მოვიდა, ეს კაცი გაიქცა. მერე მითხრეს, რომ სოფელ მერიაში დაეწივნენ და უთხრეს, რომ ჩვენს მანქანას აღარ გაჰკარებოდა. მერე გავარკვიეთ, რომ ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილის ტრაქტორისტი, ვინმე ქილიფთარი იყო.
_ რადგან სიტყვა მილიარდერზე ჩამოვარდა, უნდა გკითხოთ: მის შესახებ საინტერესო პოსტებს აქვეყნებთ ხოლმე ფეისბუქზე და „ხეგლეჯიასაც“ ეძახით. ერთ-ერთი პოსტი პატარა ბიჭუნას ეხებოდა, რომელიც ბიძინას ხეს უმალავს. ჩვენს მკითხველსაც მოუყევით ეს ამბავი...
_ ამას წინათ ჩემი ახლობლის ბავშვს ძველი ტანსაცმელი გამოეტანა და ტანმორჩილ ხეს სათუთად ფუთავდა. ვუთხარი, _ შეფუთე გიორგი, შეფუთე, ქარმა ტოტები არ დაამტვრიოს-მეთქი. მოულოდნელად, ამ პატარა ბიჭმა მომიგო, _ ეხ, ნათია დეიდა, თოვლის კი არ მეშინია, ვერ ხედავ, ივანიშვილმა რამხელა ხე მოგლიჯა და სახლში წაიღო, ამ ხის მოგლეჯას რაღა უნდაო? ამით მიმახვედრა, რომ ქლიავის ხეს, ფაქტობრივად, ამ ტანსაცმელში ივანიშვილს უმალავდა.
გურიაში ახლახან ძლიერი ქარი იყო და რამდენიმე ხე მოთხარა. გურულების ენაკვიმატობის ამბავი ხომ ცნობილია და ამბობდნენ, _ ქარმა ივანიშვილს საქმე გაუადვილა, ახლა ჩამოივლის, ყველას ახიკავს და სახლში გადაარჩევსო. იუმორით საუბრობენ ამ საკითხზე, მაგრამ რეალურად არ მოსწონთ. გურულებს უამრავი პრობლემა აქვთ, რომლისთვისაც თითი თითზე არავის დაუკარებია. ნატანები ფოთს მიაკუთვნეს და დეპუტატიც ერთი ჰყავთ. ამ ადამიანმა, ერთადერთი, რაც გააკეთა, ნატანელებს მეორადი ტანსაცმელი გამოუგზავნა საჩუქრად. ძალიან გაბრაზდა ხალხი, ამბობდა, ასე დაგვამცირაო. იქვე ცხოვრობს ივანიშვილიც და მან იცის, რა აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას, მაგრამ ეს არ აღელვებს. მილიარდერი მარტო იმით არის დაკავებული, სასურველი ხე იპოვოს და სახლში გააქანოს. ამისთვის ათასებს ხარჯავს.
_ ივანიშვილის დამცველებს ვერ გაუგიათ, ხეების გადატანა რატომ არის პრობლემა, როცა აქამდე მას არავინ უვლიდა და ახლა მზრუნველი პატრონი გამოუჩნდა?
_ პრობლემა ის არის, რომ ხეები, რომლებსაც ის გლეჯს, სახელმწიფოს ეკუთვნის. თუნდაც ახლა, ნატანების ძველი ჩაის ფაბრიკის ეზოში რომ უნდა მოგლიჯოს რამდენიმე ხე და უკვე შემოსაზღვრული აქვს, ყველა სახელმწიფოსია. რა ფულსაც ის ახარჯავს ამ ხეების გლეჯას, ადგილზე რომ მიხედოს და მოუაროს, ალბათ, უკეთესი იქნება. ეს კაცი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს. მან მოატყუა ქართველი ხალხი და უნდა, რომ ყველა სიკეთე, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, სახლში წაიღოს, ხალხისთვის კი არაფერი ემეტება. ამ ხის გლეჯით სხვა რამეებს აფუჭებს _ რკინიგზის სადენები ჩახსნა, უნიკალური მრავალწლოვანი ევკალიპტის ხეები გადაჭრა, ხე რომ გაეტარებინა... ნატანებში ამბობენ, რომ თუკი ვინმეს დიდი ჭადარი, მუხა ან კაკალი უდგას, ყველასთან ჰყავს გაგზავნილი შუამავლები, ხომ არ გაყიდითო?
_ როგორ იგებს ივანიშვილი, სად რა ხე დგას?
_ ადგილობრივები ამბობენ, რომ უპილოტო ვერტმფრენს უშვებს, საიდანაც გარემოს ფოტოებს უღებს და ამით იგებს, სად რა დგასო.
ბოლოს, ოზურგეთის უპოვართა უფასო სასადილოში შექმნილ მდგომარეობაზე უნდა მოგიყვეთ: ასეთი ადამიანების სადილისთვის თვეში 8 ათასი ლარია გამოყოფილი. ბენეფიციართა რაოდენობა, შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია და ამჟამად 170-ს უდრის. ტენდერი მერიამ გამოაცხადა და მასში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ. ერთი ბენეფიციარის კვება ამ კომპანიას 1 ლარი და 70 თეთრი უჯდება. კითხვაც კი არ დაებადა არავის, რომ ამ ფასად რა უნდა აჭამონ ზრდასრულ, თითქმის, მშიერ ადამიანებს?! ძალიან მაინტერესებს, ვინც ამ თანხის ულუფა მოიფიქრა და მერე დააფინანსა, თავად ეყოფა ამ ფასის საჭმელი დღეში? მენიუში უამრავი კერძი უწერიათ, აქვთ ხორციანიც, კომპოტი, მაგრამ პროდუქტი გაძვირდა და საინტერესოა, როგორ უნდა მოამზადონ ეს კერძები ასე იაფად? ფაქტია, რომ ამ ყველაფერში სადღაც არის ძაღლის თავი დამარხული. თუ მართლა აქვთ ის საკვები, რაც მენიუში უწერიათ, ე. ი. პორციებს ამცირებენ და ცოტას აჭმევენ, ამ ისედაც, გაუბედურებულ ადამიანებს, სხვანაირად, ამ თანხით ნორმალური კვების პროდუქტების მომზადება გამორიცხულია.
_ ამ კითხვას რატომ თქვენ არ სვამთ?
_ დავსვი, მაგრამ მიპასუხეს, _ რა ვქნათ, ერთი პრეტენდენტის განაცხადი შემოვიდა ტენდერში და მანაც ეს ფასი შემოგვთავაზა, შეიძლება, მას საკუთარი მეურნეობა აქვს და სულაც არ ყიდულობს კვების პროდუქტებსო. „შეიძლებაზე“ აგებენ ტენდერებს და ესეც კითხვის ნიშნებს ბადებს. რატომ არ მიიღეს მონაწილეობა სხვა ფირმებმა, ესეც გაუგებარია?! მთავარი ის არის, რომ მერიას არ უნდა დაეშვა, ასეთი დაბალი ფასებით უპოვარი ადამიანების გამოკვება და კვების პროდუქტების ღირებულება რეალობასთან ახლოს უნდა მიეყვანა, მაგრამ, ალბათ, ამჯერადაც, მერი საკუთარ თავზე ფიქრობს. უპოვრებს რომ გადაუხადოს კვებაში ფული, დანარჩენი თანხა საკუთარ თავზე როგორღა მოირგოს?
სწორედ ამ მერის „წყალობით“ ქალაქის ბიუჯეტიდან საერთოდ ამოიღეს დახმარება მეორე ჯგუფის ინვალიდებისადმი და განაცხადეს, ესენი ჯანმრთელები არიანო. ამ დროს ყველანაირი სოციალური ქულის გარეშე დახმარების გაცემა ჩაამატეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი მოვა, მოითხოვს და დახმარებას მიიღებს. ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ბიუჯეტში მუხლი ჩადო და უნდა, რომ აგიტატორები ამ თანხით მოისყიდოს.
,,ქრონიკა+” შეგნებულად არ დაუკავშირდა ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს, რადგან პრაქტიკაში დამკვიდრებული მისი პასუხი ცნობილია: ის არასოდეს აკეთებს კომენტარს ნათია შარაშენიძის ბრალდებებზე.
ნელი ვარდიაშვილი