დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დეტალების განხილვისას ყველა სხვადასხვა რამეს განიხილავდა, იმისდა მიხედვით, თუ ვის რა აინტერესებდა: ზოგი ტრამპის გზავნილებმა შეაშფოთა, ზოგი მელანია ტრამპის ჩაცმულობის დეტალებს აკვირდებოდა, ზოგიც _ ივანკა ტრამპის ქცევას ინაუგურაციის დროს, რომელიც ხან მოწყენილი იყო და ხან თავის დისშვილს ეთამაშებოდა.
თუმცა, ინაუგურაციიდან სულ ცოტა ხანში, უკრაინაში მოქმედი პრორუსული საიტები წალეკა მიხეილ სააკაშვილის ფოტოებმა, სადაც ის ვაშინგტონში, ტრამპის ინაუგურაციის დღეს, თითქოსდა, მაშინ იყო გადაღებული, როცა ცერემონიალს ღობის მიღმა, ბუჩქებში მდგარი, რამდენიმე მოქალაქის გარემოცვაში ადევნებდა თვალს.
ბუნებრივია, რუსული მესიჯბოქსი მაშინვე აიტაცეს „რუსეთთან დაძმობილებულმა“ ქართულმა ვებგვერდებმა და, რასაკვირველია, სააკაშვილზე ქილიკზე უარი არც „ფეისბუქის“ ქართველ მომხმარებელთა იმ ნაწილს უთქვამს, რომელიც, როგორც წესი, მსგავს შანსს ხელიდან არ უშვებს და, უმეტესწილად, მათი მხრიდან გაზიარებები და კომენტარები თითქმის მაშინვე ჩნდება, როცა „კომპრომატები“, ფოტოები და, სხვა შემთხვევაში, ვიდეოები უკრაინულ პორტალებზე ქვეყნდება ხოლმე.
„სააკაშვილი ინაუგურაციას ღობის მიღმა ადევნებდა თვალს“; „მცველებმა სააკაშვილი ინაუგურაციის ფართობიდან ბუჩქებში გააძევეს“;
„სააკაშვილი ნამდვილად იყო ტრამპის ინაუგურაციაზე, ოღონდ, ბუჩქებში“, _ აი, იმ სათაურთა არასრული ჩამონათვალი, რომლებზეც რუსული შავი პიარის ოსტატები დაიხარჯნენ და მოიფიქრეს...
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის ვაშინგტონში, ინაუგურაციაზე მიწვევის ამბავი საქართველოში მაშინ გახდა ცნობილი, როცა ენმ-ს ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე ნიკა მელია კიევიდან ჩამოვიდა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში გამგზავრებას აპირებდა, ხოლო მისი კიევში ჩასვლის ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ ტექნიკური დეტალები განეხილათ, რა ფორმით ჩაერთვებოდა მიხეილ სააკაშვილი ენმ-ს ყრილობის დელეგატებისადმი მიმართვის დროს.
სხვათა შორის, უკრაინული ინტერნეტგამოცემები მაშინ აქტიურად წერდნენ იმაზეც, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ინაუგურაციაზე არ იწვევენ ქვეყნების მეთაურებს და იქ მხოლოდ დიპლომატიური მისია, ასევე, ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელობაა წარდგენილი.
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში მიწვეული რომ იქნებოდა, წესით, ეს გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო _ მას ტრამპთან პირადი ნაცნობობაც აკავშირებს და ამის გარდა, ტრამპთან დაახლოებულ პირებსაც იცნობს. მოსაწვევის გაგზავნა კონგრესმენებსაც შეეძლოთ და ძნელი დასაჯერებელი არაფერია, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვაშინგტონში გავლენიანი ნაცნობი აღმოაჩნდებოდა, ვინც მოსაწვევს გაუგზავნიდა.
ვინ, ვინ და მიხეილ სააკაშვილი რომ ბუჩქებიდან ადევნებდა თვალს ტრამპის ინაუგურაციას, ისეთივე სასაცილო თემაა, როგორიც ის, რუსეთის მოტრფიალე ქართველები რომ იძახდნენ ობამა-სააკაშვილის შეხვედრის დროს, _ დერეფანში უდარაჯებდა ბარაკ ობამას, გადაეყარა, მიეჭრა, იმანაც ხელი ჩამოართვა, ფოტო გადაუღეს და ატვირთესო.
სხვათა შორის, მის წინააღმდეგ აგორებულ რუსულ შავ პიარს მიხეილ სააკაშვილი თვითონვე გამოეხმაურა და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ატვირთა მისი „მამხილებელი“ ფოტოები, განმარტების სახით კი მოაყოლა:
„ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ უკრაინულ ტელეარხებს გაეშუქებინათ ჩემი ყოფნა ტრამპის ინაუგურაციაზე, მაგრამ მათ ეს არ უნდოდათ. სამაგიეროდ, მათი ნაწილი ერთობლივად ახდენს რუსული კავშირების მქონე პირების მიერ გადაღებული ფოტოების ტირაჟირებას, სადაც მე ინაუგურაციიდან უკვე გამოსული, ჯგუფის სხვა წევრებს ველოდები. უგუნურები უგუნურებად რჩებიან და მათთვის არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კონტაქტი მქონდა ტრამპის გუნდთან, საიდანაც ბევრს პირადად ვიცნობ და ვაპირებ, აქტიურად ვითანამშრომლო უკრაინის მეგობრებთან ამ ადმინისტრაციაში, იმის მიუხედავად, თუ რა ჭორებს გაავრცელებენ ჩვენი მტრები.
ხან აეროპორტში ფარულად გადამიღებენ ხოლმე, ხან ცერემონიიდან გამოსულს და მერე უამრავ ჭორს აკერებენ ამას. ეს ყველაფერი მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ სწორ გზაზე ვართ და მტრებს ჩვენი ეშინიათ.
მათ შეუძლიათ, გააგრძელონ შავი პიარის აგორება, ჩვენ კი ჩვენს საქმეს გავაკეთებთ ჩვენს ყველა მეგობართან ერთად, რათა უკრაინის საერთაშორისო პოზიციები გავაძლიეროთ.
უკეთესი იქნებოდა, ისინი თავიანთ ძალისხმევას სწორედ უკრაინის პოზიციების გასაძლიერებლად ხარჯავდნენ და არა იმისთვის, რომ აეროპორტებსა თუ ტუალეტებში კუდში მდიონ.
მე არ მჭირდება ჩემი პირადი საერთაშორისო მეგობრული კავშირებით სპეკულირება იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების კეთილგანწყობა მოვიპოვო. ჩემი ბრძოლის ველი უკრაინა და უკრაინული პოლიტიკაა, საიდანაც უნდა მოვაშოროთ მას მიტმასნილი „ბარიგები“, _ აღნიშნა სააკაშვილმა.
ლაშა ბერულავა