QronikaPlus
რატომ გაიყიდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი და ვინ დგას კორუფციული გარიგების უკან?!

რატომ გაიყიდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი და ვინ დგას კორუფციული გარიგების უკან?!

2017-01-28 07:43:01

თბილისში, ორთაჭალაში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი გაიყიდა, რომლის 100%-იან წილს სახელმწიფო ფლობდა. კურორტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. დანგრევის პირას მისული სარეაბილიტაციო ცენტრი რამდენიმე წელია, უცხოური დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტებით გარემონტდა და აღიჭურვა. ბალნეოლოგიური კურორტის ახალი მფლოფელი „მეიდან ჯგუფია“, მან ობიექტი 1999 წლის მდგომარეობით შეფასებულ მიზერულ თანხად შეიძინა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, რომლის უკან ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დგას. ჯერ კიდევ 1998 წელს არსებობდა ედუარდ შევარდნაძის განკარგულება ბალნეოლოგიური კურორტის გაყიდვის შესახებ. ნიკოლოზ სააკაშვილს, რომელიც იმ დროს მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრის, ავთანდილ ჯორბენაძის მოადგილე გახლდათ, რატომღაც, გაყიდული ობიექტის დირექტორობა შესთავაზეს. თუმცა ამ განკარგულების შესახებ ინფორმაცია გახმაურებული არ იყო. სააკაშვილი შეთავაზებას დასთანხმდა, ერთი თვის შემდეგ კი შეიტყო, რომ ბალნეოლოგიური კურორტი გაყიდული იყო. დირექტორს მიაჩნდა, რომ თბილისში არსებული ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც ამიერკავკასიაში ერთადერთია და მსოფლიო კურორტოლოგიის წიგნებშია შესული, უნიკალური ადგილია რეაბილიტაციისთვის, სახელმწიფო საკუთრება უნდა ყოფილიყო. განკარგულებაში მითითებული იყო, რომ გაყიდული ბალნეოლოგიური კურორტის ნაცვლად უნდა გაკეთებულიყო კაზინო, რაზეც სააკაშვილმა, კოლექტივთან ერთად, მის დასაბრუნებლად ბრძოლა სასამართლოში დაიწყო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა განკარგულება და ამ შენობა-ნაგებობებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ერთიან ნუსხაში შეიტანეს და საჯარო რეესტრის ერთიან რეესტრში დარეგისტრირდა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. არსებობდა ინფორმაცია, რომ კურორტის შესყიდვით უცხოელები იყვნენ დაინტერესებულნი. ამის შემდეგ ბალნეოლოგიური კურორტის შესასვლელში ნიკოლოზ სააკაშვილს ორი ტყვია ესროლეს. ნატყვიარების კვალი შენობას დღემდე ემჩნევა. ამავე დროს მოკლეს დარაჯი, რომელიც კურორტზე ღამით რჩებოდა. დარაჯის მკვლელობაზე პოლიციაში საქმე არ აღძრულა(!!!). „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ბადრი პატარკაციშვილის ინიციატივით, მემორანდუმი შედგა, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველ პირებს კურორტი სარეაბილიტაციო მომსახურებას გაუწევდა, ამის ნაცვლად კი პატარკაციშვილის ფონდი შენობის რეაბილიტაციისთვის თანხას გაიღებდა. ეს იყო პირველი მოზიდული დონორი. 2003 წელს, პატარკაციშვილის ფონდის დაფინანსებით, შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია გაკეთდა. ამის შემდეგ ბალნეოლოგიურმა კურორტმა, რამდენიმე უცხოური დონორი ორგანიზაციის დახმარებით, სხვადასხვა პროექტის მეშვეობით, შეძლო, რომ, განახლებულ შენობასთან ერთად, თანამედროვე, ძვირადღირებული აპარატურა შემოეტანა. მიუხედავად იმისა, რომ ბალნეოლოგიურ კურორტსა და, შესაბამისად, სახელმწიფოს, უცხოური დონორი ორგანიზაციების წინაშე ვალდებულება აქვს აღებული, „ქრონიკა+“-მა ინფორმაცია მოიპოვა, რომ ხელისუფლებამ ეს ობიექტი გაყიდა. გადაწყვეტილება ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგან არანაირი იურიდიული წესები არ არის დაცული, მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კურორტი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია. ვალებით სავსე კომპანია „მეიდან ჯგუფი“, კურორტის შეძენის სანაცვლოდ, ქვეყნის ბიუჯეტში 2 მილიონ ლარს გადაიხდის და სახელმწიფოს დიღმის ტრასაზე მდებარე მიწის ნაკვეთებს გადასცემს, რომელიც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დაყადაღებულია. ვინ და რის გამოა დაინტერესებული ბალნეოლოგიური კურორტის გაყიდვით? ვინ არიან „მეიდან ჯგუფის“ დამფუძნებლები? გვაქვს თუ არა საქმე დოკუმენტების გაყალბებასთან? რატომ მიჰყიდა ხელისუფლებამ ბალნეოლოგიური კურორტი გაკოტრებულ კომპანიას? „ქრონიკა+“-ს სანდო წყარო უყვება, რომ საქმე გვაქვს ძალიან დიდ კორუფციულ გარიგებასთან, რომლის უკანაც ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დგას და სწორედ მისი მეშვეობით მოხერხდა, რომ ეს ობიექტი „მეიდან ჯგუფს“ მიზერულ ფასად შეეძინა. „ქრონიკა+“ ცდილობდა, კურორტის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ნიკოლოზ სააკაშვილისგან მოეპოვებინა, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. მივაკვლიეთ ადამიანს, რომელიც ბალნეოლოგიურ კურორტში განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობდა და ობიექტის გაყიდვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებასა და საორგანიზაციო საკითხებში ბალნეოლოგიური კურორტის დირექტორს ეხმარებოდა.   „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საქველმოქმედო ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასის“ იურისტი - ლია ჩიხლაძე: - მე გახლავართ საქველმოქმედო ორგანიზაცია „საქართველოს კარიტასის“ იურისტი. ეს ორგანიზაცია დააფუძნა ვატიკანის სახელმწიფომ და მთელ მსოფლიოში საქველმოქმედო სოციალურ პროექტებს ახორციელებს. სწორედ „კარიტასის“ დახმარებით იტალიაში არსებულმა საკმაოდ ძლიერმა ფონდმა დააფინანსა ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციის პროექტი. ამ მიზნით ბალნეოლოგიური კურორტის შენობა-ნაგებობა თავიდან ბოლომდე გაარემონტა და რეაბილიტაციისთვის აღჭურვილობა შეიძინა, გაკეთდა სპეციალური აუზები, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ არის ბუნებრივი რესურსი, ტალახი და მკურნალობის მეტ შედეგს იძლევა. ამ პროექტის მიზანი იყო, რომ იმ ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვებს, რომელთა ოჯახებს საშუალება არ გააჩნიათ, რომ ისინი საზღვარგარეთ წაიყვანონ, ბალნეოლოგიურში უფასოდ ემკურნალათ. ბალნეოლოგიურმა გრანტი კი მიიღო, მაგრამ, სანაცვლოდ, მისი მომსახურე პერსონალი თანახმა იყო, უხელფასოდ გაეწია დახმარება. ამით ბალნეოლოგიურმა და სახლმწიფომ ვალდებულება აიღო. დონორის პირველი მოთხოვნა იყო სახელმწიფოს, როგორც დამფუძნებლის თანხმობა. ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრომ თანხმობა გასცა, რომ მიესალმებიან ამ პროექტის განხორციელებას და, აქედან გამომდინარე, მთავრობამ დონორის წინაშე ვალდებულება აიღო. გარდა ამისა, მეორე პროექტი იყო იაპონიის საელჩოს დაფინანსებით, რომლითაც 100 000 ევროს ღირებულების უნიკალური ექოსკოპიური აპარატები შეიძინეს. როდესაც იაპონიის მთავრობა ჩამოვიდა, მათმა პრემიერმა ეს ყველაფერი ნახა და გაოგნდა. იაპონია საქართველოს მაშინ დაეხმარა, როდესაც იქ მიწისძვრა მოხდა. იაპონიამ უკან არ დაიხია მიუხედავად იმისა, რომ თავად ყველაზე მეტად უჭირდა. როდესაც პრემიერმა ეს ნახა, თავის ელჩს მიუბრუნდა და უთხრა: ეს ორგანიზაცია თავის საქმეს კეთილსინდისიერად აკეთებს და სასწრაფოდ გამოყავით 100 000 ევრო, რომ მაწანწალა ბავშვების პროექტი დაიწყოსო. პროექტი ითვალისწინებდა მაწანწალა ბავშვების თავმოყრას, რომლებიც ქუჩაში მათხოვრობენ, სოცმუშაკები მათ აქ მოიყვანდნენ, გაკეთდებოდა სტაციონარის ტიპის დაწესებულება, სადაც იქნებოდნენ ფსიქოლოგები, ბავშვებს მოუვლიდნენ, დაეხმარებოდნენ, თბილ საჭმელს შეჭამდნენ და ამასაც აფინანსებდა იტალიელი დონორი, რომელიც ვალდებულებას იღებდა სოცმუშაკებისა და მომსახურე პერსონალის ხელფასების დაფინანსებაზე. ამის შესახებ ბალნეოლოგიურმა ხელისუფლებას მიმართა და თანხმობა სთხოვა, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო, რაზედაც ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ეკა სისაურმა, უპასუხა, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ, რადგან ბალნეოლოგიური კურორტი საპრივატიზაციო ნუსხაში იყო შეტანილი. - იმ დროს, როდესაც უცხოური დონორების მეშვეობით ხდებოდა დაფინანსება, რატომ გადაწყდა კურორტის გაყიდვა, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? - 2013 წლიდან მიმდინარეობს ბრძოლა ბალნეოლოგიური კურორტის შესყიდვაზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესყიდვით „მეიდან ჯგუფი“ დაინტერესდა. ეკონომიკის სამინისტრომ 2014 წელს ბალნეოლოგიურში ოფიციალურად გამოაგზავნა წერილი, რომ ისინი დაინტერესებულები იყვნენ და პროექტს შეინარჩუნებდნენ. კოლექტივის წინააღმდეგობა, პოლიტიკური სიტუაცია იცვლებოდა და გაყიდვის პროცესი შეჩერდა. სექტემბერში მუდმივად მუსირებდა აზრი, თითქოს, ბალნეოლოგიური იყიდებოდა. როგორც მივხვდი, ეს იმიტომ, რომ ბენეფიციარებს ჰგონებოდათ, რეაბილიტაციის კურსი აღარ მიმდინარეობდა და ნელ-ნელა შემოსავლები მოჰკლებოდა, ანუ გაკოტრებისკენ მიჰყავდათ. დღეს ბალნეოლოგიური კურორტი შეფასებულია 1999 წლის მდგომარეობით. ამის მერე სახელმწიფო ვალდებული იყო, ფასში ცვლილება შეეტანა, რაც ნიშნავს: ქონება უნდა გადაფასდეს და თუკი მას გასაყიდად ამზადებ, ფასი უნდა გაზარდო, შეაფასო თავისი რემონტით, აღჭურვილობით და ყველაფრით. კაპიტალი არ შეიცვალა და ასეთი სახით დაიწყეს ზრუნვა გაყიდვაზე. - თქვენი აზრით, რა თანხად უნდა შეფასებულიყო? - დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით, 50 მილიონამდე მაინც შეფასდებოდა, 1999 წლის მონაცემებით კი, დაახლოებით, 2 მილიონამდეა შეფასებული. რამდენჯერმე მისწერა ნიკოლოზ სააკაშვილმა, რომ კაპიტალი შეიცვალა და მონაცემების გაზრდას ითხოვდა, მაგრამ არანაირი რეაგირება არ ხდებოდა. არ ვიცოდით, რომ ლაპარაკი იყო პირდაპირ მიყიდვაზე, ამიტომ აუქციონს თვალს ვადევნებდით, რა ფასად დაიდებოდა. აუქციონზე არ დადებულა, კაპიტალი არ შეცვლილა, ამ მხრივ, არაფერი გაკეთებულა, ერთადერთი, შენობა-ნაგებობის ფართი დაფიქსირდა. სამხარაულის სახელობის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა სამართლებრივად უნდა ჩატარებულიყო და მას უნდა შეეფასებინა, რომ აუქციონზე გასულიყო, ან პირდაპირ მიყიდვაზე ყოფილიყო საუბარი. ეს არ მომხდარა, მხოლოდ დოკუმენტები გამოითხოვეს და შენობა-ნაგებობების ფართები დააზუსტეს, რადგან მანამდე იყო დანგრეული და მოგახსენეთ, როგორც აღდგა. ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და პირდაპირ სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ იზურნოს და ამისთვის ფინანსებიც გამოყოფილია ხოლმე ბიუჯეტში. 2010 წელს მიწის ნაკვეთი (თუ არ ვცდები, 7000 კვ.მ.), რომელიც გამოუყენებელი იყო და შენობის უკან მდებარეობდა, ეკონომიკის სამინისტრომ კაპიტალიდან ამოიღო და განკარგულება გამოსცა, რომ იგი აუქციონის წესით გაყიდულიყო, აქედან მიღებული თანხა კი ბალნეოლოგიური კურორტის რეაბილიტაციას სრულად მოხმარებოდა, რომელიც დღემდე არ განხორციელებულა. მერე წავიდა პოლიტიკური ცვლილებები და ამის აუქციონზე გასატანად არავის ეცალა. არავის ეცალა, თუნდაც, ფასადის შესაღებად, შიგნით ყველაფერი მზადაა და ფუნქციონიერებს კიდეც, მაგრამ გარედან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მიგდებული ობიექტი გეგონება. ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყოველთვის უარს ამბობდა, რადგან ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მათი ნებართვის გარეშე გარედან შეღებვა არ შეიძლებოდა. - როგორ და როდის გაიყიდა? - დეკემბერში სრული სიჩუმეა, მერე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ობიექტი გაიყიდა. მყიდველებად სახელდებოდნენ აზერბაიჯანელები, ვიღაც რუსი ოლიგარქი, დასახელდნენ ქართველები და, მათ შორის, „მეიდან ჯგუფი“. იყო კიდევ ერთი რუსული კომპანია, რომლის დირექტორი პირადად მივიდა ბატონ ნიკასთან და უთხრა, რომ კურორტის ყიდვით იყო დაინტერესებული და თქვენი აზრი მაინტერესებო. ბატონმა ნიკამ მთელი ისტორია ვრცლად და დეტალურად მოყვა, როგორ მოიტანა მხრებით დაწესებულება. კაცი წამოდგა და თქვა, - ეს შენი პირმშოა, როგორ შემოვიდე და აქ სასტუმრო როგორ გავაკეთო, ეს საქართველოს ქონებაა და ყოველთვის გვერდით დაგიდგები, როცა დაგჭირდებაო. ამიტომ მან პირადად თქვა უარი ყიდვაზე. იანვარში ისევ წავიდა მითქმა-მოთქმა, რომ ბალნეოლოგიური კურორტი გაიყიდა. რადგან ვებგვერდზე არანაირი ინფორმაცია არ იყო გამოქვეყნებული, მე პირადად დავრეკე ეკონომიკის მინისტრის მდივანთან და ვთხოვე, რომ ბატონ ნიკას შეხვედროდა. ორშაბათს დავრეკე და შეხვედრა პარასკევს დაგვითქვეს საღამოს 7-ის ნახევარზე. წინასწარ ვუთხარით, რომ ინფორმაცია გვქონდა ბალნეოლოგიურის გაყიდვის შესახებ და ეს ინფორმაცია პირველწყაროდან გვაინტერესებდა, რადგან დოკუმენტი არ არსებობდა. შეხვედრამდე 2 საათით ადრე მდივანი გვირეკავს და გვეუბნება, რომ მინისტრი უცხოეთში გაფრინდა, ქონების მართვის სააგენტოს უფროსი ეკა სისაური შვებულებიდან გამოვიძახეთ და ის შეგხვდებათო. ბატონმა ნიკამ სიტუაცია დეტალურად აუხსნა, სისაური თავხედურად იქცეოდა, თავიც კი არ აუწევია, მობილური ტელეფონი არ გაუგდია ხელიდან, მესიჯებს წერდა და არც კი გვისმენდა. ბოლოს განაცხადა, _ მესმის, რომ ბევრი რამე გაგიკეთებიათ, მაგრამ უკვე გაიყიდაო. ბატონმა ნიკამ უთხრა, _ კი ბატონო, თუ სახელმწიფო ინტერესია, მაგრამ ჩვენ ხომ უნდა ვიყოთ საქმის კურსში, საიტზეც არ დევსო. - როგორ არა, მაცნე.გე-ზე დევსო. - რას ბრძანებთ, სანამ წამოვიდოდით, გადავამოწმეთ-მეთქი. - მთავრობის დღის წესრიგისთვის უნდა გედევნებინათ თვალი, იქ გავიდაო. - რა პირობით გაიყიდა-მეთქი? - სხვათა შორის, ისინი ექიმები არიან და მათთან კონტაქტი არ გაგიჭირდებათო. - პირობები გვაინტერესებს-მეთქი. - როგორც მახსოვს, სამედიცინო პროფილი უნდა შეინარჩუნონ და თქვენ მეტი რა გინდათ, ასე ერთი საწარმო - ფსიქიატრიულიც გავყიდეთ, მაგრამ ამას აჟიოტაჟი არ მოჰყოლიაო. ვუთხარი, - როგორ ადრით ფსიქიატრიულს ბალნეოლოგიურ კურორტს, ერთხელ არ მოსულხართ და არ გინახავთ, დონორები რომ იყვნენ და პრეზენტაცია გვქონდა, ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიწვიეთ და არც ერთი მოვიდა-მეთქი. - მერე რა მოხდა, საწარმოა და უკეთესად მიხედავენო. წამოვედით, იმ საღამოს მართლა არ იყო ატვირთული ინფორმაცია, მთავრობის სხდომის რიცხვიც კი ვერ გაიხსენა, დეკემბრიდან დაწყებული ყველა ვნახე, მაგრამ არსად დღის წესრიგში არ არის. სისაური, კიდევ, ამტკიცებს, რომ მთავრობის სხდომაზე გავიდა. შეიძლება „მაცნეს“ პრობლემა იყო და განკარგულება ატვირთული არ არის, მაგრამ ეს ნამდვილად დევს მთავრობის სხდომის დღის წესრიგშიო. ამდენი წელია, იურისტი ვარ, თუ კითხვა დამავიწყდა, არ ვიცი... დეტალურად გავიარე, ჩემს კოლეგებსაც გადავუგზავნე, იქნებ, სადმე წერია-მეთქი. იქ უნდა ეწეროს, რომ წილი გასხვისდა, შენობა-ნაგებობები კი - არა. წილი შესაბამისად კაპიტალის ღირებულებიდან უნდა გამოდიოდეს და ახლა უკვე ადვილი მისახვედრია, რატომ არ მოხდა კაპიტალის გაზრდა და შეცვლა. მოკლედ, ყველაფერი გაიყიდა თავისი აღჭურვილობით. მე მოგიყევით მხოლოდ ჩემს პროექტებზე, იქ იყო პირველი ლედის ნაჩუქარი ტრენაჟორები, ჩეხეთის პროექტი გახლდათ „სოკო“, სადაც თავის პროექტს ახორციელებდა, აპარატურა პოლონელმა კათოლიკეებმა აჩუქეს, აქ ცოტა აპარატურა და ფული კი არ არის ნაჩუქარი დონორების მიერ. სისაურმა ასე რომ გვითხრა, რა თქმა უნდა, მოვძებნე, გავუგზავნე და ვუთხარი, რომ ეს საკითხი მთავრობის არც ერთ სხდომაზე არ გასულა და განკარგულებას ვერ ვპოულობთ-მეთქი. მოკლედ, ამის მერე რეკავს ცნობილი ექიმი რომ არის, ქევანიშვილი, მისი შვილი და ამბობს, - ეს ობიექტი ჩვენ ვიყიდეთ, „მეიდან ჯგუფმა“ და კურატორი მენეჯერი მე ვიქნებიო. თან ბატონ ნიკას შეხვედრა სთხოვა. ბატონმა ნიკამ უთხრა, - მთავრობის განკარგულება დღემდე არ დევს და თუ გაქვს, იქნებ, წამოიღოო. მოკლედ, მოვიდა პროექტით, მასაც არ ჰქონდა ხელმოწერილი დოკუმენტი. თქვა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ელაპარაკა, თუმცა, გაუგებარია, რატომ ელაპარაკა მათ, თუ მთავრობის სხდომაზე გავიდა?! - ატვირთავენ და თქვენს ფოსტაზე გამოგიგზავნითო. - რა პირობებით გაიყიდა? - რეალურად კი არ გაიყიდა, გაიცვალა, ბიუჯეტში 2 მილიონი ლარი უნდა გადაიხადონ და დიღმის ტრასაზე, აღმაშენებლის ხეივანში არსებულ მიწის ნაკვეთებსა და სოფელ დიღომში არსებულ 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე გაცვალეს. ჯამურად, სამი მიწის ნაკვეთია, რომლის ღირებულება, თავიდან ბოლომდე, 2 მილიონიც არ იქნება. პირობაა ასეთი, რომ მათ ეს ნაკვეთები სახელმწიფოს უნდა გადასცენ საკუთრებაში, 2 მილიონი ლარი ბიუჯეტში გადაიხადონ და 30-ნომრიანი სასტუმრო გააკეთონ. ასევე აღნიშნულია, რომ კულტურის სამინისტროს უნდა მიაკითხონ და კონტრაქტი გააფორმონ, რომ ეროვნული ძეგლის სტატუსი შეინარჩუნოს. ეს არის კომედია, როცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზეა საუბარი, ამაზე კანონი არსებობს, როგორ შეიძლება, გაიყიდოს?! კონსტიტუციით პირდაპირ არის გარანტირებული, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა, ამიტომ კანონში წერია, მხოლოდ მაშინ შეიძლება სტატუსი მოუხსნა და გაყიდო და საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანო, თუ ის დანგრეულია და მისი აღდგენა შეუძლებელია. - ჩვენი ინფორმაციით, ამით ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილია დაინტერესებული... - ვერაფერს დავადასტურებ, მაგრამ ამის შესახებ მეც მსმენია. - საჯარო რეესტრის მონაცემებით, მეიდან ჯგუფი დაყადაღებული ქონებებით და ვალებით სავსე კომპანიაა... - დიახ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, „მეიდან ჯგუფის“ დამფუძნებელია ორი შეზღუდული შესაძლებლობის საზოგადოება. საინტერესო ის არის, რომ ყადაღებით და გირავნობებითაა ყველა სავსე. ასეთმა კომპანიამ 8 მილიონის ინვესტიცია როგორ უნდა განახორციელოს?! რა ფულის გადახდაზეა ლაპარაკი, გაკოტრებულ კომპანიებს მიჰყიდეს, თან მიჰყიდეს კი არა, მიწებში გაუცვალეს. დიახ, მთელი ქონება დაყადაღებული აქვთ. ვინ არიან დამფუძნებლები? - რამაზ ხუროძე! ეს ის ხუროძეა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც მილიარდერი გახდა. იქ მისი ძმიშვილია დირექტორი 69%-იანი წილით. ერთი კომპანია აქვთ დარეგისტრირებული ოფშორულ ზონაში, რომლის მონაცემებსაც, რა თქმა უნდა, ვერ ვიგებთ. ჩემი აზრით, ეს საეჭვო გარიგებას ჰგავს, გაკოტრებულ კომპანიებს, საგადასახადო ვალი, გირავნობა, იპოთეკა რომ აქვს, სხვა ქონება არ გააჩნია, გაუცვალეს და ფული მხოლოდ ორი მილიონი გადაახდევინეს, კითხვა ისმის, _ რის ფასად?! რატომ მიანიჭეს პრიორიტეტები სახელმწიფოს? რისთვის სჭირდებოდა ტრასაზე მიწის ნაკვეთები? სახელმწიფოს საკუთრებაში არ არის მთელი ტრასა? ბალნეოლოგიური კურორტი რეაბილიტაციის ცენტრია, რომელზედაც ერთი კვირის წინ დავით სერგეენკომ ბატონ ნიკას ხელი ჩამოართვა, რომ შენ თუ ამ რეაბილიტაციის ცენტრს დონორების მეშვეობით გააკეთებ, ორივე ხელით მოგესალმები იმიტომ, რომ ბიუჯეტში ფული არ არის, რომ ავაშენოთო. აქ მხოლოდ პროგრამებში ჩასმა იყო საჭირო, რომ ხალხს გაეგო და ეკონომიკის სამინისტრო გვეუბნება, სერგეენკომ პირველი მოგვცა თანხმობაო, თუმცა ეს თანხობა გამოვითხოვე და ვერსად ვიპოვე. ასევე არ არსებობს კულტურის სამინისტროს თანხმობა. პირველ რიგში აუცილებელი იყო სტატუსის მოხსნა და მერე გაყიდვა. რამდენადაც ჯანდავის სამინისტრო უწევს კურაციას, მისი წერილობითი თანხმობა ვერ მოვიძიე. 29 დეკემბერს იყო მთავრობის სხდომა, 30 რიცხვით ხელმოუწერელი განკარგულება ვორდის ფაილშია „მაცნეზე“ ატვირთული. ქუმსიშვილის ხელმოწერილია და პრემიერ-მინისტრი ხელს არ აწერს. არ ვიცი, ამას აქვს თუ არა დელეგირება. დოკუმენტები ისე მომზადდა, დარწმუნებული ვარ, ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ არ იცოდა, რადგან ორშაბათს, როდესაც ამ თემაზე შეხვედრა დავუთქვით, ბოლო დღეს რომ მოახსენა მდივანმა, რა საკითხზე გვსურდა შეხვედრა, მან მოიკითხა, იყო თუ არა გასხვისებული და მისი ხელმოწერის გარეშე გადაგზავნილი მთავრობაში. ამის დადასტურება მე არ შემიძლია, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვი არსებობს. კოლექტივს ორი წლის მანძილზე შეინარჩუნებენ, ისიც 80%-ს. ორ წელიწადზე მეტი მიდიოდა ბალნეოლოგიური კურორტის შეგნებული ანტიპიარი იმიტომ, რომ ბენეფიციარები დაეკარგა. მერიის ჯანდაცვის დეპარტამენტიდან დაწყებული, ყველა უარს ამბობდა ბალნეოლოგიურზე. რატომ მიმაჩნია, რომ საეჭვოა ეს ამბავი? - პირობები არ შეცვლილა, რომ კურორტი რეალურად არ შეფასებულიყო; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მთავრობის დღის წესრიგში შეტანილი არ იყო და 30 რიცხვითაა ხელმოწერილი. - რა მოხდა, დოკუმენტი გაყალბდა? - არ ვიცი, ვინ ვის რას უმალავდა და ეს რის ფასად გაკეთდა. ამ საქმეს ეკონომიკის მინისტრი სულ არ სჭირდებოდა, დამფუძნებლად სახელმწიფო ითვლება, მაგრამ ქონების მართვის სააგენტოს აწერია. ეს სააგენტო სიპია და დამოუკიდებლად შეეძლო ამის გაკეთება, მხოლოდ ეკონომიკის მინისტრისგან სჭირდებოდა წერილი. წერილი კიდევ ნებისმიერ ფოსტაში შეუძლია, მდივანს შეუცუროს და არც კი წაიკითხოს, ისე მოაწეროს ხელი. არავის ვამართლებ, უბრალოდ, არ მგონია, ეს ადამიანი საეჭვო გარიგებაში იყოს გარეული. რაც შეეხება სისაურს, ცნობილია, რომ მას ქუმსიშვილი ლობირებს.   თამარ ბატიაშვილი  

გაზიარება