QronikaPlus
ნაცრის ხანის დასასრული

ნაცრის ხანის დასასრული

2017-01-28 07:39:21

ბიძინას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ვერა და ვერ მოახერხა მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობიდან“ დისტანცირება. ასწლოვან და ას „მეტრიან“ მაღალ ხეებს აქეთ-იქით დაატარებს, საკუთარ ეზოში მიაქანებს, მაგრამ ვერ იქნა და ვერ გადგა „მაღალი“ და ღიპიანი მიშა მის მიერვე დაარსებული პარტიიდან. მოკლედ, „ნაცების“ შესაჭმელად მომზადებული კოვზი ბიძინას იმ ნაცარში ჩაუვარდა, რომელსაც ამ ბოლო წლებში უხვად იყრიდნენ თავზე სწორედ „ნაცები“. და რა მიიღო? „ნაცების“ მიერ თავზე ნაცრის ყრა დასრულდა. ის ნაწილი, რომელიც ბოდიშების ხდით იყო დაკავებული, ანუ ფიგურალურად რომ ვთქვათ, თავზე ნაცარს იყრიდა, პარტიიდან წასულია და ახლა უკვე რომც გააგრძელონ ბოდიშების ხდა, ეს „ნაცების“ მიერ თავზე ნაცრის ყრად ვეღარ ჩაითვლება. ის დიდი ნაწილი კი, რომელიც დარჩა, და რომელსაც 20 იანვარს ყრილობა ჰქონდა, ნაკლებად იყო დაკავებული ამ საქმიანობით. ანუ მოკლედ, კოვზის ნაცარში ჩავარდნით, „ნაცებში“ ნაცრის ხანა დამთავრდა. რა დაიწყება და როგორ გაგრძელდება, ამას ყველა ერთად ვნახავთ. მთავარია, ახლა უკვე ქვეყანაში დასრულდეს ნაცრის ხანა _ ანუ ამომრჩევლისთვის თვალებში ნაცრის შეყრის პერიოდი. ალბათ, სწორედ ამ ხანის მოახლოების ეშინოდა იმ ბრძენ კაცს და ამიტომ ცდილობდა ასე გაშმაგებით _ მთავარი საფრთხის, სახელად სააკაშვილის განეიტრალებას. ალბათ, ამას გრძნობენ „ქოცები“ და ამიტომაც ახარებთ მცირედიც კი, მაგალითად ის, რომ „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს არჩევის შემდეგ, პარტიის მხარდამჭერთა მხრიდან, გამოითქვა გულის ტკივილი და დაისვა კითხვები, თუ რატომ ვერ მოხვდა პოლიტსაბჭოში მეგი გოცირიძე, მაია ორჯონიკიძე? მხარდამჭერთა თუ აქტივისტთა ნაწილი სხვებსაც ასახელებდა. „ქოცებისა“ თუ „ნაცმოძრაობიდან“ წასულთა მხრიდან ქირქილ-ქილიკი და მეტიც, სიხარული, სრულიად, უადგილოა. თუ ოპონენტებმა სხვა ვერაფერი მონახეს გასახარ-გასართობ-საქილიკო, ეს სწორედაც უნდა უხაროდეს „ნაცმოძრაობას“ და მე თუ მკითხავთ, ასევე სრულიად უადგილოა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგი მხარდამჭერებისა და აქტივისტების მეტისმეტი გაწიწმატება, როგორ თუ ვინმემ გაბედა და ეს იკითხა, ან სურვილი გამოხატა, პოლიტსაბჭოში ეხილა მეგი გოცირიძე და მაია ორჯონიკიძე. მოკლედ, რა მოხდა? მხარდამჭერთა ნაწილი უმადურობად მიიჩნევს მეგი გოცირიძის პოლიტსაბჭოში არშეყვანას, მეორე ნაწილი კი წიწმატობს, თუ როგორ ბედავენ ამ საკითხის წინ წამოწევას და „ქოცების“ გულის გახარებას. დავიწყოთ იმით, რომ „ქოცებმა“ გული უკვე გაიხარეს იმით, რომ მათი „ნათლია“, მეგი გოცირიძე, თამაშგარე მდგომარეობაში იხილეს და ამის მეტად ვერანაირად ვერ გაახარებს მათ ვინმეს მიერ ლეგიტიმურად დასმული კითხვა. ეს ისე, ხილად და დესერტად. რეალურად კი საქმე გვაქვს ბევრად უფრო პრინციპულ საკითხთან. მხარდამჭერთა ნაწილი ჭკუას ასწავლის მხარდამჭერთა ნაწილს. ანუ რას ასწავლის, როგორ დაუჭიროს მხარი? სადაა აზრის გამოხატვის უფლება? რას მოუტანს განახლებულ „ნაცმოძრაობას“ მისივე მხარდამჭერების შეზღუდვა, აზრი გამოხატონ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე ღიად და საჯაროდ? ისევ და ისევ, მხარდამჭერთა ნაწილის გაუცხოებას გამოიწვევს მათ მიერ მხარდაჭერილ ძალასთან. მისგან დისტანცირებას, მასზე გულის აცრუებას. მივიღებთ ისევ იმ ჩაკეტილ წრეს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ეს ყველა მხარდამჭერი ერთად ებრძოდა. რა იყო არგუმენტები? „ასე წერა არ შეიძლება“, „არაა საჭირო“, „შიგნით გაარკვიეთ“, „ყველა ვერ მოხვდება პოლიტსაბჭოში“, „მეგი ისედაც იბრძოლებს“ და ა. შ. მივყვეთ ამ უკბილო არგუმენტებს: რას ჰქვია, „არ შეიძლება“ და „არაა საჭირო“, ან „შიგნით გაარკვიეთ“? და რატომ საზღვრავს ამას ან მხარდამჭერთა ნაწილი, ან პარტაქტივი, რას მიიჩნევს საჭიროდ მხარდამჭერთა ჯგუფი? იგივე ამ ბოლო თვეების განმავლობაში, რა, ცოტა იყო შემთხვევა, როდესაც მხარდამჭერთა მცირე ნაწილი მწვავედ სვამდა კითხვებს და სწორედ მხარდამჭერთა უმრავლესობა, ლამის, უკუღმა სვამდა ვირზე მათ ამის გამო და როგორც შემდეგ აღმოჩდა, სწორედ ის მცირე ნაწილი იყო მართალი და მერე უკვე ყველამ ირწმუნა და ალაპარაკდა. ალაპარაკდა კი არა, თუ ის მცირე ნაწილი კრიტიკის ფორმატში მოქმედებდა, უმრავლესობა უკვე ლანძღვის ფორმატში გადავიდა და გადაუსწრო იმ პირველ კრიტიკულ მერცხლებს. ახლა ვინ იცის, ვინაა მართალი? ან რას ჰქვია, მხარდამჭერი შეზღუდო პარტიული კონიუნქტურით და უკიჟინო, შიგნით გაარკვიე? რა გაარკვიოს პარტიის რიგითმა ამომრჩეველმა, გარე მხარდამჭერმა შიგნით, როცა შიგნით არაა? როგორ წარმოგიდგენიათ, პარტიის ნახევარმილიონიანმა ელექტორატმა პარტიის შიგნით სცადოს საკითხების შინაურულად გარკვევა? პარტიის წევრებმა, პარტიის აქტივმა, დიახაც, ჯერ პარტიაში უნდა გამოხატონ პოზიცია, მოითხოვონ პასუხი და თუ სხვა გზა არ დარჩებათ, მერე გახადონ პროცესი საჯარო, მაგრამ იგივე მოთხოვნა მხარდამჭერისგან რამდენად ნორმალურია? სწორედ ეს ხომ არ დააზიანებს პარტიას, მხარდამჭერებს დააკარგვინებს და არა კითხვების საჯაროდ დასმა? თუნდაც ამით ვინმე ხარობდეს? ამომრჩეველს, გარე მხარდამჭერს უნდა ჰქონდეს უფლება აზრის საჯაროდ გამოხატვისაც და კრიტიკული კითხვების დასმისაც და მას არ უნდა უწევდეს ყოვლისწამლეკავი იერიშების მოგერიება ამ კითხვის დასმისას თუ აზრის გამოხატვისას. ელემენტარულად, პარტიაზე ჯვარი დაწერილი არავის აქვს, გულს აიცრუებს, მოსწყინდება ამ ლანძღვა-თათხვის გადატანა და დისტანცირდება პარტიისგან. პარტია მათი სახით დაკარგავს მხარდამჭერს, ამომრჩეველს და უკაცრავად, ისინი აანაზღაურებენ ამ დანაკლისს, ვინც დღეს ფეისბუკზე ხაშლამასავით აქეთ-იქით დაატარებს ჭკუას? ორჯერ მისცემენ ხმას ეს ყოვლისმცოდნე სუბიექტები? თან რაც ყველაზე საინტერესო იყო, სწორედ მათსავე არგუმენტებში შეინიშნებოდა პარტიის დამაზიანებელი ელემენტები და მეტიც _ ირიბად შეურაცხმყოფელი განცხადებები პარტიის პოლიტსაბჭოში არჩეულთა მიმართ. თუნდაც იგივე ფრაზაში: „მეგი ისედაც იბრძოლებს“. ამით რა გამოიყვანეს, ვინც პოლიტსაბჭოში აირჩიეს, ისე არ იბრძოლებდნენ, თუ ამ საბჭოში არ შეიყვანდნენ? ან ვის რას სძენს ფრაზა: „ყველა ვერ მოხვდება პოლიტსაბჭოში“? მეგი გოცირიძე ან მაია ორჯონიკიძე ყველაა? დავდგეთ ახლა და „მამლუქში“ რომაა _ დამსახურებებს რომ თვლიან და ხალხი პასუხობს: „მაჰმუდი“ „მაჰმუდი“ _ ეგ მოვაწყოთ? სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სად იყო ის ყველა, როდესაც პირდაპირ ეთერებში სწორედ მაია ორჯონიკიძე და მეგი გოცირიძე უპირისპირდებოდნენ ოპონენტებს მწვავედ, საკუთარ თავზე იღებდნენ მათ ლანძღვა-გინებას? მით უმეტეს მაშინ, როცა ლიდერშიპს „გალობანი სინანულისანი“ სჭირდა? იყო არგუმენტიც, რომ პოლიტსაბჭო არაა ასე მნიშვნელოვანი. არადა, სწორედ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ, კრიტიკულ მომენტში, სწორედაც რომ მნიშვნელოვანია, სწორედ პოლიტსაბჭოზე გადაწყდა, რა ფორმატით უნდა ჩატარებულიყო ყრილობა. ამ ამბავზე ასე ვრცლად იმიტომ შევჩერდი, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, რომლიდანაც კარგად ჩანს, რაა საჭირო, თუ „ნაცმოძრაობას“ მართლაც სურს გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კვლავ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც იყო არჩევნების წინარე პერიოდში. ლიდერშიპმაც, პარტაქტივმაც და მხარდამჭერებმაც უნდა გაისიგრძეგანონ, რომ მხარდამჭერი სხვაა და აქტივისტი _ სხვა. რომ მხარდამჭერი თუ შენიშვნას გამოთქვამს, პირიქით, მადლობა უნდა უთხრა მას, მოისმინო აზრი, გაიზიარო, ან არ გაიზიარო. და თუ არ იზიარებ, აუხსნა. არ იქნება ეს კომუნიკაცია მასთან? იგი დისტანცირდება. და მეტიც, თუ თავპირს დაალეწავ კითხვის დასმის, შენიშვნის, აზრის გამოთქმის გამო, თუ მტრად არ მოგეკიდება, წავა და გაგეცლება, არ ირწმუნებს, რომ შენ რამე საერთო გაქვს დემოკრატიასთან. უნდა მოისმინო და აიტანო განსხვავებული აზრი. შენი მხარდამჭერი არ ნიშნავს იმას, რომ ასკილივით თავი გიქნიოს ყველაფერზე და თუ კონკრეტული მხარდამჭერი არ „ასკილობს“, შენ ვიღაც ყველაფერზე თავკანტურა ასკილი ეკლებით არ უნდა გამოუდგე მას. პარტიის ლიდერშიპი არ ჩართულა ამ „აღმოსავლურ ორთაბრძოლებში“, ეს ცალსახად პოზიტიურია, მაგრამ იმავე ლიდერშიპს მოუწევს, სწორედაც რომ აკონტროლოს საკუთარი წევრები, რომ მათ ხალხს არ მოსთხოვონ იგივე, რაც მათ, როგორც პარტიის წევრებს, მოეთხოვებათ _ პარტიული კონიუნქტურის გათვალისწინება. ყველამ ერთად უნდა გაისიგრძეგანოს კრიტიკის აუცილებლობა და რაც მთავარია, მრავალფეროვნება, მრავალგვარობა. ერთია მხარდამჭერის მიერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრება, მეორეა ოპონენტისა და მესამე _ მტრის მიერ წარმოებული კრიტიკა. თუ ყველას, ვინც კი შემოგბედავს გაკრიტიკებას, მიატრისტანწითელაშვილებ და მტერთან მოისვრი ერთ ტაფაში მოსახრაკად, ამ გზით თავადვე შეათხელებ შენს ბანაკს. ვეღარ მოისმენ ჯანსაღ კრიტიკას და მოსწყდები რეალობას, ამბიცია ღრუბლებში აგიტაცებს და მერე ისე დაგაზღნერთებს მიწაზე, წელსაც ვეღარ აითრევ და ეს წელათრეული ბიძინას დაამარცხებ კი არა, მის პინგვინსაც ვერ გამოუდგები, რომც გამოუდგე, გაგასწრებს, ვერ დაიჭერ და ფრთამალ პინგვინად მოგეჩვენება. აი, ეს კი ნამდვილად გაახარებს „ქოცებს“ და გაუხანგრძლივებს მათ ნეტარყუჩობას. თორემ, რა ნახეს გასახარი იმაში, რომ რაღაც ნაწილმა რამდენიმე მართლაც დამსახურებული პერსონის არარჩევა გააპროტესტა საბჭოში? რომ გეკითხათ, ეს ხალხი ჯოგი იყო და თუ ჯოგია, რატომ არ დაუქნიეს ამაზე თავი „ბელადს“? ვინც რა არ უნდა იწიწმატოს, ეს სწორედ ის ელექტორატია, რომელიც არც ამ განახლებულ შემადგენლობას მოასვენებს და თუ ის სიმპტომები, რაც რიგი მხარდამჭერებისა თუ აქტივისტების ბოლო დღეების ქმედებებში გამოიკვეთა, თვითონ ლიდერების დონეზეც გამოვლინდება, ეს ლიდერშიპიც წინა ლიდერშიპის ბედს გაიზიარებს. ამომრჩეველი ირჩევს პოლიტიკურ ძალას და არა პირიქით. ლიდერები გარემოცვას ირჩევენ და არა ამომრჩეველს. ამომრჩეველი კი ერთად აფასებს ლიდერსაც და მის გარემოცვასაც. შესაძლოა, წლობითაც კი წაუყრუოს და ყურადღება არ მიაქციოს ლიდერის გარემოცვას, მაგრამ ერთ დღეს.... და რაც მთავარია, ახლა მაინც დადგა დრო, წასულებიც და დარჩენილებიც, თუ დაშორდნენ, ბოლომდე დაშორდნენ და მიხედონ მთავარს, თორემ ნამეტანი გრძელი არდადეგები გამოუვიდა ბატონ ბიძინას.   რეზო შატაკიშვილი    

გაზიარება