ქუთაისის ცენტრალურ მოედანს, რამდენიმე შენობასთან ერთად, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სახედაკარგული და მოუვლელი ისტორიული ბულვარის ნაწილი აკრავს. მოედნის ერთ კუთხეში, შემაღლებულ ადგილზე, აუცილებლად შენიშნავთ საათს, რომელიც ქალაქის, ერთგვარ, სიმბოლოსაც კი წარმოადგენს. ადრე შეყვარებულებს სწორედ ამ საათთან ჰქონდათ შეხვედრის ადგილი. ძირძველ ქუთაისლებს აქვე არსებული კიბეების ზემოთ რესტორანი „თოლიაც“ ახსოვთ, რომელიც ასევე თავშეყრის საუკეთესო და სასიამოვნო ადგილს წარმოადგენდა.
წლებია, აღნიშნულ ტერიტორიას მეურვე ხელი ნამდვილად აკლია, რის გამოც იგი ანტისანიტარიისა და გაურკვეველი პირების თავშეყრის ადგილად იქცა.
რამდენიმე დღის წინათ ტერიტორიის ერთი ნაწილი შემოიღობა და მისი სამშენებლო სამუშაოებისთვის მომზადების პროცესი დაიწყო. როგორც გაირკვა, ეკონომიკის სამინისტრომ მიწის ნაწილი, კიბეებიდან ტროტუარამდე, „მაკდონალდსის“ რესტორნის ასაშენებლად კომპანია „თ&კ რესტორნებს“ გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია მოსახლეობის ერთი ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. სოციალური ქსელით თუ პირად საუბრებში ისინი საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებენ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, 1416 კვ.მ. მიწის ფართობზე უფლების რეგისტრაცია „თ&კ რესტორნებმა“ გასული წლის 24 ნოემბერს მიიღო. აქვეა მითითებული, რომ 128 კვ.მ. ფართი დატვირთულია სერვიტუტით. პროექტის მიხედვით, რომელიც, ჯერჯერობით, არავის უნახვას, რესტორანი 2-სართულიანი იქნება.
ამ ეტაპისთვის გაურკვეველია, რესტორნის შემოსაზღვრულ ფარგლებში აგების შემთხვევაში რა ბედი ეწევა ქუჩის საათს, რომელიც ქალაქის ცენტრში 1963 წლიდან დგას. საათის ძველი ვერსიის ავტორი არქიტექტორი ბორის ჯაფარიძე გახლდათ, რომელმაც აღნიშნული ნამუშევრისთვის ჯილდოც მიიღო.
„არქიტექტურის სამსახური კარგა ხანია, ამოწყდა! ქალაქის ცენტრალური მოედანი ქუთაისის სავიზიტო ბარათია. ამ ადგილს თავისი ისტორია აქვს და საკუთარი ორიგინალური იერსახე სჭირდება. სამწუხაროდ, ამაზე არავინ ზრუნავს. ჩვენ რომ ასე ამაყად მოგვწონს თავი წინაპრების ნაშენები კულტურული ძეგლებით, თავად რას ვეტყვით საკუთარ შვილებს? ბრავო, საქართველო, ბრავო!“ _ ასე გამოხატა უკმაყოფილება თავის ფეისბუქგვერდზე ქუთაისელმა ჟურნალისტმა ნანა ფახურიძემ და თანაქალაქელებს მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდა.
„სამუშაოები მერიამ შეაჩერა, ჯერ პროექტი დამტკიცებული არ არის. იგი გადაგზავნილია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. საკითხს ისინი განიხილავენ, მისცემენ თუ არა ამ ადგილზე მშენებლობის უფლებას“, _ ეს განმარტება კი მერიის პრესსამსახურს ეკუთვნის, რომელიც სოციალურ ქსელში ატეხილ განხილვას მოჰყვა და რომელმაც ვნებათაღელვა კიდევ უფრო გაამძაფრა.
აჩიკო გეგენავა _ ფოტოგრაფი:
_ „მაკდონალდსის“ არსებობა ქალაქის ცენტრში ცუდი იდეა არ არის, მაგრამ არ მომწონს ადგილი, სადაც აშენებას აპირებენ. ცენტრალურ მოედანზე არსებული კიბეები და საათი ქალაქისთვის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. სწორედ ამ კიბეების დაკარგვაა გულდასაწყვეტი. თუკი აუცილებლობაა, მაშინ კიბეების ზემოთ, ყოფილი რესტრონის ადგილზე, ან, თუნდაც, მუზეუმის აწ უკვე უფუნქციო შენობის ტერიტორიაზეც შეიძლება მისი აგება.
რაც შეეხება არქიტექტურის სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სტრუქტურა მერიაში არსებობს და ბიუჯეტი ამისთვის სოლიდურ თანხას ხარჯავს, ვფიქრობ, რეალურად ქალაქს ეს სამსახური არ გააჩნია და არც არასდროს ჰქონია. ეს ეტყობა კიდევაც ქუთაისს. ნამდვილად საწყენია, რომ ქალაქის მერიაში განაცხადი 3 იანვარს შევიდა და დარწმუნებული ვარ, წესიერად არც განუხილავთ, დაუყოვნებლივ გასცეს უფლება. როგორც ხდება, სწრაფად დაიწყეს პროცესი, რათა მოასწრონ და მერე თქვან, მშენებლობა დაწყებული გვაქვს და უკვე ვერაფერს ვიზამთო. სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა მკვიდრდება. არადა, საზოგადოება წინააღმდეგია.
ვატიკანში „მაკდონალდსს“ უფლება მისცეს, ძველი არქიტექტურის შენობაში გაეხსნა რესტორანი და არა ისეთ ნაგებობაში, როგორი სახის პროექტებიც ამ რესტორნების ქსელს აქვს. ჩვენთანაც შესაძლებელია მსგავსი პრაქტიკის გამოყენება, თუკი ამის ნება იქნება. ბუნებრივია, რაღაც მინებიანი და უსახური შენობა ცენტრალურ მოედანს არ მოუხდება. მიმაჩნია, რომ საქართველოში ერთ-ერთი კარგი მოედანი გვაქვს. ამას ძალიან ბევრი უცხოელიც აღნიშნავს და შესაბამისად, მისი იერსახის შეცვლას მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.
ირაკლი ჯულაყიძე _ პროფესორი:
_ ნებისმიერ და, მათ შორის, „მაკდონალდსის“ კიდევ ერთი რესტორნის მშენებლობას ქუთაისში მივესალმები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონკრეტულ ადგილას, სადაც მისი აგება სურთ, არის თეატრი და სხვა შენობები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენენ. არ იქნებოდა ცუდი, კვების ობიექტი აიგოს ყოფილ რესტორან „თოლიას“ ადგილზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო და არა „მაკდონალდსი“. ეს ტურისტებისთვის გაცილებით მიმზიდველი და საინტერესო იქნება. „მაკდონალდსი“ შესაძლებელია გაიხსნას ისეთ უბანში, სადაც დიდი მოძრაობა არ არის, რადგან ეს რესტორანი თვითონ მიიზიდავს ხალხს.
მშენებლობისთვის კიბეების ზემოთ არსებული ტერიტორიის გამოიყენება იმითაც იქნება უკეთესი, რომ არც ტროტუარი დაიკარგება და ვიზიტორებსაც უფრო მოეწონებათ იქ დასხდომა, საიდანაც ლამაზი ხედი იშლება. ჯერ ერთი, იქ არსებულ საათს რატომ სწირავენ ამისთვის?! ეს საათი ხომ ქუთაისისთვის უბრალო, რიგითი საათი არ არის?! _ სად შევხვდეთო? _ როცა იტყოდნენ, ყველა პასუხობდა, _ საათთანო. რამდენიმე ირანელი მეგობარი მყავს და ისინიც კი საათთან ხვდებიან ერთმანეთს.
თემის მიმართ არაერთგვაროვანი პოზიცია დააფიქსირეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. ამ კუთხით განსაკუთრებით აქტიურობს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისელი ლიდერი, გოგი წულაია, რომელმაც მშენებლობის ადგილზე აქციაც გამართა, პოლიციაც გამოიძახა და მისი თქმით, უკანონობის აღკვეთაც მოსთხოვა.
გოგი წულაია _ პარტია „თავისუფალი საქართველო“:
_ ჯერ ვისაუბროთ იმაზე, რაც „მაკდონალდსის“ მშენებლობით ჭავჭავაძის ქუჩაზე გააკეთეს _ სივრცე ჩაკეტეს. ახლა უარესის გაკეთება უნდათ ცენტრალურ მოედანზე. ჯანდაბას, ზემოთ, ყოფილ რესტორან „თოლიას“ ადგილზე რომ აშენებდნენ, კიდევ არაფერი, მაგრამ, როგორც ხედავთ, პირდაპირ ტროტუარი შემოღობეს. მიმაჩნია, რომ ეს დაამახინჯებს ქალაქს, მის ისტორიულ ნაწილს.
სხვათა შორის, როდესაც „მაკდონალდსი“ ჭავჭავაძეზე ააშენეს, ხელშეკრულებაში იდო, რომ უნდა განხორციელებულიყო მილიონ შვიდასი ათასი ლარის ინვესტიცია, გაეკეთებინათ საბავშვო ატრაქციონი და მოწყობილიყო პარკინგი, არა ისე, ახლა როგოც აქვთ შემოღობილი და სადაც 2-3 მანქანა ეტევა. გარდა ამისა, 20 000 ლარი უნდა გადაეცათ მერიისთვის უსახლკაროებისთვის ბინის შესაძენად. არც ერთი პირობა არ შესრულდა. ჭყონიამ ქალაქი გადააგდო.
_ თქვენ იმუქრებით, რომ თუკი მშენებლობა არ შეჩერდება, პირადად დაანგრევთ ღობეს.
_ აბა, გაბედოს და დამიდგეს ვინმე წინ! სასაცილო აქ რა არის, იცით? _ მერიამ მხოლოდ შემოღობვის შესახებ გასცა ნებართვა. ასეთი პასუხი ჩვენ მიერ გამოთხოვილ წერილზეც მივიღეთ. მშენებლობის უფლებას, თურმე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან რომ შეთანხმდებიან, მერე გასცემენ. შემოღობე, რა, ბოსტანია თუ ქალაქის ცენტრი, ვერ გავიგე?! როგორც ჩანს, ჭყონიას ყველაფერი „გაიასნებული“ აქვს. მაგის ჩიტი არ არის, ის ფული ტყუილად გადაყაროს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ქუთაისლები ამყვებიან. პირველ რიგში, ხელმოწერებით გავაპროტესტებთ და თუ აუცილებელი გახდება, აქციებსაც მოვაწყობთ.
წარმოადგინონ პროექტი, საინტერესოა, რას აპირებენ? როგორი შენობის აგებაზეა საუბარი და რამდენად ჩაჯდება იგი ცენტრალური მოედნის განაშენიანებაში?
ისიც გასარკვევია, მიწის ნაკვეთი როგორ გაიყიდა? ახლა, არ მითხრას ვინმემ, ჭორვილელების საგვარეულო მიწა იყოო, თორემ გადავირიე. გვითხრან, აუქციონი იყო, თუ როგორ გაასხვისეს? რატომ მოხდა ასე ჩუმად? ესეც გარკვეულ ეჭვებს იწვევს.
მერიასა და მის მესვეურთ ღირსება რატომ არ გააჩნიათ და რატომ აკეთებენ ისეთ რამეს, რაც ქალაქის ინტერესებში არ ჯდება?! თუ მაგრები არიან, შეუსრულებელი პირობის გამო მოსთხოვონ ის 20 ათასი, ახლა უკვე, პროცენტით ჭყონიას. არ დააკლდება მას ამით არაფერი და აი, ამის შემდეგ ვისაუბროთ ახლის შენებაზე!
თემურ ცამციშვილი _ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“:
_ როგორც აცხადებენ, პროექტი მერიას არ განუხილავს. თუკი პროექტი არ არსებობს და არ დამტკიცებულა, მაშინ მშენებლობის დაწყება არანაირ სტანდარტში არ ჯდება. თუმცა, ზოგადად, თუკი ისეთ პროექტს წარმოადგენენ, რომელიც ამოვარდნილი არ იქნება სივრციდან და არ დაამახინჯებს ცენტრალურ მოედანს, ცუდი არ იქნება. რაც უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა და რაც მეტი კერძო ბიზნესი დაინტერესდება ქალაქით, მისასალმებელია.
_ თუკი ნაგებობა თანამედროვე, სტანდარტული იქნება, ისეთი, როგორც ქსელს აქვს?
_ შეიძლება, მაგრამ კონტექსტიდან ამოვარდნილი არ უნდა იყოს. საინტერესო იქნება არქიტექტორებისა და სხვა სპეციალისტების მოსაზრება. მაგრამ ყველაზე მეტ კითხვის ნიშანს ბადებს ის, რომ თუკი კონტურები განხილული არ არის, რატომ შემოსაზღვრეს? თუკი განხილულია და პროექტი არსებობს, მაშინ გვანახონ. გამჭვირვალობა გამოიწვევს იმას, რომ თუ პროექტი კარგია, საზოგადოების მღელვარებაც ჩაქრება.
სამსონ გუგავა _ „ლეიბორისტული პარტია“:
_ როცა ჭავჭავაძეზე „მაკდონალდსი“ შენდებოდა, მაშინაც დანაშაულებრივი იყო. ჩვენ აქციებიც გავმართეთ, მაგრამ ცნობილია, რომ ჭყონიასთვის ხელის შემშლელი ბარიერები არ არსებობდა. იქ, სადაც ახლა აღნიშნული რესტორანია, მოძრაობისთვის შემაფერხებელია. მაშინ მოედანი გაყიდეს. იგივეს სჩადიან ახლაც. ჭყონია ისევ გავლენიანი პერსონაა. დღესაც სახელისუფლებო ბიზნესმენად მოიაზრება. ამჯერად არა „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ „ქართული ოცნების“ შემომწირველია. შესაბამისად, მას უფლება აქვს, მერიასაც თავზე დაადგას „მაკდონალდსი“.
ქალაქის ცენტრში ბიზნესობიექტის არსებობა ცუდი არ არის, მაგრამ არ შეიძლება ყველაფრის უფლება გქონდეს, თუკი სახელისუფლებო ბიზნესმენი ხარ.
ბაქარ ჭეიშვილი _ ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი:
_ ტერიტორია სახელმწიფომ გაყიდა. შემოტანილია პროექტი, რომელიც განხილვის პროცესშია. „მაკდონალდსის“ წარმომადგენლებს შევხვდით, რაღაც მითითებები მივეცით და ახლა ამ ყველაფერს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში გადავაგზავნით, სადაც განიხილავენ, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არეალში მყოფ ობიექტს. ჯერჯერობით მშენებლობის ნებართვა არ გააჩნიათ. ქალაქში კოეფიციენტები დადგენილია და, შესაბამისად, მას არ გადაცილდება. იგი იმ პარამეტრებში უნდა ჩაჯდეს, რასაც ქალაქის იერსახე და ცენტრალური მოედანი მოითხოვს.
ვიდრე საზოგადოება მსჯელობს, აშენდეს თუ არა ცენტრალურ მოედანზე „მაკდონალდსი“, საკუთარი პოზიცია სასულიერო პირებმაც გაასაჯაროეს. მათმა ერთმა ნაწილმა სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობა მერიასთან მისვლით გააპროტესტა. ისინი ქალაქის მერსაც შეხვდნენ და განუცხადეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე „მაკდონალდსი“ არ უნდა აშენდეს, რადგან იქ ტაძრის აგება იყო გათვალისწინებული. როგორც ქალაქის თვითმმართველობაში განმარტეს, კიბის ზედა ნაწილში არსებული, ჯერჯერობით, გაუსხვისებელი მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. მღვდლებმა მერიას სამინისტროსთან შუამდგომლობა სთხოვეს, რათა ტერიტორია მათ გადაეცეთ. გარდა ამისა, ისინი კიბის საერთო სარგებლობაში დატოვებასაც ითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნების გაჟღერებას სასულიერო პირები ცენტრალურ მოედანზე მრევლთან ერთადაც აპირებენ.
ცნობისთვის: წლების წინათ ყოფილ რესტორან „თოლიას“ ტერიტორიაზე ქუთაის-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს, ინიციატივით ჯვარი აღიმართა და განცხადება გაკეთდა, რომ იქ ტაძარი უნდა აღიმართოს, თუმცა ეკლესიას არც მიწის ნაკვეთი გადასცემია და სახელმწიფოს მშენებლობის განსახორციელებლად არც რაიმე სახის ნებართვა გაუცია.
ეკლესიის პოზიციას იზიარებს იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილიც. ექსგუბერნატორი ცენტრალურ მოედანზე რესტორნის მშენებლობის წინააღმდეგია და ქალაქის ინტელიგენციას დუმილის დარღვევისკენ მოუწოდებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქში არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთები ხშირად ხვდება ეკლესიის ყურადღების ცენტრში და იგი ადგილობრივ ხელისუფლებასაც მათი გადაცემის თხოვნით პერიოდულად მიმართავს. უცნობია, რამდენი წერილი შევიდა მერიაში და რამდენზე მიიღეს უარყოფითი გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტია, რომ ქალაქში მცირე ტიპის ტაძრების მშენებლობამ მასობრივი სახე მიიღო. ბოლო წლებში მარტო აღმაშენებლის პროსპექტზე რამდენიმე ეკლესია აშენდა. გაცილებით ბევრი ადგილია, სადაც ლითონისგან დამზადებული ჯვრებია აღმართული. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკლესიათა დიდი ნაწილი სკვერებში შენდება, რომელთა ნაკლებობას ქალაქი ნამდვილად განიცდის. ფაქტი ერთია, ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის ერიდებოდა ეკლესიასთან ურთიერთობის დაძაბვას და ხშირად დათმობაზე წასვლას ამჯობინებდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შესრულდება სასულიერო პირების ამჟამინდელი მოთხოვნა და შეძლებს თუ არა მერია მათ დარწმუნებას, რომ სულიერებასთან ერთად ქალაქში ბიზნესის განვითარებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და თავისუფალ ადგილებზე, იქ სადაც მშენებლობა დასაშვებია, სასტუმროს, რესტორნის, მაღაზიისა თუ სხვა სახის კომერციული ობიექტების აშენებაცაა შესაძლებელი.
ხვიჩა ვაშაყმაძე