საჯარო მოხელეთა პროფკავშირი ხელისუფლებას მიმართავს, დაგეგმილი საბიუჯეტო შემცირების ნაცვლად ადმინისტრაციული ხარჯები შეამციროს. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნუგზარ ჭინჭარაულის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტით სახელფასო ფონდი 50 მილიონი ლარით არის შემცირებული, რაც 2016 წლის გეგმურ დონესთან შედარებით მხოლოდ 3,5%-ს შეადგენს. მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ გაცხადებული ადმინისტრაციული ხარჯების 10%-იანი შემცირება ბიუჯეტში არ ჩანს.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება საჯარო მოხელეთა პროფკავშირის თავმჯდომარე ნუგზარ ჭინჭარაული:
_ ბატონო ნუგზარ, რას ითვალისწინებს თქვენი წინადადება?
_ ბიუჯეტს თუ გადავხედავთ, ხარჯების შემცირება 10%-ით კი არ იგეგმება, არამედ _ 3,5%-ით, რადგან ბიუჯეტი 50 მილიონით არის შემცირებული, ეს მთლიანი თანხიდან 3,5%-ს ნიშნავს. შესაბამისად, ეს არ არის თანხა, რომელიმე დაწესებულებიდან რამე ვალდებულებას მოითხოვდეს, რომ იქ დასაქმებული ადამიანები შემცირდნენ. ეს შესაძლებელი იყო, უბრალოდ, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით, გამოთავისუფლებული, დაუსაქმებელი შტატების გაუქმებით... მოკლედ, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით აბსოლუტურად შესაძლებელი იქნებოდა, ეს 50-მილიონიანი შემცირება ისე გადაგორებულიყო, რომ ადამიანების სამსახურიდან დათხოვნა საჭირო არ გამხდარიყო. ამიტომ ვამბობდით, რომ ამ ბიუჯეტის მიხედვით ადამიანთა შემცირების ვალდებულება არ არსებობს. არასწორია იმაზე აპელირება, რომ ეს ქვეყნის ბიუჯეტის პრობლემაა, ასე ნამდვილად არ არის.
_ ამის მიუხედავად, რატომ უშვებენ ადამიანებს სამსახურიდან?
_ ეს ძველი მეთოდია, როდესაც წინასაარჩევნოდ საჯარო დაწესებულებებში სამსახურებრივი შტატები იზრდება და არჩევნების შემდეგ სავალდებულო შემცირება ხდება. თავიდან კადრების რიცხოვნობა, პრაქტიკულად, იბერება და მას ხელოვნურად ზრდიან. შემდგომი ამბები სწორედ ამის გამო ხდება. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლიდან საჯარო სექტორში ახალი კანონი უნდა ამოქმედებულიყო, რომელიც ივლისამდე გადაიდო და გამორიცხული არაა, იმის იქითაც გადაწიონ. არ შეიძლება, ამ ახალი კანონის ამოქმედებას დღევანდელი რეალობა დაახვედრო.
_ თქვენი დაკვირვებით, ადგილებზე სამსახურიდან გაშვების პროცესი როგორ მიმდინარეობს?
_ ჩვენ გვყავს წევრები, სამსახურებში წარმომადგენლები და ასევე გვაქვს სოციალური დიალოგი, ურთიერთობა დამსაქმებელთან, ანუ ხელმძღვანელობასთან. რასაც ვაკვირდებით, მინდა გითხრათ, რომ ეს, ძირითადად, თვითმმართველობებია და იქ რაღაც განსაკუთრებული შემცირებები არ ფიქსირდება. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. მაგრამ სადაც ასეთ ინფორმაციაზე წვდომა არ გვაქვს, ამ უწყებებში წერილები მივწერეთ და მოვითხოვეთ, რომ ინფორმაცია მოეცათ, ჰქონდათ თუ არა რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის გეგმები, არსებობს თუ არა ადამიანების განთავისუფლების საფრთხე და ვნახოთ, შედეგების შესახებ თვის ბოლოს გვეცოდინება.
_ მანამდე, კანონმდებლობის მოთხოვნებს იცავენ, კომპენსაციები გაიცემა და ა. შ.?
_ ზოგ შემთხვევაში. როგორც წესი, კანონი ითვალისწინებს, რომ დამსაქმებლის ინიციატივით რეორგანიზაციის შემთხვევაში (თუ კადრების შემცირება არის დაგეგმილი), ორთვიანი კომპენსაციის ვადა სავალდებულოა. ხაზს ვუსვამ, რომ ამას კანონი ითხოვს, მაგრამ რასაც ვუყურებთ, აქაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.
ცდილობენ, ამ ადამიანების ხარჯზე ეკონომია გააკეთონ. ზოგი აიძულონ, განცხადება თვითონვე დაწეროს და ამ შემთხვევაში კომპენსაცია არ გაიცემა. ან კიდევ კანონს არღვევენ, როცა განთავისუფლების ბრძანებას პირდაპირ ხელში აძლევენ. რასაკვირველია, ეს ადამიანები სასამართლოში წავლენ, იქ იდავებენ. ამ თანხის გადახდა მერე სავალდებულო იქნება და ბიუჯეტს მისი ანაზღაურება აუცილებლად მოუწევს. ეს საკმაოდ დიდი მოცულობის შეიძლება გახდეს, თუკი ასეთი ადამიანების რაოდენობა გაიზრდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, ასეთი ტიპის განთავისუფლებები ზოგიერთ სტრუქტურაში უკვე დაფიქსირდა. ამ ადამიანებმა ჩვენ უკვე მოგვაკითხეს და გვთხოვენ, რომ ამასთან დაკავშირებით ვიდავოთ.
_ შეგიძლიათ, ეს სტრუქტურები დაასახელოთ?
_ ჩვენთან დაცვის პოლიციიდან არიან მოსულები, მათ ჰქონდათ ასეთი პრობლემა, ანუ გაუფრთხილებლად გაათავისუფლეს. ასეთები არიან ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებმაც გვითხრეს, რომ პროცედურები დაცული კი იყო, მაგრამ რეორგანიზაციას შტატების შემცირება თუკი მოყვება, ადამიანი ამ შემთხვევაში უნდა გაათავისუფლო; თუკი შტატებს დაიტოვებ და მერე იქ სხვებს დანიშნავ, ეს უკვე დარღვევაა და დავის საგანია.
_ ასეთ ადამიანებს პროფკავშირი, კონკრეტულად, რა ტიპის დახმარებას ჰპირდება?
_ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ იურიდიული კონსულტაციიდან დაწყებული ყველაფერში დავეხმროთ. რა თქმა უნდა, თუ პროფკავშირის წევრები არიან, ჩვენ სასამართლოში ბაჟიც უნდა გადავიხადოთ და ყველა ინსტანციაში ამ საქმის განხილვას ბოლომდე მივყვეთ.
_ რატომ ფიქრობთ, რომ სამსახურიდან, შესაძლოა, 30 000-მდე ადამიანი განთავისუფლდეს?
_ თუკი სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობას ავიღებთ, თავის დროზე გაჟღერებულ 10%-ს, 27-30 ათასი ზუსტად ის 10% გამოდის, რომელიც თავიდანვე დაანონსდა.
_ თუ ხელისუფლება თქვენს მოთხოვნას არ გაითვალისწინებს და ასეთი ტიპის დათხოვნები გაგრძელდება, ეს პროცესი რა შედეგებს მოიტანს?
_ რა თქმა უნდა, შედეგები არაერთგვაროვანი იქნება. თუ იმას გავითვალისწინებთ (და როგორც ჩანს, ხელისუფლებას ამის იმედი აქვს), რომ ეს საჯარო სექტორია და აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, შესაძლებელია, რომ ეს აქტიურობა განსაკუთრებული არ იყოს. მაგრამ როცა ეს ყველაფერი პირდაპირ ეხება ადამიანის ეკონომიკურ მდგომარეობას, იმ ვალდებულებებს, რომელიც ადამიანებს სამსახურის არსებობის შემთხვევაში აქვთ ბანკებთან, კერძო სექტორთან და ა. შ., მათი სოციალური მდგომარეობა საკმაოდ გართულდება. და იქნება კატეგორია, რომელიც აუცილებლად სასამართლოში იდავებს, ცივილიზებულ გზებს მიმართავს.
იქნება კატეგორია, რომელიც, უბრალოდ, შეეცდება, სხვა სამსახური მონახოს, მაგრამ, მოგეხსენებათ, დღეს რამხელა პრობლემაა სამსახურის დაწყება. შეიძლება, იმ მაღალი კატეგორიისა და კვალიფიკაციის ადამიანებმა საერთოდ დატოვონ ქვეყანა და ამით ტვინების გადინება მოხდეს. ასევე შესაძლებელია, ჩამოყალიბდეს კატეგორია, რომელიც ქუჩაში გამოვა და პოზიციას დააფიქსირებს, პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის შემწეობა არ არსებობს, სამსახურის დაკარგვიდან ოჯახის ულუკმაპუროდ დატოვებამდე ერთი ხელის გაწვდენაა. ასეთი ადამიანები, უბრალოდ, შეეცდებიან, რომ საკუთარი სამართალი ქუჩაში იპოვონ.
_ ამ სიტუაციაში სასამართლო ხელისუფლება რამდენად გაიზიარებს ამ ადამიანთა პოზიციებს?
_ სამწუხაროდ, ჩვენ საჯარო სამსახურის შესახებ ისეთი კანონი გვაქვს, რომელიც, ხშირად, ცალსახად მარტო დამსაქმებლის ინტერესს იცავს. ანუ ამ კანონში ბალანსი უკვე კარგა ხანია, დარღვეულია და ის, პრაქტიკულად, უფრო დამსჯელი კანონია, ვიდრე დამბალანსებელი. შესაბამისად, ბევრ შემთხვევაში რომელიმე დაწესებულება მართალი აღმოჩნდება ხოლმე, როდესაც ასეთ რეორგანიზაციებს აკეთებს. მაგრამ ამის მიუხედავად, ზოგიერთი დამსაქმებელი მაინც ცდილობს, რომ ეს მახინჯი კანონიც კი უარყოს და იმ დარღვევებით გაათავისუფლოს ადამიანი სამსახურიდან, რომ კომპენსაციაც არ მისცეს და თავისთვის ცხოვრება მაქსიმალურად გაიმარტივოს. ამ შემთხვევაში სასამართლო ყოველთვის შეეცდება ის არჩევანი გააკეთოს, რის საშუალებასაც კანონი მისცემს. ზოგჯერ დარღვევებით ჩატარებული რეორგანიზაციებისა და ოპტიმიზაციების შემთხვევაში, რასაკვირველია, სასამართლოც ვერაფერს გააკეთებს, მაგრამ ბევრი შემთხვევა დაგვიფიქსირებია, როდესაც სასამართლოს გამამართლებელი განაჩენიც გამოაქვს და მეტიც, დაწესებულებიდან განაცდურის ანაზღაურებასაც მოითხოვს ხოლმე.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს უკვე ბიუჯეტის ეკონომია კი არაა, ზედმეტი ხარჯია მისთვის ამ ტიპის დამსაქმებლების გამოისობით, რომლებიც, უბრალოდ, კანონს უგულებელყოფენ.
ამ ფონზე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით“, საქართველოს მთავრობის ინიციატივამ საბიუჯეტო სახსრების შემცირების თაობაზე საჯარო დაწესებულებებში შესაძლოა, რეორგანიზაციის საფუძველზე შტატების მასშტაბურად შემცირება გამოიწვიოს. აღნიშნული საკითხის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საიას საჭიროდ მიაჩნია, გაავრცელოს ორგანიზაციის მიმართ ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები.
„ქრონიკა+“ მოქალაქეთათვის ამ საჭირბოროტო კითხვა-პასუხს უცვლელად გთავაზობთ.
საჯარო სამსახურიდან განთავისუფლება _ ხშირად დასმული კითხვები:
წარმოდგენილი ინფორმაცია დაეხმარება საჯარო მოხელეს, მიიღოს ინფორმაცია საჯარო სამსახურიდან განთავისუფლების საფუძვლების, პროცედურისა და უფლების დაცვის მექანიზმების თაობაზე.
- რა არის საჯარო სამსახურიდან განთავისუფლების საფუძვლები?
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 თავი არეგულირებს საჯარო სამსახურიდან განთავისუფლების საკითხებს. საჯარო მოხელე სამსახურიდან შეიძლება განთავისუფლდეს შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
ა) სამსახურის ვადის გასვლა;
ბ) საკუთარი ინიციატივის საფუძველზე;
გ) დაწესებულების ლიკვიდაცია;
დ) შტატების შემცირება;
ე) დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა;
ვ) დისციპლინური გადაცდომის არსებობა, რაც იწვევს სამსახურიდან განთავისუფლებას;
ზ) ხანგრძლივი შრომისუუნარობა;
თ) სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევა;
ი) გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
კ) სამსახურში მიღებისას დადგენილი მოთხოვნის დარღვევისათვის;
ლ) სხვა დაწესებულებაში გადასვლა;
მ) გარდაცვალება;
- რას გულისხმობს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია?
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი (1997 წლის) არ განმარტავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას და არ განსაზღვრავს რეორგანიზაციის განხორციელების პროცედურას. შესაბამისად, საჯარო დაწესებულებებში არსებობს განსხვავებული მიდგომები და არაერთგვაროვანი პრაქტიკა რეორგანიზაციის არსისა და განხორციელების თაობაზე.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის თანახმად (ძალაში შედის 2017 წლის 1-ლი ივლისიდან), „რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად მიიჩნევა, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება“;
- რა შემთხვევაში იწვევს რეორგანიზაცია საჯარო მოხელის სამსახურიდან განთავისუფლებას?
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია იწვევს საჯარო მოხელის სამსახურიდან განთავისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება. თანამშრომელთა შემცირება დაკავშირებული უნდა იყოს საჯარო დაწესებულებაში კონკრეტული შტატის არსებობის საჭიროებასთან, შტატით განსაზღვრული ფუნქციებისა და მოვალეობების გათვალისწინებით. საჯარო დაწესებულებამ შტატების შემცირების გადაწყვეტილების მიღებისას უნდა წარმოადგინოს შტატების შემცირების დასაბუთება და განმარტოს, თუ როგორ აისახება მთლიანად ორგანიზაციის სტრუქტურაზე შტატების შემცირება.
საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, შტატების შემცირებისას გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები, თუმცა ამის ვალდებულება არ არსებობს. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელმა, შტატების შემცირების შემთხვევაში, თანამშრომელთა განთავისუფლება არ უნდა მოახდინოს შერჩევით, ან რაიმე სახის დისკრიმინაციული საფუძვლით. საჯარო დაწესებულებას ასევე არ აქვს ვალდებულება, რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების შედეგად განთავისუფლებულ საჯარო მოხელეს შესთავაზოს ტოლფას, ან უფრო დაბალ თანამდებობაზე გადასვლა.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის საფუძველზე, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საჯარო სამსახურის ბიუროს, რომელიც ვალდებულია, მეთოდური დახმარება გაუწიოს საჯარო დაწესებულებას. გარდა ამისა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი წარმოადგენს დამატებით გარანტიებს რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების საფუძველზე განთავისუფლებული საჯარო მოხელის უფლებების დასაცავად. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირებისას, შესაბამისი საჯარო მოხელე შესაძლებელია, მისი თანხმობით გადაყვანილ იქნას იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას _ დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ითანამშრომლოს ბიუროსთან თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობის მოძიებისა და მათი ხელახალი დასაქმების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუკი საჯარო მოხელეს ვერ დაასაქმებენ, იგი ჩაირიცხება მოხელეთა რეზერვში და მიეცემა კომპენსაცია 3 თვის ბოლო თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო დაწესებულებებში, შტატების შემცირების საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული განხორციელდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ;
- რამდენად კანონიერია ხელმძღვანელი პირის მითითება, საჯარო მოხელის მიმართ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს სამსახური?
_ საჯარო მოხელის განცხადება, საკუთარი ინიციატივის საფუძველზე დატოვოს საჯარო სამსახური, უნდა წარმოადგენდეს განმცხადებლის თავისუფალი ნების გამოვლენას.
დაუშვებელია, ხელმძღვანელი პირის მიერ საჯარო მოხელის მიმართ მოტყუებით, იძულებით, მუქარით, სამსახურში ხელახლა დანიშვნის დაპირებით პირადი განცხადების დაწერის მოთხოვნა სამსახურის დატოვების თაობაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლის თანახმად, „პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე“ წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაში იმსჯელა პირადი განცხადების საფუძველზე საჯარო მოხელეთა განთავისუფლების გაზრდილ ტენდენციასა და მანკიერ პრაქტიკაზე. სასამართლომ პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლება მიიჩნია სისტემური ხასიათის პრობლემად: „სასამართლოში დავების განხილვისას საჯარო მოხელეები აცხადებენ, რომ განცხადებები მოტყუებით, იძულებით, მუქარით, სამსახურში ხელახლა დანიშვნის დაპირებით დაწერეს“. შესაბამისად, სასამართლომ საჯარო დაწესებულებებს მოსთხოვა, რომ საჯარო მოხელის მიერ განთავისუფლების თაობაზე პირადი განცხადების დაწერის შემთხვევაში, გამოიკვლიოს სამსახურიდან წასვლის მიზეზი და, საჭიროებისამებრ, ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება;
- რა შემთხვევაში არ არის დასაშვები საჯარო მოხელის სამსახურიდან განთავისუფლება?
_ საჯარო მოხელე არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან შტატების შემცირების, ან ატესტაციის შედეგების გამო იმ დროის განმავლობაში, როდესაც მისი სამსახურებრივი ურთიერთობები შეჩერებულია: ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნისას; სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის, სასწავლო შეკრების, რეზერვისტთა მობილიზაციის დროს; საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად წამოყენებისას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საჯარო მოხელე (ქალი) არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის, ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე, ატესტაციის შედეგების გამო;
- რა შემთხვევაში და რამდენი ხნით ადრე უნდა გააფრთხილოს საჯარო დაწესებულებამ მოხელე სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე?
_ საჯარო მოხელეს 1 თვით ადრე უნდა ეცნობოს საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის, თანამდებობის შემცირების, ან ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე;
საჯარო მოხელეს, ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო განთავისუფლების შემთხვევაში, წერილობით უნდა ეცნობოს განთავისუფლებამდე 2 კვირით ადრე მაინც;
- რა შემთხვევაში და ოდენობით იღებს საჯარო მოხელე კომპენსაციას სამსახურიდან განთავისუფლების გამო?
_ საჯარო მოხელეს დაწესებულების ლიკვიდაციის, ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში კომპენსაციის სახით ეძლევა 2 (ორი) თვის თანამდებობრივი სარგო;
საჯარო მოხელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, სამხედრო, ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში კომპენსაციის სახით ეძლევა 1 (ერთი) თვის თანამდებობრივი სარგო;
- რა შეიძლება მოიმოქმედოს განთავისუფლებულმა საჯარო მოხელემ სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში საკუთარი უფლებების დასაცავად?
_ სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში მოხელეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით 1 (ერთი) თვის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. მოხელეს, ასევე, უფლება აქვს, ამავე ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე, მოქმედება.
გელა მამულაშვილი