რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, VIII-IX საუკუნეებით დათარიღებული წებელდის კომპლექსში შემავალი ისტორიული ძეგლი და მეორე მსოფლო ომის შემდეგ აქ მცხოვრები პოლონელების ისტორიული სასაფლაო განადგურდა.
მომხდარი ფაქტი საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა დაგმეს, საპატრიარქომ კი ხელისუფლებას მოუწოდა, გამოძებნოს გზა, რათა იუნესკოს სპეციალისტების საშუალებით განხორციელდეს, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლების მონიტორინგი, რადგანაც ქართველ სპეციალისტებს არ ეძლევათ მათი დაცვა-რესტავრაციის შესაძლებლობა. „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლები „ქრონიკა+“-თან საუბრისას აცხადებენ, რომ მხოლოდ აღშფოთება საქმეს არ შველის და საჭიროა ქმედითი ღონისძიებები, თუნდაც, საპროტესტო აქციების მეშვეობით.
აფხაზეთში, სოფელ წებელდაში, XIX საუკუნის ბოლოს აგებული ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს განადგურების შესახებ ინფორმაცია „სპუტნიკ-აბხაზიამ“ გაავრცელა. გამომცემლობის ინფორმაციით, 2011 წელს ე. წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფელ წებელდის მიმდებარე ტერიტორია, რუსეთის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთობლივი სწავლებების ჩასატარებლად, „თავდაცვის სამინისტროს“ გადაეცა. „უწყების“ განკარგულებით, მომავალი პოლიგონის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ეკლესია და სასაფლაო ბულდოზერით მიწასთან გაასწორეს. ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის რეესტრში რეგისტრირებული ტაძარი წებელდაში კომპაქტურად ჩასახლებულმა პოლონელებმა საბჭოთა კავშირის დროს ააგეს. იქვე იყო მათი სასაფლაოც.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების მორიგ ფაქტს, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული ძეგლების დაზიანებისა და განადგურების პრაქტიკა“, _ ასე გამოეხმაურა თბილისი აფხაზეთში, სოფელ წებელდაში XIX საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევის ფაქტს.
სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული უკანონო ქმედება კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე.
„რუსული და აფხაზური წყაროებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 3 იანვარს აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სამხედრო პოლიგონის მომზადების მიზნით გაანადგურეს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდასთან არსებული მრავალფენიანი არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი _ VIII-IX და გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი, ეკლესიის ნანგრევი და ასევე XX ს-ის შუა ხანების პოლონელთა სასაფლაო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეახსენებს რუსეთის ფედერაციას, რომ კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული დაზიანება არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, კერძოდ კი „შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის“ 1954 წლის კონვენციას, ასევე „კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული განადგურების“ შესახებ UNESCO-ს 2003 წლის დეკლარაციის პრინციპებს. სამინისტრო მოუწოდებს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, UNESCO -სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადოდ შეაფასონ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები და ყველა ღონე იხმარონ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და დაცვის მიზნით“.
აღნიშნულ თემაზე საქართველოს პრეზიდენტმაც გაავრცელა განცხადება, სადაც ის საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, სათანადოდ შეაფასონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ქმედებები და მათზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ წებელდის ციხის კომპლექსში შემავალი VIII-IX საუკუნეებით დათარიღებული ნაეკლესიარი, მართლაც, დანგრეულია და ასეთივე ბედი ეწია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქ მცხოვრები პოლონელების სასაფლაოს.
„მშვიდობიან პირობებში მიწისაგან პირისა აღიგავა XX საუკუნის შუა ხანების სასაფლაო და გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი და ეკლესიის ნანგრევები, რომელსაც ერთნაირად პატივს მივაგებდით როგორც ქართველები, ისე აფხაზები და იქ მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა წებელდის ციხე-სიმაგრესაც საშიშროება არ დაემუქროს და, საერთოდაც, მსგავსი რამ რომ სხვაგან აღარ განმეორდეს. ამასთან, აუცილებლობად მიგვაჩნია, ჩვენმა ხელისუფლებამ გამოძებნოს გზა, რათა იუნესკოს სპეციალისტების საშუალებით განხორციელდეს როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლების მონიტორინგი, რადგანაც ქართველ სპეციალისტებს მათი დაცვა-რესტავრაციის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ვფიქრობთ, აღნიშნული რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობაც და სათანადო სამსახურებიც ამის წინააღმდეგნი არ იქნებიან“, _ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სოფელ წებელდაში რუსეთის მიერ სამხედრო პოლიგონის მშენებლობას უარყოფს. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება წებელდაში კულტურული ძეგლის დაზიანების ფაქტს ადასტურებს, პოლიგონის მშენებლობას კი უარყოფს. როგორც ისინი აცხადებენ, საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებები რუსი სამხედროების მიერ სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონის მშენებლობასთან დაკავშირებით სინამდვილეს არ შეესაბამება. აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იქ უკვე არსებობს აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს პოლიგონი, რომელსაც რუსი სამხედროები იყენებენ. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს ისტორიული ძეგლის დანგრევის შესახებ, ამ შემთხვევაში, დე ფაქტო უწყების განცხადებით, რეალობა მახინჯდება.
„ტერიტორიის გაწმენდის დროს მართლაც დაზიანდა ისტორიული ძეგლი. ამ საქმის შესასწავლად და შესაბამისი ზომების მისაღებად უკვე შექმნილია სპეციალური კომისია აფხაზეთის კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობისა და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტების შემადგენლობით, რომელიც ძეგლისთვის მიყენებულ ზიანს შეაფასებს. მუშაობის შედეგები მედიით გახმოვანდება და მისი გაცნობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება“, _ ნათქვამია დე ფაქტო უწყების კომენტარში.
მათივე განცხადებით, გაოცებას იწვევს თბილისის აპელირება „იუნესკოსადმი“ აღნიშნული ძეგლის საკითხზე. აფხაზეთის დე ფაქტო უწყების თქმით, 1992-93 წლებში ქართული ჯარი უმოწყალოდ ანგრევდა ძვირფას ძეგლებს. უწყება ქართულ მხარეს მოუწოდებს, შეწყვიტოს ფაქტების პოლიტიზება, რომელიც ძეგლებსა და კულტურულ ფასეულობებს უკავშირდება.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „აფხაზთა კრების“ წარმომადგენელი _ მალხაზ პატარაია:
_ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა აფხაზეთში. ამ შემთხვევაში, რუსული ხელისუფლების შეჩერება შეიძლება ძალიან მკაფიო, მკვეთრი და ღირსეული პროტესტით. ასეთი ხელისუფლება დღეს ჩვენ არ გვყავს. რა გითხრათ, როდესაც კახა კალაძე რუსეთის გენერლებთან ერთად გალში დადის და ცდილობს, რუსული სამხედრო ბაზები გაანათოს, სხვას რას მოელით რუსეთისგან?! ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა, საგარეო უწყებამ და საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გააკეთეს, მაგრამ მშვენივრად ვიცით, დღეს ვის ხელშია ხელისუფლება _ ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარების ქვეშ, რომელიც, თავის მხრივ, ექვემდებარება რუსეთს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო ნაკლები წინააღმდეგობა ხვდება რუს აგრესორს, მეტი მიაქვს და მეტად თავხედობს. პროტესტი უნდა იყოს ადეკვატური, არა ფორმალური და სასხვათაშორისოდ ნათქვამი საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ ყველა ინსტანციაში მკვეთრი. აუცილებელია აქციების მოწყობაც, მხოლოდ განცხადებები საქმეს არ წაადგება, უნდა იყოს დასაბუთებული და მიცემული უნდა ჰქონდეს იურიდიული კვალიფიკაცია იმის შესახებ, რაც რუსეთმა გააკეთა და აკეთებს დღეს აფხაზეთში. გარდა იმისა, რომ ქართული ტერიტორიის ოკუპაცია მოხდა, ეს არის ქართული მოსახლეობის გენოციდი და კულტურული გენოციდი ამის შემადგენელი ნაწილია. ამ კვალიფიკაციით თუ წარდება საქართველო საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, რუსეთის თავხედობის აღსაკვეთად ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფრო ქმედითი ღონისძიებები ამოქმედდება. რაც შეეხება აფხაზეთის მთავრობას, ამ ცოტა ხნის წინათ ჩეხეთში ბრძანდებოდნენ, მემორიალური დაფა ჩაიტანეს და თან 40 კაცი გაჰყვა იმის ჩამოსაკიდებლად. სადაც საჭიროა, იქ წავიდნენ, 5 კაციც საკმარისია, სტრასბურგის სასამართლოსთან რომ დადგნენ, მიეჯაჭვონ და თქვან, რომ აფხაზეთში ქართული მოსახლეობის გენოციდი იყო, დღესაც მიმდინარეობს, 35 000 ქართველი, ფაქტობრივად, რუსულ გულაგშია, რომელსაც ახლა უკვე ხილული კონტურებიც აქვს და რუსულ ბაზად უნდათ გადააქციონ მთელი გალის რაიონი. ეს არის რასიზმი, სეგრეგაცია. ჩაატაროს აქცია აფხაზეთის ხელისუფლებამ ევროპის სასამართლოს წინ, ამას ისინი უნდა აკეთებდნენ, ლეგიტიმური ხელისუფლება ეს არის, მაგრამ არაფრის მაქნისები არ არიან. ხელისუფლების ცნობიერება მხოლოდ იმით სულდგმულობს, რაც შეიძლება მეტი წაგვართვან გადასახადის გადამხდელებს და ხაზინაში შესული ფულით მეტი კომფორტი მოიწყონ. რაც უფრო დუმს ხელისუფლება, მით უფრო გათავხედდება აგრესორი. დამერწმუნეთ, კალაძე „ენგურჰესზე“ ჩავიდა და რუსის ჯარების სარდალთან ერთად დადიოდა, კარგად რომ გაანათოს რუსეთის ბაზები. გადახარჯვააო, რომ აცხადებს, იმიტომ არის, რომ იქ რუსეთის ბაზებია და მეტი დენი სჭირდებათ, _ მთელი ზამთარი, რასაც „ენგურჰესი“ გამოიმუშავებს, აფხაზეთში მიდის, რომ აგრესორს ელექტროენერგია მივაწოდოთ, მერე კი მე და თქვენ გადავიხადოთ ელექტროენერგიის გადასახადში ეს თანხა.
„ქრონიკა+“ ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, ირაკლი გაფრინდაშვილს დაუკავშირდა:
_ ბოდვაშია ბატონი მალხაზი და ბოდვებზე კომენტარს არ ვაკეთებთ.
თამარ ბატიაშვილი