QronikaPlus
დავით კირკიტაძე: „ის რეალობა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია პარტიის თავმჯდომარეობა, შექმნა ბიძინა ივანიშვილმა!“

დავით კირკიტაძე: „ის რეალობა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია პარტიის თავმჯდომარეობა, შექმნა ბიძინა ივანიშვილმა!“

2017-01-09 11:09:27

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობა მოკლე ხანში უკვე მეორედ, რაიონული ორგანიზაციების კონფერენციებს ატარებს და ფართომასშტაბიანი ყრილობისთვის ემზადება. როგორც ცნობილია, პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტიის ყრილობა 7.000 დელეგატით ჩატარდება, ხოლო ყრილობაზე არ იქნება დასმული დღის წესრიგში ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი. რა შეიძლება მოხდეს ენმ-ს ყრილობამდე, ან ყრილობაზე, ან, თუნდაც, ყრილობის შემდეგ? რამდენად მოსალოდნელია, რომ ენმ-მ ერთიანობა შეინარჩუნოს? რა ხდება, ზოგადად, პარტიაში _ ეს არის აზრთა სხვადასხვაობის გამოვლინება თუ შიდა დაპირისპირება, რომელიც წლებია, გრძელდება, ხოლო ფართო საზოგადოებისთვის და, პირველ რიგში, ენმ-ს მხარდამჭერთა დიდი ნაწილისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. „ქრონიკა+“-ის შეკითხვებს უპასუხებს ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი, პარტიის დაარსების დღიდან დღემდე აქტიური წარმომადგენელი და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ენმ-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთავში _ დავით კირკიტაძე: _ ზუგდიდით დავიწყოთ, რადგან ბოლოს ზუგდიდში იყავით: პოლიტსაბჭოს წევრები ცალ-ცალკე ხვდებიან პარტიის აქტივს, ცალ-ცალკე აქტიურობენ და მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. რას ელოდებით მსგავსი შეხვედრებისგან? _ გუშინ სამეგრელოს კონფერენცია იყო და, ბუნებრივია, ზუგდიდში გაიმართა. ვისაუბრეთ „ნაციონალური მოძრაობის“ განვითარების გეგმებზე, ყრილობაზე, თუ რა დღის წესრიგით წარვსდგებით, გავაცნობთ გეგმებს ჩვენს სავარაუდო დელეგატებს. ინფორმაციული შეხვედრა იყო, ამავე დროს, ინტერაქტიური, მათი შეხედულებებიც მოვისმინეთ. სამეგრელო ყოველთვის იდგა „ნაციონალური მოძრაობის“ ავანგარდში და აძლევდა სტიმულს, შემართებას, ენერგიას „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და ქვეყანასაც, ასე იქნება მომავალშიც, დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა, როგორც ყველა კონფერენციაზე, ყველა რეგიონში, ზუგდიდშიც დიდი სიამოვნებით ჩაერთო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ცხადია, ასე იქნება პარტიის ყრილობაზეც. _ შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე რას გვეტყვით? ეს განსხვავებულ აზრთა ჭიდილია თუ რაღაც უფრო მეტი, რამაც, შესაძლოა, პარტია გაყოფამდე მიიყვანოს? _ რა თქმა უნდა, პარტიის განვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანს განსხვავებული მოსაზრებები აქვს, ამ აზრის დაფიქსირებას მათ არავინ უშლის და არავინ არავის ეჩხუბება, პირიქით, ღია დისკუსიაა. ეს არის რიგით მე-7 კონფერენცია. პარტიის წევრთა უმრავლესობა და აქტივისტები, რომლებიც კონფერენციაში მონაწილეობენ, სხვა აზრს აფიქსირებენ, თუმცა საერთო აზრი არის, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი უალტერნატივო ლიდერია და დღის წესრიგში არ უნდა იდგეს პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა, რადგან ის რეალობა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია პარტიის თავმჯდომარეობა, შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის ნარატივით და ივანიშვილის გეგმით არ უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს ისე, როგორც გვქონდა ყოველთვის, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდით და როცა ხელისუფლებაში ვიყავით, მაშინაც. ბუნებრივია, პარტიის უმრავლესობას ეს პოზიცია აქვს. _ ზუგდიდიდან ხმები წამოვიდა, რომ საპირისპირო პოზიციის მქონე ფრთის ნაწილი ცენტრიდანაც და ადგილზეც, ენმ-ს სავარაუდო დელეგატების, სააკაშვილის პოზიციის მხარდამჭერთა გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ თუ გითხრეს? _ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა თუ ასეთი არსებობს, ეს ფუჭი მცდელობაა, რომელიც მარცხისთვისაა განწირული. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რაც უფრო მრავალრიცხოვანი იქნება და ხალხის დიდი ჩართულობით ჩატარდება ყრილობა, იქ ყველაფერი გამოვლინდება. სამწუხაროდ, ზამთარში სპორტის სასახლის გარდა, დიდი დარბაზი არ გვაქვს, სადაც 7000 დელეგატი და 3000 მოწვეული სტუმარი ეტევა. სწორედ იქ გადაწყვეტს ხალხი, როგორც უნდა. ასე რომ, მსგავსი მეთოდებით „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით რაიმე მანიპულირებას პერსპექტივა არ აქვს. ეს შეუძლიათ, სხვა ოპოზიციურ პარტიებში მოახდინონ. „ნაცმოძრაობა“ არის პარტია, რომელიც 15 წლის წინათ დაფუძნდა და, ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ამგვარი მანიპულირებითა და რაღაც ხრიკებით ვერავინ ვერაფერს შეძლებს და ვერავინ ვერაფერს შეცვლის. _ ვის აქვს ხელში აღებული ყრილობისთვის მზადების სადავეები? რომელ ფრთას? დამეთანხმებით, ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია _ ორგანიზება. _ პოლიტსაბჭოს ყველა წევრს, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრს, შეუძლია, ჩართული იყოს ყრილობის მომზადებაში, იმისათვის, რომ ყრილობა გაიმართოს ისე, როგორც ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკადრება. დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა საზოგადოებას აჩვენებს პარტიის ერთობას, სიძლიერეს და პასუხს გასცემს იმ პესიმიზმს, რომელიც ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. ასევე გასცემს პასუხს და გეგმას დასახავს ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოსაყვანად. აი, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის საბოლოო შედეგი _ ღრმად ვარ დარწმუნებული. _ ვიცი, რომ ზუგდიდში პარტიის მხარდამჭერთა ნაწილს უკმაყოფილების შეგრძნება დაეუფლა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ. ბევრი მიიჩნევს, რომ შტაბმა სათანადოდ არ იმუშავა, რომ არ იყო აღნუსხული ყველა დარღვევა და ზოგი რამ მიზანმიმართულად მიფუჩეჩდა... _ კი, ბატონო, არის ასეთი, აქვთ პრეტენზიები პარტიის წევრებს. ბუნებრივია, არჩევნების შემდეგ სწორად ანალიზია საჭირო, თუ რა შეცდომები დავუშვით. რა თქმა უნდა, უშეცდომო არც „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, სადღაც დააკლდა, რაღაცები ვერ შევძელით, მაგრამ ამ ხელისუფლებამ ისეთი იკადრა, რასაც არავინ ელოდა და არასოდეს უკადრია არც ერთ ხელისუფლებას უახლეს ისტორიაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციის წევრებს პრეტენზია აქვთ და მათ ვუსმენთ, მაგრამ იმიტომ კი არ ვუსმენთ, რომ ვინმე დავსაჯოთ ამის გამო, იმიტომ ვუსმენთ, რომ შემდეგ არჩევნებს უფრო მომზადებული შევხვდეთ და ხელისუფლებამ იგივე ვერ გაიტანოს, რაც 2016 წლის არჩევნებზე მოახერხა. _ და მაინც, ბატონო დავით, ემუქრება თუ არა ენმ-ს შუაზე გახლეჩა? _ ნაციონალურ მოძრაობაში სხვადასხვა ფრაქცია და განსხვავებული მოსაზრებები ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ, ეს ხდებოდა შიგნით, დახურულ სივრცეში და ამაზე მუდმივი დავა იყო. პროცესის ღიაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს თემები საზოგადოებაში უნდა გამოდიოდეს. არ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დაყოფით დასრულდება... „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანი სტრატეგიის იქნება გეგმებში, რომლებიც გაცხადებული გვაქვს. ბუნებრივია, დროის გარკვეულ პერიოდში ჩვენგან მიდოდნენ ადამიანები, მათ შორის, პარლამენტის წევრებიც იყვნენ, რამდენიმე ლიდერიც ყოფილა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ ერთგული რჩებოდა თავისი ღირებულებების. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გაყოფა ნამდვილად არ მოხდება, მაგრამ თუ მოხდა, ეს ნამდვილად არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ჯგუფის ინიციტივით, რომელმაც მხარი დაუჭირა 7000-იან ყრილობას. _ ხშირად მხვდება მოსაზრებებიც, რომ რახან ორგანიზება საკმაოდ ძნელია, ფართომასშტაბიანი ყრილობის მომხრეები ვერ ასწრებენ ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას და ჯერ დელეგატთა არჩევის წესით კი არ აქვთ გაწერილი... _ ორგანიზაციულად ყველაფერი მოესწრება, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ 2017 წელს, ჩვენი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან პერიოდში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სწორი სტარტი აიღოს იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა და არაფრის მაქნისია, 2017 წელს მაინც გაეცეს ღირსეული პასუხი ქართველი ხალხისგან და, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობისგან“. გაეცეს პასუხი იმისთვის, რაც მათ დამართეს ქართულ საზოგადოებას და ქართველ ხალხს.   ლაშა ბერულავა  

გაზიარება