QronikaPlus
„გომორძგუა მიშა! გომორძგუა, ჯიმალეფი!“ _ ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის კონფერენციამ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

„გომორძგუა მიშა! გომორძგუა, ჯიმალეფი!“ _ ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის კონფერენციამ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

2016-12-26 06:53:32

ნიკოლოზობის დღესასწაულზე ზუგდიდში ჩასული ენმ-ს პოლიტსაბჭოს ის წევრები, რომლებმაც ფართომასშტაბიანი ყრილობის ჩატარებას დაუჭირეს მხარი, შესაძლოა, არც კი ელოდნენ იმ ბენეფისს, რაც მათ ადგილზე კონფერენციის მსვლელობის დროს მოუწყვეს. ამასთან, პოლიტსაბჭოს ამ წევრებს მოსახლეობა ზუგდიდის ქუჩებშიც ეგებებოდა, წარმატებებს უსურვებდა, თან ცალსახად გამოხატავდა, რომ ენმ-ს მხარდაჭერის მთავარი მოტივატორი მათთვის სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო და არის. ამ ფონზე არც არავის გაჰკვირვებია, რომ ორშაბათს, ზუგდიდში, რესტორან „დიდებულში“ არასარესტორნო სიტუაციაში შეკრებილ 300-მდე სავარაუდო დელეგატს სამეგრელოდან სწორედ მიხეილ სააკაშვილი ესაუბრა კიევიდან ჩართვით, „სკაიპის“ მეშვეობით. მართალია, ზოგი ახირებული ურთიერთობის ამ ფორმას საქილიკო თემად იყენებს, მაგრამ სავარაუდო დელეგატთა უმრავლესობა ხაზს უსვამდა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის პოზიციის მოსმენა აინტერესებდათ და, ყველაფერთან ერთად, მიზეზი „ახირებულთა“ მიერ ტაქტიკის შეცვლაც იყო: ცნობილია, რომ ქუთაისშიც და ზუგდიდშიც, პოლიტსაბჭოს ის წევრები, რომლებიც სააკაშვილისგან დისტანცირების მომხრეებად არიან აღქმულნი, კოორდინატორებთან და აქტივისტებთან შეხვედრებისას, ბოლო დროს, მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ სააკაშვილი მათი ლიდერია, რომ ენმ-ს გამარჯვება მხოლოდ სააკაშვილთან ერთადაა შესაძლებელი და რომ მიშასგან გამიჯვნა, მხოლოდ და მხოლოდ, ჭორია... მოგეხსენებათ, ტელევიზიით, მაინცდამაინც, ინტენსიურად არ შუქდება ენმ-ში მიმდინარე პროცესები, ინტერნეტზე კი სამეგრელოში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, ძალიან ცოტას მიუწვდება ხელი. ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ კოორდინატორები და აქტივისტები საკმაოდ დაიბნენ და სააკაშვილისგან კონკრეტულ პასუხს ელოდნენ, ვინ არიან მისთვის ის ადამიანები, ვინც სააკაშვილს თითქოს ემიჯნებიან და არც ემიჯნებიან... დაინტერესებულმა პირებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან პასუხი ნამდვილად მიიღეს: მან პირდაპირ დაარქვა გამიჯნულებს გამიჯნულები და მისი სახელით სპეკულაციაც აუკრძალა, ხოლო აქტივისტებსა და მხარდამჭერებს პირდაპირ მიანიშნა, ვინ წარმოადგენს ადგილზე სააკაშვილის დასაყრდენს. კონკრეტულად, სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სოფლებში, ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ვინც მიდის და ეუბნება, რომ მასთან კომუნიკაცია აქვს და არ ემიჯნებიან, სინამდვილეში, უმრავლესობა გამიჯნულია და არც კიევში აქვთ სააკაშვილთან კონტაქტი. შეხვედრაზე პოლიტსაბჭოს წევრებიც იმყოფებოდნენ, ძირითადად, სააკაშვილის ფრთის წარმომადგენლები. აქვე იყვნენ დეპუტატებიც. თენგიზ გუნავა სიტყვითაც გამოვიდა. შეხვედრა და მიხეილ სააკაშვილის ჩართვა, საბოლოოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და, როგორც შეხვედრაზე მყოფები აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილმა ყველა საინტერესო და სადავო საკითხს მოჰფინა ნათელი. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილს დეპუტატ ლელა ქებურიასთვისაც მოუწია რჩევის მიცემა. როცა სააკაშვილის მიმართვის დასრულების შემდეგ ქებურიამ მას უთხრა, პარტიაში არც სააკაშვილისა და არც ბოკერიას გამო არ მოვსულვარო, მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური რჩევები არ დაიზარა: „მაშინ, უნდა შეგექმნათ სხვა პარტია, მაგალითად, ქებურიას პარტია, მიგეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, მიიღებდით 27 მანდატს? _ მიიღებდით. ჩვენც მივიღებთ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით არჩევნებში მონაწილეობას და თუ 5 ან 6 მანდატს ავიღებდით (აბა, რას აიღებდა მეტს „ნაციონალური მოძრაობა“ ქებურიას გარეშე), მოვიდოდით თქვენთან და გეტყოდით, გავერთიანდეთო“, _ სააკაშვილის ასეთმა პასაჟებმა დარბაზში დიდი მხიარულება გამოიწვია. „ძვირფასო ლელა! ის ხალხი, ვისთვისაც თქვენ „პეროიანების“ წოდება გწყინთ, პარლამენტში სწორედ ამ ხალხმა მოიყვანა, ვისაც ახლა თავად ჯოგს ეძახიან. პარლამენტში დაჯდომიდან მეორე დღესვე ამ ხალხის ფურთხება არაა სწორი საქციელი. ამ ხალხმა დაგსვათ თქვენ პარლამენტში და არა თქვენ _ ისინი. იქ დაგსვათ და თვითონ დარჩნენ უბედურებაში, უფულობაში, სიცივეში... თქვენ გაქვთ მათი ვალი და არა მათ _ თქვენი“, _ მიმართა მან ლელა ქებურიას. სააკაშვილი მის წინააღმდეგ დაწყებული ანტიპიარის იმ დეტალსაც შეეხო, სადაც ქვეყნიდან მის წასვლაზე და უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე მახვილდება ყურადღება, ხოლო შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის თანამებრძოლები ვერ იქნებიან ისინი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებული წესებით თამაშობენ: „რამდენიმე ტყუილი ითქვა _ ჯერ ერთი ის, რომ თითქოს მე ჩემი ნებით წავედი საქართველოდან. თქვენ ყველამ კარგად უნდა იცოდეთ, რომ მე ჩემი ნებით არ წავსულვარ და ის, რომ მე აქ ახლა ვაგრძელებ ბრძოლას, არ ნიშნავს, რომ საქართველოში ბრძოლაზე უარს ვამბობ. რამდენიც უნდა ილაპარაკონ იმაზე, რომ სააკაშვილი თითქოს უნდა იყოს სიმბოლური ლიდერი და ასე შემდეგ, ფაქტია, რომ ეს ჩვენმა მტრებმა, მათ შორის, რუსეთშიც, გაასაღეს, როგორც მესიჯი, რომ სააკაშვილი მისივე პარტიამ მოიშორა თავიდან _ მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ... რამდენიმე რუსულმა არხმა ზუსტად ასე გააშუქა, რომ სააკაშვილს მისივე პარტია იშორებს თავიდან.... ასეთ სიტუაციაში, როცა აქ ასეთი ბრძოლაა, როცა ამდენი ადამიანი ერთვება, ზოგიერთი ჩვენი თანამებრძოლის მხრიდან... მინდა ვთქვა, რომ ყოფილი თანამებრძოლის მხრიდან, რადგან თანამებრძოლად მე ვერ ჩავთვლი ისეთ ადამიანს, რომელიც ასეთ სიტუაციაში ასეთ რაღაცას მიმართავს... ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ რაღაც რყევები არსებობს, რაღაცა ის, რომ სააკაშვილს ახლა აგდებენ, ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩემზე აქ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ასევე. მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ: ვისი თამაშია ეს, ძალიან კარგად ვხვდები. და თუ ვინმე ნებით თამაშობს ამ თამაშს, ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს არის პირდაპირ, ყველაზე ცუდი ხალხის თამაში, რაც შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში“, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და თანამებრძოლებსა და თანამოაზრეებს მოუწოდა, არ მიაყენონ ერთმანეთს შეურაცხყოფა: „ჩვენ არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა. მე ვიცი, რომ ვიღაცები გაყენებენ შეურაცხყოფას, მაგრამ ჩვენ იგივეთი არ უნდა ვუპასუხოთ. ჩვენ უნდა ავირჩიოთ პოლიტსაბჭო, სადაც შევა ბევრი ახალი სახე, რასაკვირველია, გამიჯნულებმა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ, ასევე მათ გარშემო შეკრებილმა ხალხმაც. ჩვენ უნდა შევქმნათ ბრძოლისუნარიანი ორგანიზაცია“, _ თქვა მან ჩართვის დროს. „მე ვხედავ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების იქითაც და ივანიშვილის დამარცხების იქით ვხედავ, რომ ჩვენ დავუბრუნდებით სახელმწიფოს აღმშენებლობის გზას“, _ აღნიშნა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და დაამატა, რომ საკმაოდ სრულყოფილ ინფორმაციას იღებს პარტიასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე: „მე საკმარისად ვითმინე. ბევრი რამ ვიცი: ვიცი, რა გარიგებები შედგა, რა ლაპარაკი შედგა. ტყუილად ჰგონიათ, რომ მე ინფორმაცია არ მაქვს. მაქვს ინფორმაცია ორი, სამი, ხუთი და მეტი წყაროდან, საკმარისზე მეტი გამოცდილებაც მაქვს. ჩემი პასუხისმგებლობა არ არის ის, რომ ყველას ენა მოვუჩლიქო, ჩემი ამოცანა და პასუხისმგებლობაა, რომ გადაჯგუფება მოხდეს და პარტია გავაერთიანოთ ისე, რომ მან შეძლოს გამარჯვება. დღესდღეობით იმ ხალხმა, ვისზეც მე ვსაუბრობდი, გამოგვიცხადა, რომ ჩვენ ყოველთვის დავმარცხდებით. მე უარს ვამბობ დამარცხების ლოგიკის მიღებაზე, უარს ვამბობ ივანიშვილის თამაშის წესების მიღებაზე, ხოლო იმის გამოცხადება, რომ ჩვენ დავმარცხდებით, ივანიშვილის თამაშის წესების მიღებაა. „პარტია უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს“, - ეს არის ივანიშვილის თამაშის წესები. რანაირად ებრძვით თქვენ ივანიშვილს, თუ მის წესებს იღებთ, რომ პარტია უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს? ეს არის ივანიშვილთან თქვენი ბრძოლა? ის, რომ უკრაინაში ამ ბოლო პერიოდში ოლიგარქების პრესამ აიტაცა, _ აი, საქართველოში თავისი პარტია გაემიჯნა სააკაშვილსო, _ ეს არის ივანიშვილთან თქვენებური ბრძოლა? მისი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგისა და მტრის გვერდზე გაწევა? მე ამას ვერ გავიზიარებ!“ _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მან ამომრჩეველთა შეურაცხყოფაზეც ისაუბრა: „რაც შეეხება სიტყვას „ჯოგი“, ჩვენ ეს ჩვენს თავზე არ მიგვიღია და „პეროიანებმა“ თუ მიიღეს თავიანთ თავზე რამე, ეს მათი პრობლემაა. ეს ხალხი, ვინც აქ ზის, ჯოგი არ არის. საუბარია მცდელობაზე, რომ მათ დაუძახონ ჯოგი...“, _ თქვა ენმ-ს დამფუძნებელმა და დაამატა, რომ ქვეყნისა და იდეების ერთგულებაზე მაღლა არაფერი დგას: „იყო ჩვენს დროს მსგავსი მიდგომა და ძალიან ბევრი წავაგეთ იმით, რომ ვფიქრობდით: შეიძლება, ერთგული არ არის, მაგრამ აქვს რაღაც... არაფერი არ დგას ერთგულებაზე მაღლა: პიროვნებების ერთგულებაზე კი არა, ქვეყნის, საერთო საქმის, იდეების ერთგულებაზე მაღლა“, _ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. „გომორძგუა მიშა! გომორძგუა, ჯიმალეფი!“ _ გაგიმარჯოს, მიშა! გაგიმარჯოთ, ძმებო! _ ასეთი შეძახილები ისმოდა დარბაზში მიხეილ სააკაშვილის ჩართვის დასრულების შემდეგ. არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ სამეგრელოს რეგიონი და, უფრო კონკრეტულად, ზუგდიდი, ყოველთვის იყო ენმ-ს მთავარი დასაყრდენი. ასე იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც და 2012 წლის არჩევნებზეც, როცა პარტიამ, საერთო ჯამში, უმნიშვნელოდ წააგო „ქართულ ოცნებასთან“, თუმცა „ოცნების“ მაშინდელი ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ფიგურა _ ირაკლი ალასანია, მაჟორიტარი კანდიდატი ვერ გახდა _ ის ზუგდიდში როლანდ ახალაიამ დაამარცხა, თანაც, ძალიან დიდი უპირატესობით. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოჰყვა, სადაც ენმ-მ, ასევე, ძალიან ბევრი იბრძოლა, მაგრამ გამარჯვება მაინც ვერ მოახერხა. „გავიმარჯვეთ, ხალხო, ახლა ხმებია დასაცავი!“ _ ასე დაწერა ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის შტაბის უფროსმა ლაშა დამენიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, თითქმის მაშინვე, როცა საარჩევნო უბნები დაიხურა. ლაშა დამენია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც  ხელმძღვანელობდა ენმ-ს ზუგდიდის საარჩევნო შტაბს და იმის მიუხედავად, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის, თანაც, ხელისუფლება ამ არჩევნების გასაყალბებლად უფრო მეტად გაისარჯა, ლაშა დამენიას „ფეისბუქზე“ ხმა არ ამოუღია. ის კი არა, როგორც პარტიის ადგილობრივი აქტივისტები იხსენებენ, სანამ წინასაარჩევნო სამზადისი გადამწყვეტ ფაზაში არ შევიდა, ლაშა დამენია ზუგდიდის ოფისში არც კი გამოჩენილა: „მე უნდა წავიდე და ჩემს ბიზნესს მივხედოო, _ გვითხრა, დაიხურა ქუდი და წავიდა, არც გამოჩენილა მთელი ორი წელი“, _ იხსენებს ლაშა დამენიას ფრაზას „ქრონიკა+“-თან საუბარში ანი წითლიძე _ ზუგდიდელ ამომრჩეველში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აქტიური ენმ-ელი, რომელიც საკრებულოს წევრია და რომელსაც ენმ-ს სახელით არაერთი აქტივობა მიეწერება: „ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ დიახ, ნამდვილად იყო არაფორმალური და კულუარული მართვა. რეგიონული კონფერენციები იყო ამისი კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითი, როდესაც ადგილობრივ კადრებს შესაძლებლობა არ მოგვეცა, თანაბარ, კონკურენტულ გარემოში გამოგვევლინა ძალები. უფრო დეტალურად შემიძლია მოგიყვეთ: 2014 წელს დღევანდელი პარტიის თავმჯდომარე ზუგდიდში, ლაშა დამენია, პარტიიდან წავიდა და თქვა, რომ მან საკუთარ თავს და ბიზნესს უნდა მიხედოს, დავრჩით პარტიის თავმჯდომარის გარეშე მთელი ორი წელიწადი. 2016 წელს კი არჩევნებამდე 4 თვით ადრე მობრუნდა და პარტიის წევრებს გამოგვიცხადა, რომ მან ბოკერიასთან მოაგვარა და ის გამსვლელ სიაში იქნება. ჩვენი აზრი ამასთან დაკავშირებით არავის აინტერესებს. არგუმენტი ამაზე ირიბად იყო ის, რომ ბოკერიას ერთგული კადრები სჭირდება და რომ „სხვებს მიშა მიხედავს“. რომ ახლა პარტიას სჭირდება კადრები, ვინც მათ დაუჯერებს და არა პირიქით. ამგვარი დაყოფა ჩემთვის მიუღებელი და წარმოუდგენელი იყო. სამეგრელოს რეგიონულ კონფერენციაზე წინასწარ იყო სია გამოგზავნილი, ვინ უნდა აერჩიათ და პირადად ხელმძღვანელობდნენ იმას, რომ „დელეგატები“ არჩევანში არ „შემცდარიყვნენ“, _ ამბობს ანი წითლიძე. როცა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ზუგდიდიდან სიაში შესაყვანთა შერჩევის პროცესი დაიწყო, დამენიაც და სხვებიც გამოჩნდნენ. პარტიაში შექმნილი პრაქტიკის მიხედვით, სიაში კვოტა იმ რეგიონებსაც აქვთ, სადაც ბოლო არჩევნებზე ენმ-ს, წინანდელებთან შედარებით, მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, შემდეგ კი რაიონული ორგანიზაციები კონფერენციაზე ირჩევენ კანდიდატებს. ამ პრინციპის მიხედვითაა დაკომპლექტებული ენმ-ს დეპუტაციის ზუგდიდური შემადგენლობაც, თუმცა, ალბათ, არც ისაა შემთხვევითი, რომ 27 დეპუტატიდან სამი ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციიდანაა და სამივე ე. წ. ბოკერიას ფრთის წარმომადგენელია. ანი წითლიძე სიაში მოხვედრის კანდიდატთა არადემოკრატიული წესით შერჩევაზე საუბრობს, როცა შიდაპარტიული კონკურენცია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს: „როგორც გვეუბნებოდნენ, ეს რეგიონული სიები შეთანხმებული იყო ბოკერიასთან, რომელსაც არავის აზრი არ აინტერესებდა. მიუხედავად პარტიის წევრების პროტესტისა, გადაწყვეტილება მაინც მიიღეს და ვინც მხარს არ უჭერდა, გააფრთხილეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაისჯებოდნენ.  აქ არ იყო საუბარი იმაზე, ვინ იქნებოდა სამეგრელოს წარმომადგენელი _ მე თუ ქებურია (რომელიც მხოლოდ წინა ღამეს „ფორსმაჟორში“ იპოვეს სიაში ჩასასმელად). აქ მნიშვნელოვანი იყო, სამართლიანობისა და დემოკრატიულობის პრინციპები ყოფილიყო დაცული და თანაბარ პირობებში მიეცათ შესაძლებლობა პარტიის წევრებისთვის, მონაწილეობა მიეღოთ რეგიონულ კონფერენციაზე. ზუგდიდში პროტესტი მოჰყვა გუნავას პოზიციას, როდესაც მან პარტიის წევრების დაუკითხავად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა ხმა. და როდესაც ვკითხეთ, რატომ არ იკითხა პარტიის წევრების აზრი, გვიპასუხა, რომ ეს იყო მისი სუბიექტური გადაწყვეტილება და ვერც მას და ვერც დამენიას, სამწუხაროდ, ჯერ ვერ გავაგებინეთ, რომ დემოკრატიის ანა-ბანაა, არჩეულმა თანამდებობის პირმა, თან ჩვენმა არჩეულმა წარმომადგენელმა პოლიტსაბჭოში, სანამ სამეგრელოს სახელით ხმას მისცემს, ჯერ პარტიის წევრებს უნდა ჰკითხოს აზრი. ასევე, გაუგებარი იყო ჩვენთვის პარტიის თავმჯდომარის პოზიცია, რომელიც არჩევნების მეორე დღეს წავიდა თბილისში და არც კი მოგვიკითხა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ვითხოვეთ მისგან, მას დღემდე არ დაუფიქსრებია თავისი პოზიცია და რატომ ცდილობდნენ დელეგატების გადაბირებას მეორე ფრთის სასარგებლოდ?“ _ კითხულობს ანი წითლიძე. წითლიძე ღიად და გახსნილად საუბრობს იმაზეც, რომ ენმ-ში გადაწყვეტილებები მართლაც კულუარულ ფორმატში, ვიწრო წრეში მიიღებოდა და პოლიტსაბჭო აქ არაფერ შუაში იყო, რადგან მის წევრთა უმრავლესობას არავინ არაფერს ეკითხებოდა: „2012 წლიდან დღემდე (რაც მე პარტიის წევრი ვარ), განსაკუთრებულად ბოლო ორი წლის განმავლობაში, პარტიაში გადაწყვეტილებები მიიღებოდა ვიწრო ჯგუფის მიერ და ეს ნამდვილად არ იყო პოლიტსაბჭო. პოლიტსაბჭოზე მხოლოდ ჟღერდებოდა ვიწრო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შემდეგ ფორმდებოდა. პარტიის წევრების ფართო წარმომადგენლობის ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებაში არც ცენტრალურ და არც ადგილობრივ დონეზე არ არსებობდა. ხშირ შემთხვევაში მიღებულ გადაწყვეტილებებს შესასრულებლად ადგილობრივი პარტიის თავმჯდომარე ისე გაგვაცნობდა (ან საერთოდ არ გაგვაცნობდა) პარტიის წევრებს, რომ კითხვაზე, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, პასუხი ყოველთვის იყო ერთი: „მათ უკეთ იციან“. ამაზე პროტესტი ყოველთვის იყო პარტიის შიგნით. ეს იქნებოდა დემოკრატიული შიდაპარტიული პროცესი, რომ არ გადაზრდილიყო შემდეგ უკვე განსხვავებული აზრის დისკრედიტაციაში პარტიის შიგნით, განსხვავებული აზრის მქონე პარტიის წევრების „დასჯა“ ჯერ რეგიონულ კონფერენციებზე, შემდეგ მუქარები რომ „ადგილობრივ თვითმმართველობებზე ვერაფერს მიიღებენ“ და ბოლოს დელეგატების მოსყიდვის მცდელობა იმ რამდენიმე ახირებულისა და ვიწრო ჯგუფის სასარგებლოდ, ყრილობის წინ. ენმ-ში მიმდინარე პროცესებს მე ვაფასებ, როგორც პარტიის ვიწრო კლანური მმართველობიდან სახალხო მოძრაობად გარდაქმნის შესაძლებლობას და არა ფორმალური, არამედ ნამდვილი შიდა დემოკრატიის განვითარებას. მიმაჩნია, რომ ეს უპრეცედენტო მოვლენაა, თუნდაც იმიტომ, რომ დღეს ენმ-ს დაკვეთას სთავაზობს ამომრჩეველი _ დემოკრატიაც სწორედ ესაა _ მმართველობა ქვევიდან ზევით და არა პირიქით“, _ გვითხრა ანი წითლიძემ ინტერვიუში. ისიც არანაკლებ საინტერესოა, რატომ დარჩა აღქმა არა მარტო პარტიის აქტიურ წევრებს, არამედ სამეგრელოში ენმ-ს მხარდამჭერთა მნიშვნელოვან ნაწილსაც, რომ ენმ-მ, ფაქტობრივად, მოგებული არჩევნები დათმო? ამაზე ანი წითლიძეს თავისი ვერსია აქვს: „მე სანდრა რულოვსის შტაბის ერთ-ერთი წევრი ვიყავი, ამიტომაც ყველა კრიტიკას ჩემს თავზეც ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღება აქაც, რეგიონულ დონეზეც კი, მხოლოდ ორ ადამიანთან ხდებოდა, ვგულისხმობ დამენია-გუნავას. ყველაზე დიდი პრობლემა სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიისას იყო ჯერ არასწორად დაგეგმილი საარჩევნო კამპანია, რომელიც მთლიანად ადგილობრივ შტაბს ჰქონდა აღებული საკუთარ თავზე და რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენ ვერ შევძელით მოგებული არჩევნების დაცვა ზუგდიდში. ამაზე პარტიის შიგნით მე პირადად და სხვა პარტიის წევრებს მწვავე დისკუსიები გვქონდა და ჩვენ ვითხოვდით, რომ ეს უპრეცედენტო ზეწოლა, რომელიც ჩვენს მხარდამჭერებზე ხდებოდა ზუგდიდში „ტყის ძმების“ ყოფილი მეთაურის, დათო შენგელიას, კრიმინალური ავტორიტეტებისა და ყოფილი პარტიზანების მიერ, გამხდარიყო საჯარო და ჩვენ ღიად გვებრძოლა და დაგვეცვა ჩვენი მხარდამჭერები. წარმოუდგენელი იყო, როდესაც „ტყის ძმების“ მეთაური დათო შენგელია იბარებდა და ემუქრებოდა ჩვენს აქტივს, ჩვენ ამაზე მკაცრი რეაქცია არ გვქონოდა. ზუგდიდის შტაბის უფროს დამენიასა და რეგიონულ კოორდინატორ გუნავას პოზიცია მაშინ ის იყო, რომ ამის გახმაურებით ჩვენ კიდევ უფრო დავაშინებდით ჩვენს ამომრჩეველს, რაც არასწორი აღმოჩნდა, რადგან არჩევნების ღამე, როდესაც უბნები იყო დასაცავი და მოგებულ უბნებს გვირბევდნენ, სწორედ ეს ჩვენი აქტივი გვეკითხებოდა, რატომ არაფერი ვქენით მათ დასაცავად მანამდე? სანდრა რულოვსს არჩევნები ზუგდიდში არ წაუგია, სანდრას არჩევნები წაართვეს ძალის გამოყენებით, უბნების დარბევით და, სამწუხაროდ, ზუგდიდის შტაბი ვერ აღმოჩნდა მზად ამ ხმების დასაცავად. მე ვერ ვიტყვი, რომ ზუგდიდის შტაბმა სათანადოდ ვერ იმუშავა ამ არჩევნებზე, ზუგდიდის შტაბში არიან შტაბის რიგითი წევრები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში საკუთარი უსაფრთხოების ფასად მუშაობდნენ ამ არჩევნებზე. მე პრობლემას ვხედავ სხვაგან, იქ, სადაც თავის დროზე ვერ ნახა თბილისმა, ან ნახა და, უბრალოდ, ხმა არ ამოიღო, რადგან ასე აძლევდა ხელს. პარტიას ზუგდიდში სჭირდება განახლება, სჭირდება ბევრი ახალი, კვალიფიციური კადრი და სჭირდება გამოვიდეს იმ ჩაკეტილი წრიდან, რომელშიც ახლა არის. თქვენ წარმოიდგინეთ, ზუგდიდის პარტიის სათავეში არიან ადამიანები, რომლებიც მოდიან, ჯერ კიდევ, „მოქალაქეთა კავშირიდან“, შემდეგ იყვნენ „აღორძინებაში“, შემდეგ „მემარჯვენეებში“, შემდეგ სადღაც, შემდეგ მოვიდნენ ენმ-ში და მიუხედავად მათი დამსახურებისა, მათ ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ თანამედროვე ევროპული პარტიის მართვა შეიძლება „მოქალაქეთა კავშირის“ მეთოდებით: მოსყიდვებით, შეპირებებით, განსხვავებული აზრის დაბლოკვით, ადგილობრივი ინიციატივების არარსებობით და ა. შ. ამ ყველაფერმა თავისი რესურსი უკვე ამოწურა. პარტია უკვე უნდა გადავიდეს განვითარების სხვა რელსებზე, სხვანაირად ყოველთვის იქნება იგივე შედეგი და იგივე პრეტენზიები. მთავარი პრობლემა ამ არჩევნებზე იყო არასწორად დაგეგმილი საარჩევნო კამპანია, არასწორი სტრატეგია და მე არ ვიცი, რის ფასად, მაგრამ მოგებული არჩევნების დათმობა“, _ აცხადებს წითლიძე. საბოლოოდ კი ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ენმ-ს სამეგრელოს აქტივმა უნდობლობა გამოუცხადა პოლიტსაბჭოს წევრთა იმ ნაწილს, ვინც იქ სამეგრელოს ენმ-ს ორგანიზაციას წარმოადგენდა. ისინი, ფაქტობრივად, გარიყეს ყრილობისთვის მოსამზადებელი ორგანიზაციული სამუშაოებისგან: „ჩვენ მათ გამოვუცხადეთ უნდობლობა დელეგატების შერჩევაში და დელეგატების შერჩევაში მონაწილეობას მიიღებს საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც პარტიის წევრები შევქმნით. მე არ ვარ არანაირი გახლეჩის ან იმის მომხრე, რომ ვინმე პარტიიდან წავიდეს, მაგრამ მომხრე ვარ, რომ ყველამ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და შეიცვალოს პარტიაში მართვის სტილი. თუმცა პრობლემას ვერც წასვლაში ვხედავ. ზუგდიდი და სამეგრელო მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის კურსს, პარტიაში შიდა დემოკრატიის განვითარებას, რაც გულისხმობს მეტ გახსნილობას და მეტ ჩართულობას და არავის არ აქვს უფლება, ჩვენი სახელით გაურიგდეს ვინმეს და ჩვენი პოზიციით ივაჭროს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ყველა ვალდებულია, პატივი სცეს უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მე ვფიქრობ, რომ მეორე ფრთას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ვაშაძისგან და გირჩისგან, როგორ შეიძლება გახდნენ პოლიტიკურად არააქტუალურები ენმ-დან წასვლის შემთხვევაში, მით უმეტეს, რომ მათი რეიტინგი ბევრად ჩამოუვარდება ზემოთ აღნიშნულებისას. გარდა ამისა, ეს იქნება იმ ამომრჩევლის ღალატი, ვინც მათ ხმა მისცა და გახადა პარლამენტის წევრი, რადგან ხმა არ მიუციათ არც ცალკეული ბოკერიასთვის, ან ხოშტარიასთვის ან კახიძისთვის, ხმა მისცეს „ერთიან ნაციონალურ მოძრობას“, რომლის უპირობო ლიდერად ჩვენს ამომრჩეველს წარმოუდგენია მიხეილ სააკაშვილი. მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე. მათ, უბრალოდ, უნდა ისწავლონ, რომ ლიბერალური აზროვნება და დემოკრატია მხოლოდ შირმა და ცარიელი სიტყვები არ არის და ის ქმედებებში უნდა გამოიხატებოდეს...“ _ მიაჩნია ანი წითლიძეს, ხოლო ენმ-ში დღეს მიმდინარე დაპირისპირების პროცესს არც ისე მტკივნეულად აღიქვამს, რადგან ფიქრობს, რომ, დეტალების მიუხედავად, ეს არის ენმ-ს შანსი, ისევ სახალხო პარტიად ტრანსფორმირდეს: „ჩემი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებული პროცესები, ვგულისხმობ ღია დისკუსიას პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე, შიდა დემოკრატიის ნაწილად და ჯანსაღ პროცესად შეიძლება  ჩაითვალოს მაშინ, როდესაც ეს დისკუსია და შიდა პარტიული ბრძოლა არ სცდება დემოკრატიულ ჩარჩოებს. პარტიამ 2012 წლიდან დღემდე ყველაზე რთული პერიოდი გამოიარა და საქართველოს ისტორიაში „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პარტია, რომელმაც 9-წლიანი მმართველობის შემდეგ, მიუხედავად უპრეცედენტო დაკავებებისა, პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილებისა, ზეწოლებისა, დევნისა, რადარებიდან გაქრობის წინასწარმეტყველებისა, დარჩა მთავარ ოპოზიციურ ძალად ქვეყანაში და აქვს ამბიცია, ტრანსფორმირდეს კიდევ უფრო დემოკრატიულ და ევროპულ პარტიად“, _ ამბობს ანი წითლიძე.  

ლაშა ბერულავა

 

გაზიარება