QronikaPlus
„აქსის დეველოპმენტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეები მთავარი პროკურატურის წინ აქციებს იწყებენ!

„აქსის დეველოპმენტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეები მთავარი პროკურატურის წინ აქციებს იწყებენ!

2017-01-27 11:08:12

კომპანია „აქსის დეველოპმენტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეები, რომელთაც, ჯერ კიდევ, 8 წლის წინათ უნდა მიეღოთ კუთვნილი ბინები, მთავარი პროკურატურის წინ აქციებს იწყებენ. ისინი პროკურატურისგან და ხელისუფლებისგან ითხოვენ შეასრულონ თავიანთი კონსტიტუციური ვალდებულება და უპასუხონ, _ სად წავიდა მათ მიერ გადახილი ასობით ათასი თანხა? „ქრონიკა+“-ს ესაუბრებიან დაზარალებული მოქალაქეები: ირაკლი დეკანოზიშვილი: _ 2007 წელს, კინო „რუსთაველის“ უკან, გუდიაშვილის #18-ში დაგვინგრიეს საცხოვრებელი ბინა და სანაცვლოდ, თანხა გადაგვიხადეს. ამ თანხას დავამატე ნასესხები ფული და 100 ათასი ამერიკული დოლარი შევიტანე მაშინ და ახლაც ყველაზე ცნობილ კომპანია „აქსისში“. 2007 წლის ბოლოს, ჩემსა და „აქსისის“ ერთ-ერთ შპს-ს _ „აქსის დეველოპმენტს“ შორის, დაიდო ხელშეკრულება, რომ 2010 წლის ბოლოს უნდა აშენებულიყო საცხოვრებელი სახლი, საირმის ქუჩის #51-ში და IV სართულზე უნდა მიმეღო 114 კვ.მ. ბინა, პლუს მანქანის გასაჩერებელი ადგილი. ჩემი წილი ვალდებულება შევასრულე, ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მაქვს, ისინიც აღიარებენ და არაფერს უარყოფენ, მაგრამ, 2007 წლიდანდან მოყოლებული დღემდე, მცდელობაც კი არ ყოფილა, რომ კორპუსი აშენებულიყო. 2009 წელს ამ ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო ორი კორპუსი, მეორე კორპუსში ვისაც ჰქონდა თანხები შეტანილი, მათ შორის, მცირე თანხა, აბსოლუტურად ყველას დაუძახეს და ყველას აუშენეს საცხოვრებელი სახლი, რომელიც დღეს დასრულებულია. ვისაც თანხები გადახდილი გვქონდა, _ არა. კომპანიაში გვითხრეს, ამ კორპუსს როგორც კი მოვრჩებით, მეორესაც ავაშენებთო, მაგრამ ცრუ დაპირება აღმოჩნდა. 2015 წელს, როდესაც უკვე ყველანაირი იმედი ამომეწურა, რომ ეს ადამიანები ვალდებულებას შეასრულებდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე და მოსამართლემ „აქსის დეველოპმენტს“  ჩემი თანხის უკან დაბრუნება დააკისრა. ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, მაგრამ დადგენილება ძალაში დარჩა. ჯერ ვადა არის და უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება შეუძლიათ. პარალელურად, კომპანიის ადვოკატმა, რომელიც, ამავე დროს, კორპუსის დირექტორიც არის და მათ ინტერესებს იცავდა სასამართლოში, მითხრა, _ სასამართლო პროცესებს თუ მოიგებ, გავასაჩივრებ, ამასობაში გავა ორი წელი და გირჩევნია, დათანხმდეო. რაღაც ფარატინა ქაღალდს მთავაზობენ, სადაც წერია, რომ თუ ეს შპს ააშენებს, რამეს მომცემენ. მოსამართლემ ვადა მოგვცა, რომ მოვრიგებულიყავით. რა თქმა უნდა, ვერ შევთანხმდით. 2015 წელს, პარალელურად, ინდივიდუალური საჩივრით  მივმართე ფინანსურ პოლიციას. ორი კვირის შემდეგ გამომძიებელმა დამირეკა და მითხრა, _ გაოგნებული ვარ, ეს არის თაღლითობა, დანაშაულიო და გამოკითხვის ოქმი ჩამომართვა. დამპირდა, რომ პროკურორთან შეთანხმების შემდეგ დამიბარებდნენ, მოწმის სახით დამკითხავდნენ და სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყებოდა. ორი კვირის შემდეგ ოფიციალურად მივიღე წერილი, რომ საბუთები და ჩემი საჩივარი ძველი თბილისის რაიონულ პოლიციაში გადაიგზავნა. მოტვი იყო ის, რომ შესაძლო დანაშაული მოხდა პეტრიაშვილის ქუჩაზე, სადაც ხელშეკრულება გავაფორმეთ. პოლიციის გამომძიებელს ვაწუხებდი, იძულებული გახდა და პროკურორს შემახვედრა. პროკურორმა მითხრა, რომ მთავარ პროკურორს ჩააყენებდა საქმის კურსში და დამიძახებდნენ, მაგრამ დაახლოებით 6-7 თვე არანაირი გამოხმაურება არ იყო. „აქსისთან“ აქციები გაიმართა, მივმართე პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, სახალხო დამცველს, უამრავ ორგანიზაციას, ყველამ მოახდინა რეაგირება იმ სახით, რომ თხოვნით მიმართეს გენერალურ პროკურატურას: შესაძლო სისხლის სამართლის ნიშნები იკვეთება და  სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეთო, სამწუხაროდ, გამოძიება არ დაიწყო. ბოლოს მესამე განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა  ოფიციალურად მიპასუხა, რომ სისხლის სამართლის ნიშნები არ იკვეთება. საჩივარში დიდი ასოებით წერია, რომ სამოქალაქო დავა მოგებული მაქვს. ხედავთ, რა ხდება _ არც წაუკითახავს დეტექტივ-გამომძიებელს, დაავალეს, პასუხი გაეციო და პირდაპირ ეს პასუხი გამცა. არც წაუკითხავს და არც აინტერესებს, რა ხდება. რატომ? ჯიბის ქურდობაა? პოლიციის ქვეგანყოფილება რატომ იძიებს ამას, რა შუაშია ამხელა ფინანსურ მაქინაციასთან?! პროკურატურაში როდესაც ვიჩივლე, იძულებულები იყვნენ და დაიბარეს მაშინდელი შპს „აქსისს დეველოპმენტის“ დირექტორი და ახლა „აქსისის“ გენერალური დირექტორი კაპანაძე. უპრეცედენტო რამ მოხდა _ კაპანაძემ, რომელსაც ვეძებდი, ორჯერ თვითონ დამირეკა. შემხვდა და მითხრა, _ შენ გამო პროკურატურაში მიბარებენ და 114 კვ.მ. ხომ გეკუთვნოდა, 50 კვ.მ-ს მოგცემ იმ კორპუსებში, სადაც აშენებენ და ყიდიან, შეიყვანე შენი ოჯახი და დანარჩენს დაელოდეო. სიმართლე გითხრათ, გამეხარდა, მაგრამ თან დაამატა, _ ოღონდ იპოთეკით იქნება დატვირთულიო. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. სოციალური ქსელების მეშვეობით დაზარალებულებმა ერთმანეთი გავიცანით და ახლა ერთობლივი სარჩელით მივმართეთ პროკურატურას, მაგრამ გვითხრეს, რომ ეს არის სამოქალაქო დავა. ვუხსნით, რომ ამ სამოქალაქო დავებს სასამართლოში ვიგებთ, მაგრამ არანაირი შედეგი არ მოჰყვება, გვინდა გამოძიება, _ სად წავიდა ჩვენ მიერ გადახდილი უზარმაზარი თანხები, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. ისევ გვიპასუხეს, სისხლის სამართლის ნიშნები არ იკვეთებაო. „საიამ“ახალი საჩივარი მოგვიმზადა და გენერალურ ინსპექციას მივმართეთ. მარტო ჩვენს კორპუსში ამ ფირმამ მილიონზე მეტი მიითვისა და სად წავიდა ეს თანხები, არავის აინტერესებს. კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ და სახელმწიფოს დახმარებისთვის მივმართავთ, ქუჩურ გარჩევებს ხომ არ დავიწყებთ?! გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროკურატურაში ვიღაც  ლობირებს, არ ვიცით ვინ, მაგრამ ამაზე ფაქტები მეტყველებს! რატომ იღებს ეს ადამიანი ამხელა ცოდვას კისერზე, არ ვიცი. ჩვენი ინფორმაციით, „აქსისი“ თანამშრომლობს თანადაფინანსების ფონდთან. ტელევიზიით გაშუქდა და იქიდან ვიცით, რომ 83-მილიონიანი პროექტია და 50X50-ზე ახორციელებენ კომპანია „აქსისი“ და თანადაფინანსების ფონდი, რომელიც ორ ცათამბჯენს აშენებს ჭავჭავაძეზე, „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისის პირდაპირ, თითქმის აშენებულია. ამის გარდა, როგორც ვიცით, ერთად სხვა მშენებლობებიც აქვთ. მთავარი კითხვა სახელმწიფოსთან გვაქვს, _ სად წავიდა ჩვენ მიერ გადახდილი ფული? ამით იმის თქმა მინდა, რომ მოქმედი ფირმაა, აშენებენ და ყიდიან, აშენებული ბინებიც აქვთ, მოგებაც ხომ აქვთ? სულელები ხომ არ არიან, ისე ააშენონ?! ვეხვეწებოდი, ფული ხომ ბოლომდე გადავიხადე და გადამიყვანეთ სხვაგან-მეთქი, ზოგს სულ არ ჰქონდა თანხა გადახდილი და ისინი გადაიყვანეს. ერთ-ერთმა დირექტორმა მითხრა, _ შენს შემთხვევაში, ინტერესი აღარ იყო, იმიტომ, რომ ფული ბოლომდე გქონდა გადახდილიო. თან გასაყიდი ბინები აქვთ „აქსისი ჭავჭავაძეზე“, „აქსის პლუსში“, ეს განსხვავებაა მათსა და „ცენტრ პოინტს“ შორის, რომ ესენი მოღვაწეობენ, თავიანთი განვითარების მწვერვალზე არიან და რომ ვკითხეთ, სად წავიდა ფულიო, თვითონ კაპანაძემ ახსენა, განვითარება ხდებოდა და სხვა მიწას ვყიდულობდითო. წარმოგიდგენიათ, ჩვენი თანხებით გამდიდრდნენ, რა უფლება ჰქონდათ?! ჩვენნაირად სხვებიც არიან დაზარალებულები, არის სხვა მიტოვებული კორპუსები, არის ხალხი, მაგალითად, 2008 წლის აგვისტოში, ომამდე უნდა ჩაბარებოდა ბინა და დღემდე მშენებლობა შეჩერებულია. საინტერესოა, ომამდე რაღამ შეუშალათ ხელი?! ის ბინები უპატრონოდ არის მიტოვებული და უკვე გაფუჭებულია, დემონტაჟი უნდა მოხდეს. ვინ დააფინანსებს ახლა იმის დემონტაჟს?! ეს ხომ ქალაქი აღარ არის, სტალინგრადს დაემსგავსა! ომამდე თუ არაფერს აკეთებდნენ, ე. ი. მე რომ თანხა შევიტანე 2007 წელს, ისინი უკვე თაღლითები და აფერისტები იყვნენ, უკვე გადაგდებული ჰყავდათ ხალხი და, საუბედუროდ, ჩვენ ეს არ ვიცოდით! დღესაც თუ გაუვათ და ვინმეს მოატყუებენ, დიდი სიამოვნებით იზამენ! ეს სამშენებლო კომპანია კი არ არის, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც შუამავალია მშენებლებსა და კლიენტებს შორის! ახლა გადავწყვიტეთ, მთავარი პროკურატურის წინ აქციები მოვაწყოთ. პროკურატურისგან და ხელისუფლებისგან ვითხოვთ, შეასრულონ თავიანთი კონსტიტუციური ვალდებულება და გვიპასუხონ, _ სად წავიდა ჩვენ მიერ გადახილი ასობით ათასი თანხა?!   მერაბ ჩიჩუა: _ 2008 წლის ივნისში შპს „აქსისთან“ ხელშეკრულება გავაფორმე. 75 ათასი ევრო უნდა გადამეხადა, რატომ? დღემდე არ ვიცი, მაგრამ რაღაც პროცენტებიც დამითვალეს და, საბოლოო ჯამში, 77 771 ევრო ჰაერში გადაიხადე. უნდა მიმეღო 118 კვ.მ ბინა. ჩემი მოვალეობა, როგორც ხელშეკრულებაში იყო გაწერილი, პირნათლად შევასრულე, გადიოდა წლები, მივდიოდი ოფისში, ვკითხულობდი რა ხდება, როდის დაიწყებთ, მენეჯერი ჰყავთ ქალბატონი, რომელიც არაადამიანური საქციელით ცდილობდა, მდგომარეობიდან გამოვეყვანე, _ მადლობა მითხარით, ტელეფონზე რომ გპასუხობთო. ყველანაირად ცდილობდა, რაღაც დამეშავებინა და თავი დავანებე. 2014 წელს ადვოკატი ავიყვანე და მივაღწიე, რომ 2015 წელს ახალი ხელშეკრულება გავაფორმე. დამპირდნენ, რომ 2016 წლის მარტში ბინას ჩამაბარებდნენ. ხელშეკრულებაში არის ასეთი პუნქტი, რომ თუ 2014 წლის ივნისიდან რვა თვის განმავლობაში არ დაიწყებდნენ მშენებლობას, ათ სამუშაო დღეში თანხას დამიბრუნებდნენ, ან სხვა ბინას შემომთავაზებდნენ, თუ შემოთავაზებულ ბინაზე ვიტყოდი უარს, თანხა უნდა დაებრუნებინათ. დამთავრდა 2016 წელი და ვალდებულება ისევ შეუსრულებელი დარჩა. ზოგადად, ამბობენ, რომ ჩვენი ბინის არაშენება 2008 წლის ომმა გამოიწვია, სამდღიანი კრიზისი იყოო, ამას აბრალებენ, მაგრამ 2014 წლის შემდეგ ხომ ომი არ ყოფილა... არც 2008 წელს დაზარალებულან, სასამართლო დავის დროს მათი იურისტი ამბობდა, _ 2008 წელს რუსებს ჰქონდათ გადაკეტილი მთავარი მაგისტრალი, ჩვენ მივდიოდით არმატურის საყიდლად, ვერ ვიყიდეთ და ამიტომ ვერ ავაშენეთო. თუ არმატურა ვერ იყიდეს, დაერეკათ, მოდით, წაიღეთ თქვენი ფული, ვერ ვყიდულობთ არმატურასო. მეორე არგუმენტი იყო, _ მერე, 2009 წელს ვაპირებდით არმატურის ყიდვას, მაგრამ 2009 წელს რუსთაველზე მიტინგები იყო და ყაზბეგის ქუჩაზე შეფერხებით გადაადგილდებოდნენ სატვირთო ავტომობილები, ამის გამო ვერ ავაშენეთო. ცინიზმის მიჯნაა! ეს საქმე სისხლის სამართლის დანაშაული იმიტომ არის, რომ ამ კომპანიაში ჩვენი მხრიდან უზარმაზარი თანხები შევიდა, ერთი და იგივე პირები აფუძნებენ  სხვადასხვა შპს-ს, ერთ შპს-ზე იღებენ ვალდებულებას, მერე ეს თანხები უკვალოდ ქრება და სად მიდის, არავინ იცის. ნახევარი ვაკე-საბურთალო ააშენეს, დაასრულეს, ბინები გაყიდეს და ბედნიერად არიან, ახლაც ყიდიან და ახალი მშენებლობებიც იწყება, ჩვენ რა ნიშნით გამოგვარჩიეს?! როდესაც „აქსისის“ გაყიდვების მენეჯერს, ქალბატონ ეკას ვუთხარი, ყაზახეთის მოქალაქე ვარ, მინდა, საქართველოში დავბრუნდე და როდის იქნება ბინა-მეთქი? მიპასუხა, _ აქ რა გინდა, კარგ ადგილას ყოფილხარო... ერთი მხრივ, შეიძლება, სიმართლეც თქვა...   დავით ლომსაძე: _ პეტრიაშვილის ქუჩაზე ხელშეკრულება გავაფორმე, „აქსის პლუსისგან“ სესხი ავიღე და „აქსის დეველოპმენტს“ ნასყიდობის ხელშეკრულება გავუფორმე. ბინის მშენებლობა 2011 წელს საერთოდ უნდა დამთავრებულიყო. ვალი პირნათლად დავფარე, პროცენტიანად, ამ მოტივით ჩემი ბინაც გავყიდე. როცა კომპანიას ვუკავშირდებოდი, მეუბნებოდნენ, _ აშენდებაო. მეც ვუჯერებდი ამ დაპირებას, მაგრამ რომ მივხვდი, მატყუებდნენ, სასამართლოში ვიჩივლე. გამოიკვეთა, რომ ხელშეკრულება დადებული მქონდა „აქსის დეველოპმენტთან“ და თვითონ მიწა, სადაც ბინა უნდა აშენებულიყო, შპს „აქსისის“ იყო. დავიწყეთ დავა და პირველი ინსტანცია მოვიგე, თანხა დააკისრეს თავისი 9%-ით, მაგრამ მერე ეს ყველაფერი მოვიძიეთ _ აღსრულება იმიტომ არ ხდება, რომ საერთოდ, ამ შპს-ს ქონება არ გააჩნია. მერე ფინანსურ პოლიციას მივმართე, ახსნა-განმარტება ჩამომართვეს, გამოკითხვის ოქმი პროკურატურაში გადააგზავნეს იმ მოტივით, რომ იქ ამ საქმეების თავმოყრა ხდებოდა. გამოძიება არ დაიწყო, მერე როგორც ირაკლიმ აღნიშნა, ერთობლივი განცხადებით მივმართეთ, მაგრამ შედეგი _ ნული. ფინანსურ პოლიციაში გვითხრეს, ისევ სამოქალაქო კუთხით გირჩევნიათ წასვლა, იმიტომ, რომ ხელფასი კომპანიის დამფუძნებელს, მეჟევიძეს აღებული აქვს თვეში 80 000 ლარი, კაპანაძეს კი 20 000. აღარ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ გვირჩიეს, ამ კუთხით გირჩევნიათ წავლა იმიტომ, რომ ვერაფერს მიიღებთ აქედან, აღსრულება ცარიელი ფურცლით არ მოხდებაო. ამ დროს, 2012 წლის მონაცემებით, მეჟევიძე 100 ყველაზე მდიდარ ქართველთა შორის 27-ე ადგილს იკავებს, ცხოვრობს ნიუ-იორკში, საქართველოში როცა ჩამოდის, თვითონ და მისი შვილი დაცვით დადის, საკმაოდ უზრუნველყოფილი ოჯახია, 2012 წლის შემდეგ, შეიძლება, კიდევ გამდიდრდნენ, მაგრამ არავის ქონებას არ ვითვლით, ჩვენ ჩვენსას ვითხოვთ. ღამეები არ გვძინავს, ისეთ ცუდ დღეში ვართ, ჯანმრთელობა შევწირეთ ამ „აქსისს“. ჩვენი ოჯახების ხარჯზე რატომ ხდება ეს ყველაფერი?! დაგვხოცონ, თუ არ ვჭირდებით არაფერში! თუ ჩვენი სახლ-კარი არ უნდა გვქონდეს, პირდაპირ გვითხრან და გავიქცევით, წავალთ... დავბერდით ბინის მოლოდინში, 10 წელია, უიმედოდ ველოდებით...   შორენა ბერეჟიანი: _ ამ შემთხვევაში წარმოვადგენ დედაჩემს, ბინა ჩემზეა გაფორმებული, მაგრამ ის თანხა, რომელიც ბინის ასაშენებლად გადავიხადეთ, ეს არის მისი რამდენიმე წლის შრომის შედეგი, ამერიკაში იყო და იმის გამო, რომ ამ ბინის აშენებას ელოდებოდა, 8-9 წლით გვიან ჩამოვიდა. 2007 წელს მაქვს მეც თანხა შეტანილი და ბინა 2011 წელს უნდა ჩაგვბარებოდა. თანხა ყოველთვიურად ძალიან ზუსტად, პედანტურად შეგვქონდა, ერთი დღის გადაცილებაც არ მაქვს. შემდეგ ხელშეკრულების შეცვლა ვითხოვეთ და ყველაზე პატარა ბინაში გადავცვალეთ, რადგან იმ თანხის შეტანა უკვე აღარ შეგვეძლო. ახალი ხელშეკრულების პირობით, ბინა 2013 წელს უნდა ჩაგვბარებოდა. ახლაც ამ ბინას ველოდებით, მაგრამ არაფერი აშენებულა. ყოველ თვე მივდიოდი და რომ ვხედავდი, გული მისკდებოდა, სამშენებლო მოედანიც კი არ იყო მომზადებული. თანხას მაინც ვიხდიდით, ვასრულებდი პირობას, იმედი მქონდა, თუ „აქსისი“ ვერ ააშენებდა, ვიღასთვის უნდა გამომეცხადებინა ნდობა?! ახლა 2017 წელია, ზუსტად იგივე მდგომარეობაა, არაფერი აშენებულა. ვადაზე ადრე გვაქვს თანხა გადახდილი. სხვათა შორის, ჩვენც სესხი გვქონდა, თვითონვე გვასესხეს და პროცენტის ჩათვლით 65 500 დოლარი ვადაზე ადრე დავფარეთ. ბოლოს, ვიფიქრე, რომ სასამართლოში მეჩივლა, მაგრამ სხვა დაზარალებულებს რომ შევხვდი და ვნახე, მოგებული სასამართლოს მეშვეობითაც ვერაფერს მიაღწიეს, კიდევ ერთხელ მოლაპარაკების გზით ვცადე ურთიერთობა. ვთხოვე, რომ ამის კომპენსაციის სანაცვლოდ, ბინის ისევ იმდენი ფართი მოეცათ, რომელზედაც თავიდან ვიყავით შეთანხმებულები. დამთანხმდნენ იმიტომ, რომ თანხის დაბრუნება და ფართი სხვა კორპუსში გამორიცხეს. ამ ეტაპზე ამ მოლაპარაკების პროცესში ვარ. ადვოკატის აყვანის საშუალებაც არ მაქვს, ესეც ხომ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული?! უბრალოდ, ეს თანხა ფიზიკურად არ მაქვს, დედაჩემი ჩამოვიდა, უბინაოდ დარჩა, ჩემთან ცხოვრობს, ქუჩაში ხომ არ უნდა დარჩეს ადამიანი?! მორალურ ზარალზე უკვე არაფერს ვამბობ. რაც „აქსისში“ შევიტანეთ თანხა, ბანკში რომ დაგვედო, აქამდე ორი იმდენი იქნებოდა. ყველამ, ჩემმა ახლობელმა, უკვე იცის და არავის ვურჩევ, ამ კომპანიასთან საქმე დაიჭიროს. ორი დღის წინ, კვირას ღამე, ტრაქტორი მიიყვანეს იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი კორპუსი უნდა აშენებულიყო და რამდენიმე მანქანა ნაგავი გაიტანეს. აცხადებენ, რომ თითქოს 2018 წლის შემოდგომაზე გვექნება ბინები. როგორ გვექნება, მაგალითად, ირაკლისა და დავითის შემთხვევაში, ხელშეკრულებიდან გასულები არიან, სასამართლომ დააკისრა მათ თანხის გადახდა და ამბობენ, რომ არ აქვთ. ან როგორ უნდა ააშენონ, ამ მიწის ნაკვეთს უამრავი ყადაღა ადევს, ვინ აშენებს, რომელი შპს?! კიდევ ერთი ხაზგასასმელი ფაქტია, ერთსა და იმავე კორპუსზე, ერთსა და იმავე დროს ხელშეკრულებებია გაფორმებული. ერთ შემთხვევაში „აქსის დეველოპმენტზე“, მეორე შემთხვევაში შპს „აქსისზე“, რატომ სჭირდებათ ეს? აუქციონზე გამოიტანეს, ეჭვი არის, რომ თვითონვე დააყადაღეს და ახლა გაყიდეს. ერთი მიწის ნაკვეთია გაყიდული 60 000 ლარში, მეორე 10 000 ლარში, მფლობელია „აქსის გრუპი“, ისევ თავიანთი ფირმა, სახელებს უცვლიან იმიტომ, რომ ჩვენნაირი დავის შემთხვევაში არაფერი გადაიხადონ! კერძო და ოფიციალურ საუბრებში არ მალავენ და საქართველოს საჯარო რეესტრიდან ამონაბეჭდი ინფორმაციის მიხედვითაც ამბობენ, რომ არიან ერთი და იგივეები, პროკურატურაშიც თქვეს, ერთნი ვართო, საგაზეთო ინტერვიუშიც, მაგრამ სასამართლო დავის დროს უმკაცრესად უსვამენ ხაზს, რომ ეს არის სხვა შპს, მეპატრონეები ერთი და იგივეა. „ქრონიკა+“ კომპანია „აქსისის“ დირექტორს, გიორგი კაპანაძეს დაუკავშირდა: - შპს-ს ქონება როგორ არ გააჩნია, უბრალოდ, ვალდებულებები არის და როდესაც ჩივიან, ერთმანეთის ქონებას აყადაღებენ და ასეთი მდგომარეობა იქმნება, რომ აღსრულებიდან თანხები არ ამოდის. მიუხედავად ამისა, ობიექტები შენდება, მიუხედავად ამისა, ყველა კრედიტორი, საბოლოო ჯამში, ითხოვს, რომ აქტივით და პასივით გავიდეს. ასეთ კომპანიას, რომელიც ასეთ დღეშია, სასამართლოში აქვს საქმე და ქონება დაყადაღებულია, არავინ დააფინანსებს, არც ბანკი და არც კერძო ინვესტორი. ყველას მოთხოვნაა, რომ აქტივები გადავიდეს ახალ კომპანიაზე და ასეთ შემთხვევაში აფინანსებენ ხოლმე. ვიცნობ ამ ჯგუფს, რომელთაც თქვენ მოგმართეს, მესმის ამ ხალხის, მე თვითონ, სადაც დეკანოზიშვილი ელოდება ბინას, იქ მაქვს ნაყიდი. დაქირავებული მენეჯერი ვარ, ჩემი ხომ არ არის ეს კომპანია, მეც ვიყიდე, მეძახიან, თაღლითი ხარო და როგორ ვარ თაღლითი, საკუთარი თავიც მოვატყუე? თავის დროზე ხელი შეგვიშალა კრიზისმა, რომ ვალდებულება შეგვესრულებინა, 2008 წლის აგვისტოს ომმა დაასამარა ეს საქმე. ვისაც ნაყიდი ჰქონდა და ფული იყო შემოსატანი, აღარ შემოიტანა. თქვენ მოგმართათ ხალხმა, რომელთაც მთლიანად აქვს თანხა გადახდილი, მაგრამ დანარჩენის მხრიდან ვალდებულება ბოლომდე არ შესრულდა. ესენი არიან უმცირესობაში, ძირითადად, ბინები განვადებით იყიდებოდა და მოგეხსენებათ, დღესაც ასეა. ზოგს თვითონაც შეექმნა პრობლემა და თანხა ვეღარ შემოიტანა, ზოგს შეეშინდა, აღარც ახალი მყიდველები მოვიდნენ და ობიექტების მშენებლობა ვეღარ გაგრძელდა. 2008 წლამდე ვერ დამისახელებთ ვერც ერთ კომპანიას გამონაკლისის გარდა, ყველა იყო დამოკიდებული წინასწარ გაყიდვებზე. იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ ხალხი მშენებარეს ყიდულობდა, მეტიც, ბანკები აძლევდნენ სესხებს კლიენტებს, რომ მათ ჩვენთან ეყიდათ ბინა და უზრუნველყოფაში იდებდნენ აუშენებელ ქონებას. ახლა არც ერთი ბანკი ამას აღარ იზამს. ჩვენ ამ ხალხთან ერთად ვართ დაზარალებულები, ძალიან სერიოზული დარტყმა მივიღეთ. სამწუხაროა, რომ ეს პროცესი აქამდე გაიწელა, მაგრამ, საბედნიეროდ, მშენებლობის პროცესი უკვე დავიწყეთ, მომდევნო წლის ბოლოს ჩავაბარებთ იმიტომ, რომ ძალიან მაღალი ობიექტია და დრო სჭირდება. თვალთმაქცობა და ტყუილები რომ არ დავიწყოთ, 20 თვე ნამდვილად სჭირდება. ერთი სული გვაქვს ჩვენც, როდის გავისტუმრებთ ამ ადამიანებს. თვითონ ამ ხალხის სურვილი - უფრო ადრე დაკმაყოფილდნენ, ვიდრე, დავუშვათ, მათი მეზობლები არიან, გასაგებია, სუბიექტურად ყველა უყურებს, რომ ფული შევიტანე და მინდა მივიღო. მეც, მაგალითად, ასე მინდა, მაგრამ გლობალურ სურათს რომ შეხედოთ, ასე უფრო სამართლიანი იქნება. ჩვენ რომ ამ ადამიანებს თანხები დავუბრუნოთ, კიდევ განსაზღვრავს მშენებლობის გადავადებას, უფრო სამართლიანი იქნება, ყველამ ერთად მიიღოს ბინები. ბინები რომ ჩაბარდებათ, თუ არ უნდათ იქ ცხოვრება, მერე გაყიდიან, ჩვენც მივეხმარებით გაყიდვაში, ან გავყიდით და  თანხას დავუბრუნებთ. იმ ხალხმა, რომელმაც სასამართლოში იჩივლა და თანხა ეკუთვნის, იმას აუცილებლად მიიღებს, მაგრამ პირველ რიგში, ეს მშენებლობა უნდა დასრულდეს.   თამარ ბატიაშვილი                

გაზიარება