ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად გრიპი გვიტევს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით 4 საოჯახო დახმარების ცენტრი 24-საათიან რეჟიმში სწორედ ვირუსულ ინფექციებზე მოახდენს დროულ რეაგირებას. პირველადი დახმარებით სარგებლობა უფასოდ არის ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით: „ამ სეზონის გაზრდილი ავადობის სურათი უკვე გამოკვეთილია და ჩვენ, დაახლოებით, იგივე სიტუაცია გვაქვს, რაც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გვქონდა... ეს არ არის ეპიდემია. მას თავის მახასიათებელი აქვს _ 500-ზე მეტი დაავადებული 100.000 მოსახლეზე. საბედნიეროდ, ამ დროის მდგომარეობით ავადობის რიცხვი არის 100.000 მოსახლეზე _ 254“, _ აღნიშნავს სერგეენკო.
ჯანდაცვის მინისტრი ვირუსული ინფექციების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გაზრდილი მიმართვიანობის შესახებ საუბრობს: „არსებული მდგომარეობით, რეაგირების გარეშე 550-ზე ზარი დაფიქსირდა. ამ გამოძახებების უმრავლესობა გრიპის სიმპტომების გამო იყო. ამდენად, სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, გაააქტიუროს იგივე პროტოკოლი, რითაც უწყება, მიმდინარე წლის იანვარში, სამი კვირის განმავლობაში, მუშაობდა.
შეიქმნება ახალი სადისპეტჩერო, სადაც ასეთი ჩივილების მქონე პაციენტების ზარები გადამისამართდება და ამ დაავადებების მართვას უკვე ოჯახის ექიმები განახორციელებენ. დამატებით საოჯახო მედიცინის ცენტრები გაიხსნება, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღეს იმუშავებენ და ეს იქნება ქმედითი ზომები, რათა გაზრდილი ავადობის სურათი მნიშვნელოვნად შემცირდეს“.
დავით სერგეენკომ საგანმანათლებლო უწყებებში სასწავლო პროცესის შესახებ სტანდარტული პროტოკოლის ამოქმედებაზე გააკეთა აქცენტი: „სასწავლო დაწესებულებებში, ბაღებსა და სკოლებში სტანდარტული პროტოკოლი ამოქმედდება. ყოველდღიური შეტყობინების საფუძველზე, თუკი გამოუცხადებლობა 40%-ს აღემატება, ასეთი დაწესებულება 3 დღის განმავლობაში დაიკეტება“.
ქვეყნის პირველმა ექიმმა მოსახლეობას ვირუსული ინფექციების გავრცელებისგან თავის დასაცავად ხელების ჰიგიენის, პრევენციული ღონისძიებების გატარებისა და ექიმთან დროული მიმართვის შესახებ რეკომენდაცია მისცა.
ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და მოსახლეობას გრიპისმაგვარი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სასწრაფოს ნაცვლად, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში მიმართვის რეკომენდაცია მისცა.
სამინისტროსვე ინფორმაციით, ამ დრომდე პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს 50-მდე ვირუსულმა პაციენტმა მიმართა. მიმართვიანობის შესახებ ინფორმაციას ადგილზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ბერძული გაეცნო.
გრიპის სიმპტომის მოტივით შესული გამოძახებები 112-დან პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში მისამართდება. 24-საათიან სამუშაო რეჟიმში, თბილისის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის 4 ცენტრი უკვე მუშაობს. ახალი პროტოკოლი თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განსატვირთად ამოქმედდა.
ამ დროისთვის, უწყვეტ რეჟიმში, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი (წინამძღვრიშვილის ქ. #57), კლინიკა „მედკაპიტალის“ გლდანის (გამარჯვების ქ. #1), საბურთალოსა (გამრეკელის ქ. #19) და სამგორის (მოსკოვის გამზირი, IVკვ., კორპ. #3) რაიონული ფილიალები ფუნქციონირებს. ოჯახის ექიმები პაციენტებს სატელეფონო კონსულტაციასა და ადგილზე სამედიცინო მომსახურებას უწევენ, საჭიროების შემთხვევაში კი ბინაზე გადიან.
ამ თემაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, ირაკლი სასანია:
_ გრიპის ეპიდემიაზე საუბარს კონკრეტული ციფრები სჭირდება და ასეთი მონაცემები მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აქვს. ეს, ასევე, ოჯახის ექიმის ინსტიტუტზეა დამოკიდებული, რომელიც პაციენტებს უშუალოდ ნახულობს, თუკი ასეთ სტატისტიკას აწარმოებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეპიდემიის ზღვარზე უკვე კონკრეტული ციფრები მეტყველებს ხოლმე და ამაზე თეორიული საუბარი უშედეგო იქნება.
_ ადამიანებმა რა პრევენციულ ზომებს უნდა მიმართონ, რათა გრიპის შემთხვევები მაქსიმალურად თავიდან აირიდონ?
_ მაქსიმალურად უნდა იყვნენ სუფთა ჰაერზე; მოერიდონ თავშეყრის ადგილებს (სადაც ბევრი ხალხია), თუმცა ეს წინასაახალწლო პერიოდში საკმაოდ რთული იქნება; ხშირად დაიბანონ ხელები; რაც შეიძლება მეტი ხილი მიირთვან და მიიღონ ვიტამინები.
_ ხალხში ხშირად ჩვეულებრივ გრიპსა და ე. წ. ვირუსზე, ანუ გართულებულ შემთხვევაზე საუბრობენ; აქვს თუ არა ასეთ დამოკიდებულებას რამე საფუძველი სეზონურ ინფექციასთან დაკავშირებით?
_ თავისთავად, გრიპი ვირუსული დაავადებაა. ალბათ, აქ გაციებასა და გრიპს შორის გარკვეული განსხვავება იგულისხმება. ეს ყველაფერი შეიძლება უკავშირდებოდეს იმუნიტეტის დაქვეითებას, დაბალ ტემპერატურას, რომელიც გარკვეული კუთხით ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც შეიძლება აისახოს, მაგრამ რასაც გრიპი ჰქვია, ეს თავისთავად ვირუსული დაავადებაა და მისი სხვადასხვანაირი ფორმები არსებობს.
_ ჯანდაცვის სისტემის ზომები რამდენად საკმარისია გრიპის შედეგების წინააღმდეგ საბრძოლველად?
_ პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, რომ გრიპის აბსოლუტურად აღმოფხვრა და მისი ელიმინაცია მოახდინო. რეალურად, ქვეყანაში გრიპის ვაქცინაცია ხდება, კონკრეტული სამედიცინო ცენტრები არსებობს, რომლებიც გამოვლინებების წინააღმდეგ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკმაოდ ხშირად გამოდის და საჭირო რეკომენდაციებს იძლევა, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა ამ მდგომარეობაში და ვის უნდა მიმართოს? _ იმაზე, თუ გრიპის შემთხვევების რა ნიშნებია გავრცელებული და ასეთი სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ და ა. შ., ამიტომ საკმაოდ მობილიზებული და ორგანიზებულია ეს ყველაფერი. ვფიქრობ, რომ, ამ მხრივ, ხელისუფლება და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტები საკმაოდ კარგად მუშაობენ.
_ რამდენად აუცილებელია გრიპის ნიშნების შემჩნევისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება?
_ ამაზე განცხადებები იმდენად ხშირად კეთდება, რომ, მგონი, ამ პრობლემის შესახებ მოსახლეობაში უკვე ყველამ იცის, ამიტომ, ჩემი აზრით, ამ საკითხში ზედმეტი პანიკის დათესვა არც ღირს. თუ რაღაც საგანგაშო სიტუაციაა, ამ ინფორმაციას ყველაზე კარგად, ისევ და ისევ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტები ფლობენ: ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ასე რომ, ისინი უფრო მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რამდენად საჭიროა ასეთი განცხადებების გაკეთება.
ცნობისთვის (ჯანდაცვის სამინისტროსვე ინფორმაციით):
_ გრიპი შეიძლება იყოს სერიოზული, თუ თქვენ 65 წელზე მეტი ასაკის ხართ. გრიპთან დაკავშირებული სიკვდილობის 80-90% 65 წელზე მეტი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებში ხდება. ასაკის მატებასთან ერთად იმუნური სისტემა სუსტდება და ნაკლებად ეფექტიანად უმკლავდება სხვადასხვა ინფექციას, მათ შორის, გრიპს.
ამიტომ ასაკოვან ადამიანებში, ახალგაზრდებთან შედარებით, გრიპის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკი მომატებულია.
რა არის გრიპი? _ გრიპი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე, უმეტესად, ხველებით, ცემინებითა და ახლო კონტაქტით ვრცელდება. ჩვეულებრისამებრ, გრიპის ეპიდემია ზამთარში ხდება. გრიპით შესაძლოა, დასნებოვნდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი.
რა არის გრიპის სიმპტომები? _ ცხელება და შემცივნება, ხველა, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი და დაღლილობა. გრიპის სიმპტომები მოულოდნელად ვლინდება და შესაძლოა, გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან ორ კვირამდე. ადამიანების უმეტესობა სწრაფად გამოჯანმრთელდება.
ზოგჯერ გრიპმა, შეიძლება, ისეთი სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, როგორიცაა პნევმონია, ბრონქიტი და სიკვდილიც კი. გრიპმა, შესაძლოა, დაამძიმოს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა გულისა და ფილტვების დაავადებები.
რა არის გრიპისაგან დაცვის საუკეთესო საშუალება? _ გრიპის საწინააღმდეგო აცრა ყოველ წელს, გრიპის სეზონის დაწყებამდე, საუკეთესო საშუალებაა, რათა:
_ შემცირდეს გრიპის რისკი;
_ შემცირდეს მძიმე დაავადებების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკი;
_ თავიდან ავიცილოთ გრიპის ოჯახის წევრებზე, მეგობრებსა და სხვა ადამიანებზე გავრცელების ალბათობა.
გრიპის ვაქცინა უსაფრთხოა? _ აცრა უსაფრთხოა. გრიპის ვაქცინის ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, ჩვეულებრისამებრ, მცირედაა გამოხატული და შესაძლოა, მოიცავდეს ნანემსრის შეწითლებასა და შესიებას. ზოგ შემთხვევაში ვლინდება თავისა და კუნთების ტკივილი, ცხელება, დაღლილობა და გულისრევა. ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქადაა გამოხატული და, გრიპისაგან განსხვავებით, სწრაფადვე გაივლის.
გელა მამულაშვილი