„ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა“.
„ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, იმდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია“.
სოსო...
ჩვენ არ ვებრძვით არავის, ჩვენ ვიბრძვით. ვიბრძვით ქვეყნისთვის, ხალხისთვის, ხვალინდელი დღისთვის. მარტო ჩვენი კი არა, შენი და ყველას შვილისთვის...
ჩვენ გვინდა სიკეთე! სიკეთე არა იმიტომ, რომ ვინმეს ვაჩვენოთ, არამედ იმიტომ, რომ სხვებმაც იგივე აკეთონ...
მე შაბათ-კვირას ეკლესიაში არ დავდივარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მწამს, არც მგალობელი ვყოფილვარ, ვერც მედავითნე ვიქნებოდი, უბრალოდ, მწამს! მწამს ღმერთის და სულ ესაა...
მე ერთხელ ჩავიდინე შეცდომა და ამისთვის ჩემი სასჯელი მოვიხადე... როცა მეუბნებიან და თან ხშირად მეუბნებიან, ამ ბოლო დროს რატომ არ გეშინია, ისევ რომ დაგიჭირონ? გინდა ახლა შენ ციხე?! ბოლოს და ბოლოს, სოსოა... მე მეცინება, სოსო. რომ დამიჭირონ, მაშინ ისევ ის დანაშაული უნდა ჩავიდინო და როცა ვიცი, რომ დანაშაული არ მაქვს, შეცდომების გარეშე ვაგრძელებ ცხოვრებას, რატომ უნდა მეშინოდეს, რომ შენ დამიჭერ?! ციხე?! მე არც ციხის მეშინია... ბოლოს და ბოლოს, შენ სოსო ხარ, მე _ მაკა, ჩემი რედაქტორი კი _ ელისო.
შენ ახალი მთვარესავით უცებ მოხვედი და წახვალ, ჩვენ კი აქ ვრჩებით...
ჩვენ შენ კი არ ამოგიჩემეთ, შენ ამოგვიჩემე ჩვენ... ჩვენ ჩვენს საქმეს შენს მოსვლამდეც ვაკეთებდით და მომდევნო წელსაც გავაკეთებთ, როცა შენ ამ ქვეყნის სათავეში აღარ იქნები...
ბევრი შრომის მიუხედავად ვერ დავიღალეთ, ვერ წავიქეცით, ვერ მოგვერიე... ჩვენთან სიმართლეა და მიტომ...
სოსო...
შენმა ნათესავებმა შემომითვალეს, როდის უნდა გავჩერდე?!
მე კი გიბრუნებ პასუხს, _ არასდროს!
მთავარია, შენ გაჩერდე.
დაძაბული სამუშაო დღეები, სტრესული გარემო შესაძლოა, შენი დეპრესიისა და დემოტივაციის მიზეზი გახდა. სამსახური ცხოვრების დიდ ნაწილს იკავებს, შენი კმაყოფილებისთვის აუცილებელია აკეთო საქმე, რომლისაც გჯერა, რომ ღირებულია, ღირებულის შექმნა კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც აკეთებ იმას, რაც გიყვარს. მაგრამ მთავარი სხვა რამეა! რა უყვარს სოსოს?! საქმე? ფული? რა უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის ამ ხნის მანძილზე?! საქმე? ქვეყანა? თავისი ვალების გასტუმრება, თუ რა?
გოგაშვილმა იცის, რომ სუს-ის თანამშრომლები მის მიმართ პოზიტიურად განწყობილები არც ყოფილან და არც არიან...
მისი მუშაობის დროს სამსახურში არავის ახსოვს სოსოს შვებულება...
და შვებულების დროც დადგა...
სოსო შვებულებაში გადის...
შვებულება
„იმის მაგივრად, რომ შვებულებაზე იფიქროთ, იფიქრეთ ისეთი ცხოვრების აწყობაზე, საიდანაც გაქცევა არ მოგინდებათ“.
_ აღარც სამსახურში დადის ხშირად, აღარც საქმე აქვს. ალბათ, ამიტომაც გადაწყვიტა, რომ აღარ უნდა იმუშაოს. 10 დღის წინ მას და გომელაურს უკმაყოფილი საუბრები ჰქონდათ. გომელაურმა არჩევნები გაახსენა. ახალ ციხეში „ოცნებას“ როგორი შედეგიც უნდოდა, ისეთი ვერ დაიდო. ვანო მერაბიშვილის ფაქტორი და ავტორიტეტი ვერა და ვერ შეიცვალა რეგიონში. დღემდე ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები სამცხეში ისევ ვანოს მისტირიან. ამის გარდა არის ერთი აუცილებელი პირობა, რომელიც სუს-ისთვის საჭიროა _ ადამიანური რესურსი და მხარდაჭერა. ანუ მარტივი ენით რომ ვთქვათ, აგენტი უნდა გყავდეს სულ, თან მუდამ უნდა გქონდეს ცვლილება და ახალ ადამიანებს უნდა რთავდე საქმეში. სრული სურათისთვის სწორედ ადამიანებთან მუშაობაა საჭირო, მაგრამ ეს რეგიონი დღემდე აუღებელი აღმოჩნდა.
_ ამდენი წელი რას აკეთებდნენ?
_ რა უნდა ეკეთებინათ? გოგაშვილმა ეს რეგიონი თავის ნათესავს მიაბარა, ის დანიშნა აქ. პასუხისმგებლობა აიღო სამცხე-ჯავახეთზე, განსაკუთრებით კი ახალ ციხეზე, მაგრამ შედეგი _ ნული. ინფორმაცია არათუ შემოედინება, არამედ უფრო გადის ამ რაიონში. ისევ ძველი ძალოვანი კადრებითაა დაკომპლექტებული. ახალი სისხლი, რაც უშიშროებას სჭირდება, აღარ არის.
_ გომელაური რას მოითხოვდა?!
_ უთხრა, რომ მის ნათესავს, გიორგი კევლიშვილს მოუწევდა უახლოეს მომავალში სამსახურის დატოვება, რადგან ვერაფერი შეცვალა.
_ მაინც, კონკრეტულად, რა შეიძლებოდა შეცვლილიყო?
_ სტრატეგიაა მთავარი, რა სტრატეგიით მუშაობ შენს ტერიტორიაზე და თუ ეს ტერიტორია საზღვრისპირა რეგიონია, მაშინ განსაკუთრებით. დღეს კორუფციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ რეგიონშია. ყველაზე მეტად დესტაბილიზაცია აქ იგრძნობა. სიას რომ გადახედო, ვინ არიან სუს-ის ფარული თანამშრომლები, ახალს ვერავის იპოვი, ვანოს კადრებმა წალეკა იქაურობა.
_ სოსოს რა პასუხი აქვს?!
_ არ ვიცი სოსოს პასუხი, მაგრამ ვიცი, რომ ერთმანეთთან დაძაბული საუბრები ჰქონდათ. მგონი, ასეთი უკმაყოფილო საუბრები ამდენი ხანი არც ჰქონიათ. თვითონ ბიძინას ფაქტორი შიდა კვლევით დაბალია და „ოცნების“ _ საერთოდ. 2017 წლის არჩევნებზე უკვე კითხვის ნიშანი ჩნდება, გამგეობები და საკრებულოები შეიძლება სხვა ფორმით გადალაგდეს და არჩევნებმა აბსოლუტურად სხვა შედეგი დადოს.
_ მაგალითად?
_ მაგალითად ის, რომ „ოცნება“ საკრებულოში უმრავლესობაში ვერ დაჯდეს.
_ კი მაგრამ, აქ სუს-ი რა შუაშია?
_ სუს-ს მზად უნდა ჰქონდეს შესაძლო კანდიდატთა სია, აქეთაც და იქითაც, მაგრამ პირიქით ხდება. არაკონსოლიდირებული მუშაობაა, _ ერთ-ერთი გამგებლის მოადგილე, რომელიც „ოცნების“ წარმომადგენელია, სუს-ის არც ერთ გადაწყვეტილებას, ან მითითებას არ ასრულებს, სამაგიეროდ, სუს-ი მასზე ქმნის ლეგენდებს, ჭორებს და, საბოლოოდ ჯამში, რეგიონში კონტროლი სრულიად დაკარგულია. მე ეს ერთი შემთხვევა მოგიყევით. როგორც ვიცი, იქ სოსოს მიერ დანიშნული კადრების საკითხი განიხილეს, _ ვინ რა შეძლო და ვინ რა ვერ შეძლო. ბუნებრივია, გოგაშვილი თავის ხალხს იცავდა, მაგრამ აზრი?! ყველა თემა შესწავლილი ედო მაგიდაზე უფროსს. ამბობენ, რომ სოსოს კადრებს იმაზე ადრე გაუშვებენ, ვიდრე გოგაშვილი წავა ამ სამსახურიდან. ვნახოთ...
_ ბოლოს, რით დასრულდა გომელაურისა და სოსოს საუბარი?
_ სოსომ შვებულების აღება გადაწყვიტა. განაცხადა, რომ დაღლილია და დასვენება სჭირდება. გავა ახლა შვებულებაში, ახალი წლების შემდეგ კი დაბრუნდება.
P. S.
სოსო!
არ თქვა, რომ დრო არ გყოფნის, დღე-ღამეში ზუსტად იმდენი საათი გაქვს, რამდენიც ჰქონდათ ჰელენ კელერს, მიქელანჯელოს, დედა ტერეზას, ლეონარდო და ვინჩის, თომას ჯეფერსონს და აინშტაინს.
მაკა მოსიაშვილი