QronikaPlus
სცენარისტი და გეოგრაფი, რომელიც ბედნიერებას არიგებს

სცენარისტი და გეოგრაფი, რომელიც ბედნიერებას არიგებს

2016-12-19 08:08:45

კეთილი ადამიანები კიდევ რომ არსებობენ, შეიძლება, ბევრს ეპარება ეჭვი, მაგრამ დღევანდელი გმირის ისტორიის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, რომ სიკეთე, რომელსაც ის სჩადის, რეალურია. მისთვის ბედნიერება გაბრწყინებული თვალებია, რომელიც მხოლოდ გულწრფელ სიხარულს გამოხატავს.   დიდი ხანია მინდოდა, მასზე მომეყოლა თქვენთვის, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე, რომ როგორმე „დამეჭირა“, _ სხვების დასახმარებლად იყო წასული და იმიტომ. ეს ის „სხვები“ არიან, რომელთათვისაც მას ყველაზე ძვირფასი _ ოჯახი _ ძალიან ხშირად ენატრება ხოლმე. არადა, როგორ გინდა, „მოაცდინო“ ადამიანი, რომელიც სიკეთის კეთებაშია და დასვენება, უბრალოდ, არ შეუძლია?..   მას ჰყავს მეუღლე და 2 შვილი, მუშაობს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტზე „ეკვილიბრიუმი“ და როგორც თვითონ ამბობს, წიგნის ბუდეებს დგამს რეგიონებსა და ქალაქებში. არის სცენარისტი, დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიაში, სატელევიზიო პროექტებს, სერიალების სცენარებს წერდა, ახლაც აგრძელებს იმავე საქმიანობას, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა სთხოვენ.   უკვე ექვსი წელია, აგროვებს ტანსაცმელს, საჭმელს და მათ ურიგებს,  ვისაც არ აქვს. დადის და დააქვს ყველა რესურსი იქ, სადაც განსაკუთრებით უჭირთ.       მაშ, ასე! გაიცანით ადამიანი, რომელიც ცხოვრობს იმისთვის, რომ სხვებს აჩუქოს ბედნიერება. ეს აკა სინჯიკაშვილია _ კაცი ბედნიერებით.   _ აკა, როდის დაიწყეთ ამ ყველაფრის კეთება და რამ მოგცათ ბიძგი, შეგეგროვებინათ ტანსაცმელი და საჭმელი და მიგეტანათ იქ, სადაც ეს სჭირდებოდათ?   _ რა ბიძგი მინდოდა 90-იანებში გაზრდილ ბავშვს?! ბევრი რამ გამოვიარეთ და ვიცით, რაც არის რთული ცხოვრება.   ყველაფერი კი 6 წლის წინათ დაიწყო: მაშინ „ღამის შოუს სტუდიაში“ ვმუშაობდი და თანამშრომლები  ტანსაცმელს ვაგროვებდით, მიგვქონდა ხოლმე და მათ ვურიგებდით, ვისაც უჭირდა. ამის მერე გავაგრძელე. ძირითადად, ახლაც ამას ვაკეთებ, _ სამსახურის პარალელურად, როცა წიგნები მიმაქვს ხოლმე სადმე, მაშინ მიმაქვს ეს ტანსაცმელიც.   _ ვინ გაწვდის ინფორმაციას მსგავსი ადამიანების, ან ოჯახების შესახებ?   _ მირეკავენ, თვითონაც მწერენ, ახლობლებიც, მეზობლებიც. მერე სოციალურად დაუცველი ოჯახების სია მაქვს და იმათ მივუტან ამ პროდუქტებს.   სოფლებში დავდივარ და მონაცემებს ვაგროვებ. კეთილი ადამიანების გარდა არავინ მეხმარება, თუმცა ფული ბევრი არც მჭირდება, საწვავისთვის მჭირდება ხოლმე მხოლოდ და ვინმე რომ გავგზავნო რაიმე ინფორმაციის მოსატანად.   _ რა არის ყველაზე დამაფიქრებელი, როცა ადამიანებთან მიდიხართ და მათ ხვდებით?   _ რთული დასანახია უმწეო ადამიანი, რომელსაც თვითონ არ შეუძლია, რამე შეცვალოს და სხვას ელოდება. ისეთებიც ბევრია, რომელთაც შეუძლიათ, რომ არ შიოდეთ, სწყუროდეთ, მაგრამ მაინც ასე არიან. ბევრნი არიან ასეთებიც.   _ ყველაზე დასამახსოვრებელი ისტორია რა გადაგხდენიათ ამ ამბების კეთებისას?   _ საკმაოდ შეძლებული ქალბატონი უცხოეთიდან ფულს მიგზავნიდა, ვინმეს დაეხმარეო, აქ კი მარტოხელა დედა იყო ერთი, რომელსაც ძალიან უჭირდა და სახლიდანაც ვერ გამოდიოდა სამუშაოდ, ბავშვს ვერ ტოვებდა. მათთვის ვყიდულობდი ხოლმე ტანსაცმელს და საჭმელს. მერე შემთხვევით ვკითხე გვარები ამ ქალებს, სხვა ინფორმაციაც მოვიპოვე და ეს ქალები დები აღმოჩნდნენ, ოღონდ არ იციან, რომ ერთი დის ფულით მეორეს ვეხმარებოდი, თავად ერთმანეთს ხმას არ სცემენ. სერიალში მეგონა თავი, როცა ეს ყველაფერი გავარკვიე.   _ ბავშვების რეაქცია როგორია ხოლმე, როცა რაიმე მიგაქვთ მათთვის?   _ ძალიან მაგარი! აი, ეგ ყველაზე კარგი დასანახია, იმიტომ რომ უფროსები ისეთი გულწრფელები არ არიან, როგორც ბავშვები და, აგერ, სამი დღის წინ ველოსიპედი ვაჩუქე ბავშვს, რომელსაც ისეთი სახე ჰქონდა, რომ მე თვითონ გადავირიე სიხარულისგან. ძალიან გაუხარდა, ძალიან!   ყველაზე მეტად სათამაშოები უხარიათ ხოლმე, წიგნები იშვიათად, მაგრამ განათლებისთვის აუცილებელია.   _ რა ტიპის წიგნები მიგაქვთ ხოლმე?   _ გასართობი, სათავგადასავლო, ილუსტრირებული. ამ წიგნებსაც ვაგროვებთ ხოლმე. პროექტია ასეთი.   _ ამის კეთება სიამოვნებას განიჭებთ?   _ კი, ძალიან! ძალით არასდროს არაფერს გავაკეთებ!   _ ბევრნი ხართ? გეხმარებიან?   _ პერიოდულად მიერთდებიან, მერე არ სცალიათ, ხან ფულს მირიცხავენ, რომ რამე ვუყიდოთ და ა. შ. აი, ტანსაცმლის გადარჩევაში მეხმარებოდნენ ბოლოს, 6, 5 ტონა ტანსაცმელი გადავარჩიეთ, მარტო მაგას ვერაფრით გავაკეთებდი.   _ პროფესიით რა ხართ?   _ დიპლომის მიხედვით ვარ გეოგრაფი, ისე სცენარებს ვწერ. გეოგრაფად არ მიმუშავია. მიყვარდა ეს სფერო, მაგრამ მაშინ ისე იყო, რომ უმაღლესი სასწავლებელი უნდა დაგემთავრებინა და 16 წლის რომ ვიყავი, ვერ განსაზღვრავდი, სად უნდა მესწავლა? როგორ? რატომ?   _ რა ტიპის სცენარებს წერდით?   _ ნებისმიერს, მაგრამ, ძირითადად, იუმორისტულს. „შუა ქალაქში“, „კლუბ 11“-ში, „გოგონა გარეუბნიდან“, „ღამის შოუს სტუდიის“ პროდუქტები რაც იყო, თითქმის ყველაში ვწერდი.   _ რამე გადაწყვეტილება, გინანიათ?   _ რამდენიც გინდა, ახლა დეტალურად არ მაგონდება, მაგრამ ვიცი, რომ სწავლისთვის მეტი დრო უნდა დამეთმო. ისეთი რამე უნდა მესწავლა, რაც ახლა მჭირდება და არ ვიცი, თუნდაც ფიზიკაში.   _ სირთულეები, რაც შეგხვედრიათ?   _ ყოველდღე მხვდება, ძალიან ბევრია.   _ სახლში როდის ხართ ხოლმე?   _ სახლში არასდროს ვარ და მეუღლეც ვერ ეგუება ამას, განიცდის, მაგრამ ესაა ჩემი ცხოვრება და ჩემი სტილი, ამიტომ ასეთს მიტანს. ვცდილობ, რომ ბავშვებიც ვნახო, მაგრამ ვერ ვხედავ ხოლმე, უფროსი 5 წლის მყავს და უმცროსი, ჯერ, ერთი თვისაა.   _ ანუ პირადი საქმეები გვერდზე გაქვთ გადადებული და სცენარისტად აღარ მუშაობთ?   _ ვმუშაობ, როცა შეკვეთა მაქვს: ღამე ან მგზავრობისას, როცა საჭესთან არ ვზივარ. ახლა ფილმებისა და ღონისძიებების სცენარებს ვწერ ხოლმე.   _ სცენართან დაკავშირებით რამე დიდი გეგმა თუ გაქვთ?   _ ისეთი არაფერი, წიგნს დავბეჭდავ, თუ არ დამეზარა. ამბიცია არ მაქვს, რომ რაიმე გრანდიოზული გავაკეთო, ვნახოთ.   _ ვისთვის და რა არ გენანებათ?   _ ბავშვებისთვის არ მენანება ხოლმე არაფერი, ოღონდ მარტო ჩემი შვილებისთვის არა, ისინი არც მყავდნენ მაშინ, როცა, ზოგადად, ბავშვებზე ვგიჟდებოდი.   _ რა გენანებათ?   _ გაფლანგული დრო, თუნდაც, ძილში გაფლანგული.   _ თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა რა არის ამ დრომდე?   _ სააფთიაქო ნარკომანიის შემცირება: ბავშვებზე ფსიქოტროპულ წამლებს აფთიაქებში ურეცეპტოდ გასცემდნენ და ამის გამო მთელი ამბები დავატრიალეთ. თითქმის გავანახევრეთ მსგავსი რამ და ბავშვები ფსიქოტროპულ წამლებს ურეცეპტოდ ვეღარ ყიდულობენ. ადრე ყლაპავდნენ და ზომბებივით ისხდნენ ქუჩაში. უფროსებიც აკეთებენ ახლაც და ბავშვებიც ეგრე იყვნენ, თუმცა ახლა უამრავი აფთიაქი დავაჯარიმეთ და მაგის გამო დავხურეთ.   _ რას აფასებთ ყველაზე მეტად ადამიანში?   _ პატიოსნებას, მატყუარა და აფერისტი ადამიანები ყველაზე მეტად მეზიზღება.   _ ვინმე ისეთი ადამიანი გყავთ, ვინც თავისი სტილით გამორჩეულია და მოგწონთ, როგორც ადამიანი?   _ ეგრე ვიღაცებს არ ვაიდეალებ ხოლმე, იმიტომ, რომ არ ვიცი, რა უნდა შეძლოს ისეთი, რომ სხვას არ შეეძლოს. შესაბამისად, _ არა.   _ ყველაზე გამორჩეული თვისება რა გაქვთ?   _ ცუდ თვისებაში გადის, ალბათ, მაგრამ აფერისტებს ვერ ვიტან და ერთ წამში ჩხუბს ვიწყებ, არ ვზოგავ, კი არ ვეკამათები, პირდაპირ „საქმეზე“ გადავდივარ. შემიძლია ნებისმიერი რამ დავმართო ადამიანს, როცა, მაგალითად, შვილის ოპერაციის ფულს იპარავს და მერე ტოტალიზატორში აგებს. უფრო ხშირად ხდება ხოლმე ასეთი რამეები, ვიდრე არ ხდება. იპარავენ ფულს და ცდილობენ, რომ მომატყუონ, ამიტომ ერთხელ რომ გავუკეთებ ვინმეს რაიმეს, მერე 200-ჯერ ვამოწმებ ხოლმე, ხომ არ მომატყუა? როცა ვხედავ, რომ არაგულწრფელი იყო და მომატყუა, მერე ყველაფერს ვწყვეტ მასთან.   _ რისი გაკეთება გიყვართ ყველაზე მეტად?   _ მოგზაურობა, სიარული, წანწალი... ძირითადად, მარტო დავდივარ ხოლმე, მაგრამ ახლა ჩემი მეგობარი დამყვება და ერთად დაგვაქვს ყველაფერი.   _ რატომ გადადეთ თქვენი ცხოვრება გვერდზე, პირადი, ოჯახი, რა არის ამის საპირწონე იმაში, რასაც აკეთებთ?   _ სხვისთვის რაღაცის გადადებაც ჩემი პირადი ცხოვრების შემადგენელი  ნაწილია. არაფერი სჭირდება ჩემს ცხოვრებას, კარგი არის ისე, როგორც არის. ძალიან მომწონს, რასაც ვაკეთებ.   _ რამე მისია გაქვთ?   _ საერთოდ არ მგონია, რომ ვინმეს რაიმე მისია აქვს ცხოვრებაში, მგონია, რომ მიზანს ეძახიან მისიას და თვითონ უნდა აირჩიო.   _ თქვენი მიზანი რა არის?   _ ის, რომ რამდენადაც შევძლებ, ქვეყანა უფრო კარგი გავხადო, მაგალითად, განათლების დონეს მოვუმატო, როცა წიგნები დამაქვს, როცა ყველაფერს ვაკეთებ, რომ მარტოხელა დედებს თავისით რამის გაკეთება შეეძლოთ ცხოვრებაში. მინდა, რომ ქვეყანაში საჭმელი არ ჭირდეს.   _ რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?   _ მძღოლები ქალაქში. წესები იციან და არ იცავენ!   _ საქართველოში, ზოგადად სისტემაში, რა არის შესაცვლელი?   _ განათლებაში ბევრი რამეა შესაცვლელი. მგონია, რომ თუ რამე უბედურება გვჭირს ქართველებს, ყველაფერი გაუნათლებლობის გამოა. ასეთი ამბავი არ იქნება, მეტი განათლება რომ გვქონდეს.   _ რას შეცვლიდით, რომ შეგეძლოთ?   _ რამდენიმე კანონს გავამკაცრებდი და რამდენიმეს შევასუსტებდი. მაგალითად: ამდენ აფერისტ საქველმოქმედი ფონდს დავხურავდი, დაზღვევას უფრო ხარისხიანს გავხდიდი, მოძრაობის წესებში ბევრ რამეს დავამატებდი, ფეხით მოსიარულეებს ვალდებულებას დავაკისრებდი, როგორც მანქანის მძღოლი ისჯება, ეგრე უნდა დაისაჯოს ქვეითიც, თუ იქ არ გადავა, სადაც ზებრაა, მიწისქვეშა, ან სხვა გადასასვლელი. კიდევ: 15 წლის ბავშვის ციხეში ჩასმა საღეჭი რეზინის მოპარვის გამო არ მგონია სწორი საქციელი _ პირდაპირ დაღს ასვამს მის მომავალ ცხოვრებას. მარიხუანის მოწევისთვისაც ციხეში არ ჩავსვამდი ადამიანს და ა. შ.   _ მაქსიმალისტი ხართ?   _ ეგ ზოგჯერ ღორობაში გადადის ხოლმე და ეგრე არ მინდა ვიყო, ადეკვატურად მინდა ხოლმე, რაც მჭირდება, ზუსტად იმდენი. იმაზე მეტი არ მინდა. ადამიანსაც ზუსტად ისე უნდა დაეხმარო, როგორც სჭირდება, მეტი საჭირო არ არის.   _ საყვარელი წიგნი თუ გაქვთ?   _ ლექსები არ მიყვარს, დანარჩენი ყველაფერი. მარკ ტვენისა და ვაჟა-ფშაველას ნებისმიერი. მეზარება გაზრდა, მაინც საბავშვოსკენ ვარ.   _ როგორ გგონიათ, ვის ჰგავხართ?   _ არ მგონია, ვინმე ვინმეს ჰგავდეს. ცოტა ყველას ვგავარ, დედა-მამა, ბებო-პაპა. არ მიყვარს ხოლმე მიმსგავსება და ადამიანები, რომლებიც ამბობენ, ვიღაცას ჰგავხარო. ინდივიდუალური ვარ, როგორც სხვები.   _ რით ხართ გამორჩეული?   _ არ მეზარება საერთოდ არაფერი, როცა სხვას სჭირდება რაღაც. ყველაფრის გაკეთება შემიძლია მიზნის მისაღწევად, ოღონდ სხვისი მიზნის მიღწევა ჩემი მგონია ხოლმე და მაგისთვის შემიძლია, რომ ყველაფერი გადავდო, თუნდაც სამი დღე-ღამე არ მეძინოს და მაგისთვის ვაკეთებ ყველაფერს.   _ საკუთარ ცხოვრებაზე წინ აყენებთ სხვებს?   _ კი და კარგია ეგ, იმიტომ რომ ეგოიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა, როცა სხვას კარგად ხედავ, შენც კმაყოფილებას განიცდი, რადგან მისი კარგად ყოფნის მიზეზი შენ ხარ. მაშინ ვარ ბედნიერი მხოლოდ, როცა სხვებს ვხედავ ბედნიერს ჩემ გამო. ისე, მარტო არ მინდა ბედნიერება.   _ ყველაზე კარგი თვისება რა გაქვთ?   _ სამართლიანობა, ალბათ. არასწორად არავის მოვქცევივარ. შეიძლება, იმ ასაკში, როცა სწორად ვერ ვსაზღვრავდი, მსგავსი შემთხვევები მქონოდა, მაგრამ ახლა _ არა. და კიდევ: დავიწყებით არასდროს არაფერი მავიწყდება, მით უმეტეს, მისახმარებელი რომ არის, რანაირად უნდა დაგავიწყდეს?!   _ რა არის ის, რაც გიბიძგებთ დახმარებისკენ?   _ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ძალიან ცუდ დღეშია ქვეყანა და ყველამ რომ თითო აგური დადოს, კარგი იქნება. სახელმწიფოს „ატენიან“ ხოლმე ყველაფერს და ყველაზე მეტად მაგაზე მეშლება ნერვები: ქუჩაში რომ ნაგავი ყრია, მაგასაც კი და განა, მინისტრთა კაბინეტი მოვიდა და მაგან დაყარა ეგ ნაგავი? გადატვირთულ მოძრაობასაც მაგას აბრალებენ, არავინ ფიქრობს, რომ თავად გამოასწორონ რაღაცები. ქუჩაში რომ მოხუცი გაიყინა, მარტო სახელმწიფოზე არ შეიძლება ამის დაბრალება, იმ დღეს იმ მოხუცს, დაახლოებით, 40 000-მა ადამიანმა ჩაუარა და ვერავინ მოიფიქრა, რომ მისთვის საბანი მიეტანა.   _ ადამიანებს რასაც ჰპირდებით, ყველაფერს ასრულებთ?   _ თუ რაღაცას დაჰპირდი, აუცილებლად უნდა შეუსრულო. ვეღარ შემისრულებია, მაგრამ არ შემისრულებია _ ეგეთი არ ყოფილა, ამიტომ არ ვპირდები ხოლმე არაფერს, თუ აბსოლუტურად დარწმუნებული არ ვარ.   _ რაზე ოცნებობთ?   _ პერუში წასვლაზე. მაჩუ-პიკჩუ უნდა ვნახო. ძალიან მიყვარს სამხრეთ ამერიკული ცივილიზაცია და იქაური ამბები. ასევე ბავშვობიდან ვკითხულობ და ძალიან მიყვარს აცტეკებიც და მაიას ტომიც. ტბაც მინდა ვნახო ბოლივიაში.   _ გჯერათ, რომ რაიმე ძალა არსებობს სამყაროში?   _ რაღაც ძალები არის, მაგრამ ვინც როგორ დაინახავს, ისე არქმევს ხოლმე სახელს და მარტივადაც ვერ ერევიან ძალები ადამიანებს.   _ რისი გჯერათ?   _ ბედნიერების არსებობის, ოღონდ ჭეშმარიტი ბედნიერების, აი, ბავშვს რომ ველოსიპედი მივეცი გუშინწინ, ეგ არის ბედნიერება და ვიღაცამ რომ 1000 ლარი მოიგო 2 ლარით _ ეგ არ მგონია.   _ რა გაგხარებიათ ყველაზე მეტად?   _ 6 წლის რომ ვიყავი, მამაჩემმა დენდის კომპიუტერი ჩამომიტანა და ეგ არასდროს დამავიწყდება. სისხლიანი თვალებით ვთამაშობდი საათობით.   _ ანუ ბედნიერება ბავშვობასთან ასოცირდება?   _ არა, დიდებსაც აქვთ, მაგრამ მოულოდნელი თუ არ არის, ფასს კარგავს და საერთოდ, ყველაფერი მოულოდნელი სჯობია.   _ სპონტანური ხართ?   _ სრულიად. უცებ მირეკავენ და იმწამს მივდივარ, რაიმე სხვა მნიშვნელოვან საქმეს თუ არ ვაკეთებ, ან ჩემით მივდივარ, უცებ. მირეკავენ ხოლმე და ძირითადად ღამე გამოვდივარ სახლიდან, მაგალითად, როცა ოჯახური ძალადობაა, მეზობელი მირეკავს და მეუბნება, რომ ქმარი ცოლს ურტყამს და ეს ყოველდღე ხდება, ეს პატრულიც აღარ მიდის უკვე, ამიტომ მე მირეკავენ, მერე მე არასამთავრობოებს ვურეკავ და ისინი შესაბამის ორგანოებს უკავშირდებიან. ქალები კი, ძირითადად, არ აღიარებენ და ამბობენ, რომ დაეცნენ, ან რაიმე სხვა, მაგრამ ზოგჯერ სიტუაციები გვარდება და აღიარებენ კიდეც.   _ როგორ და როდის ისვენებთ?   _ გუშინ ვლაპარაკობდი ზუსტად დასვენებაზე, რომ ამბობენ, წავალ და დავისვენებ, არ მესმის, რას ნიშნავს ეს: წიგნი, ხეები, ბუხარი, კარგი, ეს ერთი დღე და მერე? ან ერთ ადგილას როგორ ჩერდებიან, არ ვიცი. ვერ ვისვენებ.   დასვენებას, ალბათ, უფრო ვეძახი ადგილს, სადაც თავი, ტვინი ისვენებს. უცხო ქვეყანაში დასვენება ყველაზე კარგია მგონია იმიტომ, რომ არც მანქანის ტარება, არც მობილურში ძრომიალი არ გიწევს, როცა ისვენებ ნაცნობებისგან და მეზობლებისგნ და ა. შ.   _ რას სცემთ პატივს ყველაზე მეტად?   _ გულწრფელობას.   _ ყველაზე დასაფასებელი პროფესია რა არის?   _ ექიმობა, იმიტომ რომ ძალიან ძნელია, იყო ექიმი. მე ვერ ვიქნებოდი ვერასდროს. მთელ ცხოვრებას სწავლაში ატარებენ და მაინც არ იციან ხოლმე ბოლომდე.   _ რა, ან ვინ გენატრებათ ყველაზე მეტად?   _ შვილები, უმცროსი უფრო ცოტაჯერ მყავს ნანახი.   _ რა ასაკში გყვარებიათ ყველაზე მეტად?   _ ბავშვობაში, ალბათ, იმიტომ რომ სიყვარულის გარდა ვერაფერს ხედავ მაშინ. სკოლაში 3 დღეში ერთხელ ვიღაც მიყვარდა, კიდევ კარგი, გადავეჩვიე.   _ როდის აპირებთ დასვენებას?   _ არ ვარგა ყველაფერისგან დასვენება, არ დავისვენებ.   _ ახლა რას ელოდებით?   _ არ მიყვარს ლოდინი და არ ველოდები. ვიგონებ რაღაც საქმეს, მაგას ვაკეთებ, ვერ ველოდები.   _ ვის გაუცრუებია იმედი ყველაზე მეტად?   _ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ დაუფასებიათ. უმადურ ადამიანებს.   _ ყველაზე დიადი პიროვნება ვინ გგონიათ?   _ დავით აღმაშენებელი, ალბათ. ადმირალი ნელსონი, მარტინ ლუთერ კინგი, გარიბალდი.   _ ადამიანზე რას ფიქრობთ, რა არსებაა, თქვენი აზრით?   _ ცხოველზე ჭკვიანია, ქცევებით და ინსტინქტებით არაფრით განსხვავდება, უბრალოდ, გონებრივი მონაცემები აქვს უფრო მაღალი.   _ ადამიანს რა განსაზღვრავს?   _ IQ (ინტელექტის მაჩვენებელი), მეტი არაფერი.   _ საყვარელი ფრაზა...   _ ჩინური ანდაზაა: „ქარიც კი არ ქრის გამოქვაბულში უმიზეზოდ“ და მგონია, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება. მანამდე მოხდა რაღაც, ან მერე მოხდება, ისე ტყუილად არაფერია.   _ რას ისურვებდით ყველაზე მეტად?   _ ბოღმა რომ გაქრეს ქვეყნიდან, იმიტომ რომ ძალიან აზარალებს ყველაფერს.   და ვისურვებდი, უფრო მეტი ადამიანი  გიყვარდეს, ვიდრე გიყვარს, რადგან კარგია... ხანდახან გაზარალებს ეს სიყვარული, მაგრამ სხვები ხედავენ, რომ ბევრი გიყვარს და თვითონაც მოუნდებათ.   _ დედამიწას რა ატრიალებს?   _ ფიზიკის კანონები.   _ მატერიალისტი ხართ?   _ არა, საერთოდ არ მჭირდება, ფულს არ ვიშოვი არასდროს, ბავშვებისთვის კი შოვნა არ მჭირდება, თვითონ გამოიმუშაონ. მეც ასე დავიწყე, არასდროს ბიზნესი არ მექნება, არ გავყიდი. შეიძლება, შემთხვევით ვიშოვო ფული, მაგრამ ისიც მალე გამიქრება, რადგან, უბრალოდ, არ მჭირდება.   _ მთელი ცხოვრება არის რა? რა სჭირდეება ადამიანს, რომ იცხოვროს?   _ იმ დღეს ვფიქრობდი, 2 ადამიანი ჩხუბობდა, შესახვევში შეხვდნენ ერთმანეთს და მხარი გაჰკრეს, იმაზე დაიწყეს ჩხუბი, რომ ერთი მეორემ არ გაატარა და პირიქით. მერე ზემოდან დავხედე სიტუაციას და უცებ მივხვდი, რამხელა მიწაზე ეჩხუბება 2 ადამიანი ერთმანეთს, გამატარეო.   ცოტა ფართო აზროვნება სჭირდებათ ადამიანებს: სჭირდებათ გონება, სწორად აზროვნება და მერე ყველაფერი თავისით ექნებათ.       ჩვენი საუბრისას მაგიდასთან ბავშვი მოვიდა, ფული მომეცითო, გვთხოვა. ამ დროს აკა მომიბრუნდა და მეუბნება:   _ ფულით ამის დახმარება ამ ასაკში არ შეიძლება, იმიტომ რომ აწი სულ ასე გააგრძელებს. რომ უთხრა, წამოდი, პურს გიყიდიო, არ წამოვა, იმიტომ რომ ჩემზე მეტი ფული უდევს ჯიბეში.   ბავშვი წავიდა. ჩვენ დავრჩით და ბოლო ორი კითხვა დავუსვი მანამ, სანამ ერთ ქალბატონთან წავიდოდა, რომლის ოპერაციისთვის საჭირო კალკულაცია და დიაგნოზი უნდა ენახა, რომ დარწმუნებულიყო, მართლა საჭიროებს თუ არა დახმარებას.   _ როგორ გაგრძელდება ახლა, ამ ადგილიდან გასვლის შემდეგ, თქვენი ცხოვრება?   _ არაფერი შეიცვლება, ისე გაგრძელდება, როგორც ადრე, უბრალოდ, ვეცდები, მეტი ადამიანი ჩავრთო პროექტში, რომ ერთად დავეხმაროთ სხვებს.   _ ვინ არის აკა სინჯიკაშვილი?   _ ადამიანი, რომელიც ეცდება, უფრო ხშირად იყოს ბედნიერი, ვიდრე ყოფილა, ჩემთვის კი ბედნიერება სხვისი ბედნიერებაა და არაფერია განსაკუთრებული ამაში. დღესაც ვეცდები სხვის გაბედნიერებას და ხვალაც.   დავიშალეთ. მოწყალების მთხოვნელი ბავშვი სხვისკენ გაემართა ფულის სათხოვნელად, მე _ თქვენთვის აკას ამბის მოსაყოლად, აკა კი _ სხვის გასაბედნიერებლად. ის იმ ხნის მანძილზეც ნივთებსა და საკვებს აგროვებს ხალხისთვის, რა დროსაც მე ამ სტატიის წერას და თქვენ მის წაკითხვას ვუნდებით.   სიკეთე გადამდებია.      

ნინო ტაბაღუა

         

გაზიარება