სამართლიანობის აღდგენის სურვილით მოსული ხელისუფლება დღეს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისგან თავს იკავებს. შერჩევითი სამართალი ძალოვან უწყებებსა თუ სასამართლო ინსტანციებში, ისევ პრობლემად რჩება. სტატისტიკისთვის გახსნილი დანაშაულებები თუ გამამართლებელი განაჩენები, იმ ქვეყნის ფასადური პოლიტიკაა, სადაც დღემდე ადამიანის უფლებები ილახება და ნებისმიერ მოქალაქეს დაუცველობის განცდა უჩნდება.
ადვოკატი მამუკა ნოზაძე „ქრონიკა+“-ს პოლიციელებისგან ნარკოტიკების, იარაღის ჩადებასა და სხვა პრობლემურ საკითხებზე ესაუბრება:
_ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა ერთი წლის წინათ ქალაქ გორში ლევან გათიაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დააკავეს, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების შენახვა-გადატანას. ეს არის უმძიმესი ფორმით დაავადებული ადამიანი, რომლის მიმართაც მართლმსაჯულების განხორციელება შერჩევით ხდება. პროკურატურას განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია საპროცესო გარიგების დადება პიროვნებასთან. გათიაშვილის ოჯახმა არაერთხელ მიმართა მათ ამ მოთხოვნით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ პროკურატურა არანაირ დათმობაზე არ მიდის. ისინი ამ ადამიანს ატყუებენ და ეუბნებიან, რომ დღეს ან ხვალ განიხილავენ მის საკითხს. ეს მაშინ, როცა გორში სხვა პირებს გამოსაცდელ ვადაში ჰქონდათ ჩადენილი არაერთი დანაშაული და მათ მიმართ შეღავათები განხორციელდა, საპროცესო გარიგებები გაუფორმეს, მაგრამ გათიაშვილს არ უფორმებენ. ეს ძალიან ცუდი მიდგომაა, რადგან თუ პატრონი არ გყავს, შენზე არანაირი შეღავათი არ ხორციელდება. ან პროკურატურასთან შეკრული ადვოკატი უნდა გყავდეს, რადგან მხოლოდ მათი დაცვის ქვეშ მყოფებზე ხორციელდება შეღავათები დაცვის მხრიდან.
ანალიტიკური აზროვნება ნულზეა, პატაკებში ფორმალურად იწერება, რომ რომელიღაც პირმა ინფორმაცია მიაწოდა, თითქოს კონკრეტული პუროვნება ამა თუ იმ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და ნარკოტიკული საშუალება ჰქონდა. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ადამიანი, რომლის მიმართაც გარკვეული ინტერესი აქვთ, გააჩერონ, ნარკოტიკი ჩაუდონ და დააკავონ. სიტყვიერად ყველას ეუბნებიან, ჩხრეკის დროს შეგიძლიათ, დამსწრეები მოიწვიოთო, მაგრამ, როგორც წესი, ამის უფლებას მოქალაქეებს არ აძლევენ, ოქმში კი წერენ, დამსწრეების მოწვევაზე უარი განაცხადაო. ჩხრეკის მოწმეები არიან, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიციელები. ორგანოს თანამშრომელი, რომელიც ადამიანს ნარკოტიკს, ან იარაღს ჩაუდებს, რა თქმა უნდა, შემდგომაც არ იტყვის სიმართლეს და სასამართლოზე განაცხადებს, რომ ამ ადამიანს ნარკოტიკი, ან იარაღი ჰქონდა. მოსამართლეები ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ ეს ყველაფერი ფარსია და არ უნდათ სიმართლის დადგენა.
პოლიციელი ე. წ. ინფორმაციის მიღების შემდეგ პატაკს წერს, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება. ეს პატაკი კანცელარიაში უნდა დარეგისტრირდეს, რის შემდეგაც ის ეწერება გამომძიებელს და იწყება გამოძიება. დაკითხავენ პატაკის ავტორს და მხოლოდ ამის შემდეგ იქმნება ჯგუფი, რომელიც შემთხვევის ადგილზე გადის. ანუ იქ, სადაც, ინფორმაციის მიხედვით ეს პირი გადაადგილდა ნარკოტიკით, ან იარაღით. ჩემ მიერ აღწერილ პროცედურას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ პიროვნებას ამდენი პროცედურისა და დროის გასვლის შემდეგ აკავებენ სწორედ იმ ადგილზე, სადაც თითქოს ინფორმატორმა შეატყობინა პოლიციას. ე. ი. ეს კაცი იქ იდგა და ელოდებოდა, როდის მივიდოდნენ მის დასაკავებლად? ყველა ასეთ საქმეში ერთი და იგივე ხდება და ამიტომაც, ეს ყველაფერი არის აბსურდი და არადამაჯერებელი მტკიცებულება.
_ ასეთი ფაქტები ხომ დიდი ხანია, ხდება და უცნაური აქ არაფერია. საზოგადოებაც პოლიციისა და სამართალდამცველების მსგავსს ქმედებებს, საუბედუროდ, მიეჩვია...
_ უცნაური და გასაკუთრებული ისაა, რომ რეალური მტკიცებულებები არ გააჩნიათ, სასამართლო არ დგას თავის დონეზე, აღნიშნულ გარემოებებს ადეკვატურად არ აფასებს და ანალიზსაც არ უკეთებს, ისე გამოაქვს გადაწყვეტილებები. მოწმეთა ჩვენებებსაც, ცხადია, მოსამართლემ ყურადღება უნდა მიაქციოს! საერთოდ არ აქცევენ. ყველა პოლიციელი მოწმის ჩვენება იდენტურია. პოლიციელების ჰარმონიული შეთანხმების ნიადაგზე გამოდიოდა სასამართლო გადაწყვეტილებები. ერთად რასაც მოილაპარაკებდნენ, იმას უსჯიდნენ ადამიანს. შემდეგ, როცა `ნაციონალების” რეჟიმმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა, რა თქმა უნდა, არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოდიოდა და სწორედ მაშინ, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიციელების ჩვენებებს იზიარებდა სასამართლო, თითქოს ისინი იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთა პირიც მხოლოდ ჭეშმარიტებასა და სიმართლეს ღაღადებდა.
შს სამინისტროში არიან ადამიანები, რომლებიც საბჭოთა ეპოქის დროიდან მუშაობენ ამ სისტემაში და მათი მენტალიტეტის შეცვლა შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში ახალი თაობაა მისული, არც ისინი იწუხებენ თავს, რომ თითოეული სისხლის სამართლის საქმე გააანალიზონ, _ გადატვირთულობას იმიზეზებენ. ხშირ შემთხვევაში მოსამართლეები არც კი ეცნობიან სისხლის სამართლის საქმეებს. მათთვის ყველაზე კარგი გამოსავალია საქმის საპროცესო შეთანხმებით დასრულება. თუ მოსამართლეები არ გამოიყენებენ სამოსამართლეო უნარ-ჩვევებს, ნებისმიერი ადამიანის ბედი საფრთხის ქვეშ დადგება. ამ ფორმით ნებისმიერ დროს შეუძლია პოლიციას, ქუჩაში გაგაჩეროს, ოქმი შეადგინოს, რომ ნარკოტიკი გქონდა, ან იარაღი და სიმართლეს ვერაფრით დაამტკიცებთ.
_ მართლა ასეა საქმე?
_ დამნაშავე პირი, რომელსაც ნარკოტიკი, იარაღი აქვს, სწრაფად მოქმედებს. მან იცის, რომ აქვს უკანონო ნივთი, ან ნივთიერება, ამიტომ ე. წ. ბირჟებზე არ დგება და არ უცდის, როდის დააკავებენ. მით უფრო, როცა საქმე ეხება ერთი ქუჩიდან მეორეზე გადასვლას. წარმოუდგენელი და დაუჯერებელია, რომ გათიაშვილმა 100 მეტრი ვერ გაიარა და ელოდებოდა, პოლიცია როდის დააკავებდა. აბსურდია. თოთო-ოროლა მოსამართლეს გამოაქვს შესაბამისი განაჩენი, მაგრამ ერთი და ორი მოსამართლე სასამართლო სისტემაში ვერაფერს შეცვლის. გადაწყვეტილებების უმეტესობა არასამართლიანი და უკანონოა, რადგან პოლიციელები თავიანთი ჩვენებებით წარმოადგენენ დაინტერესებულ პირებს.
ჩვენ ვიცნობთ ევროსასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს, სადაც საქართველოს პოლიციელების მიერ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედებები. მათ შორის, ისინი მხილებულნი იყვნენ არაადამიანურსა და ღირსებაშემლახველ მოპყრობაში, მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა და ა. შ. საზოგადოებას კარგად ახსოვს გირგვლიანის საქმეში როგორ გააყალბეს მტკიცებულებები, ბუტა რობაქიძის საქმეში რა ჩაიდინეს... ახლაც იგივე პოლიციელები მუშაობენ ამ სტრუქტურაში და ერთეულების გარდა არავინ დაუსჯიათ. ზოგი დააწინაურეს კიდეც. ახლაც ბევრი საქმეა, სადაც პოლიციელების დანაშაულებრივი ქმედებები იკვეთება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იძლევა შესაძლებლობას ჩხრეკის დამსწრე პირის აუცილებლობაზე. პოლიციელებს განუზომელი ძალაუფლება აქვთ, რაც რყვნის ადამიანს. მათ არ აქვთ საკმარისი უნარ-ჩვევები, დანაშაული რომ აღკვეთონ, ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალია შემუშავებული: ადმიანებს უდებენ ნარკოტიკს, იარაღს და უშვებენ ციხეში. შეიძლება, ეს ადამიანი მართლაც იყოს დამნაშავე, მაგრამ მტკიცებულებები არ არსებობს და ამ ფორმით არ შეიძლება ვინმეს ციხეში გაშვება. აქ უნდა ჩანდეს მოსამართლის როლი, რადგან მან ყველა დეტალი უნდა შეისწავლოს და შესაბამისი შეფასებაც მისცეს.
ასეთ საქმეებში ადვოკატებიც სცოდავენ. ისინი არ მოქმედებენ ყველა იმ კანონის გამოყენებით, რომელიც არსებობს და შესაბამისად, არ იცავენ კლიენტს. ადვოკატების გარკვეული ნაწილი ასე იქცევა.
_ მაგალითის მოყვანა შეგიძლიათ?
_ შესაძლებელია, რომ ასეთ დროს ჩატარდეს დნმ-ის ანალიზი, რადგან ნივთი, რომელიც ადამიანს ჩაუდეს, თუ მასთან შემხებლობა არ ჰქონია, ამის დადგენა ამგვარად ადვილია. მისი პროფილი არ აღმოჩნდება ნარკოტიკზე, რაც ერთ-ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ პოლიციელების ჩვენება ყალბია და ამ ადამიანს ის ქმედება არ ჩაუდენია, რასაც აბრალებენ. თუმცა ბევრი ადვოკატი არ მოითხოვს ამ ანალიზის ჩატარებას. მხოლოდ პროფესიონალი და კვალიფიციური ადვოკატები მოითხოვენ ამას და რამდენიმემ სასამართლოს გამოატანინა კიდევაც გამამართლებელი განაჩენი. როცა ადვოკატი მსგავსი შემთხვევის დროს დნმ-ის ანალიზს არ ითხოვს, ამის მიზეზი ზოგჯერ გამოწვეულია ადვოკატების კვალიფიკაციის ნაკლებობით, ზოგჯერაც მათ არ უნდათ, რომ პოლიციელებს კლიენტების გამო აწყენინონ და მათთან ურთიერთობა გაიფუჭონ. ამიტომ, ფაქტობრივად, ისინი კლიენტს ატყუებენ. ადვოკატმა ყველა სამართლებრივი ხერხი და საშუალება უნდა გამოიყენოს, რომ მისი კლიენტი დაიცვას, რაც არ ხდება ხოლმე. წინათ ასეთი ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელი იყო, ახლა კი ხელმისაწვდომია.
_ დღეის მდგომარეობით, რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს პოლიციელების უკანონობების მსხვერპლი?
_ მსგავსი კატეგორიის საქმეების 99% სწორედ ასეთ უსამართლობას ეფუძნება, ამიტომ ადამიანები საპროცესო გარიგებებზე მიდიან, რათა მათ მდგომარეობა შეუმსუბუქდეთ. თქვენ თქვით, რომ დიდი ხანია, ასე ხდება და საზოგადოება შეგუებულია, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს მსგავსი დანაშაული. პოლიციელების ქმედების აღკვეთა კი შესაძლებელია სამართლიანი სასამართლოს არსებობით, როცა ეცოდინებათ, რომ ასეთი დარღვევების შემთხვევაში სასამართლო ობიექტური იქნება და უკანონობები მათ წინააღმდეგ შემოტრიალდება. თუ სასამართლოს მხრიდან გამამართლებელ განაჩენებს სისტემური ხასიათი მიეცა, სადაც ერთი და იგივე პოლიციელები იქნებიან მსგავსი დანაშაულებების ფიგურანტები, შს სამინისტრო იძულებული გახდება, შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს და ისინი სამსახურიდან დაითხოვოს. ცხადია, არავის უნდა სამსახურის დაკარგვა და იძულებული გახდებიან, უკანონობა აღარ ჩაიდინონ.
კანონმდებლობაშიც ხარვეზებია: თუ კანონმდებლობაში პირდაპირ და მკვეთრად იქნება ადამიანის უფლება დაცული, ვერავინ შეძლებს, რომ ადამიანები ეჭვის, ან ე. წ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავონ, გააჩერონ, ჩაუტარონ ჩხრეკა და ჩაუდონ ნარკოტიკი. როგორ ფიქრობთ, რასაც ისინი ოპერატიულ ინფორმაციას უწოდებენ, ის რეალური პიროვნების მიერ არის მიწოდებული? ეს გახლავთ შირმა, რადგან სარგებლობენ, რომ ინფორმატორის მონაცემებს კანონი იცავს და არავის აქვს მისი გამჟღავნების უფლება. ამ ფორმით შეიძლება, ნებისმიერ პიროვნებაზე დაიწყოს დევნა. საქმე ის არის, რომ პოლიციელები არანაირ ოპერატიულ ინფორმაციას არ იღებენ, ისინი ღებულობენ დავალებას, რომ ესა თუ ის პიროვნება არის მოსაცილებელი. რა თქმა უნდა, ყველაფერი კანონმდებლობით უნდა დაიხვეწოს, მკვეთრად გაიმიჯნოს უფლებები და პოლიციას არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თვითნებურად იმოქმედოს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შს სამინისტროს როლი, რადგან მას ყოველთვის უნდა, რომ ხელში ჰქონდეს ყველა ბერკეტი. ასე გამოიყენება იძულების მეთოდები არასასურველი პორებისა და, მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. სხვა ქვეყნებში ვერ ნახავთ, პოლიტიკური ოპონენტების, ან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ასეთი მეთოდებით იბრძოდნენ. ასევე, თუ სახელმწიფო მოახერხებს და ნარკომომხმარებლების მიმართ ლიბერალურ პოლიტიკას გაატრებს, პოლიციელებს სურვილი აღარ ექნებათ, ამ კუთხით უკანონობა ჩაიდინონ.
ის, რაც ახლა ხდება, ცხადია, `ნაციონალების” დროსაც ხდებოდა, ამიტომაც, იმის ნაცვლად, რომ ახალმა პოლიტიკურმა ძალამ რამე შეცვალოს, გამოდიან და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ამუნათებენ, თქვენ დროსაც ხომ ასე ხდებოდაო? იმისთვის კი არ ირჯებიან, რომ შეცვალონ ძველი და ქვეყანა უკეთესობისკენ წაიყვანონ, არამედ ოპონენტებთან ბრძოლით არიან გართულები. საზოგადოება დაიღალა ამის მოსმენით. ცუდი რომ იყო ის ხელისუფლება, ამიტომ დაემხო კიდეც, მაგრამ ესენიც მე-5 წელია, ხელისუფლებაში არიან და თუ მარტო იძახეს, წინათ უარესი იყოო და სასიკეთოდ არაფერი შეცვალეს, მათ სიტყვებს რა სარგებლობის მოტანა შეუძლია?
_ რაც ახლა უნდა გკითხოთ, ეს მეთოდიც ქვეყანაში პოლიციელებისგან წინა ხელისუფლების პერიოდში დაინერგა: ციხიდან გამოსულ პიროვნებებს, ან მათთვის მიუღებელ ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ უნდა დაეტოვებინათ ქვეყანა და ზოგჯერ თავადაც მიჰყავდათ საზღვართან გასაცილებლად. იყვნენ ადამიანები, რომელთაც არანაირი დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი, მაგრამ ვიღაცას მათი ქვეყანაში ყოფნა არ სურდა და ისინიც გაამგზავრეს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება. ქვეყნიდან კვლავ აძევებენ პოლიციელები მუქარით არასასურველ პიროვნებებს და ქვეყანაში არ უშვებენ უკვე გაშვებულებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ რადგან ხელისუფლება შეიცვალა, შეუძლიათ, სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ ემუქრებიან და უთვლიან, თუ გაბედეთ და ფეხი შემოდგით, ნარკოტიკს, იარაღს ჩაგიდებთ და ციხის გზას გაგიყენებთო. არ მგონია, ეს ყველაფერი რომელიმე სამართლებრივ ჩარჩოში ჯდებოდეს. ეს ქმედებები უკვე ნიშნავს რეჟიმს. თქვენ თუ გსმენიათ ამის შესახებ?
_ ის, რაც თქვენ მოყევით, მართლაც ასეა. `ნაციონალების” ხელისუფლების პერიოდში და ახლაც ამ ადამიანებს თავად უმზადებენ საზღვარგარეთის პასპორტებს და ზოგჯერ კორტეჟით აცილებენ საზღვარზე. ეს არის არა მარტო დანაშაულებრივი, არამედ ანტიკონსტიტუციური ქმედება, რადგან ქვეყნის უზენაეს კანონში პირდაპირ წერია, რომ არ შეიძლება ადამიანის ქვეყნიდან გაძევება. საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან ვერც სასამართლო გააძევებს, რადგან თუ ის უკანონო ქმედებას ჩაიდენს, კონკრეტულ დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ქვეყნიდან გაძევება სასჯელად არ გამოიყენება, თუმცა ესენი ამას აკეთებდნენ და ახლაც აკეთებენ. როცა ადამიანი არღვევს უზენაეს კანონს, მერე იმაზე საუბარი, რომ ის არის ობიექტური, სამართლიანი და ქვეყნისთვის რაიმეს გააკეთებს, ტყუილია. ეს დანაშაული რომ ხდება, ყველამ კარგად იცის, მათ შორის, იმ დეპუტატებმაც, რომლებიც ხმას არ იღებენ. მათ ინფორმაციას აწვდიან ნათესავები, ოჯახის წევრები, განცხადებებით მიმართავენ დაზარალებული მოქალაქეები და დახმარებას სთხოვენ, მაგრამ ისინი თვალს ხუჭავენ. თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლების შემდეგ ადამიანი საშიშია, თუ ქვეყნის უსაფრთხოებას რაიმეს ვნებს, რისთვის არსებობს უსაფრთხოების სამსახურები და შს სამინისტრო? მათ უნდა გაატარონ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები და თუ პირს დანაშაულებრივი ქმედებების მცდელობები ექნება, მტკიცებულებების საფუძველზე პასუხიც აგებინონ. ასეთი ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს და სახელს უტეხს საერთაშორისო მასშტაბით.
სამწუხაროდ, დღევანდელი სახელმწიფო იმ ადამიანებზე დგას, რომლემბაც ასეთი მექანიზმები შექმნეს. ისინი მაშინაც ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო ქვეყნისთვის სასარგებლო და დღესაც ამ რიტორიკით საუბრობენ. როგორც წინათ ცდილობდნენ წაერთმიათ ადამიანებისთვის ქონებები, ახლაც იგივეს აკეთებენ, თუმცა კანონიერების საბურველით მოსავენ ყველაფერს. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, ტელეკომპანიები როგორ გადადის ერთი ხელიდან მეორეში, როგორ ხდება საკუთრებების ხელყოფა და ა. შ. ეს არის დაუშვებელი და მიუღებელი. უკვე შეიქმნა კომისია, რომელიც ახალ კონსტიტუციაზე იმუშავებს. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, როგორი კონსტიტუცია გვექნება, თუ თავიდანვე მის დარღვევას დაგეგმავ?
ნელი ვარდიაშვილი