საშინაო და საგარეო პოლიტიკის რამდენიმე აქტუალურ თემაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება დამოუკიდებელი ექსპერტი, პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე:
_ ბატონო ვაჟა, ევროპარლამენტმა და ევროპის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმებას მიაღწია. მალე საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის მექანიზმი ამოქმედდება. თქვენ როგორ შეაფასებთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებას?
_ ჯერ არ დაბადებულ ბავშვზე ბევრი ლაპარაკი არ შეიძლება, ჯერ უნდა დაიბადოს, ამიტომ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ვიზალიბერალიზაცია მიღწევადია, მალე ჩვენ გვექნება ამ სიკეთით სარგებლობის საშუალება და ეს არის ცალმხრივად სწორი, მისაღები და ნიშანდობლივია, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი და ქართული საზოგადოება ცალსახად ხვდება ამას დადებითად, ოპტიმიზმით. ეს სწორია და კარგია, რომ ევროპისკენ სვლა არც ერთი სერიოზული პოლიტიკური ძალისთვის ეჭვქვეშ არ დგას. ცალსახად დადებითი ის არის, რომ ჩვენ თავისუფალი მიმოსვლის საშუალება გვექნება, განსაკუთრებით ეს კარგია ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს მაღალი დონის განათლება, თუმცა საქართველოშიც გვაქვს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა, მაგრამ ვისაც სურს, შეუძლია მიიღოს განათლება ევროკავშირის ქვეყნებში და ეს გაუადვილებს ჩვენს ახალგაზრდებს ამის საშუალებას. საქმიან სამყაროს გაუადვილებს მოძრაობას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ისედაც მოძრაობდნენ და მოძრაობენ ევროპაში და მათ ამის პრობლემა არ ჰქონიათ, მაგრამ ვისაც სურს გამოცდილების მიღება, მაღალი ტექნოლოგიების ნახვა სურს ადგილზე და გადმოტანა, მათ ამის უფრო მეტი შანსი მიეცემათ. რიგითი მოქალაქეებისთვისაც არის რეალური პერსპექტივა, რომ მათ, ადრე თუ გვიან, ღიად ან ფარულად მიეცემათ საშუალება, დასაქმდნენ ევროკავშირის ქვეყნებში, თუმცა ამ ეტაპზე ვიზალიბერალიზაცია ამას არ ითვალისწინებს და 90-დღიანი სამოგზაურო საშუალების მიღებას გულისხმობს, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამას, ასე თუ ისე, ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილი გამოიყენებს იქ სამუშაოს საპოვნელად და შემდეგ ისე გაუჩინარდება, როგორც აქამდე, ვიზალიბერალიზაციის არარსებობის პირობებში დასაქმდა უამრავი ადამიანი. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ამიერიდან უფრო მეტი ადამიანი შეეცდება ამის გაკეთებას, რაც არ უნდა შეჩერების მექანიზმი არსებობდეს, როგორც არ უნდა ყურადღება მივაქციოთ და არ დავუშვათ, ეს მაინც მოხდება. ეს კარგია, პრინციპში, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქ სამუშაო არ აქვთ, იქ დასაქმდებიან. ამ მხრივ ბულგარეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და ბალტიის ქვეყნებში მოსახლეობამ თავიანთი პრობლემები მოიგვარა, როდესაც მათ ვიზალიბერალიზაციის საშუალება მიეცათ. საქართველოს მოქალაქეებიც რომ მიიღებენ, ეს ურიგო არ არის. მერე სივრცესთან ადაპტაცია გულისხმობს იმას, რომ ტრადიციული რუსული ორბიტიდან გადავინაცვლეთ ახალ ევროპულ ორბიტაზე, ენასაც უკვე გავითავისებთ, მენტალურადაც ისედაც ჩვენთან ახლოს მდგარ ევროპას მივუახლოვდებით, ისინიც უკეთ გაგვიცნობენ და დაახლოების პროცესი უფრო სწრაფად წარიმართება, ვიდრე აქამდე მიმდინარეობდა. ეკონომიკური თვალსაზრისით თავისთავად ცხადია, რომ დადებითია. მე საყოველთაოდ მიღებულ ამბებზე ვამახვილებ ყურადღებას, ამიტომ, მოკლედ ვიტყვი, რომ ვიზალიბერალიზაცია შესაძლებლობების ახალი ეტაპია მთელი ქვეყნისთვის.
_ რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის თანმდევ საფრთხეებს?
_ რაც შეეხება საფრთხეებს, ბუნებრივია, ვიზალიბერალიზაციას, ერთი შეხედვით, სერიოზული საფრთხე არ ახლავს, მაგრამ პერსპექტივაში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ საქართველოს მოქალაქეების მიგრაცია არ გაძლიერდეს. დღეის მონაცემებით, ორ მილიონამდე მოქალაქეა საქართველოდან გასული, ეს ქვეყნებია, ძირითადად, რუსეთი, თურქეთი, საბერძნეთი ევროკავშირის ქვეყანაა და იქაც უამრავი ხალხია გასული, ეს ვიზალიბერალიზაცია ახალ ბიძგს მისცემს და პერსპექტივაში თუ სწრაფი განვითარება შედგა ჩვენი ეკონიმიკის (მე კი ამ საკითხს სკეპტიკურად ვუყურებ და უახლოესი 4 წელი, ჩემი აზრით, საკმარისი არ იქნება), თუ ეკონიმიკა გამოცოცხლდა რეგიონში, ჩვენ გარშემო ქვეყნებში, რის ნიშნებიც თითქოსდა შეინიშნება. ნავთობის გაძვირებისა და ფასის მომატების პარალელურად, ოპეკის შეთანხმების შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ ცოტა მოიმატა ნავთობის ფასმა და ამან ეკონომიკას ბიძგი მისცა, შეიძლება გამოცოცხლება, თუ არ შეგვეხო კატაკლიზმები, რაც რეგიონში არის და არ გადმოედო კავკასიასაც, შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის ბუმიც კი ვნახოთ უახლოეს 10 წელიწადში. ამას დასჭირდება დიდი მუშახელი და განსაკუთრებით, კვალიფიციური მუშახელი, სხვადასხვა დონის, რაც უკვე აღმოჩნდება, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის, საჭირო გახდება შრომის ბაზრის გახსნა, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შეესატყვისება, აქედან გამომდინარე, სხვა ჩვენი ეროვნული ინტერესებისათვის თანხვედრი შედეგებით. ჯერჯერობით ამ ერთ საფრთხეზე გავამახვილებდი ყურადღებას და სხვა საფრთხეებს არ გავხდიდი საჯარო მსჯელობის საგნად, რადგან ისინი არის ეროვნული უსაფრთხოების არეალი და ამიტომ, ვფიქრობ, რომ მასზე მსჯელობა უფრო მიზანშეწონილია ეროვნული უშიშროების საბჭოს ეგიდით სტრუქრტურებში და შიგნით სამუშაო ვითარებაში განხილვა, რადგან არის საკითხები, რომლებზედაც საჯარო მსჯელობა, განსაკუთრებით დღევანდელი საინფორმაციო სივრცის მომცველობის პირობებში, მიზანშეუწონლად მიმაჩნია.
_ ტრამპის პოლიტიკაზეც ვისაუბროთ. როდესაც ის ხელისუფლებაში მოდიოდა, საიმიგრაციო პოლიტიკაზე საუბრობდა, ამ კუთხით რაიმე გავლენას თუ მოახდენს ჩვენს ქვეყანაზე და როგორ უყურებთ, საერთოდ, მის ამ განცხადებას და, ზოგადად, მის პოლიტიკას?
_ ტრამპი მსოფლიო პოლიტიკის სერიოზული ფაქტორია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, ტრამპი საარჩევნო კამპანიაში და ტრამპი პრეზიდენტის სავარძელში სხვადასხვა პიროვნება იქნება თავისი ნაბიჯებით, მართვის შინაარსით და ა. შ. რადგან უზარმაზარი ხომალდია შეერთებული შტატები და მისი მარჯვნივ ან მარცხნივ გადახვევა (პირობითად ვუწოდებ მიმართულებებს და არა პოლიტიკური თვალსაზისით) მკვეთრად იქნება კატასტროფული არა მარტო შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ და არ ვიცი, უკვე უწოდეს თუ არა დასავლეთში და დამკვიდრდა თუ არა ეს ტერმინი _ ტრამპის ეფექტი _ ეს არის უკვე შემდგარი ფაქტი და დღევანდელი მსოფლიო ამიერიდან ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული იყო _ ორი პოლუსის დაპირისპირება, შემდეგ უფრო გამარტვდა და ერთპოლუსიანი მსოფლიო, მსოფლიოში დასავლეთის პოლიტიკური კლასის დომინირება, აქედან გამომდინარე პრობლემებით და ისლამური სამყაროსა და დასავლეთის დაპირისპირებით, კონფლიქტით, რომელიც დღესაც გრძელდება სხვადასხვა სივრცეში სხვადასხვა გამოვლინებით. ასეთი მსოფლიო უკვე ვეღარ იქნება, იმდენად, რამენადაც, როდესაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ჰაკერული იერიშების მეშვეობით და სხვა საშუალებებით არსებითი გავლენა მოახდინა ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნების შედეგებზე, აქ ძველი სამყარო დასრულებულია. კარიბის კრიზისის შემდეგ ასეთი ხიფათი დასავლეთს არ უგრძნია, რაც კუბასთან ჩვენი რეაქტივი კონტინენტი გამოჩნდა. სიტყვა ჩვენს იმიტომ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ სსრ კავშირი ვიყავით, ბუნებრივია, ჩვენ არ გვეკუთნოდა ის კონტინენტი. როცა კარიბის კრიზისის იქით გამოჩნდა და ამერიკას საბჭოთა კომუნისტური საფრთხე ახლოს მიუახლოვდა, იმის შემდეგ ასეთი ზეგავლენა რუსეთს მსოფლიო მოვლენებზე არ მოუხდენია და საფრთხე არ შეუქმნია დასავლეთისთვის. ხედავთ, რას ამბობენ, რომ პუტინმა ზეგავლენა მოახდინა ამერიკის არჩევნებზე, ტრამპის იმიჯი გააუმჯობესა და კლინტონის, ასე ვთქვათ, გააუფასურა და დასცა, შეურაცხყო თავისი მესიჯების გამოქვეყნებით. ეს რამდენად ზუსტია, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ფაქტია, რომ აშშ-ს სადაზვერვო უწყება პუტინის ადმინისტრაციის როლს დასავლეთში არ შეაფასებს და აქამდე ჩვენ გვეგონა, პუტინს არეულობების მოწყობა მხოლოდ კავკასიაში შეეძლო ეთნიკური უმცირესობების პრობლემების გამწვავებით და აქ ემართა პროცესები. მართალი რომ გითხრათ, პირადად მე, ეს შეფასება გადაჭარბებული მგონია და საერთოდ, პუტინის ძლევამოსილებაც არ მგონია ასეთი სერიოზული და დიდი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამერიკა, თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ასე აღიქვამს მოვლენებს, თავისთავად ახალი ერის დასაწყისია. სხვათა შორის, ამას ბრექსიტმა არ დაუდო სათავე და ჩემი აზრით, როგორც ანალიტიკოსი, მეტ-ნაკლებად, ვაკვირდები ამ პროცესებს და ამას სათავე დაუდო საფრანგეთისა და ნიდერლანდების მოსახლეობის მიერ ევროპის საერთო კონსტიტუციაზე უარის თქმამ. აქ ინტეგრაციული პროცესების ახალი ხარისხისკენ უკვე სხვა შეჩერდა და ახალი პროცესი დაიწყო, რაც ახლახან ბრექსიტით დაგვირგვინდა, ამას დაუმატეთ ტრამპის ეფექტი. თუ რიტორიკას დავეყრდნობით, ცხადია, რომ ხედვები უნდა შეიცვალოს. არა მარტო ისლამი დააფიქსირა საფრთხედ და ხანდიქტონის ორი სამყაროს შეჯახების გარდუვალობა განავრცო ჯერ კიდევ ბუშმა უმცროსმა, რომელმაც ინდოეთისა და ჩინეთის მზარდი ეკონომიკები გამოაცხადა მთავარ საფრთხედ ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის, აქედან, ამ სივრცისთან უკვე ახალი პოლიტიკის ჩამოყალიბების თეზა მიდის. ჯერ ბაზარმა მიიზიდა ჩინეთისა და ინდოეთის ტრანსეროვნული კორპორაციები და იაფმა მუშახელმა, საწარმოები მთლიანად გაზარდეს, ინდუსტრიალიზაცია მოხდა, იგი მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდა აშშ-ს საშუალო კლასისთვის, რომელიც შთამომავალია იმ ევროპელი ემიგრანტებისა, რომლებიც ამერიკაში ჩავიდნენ და იქ შექმნეს ახალი ცივილიზაცია აფრიკიდან მონებად ჩამოყვანილ შთამომავლებთან ერთად. ისინი პროვინციულ ქალაქებში, უპერსპექტივო მდგომარეობაში შერეკილები აღმოჩნდნენ, პოლიტიკური ელიტის ფინანსური კეთილდღეობა იზრდებოდა, ხოლო ამათი უარესდებოდა და პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ამიტომ მოევლინა მათ მილიარდერი ტრამპი, რომელიც უკმაყოფილო ამერიკას ჩაუდგა სათავეში და ახალი სიტუაცია მოგვცა. რა მოხდება? _ სისტემის წინააღმდეგ ამხედრებულ ტრამპს მოათვინიერებს თუ არა ამერიკული ელიტა, ეს ერთი საკითხია და ამას ჩვენ ვნახავთ, დაახლოებით, 1-2 წელიწადში, მაგრამ ეს მოთვინიერების პროცესი ვერ მოხსნის დასავლეთის წინაშე დღეს მდგომ პრობლემებს. ვერც მზარდი ჩინური და ინდური ეკონომიკების საფრთხეს, ვერც რეინდუსტრიალიზაციის კურსით დაუპირისპირდება, როგორც ამას დანი როდრიგი და ფეიდლი, ახლახან თბილისში ჩამოყვანილები, ამბობდნენ, რომ ამ კუთხით უნდა წავიდეთ, ძალიან რთული და ძნელი იქნება ამ შემობრუნების განხორციელება, მაგრამ ფაქტია, რომ ტრამპმა დააფიქსირა ჩიხი, რომელშიც დასავლეთი შევიდა გლობალური პრობლემის გადაჭრაში. გლობალიზაცია თავისთავად აღმოჩნდა სერიოზული საფრთხისა და პრობლემების წინაშე. ტრაგედია ის არის, რომ გლობალიზაციის ალტერნატივაც არ არსებობს, მემარჯვენე ნაციონალიზმი, რომელიც ალაგ-ალაგ თავს იჩენს ან მემარცხენე პოპულისტური ექსტრემიზმი, ვთქვათ, 5 ვარსკვლავი იტალიაში და სხვადასხვა, არანაირ საფუძველს არ იძლევა, რომ რამდენად მოაგვარებს დაყოფილი და გათიშული ევროპა ახლო აღმოსავლეთის პრობლემას, ერაყის პრობლემას, არაბული გაზაფხულის შედეგად ომებით მოცული ქვეყნების პრობლემას, ავღანეთის პრობლემას. ჯერჯერობით, ამაზე მხოლოდ ფიქრი შეუძლიათ დასავლეთის იმიჯტრესტებს და ჩვენთან ცალკეულ ინდივიდებს, მოგეხსენებთ, ჩვენთან ასეთი ტრესტები არ არსებობს. ამას სერიოზული განსჯა უნდა. ერთი შეხედვით, ტრამპის დამსახურება ის არის, რომ მან დააფიქსირა და აღიარა ჩიხი, მან თქვა, რომ ასე არ შეიძლება გაგრძელდეს, რომ რუსეთი ბოროტებაა, ამის რეკლამირება და ამით აპელირება და თან რუსეთი ბოროტების უშრეტი წყაროა და თან არსად არ ლაგდება მოვლენები ამის პარალელურად და თან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა და თან რადიკალურ ისლამთან ბრძოლა, ერთდროულად არ გამოდის. ასე რომ, ტრამპი სერიოზული მოვლენა და გამოწვევაა ამერიკისთვის და მთელი მსოფლიოსთვის იმიტომ, რომ ადამიანი ვოლოგდაში რომ ცხოვრობს და მუშაობს, ტრამპის ეფექტი იმაზეც ვრცელდება, თბილისში ბაზრობაზე რომ ზის, იმაზეც ვრცელდება, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც ამერიკას მთავარი მოკავშირე აუმხედრდა რეგიონში _ თურქეთი, სადაც მას მთავარი სამხედრო ბაზა აქვს საბჭოთა საპირწონე, ხოლო დღეს დამოუკიდებელი რუსეთის. ამიტომ ეს არის ძალიან სერიოზული ამბები, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, ჩვენ გვმართებს მოქნილი დიპლომატია, თორემ დიდ ქვეყნებს ძალაც აქვთ თავიანთი ეროვნული ინტერესების მომსახურებისთვის. ჩვენთან დიპლომატია, ლიდერშიპი, პოლიტიკური სპექტრი, ვინც ამას გაიაზრებს, არ ჩანს. ერთნი არიან პროამერიკული ზედაპირული ისტებლიშმენტი, დასავლეთის თუთიყუშები და მეორენი არიან პრორუსები, რომლებიც არიან მიყუჟულნი სივრცეში და ელიან დასავლეთისგან რუსეთის გაძლიერებას. ახლა ძალიან გულმოცემულნი არიან იმით, რომ რუსეთის გავლენა დასავლეთის ასეთი სახეცვლილებისა და ტრანსფორმაციის გამო გაიზარდა, რუსული მონოლითი უფრო საიმედოდ გამოიყურება, მაგრამ რეალურად ეს არის კატასტროფისკენ მიმავალი გზა, ასეთი დასუსტებული დასავლეთი და ძლიერი რუსეთი კიდევ უფრო მეტი საფრთხეა მსოფლიოსთვის, ვიდრე ძლიერი დასავლეთი და დასუსტებული რუსეთი. თუმცა ისიც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა და წარმოადგენს. ასე რომ, ამ ყველაფერზე ერთად უნდა ვიფიქროთ.
_ აღნიშნეთ, რომ რუსეთი არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ უკვე საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურდა. ამ ფონზე რუსეთისგან საქართველო რა საფრთხეს უნდა ელოდეს?
_ გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ ამ პრობლემას. რუსეთი ისევ არის იმპერიული ცნობიერების ტყვეობაში, ეს სხვათა შორის, ძალიან დამაზიანებელია როგორც ყოფილი სსრ კავშირიდან ჩამოყალიბებული ქვეყნებისთვის, ისე პოსტსოციალისტური ქვეყნებისთვის და თვით რუსეთისთვის, რადგან მისი დიდმპყრობელური პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, აგროვებს შინაგან მუხტს, რომლის აფეთქების შედეგად ესა თუ ის დიდმპყრობელური იდეოლოგიის საფუძველზე აშენებული ქვეყანა ინგრევა, მაგრამ, რეალურად, ამ ეტაპზე, ცხადია, რომ ამ სიტუაციით რუსეთი ყოფილი საბჭოთა და ყოფილი სოციალისტური ბანაკის მასშტაბით ჰეგემონობისკენ მიისწრაფის და ბუნებრივია, ეს არის საფრთხე ყველა ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, მაგრამ ეს ქვეყნები, ძირითადად, არ არიან წინააღმდეგნი რუსეთთან კეთილმეზობლური, თანასწორუფლებიანი, მშვიდობიანი ურთიერთობის, არ არიან წინააღმდეგნი რუსეთის აყვავებულ ქვეყნად გადაქცევის. მაშინ, როდესაც თავად რუსეთი ამ ქვეყნების სრულფასოვანი და სრული სუვერენიტეტის მოწინააღმდეგეა და ის ცდილობს ამ ქვეყნებში არსებული ეთნიკური უმცირესობების, ეკონომიკური რეგიონული პრობლემების თავის სასარგებლოდ გამოყენებას ამა თუ იმ ქვეყანაში ძველი გავლენის დასაბრუნებლად, ის აქეთკენ არის მიმართული და რა თქმა უნდა, ამას შეეცდება საქართველოშიც. ეს არის ახალი ვითარებიდან მომდინარე მოცემულობა. სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია ამას წინ აღვუდგეთ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ერთადერთი რამ, რომ რუსეთთან დავიწყოთ ესოდენ დაგვიანებული დიალოგი ყველა დონეზე, მათ შორის, უმაღლეს დონეზე, რაც არ უნდა ძნელი იყოს ეს და რა საფრთხეების შემცველიც არ უნდა იყოს. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ თუ არ ველაპარაკეთ რუსეთს, ამავე დროს, თუ არ ჩამოვაყალიბეთ, მეტ-ნაკლებად, გასაგები პოლიტიკა თურქეთთან, თითქოს თურქეთი ჩვენი პარტნიორი, თითქოს თურქეთის ეკონომიკა ჩვენი ეკონომიკის ნაწილია და სინამდვილეში რა ხდება, ჩვენ არ გვაქვს არანაირი პოლიტიკური დიალოგი რუსეთთან, ერდოღანთან საქართველოს პოლიტიკური პირები დიალოგს ვერ აწარმოებენ და უმცროსის პოზიციიდან ენის მოჩლექით ლუღლუღს ამჯობინებენ. ჩვენ არ გვაქვს დიალოგი პოლიტიკურ არენაზე დაბრუნების მოსურნე ირანთან, არ გვაქვს არანაირი ურთიერთობა და მოლაპარაკებები სომხეთთან, რომელიც მოსკოვის გავლენის ქვეშაა, მაგრამ ჩვენი მეზობელია და დიდი ხნის განმავლობაში სომხები და ქართველები ერთი სამეფოს მოსახლეობას შეადგენდნენ და ქართულთან ზოგჯერ ზღვარის გავლებაც ჭირს. ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა აზერბაიჯანთან, რომელთან საუბარი შემოიფარგლება ნავთობით, გაზით და დამთავრდა, ჩვენ არც კი ვიცით, რომ საქართველოს აზერბაიჯანული თემი, რომელიც ლამის ნახევარ მილიონს შეადგენს, როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გასაძლიერებლად. წარმოიდგინეთ, ისეთი პარადოქსების ქვეყანა ვართ, რომ ამდენი აზერბაიჯანელი და ეთნიკური სომეხია ქვეყანაში და ერთი მინისტრი არ გვყავს ამ ეთნიკური წარმომავლობის ქვეყანაში, საფრთხეების შემცველი ეს უფროა, ვიდრე რუსული იმპერიული პოლიტიკა, ადრე თუ გვიან, რუსეთს სხვა გამოსავალი არ აქვს, ის ან უნდა დაიშალოს, ან უნდა გახდეს დემოკრატიული, ცივილიზებული, აყვავებული და ასეთივე ცივილიზებული უთიერთობები უნდა დაამყაროს თავის ყოფილ კოლონიებთან. სხვა შემთხევვაში, ელემენტარულად, დაიშლებიან. პრინციპში, მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო მათი არსებობის, განვითარებისა და აყვავების.
_ დღევანდელ ხელისუფლებაში თუ ხედავთ იმ ძალას, თქვენ რა პრობლემებიც ჩამოთვალეთ, ის რომ მოაგვარონ?
_ არასწორად რომ არ იყოს გაგებული და რომ არ მომაწერონ ორაზროვნება ამ შეფასებაში, ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე ყველაზე უკეთ ამის გაკეთება შეუძლია მმართველ ძალას. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და არ ვიპალარაკებ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე მმართველ ძალაში პოლიტიკოსებს ვერ ვხედავ. პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბებულს ვერც კვირიკაშვილს ვხედავ, ის არის შესანიშნავი მენეჯერი, არაჩვეულებრივი პიროვნება, გონიერი ადამიანი, მაგრამ პოლიტიკურ ლიდერად ის ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგია, მან მრჩევლად დაინიშნა თედო ჯაფარიძე. ეს არის ნამდვილად მისასალმებელი იმიტომ, რომ ამ ადამიანს გამოცდილება და ხედვა აქვს. თუ რაღაც გუნდი შეიკრება, რომელიც თავის ნიჭიერებას პოლიტიკურ ხედვებად გარდაქმნის და რეალიზაციის უნარს გამოამჟღავნებს, მაშინ ამ ძალას ამ პრობლემების გადაწყვეტის უნარი ექნება. კარგი პოლიტიკური ჯგუფი ყალიბდება პრეზიდენტ მარგველაშვილის ირგვლივ, რომელსაც, ამ ეტაპზე, პოლიტიკური ამბიციები არ აქვს, მაგრამ თვითონ ჯგუფი საკმაოდ საინტერესოა. სამწუხაროდ, „ნაციონალურ მძრაობას“ გაუჭირდება რეალური ოპონირების განხორციელება, რადგან მან დღემდე ვერ შეძლო თავისი საქმიანობის ადეკვატური შეფასება, არადა, ინტელექტუალური ძალა აქვს, ძალიან ბევრი კარგი პოლიტიკოსი ჰყავს და პოლიტიკური ხედვების მქონე ინტელექტუალი არის ამ პარტიის რიგებში. დასანანი იქნება, თუ ისინი ქვეყნის საკეთილდღეოდ არ იღვაწებენ და სხვა ძალები. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ქვეყანას კიდევ აქვს რესურსი 1-2 პოლიტიკური ძალის ჩამოსაყალიბებლად, სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში არ არსებობს ამისთვის ფინანსური რესურსი, რადგან პარტია სერიოზული დაფინანსების გარეშე პოლიტიკურ ბაზარზე ვარ დაიმკვიდრებს კუთვნილ ადგილს, ქვეყანაში დღეს არის ორი ფული და ფაქტობრივად, ორი ძალა _ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, თორემ 2-3 ახალი პოლიტიკური ძალისთვის სივრცე არსებობს, სხვათა შორის, ძველი ძალების ტრანსფორმაციისთვისაც, ამის გარეშე ჩვენ ჩიხში შევალთ. ვფიქრობ, რომ არ არის გამორიცხული ქვეყენაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებაც იმ ფონზე, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. იგულისხმება სოციალური პრობლემები, სწრაფი განვითარება, რომლის ეკონომიკური მახასიათებლები არსად შემხვედრია. ვფიქრობ, ძალიან სერიოზული მნიშვნელობის იქნება მომავალ წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. თუ ეს არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ წააგო, 2018 წელს ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი გახდება, რადგან მმართველი ძალის სხვადასხვაობაა და ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის ოპონირება ხელისუფლებისთვის ძალიან რთული იქნება, თუ სერიოზულ პოლიტიკურ მენეჯერად და პოლიტიკურ ლიდერად არ ჩამოყალიბდა ბატონი კვირიკაშვილი და მისმა გუნდმა პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა თუ არ ისწავლა, თან ეს უნდა გააკეთოს საკმაოდ ოპერატიულად.
თამარ ბატიაშვილი