QronikaPlus
არალიცენზირებული იმპლანტები და დასახიჩრებული პაციენტები

არალიცენზირებული იმპლანტები და დასახიჩრებული პაციენტები

2016-12-18 06:21:22

კლინიკები, სადაც ოპერაციები არალიცენზირებული მასალებით ტარდება, სადაც პაციენტებს ასახიჩრებენ და რომლებიც გართულების შედეგად ან იღუპებიან, ან სამუდამოდ ინვალიდდებიან. „ქრონიკა+“ არაერთხელ წერდა ამ ფაქტების შესახებ.   საქართველოს ტრავმატოლოგთა ასოციაციის წევრი, პროფესორი რამაზ აღლემაშვილი, სწორედ ამ საკითხზე საუბრობს:   _ სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ძალიან ბევრია ასეთი კლინიკა არა მარტო თბილისში, არამედ, ზოგადად, საქართველოში. ადრე რაღაც რეგულაციები მოქმედებდა, ტრავმატოლოგიის ინსტიტუტი არსებობდა.   _ დღეს აღარ არსებობს?   _ თითქოს, დაიწყეს. მაგალითად, ტრავმატოლოგიის ასოციაცია ცდილობს, ამ კუთხით თავისი სიტყვა თქვას. იმას ვგულისხმობ, რომ ვცდილობთ, ხარისხთან დაკავშირებული განუკითხაობა გარკვეულ ჩარჩოებში მოვაქციოთ. ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა გაფრინდაშვილია. გვაქვს შეხვედრები, საუბრები, როგორმე საერთაშორისო რეგულაციებს დავუქვემდებაროთ. მე თუ მკითხავთ, ძალიან მარტივია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ეს კლინიკები შემოწმდეს. მაგალითად, აქვს კი იმ კლინიკას რენტგენი, ლაბორატორია და ა. შ., ანუ ის ტექნიკურ-მატერიალური ბაზა, რაც საჭიროა ტრავმატოლგიური კლინიკის, ან, გნებავთ, ტრავმატოლოგიური განყოფილებისთვის?   _ დავაკონკრეტოთ, რას გულისხმოთ „არალიცენზირებულ“ კლინიკებში?   _ ყველგან არიან მოდებულები და  სოკოებივით მრავლდებიან. არ ჰქვია ბევრს ტრავმატოლოგიური, მაგრამ ტრავმატოლოგიური ოპერაციები კეთდება. ბევრი ავადმყოფი მირეკავს და მეუბნება, რომ სასწრაფომ მიმიყვანა ასეთ კლინიკაშიო. წარმოიდგინეთ, არც მე და არც ტრავმატოლოგთა ასოციაციის არც ერთ წევრს სახელიც კი არ გაგვიგია იმ დაწესებულების. რომ ვეუბნები, ვინ არის ტრავმატოლოგი, დამალაპარაკე, ზოგიერთი ექიმის გვარ-სახელიც არ ვიცი.   _ ხომ შეიძლება, რომ არ იცოდეთ?   _ შეიძლება, მთლად კორექტულად არ გამომდის, მაგრამ ამ სფეროში ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. თუ არადა, გაგვიგია მაინც ერთმანეთის შესახებ. მე ვარ გერმანულად ორიენტირებული ადამიანი. ყველგან მინახავს და ჩვენი სფეროს მუშაობის სპეციფიკას გავცნობივარ, _ საფრანგეთში, ინგლისში, ამერიკასა და ა. შ. მომწონს ის სისტემა, სადაც აუცილებელი კომპონენტია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომ ქირურგმა სრულყოფილად შეძლოს ოპერაციის ჩატარება.   _ საბოლოო ჯამში, საითკენ მივდივართ, რომ კლინიკების უმეტესობა იმ მასალას იყენებს, რომელიც არალიცენზირებულია და, აქედან გამომდინარე, იაფფასიანი?   _ ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ საქართველოში კონკურენცია დიდია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ყველამ ვიცით, ვინ სად უნდა მივიდეს. მაგალითად, გვინდა კარგი სტომატოლოგი, ვეძებთ კარგ სტომატოლოგს: ვურეკავთ მეზობელს, ნათესავს და ა. შ., ანუ რაღაცის გამო მივდივართ სადღაც. არსებობს კლინიკები, რომელიც ვერასოდეს გაგიწევს კონკურენციას შენს შესაბამისობაში, იმიტომ რომ სახელი გაქვს, გზა გაქვს გავლილი და ა. შ. შესაბამისად, რაღაცით კომპენსაცია ხომ სჭირდება ბაზარზე „არაფრით“ შემოსულ კლინიკას, ეს ყველაფერი რომ გადაწონოს და კომპენსირდება სწორედ ფასით. ხშირად მიკვირს, ეს ოპერაციები კლინიკებში იმ ფასად როგორ კეთდება?! ე. ი. ავადმყოფს რაღაცას აკლებ. არიან ცოტა ძვირიანი კლინიკები, მაგრამ შემოსვლის დღიდან ხალათს რომ იცვამს პაციენტი, გაწერამდე, კვების ჭურჭლის ჩათვლით, ყველაფერი ერთჯერადია. ეს ასევე აძვირებს ღირებულებას. მაშასადამე, პირველ რიგში დგას ის, რამდენად ხარისხიან მომსახურებას უწევ პაციენტს.   _ ფასებს დავუბრუნდეთ...   _ არსებობს ხერხემლის ინპლანტები, რომლის 1 ცალი 500 დოლარზე ნაკლები არ ღირს და არის ისეთიც, რომელსაც 150 ლარად იყიდით. აი, ამხელა სხვაობაა. არადა, რაც უფრო მაღალხარისხიანი ინპლანტით გააკეთებს ექიმი ოპერაციას, მით მეტად არის დაზღვეული გართულებებისგან. შემდეგ ანტიბიოტიკები, შესახვევი მასალა, ფიქსატორები და ა. შ. აქაც არის განსხვავება. მაგალითად, ანტიბიოტიკებიდან როცეფინი ღირს 10-15 ლარი და არსებობს ცეფტრიაქსონი, რომელიც ლარნახევარი ღირს. ორივე დარეგისტრირებული პრეპარატია და ექიმის გადასაწყვეტია, რომელს გაუკეთებს პაციენტს. მე, მაგალითად, მირჩევნია, ორი როცეფინი გავუკეთო და 30 ლარი გადავიხადო, ვიდრე ათი ცეფტრიაქსონი და ათი ლარი გადავიხადო იმიტომ, რომ ამით უფრო დაზღვეული ვარ გართულებისგან.   _ რას გულისხმობთ, რომ ძვირადღირებული პრეპარატების შემთხვევაში პაციენტს გართულება არ ექნება?   _ ადამიანი არ არის მანქანა, რომ გარანტიები გქონდეს: მოარგო ჭანჭიკი, შეუცვალო სამუხრუჭე სისტემა და გარანტია მისცე, რომ კიდევ 500 კილომეტრს გაივლის. არა, ადამიანი არის ინდივიდუალური და ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება. ესა თუ ის პრეპარატი ერთისთვის, შეიძლება, წამალი იყოს და მეორისთვის _ საწამლავი. ეს კვლევები, დაკვირვებები, მისადაგება და ა. შ. საკმაოდ ძვირადღირებულია.   _ მიახლოებითი რაოდენობა რომ მითხრათ, რამდენი კლინიკა არსებობს? ავიღოთ დიღმისა და არამიანცის კლასტერი ცალ-ცალკე, სადაც არალიცენზირებული ინპლანტებით კეთდება ოპერაციები...   _ უამრავი. რამდენიც გნებავთ.   _ დაკონკრეტება გთხოვეთ, _ ათი?   _ ათი რა არის?! ერთი _ ასი!   _ როგორ ხვდება უხარისხო, მაგალითად, ჩინური მასალები კლინიკებში?   _ როგორც წესი, ტენდერი ცხადდება. მაგალითად, ერთ-ერთმა კლინიკამ ტენდერი გამოაცხადა და გაიმარჯვა ფირმამ, რომელიც საერთოდ არ აწარმოებდა და არც შემოჰქონდა ეს ნაწარმი საქართველოში. როცა უთხრეს, მოგვაწოდეო, უპასუხეს, _ რა უნდა მოგაწოდოთო? პარადოქსულია, მაგრამ მოხდა. კიდევ ვიმეორებ: ადამიანი მანქანა არ არის, ჭანჭიკი მოუჭირო და გარანტიები მისცე. ყველა ოპერაციას თავისი რისკები, ჩვენება და უკუჩვენება ახლავს. ევროპაშიც ამ გართულებების რიცხვი, დაახლოებით, 4-7%-ია. თუ შეფარდებით ვიმსჯელებთ, შედეგად, „ჯონსონისა“ და „ციმერის“ იმპლანტები თუ ამომიღია წელიწადში ერთი-ორი, სხვა მწარმოებლების ათი ამომიღია.   _ თქვენ ახსენეთ იმპლანტები, რომელსაც ლიცენზია არ აქვს, ანუ, სადღაც, `ცეხში” მზადდება?   _ დიახ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით: ჩინეთში, თურქეთში, ინდოეთში. იქ არც შემადგენლობაა განსაზღვრული და არც სხვა დანარჩენი. არადა, მაღალი ხარისხის იმპლანტების სტერილიზაცია რამდენიმე ფაზას გადის. მათ ეს შეფუთვაზეც ეტყობათ, ხარისხზეც და მეტალის დამუშავების ვიზუალზეც.   _ არალიცენზირებულ იმპლანტებს საქართველოში თავიანთი წარმომადგენლები ჰყავთ?   _ რამდენიც გნებავთ!   _ ეს იმას ხომ ნიშნავს, რომ არაევროპული, შესაძლოა, ცუდი ხარისხის იყოს?   _ არა, რა თქმა უნდა. საქართველოში შემოდის, მაგალითად, იმპლანტები, რომლებიც ინგლისურია და ინდოეთში მზადდება. საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და ვხმარობთ, მაგრამ არის იმპლანტები, რომლებიც სრულიად გაურკვეველი წარმოშობის გახლავთ, ყოველგვარი ლიცენზიებისა და სერტიფიკატების გარეშე. შემოდიან ეს კომპანიები, რაღაც სეგმენტს იკავებენ, მერე ქრებიან. ძირითადად, ჩინურ და თურქულ წარმოებებს ვგულისხმობ. თუმცა იქაც არის პროდუქცია, რომელიც საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და ნუ ვიტყვით, რომ მაინცდამაინც ევროპულია კარგი. უბრალოდ, იმიტომ ვსვამ ევროპულზე აქცენტს, რომ იქ საერთაშორისო სტანდარტებს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. უხარისხო პროდუქცია ბაზარზე, მით უმეტეს, სამედიცინო ბაზარზე, იქ ვერ მოხვდება.   _ მაშინ ჩვენთან რატომ ხვდება? ევროპაში რაღაც რეგულაციებს გადიან, რასაც ჩვენთან უგულებელყოფენ?!   _ ალბათ. და ეს შესამჩნევიც არის. ევროპიდან პროდუქცია მთელი თავისი ბიოქიმიური შემადგენლობით, თავისი დამცავი მექანიზმებით მოდის. შესაბამისად, გართულებების შემთხვევაში პასუხისმგებლობას მწარმოებლებიც იღებენ. საქართველოში კი ბაზრის უმეტესი პროცენტი ისეთ შემომტანებს უკავიათ, რომელთა პროდუქცია იღუნება, ტყდება, ორგანოებთან შეუთავსებელია.   _ საქართველოში არის წარმომადგენლობები და არის ფირმები. თქვენ წარმომადგენლებისგან ყიდულობთ?   _ კი ბატონო, არის ფირმები, არიან მათი წარმომადგენლები და მათთან შეთანხმებისა და შეკვეთის მერე ვღებულობთ პროდუქციის. ძირითადი კლინიკები, რომელთაც ხარისხზე აქვთ პრეტენზია, არიან „ჯონსონი“, „ციმერი“, „სერფი“ და სხვ. ანუ საქართველოში არის კომპანიები, რომლებიც მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებენ. მე თვითონ ვარ ნამყოფი ყველა ქარხანაში, საიდანაც პროდუქციას ვიღებთ. წარმოების ხაზი შემოწმებული მაქვს. ეს პროდუქცია რომ გამოდის, მერე სხივურ და ლაზერულ დიაგნოსტიკას გადის, თითოეულ სერიას თავისი ნომერი აქვს მინიჭებული, სერტიფიცირებულია და ყველა იმპლანტს თავისი ნომერი და კოდი აწერია. საკუთარი პასპორტი აქვს, ერთი მიდის შემკვეთთან და მეორე ეგზემპლარი ისტორიაში რჩება. ანუ ერთი ფირმას მიაქვს და ერთიც _ პატრონს, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს პაციენტი.   _ კი მაგრამ, ისიც ვთქვათ, რომ ეს აძვირებს ოპერაციის თვითღირებულებას…   _ აძვირებს, მაგრამ დამცველი მექანიზმიც მეტია. არის იმპლანტები, რომლებსაც თავისი ცვეთის ხარისხი აქვს. პირველ ეტაპზე, შესაძლოა, სახელმწიფოს იაფი უჯდება მოცემულ სიტუაციაში იაფფასიანი იმპლანტების ჩასმა და ერთი ავადმყოფის მკურნალობა, მაგრამ უახლესი ერთი წლის განმავლობაში ეს ავადმყოფი ისევ გართულებებით მოდის, შეუთავსებლობით, რომელიც უნდა ამოიღო, დაჩირქებული ჭრილობით და უკვე დამატებით სჭირდება მედიკამენტოზური მკურნალობა, ეს უკანასკნელი კი საკმაოდ ძვირი ჯდება. ყოველივე ამის შემდეგ ისევ ხელახალი იმპლანტირება სარევიზიო პროთეზით და ეს ყველაფერი უკვე ორჯერ მეტად ძვირი პროცედურაა.   _ თვეში, საშუალოდ, რამდენი „გართულებული“ პაციენტი მოგმართავთ?   _ საშუალოდ, თვეში 5-6 გართულებული პროთეზირების აღდგენა მიხდება. ვიღებთ პროთეზს, მერე პაციენტს ვასვენებთ, ვინაიდან   შეუთავსებლობაა და მერე სპეციალურად ვუთესავთ სარევიზიო პროთეზს. ეს ყოველივე კი პაციენტსაც და სახელმწიფოსაც ბევრად მეტი უჯდება. რაც საყოველთაო დაზღვევა შემოვიდა, ჩვენ მეტი გასაქანი მოგვეცა, რომ ხარისხიანი პროთეზირება გავაკეთოთ, თორემ ადრე, კერძო სადაზღვევო სისტემის დროს, სრული ქაოსი იყო. უმეტეს შემთხვევაში ვალდებული იყავი, რასაც მოგაწოდებდნენ, ისინი ჩაგესვა. კატასტროფული შედეგები გვქონდა. ახლა სახელმწიფოს ამ ოპერაციებისთვის თავისი სრული თანხა აქვს. ჩვენ ავადმყოფს უკეთესი მომსახურების პირობებს ვთავაზობთ და მერე ავადმყოფი ირჩევს. ეს ყველაფერი ფიქსირდება და ხელს აწერს. ავადმყოფი თვითონ წყვეტს ოპერაციის ხარისხს, რომელი პროთეზი უნდა, რომ ჩაისვას.   _ ბატონო რამაზ, კონკრეტულად, რა პრობლემას ქმნიან ის კლინიკები, სადაც, დავუშვათ, არალიცენზირებული ინპლანტებით, პრეპარატებით და რაც მთავარია, საკმაოდ იაფ ფასად ტარდება ტრავმატოლოგიური ოპერაციები?   _ ერთმა ჩემმა კოლეგამ თქვა, ხუმრობით, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი უხარისხო ოპერაცია გაკეთდება, მით უფრო მეტი სამუშაო მექნებაო. ეს არ ნიშნავს, რომ დაე, აკეთონ, მერე ხომ ისედაც ჩემთან მოვა?! ამორალურია ეს ყველაფერი, სხვა თუ არაფერი!      

თამარ როსტიაშვილი

         

გაზიარება