QronikaPlus
ლევან ხაბეიშვილი: ,,ნარმანია რესტორნებს არ იკლებს და ამ დროს დედაქალაქში სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი 26 000-მდე გაიზარდა!“

ლევან ხაბეიშვილი: ,,ნარმანია რესტორნებს არ იკლებს და ამ დროს დედაქალაქში სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი 26 000-მდე გაიზარდა!“

2016-12-18 06:19:49

    პოლიტიკური პარტია „ახალი საქართველოს“ წევრი ლევან ხაბეიშვილი „ქრონიკა+“-თან დედაქალაქის მერიაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს:   _ თბილისის მერიას 2015 წელს 180-მდე შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავდა. მათმა სახელფასო ანაზღაურებამ 2 მილიონ 178 974 ლარი შეადგინა, პრემიამ კი _ 416 698 ლარი. ანუ ჯამში ბიუჯეტიდან მათთვის 2 595 672 ლარი გამოიყო. საშუალოდ, 1 შტატგარეშე მოსამსახურის ანაზღაურება 1300 ლარი გამოდის.   _ წელს რა მდგომარეობაა?   _ მიმდინარე წელსაც, ფაქტობრივად, იდენტური ვითარებაა. 9 თვის განმავლობაში შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებამ 1 422 616 ლარი შეადგინა, ხოლო პრემიამ _ 172 070 ლარი. 9 თვის განმავლობაში, ჯამში, მათთვის 1 594 684 ლარი გამოიყო. საგანგაშოა ვითარება საბურთალოს რაიონის გამგეობაშიც, სადაც შტატგარეშე მოსამსახურე ადამიანთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, ფაქტობრივად, 7-ჯერ გაიზარდა. 10 რაიონის გამგეობას შორის საბურთალოს რაიონის გამეობამ ამ სფეროში ყველაზე მეტი თანხა დახარჯა, რაც, ჯამში, 195.138 ლარს შეადგენს. მაშინ, როდესაც დედაქალაქის მერიაში საშტატო ერთეული ისედაც გაზრდილია, გაუგებარია, რატომაა დამატებით ხელშეკრულებით ადმიანების აყვანის საჭიროება, რომელთა თანამდებობრივი აღწერილობის შესახებ ბევრი არც არაფერია ცნობილი. თანამშრომელთა ნაწილმა, ფაქტობრივად, არც კი იცის მისი უფლება-მოვალეობები. ჩნდება კონკრეტული ეჭვი, რომ ადმიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდებს ვერ აბარებენ, უწყებაში ისინი ხელშეკრულებით აჰყავთ. ამ ფონზე მერიაში შტატგარეშე დასაქმებულ ადამიანთა ანაზღაურება 30%-ით აღემატება რიგითი პატრულ-ინსპექტორისა თუ თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორის ყოველთვიურ სარგოს.   _ „სხვა ხარჯებს“ რაც შეეხება?..   _ თბილისის მერიამ 2016 წლის იანვრიდან დღემდე სარესტორნო ხარჯებში დახარჯა 513 318 ლარი, რაც, დაახლოებით, თვეში, 47 ათას ლარამდეა. ე. ი. მერიას ნახევარ მილიონ ლარზე მეტი რესტორანში ისე აქვს დახარჯული, რომ თანამშრომლებმა დანა-ჩანგლის ხმარება ვერ ისწავლეს და ამისთვის კიდევ ტენდერი გამოცხადდა, რომელიც მოსახლეობის ჯიბიდან უნდა დაფინანსდეს. მოკლედ, ხმამაღლა დაგვცინიან. როცა მერიის წარმომადგენელს ჰკითხეს, ეს ტენდერი რატომ დაიგეგმაო, უპასუხეს: საჭიროებიდან გამომდინარეო. ანუ რესტორანში ბიუჯეტის ხარჯზე ქეიფისას აღმოაჩინეს, რომ დანა-ჩანგლის ჭერა და სუფრასთან მოქცევის წესები არ იციან. ამას გარდა, მერიას 10 000-ლარიანი ტენდერი აქვს გამოცხადებული, სადაც „დეველოპერული“ კომპანიების წარმომადგენლების ტრენინგია გათვალისწინებული. ე. ი. მილიონერი შპს-ების წარმომადგენლებსაც თბილისის ბიუჯეტით ვაფინანსებთ მაშინ, როცა თბილისის ბიუჯეტში სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მუხლი 150 000 ლარით არის შემცირებული.   მერი ნარმანია სისულელეებს განაგრძობს, არ იკლებს რესტორნებს, პრემიებს, დანამატებსა და ამ დროს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს დედაქალაქში სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი 26 000-მდე გაიზარდა, რაც რეალურად კატასტროფული მატებაა. საქართველოს მასშტაბით ეს ციფრი 94 000-ია. ამ არანორმალურ სიტუაციას ემატება ის, რომ სოციალური მიმართულებით თბილისის ბიუჯეტი მცირდება, ხოლო შრომის ანაზღაურებაში, 96 მილიონის ნაცვლად, 90 იქნება, ანუ დიდი არაფერი კლებაა. მით უმეტეს, მომსახურების მუხლია რამდენიმე ათეული მილიონით  გაზრდილი, რაც ასევე მათ ფუფუნებასა და ხარჯებს უკავშირდება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ფაქტია, არც იმ მოხელეების რაოდენობა იკლებს, ვინც ბიუჯეტს წურბელასავით აწევს და მხოლოდ იმიტომ ვინახავთ, რომ „ოცნების“ აქტივისტები არიან.   _ „მედიატორს“ კვლევების კიდევ რა შედეგები გაქვთ?   _ დედაქალაქის მერიაში არსებული მდგომარეობის გარდა, „მედიატორი“ საინტერესო კვლევას ასაჯაროებს, რომელსაც დეტალურად მოგიყვებით. ამ კვლევის თანახმად, 9 თვის განმავლობაში პრემია-დანამატის სახით მხოლოდ 7 სამინისტროში გაცემულია 52 მილიონ 257 ათას 845 ლარი.  ეს სამინისტროებია: ენერგეტიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და დიასპორის სამინისტრო. შვიდ სამინისტროში სამივლინებო და წარმომადგენლობითმა ხარჯმა 5 მილიონ 113 ათას 327 ლარი შეადგინა. უკანასკნელ წლებში, კვლევებიდან ჩანს, რომ არ არსებობს პრემია-დანამატების გაცემის შესახებ რეგულაციები. მიუხედავად მთავრობის დეკლარირებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკისა, ეს კვლევა ცხადყოფს, რომ ჩინოვნიკების მადას ბოლო არ უჩანს და მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობისა, არ კლებულობს სამთავრობო ხარჯები.   ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია ინიციატივით გამოდის, რომელსაც საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში წარვადგენთ, რომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე ჩანაწერი გაკეთდეს. კერძოდ, უაპელაციოდ და უმიზეზოდ პრემია-დანამატის გამოწერა ისჯებოდეს კანონით, როგორც საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა ხისტია, უკანასკნელმა პერიოდმა გვანახა, რომ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გვაქვს. მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევებისა, მიუხედავად აუდიტის სამსახურის დასკვნებისა, მიუხედავად მთავრობის დეკლარირებული პოზიციისა, ფაქტია, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება. სხვა არაფერი დაგვრჩენია, გარდა ხისტი საკანონმდებლო ინიციატივისა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფს პრემია-დანამატების გაცემას.       აქვე გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას შვიდივე სამინისტროს შესახებ.   ენერგეტიკის სამინისტრო:   პრემია: 116 250;   დანამატი: 661 309;   პრემია-დანამატი: 777 559;   სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი: 147 554.       ინფრასტრუქტურის სამინისტრო:   პრემია: 503 120;   დანამატი: 598 313;   პრემია-დანამატი: 1 101 433;   სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი: 60 478       ჯანდაცვის სამინისტრო:   პრემია: 819 705;   დანამატი: 267 055;   პრემია-დანამატი: 1 086 760;   სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი: 145 478.       სოფლის მეურნეობის სამინისტრო:   ამ სამინისტროდან პრემია-დანამატებზე ინფორმაცია არ მოვიდა, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი კი 523 120 ლარით განისაზღვრა.   პრემია:   დანამატი:   პრემია-დანამატი:   სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი: 523 120.       დიასპორის სამინისტრო:   პრემია: 199 658;   დანამატი: 27 100;   პრემია-დანამატი: 266 758;   სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი: 169 465.       შინაგან საქმეთა სამინისტრო:   პრემია: 4 624 486;   დანამატი: 42 421 861;   პრემია-დანამატი: 47 046 347;   სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი: 4 067 232.       განათლების სამინისტრო:   221 შტატიან თანამშრომელზე   პრემია: 1 058 220;   დანამატი: 457 254;   პრემია-დანამატი: 1 515 474;   სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი:   120 უშტატო თანამშრომელი   ხელფასი: 1 297 342;   პრემია: 463 514.      

გიორგი მეფარიძე

     

გაზიარება