- ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 2024
2022-02-03 05:39:47
თამარ ოქრუაშვილი
გორის ჰოსპიტალის ვიდეოკადრები, სადაც მიხეილ სააკაშვილზე ფიზიკური შეურაცხყოფისა და საათის წართმევის ეპიზოდი იყო ასახული, აღმოჩნდა, რომ წაიშალა. მომხდარ ფაქტს ყოფილი პრეზიდენტი ციხიდან გამოეხმაურა.
„სასჯელაღსრულების სამსახურის ფორმაში ჩაცმული დავით ღონიაშვილი ვითომ საათის წართმევის მოტივით თავზე დამახტა და ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილით და ზიზღით გამოირჩეოდა“, _ აღნიშნა სააკაშვილმა. მისივე თქმით, დავით ღონიაშვილმა შემდეგი სახის დანაშაულები ჩაიდინა: ძალადობა, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და დანაშაულის ამსახველი კადრების უკანონოდ წაშლა:
„ჩანაწერების წამშლელი დავით ღონიაშვილი, რომელიც გუშინ ტელევიზიით აჩვენეს, სწორედ ის იყო, ვინც ბადრაგს შემოუძღვა ღამის 12 საათზე და მაშინ პირველად ვნახე ჰოსპიტალში ყოფნის განმავლობაში. იგი სასჯელაღსრულების სამსახურის ფორმაში იყო ჩაცმული და ვითომ საათის წართმევის მოტივით თავზე დამახტა. ერთადერთი იყო, ვინც სიძულვილითა და ზიზღით გამოირჩეოდა. როცა გადიოდა, მივაძახე, _ ჩანაწერი კარგად შემინახეთ, შენ აუცილებლად წახვალ ციხეში ამ უკანონობისთვის-მეთქი!
მან გასვლისას კიდევ ერთხელ გამომხედა ამ სიტყვების გაგონების შემდეგ ბოროტი მზერით, ამიტომ გუშინ ტელეეკრანზე ძალიან ადვილად ამოვიცანი.
აქ რამდენიმე სახის დანაშაულია:
1. თავად ძალადობის ფაქტი, როცა მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს დახრჩობას უწყებ _ ეს მკვლელობის მცდელობაა;
2. უკანონოდ ფორმის ტარება და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება;
3. დანაშაულის ამსახველი კადრების უკანონოდ წაშლა.
ღონიაშვილი ადრე შსს-დან ნარკოდანაშაულის გამო გაუშვეს. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემთან შემოვარდნის დროს ამავე ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო.
ამ ხალხის გამკვირვებია, პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა ჰგონიათ, სადამდე გაუვათ და შერჩებათ? თან ღარიბაშვილის ახლობელი ყოფილა. ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღთა ბანდაა ხელისუფლებაში.
აქ ნიშანდობლივი ის იყო, რომ სხვებს (ბადრაგის თანამშრომლები) არ სურდათ ამ ნაგვის ბრძანების შესრულება და სულ დოყლაპიები ეძახა მათ“, _ ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი მომხდარს.
„ქრონიკა+“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილს ესაუბრა :
_ ბატონო დიმიტრი, როცა კადრები მოითხოვეთ, რა პასუხი მიიღეთ ჰოსპიტალიდან?
_ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული მოიცავდა რამდენიმე ეპიზოდს: გარდა გლდანში გადაყვანისა და განხორციელებული ძაალდობისა, ერთ-ერთი ეპიზოდი იყო გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომხდარი ძალადობის ფაქტი, როდესაც საწოლში მწოლიარე საქართველოს მესამე პრეზიდენტს თავს დაესხნენ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები და ძალადობით მოხსნეს მაჯის საათი ხელიდან, რომელიც დიდი ხანია, ეკეთა და ამ საათთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ამ ძალადობის ფაქტის შესახებ ბუნებრივია ველოდებოდით, რომ შესაბამისი მტკიცებულებები იქნებოდა მოპოვებული გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან, ვგულისხმობ ვიდეოკამერის ჩანაწერებს, რადგან პალატაში განთავსებული იყო ორი კამერა. როცა დავიწყეთ საქმის მასალების გაცნობა, აღმოჩნდა, რომ ეს ჩანაწერები ბუნებაში აღარ არსებობს. ჰოსპიტალის წარმომადგენელი, დირექტორის მრჩეველი, ვინმე დავით ღონიაშვილი, გამოძიების წინაშე აცხადებს, რომ მან უშუალოდ წაშალა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის კადრები. ასევე საინტერესო ბიოგრაფია აღმოაჩნდა ამ ადამიანს: გორის სამხედრო ჰოსპიტალში დასაქმებამდე ის მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე, მთავარი სამმართველოს უფროსი იყო და ეს გარემოება არის მრავლისმეტყველი. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ჩანაწერები არავის წაუშლია და ინახება სუსში, ოღონდ არ აძლევენ გამოძიებას და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რათა კვალი წაშალონ.
მედიით გავრცელებული ინფორმაციისა და ადვოკატების განცხადებების შემდეგ გორის ჰოსპიტალმა კადრების წაშლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა მათ მიხეილ სააკაშვილის კადრების დაარქივების მოთხოვნით დაგვიანებით მიმართა:
„აღნიშნული ვიდეომასალა უკვე წაშლილი იყო, რადგან არ არსებობდა მისი შენახვის არც ვალდებულება და არც მიზანშეწონილობა. მეტიც: სახელმწიფო ინსპექტორის მოთხოვნა სრულად ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდებოდა, კამერები კვლავ მუშა მდგომარეობაშიც რომ ყოფილიყო, რადგან აღნიშნულ კამერებს აქვთ 72-საათიანი მუშაობის რეჟიმი, რის შემდეგაც ავტომატურად ხდება მასალის გადაწერა. სახელმწიფო ინსპექტორის წერილი კი, როგორც აღინიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიდან გაწერიდან საკმაოდ დიდი პერიოდის შემდეგ შემოვიდა“, _ აღნიშნავს გორის სამხედრო ჰოსპიტალი გავრცელებულ განცხადებაში.
_ ბატონო დიმიტრი, განცხადების ტექსტიდან რა დეტალებზე გაამახვილებთ ყურადღებას?
_ ძალიან საინტერესოა ერთი კომპონენტი: ჰოსპიტალი ამბობს, რომ მხოლოდ 72 საათით ინახებოდა კამერის ჩანაწერებიო. ბატონი დავით ღონიაშვილი საკუთარ ჩვენებაში აფიქსირებს, რომ ტექნიკურად მას შეეძლო, ეს კადრები დაეყენებინა ან 72-საათიან შენახვაზე, ან ერთკვირიან შენახვაზე, ან ერთთვიან შენახვაზე, ანუ კამერების ჩანაწერები ერთი თვის მანძილზე თავისუფლად შეინახებოდა, თუმცა მან ეს, რატომღაც, 72-საათიან რეჟიმზე დააყენა, რაც აბსურდია, რადგან ერთი თვე კი არა, არასოდეს წაშლიან „ქართულ ოცნებაში“ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებულ კადრებს. ამ ჩანაწერებს აარქივებენ და როცა სჭირდებათ, პოლიტიკურად იყენებენ. არ არსებობს ისეთი მიამიტი ადამიანი, რომელიც დაიჯერებს, რომ ჩანაწერი სამი დღე ინახება და შემდეგ იშლება.
_ თქვენ მიმართეთ პროკურატურას, რომ პრეზიდენტი დაზარალებულად ეცნოთ, თუმცა ეს არ დაკმაყოფილდა მტკიცებულებების სიმცირის გამო, როგორც მათ განგიმარტეს. რა რესურსი გაქვთ ქვეყნის შიგნით სიმართლის დასადგენად?
_ ზოგადად, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ჩანაწერი წაშლილია: პირველი მნიშვნელოვანი მომენტი იყო გლდანში განხორციელებული ძალადობა, რომლის დამონტაჟებული კადრებიც მათვე გაავრცელეს (რეანომობილიდან გადაღებული) და ბოლო 6 წუთი აღარ არსებობს. ორივე შემთხვევაში, როცა პრეზიდენტზე ძალადობა განხორციელდა, პროკურატურა გვეუბნება, რომ მასალა არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მასალაში არის უამრავი მტკიცებულება, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ჩადენილია მის მიმართ დანაშაული და არაადამიანური მოპყობა, ასევე მტკიცებულებით დასტურდება, თუ ვინ იყვნენ ამ დანაშაულის ჩამდენი პირები. ამ ბრძანების შემსრულებლების იდენტიფიცირება ძალიან ადვილია, ამ ჩანაწერის არარსებობით არაფერი იცვლება, დაზარალებულის სტატუსის კი არა, უფრო მაღალი სტანდარტია დაკმაყოფილებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით. მიუხედავად ამ ჩანაწერების წაშლისა, ჩვენი მოთხოვნა იყო დასაბუთებული, მათი უარი კი _ დაუსაბუთებელი. პროკურატურა, სამწუხაროდ, არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ორგანოს. ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც მართლა წარმოადგენდა სახელმწიფო ინსტიტუციას, გახლდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც აწარმოებდა გამოძიებას და ორ დღეში გააუქმა; მეორე ინსტიტუტი კი არის სახალხო დამცველის აპარატი, რომლის გაუქმებაც, საბედნიეროდ, არ შეუძლია პროკურატურას. რეალურად, ჩვენ მაინც ყველა მექანიზმს ვიყენებთ სამართლებრივი თვალსაზრისით. გარკვეული ნაბიჯები კიდევ გადასადგმელი გვაქვს ქვეყნის შიგნით. მოყვება თუ არა ამას რეაგირება, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ამით უნდა ვიმოქმედოთ შემდეგ ევროსასამართლოზე.
ამ ყველაფრის ფონზე, ხელისუფლებამ პოლიტიკური რეპრესიები მედიცინის მუშაკების მიმართაც დაიწყო. კადრების წაშლის პარალელურად, კლინიკა „ვივამედის“ ნევროლოგის, თამარ აბაშიძის მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დასმული დიაგნოზის შემდეგ, რომელშიც ნევროლოგი სააკაშვილის შემდგომ გამოკვლევას მოითხოვდა, დაიწყეს პოლიტიკური დევნა და მისი მეუღლე ჯანდაცვის სამინისტროდან გაათავისუფლეს.
როგორც სააკაშვილი საკუთარ წერილში წერს, მკურნალობაზე უარს იმ იმედით ეუბნებიან, რომ მისი მდგომარეობა სულ უფრო გაუარესდება და აზროვნებას ვერ შეძლებს.
„მას შემდეგ, რაც გორში „მკურნალობის“ შემდეგ ჩემი ნევროლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, რუსთავში, ციხის ადმინისტრაციამ გამოიძახა კლინიკა „ვივამედის“ ნევროლოგი, თამარ აბაშიძე. მას ჩემი გამზრდელი დიდი ბებიის სახელი ერქვა და დამამახსოვრდა. არა მხოლოდ ამიტომ, არამედ თავისი პროფესიონალიზმითა და ადამიანობით მომხიბლა. მან დასვა ზუსტად იგივე დიაგნოზი, რაც „ემპათიასა“ და სახალხო დამცველს ჰქონდათ დასმული და მოითხოვა ჩემი შემდგომი გამოკვლევა.
ახლა გავიგე, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან გაუშვიათ მისი მეუღლე, რომელიც დეპარტამენტის უფროსი იყო.
მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემდამი ადამიანური დამოკიდებულების გამო, ასევე მოხსნეს ლონდა თოლორაია, მინისტრი ტიკარაძე, არასაკმარისად ადამიანური დამოკიდებულების გამო, გორის ჰოსპიტალის დირექტორი და ახლა ეს კაცი. ძალიან წვრილმან ბოროტ კაცუნებთან გვაქვს საქმე.
რაც შეეხება თამარ აბაშიძისა და სხვების დასმულ ნევროლოგიურ დიაგნოზს, სწორედ ამ მკურნალობაზე მეუბნებიან უარს იმ იმედით, რომ მდგომარეობა სულ უფრო გამიუარესდება და აზროვნებას ვერ შევძლებ; ან მეხსიერებას დავკარგავ და, მათ შორის, ასეთი ბოროტებები აღარ მემახსოვრება. ჩემ მიმართ ჩადენილი შეიძლება დავივიწყო, მაგრამ ჩვენს ქვეყანას რაც უქნეს, ამას არ და ვერ დავივიწყებ“, _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.