QronikaPlus
დავით ზურაბიშვილი: „ოცნება“ პატიოსანი არჩევნებით მცირე უპირატესობითაც ვერ მოიგებს“

დავით ზურაბიშვილი: „ოცნება“ პატიოსანი არჩევნებით მცირე უპირატესობითაც ვერ მოიგებს“

2024-07-10 10:23:23

ირინა მაკარიძე

დასავლეთის მიერ გამოცხადებულ სანქციებზე, ფეხბურთელებისადმი გაცემულ 30 მილიონზე, ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებებსა და მოახლოებულ არჩევნებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი, პოლიტიკის ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:

_ სანქციების საკითხი გაირკვევა იმის მიხედვით, როგორ ჩატარდება არჩევნები. არჩევნების შემდეგ ბევრი რამე ცხადი გახდება, მანამდე დასავლეთის ქვეყნები მოლოდინის რეჟიმში იქნებიან. თავიანთ დამოკიდებულებას გამოხატავენ, შეიძლება სანქციებიც იყოს ვინმეს მხრიდან, მაგრამ მკვეთრ ქმედებაზე არ მგონია, წავიდეს ვინმე, ვიდრე არჩევნები არ ჩაივლის.

_ აშშ, გარკვეულწილად, ფრთხილ ნაბიჯებს დგამს საქართველოსთან მიმართებით ამ საკითხში, რით ახსნით ამას?

_ საქართველოს მთელი ხელისუფლება თუ დასანქცირდება, ეს ნიშნავს, რომ აშშ საქართველოსთან, პრაქტიკულად, წყვეტს ურთიერთობას და ჩვენ გვტოვებს საკუთარი თავის ანაბარა. სანქციების გაფორმება აშშ-ის მხრიდან ნიშნავს გეოპოლიტიკურ არჩევანს, იმას, რომ მას აღარ სჭირდება საქართველო. როგორც, ვთქვათ, ავღანეთიდან გამოვიდნენ და თალიბანს დაუტოვეს ქვეყანა. საქმე ჯერ აქამდე არ მისულა.  მე ისიც არ მესმოდა, ასეთი გადაჭარბებული მოლოდინი რომ იყო სანქციების მიმართ. სანქციებს შედეგი შეიძლება ჰქონდეს, თუ მას ექნება პრევენციული ეფექტი. სხვა შემთხვევაში ამას შედეგი არ ექნება. ამერიკის აქედან გასვლა ნიშნავს აქ რუსეთის გავლენის სფეროს ჩამოყალიბებას. არჩევნები იქნება ერთგვარი პასუხი კითხვაზე, რა არის ქართველი ხალხის გეოპოლიტიკური არჩევანი _ მას სურს კვლავ გააგრძელოს, რაც 30 წელია, ასე თუ ისე, ჩამოყალიბებული კურსია, რომ ჩვენი გზა არის ევროკავშირი, ნატო, რომ ამ ცივილიზაციურ და კულტურულ სივრცეში გვინდა  თანაარსებობა, თუ რაღაც გაუგებარ პოსტსაბჭოურ სივრცეში ვრჩებით? ამდენად, არჩევნები გადაწყვეტს ყველაფერს.

_ ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ივანიშვილს აშშ-ში ჰყავდა პირადი შიკრიკი გაგზავნილი სანქციების საკითხთან დაკავშირებით. როგორც შემდეგ გაირკვა, საუბარი იყო სუს-ის შეფზე, გრიგოლ ლილუაშვილზე. იმ ფონზე, როდესაც „ოცნების“ დეპუტატები აცხადებენ, რომ სანქციები არ აშინებთ, რამდენად სარწმუნო არის თქვენთვის, რომ ივანიშვილი მათ ზურგს უკან მოქმედებს?

_ ეს თავისუფლად შესაძლებელია, გასაკვირია, რომ ასე არ იყოს, რომ ის არ ცდილობდეს ურთიერთობის როგორღაც დალაგებას. კობახიძის სიტყვა ძალიან ნიშანდობლივი იყო, როდესაც მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების სურვილია აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა. ეს ფრაზა „ურთიერთობის გადატვირთვა“, პრაქტიკულად, ნიშნავს იმას, რომ 30 წელი რაც იყო, მოდით, დავივიწყოთ და დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. აი, ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიდგომა. „თავიდან დაწყებაში“ გულისხმობენ იმას, რომ შენ მოგვეცი ფული, ჩვენ ამ ფულს გამოვიყენებთ, როგორც ჩვენ გვინდა. კი, თქვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებს გავუწევთ რაღაც ანგარიშს, ძირითადად სამხედრო-უსაფრთხოების, სადაზვერვო სფეროებში, ხოლო დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება და მსგავსი არ გვინდა. ეს არის მიდგომა. პრინციპში, ეს მიდგომა იყო წინა ხელისუფლებებიდანაც, თუმცა ასე მკაფიოდ არ ახდენდნენ ფორმულირებას და საგარეო კურსს არ აყენებდნენ საფრთხის ქვეშ. აშშ-სთან ასეთი საუბარი, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად განწირულია, აშშ ამაზე არ წამოვა.

_ ფიქრობთ, რომ „გადატვირთვაში“ პარტნიორობის საკითხის გადახედვა იგულისხმება და არა ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების დავიწყება?

_ გადატვირთვა არის გადატვირთვა. ბოლო ორი წელია, რაზე აქვთ კონფლიქტი? ჩვენი ხელისულფების კონფლიქტი დასავლეთთან ამაზეა, რომ თქვენ ნუ გვთხოვთ დემოკრატიას, ნუ გვთხოვთ პლურალიზმს, ფული მოგვეცით, ინფრასტრუქტურული პროექტები დააფინანსეთ, რეგიონებში საბავშო ბაღების მშენებლობა იქნება თუ სკოლების რეაბილიტაცია, დააფინანსეთ, ისტორიული ძეგლების შეკეთება დააფინანსეთ, კი, ბატონო, კარგია, გვინდა ეს ფული. ჩვენც რაღაცას გავაკეთებთ, სამხედრო პოლიტიკური კუთხით თქვენს ინტერესს გავითვალისწინებთ, მაგრამ სასამართლოს თავი დაანებეთ, დემოკრატიას ნუ მოგვთხოვთ, ხელისუფლებაში ვიქნებით ჩვენ და სხვა არავინ. ჩვენ რომ დემოკრატიას ვეძახით და ხელისუფლება „სახელმწიფო გადატრიალებას“, ამას თავი დაანებეთო. ყველაფერი ამის გამო ხდება, კანონებს ამის გამო ცვლიან, რომ მათ უნდათ მარადიული ყოფნა ხელისუფლებაში, ბიძინა ივანიშვილი სულ უნდა იყოს, როცა ის არ იქნება, ეს უნდა გადავიდეს, ალბათ, მემკვიდრეობით. ვისაც ბიძინა ივანიშვილი დასვამს თავის მემკვიდრედ და ასე უნდა გაგრძელდეს აწ და მარადის... ეს არის „ქართული ოცნების“ ოცნება. თუ ხელისუფლება შეძლებს ლეგიტიმურად მოიგოს არჩევნები, მაშინ, გარკვეულწილად, მისი ეს მოთხოვნა დასავლეთიდან შესრულდება, ანუ თუ არჩევნებს ხელისუფლება მართლა მოიგებს, ისე კი არა, რომ გააყალბოს და დაიწეროს, რაც უნდა, რეალურად, დამაჯერებლად გაიმარჯვებს არჩევნებში და სრულ ძალაუფლებას აიღებს, ეს აშშ-ისთვისა და, ზოგადად, დასავლეთისთვის იქნება სიგნალი, რომ ხალხს უნდა ბიძინა და მისი ეს კორუმპირებული, ჩრდილოვანი მმართველობა. უნდა ეს რაღაც საბჭოური სიტუაცია და არა დასავლური ცივილიზაცია. ეს გასაგები იქნება ამერიკისთვის და ჩვენთან დაიჭერენ დაახლოებით ისე საქმეს, როგორც იჭერენ აზერბაიჯანთან, საუდის არაბეთთან, უზბეკეთთან, ისეთ ქვეყნებთან, სადაც არც ცნობენ დემოკრატიას. ჩვენ იმიტომ გვთხოვენ, რომ ჩვენ გვაქვს ეს განაცხადი, ჩვენ გვინდა ვიყოთ ამ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ახლა, თუ არ გინდა და ხალხს თუ არ უნდა, ძალად რომ შეეცადნენ ავღანეთში, არაფერი გამოვიდა, იმიტომ რომ არ უნდა იქ ხალხს დემოკრატია.  „ოცნებისთვის“ პრობლემა არის ის, რომ პრინციპულად შეუძლებელია, პატიოსანი არჩევნებით მოიგოს, ეს არის გამორიცხული. „ოცნება“ პატიოსანი არჩევნებით მცირე უპირატესობითაც ვერ მოიგებს. ამიტომაც მისი ეს მცდელობა განწირულია, რადგან ქართული საზოგადოება დღეს არის სხვანაირი და არა ისეთი, როგორიც ბიძინა  ივანიშვილს ჰგონია. 

_ დასავლეთთან კონფლიქტი მხოლოდ იმის გამოა, რომ „ოცნებას“ დემოკრატია არ უნდა, თუ ეს უკავშირდება რუსულ გავლენებსაც? 

_ ყველაფერი უკავშირდება ყველაფერს, მაგრამ საუბარია მოტივაციაზე. ოპოზიციურ საზოგადოებასთან ხშირად მაქვს კამათი, როდესაც ამბობენ, რომ ბიძინა არის რუსეთის პროექტი. ამას არასოდეს ვეთანხმებოდი და არც ახლა ვეთანხმები. ბიძინას მიზანი ის კი არ არის, რომ რუსეთში შეათრიოს ქვეყანა, ბიძინას მიზანი არის, რომ თვითონ იყოს კარგად და ჰქონდეს აბსოლუტური ძალაუფლება. ამისთვის თუ დასჭირდება, იქნება პრორუსულიც, იქნება პროდასავლურიც და პროჩინურიც. მისთვის საგარეო ორიენტაციები, ეს მსოფლიო არქიტექტურის ცვლილებები არის ის ფონი და რეალობა, რომელშიც მან თავისი მთავარი მიზანი, ანუ, აბსოლუტური ძალაუფლების განხორციელება უნდა აღასრულოს. ასე უყურებს ის. იმიტომ კი არ იქცევა  რუსეთისთვის ხელსაყრელად, რომ რუსობა უნდა, არამედ იმიტომ, რომ ფიქრობს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ეს არის საჭირო _ რუსეთისთვის მეტი ანგარიშის გაწევა. თავიდანვე იმაზე ჰქონდათ დადებული ფსონი, რომ უკრაინასთან ომში რუსეთი გაიმარჯვებდა. თავისი ინტერესის შესაბამისად იქცევა. ეს რამდენად სწორია, ცალკე საკითხია. არ მიმაჩნია, რომ სწორია მისი ეს დამოკიდებულება. პრინციპულად არ ვეთანხმები, მაგრამ მოტივაცია ეს აქვს, ზოგჯერ სწორადაც ვერ ხვდება რაღაცებს. ის ცდილობს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს თვითონ. ეს არის მისი მიზანი.

_ არის მოსაზრება და ძალიან ხშირად ამას მიუთითებენ, რომ ის არის დავალებული რუსეთისგან, მას აქვს  ვალდებულებები აღებული, იმასაც კი აღნიშნავენ, რომ თუ დასავლეთიდან სანქციების რისკი აქვს, რუსეთიდან სიცოცხლის დაკარგვის საფრთხე უმუქრება...

_ არ მგონია. მსოფლიო ისტორიას ვინც იცნობს, ასე არ ხდება, რომ მთელი ცხოვრება ვიღაცისგან იყო დავალებული. რაღაც ვალდებულება შეიძლება აქვს კიდეც აღებული, არ ვიცი, როდის აიღო და როგორ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ვიღაცის მონა-მორჩილი იყო, ასე არავინ აკეთებს. შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი: ხო ში მინი, ვიეტნამის კომუნისტების ლიდერი, რომელიც თავის დროზე აშშ-ის დაზვერვის აგენტი იყო, მერე გახდა მისი ნომერ პირველი მტერი, ამერიკას ომი დაუწყო და წაართვა სამხრეთ ვიეტნამი. ასე, თავის დროზე, აშშ მხარს უჭერდა ფიდელ კასტროს, საბჭოთა კავშირს არ შეუტანია წვლილი ხელისუფლებაში მის მოსვლაში, მაგრამ მერე მათ აირჩიეს ეს გზა. მსგავსი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ასეთი ცვლილებები საგარეო პოლიტიკაში ხშირია. ის, რომ ვიღაცისგან ისეთი დავალებული ხარ, რომ მთელი ცხოვრება ყმად უნდა დაუდგე, ეს შეხედულება არ მგონია, სწორი. მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილს ზედაპირულად მაინც თუ იცნობ, ეს არ არის ის კაცი, რომელიც ვიღაცის მონა იქნება მთელი ცხოვრება, მას აქეთ უყვარს მონები და არაერთი ჰყავს კიდეც. რუსეთის წინაშე რა ვალდებულებები აქვს, არ ვიცი. არ გამოვრიცხავ, რომ ჰქონეს, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეშინია და ნამდვილად ეშინია პუტინის, იმიტომ რომ პუტინი ბევრ რამეზეა წამსვლელი. მაგრამ ისე, რომ შიშები აქვს და რასაც რუსები ეტყვიან, ყველაფერს ასრულებს, ასე არ არის საქმე. ასე რომ იყოს, მაშინ ჩვენ უკვე კარგა ხნის წინ ვიქნებოდით ჩამოცილებული დასავლეთის გეოპოლიტიკურ სივრცეს და კარგა ხნის წინ ვიქნებოდით უკვე რუსეთში ინტეგრირებული.

_ ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება აპირებს ჩამოიყვანოს სხვა ქვეყნიდან 300-500 კუნთმაგარი პირი, რომლებიც არჩევნებზე თავ-პირს დაამტვრევენ ოპოზიციის მხარდამჭერებს, რას იტყვით ამის შესახებ?

_ არა. აბსოლუტური სისულელეა, რომ აქ კადიროველების ჩამოყვანაზე იყოს საუბარი, ეს განცხადება მან მოაყოლა („ოცნების“ ლიდერებისა და ცოტნე ივანიშვილის) ხაბიბ ნურმაგომედოვთან შეხვედრის ამბავს. ნურმაგომედოვი თავისთავად რა კაცია, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ის და კადიროვი დღეს მაინცდამაინც კარგ ურთიერთობაში არ არიან. ეს ადამიანი, რომელიც არ ცდემოკრატია და პუტინისტიცაა ყველაფერთან ერთად, ძირითადად დაკავებულია ბიზნესით. მგონია, რომ უფრო ბიზნესგარიგებაზე იყო ლაპარაკი ამ შეხვედრაზე და არა პოლიტიკაზე. ნურმაგომედოვი პოლიტიკოსი არ არის და გეოპოლიტიკურ საკითხებს არ წყვეტს, ამიტომ ეს აბსოლუტურად გამორიცხული მგონია. კადიროველები რომ ჩამოიყვანონ, წარმომიდგენია, აქ რა მოხდება _ მეორე დღეს დაამხობენ ხელისუფლებას, ამაზე არავინ წავა, არც ერთი ხელისუფლება.

_ იმ ძალადობის კამპანიის გათვალისწინებით, რაც ბოლო თვეებში ვნახეთ პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ, ასევე იმის გათვალისწინებით, როგორც თქვენ თქვით, ხელისუფლებას არჩევნების პატიოსნად მოგების რესურსი არ გააჩნია, გამორიცხავთ საარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ძალადობას? 

_ არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა. არის არჩევნები, რომელიც შეიძლება ცუდად ჩატარდეს და ხელისუფლებამ წინა არჩევნებიც საკმაოდ ცუდად ჩაატარა, განსაკუთრებით ეს ეხება წინასაარჩევნო სიტუაციას, ხმის მიცემამდე რაც ხდება: დაშინებები, იძულებები, მოსყიდვა, ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება. როდესაც ვამბობ, რომ მმართველი ძალა წააგებს, ვგულისხმობ, რომ ამ ვითარებაშიც წააგებს, როცა ასეთ არჩევნებს ჩაატარებს, როგორიც 2020-21 წლებში ჩაატარა, არსებითად განსხვავებულ ვითარებას არც ახლა ველოდები. მეორეა, რასაც აკეთებდა, მაგალითად, ასლან აბაშიძე შევარდნაძის დროს _ ის, უბრალოდ, არჩევნებს არ ატარებდა, იმ შედეგს წერდა, რაც უნდოდა. ამაზე საქართველოს ხელისუფლება, ვფიქრობ, რომ ვერ წავა ვერანაირად, ეს ნამდვილად გამოიწვევს ძალიან სერიოზულ ძვრებს საზოგადოებაში და რაღაც რევოლუციები რომ ელანდებათ, მერე ეს მოლანდება კი აღარ იქნება, გახდება რეალობა. ხელისუფლება კი ამბობს, რევოლუციებს მიწყობენო, მაგრამ რევოლუცია გარედან არ ხდება. თუ შენ წააგე და თავი მოგებულად გამოაცხადე, ამას შეიძლება მოყვეს რევოლუცია. მე ველოდები დაახლოებით ისეთ არჩევნებს, როგორიც ბოლო წლებში ტარდებოდა, მაგრამ ის, რომ არჩევნები არ ჩატარდეს და შედეგი გამოიწეროს ქვითარივით, ასე არ ველოდები.

_ ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს წინასარჩევნო პერიოდში ქველმოქმედების, ვალების ჩამოწერის შედეგად საზოგადოების განწყობების შექმნა. ახლაც წინასარჩევნო პერიოდია, რას იტყვით ფეხბურთელების მიმართ 30 მილიონის გადაცემის შესახებ, არის თუ არა ეს საარჩევნოდ ქულების დაწერის მცდელობა?

_ რა თქმა უნდა, არის. ჯერ არ იყო ევროპის ჩემპიონატი დაწყებული, როცა ითქვა, რომ თუ ნაკრები ჯგუფიდან გავიდოდა, მიიღებდა 30 მილიონს, არავითარ პრობლემას მე ამაში არ ვხედავ და არც ფეხბურთელების მადლობაში. ეს ჩვეულებრივი ეტიკეტის ამბავია. ჩვენ არ უნდა მოვთხოვოთ ფეხბურთელებს, რომ ოპოზიციის ლიდერებივით იქცეოდნენ, საკმაოდ მეგობრული გუნდია. 30 მილიონი რომ აჩუქა ამ კაცმა, ის ხომ არ მოუყოლებია პირობა, რომ ყველამ მხარი დამიჭირეთო? რა თქმა უნდა, ხელისუფლება ცდილობს საფეხბურთო ნაკრების წარმატების მიწერას, ყველა ხელისუგლება ამას შეეცდებოდა, არა მარტო აქ, არამედ მსოფლიოში, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არ მივაწერინოთ ეს ამბავი, ჩვენ თუ ახლა ნაკრებს გინებას დავუწყებთ, მაშინ, პირიქით, უფრო მიეწერება, უფრო გავხდით პროსახელისუფლებოს. შემიძლია გია ხუხაშვილის სიტყვები გავიმეორო, რომ მე თვითონ ვარ ის ადამიანი, ვისაც ბიძინა ივანიშვილი დამხმარებია, დღემდე ვამბობ, რომ მისი მადლობელი ვარ, მაგრამ მე ვარ ის ადამიანი, რომელიც აკრიტიკებს მას და მის ქმედებებს, რომელთაც, ჩემი აზრით, კატასტროფისკენ მიჰყავს ქვეყანა. ის დახმარება და ის მადლიერება, რომელიც მე მაქვს, როგორც პიროვნებას მისი პიროვნების მიმართ, არანაირად არ მიშლის ხელს, რომ მას, როგორც სახელმწიფო მოღვაწეს და როგორც პოლიტიკოსს ვაფასებდე მკვეთრად უარყოფითად და ვიბრძოდე იმისთვის, რომ ის ჩამოვაცილო ხელისუფლებას. სიკვდილი კი არ მინდა მისი ან დაღუპვა, მაგრამ ხელისუფლებიდან ჩამოცილება ნამდვილად მინდა. ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის და ის, რომ ივანიშვილი ნაკრებს დაეხმარა, ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ ნაკრების წევრები ხვალ გავარდებიან და 41-ს შემოხაზავენ ყველა, ასე არ მოხდება.

_ ეს შინაგან თავისუფლებაზე არის დამოკიდებული, ალბათ, ბევრს უჭირს ამის გაგება და თქვენც ხშირად გაკრიტიკებენ თქვენი პოზიციის გამო...

_ უამრავი ადამიანი მზად არის შინაგანად, რომ ოღონდ კი ბიძინა ივანიშვილმა მას ფული მისცეს და შავზე თეთრს იტყვის, დედასაც მოკლავს, მამასაც და ყველაფერსაც გააკეთებს, ოღონდ კი ფული მიიღოს და ასეთი ადამიანები დაგაყვედრიან. იმათ, უბრალოდ, არ ესმით, რომ ამხელა ფული მივიღეთ და აბა, რა უნდა ვქნათ? მერე ყველაფერში უნდა გაამართლო, პოლიტიკაშიც, ხვალ რომ ბავშვების ჭამა დაიწყოს, ამაშიც უნდა გაამართლოს, ასეთი ადამიანი ბევრია და ამიტომ მათ არ ვაქცევ ყურადღებას.

_ რაც შეეხება ოპოზიციურ ფრონტზე პროდასავლური პარტიების კონფიგურაციებს, როგორც იკვეთება, ორი ცენტრი იქნება: ერთი მხრივ, ენმ და მისი სატელიტები და მეორე მხრივ „ლელო“-„ახალი“, „გირჩი“- „დროას“ ერთობა, რომელიც კიდევ გამსხვილებას გეგმავს, რა პროგნოზს იძლევა ეს არჩევნებისთვის?

_ როგორც ჩანს, ერთი ან ორი დიდი გაერთიანება არ შედგება. არსებობს 4 პარტია, რომელსაც აქვს რეალურად ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა, ესაა ენმ, „ახალი“, „ლელო“ და გახარიას პარტია. მათ შორის „ახალს“ და ენმ-ს გარანტირებულად. „ახალმა“ საკმაოდ ბევრი წაართვა „ნაციონალურ მოძრაობას“ და კიდევ დაიმატა გარკვეული კატეგორიის, ძირითადად, ახალგაზრდა ამომრჩეველი. „ახალმა“ რომ არავინ დაიმატოს, 5 პროცენტს მაინც გადასცდება. პრობლემურია „ლელოსა“ და გახარიას პარტიის საკითხი, რომელთაც, ბოლო მონაცემებით, 5 პროცენტის ფარგლებში აქვთ. ეს საკმაოდ სახიფათო ზღვარია, არჩევნების დროს შეიძლება გამოვიდეს 4. ხელისუფლება იბრძოლებს, რომ სწორედ მათ არ გადალახონ ბარიერი და შედეგად მათი ხმები მიიღონ. ენმ-სა და „ახალს“ რაც უნდა ებრძოლონ, მაინც გადალახავენ, ამიტომ ზღვართან ახლოს მყოფ პარტიებზე იქნება სერიოზული ზეწოლა. ლოგიკურია, რომ „დროა“, ჯაფარიძის „გირჩი“ და სხვა პარტიებიც რომელიმე ცენტრს შეუერთდნენ.

_ გახარიას პარტია აცხადებს, რომ აპირებს მარტო გავიდეს არჩევნებზე, რით აიხსნება მათი ეს პოზიცია?

_ ვფიქრობ, რომ ეს პრინციპულად მცდარი პოზიციაა, ვერ აქაჩავს 5 პროცენტზე მაღლა. პატიოსან არჩევნებს ხელისუფლება რომ არ ჩაატარებს, მგონია, გახარია გამოცდილი კაცია და ეს კი უნდა იცოდეს. თუ ხელისუფლებისგან არ მიიღო მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმი, მაშინ მათ ძალიან გაუჭირდებათ. რეიტინგში 5 ან 6 პროცენტის ქონა არაფრის გარანტია არ არის, თან გახარიას პარტია არ გამოირჩევა რადიკალიზმით, ისეთი მკაცრი განცხადებებით, როგორც დანარჩენები. უფრო კონსტრუქციული ტიპის პარტიაა, აკრიკიტებენ „ოცნებასაც“, მაგრამ ასეთი ტიპის პარტიები, როდესაც სიტუაცია იძაბება, ვერ იღებენ ბევრს. მათ არ ემატებათ ამომრჩეველი, უფრო შეემატება, ვინც უფრო რადიკალია და ვინც მკვეთრად უპირისპირდება ხელისუფლებას. ამიტომ თუ ის არ შეეცდება გამსხვილებას და რაღაც სინერგიის ეფექტზე არ იმუშავებს, ძალიან გაუჭირდებათ. მე კი ვგულშემატკივრობ მათ, რომ გადალახონ 5 პროცენტი, რადგან თუ ისინი ვერ გადალახავენ, ძალიან დიდი ალბათობით, ხელისუფლება ისევ დარჩება.

_ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, გიორგი გახარია საჭირო მომენტში „ქართულ ოცნებას“ არ შეუკრავს კოალიციას, ამაზე რას იტყვით?

_ ამაზე მსჯელობას აზრი არ აქვს. ჯერ არის ის, რომ უნდა დავაყენოთ ის რეალობა, როდესაც „ოცნება“ მარტო ვერ ადგენს მთავრობას და ოპოზიციური უმრავლესობა არსებობს პარლამენტში. შეიძლება ისე წავიდეს საქმე, რომ გახარიას გარეშეც გამოუვიდეს ეს ოპოზიციას, იმიტომ რომ არ უნდა გავმოვრიცხოთ ხელისუფლებისგან რაღაც სიგიჟეების ჩადენა ისევ, ასეთი რაღაცები სჩვევიათ ხოლმე, განსაკუთრებით ბოლო დროს.

_ ხელისუფლება 60 პროცენტზე აპელირებს და...

_ რა 60 პროცენტზეა საუბარი, ბოლო მონაცემები, რაც ვნახე, 29 პროცენტია მთელ ქვეყანაში. ოპოზიციური ამომრჩეველი საქართველოში არის გაცილებით მეტი, შეიძლება ითქვას, ორჯერ მეტი, ვიდრე ხელისუფლების ამომრჩეველი. ის ხელისუფლების ამომრჩეველიც რას იზამს, არავინ იცის. ამდენად, 60 პროცენტი და ხელისუფლების დიდი უპირატესობით გამარჯვება  კატეგორიულად გამორიცხულია. მაქსიმუმ, რასაც ხელისუფლებამ შეიძლება მიაღწიოს, ეს არის მცირე უპირატესობით მოგება. ოპოზიციაში კონკრეტული დეპუტატების მოსყიდვასაც არ გამოვრიცხავ, მაინც და მაინც გახარიას პარტია არ იყოს შეიძლება  ეს. გახარია გამოცდილი პოლიტიკოსია და არ მგონია, ბიძინა ივანიშვილის მომსახურებაში გადასვლა უნდოდეს. ვინ, თუ არა მან, კარგად უნდა იცოდეს, რომ ბიძინამ პარტნიორული ურთიერთობები არ იცის, ის ყველა  პარტიასა და ყველა ადამიანს უყურებს როგორც რესურსს, რომელიც რაღაც  მოცემულ მომენტში სჭირდება. შემდეგ იმას გადადებს გვერდზე და მოჰყავს  სხვა. იგივეა მისი პოლიტიკა თუნდაც დასავლეთან მიმართებით. არ მგონია, რომ გახარიამ ეს გააკეთოს.

გაზიარება