QronikaPlus
„ოცნების“ დიდი პოლიტიკური სკანდალი თავდაცვის სამინისტროში _ რატომ ჩამოვარდა სუ-25?!

„ოცნების“ დიდი პოლიტიკური სკანდალი თავდაცვის სამინისტროში _ რატომ ჩამოვარდა სუ-25?!

2024-07-10 09:57:10

თამარ მჭედლიშვილი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში რამდენიმე დღის წინ თვითმფრინავი ჩამოვარდა. მომხდარი ფაქტის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა: 

„მიმდინარე წლის 2 ივლისს, გეგმური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა. სუ-25-ის კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.

აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს.

ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი. წინასწარი მოკვლევით, ვერტმფრენი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა“.

შეგახსენებთ: სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე საქმე აღიძრა 401-ე მუხლით. გენერალური პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია.

საინტერესო ფაქტია ის, რომ საქართველოს შეიარაღებაში სუ-25 ტიპის თვითმფრინავების საერთო რაოდენობა უცნობია. 2024 წლის 26 მაისს გამართულ სამხედრო აღლუმში სულ რვა სუ-25-მა მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის ძალებში საავიაციო პარკის სრული მოდერნიზებისა და განახლების შესახებ საქართველოს საჰაერო ძალების სარდლობამ  2020 წელს გააკეთა განცხადება, ხოლო 2021 წლის სექტემბერში  განაცხადა, რომ ოთხი ერთეული სუ-25-ის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება დასრულებულია. ერთი დეტალიც: თავდაცვის სამინისტრომ არ დააკონკრეტა, ჩამოვარდნილი სუ-25 იყო თუ არა განახლებული თვითმფრინავების პარტიიდან(!).

რა გახდა მშვიდობიანობის დროს საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესაძლო მიზეზი? რას ამბობს გამოძიება და ვის აფარებს ხელს იგი? როგორი მახასიათებლები აქვს სუ-25-ს? რას ნიშნავს სამხედრო თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იდგეს წესით დღის წესრიგში მომხდარი ტრაგედიისა და ერთ-ერთი საუკეთესო მფრინავის დაკარგვის გამო? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება საქართველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკსა და სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძეს:

_ ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებდით ამ ტრაგიკულ ფაქტს პოლიტიკური რაკურსით?

_ საბრძოლო დანაკარგი მშვიდობიანობის დროს არ არის ნორმალური მოვლენა. ეს არის დიდი პოლიტიკური სკანდალი, მით უმეტეს, „ოცნება“ დიდი ხანია, რაც ხელისუფლებაშია და სწორედ მისი თავდაცვის მინისტრები ატარებდნენ თავდაცვის პოლიტიკას. მომხდარი ფაქტი მათი  პასუხისმგებლობაა სრულად და ისინი ვერავის გადააბრალებენ თავდაცვის სისტემაში.

კიდევ ერთხელ: პირველი შეფასება ეს არის სრულად „ოცნების“ პასუხისმგებლობა, _ მშვიდობიანობის დროს საქართველომ განიცადა საბრძოლო დანაკარგი. ჩამოვარდა საბრძოლო თვითმფრინავი გაურკვეველი მიზეზების გამო და დღემდე არ გვაქვს პასუხი, თუ რამ გამოიწვია ეს კატასტროფა!

მეორე დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა სამხედრო პილოტის დაკარგვა. თავისთავად, სამხედრო პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბიშვილი, იყო ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სამხედრო პილოტი და მისი დაღუპვა, გარდა ადამიანური თვალსაზრისისა, არის ასევე ამ სფეროსთვის ძალიან მძიმე და დიდი დანაკლისი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ოჯახს ვუსამძიმრებ და, უპირველესად, ეს ოჯახის დანაკარგია, ადამიანური თვალსაზრისით დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ჩვენ არ გვავიწყდება მისი პროფესიონალური ხარისხიც.

_ მკითხველს გავაცნოთ საბრძოლო თვითმფრინავი სუ-25. რა განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს ამ საფრენ აპარატს და რით გამოირჩევა მისი ტექნიკური მხარე?

_ სუ-25 არის მოიერიშე თვითმფრინავი. ამ ტიპის თვითმფრინვი იშვიათობაა მსოფლიოში. სხვათა შორის, საბრძოლო თვითმფრინავების ეს ტიპი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. ზოგადად, სუ-25, განსხვავებით მესამე და მეოთხე თაობის თაობის თვითმფრინავებისგან, გარკვეული დამატებითი კონცეფციის მატარებლები არიან, უშუალოდ სახმელეთო ოპერაციების მხარდაჭერას ახორციელებენ და სახმელეთო ძალების სატანკო თუ ქვეითი ქვედანაყოფების საბრძოლო მოქმედებების მხარდაჭერას ახორციელებენ ბრძოლის ველზე  დაბალ სიმაღლეზე. ამ თვითმფინავის მთავარი მახასიათებელია სიმაღლე და სიჩქარე. ასევე _ სტაბილური მანევრირების უნარი. წარმოიდგინეთ, როდესაც მოწინააღმდეგეს შეუძლია შორი საჰაერო დაცვის საშუალებებით, პირდაპირ ნებისმიერი შეიარაღებით მოახდინოს შენზე ზემოქმედება, სუ-25-ს, თავისი ამოცანა რომ შეასრულოს, არ სჭირდება ძალიან სტაბილური მართვა, ანუ პილოტის შეცდომა, არასწორი მანევრი, რაიმე ტიპის მოქმედება, ამ მხრივ მფრინავის ჩამოგდებას ვერ გამოიწვევს! _ მისი კონსტრუქცია ისე არის აგებული, რომ უსაფრთხო ფრენა გარანტირებულია და ასევე გარანტირებულია პილოტის უსაფრთხოებაც. ეს ორი კომპონენტია ამ თვითმფრინავის მახასიათებელი. ეს მხოლოდ თეორია კი არ არის, არამედ, მაგალითად, ავღანეთში ეწყობოდა ამ კუთხით საბრძოლო გამოცდები და მანევრების დროს იხვეწებოდა სუ-25-ის კონცეფცია. ეს ყველაფერი აპრობირებულია პრაქტიკაში და ამის სტატისტიკა და აღწერილობები არსებობს. ანუ ვთანხმდებით, რომ ეს თვითმფრინავი, თავისთავად, მწყობრიდან არ გამოდის და მისი არცერთი მანევრი არ იწვევს რაიმე ტიპის კატასტროფას.

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი მანევრი, „შტოპორი“, როდესაც თვითმფრინავი ვერტიკალურად ეშვება და პილოტისთვის ძნელია მისი გამოყვანა ამ პოზიციიდან, რაც იწვევს ხოლმე მის დანარცხებას მიწაზე და კატასტროფას. ასეთი შემთხვევები ახასიათებს სხვა მოდელის თვითმფრინავებს. სუ-25- ის მაგალითზე, მას აქვს სპეციალური დამცავი მექანიზმები, რომლებიც არ აძლევენ საშუალებას თვითმფრინავს, ჩავარდეს „შტოპორში“.

_ რატომ აქვს ეს ფუნქცია სუ-25-ს?

_ იმიტომ, რომ როდესაც სუ-25 მოწინააღმდეგეს უტევს, როგორც წესი, ახორციელებს პიკირებას. პიკირება არის ფორმა, როდესაც სიმაღლიდან თვითმფრინავი გარკვეული გრადუსით ეშვება მოწინააღმდეგეზე სწრაფი სიჩქარით ხმელეთთან მიახლოების პერიოდში, რა დროსაც ახორციელებს მოწინააღმდეგის მიმართულებით დარტყმა-დაზიანებას. იმის გამო, რომ პილოტს შემთხვევით რამე არ შეეშალოს, თვითმფრინავს აქვს ავტომატური დამცავები. ანუ თვითმფრინავს სისტემა ავტომატურად თვითონ არ აძლევს საშუალებას, გამოვიდეს პიკირების გრადუსიდან, მიიღოს სახიფათო დახრა და ჩავარდეს „შტოპორში“. ამიტომაც ეს გამორიცხულია! შესაბამისად, გამორიცხულია ვერსია, რომ პილოტი რაღაცა მანევრს ატარებდა და სისტემა „შემთხვევით“ ჩავარდა „შტოპორში“.

და კიდევ: ეს ის თვითმფრინავია, სადაც პილოტის კაბინა არის ჯავშნიანი! პილოტს აქვს შექმნილი დამატებითი უსაფრთხოების ზომები _ ეს გასათვალისწინებელია, მერე არ თქვან, რომ თვითმფრინავის აფეთქებისას პილოტი დაზიანებული იყოო.

_ საინტერესოა საწვავის თემა კატასტროფაში. რამდენად შესაძლებელია, თვითმფრინავის რომელიმე ნაწილში გაჩენილი ხანძარი ან ცეცხლის კერა გამხდარიყო მიზეზი ამ ავიაკატასტროფისა?

_ კარგი კითხვაა, მოგახსენებთ: ამ თვითმფრინავს აქვს სახანძრო უსაფრთხოების სამი შრე. პირველი _ ეს არის შეტყობინება ხანძრის რისკებთან დაკავშირებით, როდესაც რომელიმე ლოკაციაზე ტემპერატურა მატულობს. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი  სენსორები სიგნალს იძლევა. მეორე _ უშუალოდ არსებული ხანძრის კერის შესახებ შეტყობინება და მესამე _ ხანძრის ჩაქრობის საშუალებები, რომლებიც ავტომატურად ამუშავდება და ჩააქრობს ხანძარს. რა თქმა უნდა, არის ხოლმე მომენტი, როდესაც ხანძარს ავტომატურდ ვერ ჩააქრობს დმაცავი სისტემა არასაკმარისი სიმძლავრის გამო, მაგრამ ეს პროცესები დამოკიდებული არ არის პილოტზე და ამ პრობლემის პილოტის მიერ შემჩნევა-არშემჩნევაზე.

სუ-25-ში კიდევ გათვალისწინებულია ერთი უსაფრთხოება. თვითმფრინავის  საწვავის ავზები და გარდამავალი სისტემები დაფარულია სპეციალური ნივთიერებებით და აქვს პროტექტორები, რომლებიც პრობლემის შემთხვევაში მოახდენენ ავტომატურ ჩახსნას. ასევე აქვს ენერგიის ჩამყლაპი მასალა. თუ, დავუშვათ, ავზში ხანძარია, ეს სიმხურვალე არ გადადის სხვა რომელიმე მექანიზმებზე, რადგან თვითონ შთანთქავს ამ ზედმეტ თბოენერგიას. ამ ტიპის თვითმფრინავისთვის ეს უსაფრთხოების სისტემები არის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული, რადგან არის ავიაგამანადგურებელი, რომელიც მოქმედებს მაღალი სიჩქარით და მისთვის სხვა ხიფათებია მოსალოდნელი. ამიტომ მისთვის მანევრია მთავარი პრიორიტეტი- მოქმედებს უშუალოდ ბრძოლის ველზე და გათვალისწინებულია მოწინააღმდეგის, თუნდაც ნასროლი ტყვიების, ცეცხლის მიერ მიყენებული დაზიანებები.

_ ვინ აწარმოებს სუ-25-ს?

_ ამ თვითმფრინავის ექსპლუატაციაა ეწევა ძირითადად  რუსეთი. რაც მთავარია, არსებობს სტატისტიკა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ათასობით სასწავლო გაფრენა ჰქონდა სუ-25-ს და მხოლოდ ცხრა შემთხვევაში ჩამოვარდა. ცხრა შემთხვევიდან რვაში საუბარია თვითმფრინავის გაუმართაობაზე და მხოლოდ ერთ შემთხვევაზეა პილოტის შეცდომის შესახებ საუბარი _ თვითმფრინავები წყვილად დაფრინავდნენ და არასწორად შერჩეული სიმაღლის გამო ერთმანეთს შეეხენ, _ მოხდა კატასტროფა. აქ თვითმფრინავის გადატვირთვაზე კი არ არის საუბარი... სტატისტიკა გვეუბნება, რომ კატასტროფის 99%-ის შემთხვევაში მიზეზი არის ტექნიკური გაუმართაობა.

_ რას ნიშნავს ტექნიკური გაუმართაობა?

_ თვითმფინავს არაფერი ემართება, თუ მასზე რამე მექანიკურად არ ზემოქმედებს. ჩვენს შემთხვევაში, მოცემულობით, ეს იყო სასწავლო ფრენა. შესაბამისად, რაიმე ტიპის ზემოქმედება მასზე წარმოუდგენელია. აღარაფერს ვამბობ ჩიტთან დაჯახების ალბათობაზე, რადგან ამ სისიტემას აქვს დუბლირება თვითმფრინავში, ანუ პარალელური სისტემა. ძრავიც ორი აქვს. თუ ერთი ძრავი გამოდის მწყობრიდან, მეორე ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას. ხილვადობასთან დაკავშირებითაც მისი მახასიათებელია დღე-ღამის, უამინდობის პირობებშიც კი შეუძლია იფრინოს დაუბრკოლებლად _ უამრავი მაკონტროლებელი ზომავს სიმაღლეს, მოახლოებულ ობიექტს, მარტივი არ არის, საკმაოდ საინტერესო მექანიზმია! მოკლედ, დასკვნა ასეთია: კატასტროფების 99%-ში მიზეზი არის გაუმართაობა.

_ არსებობს უსაფრთხოების რეგლამენტი?

_ ნებისმიერ თვითმფრინავს აქვს რეგლამენტი უსაფრთხოების ზომების შესახებ. ფრენის უსაფრთხოება კი არის მთელი ხელოვნება, რაც პილოტისგან დამოუკიდებლად ხორციელდება და რაც ნიშნავს ორ ელემენტს: პირველი არის თვითონ თვითმფრინავის ტექნიკური მახასიათებელი და მეორე, პილოტის ჯანმრთელობა. ორივე ელემენტი მოწმდება გაფრენამდე, თანაც არაერთი საათით ადრე. ეს ყველაფერი ხანგრძლივი პროცესია და როდესაც იწყება თვითმფრინავის მომზადება, მომსახურე პერსონალის სისიტემა მუშაობს ისე, რომ ყველაფერი წესრიგში უნდა მოიყვანოს, თუ მოხდა კატასტროფა, ე. ი.  უსაფრთხოების სისტემემამ არ იმუშავა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ შეფასება, რომ ფრენების უსაფრთხოებასა და ფრენების მართვას ახორციელებს სისტემა, რომელიც მოშლილია. როდესაც წელიწადში ათობით სასწავლო გაფრენა კი არა, მხოლოდ ათი გაფრენა გაქვს, არ არის მძიმე დატვირთვა. რთული დატვირთვის პირობებშიც კი სისტემა ვერ მოახერხებს სრულფასოვნად იფუნქციონეროს. ეს პირდაპირი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა იმ გუნდის, რომელსაც აბარია თავდაცვის სისტემა. რატომ არის მოშლილი სისტემა? ვერცერთი სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი ვერ გაერკვევა და ვერ უზრუნველყოფს ფრენების უსაფრთხოებას, მაგრამ მან უნდა შექმნას გარემო და მას უნდა ჰქონდეს ინდიკატორები, რათა შეძლოს დაინახოს სისტემის ხარვეზები. ამიტომ არსებობს ევროპულ ქვეყნებში ე. წ. დემოკრატიული კონტროლი. ამ კონტროლის პირობებში მექანიზმი მუშაობს ისე, რომ მას ჰყავს მაკონტროლებელი და ეს სისტემა იძულებულია, განვითარდეს, იყოს დისციპლინირებული და ეფექტიანი, სხვა შემთხვევაში მას დასჯიან!

_ რა ხდება ამ კუთხით საქარველოში?

_ საქართველოში ზუსტად ეგ პრობლემა გვაქვს, რომ სისტემა არ არსებობს. სისტემა თუ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგი თავდაცვის მინისტრი გყავს ან რამდენად კარგი გენერალური შტაბის უფროსი, ე. ი., ეს სისტემა არ არის - მხოლოდ სუბიექტურ გადაწყვეტილებებზეა აგებული... ჩვენ ეს პრობლემა გვაქვს ცალსახად, ამიტომ მმართველ გუნდს აქვს პირდაპირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ მან სისტემა მიიყვანა ამ დღეში, როცა სისტემის გამართული მუშაობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პერსონის პიროვნულ მახასიათებელზე. და ეს არასწორია! ჩვენ ასეთი პრობლემები გვაქვს არა მხოლოდ თავდაცვის სისტემაში, არამედ მთელ საქართველოში, სახელმწიფო მართვის მთელ სისტემაში გვაქვს არაეფექტიანი მართვის პრობლემები, რაც იწვევს ხოლმე  მსხვერპლს, მაგრამ არის ისეთიც,  როცა არ იწვევს მსხვერპლს და საზოგადოება ამის შესახებ ინფორმაციას ვერ იგებს.

_ სად არის ოპოზიცია, მათი პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიურ მოვლენებზე არ უნდა იკვეთებოდეს?

_ ერთი მხრივ, შემიძლია ოპოზიცია გავაკრიტიკო, გარკვეულწილად, ეს მათი პასუხისმგებლობაც არის, მაგრამ ოპოზიციას საერთოდ არ აქვს საშუალება, საპარლამენტო წინააღმდეგობა გაუწიოს სახელმწიფო მანქანის მუშაობას. ეს არის პრობლემა. ამით მე ოპოზიციას თითქოს ვამართლებ, მაგრამ, მეორე მხრივ, ოპოზიციამ ყოველდღე უნდა შემოჰკრას განგაშის ზარებს. ის, რომ კობახიძე პრემიერად არ ვარგა და ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოვანი მმართველია, ეს გასაგებია, მაგრამ გარდა ამისა, სისტემას აქვს ხარვეზები და პრობლემები, რომელიც იწვევს ადამიანურ მსხვერპლს. ცალსახად შეცდომაა დაშვებული, სისტემამ სადღაც არ იმუშავა. ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა ჩატარდეს _ პერსონალი უნდა დაისაჯოს, მაგრამ აქ სამხედრო იერარქიის წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში. თავისთავად ეს შემთხვევა მთლიანად სისტემის პასუხისმგებლობაა, „ოცნების“ მიერ შექმნილი მართვის სისტემის პასუხიმგებლობაა.

_ ბატონო გიორგი, რატომ ვერ მოახერხა პილოტმა კატაპულტირება?

_ არსებობს ორი ეჭვი: 1. პილოტის ჯანმრთელობა არ შემოწმდა, რაც ნაკლებად სავარაუდოა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ჯერ გაჩნდა ცეცხლი და შემდეგ მოხდა აფეთქება. აღვნიშნე, რომ პილოტის სამუშაო ადგილი არის ჯავშნიანი და უსაფრთხოების ბევრი ზომაა მიღებული, ყოველ შემთხვევაში, ხანძრისგან დაგლეჯილი და დაფლეთილი სუ-25 ახერხებს უკან დაბრუნებას და დაჯდომას, იმიტომ რომ პილოტის უსაფრთხოება ამ თვითმფრინავში არის გარანტირებული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ცეცხლი გაჩნდა, პილოტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება! რაკი სუ-25 ბრძოლებისთვის და დაბალ სიმაღლეზე ფრენისთვის გამოიყენება და უფრო მეტ დაზიანებებს განიცდიდა, ვიდრე ჩვეულებრივი გამანადგურებლები, ამიტომ თავიდანვე ამ თვითმფრინავის კატაპულტირება დიდი მოთხოვნის ქვეშ იყო, ამიტომაც უფრო ეფექტიანია შექმნილი, ვიდრე სხვა მოდელში. საერთოდ, ექსტრემალურ სიტუაციაში უწევს პილოტს მიმართოს კატაპულტირებას.

საზოგადოებამ თავდაცვის სამინისტროს უნდა მოსთხოვოს, გამოაქვეყნოს ორი დასკვნა. ერთი: ბოლოს როდის მოხდა კატაპულტირება, რადგან კატაპულტირება მთლიანად დამოკიდებულია პიროტექნიკურ პატრონაზე, რომლის აფეთქების შედეგადაც ხდება პილოტის „გასროლა“. ბოლოს როდის შეიძინეს პიროტექნიკური პატრონა? და მეორე: ეყენა თუ არა შემოწმებული პიროტექნიკური პატრონა თავის ადგილას? შესაძლებელია, რომ თუ არ იმუშავა პიროტექნიკურმა პატრონამ, ამიტომაც ვერ მოხერხდა კატაპულტირება? მაშინ ეს იქნება ამ სისტემის დიდი დანაშაული...

_ დაველოდოთ გამოძიებას?

_ გამოძიება... საბჭოთა კავშირის დროს ყველაფერს მალავდნენ... კი, მათ აქვთ ვალდებულება... მინდა გითხრათ, რომ სტრატეგიული კომუნიკციები არ არის პიარი. სტრატეგიული კომუნიკაცია ნიშნავს იმას, რომ ყველა შენს ქმედებაში მიიღო ლეგიტიმაცია, გქონდეს ინტერაქტიური კავშირი მოსახლეობასთან და მოსახლეობას ესაუბრო ამა თუ იმ მოვლენაზე, მათ შორის, მაშინაც, როცა პრობლემა გაქვს. ეს ვალდებულება მათ აღებული აქვთ და ჩვენ ამ ადამიანებს ხელფასს ვუხდით. სტარტკომი (სტრატეგიული კომუნიკაცია, _ რედ.) ხომ აქვს თავდაცვის სამინისტროს? სტარტკომი იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაცას, უკაცრავად, ჩასვრილი უკანალი გამოწმინდონ, ეს არ არის მისი მოვალეობა. მისი მოვალეობაა, მოსახლეობას აუხსნას და დააჯეროს, რა ხდება. ის, რომ შავი ყუთი იპოვეს, ის, რომ გამოძიება მიმდინარეობს, არაფერს მეუბნება! მინახავს ბევრი გამოძიება, რომელიც ბოლომდე არ მივიდა! პასუხებს ველოდებით!

თავდაცვის სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანია ღირსების შეგრძნება, რასაც სამხედრო ცხოვრება ითვალისწინებს! საყრდენი ბოძია ღირსების შეგრძნება! როდესაც შენ აკეთებ რაღაც შეფარულ განცხადებას, რომ ეს ტრაგედია შეიძლება პილოტის ბრალი იყოს, ამით მორალსა და ღირსების შეგრძნებას ანგრევ! ანგრევ იმიტომ, რომ ყველა ხვდება, რომ ვიღაც მაღალჩინოსანი ან მაღალჩინოსანთა ჯაჭვი ცდილობს თავისი შეცდომის გადაფარვას! მთავარი აქ „ასეთი“ მინიშნებაა, რაც თავდაცვის სისტემისთვის დამანგრეველია. ჯარისკაცებმა გაიგეს, რომ ვიცე-პოლკოვნიკი, დამსახურებული პილოტი, ერთ-ერთი გამორჩეული მფრინავი, რომელსაც ძვირადღირებულ საბრძოლო თვითმფრინავს ანდობდნენ, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის მიმართ, უცებ ვიღაცებმა ხელი შეაწმინდეს?! ნებისმიერ ნორმალურ სამხედრო საზოგადოებაში აშშ-ში, გერმანიაში... ეს იქნებოდა მსჯელობის თემა! იმ დღესვე დაკარგავდა ხელისუფლება ლეგიტიმაციას! მმართველი პოლიტიკური გუნდი ავად არის! თავდაცვის სისტემაში აკეთებს ისეთ რაღაცებს, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია. წარმოიდგინეთ, რა მოხდება დაღუპული მფრინავის ოჯახთან მიმართებით... მოთაფლვა, მოსყიდვა, რომ არ ამოიღონ ხმა _ აუცილებლად იქნება ზეწოლა... ეს სამარცხვინოა, როდესაც მთელი სახელმწიფო აპარატი ერთი გმირი პილოტის ოჯახზე დაიწყებს ზეგავლენას იმისთვის, რომ იქიდან არ წამოვიდეს უარყოფითი მესიჯები და არ დაისვას „უხერხული“ კითხვები... ეს არის ჩვენი სირცხვილი _ გვქონდეს ამ ტიპის სახელმწიფო. ასეთი მმართველობა უნდა მოვსპოთ,  ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. 

გაზიარება