- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-02-02 03:40:24
გიორგი საკარული
საქართველოში ჩატარდა ფესტივალი „მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი“ – „World Rising Stars“. სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელი, ეკა მგალობლიშვილი, ერთი კვირის განმავლობაში მასპინძლობდა მსოფლიოს 25 ქვეყნის 250 სტუმარს.
უცხოელი სტუმრების ვიზიტი, ფესტივალი, კონკურსი და დაჯილდოება გაშუქდა საერთაშორისო მედიაში. ფინალურ შოუზე დაჯილდოვდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები. ამასთან, ნომინაციაში წლის საუკეთესო მედიაჰოლდინგი დაჯილდოვდა „ქრონიკა+“ და მისი მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, ხოლო წლის საუკეთესო საინფორმაციო სააგენტო გახდა Cnews.ge.
წელს პირველად ფესტივალ World Rising Stars-ს დაემატა საერთაშორისო კონკურსი „მისის პლანეტა“, სადაც მონაწილეობდნენ 25-იდან 55 წლამდე ქალბატონები. მატება იყო ქვეყნებს შორის, ინტერესი _ უფრო დიდი, მრავალფეროვანი პოროგრამა და ბრძოლა ოქროს გვირგვინის მოსაპოვებლად.
თოთხმეტ ქართველ და უცხოელ დიზაინერს ორი დღის მანძილზე ჰქონდა პერსონალური ჩვენება, უცხოელმა სტუმრებმა კი დაათვალიერეს თბილისის სხვადასხვა უბანი, გაეცნენ ქართულ კულტურას და დააგემოვნეს ქართული ტრადიციული კერძები. ქართული სტუმართმასპინძლობით აღფრთოვანებული საერთაშორისო ჟიურის წევრები და მონაწილეები ერთხმად ამბობდნენ, რომ საქართველო მათი მეორე სახლია.
როდის ჩაეყარა აღნიშნულ ფესტივალს საფუძველი? როგორია უცხოელების შეფასება და ბრძოლა საერთაშორისო ბაზარზე? რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პოპულარიზაციისთვის მსგავსი ღონისძიებების ჩატარება? როგორია საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე? ვინ არის ქართველი პატარა მოდელი, რომელიც ერთდროულად სამჯერ გახდა ოქროს გვირგვინოსანი და „სუპრემეს“ მფლობელი? _ ამ და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მსოფლიოს სხვადასხვა კონკურსისა და საერთაშორისო ფესტივალების ლიცენზიის მფლობელი, საერთაშორისო ჟიურის წევრი და სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელი, ეკა მგალობლიშვილი:
_ 2015 წლიდან დღემდე საქართველოში ჩემი ხელმძღვანელობით წელიწადში სამჯერ იმართება საერთაშორისო სამოდელო კონკურსი, სილამაზის კონკურსი, ფესტივალი, დაჯილდოების ცერემონია და ფეშენ შოუ. საქართველო მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და უამრავ სტუმარს. რაც შეეხება პროექტს, რომელიც 17 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით განხორციელდა, ეს გახლავთ მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი World Rising Stars, ფესტივალი, მოდის კვირეული და დაჯილდოების ცერემონია, თუმცა წელს ჩემი კოლეგის, ირინა პაპაზოვას შემოთავაზებით, დაემატა საერთაშორისო კონკურსი „მისის პლანეტა“, რომელიც ითვალისწინებს საქმიანი ქალბატონების შეხვედრას, კონკურსში მონაწილეობას. ეს პირველად გაიმართა საქართველოში. შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამ წელს ორ საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლა: World Rising Stars და „მისის პლანეტას“, სადაც მონაწილეობდნენ ქალბატონები 25 წლიდან 55 წლის ჩათვლით.
ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა ტური და აქტივობა. მასპინძელი გახლდათ არაჩვეულებრივი სასტუმრო „ჯინო სისაიდი“. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ნუგზარ გიორგაძეს, რადგან მან უკვე მეორედ ღირსეულად უმასპინძლა ამ პროექტს. ერთი დღე იყო „კეთილი იყოს მობრძანება საქართველოში“, სადაც სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული სუფრა, მეორე დღე იყო ინტერვიუ ჟიურისთან, სადაც 25 ქვეყნის ჟიურის წევრები ვისხედით და ვეცნობოდით თითოეულ მონაწილეს კითხვა-პასუხის რეჟიმში. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ აკრძალული გვაქვს პოლიტიკური და რელიგიური კითხვები. იმავე საღამოს გაიმართა ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ტური _ „მეგობრობის საღამო“, სადაც ყველა ქვეყანა წარვადგენთ ჩვენი ქვეყნის ტრადიციულ სამზარეულოს, კერძებს ვაცნობთ ერთმანეთს და ვაგემოვნებინებთ, ყველას გვაცვია ნაციონალური სამოსი, ასევე ვასწავლით ერთმანეთს ტრადიციულ ცეკვებსა და სიმღერებს, ვცვლით საჩუქრებს. რაც შეეხება 19 იანვარს, ამ დღეს „ჯინო აკვაპარკმა“ გვიმასპინძლა, კონკურსანტებსა და ჩამოსულ სტუმრებს განტვირთვის დღე ჰქონდათ და გავაკეთეთ ექსკურსია, ფოტოსესია, სატელევიზიო გადაღებები და ა. შ.
20 იანვარს სასტუმრო „ბილტმორში“ მაყურებლის წინაშე წარდგა 14 ქართველი და უცხოელი დიზაინერი, ასევე საერთაშორისო მონაწილეები და სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელები. საღამო გახსნა მომღერალმა ნინი შერმადინმა და დახურა ქეთი ორჯონიკიძემ. არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი ფაქტი: 7-8 წუთის განმავლობაში შუქი ჩაქრა და 800 სტუმრის ტაშის ფონზე წამითაც არ გაჩერებულა ჩვენება, მოდელებს მოუწიათ მუსიკის გარეშე გამოსვლა პოდიუმზე. შევინარჩუნეთ სიმშვიდე, რისთვისაც მადლობა დამსწრე საზოგადოებას და შემდეგ ყველაფერი მოწესრიგდა.
რაც შეეხება ფინალურ დღეს, აქაც შოუ ნინი შერმადინმა გახსნა მსოფლიო ჰიტით „We are the world“ და მსოფლიოს უამრავი მონაწილე ნაციონალური სამოსით და დროშებით შემოვიდა დარბაზში. ისინი ორი კოსტიუმით წარდგნენ მაყურებლის წინაშე, საღამო მუსიკალურად გააფორმეს ჩვენთვის უსაყვარლესმა „რანინას“ ბავშვებმა, ვოკალის აკადემიის სასწაულმა ბიჭებმა გეგამ, ვაჩემ, ნიკოლოზმა და ოთომ, ასევე იმღერა ქეთი ორჯონიკიძემ, მარკუს მეტრეველმა, ვიხილეთ დიზაინერ ხათუნა კობახიძის, „ხატკოს“ პერსონალური ჩვენება, ასევე ლაქშერი ბრენდ „ანასტასიას“ კოლექციის ჩვენება და ბოლოს, რაც მთავარია, ყველა მონაწილე დაჯილდოვდა დიპლომით, გვირგვინით, ნომინაციით და სამახსოვრო საჩუქრით. ჩვენ საერთაშორისო პროექტის ფარგლებში დავაჯილდოეთ ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ჩვენ გვერდით იყვნენ. სცენაზე უამრავი სტუმრის წინაშე ვთქვი და ახლაც მაქვს საშუალება, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პირადად თქვენს მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+“-სა და ქალბატონ ელისო კილაძეს. სცენაზე თქვენს კოლეგებს მოვეფერე და ვუთხარი, _ მიუხედავად იმისა, რომ მილანის ტელევიზიაში როცა გვაქვს ჩართვები, გადაცემები, სხვადასხვა საერთაშორისო პრესაში იწერება ჩვენზე, საქართველოზე, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას წერს და როგორ აქტიურადაა შენი ქვეყნის მედია ამ ყველაფერში ჩართული. ამიტომ ძალიან დასაფასებელია, რომ თქვენი ჰოლდინგი აქტიურად აშუქებს არა მარტო უფროსი თაობის მოდელების საქმიანობას, არამედ ბავშვებსა და ყველა იმ კონკურსსა თუ ფესტივალს, რასაც საქართველოს მხარდაჭერა და წარმატება ჰქვია.
შესაბამისად, ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ფესტივალ „მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავების“ დაჯილდოებაზე ნომინაციაში წლის საუკეთესო მედიაჰოლდინგად „ქრონიკა+“ და საუკეთესო მედიამენეჯერად ქალბატონი ელისო კილაძე დაგვესახელებინა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამავე ჰოლდინგის მედიამ გაიმარჯვა ნომინაციაში და წლის საუკეთესო საინფორმაციო სააგენტოს ტიტული ერგო Cnews-სა და თქვენ. ამავე საღამოზე დაჯილოდვნენ პროფესორები, აკადემიკოსები და ის ადამიანები, რომლებიც წლიდან წლამდე არიან ჩვენ გვერდით. ეს არ არის პატარა საქმე, როცა ხედავ, რომ საქართველოში წელიწადში სამჯერ ჩამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები და ისინი ხმამაღლა ამბობენ, რომ საქართველო ჩვენი მეორე სახლია, რითაც ძალიან ვამაყობ.
აი, ეს იყო ჩემი მიზანი ბავშვობიდან, რომ ჩემი პატარა, ლამაზი, დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა გამეცნო მსოფლიოსთვის. ხმამაღლა ნათქვამში არ ჩამითვალოთ, თუ ვიტყვი, რომ მეც პატარა მარცვალი ჩავდე ჩემი ქვეყნის პოპულარიზაციაში. არ ვემსახურები მხოლოდ სილამაზეს და მოდას, მე ვემსახურები ადამიანურ ურთიერთობებს, სიშვიდეს, სიყვარულს, რადგან თქვენ ძალიან კარგად დაინახეთ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები, რომლებიც იქ, ერთ საღამოზე ყველა ერთიანი იყო, რადგან ჩვენი კონკურსი იქნება, ფესტივალი, დაჯილდოება თუ უბრალოდ საღამო, ეს ყველაფერი არის აპოლიტიკური.
_ ეკა, აღსანიშნავია რომ შარშან საერთაშორისო კოკურსზე ანასტასია ბაკურაძემ მიიღო ოქროს გვირგვინი. წელს ვინ გახდა ოქროს გვირგვინოსანი?
_ ცოტა მერიდება, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო საბჭომ ანასტასია ბაკურაძე ერთი წლის წინ დააჯილდოვა ოქროს გვირგვინით და ნომინაციით „სუპრემე“, რაც გრანპრიზე მაღალი ნომინაცია არის ჩვენს სფეროში. ეს არის ერთ-ერთი ქართველი ბავშვი, რომელსაც სამი საერთაშორისო კონკურსის „სუპრემე“ აქვს მოგებული, თუმცა წელს ამაყი ვიყავი, როდესაც ქართველი ბავშვი, სოფია მაღლაკელიძე, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ამერიკაში, ის იქ ნინი შერმადინის მოსწავლეა, ჩამოვიდა საქართველოში, მიიღო მონაწილეობა და ერთი ოქროს გვირგვინი სწორედ მას გადაეცა. ყველამ კარგად დაინახა, თუ როგორი ტალანტით გამოირჩეოდა ის, როგორ წარდგა ჟიურისა და მაყურებლის წინაშე. მეორე ბავშვი არის დიანა სომხეთიდან, რომელმაც აიღო ოქროს გვირგვინი, ასევე ლიეტუვას წარმომადგენელი პაულინა, რომელიც ასევე ოთხჯერ იყო საქართველოში ჩამოსული და ის აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა სილამაზის კონკურსში.
_ წელს საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამა გქონდათ, შესაბამისად, მონაწილეების ნაკადი საკმაოდ დიდი იყო. ქვეყნები დაემატა?
_ ნებისმიერი საქმე, იქნება ეს მოდა, ჟურნალისტიკა თუ სხვა სფერო, უნდა პროგრესირებდეს. უნდა ვეცადოთ, რომ მომდევნო საქმიანობა წინაზე უკეთესი იყოს, ეს არის პროფესიონალიზმი, თუმცა 2015 წელს ფილარმონიაში ჩავატარე „მის პლანეტა“ და იქ მქონდა ცეკვაც, სიმღერაც და აბსოლუტურად ყველაფერი. ვერიკო ტურაშვილი, ნინი შერმადინი, მარკუს მეტრეველი, გია ნიკოლაძე, ფატუნა, ხატკო, ქეთი ორჯონიკიძე, _ ისინი არ არიან რიგითი მომღერლები ან დიზაინერები, ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან და ყოველთვის ამ პროექტის გვერდით დგანან. არ ყოფილა ჩემი საერთაშორისო კონკურსი, სადაც ქართული ცეკვა არ ჩამესვა, უბრალოდ, წელს კონკურსანტების რაოდენობა ბევრი იყო, მარტო 250 უცხოელი სტუმრობდა საქართველოს, მაგალითად კოლუმბია წელს პირველად მონაწილეობდა. ყოველ წელს მატულობს ნაკადი და ინტერესი ამ კონკურსების მიმართ.
_ ეკა, საკმაოდ დიდი ხანია, რაც სამოდელო სფეროში მოღვაწეობთ, ფაქტობრივად, ბავშვობიდან. რთული იყო გზა, რომელიც დღემდე გამოიარეთ?
_ რთული არა, უფრო შრომატევადი იყო და არის დღემდე. აბსოლუტურად ყველა ჩემი კოლეგა მწერს, რომ დაისვენეო, მაგრამ მე ჯერ კიდევ არ დამისვენია და შემდეგი პროექტისთვის ვემზადები.
_ ამბობენ, ხელშეწყობის გარეშე რთულია, ადამიანმა მიაღწიოს რამეს. თქვენ შემთხვევაში ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც გვერდით დაგიდგათ და დღემდე გიდგათ?
_ მხოლოდ საკუთარი თავი, ლამაზი, ჯანსაღი და წრფელი ურთიერთობები. ეს ყველაფერი არ ისწავლება, ასეთი უნდა დაიბადო. მე დავიბადე ასეთი და ეს არის ჩემი მისია, რომ არა მარტო სცენაზე ან კარიერაში, ცხოვრებაშიც სულ გავულამაზო ჩემ ირგვლივ მყოფ ადამიანებს ცხოვრება, რადგანაც სიცოცხლე არის ძალიან ხანმოკლე. ყველაფერი ბუმერანგივით ბრუნდება და მე არ ვარ ფრთიანი ანგელოზი, თუმცა არასოდეს გამომიყენებია სამაგიეროს გადახდის მიზნით ჩემი შესაძლებლობები, ყოველთვის ვანდობ ცხოვრებასა და უფალს.
_ ჩვენს ქვეყანაში მიაღწიო წარმატებას, თან ამ სფეროში და მით უმეტეს ქვეყნის სახელი გაიტანო ფარგლებს გარეთ, ეს არ არის ადვილი. როგორ აღმოჩნდით საერთაშორისო ბაზარზე, სადაც დღეს ასე წარმატებით მოღვაწეობთ?
_ მოგეხსენებათ, ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. ძალიან წარმატებული ვიყავი ჩემს ქალაქში, შემდეგ დასავლეთში და საქართველოში. 25 წელია, უკვე თბილისში ვცხოვრობ და მე და თამუნა გომართელმა მის მსოფლიო თინეიჯერზე გავაგზავნეთ მონაცემები, თუ რა მიკეთებია საქართველოში ბავშვობიდან იმ წლების განმავლობაში. ეს იყო ჩემი პირველი ლიცენზია და პირველი საერთაშორისო კონკურსი გვატემალაში, სადაც ჩავედი, გავიცანი სხვადასხვა სამოდელო, სილამაზის კონკურსების პრეზიდენტები. მათ ერთხმად გამოთქვეს სურვილი, რომ ჩემთან გაეგრძელებინათ თანამშრომლობა. დღეს ვარ ნამდვილად ბედნიერი ადამიანი, რომ მსოფლიოს ყველა კონკურსზე სიტყვა მეთქმის და ვარ უამრავი საერთაშორისო ფესტივალისა თუ კონკურსის ჟიურის წევრი. თუ რომელიმე ქვეყნიდან ჩამომაქვს გრანპრი, ჩამომაქვს იმიტომ, რომ იქ ეკა მგალობლიშვილია, გარდა იმისა, რომ კონკურსანტი საქართველოდან ყოველთვის საუკეთესო მიგვყავს.
_ ეს არის ის სფერო, სადაც კონკურენცია ძალიან დიდია: მონაწილეებს შორის, ჟირუსი წევრებს შორის, საერთაშორისო დირექტორებსა თუ პრეზიდენტებს შორის. რა სახის ბრძოლები გიწევთ ხოლმე უცხო ქვეყანაში?
_ რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი კონკურენცია, განსაკუთრებით ფინალის მერე. იყო შემთხვევა, როდესაც 2018 წელს 120 ქვეყანას შორის ნიკოლოზ ბერძენიშვილმა, ბიჭმა და გოგონამ, საქართველომ ავიღეთ გრანპრი. ჩემი უახლოესი მეგობარი 2-3 დღე ნაწყენი იყო ჩემზე, რატომ არ თქვი, რომ არ მინდა მეორე გრანპრიო და მხოლოდ ერთი აგეღოო, ხომ მიხვდით, რა ხდება. რა თქმა უნდა, ჩემი მეგობარია დღემდე ნატალი კისილოვა, მაგრამ იყო ასეთი შემთხვევა, ავუხსენი და მან ძალიან კარგად გაიგო. ფატუნა ბუშიჰედია მომსწრე, რომ ალბანეთში ერთ-ერთი პორტუგალიელი დირექტორი ადგა და თქვა, რომ ყოველთვის შეიძლება, რომ გრანპრი საქართველომ აიღოსო? მე ყველას თვალწინ განვუცხადე მას: იცი, რა არის ჩემი დანაშაული, შენ რომ ჩემ გვერდით ზიხარ ჟიურიში-მეთქი, იმიტომ რომ პორტუგალიას ჰყავს სხვა კიდევ მეორე უძლიერესი დირექტორი და არ უნდა მოეწვიე შენ-მეთქი. ფატუნა გაოცებული იყურებოდა და შეგიძლიათ ჰკითხოთ მას. რა თქმა უნდა, უამრავი ბრძოლა მიწევს, მაგრამ ჩემს შვილსა და მოსწავლეებს ვასწავლი, რომ ნებისმიერ სფეროში როგორც კი პირველ ნაბიჯებს გადადგამ, როგორი ხარისხით გადადგამ და როგორ სახელსაც დაიმკვიდრებ, ამას მნიშვნელობა აქვს, მერე უკვე იოლია ყველაფერი, თორემ თავიდან არასწორ დროს, არასწორ სიტუაციაში ან პროექტში თუ მოხვდი, გამოსწორება ძალიან რთულია. მნიშვნელოვანია სწორი მიმართულებები.
_ დაბოლოს, ზემოთ აღნიშნეთ, რომ მე არ ვისვენებ, კვლავ ვაგრძელებ ახალ პროექტზე მუშაობასო. რომელია თქვენი შემდეგი პროექტი და რა გეგმები გაქვთ?
_ როდესაც ადგილობრივ კონკურსებს აკეთებენ ჩემი კოლეგები, ისინი თხოვნით მომმართავენ და მიწვევენ ჟიურიში. ახლა რუმინეთს აქვს ადგილობრივი კონკურსი და ერთი კვირით მივფრინავ იქ. როგორც კი რუმინეთიდან ჩამოვალ, ვემზადები და კოლექციას ვამზადებ მილანის მოდის კვირეულისთვის, სადაც მიწვეულია ლაქშერი ბრენდი „ანასტასია“, „კატრინის“ მოდელები, იმღერებს ნინი შერმადინი. 26 თებერვალს მილანის ტელევიზიაში გვაქვს პირდაპირი ეთერი, ჩვენება, სიმღერა და ინტერვიუ, ხოლო მილანიდან მაშინვე გადავფრინდებით საფრანგეთში, სადაც პარიზის მოდის კვირეულში მივიღებთ მონაწილეობას. პარალელურად მუშაობა დაწყებული მაქვს ახალ პროექტზე, რომელსაც საქართველში ჩავატრებ. ფესტივალს ჰქვია „ Mini LittleTeen Georgia -2024-2024“ ანუ „მინი პატარა თინეიჯერი საქართველო-2024“, სადაც არცერთი ბავშვი არ დარჩება ნომინაციისა და დიპლომის გარეშე. მაისში გველოდება კანის კინოფესტივალი და მონტეკარლოში ტიფანის მოდის კვირეული.