- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-02-02 03:00:26
შორენა მარსაგიშვილი
რატომ იქცევა „ოცნების“ პოლიცია ასე აგრესიულად? რატომ არ არეგულირებენ მევახშეობის პრობლემას? რას ნიშნავს სტალინის გაპიარება? რატომ დუმს ოპოზიცია? რა არის საჭირო არჩევნების მოსაგებად? რა გასაჭირი აქვს ბიძინა ივანიშვილს? _ ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+-ს ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი:
_ ლაშა, სამების საკათედრო ტაძარში სტალინის ხატის გამოჩენის შემდეგ თქვენ ასეთი ლოზუნგით გამოხვედით: გავიტანოთ სტალინი სამებიდან, კეკე _ (სტალინის დედა) მთაწმინდიდან და ჯაბა იოსელიანი _ დიდუბის პანთეონიდან. ეს ცხელ გულზე თქვით, თუ მართლა აპირებთ ამ კამპანიის დაწყებას?
_ ცხელ გულზე ვთქვი, მაგრამ ეს კამპანია დასაწყებია, სტალინი უკვე გატანილია სამებიდან. კეკეს მთაწმინდაზე არაფერი ესაქმება, ისევე როგორც ჯაბა იოსელიანს _ დიდუბის პანთეონში. საქართველოსთვის ამ ადამიანებს ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ახლა შესაძლოა, ამის დრო არ არის, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევებია ჩვენ წინაშე, მაგრამ ესეც გასაკეთებელია. ეს ჩვენს მენტალობაზე მოქმედებს.
_ შეიძლება ითქვას, რომ უკვე იმოქმედა. მაგალითისთვის, სტალინს ეტრფიან იმ თაობის წარმომადგენლები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიბადნენ. რამ გამოიწვია ამ ადამიანებში სტალინის ასეთი რომანტიზება?
_ ეს პროპაგანდისა და გაუნათლებლობის შედეგია. გაუნათლებლობა და სიღარიბე კი ოდითგანვე ავტორიტარული მმართველობის იარაღი იყო. ამ იარაღს აქტიურად იყენებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და არც წინამორბედები აკლებდნენ. თითქოს წინა ხელისუფლება პროდასავლური იყო, მაგრამ ისინიც იყენებდნენ მმართველობაში საბჭოურ ელემენტებს. თავიდან „ქართული ოცნებაც“ პროდასავლურობას იმიტირებდა, მაგრამ ბოლოს პრორუსული პოზიციის დაკავება მოუწია.
_ მოუწია, თუ ყოველთვის პრორუსულები იყვნენ?
_ აქ მთავარი ისაა, რომ მათთვის დემოკრატიული ღირებულებები, უბრალოდ, არ არსებობს. ადამიანის უფლებებს არც ესენი იცავენ და არც წინამორბედი ხელისუფალი იცავდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო ცხოვრობს ერთმმართველობის პირობებში. ასეთი ტიპის მმართველებისთვის კი მთავარია სკამი და საკუთარი კეთილდღეობა.
_ ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ სტალინის გაპიარება რისთვის სჭირდება „ქართულ ოცნებას?
_ სტალინს რაც შეეხება, ეს უშუალოდ რუსული პროპაგანდის ნაწილია. სტალინი ვითომ ქართველი იყო, მაგრამ თავად არ მიიჩნევდა თავს ქართველად. დიქტატორი თავად ამბობდა, მე ქართული წარმოშობის რუსი ვარო. ის იყო და რჩება რუსული იმპერიის სიმბოლოდ. შესაბამისად, სტალინით მანიპულირება გახლავთ ერთ-ერთი იარაღი საქართველოსა და რუსეთს შორის კავშირების გასამყარებლად. საქართველოსა და რუსეთს შორის რომ დადებითი არაფერი ყოფილა, ამას, სულ მცირე, 222 წელია, რაც ვუყურებთ. ერეკლეს მიერ გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატიდან თუ დავთვლით, 241 წელია, გრძელდება ეს.
ორ საუკუნეზე მეტია, რაც რუსეთი საქართველოს ატყუებს. მათი მხრიდან უამრავი დაპირება ყოფილა, მაგრამ ყოველთვის გვატყუებდნენ. მოატყუეს მეფე ერეკლეც. ერეკლე არის გმირი და მეორე მხარეც ტყუის, რომელიც მას გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების გამო მოღალატეს უწოდებს. ერეკლეს აზრადაც არ მოსვლია საქართველოს ინტერესების გაყიდვა, ის თავისი ქვეყნისთვის მფარველს ეძებდა და, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, თუ რუსეთი ასეთი ვერაგი აღმოჩნდებოდა. ჩვენ ამაგი არ უნდა დავუკარგოთ მეფეს, რომელიც რამდენინემე ათეული წლის განმავლობაში ხმალამოღებული ებრძოდა მტერს.
რუსეთთან საქართველოს ყველა ხელისუფალი ეცადა სიტუაციის მოგვარებას, ხან ვითომ ნეიტრალიტეტსაც კი ვიცავდით, მაგრამ არაფერი გამოვიდა. რუსეთისგან მხოლოდ ზიანი მოგვადგა. სულ მცირე, ორჯერ დავკარგეთ დამოუკიდებლობა, ჩვენს ეკლესიას გაუუქმეს ავტოკეფალია, დაგვინგრიეს და გაგვიძარცვეს ეკლესიები, დაგვიხოცეს ხალხი. სხვა მტრებზე მეტი თუ არა, ნაკლები ზიანი არ მოუყენებიათ ჩვენთვის ამ ვითომ ერთმორწმუნე რუსებს. რა უნდა მოვთხოვოთ იმ ქვეყანას, რომელიც საკუთარ მოსახლეობასაც კი არ ინდობს?! ყველა ომში თუ რამეს მიაღწიეს, ეს იყო საკუთარი ხალხის ათმაგი მსხვერპლის ხარჯზე.
_ პრინციპი, რომ ქალები ისევ გააჩენენ, რუსეთში დღემდე მუშაობს და ამის ნათელი მაგალითი უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომია.
_ ასე არიან, მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს. ასეთი საშინელი იყო სტალინიც, რომელსაც „ქართული ოცნება“ საქართველოში რუსული პროპაგანდის გასატარებლად იყენებს.
_ მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია და არ უყვარს „ოცნებას“ ქართული წარმოშობის სისხლიანი ტირანი?
_ უყვართ თუ არა? როგორ გითხრათ, „ქოცებს“ სტალინი საკუთარი პრორუსული თამაშების გასამართად სჭირდებათ. რაღაც ფსევდოსენტიმენტებს აჩენენ. ადამიანებისთვის თავგზის აბნევა სურთ. სიყვარულით „ქოცებს“ მარტო ფული და საკუთარი თავი უყვართ.
_ ბიძინა ივანიშვილიც არ უყვართ „ქოცებს“?
_ „ქოცებს“ ბიძინა ივანიშვილის ფული უყვართ. ბიძინასაც მარტო თავისი ფული უყვარს. წინა რეჟიმს, „ქოცებისგან“ განსხვავებით, ჰყავს ფანატიკოსი მომხრეები. ზოგიერთი მომხრე იდეოლოგიის მსხვერპლია. მაგრამ ისინი ამაში ფულს არ იღებენ. ისინი, უბრალოდ, იდეების, შესაძლოა, ფსევდოიდეების მომხრეები არიან. ივანიშვილს რაც შეეხება, მას იდეური მომხრეები საერთოდ არ ჰყავს. ვიღაცები შესაძლოა, მასაც იდეის გამო უჭერენ მხარს, მაგრამ ასეთები კარგა ხანია, აღარ შემხვედრიან. მას მხოლოდ პარტნიორები და მონები ჰყავს გარშემო.
იდეოლოგიური მომხრეები მას ვერც შემორჩებოდა. თუკი რამე იდეა და დაპირება ჰქონდა დეკლარირებული, არცერთი შეასრულა. ის ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის პირობით მოვიდა. ეს პირობა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაარღვია. წინა რეჟიმის ნგრევა ჩვენ დავიწყეთ, რომლის წარმომადგენელი წლების მანძილზე იყო ბიძინა ივანიშვილი. გირგვლიანის მკვლელების შემწყალებელი მოსამართლე მურუსიძე, რომელიც უსამართლობის სიმბოლო გახლავთ, დანიშნა უვადო მოსამართლედ და შემდეგ კიდევ უფრო დააწინაურა. ამის მერე რომელ იდეურ მომხრეებზე შეიძლება ვისაუბროთ? მას მხოლოდ დაქირავებულები და მონები ჰყავს გვერდით.
ყველაფერში წინამორბედს ბაძავენ „ქოცები“. კორუფციაში ნამდვილად რეკორდი მოხსნეს. ახლანდელმა ხელისუფლებამ ბევრად აჯობა კორუფციით შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებებს ერთად აღებულს. სულ სხვა მასშტაბზე არიან გასულები. ყველაფერი გადაჭამეს.
_ წინა რეჟიმთან შედარებით ადამიანთა უფლებების სფეროში რა ხდება? გასულ კვირას ვნახეთ ბინიდან გამოსახლების კადრები, სადაც პოლიცია საშინლად და სასტიკად იქცეოდა.
_ იმ დღეს კეკელიძის ქუჩაზე 7 ნოემბრის დარბევის კლასიკის მოტივებზე მოქმედებდნენ პოლიციელები. ასეთი გავეშებული პოლიციელები 7 ნოემბერს და 20 ივნისს მყავს ნანახი. სააკაშვილის პერიოდში ასეთი სისასტიკე უფრო ხშირად ხდებოდა. ივანიშვილის რეჟიმმა განსაკუთრებით „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დაიწყო სასტიკი ზომების გამოყენება. ეს ლოგიკურიც იყო.
_ რატომ იყო ლოგიკური?
_ როდესაც არცერთ დაპირებას არ ასრულებ, რაღაცით უნდა დათრგუნო ხალხში გაჩენილი საპროტესტო მუხტი.
_ „გავრილოვის ღამის“ სისასტიკე გადატრიალების მცდელობით გაამართლეს, მაგრამ ბინიდან გამოსახლებაზე ამხელა ძალადობა რა უბედურება იყო?
_ ასეთი ძალის გამოყენება არც „გავრილოვის ღამეს“ იყო საჭირო და აუცილებელი. ეს იყო ან ძალის დემონსტრირება, ან რუსეთისთვის ერთგულების დამტკიცება. რაც შეეხება ბინიდან გამოსახლებას, ეს გამორჩეულად სასტიკი დარბევა გახლდათ. არ ვიცი, ამჯერად რატომ გამოიყენეს ეს მექანიზმი და ფორმა. მათი ქმედება ალოგიკური იყო. ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ დატესტეს საზოგადოება. საბედნიეროდ, საზოგადოება ჯანსაღად შეხვდა ამას. ახალგაზრდებმა და, არა მარტო მათ, ხელისუფლებას დაანახვეს, რომ ასეთი რამეების გადაყლაპვას არ აპირებენ. ასეთი არაადამიანური ქმედებების გამო ვებრძოდით წინა რეჟიმს და ამიტომ გავუშვით სახლში.
იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოება არც წინა რეჟიმის მონატრებაში გადავარდება და არც ივანიშვილის ხელისუფლებას აპატიებს ამ უმსგავსობას. ძალადობა არის ძალადობა და ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა დახუჭო თვალი მასზე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მგელი შეგჭამს თუ მგლისფერი ძაღლი. ორივე ცხოველთან ბოდიშს მოვიხდი, ამ ჯალათებს რომ შევადარე. სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამ ხელისუფლებას ტალღისებური შეტევები ახასიათებს. ძალადობაზე ხალხის მწვავე რეაქციას როცა დაინახავენ, ცოტა ხნით უკან დაიხევენ და ყურადღებას ადუნებენ. მერე კიდევ შემოგვიტევენ და ასე გრძელდება.
_ ამ გამოსახლებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს უფრო ადეკვატური რეაქცია ჰქონდათ მევახშეებზე, ვიდრე ოპოზიციას. ამას რით ხსნით?
_ ეგ უკვე იდეოლოგიის ბრალია და, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, პირადი ინტერესებიც დიდ როლს თამაშობს. ბევრმა ოპოზიციონერმა გაამართლა მევახშეები. ამომრჩეველმა ეს კარგად უნდა შეაფასოს. ამომრჩეველმა უნდა გაიხსენოს, ვინ რას ამბობდა და ამბობს, ვინ სად იყო და სადაა ახლა. იმის თქმა, რომ ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს, გაუმართლებელია. ჩვენ რომ ევროპა ვყოფილიყავით, მაშინ მართლა ბაზარი დაარეგულირებდა ყველაფერს, მაგრამ საქართველოში სხვა სიტუაციაა. ევროპა არის ადამიანისა და ცოცხალი არსებების დაცვის გარანტი. ბოლოს ევროპა იქამდე მივიდა, რომ მობილური ტელეფონების დამტენების დარეგულირება გააკეთა. უახლოეს თვეებში კომპანიები ვალდებული იქნებიან, ერთნაირი დამტენები გამოუშვან, რათა ხალხს გაუიოლონ ცხოვრება. ჩვენი პოლიტიკოსების ნაწილი გაიძახის, ევროპა გვინდაო და რეგულაციების წინააღმდეგი არიან. ვისაც არ უნდა მშენებლობის, მევახშეობის, ფარმაცევტული და სამედიცინო სფეროს დარეგულირება, ის არც ევროპელია და არც ჰუმანურობის სცხია რამე.
ადამიანებმა უნდა ისწავლონ პოლიტიკოსების ერთმანეთისგან გარჩევა. მარტო სათაურები არ წაიკითხონ, არც პარტიისა და არც სტატიის. ევროპა ჩვენ გვინდა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ იქ უმთავრესი არის წესები, ანუ რეგულაციები. რეგულაცია ნიშნავს ადამიანების გადარჩენას. სადაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, იქ აუცილებლად უნდა არსებობდეს ზღვრული ფასები. ამის გაკეთებას რომ ვითხოვთ, ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციის ერთი ნაწილი კომუნისტებს გვეძახის.
_ ზღვრული ფასები მეოცნებეთა საყვარელ რუსეთშიც კი დაწესდა და აქ რა დაუწესებელი დაემართათ?
_ საოცარია, მაგრამ რუსეთიც კი ამას აკეთებს. ლუკაშენკოსა და პუტინის რეჟიმებიც კი ცდილობენ, ხალხი პურის სანაცვლოდ მაინც შეეგუოს თავისუფლების დაკარგვას. ევროპაში არსებობს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა. არის ბანკების უმკაცრესი რეგულაციები. ზამთარში ბინიდან გამოსახლება საერთოდ აკრძალულია. ჩვენი ხელისუფლება კი პირიქით, ყველაზე ცივ დღეებში ასახლებს ხალხს სახლებიდან.
_ მართლა ასე იქცევიან და რატომ?
_ იმედი აქვთ, რომ სიცივესა და ყინვაში ხალხი არ გამოვა დასახმარებლად. ეს არის მართლა ფაშისტური გერმანიისა და ბოლშევიკური რუსეთის მიდგომები. გერმანელები გამოსწორდნენ, მაგრამ რუსებმა ვერ დააღწიეს თავი ასეთ ქმედებებს. ჩვენ კიდევ რა, რომელ ევროპაზეა ლაპარაკი, აფრიკის ჩამორჩენილი ქვეყნების დონეზე გვაცხოვრებენ.
_ გვაცხოვრებენ და ვცხოვრობთ კიდევაც. ფაქტია, რომ ჩვენი მოსახლეობა ასეთ ცხოვრებას ეგუება.
_ შეგუებაც არის და კიდევ ის, რომ ამომრჩეველმა ვერ ისწავლა კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა. ხალხს, რატომღაც, ჰგონია, რომ ვიღაც მესია გამოჩნდება და ის გვიშველის.
_ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გამუდმებით მესიასა და ბელადებს ვეძებთ და ველოდებით.
_ სანამ მესიას დაველოდებით, კარგსა და ავს ვერ გავარჩევთ და გონებას არ დავძაბავთ, არაფერი გვეშველება. რა შეიცვალა იმით, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში? წინა რეჟიმისთვისაც ფული და სკამი იყო მთავარი და ესენიც ასე არიან. განსხვავება ისაა, რომ ესენი ღიად პრორუსულები გახდნენ და უფრო მეტს იპარავენ ბიუჯეტიდან. სხვა მხრივ ერთნი არიან. ყველამ თავის მხარდაჭერილ პარტიას დაუსვას კითხვა, ემხრობიან თუ არა ბანკებისთვის რეგულაციების დაწესებას. უნდა დაწესდეს პროცენტებზე ზღვარი. უნდა იყოს ჯარიმის ზღვარი. იმას არავინ ვამბობთ, რომ ვალი ვინც აიღო, არ უნდა გადაიხადოს, უმეტესობას, ვისაც ასახლებენ, ვალი გადახდილი აქვს. მაგრამ ვალის ოდენობაა უსაზღვროდ გაზრდილი. ჩვენ თუ ევროპა გვინდა, რეგულაციები უნდა დავაწესოთ. ევროპა ადამიანის გადარჩენაზე მორგებულ რეგულაციებზე დგას. ჩვენ ვცხოვრობთ ინდური მოდელით. ინდოეთის მსგავსად არც საქართველოშია საშუალო ფენა. ჩვენ უნდა დავამარცხოთ არა მარტო ივანიშვილის რეჟიმი, არამედ იდეოლოგიაც, რომელიც მსხვილი ბიზნესისა თუ ცალკეულების გამდიდრებას ემსახურება მთელი ხალხის ხარჯზე. ეს იდეოლოგია ოპოზიციის დიდ ნაწილშია მხარდაჭერილი და ეს ძალიან სამწუხაროა.
_ ბოლო პერიოდში ოპოზიცია ხელისუფლების მიმართ დიდად კრიტიკული აღარ არის და ისეთი შთაბეჭდილებაც კი რჩება, რომ შეხმატკბილებულები არიან.
_ არიან თუ არა შეხმატკბილებულები, ეს მათთან უნდა გაარკვიოთ. მე იმას ვხედავ, რომ მათ საერთო იდეოლოგია აქვთ. სხვადასხვა შეფუთვებია, თორემ მსგავსნი არიან. როცა სჭირდებათ, საკუთრების უფლებას აყენებენ სიცოცხლის უფლებაზე წინ. ამის გარდა, წმინდა ტაქტიკურადაც პასიურობა შეინიშნება ოპოზიციაში.
_ „ნაციონალებს“, მაგალითად, თავისი პატიმარი ლიდერიც კი დაავიწყდათ, რომელიც რიგითი მოქალაქე არ არის, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო.
_ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის ლიდერზე უნდა იჯავროს. ეს მათი შიდა სამზარეულოა და ვერაფერს ვიტყვი, ამ მიმართულებით რატომ არ აქტიურობენ. ეს ერთმანეთში ან გარკვეული აქვთ, ან მომავალში გაარკვევენ. ერთი რამ აშკარაა, ოპოზიციაში პრინციპულობის სასტიკი დეფიციტია, რითაც ძალიან კარგად სარგებლობს ივანიშვილი.
_ თქვენი აზრით, რატომ დაბრუნდა ივანიშვილი მესამედ პოლიტიკაში? ოპოზიცია ისეთი სუსტია, რომ თითქოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება „ქართულ ოცნებას“. რაიმე ახალი ტრიუკი ხომ არ აქვს ჩაფიქრებული?.
_ ოპოზიციის სისუსტის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი სახარბიელო მდგომარეობაში არ არიან. პირდაპირ გეტყვით, ბიძინა ივანიშვილს ძალიან უჭირს.
_ რა გაუჭირდა ასეთი, რომ ჩრდილიდან გამოვიდა?
_ ივანიშვილი გაჭირვებაში ჩააგდო ღიად პრორუსულმა პოლიტიკამ. იმდენი გააკეთა, რომ დღეს საქართველოს მთავარი პარტნიორები არიან რუსეთი და ჩინეთი. ხელისუფლების პრორუსულობა ხალხმა არ აიტანა, რაც ძალიან კარგია. თქვენ კი თქვით, რომ სტალინის რომანტიზება ხდებაო, მაგრამ მისი და რუსეთის მოტრფიალეების რაოდენობა 15%-ს არ აღემატება.
_ მეტი რუსეთუმე არ გვყავს, ვითომ, ქვეყანაში?
_ 15%-ს არ აღემატება რუსეთისა და სტალინის მიმართ სენტიმენტალურად განწყობილთა რაოდენობა. დანარჩენი 85% ანტირუსული განწყობისაა. სხვანაირად არც შეიძლება იყოს, რუსეთი ჩვენი მოქმედი მტერია. სალოცავებში გვიხოცავს ადამიანებს და როგორ შეიძლება, რუსეთის მიმართ ვინმეს დადებითი განწყობები ჰქონდეს? ივანიშვილმაც იცის, რომ ხალხში ასეთი განწყობაა და ხვდება, ღიად პრორუსული პოლიტიკის გამო მის პარტიას არჩევნებზე ძალიან გაუჭირდება. ეს კაცი იმიტომ დაბრუნდა პოლიტიკაში, რომ „ქართული ოცნება“ გააძლიეროს.
_ გააძლიერებს?
_ ვფიქრობ, გაუჭირდება. ყველა ხვდება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა, მიუხედავად იმისა, რომ ის რამდენჯერმე წავიდა საჯარო პოლიტიკიდან.
_ ივანიშვილი „ნაციონალების“ მმართველობის დროსაც ბევრი გადაწყვეტილების უკან იდგა.
_ მაშინაც ხშირად იღებდა გადაწყვეტილებებს. ის სააკაშვილის მერე ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახლდათ. ძალიან დიდი გავლენები ჰქონდა. სააკაშვილისა და მისი პარტიის დიდი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოს სათავეში ასეთი პრორუსული ხელისუფლებაა. ვერ ვიტყვი, რომ ეს მათ შეგნებულად გააკეთეს, მაგრამ ფაქტია, მათ მიერ გატარებული პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილს დაეხმარა, საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოსულიყო. „ნაციონალების“ წყალობით ქვეყანას თავზე ძალიან რთულად მოსარევი მტერი დააჯდა! ძალიან ძნელად მოსარევია ეს მტერი! ოპოზიცია უსუსტესია, მაგრამ ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს მაინც უჭირს. იმედი მაქვს, საზოგადოება არჩევანს სწორად გააკეთებს და იაქტიურებს კიდევაც. აქტიურობა არჩევნებზეც საჭიროა და არჩევნების შემდეგაც. ოპოზიციის რაღაც ნაწილი როგორმე მიხვდება, რომ ქუჩაში გასვლაა საჭირო.
_ თაკო ჩარკვიანი დიდი ხანია ითხოვს ლეიბების დაყრას და გაწოლას რუსთაველზე.
_ ლეიბების დაყრა რაღაცების გამო გახდა სასაცილო, თორემ არაა ცუდი იდეა. ოპოზიციამ ახლავე უნდა დაიწყოს ქუჩაში აქტიურობა. სასურველია, არჩევნები მოიგო არჩევნებამდე და ამას სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლა სჭირდება, რაშიც ლეიბორისტებმა, ფაქტობრივად, თანამოაზრეები ვერ ვიპოვეთ. შარშან მარტის აქციების ლოგიკური გაგრძელება უნდა ყოფილიყო ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, რაც პარტიებმა არ გააკეთეს. ამ მოთხოვნით მე და შალვა ნათელაშვილი გამოვედით, მაგრამ სხვა პოლიტიკოსებმა არ დაგვიჭირეს მხარი. პარლამენტში ჯდომით არაფერი კეთდება. ბიძინა ივანიშვილის წყნარად და მშვიდად მიშვება არჩევნებამდე ძალიან სახიფათოა. იმედი მაქვს, გამოცოცხლდებიან.