- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2024-01-23 08:42:20
ირინა მაკარიძე
საარჩევნო წელი დადგა და ოპოზიციას სჭირდება, დაუმტკიცოს ამომრეჩველს თავისი უპირატესობა. რა იქნება გზავნილი, რითაც მთავარი ოპოზიციური ძალა დაარწმუნებს ამომრჩეველს, საზოგადოებას, რომ ის არის უკეთესი ძალა, რომელიც წაიყვანს ქვეყანას განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისკენ? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკურ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ნიკა ობოლაძე:
_ „ქართული ოცნება“ არაკანონიერი მეთოდებით უკვე 12 წელია, ინარჩუნებს ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო მხარდაჭერა მას დიდი ხანია, დაკარგული აქვს. მისი პოლიტიკა არის ანტიქართული, რადგან ის ეფუძნება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებას. ჩვენ რასაც ვეუბნებით ხალხს და რასაც ქართველი ხალხი ისედაც კარგად ხვდება, არის შემდეგი: საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა რომ გახდეს, საჭიროა შეიცვალოს ხელისუფლება. ცვლილებები საჭიროა ქვყანაში დემოკრატიის ნარჩენების გადასარჩენადაც. თუ ქვეყანა არ გახდა დემოკრატიული, არ დავამარცხეთ ოლიგარქიული რეჟიმი, ოლიგარქიულ ქვეყანას ევროკავშირში არ მიიღებენ. ცვლილებები საჭიროა იმიტომაც, რომ არსებულ ხელისუფლებას აქვს ანტიდასავლური კურსი, ის, ფაქტობრივად, გამოცხადებულ „ცივ ომშია“ დასავლეთთან და ყველაფერის აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები დააზიანოს. ამიტომ ჩვენი მთავარი სათქმელი ქართველი ხალხისთვის არის ეს: თუ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, რაც არის საყოველთაო მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტი, ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების ცვლილება, რითაც შევძლებთ დემოკრატიის გადარჩენას. გვჭირდება ისეთი კოალიციური ხელისუფლება, რომლის მიზანიც იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რომელიც არ იმუშავებს ევროინტეგრაციის საბოტაჟირებისკენ, როგორც „ქართული ოცნება“ ამას აკეთებდა. ქართველი ხალხი, დარწმუნებული ვარ, მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და ეტყვის „ქართულ ოცნებას“ _ „არას“, გამოიწვევს ცვლილებებს საქართველოს ხელისუფლებაში, რაც იქნება ნამდვილად უზარმაზარი, წინგადადგმული ნაბიჯი.
_ ევროკავშირის 9 დათქმიდან ერთ-ერთი არის დეოლიგარქიზაცია. გასული წლის ბოლოს პოლიტიკაში დაბრუნების განაცხადი გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მიჩნეულია ოლიგარქად. როგორ ფიქრობთ, ეს არის თუ არა ამ რეკომენდაციის შესრულების მცდელობა მისი მხრიდან? იყო პრეტენზია, რომ ის ჩრდილიდან მართავდა და ამ ნაბიჯით ერთგვარად გამოვიდა ჩრდილიდან, როგორია თქვენი შეფასება?
_ ივანიშვილს მოუწია ჩრდილიდან გამოსვლა და როგორც თვითონ ამბობს, იმიტომ, რომ მის გუნდში არის დაპირისპირება და კორუფცია. ასევე ის კარგად ხვდება, რომ 2024 წელს მის პოლიტიკურ გუნდს აქვს ძალიან ნაკლები შანსი, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ჩრდილიდან გამოსვლის ეს ფორმა, უბრალოდ, ადასტურებს, რომ ის აქამდეც იყო და ახლაც არის ოლიგარქი. მან თქვა, რომ წარსულშიც ჰქონდა გუნდთან კონსულტაციები, თავად გადაწყვიტა, ვინ ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი, თუნდაც გახარიას მერე, მიუხედავად იმისა, რომ წასვლისას განაცხადა, ამ გუნდის მხარდამჭერიც კი არ ვიქნები და არავინ მომაკითხოს აზრის საკითხავადო. თავისთავად, კონსტიტუციის გარეთ მყოფი, „საპატიო“ თავმჯდომარის გამოგონილი თანამდებობა, რომელსაც აქვს პრემიერის წარდგენის უფლებამოსილება, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ივანიშვილი არაფორმალური მმართველობის გაგრძელებას აპირებს. ამას დაასრულებს მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა.
_ არსებობს ვარაუდები, რომ შესაძლოა, „ოცნებამ“ ივანიშვილი დაასახელოს პრეზიდენტობის კანდიდატად, ამის შესახებ რას იტყვით?
_ ივანიშვილი შეიძლება თავისი პირადი გადარჩენისთვის ბევრ რამეს განიხილავს, ჩვენ ამაზე, ბუნებრივია, ინფორმაცია ვერ გვექნება, მაგრამ რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგად „ქართული ოცნება“ უნდა გადავიდეს ოპოზიციაში.
_ დანიის ელჩის მიერ ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებას მოყვა „ქართული ოცნების“ მძაფრი რეაქცია. რას იტყვით ამის შესახებ და რამდენად სიმპტომატურია ის, რომ დიპლომატები, ევროპარლამენტარები მას მოიხსენიებენ, როგორც ოლიგარქს?
_ ივანიშვილი რომ ოლიგარქია, ეს არის ფაქტი. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ელჩის დაბარებას იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც არ იკავებს არანაირ კონსტიტუციურ თანამდებობას და არ წარმოადგენს ქვეყანას, ესეც ადასტურებს ზუსტად იმას, რომ ივანიშვილი ოლიგარქია. საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს და მას შეიძლება რეაქცია ჰქონდეს, როდესაც საუბარია სახელმწიფო მოხელის მიმართ გაკეთებულ განცხადებაზე.
_ ივანიშვილმა ისაუბრა ოპოზიციის სისუსტეზე, რაც მისივე თქმით, დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი ყოფილა. რას იტყვით ამის შესახებ?
_ ივანიშვილმა ერთი ფრაზა თქვა ოპოზიციაზე, რომ სუსტია, სამაგიეროდ, მეტი ისაუბრა „ქართულ ოცნებაზე“, რომ არის დაპირისპირება, კორუფცია, გაიხსენა 2018 წელი და აღნიშნა, _ მე რომ მაშინ არ დავბრუნებულიყავი, ერთ თვეში „ოცნება“ აღარ იარსებებდაო. ამ ლოგიკით შეიძლება ვივარაუდოთ, რაკი ისევ დაბრუნდა, „ოცნება“ ახლაც ისეთ მდგომარეობაშია, რომ შესაძლოა, ერთ თვეში დაშლილიყო კიდეც. ამიტომ სერიოზულად განხილვა იმის, რომ ივანიშვილს მოუწია საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება იმიტომ, რომ ოპოზიცია არის სუსტი, შეუძლებელია.
_ და რა ხდება რეალურად, რამდენად არის ოპოზიცია დღეს ფორმაში?
_ რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ ვაპირებთ ხალხის მობილიზებას, ხალთან მუშაობას, რომ კიდევ უფრო ფართო მასებს ავუხსნათ, რომ ხელისუფლების ცვლილება ვტომატურად ნიშნავს საქართველოსთვის კეთილდღეობის მოტანას. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს ცვლილებებს.
_ არაფორმალური მმართველობის შესახებ ბრალდებით ენმ დატოვა საკმაოდ მარავალრიცხოვანმა ჯგუფებმა, რას იტყვით ამის შესახებ და როგორ აპირებთ დაუპირისპირდეთ „ქართულ ოცნებას“ იმავე ბრალდებით, რაც ენმ-ს მიმართაც არსებობს, ვგულისხმობ არაფომალური და არადემოკრატიული მმართველობის ბრალდებას?
_ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაატარა იმ ტიპის კონკურენტუნარიანი, დაძაბული და დემოკრატიული შიდა არჩევნები, რომელიც საქართველოში არასდროს ჩატარებულა. ენმ არის საქართველოში ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტია, იმიტომ რომ „ქართული ოცნება“ არის უბრალოდ სახელისუფლებო კლანი, კარტელი და არა პარტია. „ნაციონალური მოძრაობა“ არის პიონერი და პირველი პარტია, რომელმაც ჩაატარა მსგავსი ტიპის არჩევნები და ჩვენ ვდებთ პირობას, რომ 2024 წლის არჩევნებზე გავაკეთებთ ყველაზე მეტს და რამდენჯერმე მეტსაც კი, ვიდრე სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომ ამ ქვეყანაში გამოვიწვიოთ ცვლილებები. ჩვენ გავაკეთებთ სამჯერ მეტს მინიმუმ, ვიდრე სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტია, რომ შევცვალოთ ივანიშვილის რეჟიმი.
_ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, სავარაუდოდ, თებერვალში აპირებს დააფუძნოს პარტია. როგორ ფიქრობთ, რამდენად ანგარიშგასაწევი ძალა იქნება იგი? შეძლებს კონკურენციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“?
_ „ნაციონალური მოძრაობა“ დებს პირობას, რომ გააკეთებს ყველაზე მეტს და ბევრად მეტს, ვიდრე რომელიმე პარტია, რომ გამოიწვიოს ქვეყანაში ცვლილებები. სხვა ყველა ოპოზიციურ პარტიას ვუსურვებთ წარმატებას ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.
_ 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ნაკლებად უწყობს ხელს, რომ მცირე ოპოზიციურმა პარტიებმაც შეძლონ პარლამენტში მოხვედრა, რას იტყვით სარჩევნო ბარიერის დაწევაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს?
_ ჩვენ მხარს ვუჭერთ დაბალ საარჩევნო ბარიერს, პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლობა ხმას მისცემს იმ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ბარიერის დაწევას, თუ ეს საკითხი დადგება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს საკითი ვიწროპარტიულად შეიძლება არც გვაინტერესებდეს, იმიტომ რომ ბარიერის საკითხი ჩვენ შემთხვევაში არ და ვერ იდგება. იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც შეიძლება აინტერესებდეს ბარიერის საკითხი, ვუსურვებ წარმატებას კოორდინაციაში.
_ რას იტყვით გიორგი გახარიასა და მისი პარტიის შესახებ, _ გიორგი გახარია, ერთი მხრივ, დებატებში იწვევს ივანიშვილს და აღსანიშნავია, რომ გახარიაა ის, ვის შესახებაც ივანიშვილმა უარყოფით კონტექსტში ყველაზე მეტი ისაუბრა, და, მეორე მხრივ, გიორგი გახარია ითხოვს მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას?
_ გახარიას პარტიის ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მოთხოვნის შესახებ არ ჯდება არც სამართლებრივ, არც ადამიანურ, არც ქართულ და არც არანაირ კონტექსტში, არის აბსოლუტურად ამორალური და გაუგებარი. კარგი იქნება, თუ თავის საქმეს მიხედავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეეშვება და მთელ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლას არ დაუთმობს. რაც შეეხება ამ „ქართული ოცნების“ დიდი კლანის შიდა დაპირისპირებას და ან ამის წარმოსახვითი სურათის შექმნას, თითქოს გახარია დაპირისპირებულია „ქართული ოცნების“ დანარჩენ გუნდთან, ეს არის მათი შიდა საქმე _ რაღაცებზე საუბრობენ საკუთარი შიდა გადმოსახედიდან. გახარიას ჯერ არც დაუმტკიცებია, რომ ის არის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, იმიტომ რომ მას არ აუხსნია არაფერი არც ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, არც ანაკლიის პორტზე, არც 20 ივნისზე, არც ჩავარდნილ სპეცოპერაციებზე, არც დათხრილ თვალებზე. ის, უბრალოდ, ებრძვის პატიმარ სააკაშვილს და ამბობს, რომ პატიმარს საკუთარ დაბადების დღეზე უსურვებს უარეს პირობებში ყოფნას. გახარია არ წარმოადგენს ოპოზიციას. ის რომ გახდეს ოპოზიციის წარმომადგენელი, ჯერ მის მიმართ არსებულ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი, მისი სამიზნე უნდა იყოს „ქართული ოცნება“ და არა სააკაშვილი. ამის შემდეგ შეიძლება აღვიქვათ, რომ ის არის ოპოზიციის ნაწილი.
_ „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნები ვერ ჩაითვლება სამართლიანად, თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება განთავისუფლებული და მას არ მიეცემა საარჩევნო პროცესში ჩართვის შესაძლებლობა. რას იტყვით, რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ „ოცნება“ ამ ნაბიჯს გადადგამს და გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს?
_ მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის ფაქტობრივი ლიდერი. რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს სრული უფლება, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და მიიღოს მასში მონაწილეობა. არ გვაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ ამას გაითვალისწინებს.