QronikaPlus
დაგმე მიშა და გახდი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი

დაგმე მიშა და გახდი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი

2023-12-28 07:17:43

შორენა მარსაგიშვილი

ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიაში უცნაური ამბები ხდება. ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილს ლანძღავდა ან მის წინააღმდეგ ჩვენება აქვს მიცემული, პარტიაში წამყვან თანამდებობებზე დაინიშნა. ეს ხაზი თუ გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, პარტიაში ემზარ კვიციანიც ვიხილოთ.

პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კატეგორიულად აცხადებდა, რომ იბერიის გასაბრწყინებლად „ნაციონალები“ უნდა დასრულდნენ და თან მიყვეს „ქართული ოცნებაო“. „ოცნებას“ განსაკუთრებით იმიტომ ლანძღავდა, რომ კორუმპირებული დავით კეზერაშვილი არ დაიჭირესო. არადა, ახლა კეზერაშვილის წყალობით ზის პარტიის თავმჯდომარედ და მის ნებას ასრულებს. როცა „ნაცებს“, მიხეილ სააკაშვილსა და კეზერაშვილს გმობდა, ხაბეიშვილი პარტია „ახალ საქართველოში“ იყო. ამ პარტიის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე გახლდათ, რომელიც კიდევ რამდენიმე წელი გმობდა „ნაციონალებს“. არადა, ისიც „ნაცოონალების“ წიაღიდან იყო წამოსული. 2012 წელს „ნაციონალების“ სიით მოხვდა პარლამენტში. „ნაციონალებსა“ და ვაშაძეს შორის ვითარება განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენნტო არჩევნებზე გამწვავდა, როცა ვაშაძემ განაცხადა მე უნდა ვიყო პრემიერობის კანდიდატიო. „ნაციონალებმა“ მაშინ მას სულ ვანო ჩხარტიშვილის ნების გამტარებელი უწოდეს. ვაშაძე ვანო ჩხარტიშვილის სიძეა და როგორც ბოროტი ხმები და „ნაციონალები“ ამბობენ, ვაშაძის პარტიის დამფინანსებელი სწორედ ოლიგარქი ჩხარტიშვილი იყო. ჩხარტიშვილი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია. დღეს ეს ბრალდებები არცერთ მხარეს აღარ ახსოვს.

წარსულის აჩრდილები

„ნაციონალებში“ მოვლენები თუ ამ სცენარით გაგრძელდა, „ქართულ ოცნებაში“ შესაძლოა, უფრო ბევრი „ნაციონალი“ აღმოჩნდეს, ვიდრე მთავარ ოპოზიციურ პარტიაში. გარდა იმისა, რომ პარტიიის კარი წასულებისთვის გააღეს, იმათაც ხელგაშლილები ხვდებიან, ვინც „ნაციონალებსა“ და მიხეილ სააკაშვილს გულამოსკვნილი ლანძღავდა. ამის ერთ-ერთი აშკარა მაგალითია თაკო ჩარკვიანი, რომელიც „ნაციონალების“ მმართველობის პერიოდში სკანდალურ განცხადებებს აკეთებდა და ათას უბედურებასთან ერთად ამბობდა, ციხეებში პატიმრებს რკინის პალოებით აუპატიურებენო. ასეთმა ბრალდებებმა სერიოზული უარყოფითი ფონი შექმნა „ნაციონალებისთვის“. მაგრამ პარტიამ თაკო ჩარკვიანი ისე მიიღო, ერთი განმარტებაც არ მოუთხოვია მისთვის. არც ამ უკანასკნელს მოუხდია ბოდიში თავის ნათქვამზე. იგივე ითქმის გუბაზ სანიკიძეზეც. განმარტებების ნაცვლად „ნაციონალებმა“ ორივე ჩაწერეს სიაში და დღეს ისინი პარლამენტის ტრიბუნიდან გვესაუბრებიან.
„ნაციონალებისთვის“ ლანძღვა-გინება არც პარტიიდან წასულებს დაუკლიათ. „ევროპული საქართველო“ ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეული იყო, მაგრამ „ევრონაცებიც“ ხელგაშლით მიიღეს „ნაციონალებმა“ _ ზურაბ ჭიაბერაშვილს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია პარტიაში.
გიორგი ვაშაძეც წასული და მობრუნებულია და მასაც ეთქმის სიტყვა. მართალია, არა გადამწყვეტი. ბოლო სიტყვა აქ დავით კეზერაშვილსა და ვანო მერაბიშვილს ეთქმით. ერთი ფინანსებით და მეორე ინტრიგებით თავის მიზანს აღწევენ. ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი პარტიიდან ნიკა მელიას გაშვება იყო, რომელსაც მერაბიშვილი ვერ იტანდა.
მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ მომხრეებთან ერთად პარტია დატოვა, ვანო მერაბიშვილის ყოვლისშემძლეობაზე ისევ ალაპარაკდნენ. ვანოს ბევრი რამე შეუძლია, მაგრამ არც ისეთი ყოვლისშემძლეა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და არც მაშინ იყო ასეთი, როცა შს მინისტრის პოსტი ეკავა. ასეთი ყოვლისშემძლე რომ ყოფილიყო, მიშა ქარელი ვერ გაეპარებოდა ქვეყნიდან. თან ისე კი არ გაეპარა, საზღვარი გადალახა.
შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, მიშა ქარელი, „ნაციონალებმა“ 2007 წლის სექტემბერში დააკავეს. ის რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს და კიდევ უპირებდნენ დაჭერას, მაგრამ ქვეყნიდან გაეპარათ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მან ქვეყანა, როგორც მთვრალმა რუსმა, ისე დატოვა. არადა, ქარელის რუსული ენის ცოდნის ამბავი ყველას მოგეხსენებათ.
ქარელი მისმა ახლობელმა გააპარა, მან მესაზღვრეებს უთხრა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ჰყავდა დარჩენილი ტრაილერი, რომელიც გაუფუჭდა. მის მანქანაში მყოფი მამაკაცი კი ვითომ რუსი ხელოსანი იყო. ხელოსანმა ქარელმა მთვრალი რუსის როლი მოირგო და ძილის სცენაც გაითამაშა. მესაზღვრეებს თავში აზრდადაც არ მოსვლიათ მთვრალი რუსის პასპორტის შემოწმება. ასე დატოვა ქარელმა საქართველო. ე. ი. ვანოს გაცუცურაკებასაც არ სჭირდება დიდი მონდომება.
ქარელი და მისი სასწაული რუსული იქით იყოს და ისევ „ნაციონალების“ უძღებ შვილებს დავუბრუნდეთ. ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა დავით ბაქრაძე, რომელიც ამ მოწვევის პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ სიით გავიდა, მაგრამ დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში შევიდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა, კვლავ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიხილოთ. კეზერაშვილთან თანამშრომლობის გამოცდილება მას უკვე აქვს. ერთხელ ის უკვე დაიყოლია კეზერაშვილმა, რომ „ნაციონალური“ მოძრაობა დაეტოვებინა.
გადაგდება დავით ბაქრაძეს კარგად გამოსდის. ქართულ პოლიტიკაში ის ნინო ბურჯანაძის წყალობით მოხვდა. ბურჯანაძემ შეიყვანა საპარლამენტო სიაში. ბურჯანაძის კვოტით გახდა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მაგრამ როცა ბურჯანაძე „ნაციონალებიდან“ წავიდა, ბაქრაძე თან არ გაყოლია. ეს „ნაციონალებმა“ დააფასეს და პარლამენტის თავმჯდომარედ დასვეს.
არავინ იცის, რატომ, მაგრამ დავით ბაქრაძეს ყველა კვლევაში მაღალი რეიტინგი აქვს, ის დასავლელ პოლიტიკოსებსაც ძალიან მოსწონთ. ალბათ ამიტომ სჭირდება კეზერაშვილ-მერაბიშვილის ტანდემს ბაქრაძე, თორემ ორივემ კარგად იცის, რომ ბაქრაძე სანდო არ არის. 2020 წლის არჩევნების შემდეგ მან „ევროპული საქართველო“ გადააგდო. როცა ოპოზიცია საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში იყო, დავით ბაქრაძე ბიძინა ივანიშვილს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა. ეს შეტყობინებები „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატს აქვს წაკითხული. ბაქრაძე ივანიშვილთან კომუნიკაციასა და მასთან თანამშრომლობას ითხოვდა, ამის სანაცვლოდ პოლიტიკიდანაც კი აპირებდა წასვლას. პოლიტიკიდან არ წავიდა, მაგრამ პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში შევიდა და აქამდე ტოტალურ მდუმარებაში იმყოფებოდა.

გენერლების იმედად

„ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აშკარად რაღაც ჩელენჯი აქვთ და გენშტაბის ყოფილი უფროსებით ცდილობენ პოზიციების გამყარებას. „ოცნების“ ფრონტზე ვლადიმერ ჩაჩიბაია და ლევან ნიკოლეიშვილი იბრძვიან, „ნაციონალებს“ დევი ჭანკოტაძე ამაგრებდა, მაგრამ ახლა მას გენერალი ზაზა გოგავაც დაეხმარება.
დეკემბერს გენერალმა ზაზა გოგავამ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაცია ჩაიბარა. როგორ უნდა მართოს გენერალმა პოლიტიკა, ეს სხვა თემაა, მაგრამ აქ საინტერესო უფრო ის არის, რომ ზაზა გოგავას 7 ნოემბრის დარბევის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აქვს ჩვენება მიცემული. გოგავას იმ პერიოდში გენერალური შტაბის უფროსის პოსტი ეკავა. გენერალი გოგავა ისე გახდა „ნაციონალების“ თბილისის ორგანიზაციის თავკაცი, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებაზე არც ბოდიში მოუხდია და არც განმარტებები გაუკეთებია.
ზაზა გოგავა ჯარში ირაკლი ოქრუაშვილის წყალობით მოხვდა. ოქრუაშვილმა გოგავა შს მინისტრობის დროს გაიცნო. ის შსს-ს სპეცრაზმს მეთაურობდა. თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ ოქრუაშვილმა გოგავა კოჯრის ბრიგადაში გადაიყვანა და მეთაურად დანიშა. იქ დაიწყო საინტრესო ამბები. გოგავამ პირველივე შეხვედრაზე განაცხადა, _ ბრიგადა რუსული სიტყვაა, სახელი უნდა გადავირქვათ და სპა დავირქვათო. ამაზე სამხედროებმა დასცინეს. გოგავა გაბრაზდა და თანაბრიგადელებს უთხრა, _ აბა, გამოდით და სროლაში შემეჯიბრეთო.
მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილის კადრად ითვლებოდა, ოპოზიციაში მისი გადასვლის შემდეგ გოგავამ მშვენიერი კარიერა აიწყო. 2006 წლის ნოემბერში ის გენშტაბის უფროსი გახდა. ეს პოსტი მას ორი წელი ეკავა. აგვისტოს ომის დროს სწორედ ის იყო გენერალური შტაბის უფროსი. 2008 წლის შემოდგომაზე ის უკვე ვანო მერაბიშვილის კაცი ხდება. ბადრი ბიწაძის გადადგომის შემდეგ გოგავას ჩააბარეს სასაზღვრო პოლიცია. ეს პოსტი მას „ქართული ოცნების“ მოსვლამდე ეკავა.
როგორ ექცეოდა „ქართული ოცნება“ „ნაციონალების“ ძალოვნებს, კარგად გახსოვთ. გოგავას ამ მხრივ პრობლემები არ შექმნია. მეტიც, მან წარმატებით გახსნა იარაღის მაღაზია. იარაღის გაყიდვის ნებართვა კი ასე მარტივად არ გაიცემა. ახლა მას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის პოსტი უკავია.
ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა.

გაზიარება