QronikaPlus
ლაშა ჩხარტიშვილი: „ივანიშვილის რეჟიმმა ყველას გადააჭარბა მოსახლეობის სიცოცხლის ხარჯზე ფულის კეთებაში“

ლაშა ჩხარტიშვილი: „ივანიშვილის რეჟიმმა ყველას გადააჭარბა მოსახლეობის სიცოცხლის ხარჯზე ფულის კეთებაში“

2023-08-22 10:39:34

ირინა მაკარიძე
შოვის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები ჩვენს თანმდევ რეალობად იქცა. არსებული სტატისტიკით, საქართველოს დასახლებების ორ მესამედზე მეტი _ 3723-დან 2500 _ განლაგებულია რისკის ზონებში. მოსახლეობის თითქმის 63% მუდმივად განიცდის წყალდიდობის, ზვავის, მეწყრისა თუ სხვა კატასტროფის საფრთხეს. გლობალური კლიმატის ცვლილების ინტენსიურობასთან ერთად, იზრდება კატასტროფათა სიხშირეც.
სტიქიური ბუნებრივი პროცესების პროგნოზირება და მართვა რომ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტი იქნებოდა, ამის შესახებ 2015 წელს სააგენტოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა, თამარ ბაგრატიამ აცნო საზოგადოებას. როგორც ის აცხადებდა, დაინერგებოდა ძვირადღირებული ტექნოლოგიები, რაც შესაძლებელს გახდიდა რამდენიმე წუთით ადრე მოსალოდნელი სტიქიის შესახებ შეტყობინებას. როგორც 2015 წელს თამარ ბაგრატია აცხადებდა, ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ დევდორაკის ხეობაში მოეწყო, დაახლოებით 7 წუთით ადრე გასცემდა შეტყობინებას. მაშინ რამდენიმე ადგილას, დევდორაკ-ამალისა და ვერის ხეობაში მოეწყო ადრეული შეტყობინების სისტემები.
2018 წლის 15 მარტს ბაგრატიამ პირადი განცხადების საფუძველზე პოსტი დატოვა, რაც სააგენტოში ნეპოტისტური გზით მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნის მოთხოვნის პროტესტს წარმოადგენდა. როგორც მაშინ ბაგრატია აცხადებდა, გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მას კატეგორიულად მოსთხოვა მოადგილედ კონკრეტული პირის დანიშვნა. თანდილაშვილის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტით დაინტერესებას „საია“ ითხოვდა, თუმცა ამ საქმეს გაგრძელება არ მოჰყოლია. თანდილაშივილი კვლავ თანამდებობაზეა. შოვის ტრაგედიის შემდეგ კი ის ბრიფინგს მართავს და აცხადებს, რომ წინასწარ არაფრის პროგნოზი არ შეიძლებოდა.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ დაუკავშირდა თამარ ბაგრატიასაც, თუმცა მან ამ საკითხებზე საჯარო განცხადებების გაკეთება არ ისურვა.
5 წლის წინათ ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემის შესახებ დაპირებას იძლეოდა საქართველოს ამჟამინდელი ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილიც.
„2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება. ამ სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისთვის აუცილებელია“, _ განაცხადა ლევან დავითაშვილმა ჭუბერის ხეობაში მომხდარი სტიქიის შემდეგ.
2018 წელს დაწყებული პროექტის თანახმად, საქართველოში 11 მდინარის აუზში უნდა დანერგილიყო ადრეული შეტყობინების სისტემა. ჯერჯერობით, არაფერია, თუმცა ამ პროექტის დასრულებას 2024-2025 წლებში ვარაუდობენ.
2 წლის წინათ, 2021 წლის ივლისში, ცნობილი გახდა, რომ შვიდწლიანი ინიციატივის ფარგლებში მოხდებოდა საქართველოს ხელშეწყობა კლიმატისადმი მედეგი ქვეყნის მშენებლობის გზაზე, ამ პროექტს გარემოს ეროვნული სააგენტო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კლიმატის მწვანე ფონდისა (GჩF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით განახორციელებდა. პროექტის მიმდინარეობის პროცესი აქაც უცნობია.
იყო თუ არა შესაძლებელი შოვში ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება? რა უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს და რა არ გააკეთა და ვინ არის პასუხისმგებრელი მომხდარ ტრაგედიაზე? _ ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ეკოლოგი, ლეიბორისტული პარტიის წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი:
_ სტიქიის არა, მაგრამ მსხვერპლის სრულად ან ნაწილობრივ არიდება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო. სწორედ ამიტომ არსებობს 21-ე საუკუნეში ადრეული შეტყობინების სისტემები და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები, რაც ათწლეულებია უკვე გამოიყენება ცივილიზებულ სახელმწიფოებში, რომლისგანაც ჩვენ ძალიან შორს ვართ. მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ფულიც აქვთ, ათობით მილიონი დოლარი აქვთ მიღებული ამ სისტემების მონტაჟისთვის, მაგრამ აქამდე დღემდე, როგორც ამბობენ, ვერ მივიდნენ, რაც ერთადერთზე, კორუფციაზე შეიძლება მეტყველებდეს და მეტზე არაფერზე. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იქ მაინც დააყენეს ეს სისტემები, სადაც უკვე მსხვერპლი იყო, საუბარია ვერის ხეობასა და დევდორაკზე. თუმცა მსხვერპლს არ უნდა ველოდოთ და ეს სისტემები უნდა მოეწყოს ცალ-ცალკე მდინარების, ხეობების მიმართულებით. ცნობილია, რომ საქართველოს მთიანი მდინარეების უმეტესობა არის ღვარცოფული, სადაც განსაკუთრებული რისკებია და ასეთი ბევრია და ნაწილზე მაინც უკვე დიდი ხნით ადრე უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული ადრეული შეტყობინებების სისტემები, რომელიც შეიცავს მონიტორინგის სისტემას, განგაშის სისტემას და სხვა კომპონენტებს. როგორ ირკვევა, ეს სრულყოფილად არ არის დამონტაჟებული არსად, არც იქ, სადაც გვეგონა, რომ მოაწყვეს, ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასკვნა გამოვიტანეთ ჩვენ. 26 მილიონი აშშ დოლარი ჰქონათ ამისთვის მიღებული, 38 მილიონი თანადაფინანსება იყო ქართული მხრიდან, ჯამურად 74 მილიონია გამოყოფილი ძირითადად ამ მიმართულებით. როგორც აცხადებენ, მოსამზადებელი და წინასამუშაოებია ჯერ. ამის დასრულებას 2024-2025 წლამდე არც აპირებდნენ და, სავარაუდოდ, ალბათ, არც აპირებენ. როგორც ჩანს, ამ ფულის დიდი ნაწილი აქვთ შესაჭმელი, ისე როგორც დასავლური, თუ ადგილობრივი ბიუჯეტის დიდ ნაწილს ძირითადად იყენებენ საკუთარი, პირადი ინტერესების, კორუფციისა და მმართველობის გასაძლიერებლად.
_ თქვენ რადგანაც ეკოლოგი ხართ და მეტად ბრძანდებით ამ საკითხებზე ფოკუსირებული, რა ინფორმაცია გაქვთ საქართველოში არსებული ადრეული შეტყობინების სისტემების ფუნქციონირებასა და ახალი სისტემების მოწყობის პროცესის შესახებ?
_ ინფორმაციას მალავს სახელმწიფო უწყებები, გარემოს დაცვის სამინისტროც არ არის გამონაკლისი, ისინი არიან ინფორმაციის უკანონო გასაიდუმლოებაზე გადასულები. ხშირად მალავენ ინფორმაციას დაწყებული წლიური ანგარიშით, გაგრძელებული თუნდაც კონკრეტული კვლევებით, რაც არის კანონისა და კონვენციის დარღვევა. წლობით დავა დასჭირდათ ორგანიზაციებს, რომ მოხერხებულიყო და მაგალითად, „ნამოხვანჰესის“ ხელშეკრულება მოგვეპოვებინა, რომელიც იყო გასაიდუმლოებული, ისევე, როგორც გასაიდუმლოებულია ყველა ჰესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ცოტა უცნაურია, ზოგიერთი ორგანიზაციის, მათ შორის, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, როდესაც ისინი ხელისუფლებასთან ერთად ჰესმადიდებლებად გვევლინებიან და ამავე დროს ღვარცოფებსა და უსაფრთხოებაზე წუხან, რადგან ჰესები, მათ შორის, გლობალური დათბობის პირობებში, გახლავთ ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი მიკროკლიმატის ცვლილებისა და ადგილობრივი კატასტროფული მოვლენების განვითარებისა. შესაბამისად, ეს არის მოძველებული ტექნოლოგია, მით უმეტეს, დიდი ჰესები, რომელზედაც ცივილიზებულმა სამყარომ, ევროპამ, ყოველ შემთხვევაში, უარი თქვა, ჩვენთან კი ზოგიერთი დღეს ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე ლაპარაკობს და მეორე დღეს ჰესებს წარმოაჩენს ისე, როგორც ენერგეტიკის განვითარების ერთადერთ გზას, რაც აბსურდია და მივდივართ ყბადაღებული ბიტკოინებისა და კრიპტოვალუტის თემამდე, რომლის მამამთავარიც არის ბიძინა ივანიშვილი. ეს დადასტურდა იმ ცნობილი სასამართლო დავით საკუთარ პარტნიორთან. როგორც ჩანს, ოპოზიციაშიც არის ამ მხრივ ინტერესები, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია.
_ აცხადებენ, რომ საქართველოში ბევრი ადგილია, სადაც საჭიროა ადრეული შეტყობინების სისტემა და შოვში რომც ყოფილიყო, ეს დიდად ვერ შეცვლიდა ვითარებას. ამაზე რას იტყვით?
_ თავის მართლება ბევრნაირად შეუძლიათ, რაც სჭირდებათ თვითონ, იმას დაჩქარებული წესით აკეთებენ, მაგალითად, საკუთარი თავისთვის, ჩინოვნიკებისა და პარტაქტივისთვის უახლესი ავტომანქანების შესყიდვა შეუძლიათ დაჩქარებული ტემპით, დაჩქარებული ტემპით შეუძლიათ მაგალითათ საახალწლო ღონისძიებებისთვის ორმაგი და სამმაგის გადახდა. შესაბამისად, პირველი კითხვაა, _ რატომ უნდა ვიყოთ შემყურე დასავლელი პარტნიორების ფულზე? ამ შემთხვევაში ნახევარი-ნახევარზე იყო, ჯამურად 74 მილიონი, ეს თანხა რომ ყოფილიყო ეფექტიანად გამოყენებული, რაღაც მაინც იქნებოდა გაკეთებული. მეტი თანხები უნდა გამოყოფილიყო, მეტი სპეციალისტი უნდა ყოფილიყო ჩართული, მაგრამ ჩვენთან მთლიანად მოშლილია „სახელმწიფო ინტერესის“ ცნება. ეს გაიგივებულია ჩინოვნიკების, ხელისუფლების წარმომადგენლების ინტერესთან, რომელთათვისაც შეიძლება ყველაფერი დაჩქარებულად და დროულად მოხდეს. ხალხის ფულის დიდი ნაწილი სწორედ მათ კეთილდღეობასა და გამდიდრებას ხმარდება. ამ დროს დიდწილად უცხოელების დახმარების შემყურე ვართ, როდესაც საქმე მთავარს ეხება, რის გამოც საერთოდ არსებობს სახელმწიფო და მთავრობა. მთავარი არის ადამიანის ინტერესების დაცვა. მინიმალური დანახარჯები კეთდება ამ მხრივ, რაც გაკეთდა ისიც ყასიდად და ისიც ევროპელების ხათრით, რომ ვთქვათ, თუნდაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ცალკეული ელემენტები მაინც შესრულებულად ჩათვლილიყო ან შესრულების პროცესში ვყოფილიყავით უსასრულოდ. რატომ უნდა იხარჯებოდეს, მაგალითად, ერთი სამინისტროს ავტომანქანებზე იმდენივე ფული, რაც მთელი ქვეყნის გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ უსაფრთოებაზე? ამის გარდა, საკანონმდებლო ბაზაც მოშლილია აბსოლუტურად. „ოცნების“ წარმომადგენლები იშველიებდნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დანაშაულებებს. რატომ არის გამართლება ერთის დანაშაულები მეორისთვის, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. კი ბატონო, ბევრი რამ გააუქმა იმ რეჟიმმა, მათ შორის, გეოლოგიური და ლიცენზირების სისტემები ძალიან დააზარალა, გეოლოგიის ინსტიტუტისა თუ სხვა სამეცნიერო-ტექნიკური ბიუროების გაუქმება, თუნდაც ლიცენზირების კერძო სექტორში გადაყვანა მთლიანად და გეოლოგიური კვლევების კერძო სექტორში გადაყვანა, რომელიც, პრაქტიკულად, არ კონტროლდება, იყო დანაშაული, მაგრამ რატომ ამართლებს ეს 11 წლის შემდეგ ახალ რეჟიმს? წინა ხელისუფლების აგდებული და დანაშაულებრივი დამოკიდებულება გარემოს დაცვის მიმართ არანაირად არ ამართლებს იგივე პოლიტიკის გაგრძელებას, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მძიმე შედეგებით. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ კოალიციის, როდესაც ისინი ოპოზიციაში იყვნენ, მათივე თხოვნით, მე ვიყავი მათი გარემოს დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი და 2012 წლის საარჩევნო პროგრამის სათანადო თავის მთავარი ავტორი. პირველი შემთხვევა იყო საქართველოს ისტორიაში, რომ საარჩევნო პროგრამაში დაპირების დონეზე ღიად და კონკრეტულად ჩაიწერა, რომ გარემოს დაცვა იქნებოდა პრიორიტეტი. ამის ნაცვლად ხელისუფლებაში მოსვლიდან 2-3 თვეში პირდაპირ დარღვევებით დაიწყეს საქმიანობა, მათ შორის ამ სფეროში. როგორც სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად წინა რეჟიმის ჯალათი მოსამართლეები და პროკურორები გადაიბარეს ბითუმად, თითქმის ყველა, იგივე გააკეთეს გარემოს დაცვაში და „მწვანე ქილერები“ გადაიბარეს, „გრინსერვისით“ დაწყებული და თუნდაც იმ პოლიტიკის გაგრძელებით, რომელიც გულისხმობს ბიზნესის მაქსიმალურად მხარდაჭერას გარემოს დაცვის, ანუ ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე. ბიზნესი რომ ხელისუფლების ნაწილია ჩვენს ქვეყანაში ტრადიციულად, ეს ყველამ ვიცით, ანუ საკუთარი გამდიდრება არჩიეს, ვიდრე ადამიანების სიცოცხლის დაცვა. ყველაფერი ეწირება საამშენებლო მაფიას, რომელიც არნახულ მასშტაბებს აღწევს დღეის მდგომარეობით. არცერთი ხელისუფლება არ ამბობდა უარს ასობით მილიონის შოვნაზე, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმმა ყველას გადააჭარბა მოსახლეობის სიცოცხლის ხარჯზე ფულის კეთებაში, მათ შორის კორპუსების, სასტუმროებისა და სხვათა მშენებლობის მიმართულებითაც. იგივე ამ ჭალაში, შოვში, სადაც დაიღუპნენ ადამიანები. როგორც ჩემთვის ცნობილია, შენობების დიდი ნაწილი ახალი აშენებულია. შესაბამისად, იმთავითვე განწირული იყვნენ ადამიანები პოტენციური სიკვდილისთვის, მითუმეტეს, როდესაც მონიტორინგისა და წინასწარი შეტყობინების სისტემა არ არსებობს. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში და უფრო ადრეც იცოდნენ ადამიანებმა, რომ ჭალაში მშენებლობა არ შეიძლება, მითუმეტს, თუ მდინარე ღვარცოფულია. ჩვენ ასეთ სამსხვერპლო სამშენებლო მოედნებს ვხვდებით ყველგან, მთელ საქართველოში. ახლაც მიდის ეს პროცესი. რომ წარმოვიდგინოთ, სადაც მსხვერპლი იყო, იქაც კი არ უკადრისობენ სამშენებლო ნებართვებით ვაჭრობასა და ამით ფულის შოვნაზე, მხედველობაში მაქვს ვერის ხეობა. ხელისუფლების წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში, თვითონ გვევლინებიან მშენებლებად ან პარტნიორები ჰყავთ. ვერის ხეობა იქნება, აჭარა თუ სვანეთი, ტოტალურად, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიცემა სასიკვდილო სამშენებლო ნებართვები. ადამიანების სიცოცხლე ეწირება ამ სამშენებლო მაფიის ინტერესებს. მზად არიან ფული იშოვონ ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე. ერთხელ და ორჯერ საკუთარ მმართველობის პერიოდშიც გამოსცადეს და ნახეს, რა შეიძლება მოჰყვეს ჭალაში მშენებლობებს და ბუნების კანონების უგულებელყოფას.
_ რაც შეეხება კატასტროფის შემდგომი პროცესის მართვას, ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?
_ გამოჩნდა, რომ გარდა იმისა, რომ არ გვაქვს მონიტორინგის სისტემა, არ გვაქვს გამართული მოქმედების გეგმა კატასტროფების შემთხვევაში, არ გვაქვს საევაკუაციო გეგმები, არ გვაქვს ვარჯიშები და წვრთნები თვითონ მოსახლეობასთან მიმართებით, რომელმაც წინასწარ უნდა იცოდეს, როგორ უნდა იმოქმედოს განგაშის შემთხვევაში. თუმცა რაზე ვლაპარაკობთ, სადაც განგაშის სისტემა არ არის და შეტყობინების სისტემა არ არსებობს, ადამიანებს გარკვეული წინასწარი მომზადება რომც ჩაუტარონ, ბუნებრივია, თუ ინფორმაციას ვერ მიიღებენ, ამ ცოდნას ვერც გამოიყენებენ.
_ გლობალური კლიმატის ცვლილებების პირობებში რამდენად აუცილებელი ხდება მზარდი საფრთხეების გათვალისწინება?
_ სხვათა შორის, გახშირდება კიდევაც ასეთი კატასტროფები. რომც არ იყოს გლობალური დათბობა, ისედაც რთული გეოლოგიური და ლანდშაფტური თავისებურებებით გამორჩეული ქვეყანა გვაქვს. თუ ჩვენი ქვეყანა არ შეცვლის კურსს, თუ კვლავ იქნება პრიორიტეტი მსხვილი ბიზნესის ინტერესები, სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ოღონდ ადამიანის სიცოცხლისა და გარემოს განადგურების ხარჯზე, ჩვენ კიდევ და კიდევ მეტი მსხვერპლი გვექნება. ხანძრების, ღვარცოფისა და მეწყერებისგან გვექნებოდა მსხვერპლი ისედაც, ჩვეულებრივ გარემოში, მაგრამ წლევანდელმა წელმა, სამწუხაროდ, დაადასტურა, რომ ძალიან სწრაფად იცვლება კლიმატი და დათბობის ეტაპიდან გადავედით ე.წ. დუღილის ეტაპზე. ეს იწვევს და უკვე თვალნათელია, მყინვარების დნობას, ღვარცოფებს, მეწყერებს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით თურმე არაფერს აზრი არ აქვს, არ გვჭირდება არც მონიტორინგის სისტემები, არც სამაშველო ავიაცია, არც სახანძრო ავუიაცია, არც სამედიცინო ავიაცია. მათი თქმით, არ აქვს აზრი. რომ გითხრათ სიმართლე, ყოველგვარ უტიფრობას მივეჩვიეთ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, მაგრამ ამ დღეებში ამ ფონზე სრულიად გამაოგნებელი იყო ეს განცხადებები. იმდენად დანაშაულებრივი, არაადამიანური არის ეს მიდგომა, როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ თურმე ღამით ფრენას აზრი არ აქვს, საერთოდ ფრენას აზრი არ აქვს, მონიტორინგს აზრი არ აქვს, მაშინ რატომ აპირებენ თუნდაც 2024 თუ 2025 წელს მონიტორინგის სისტემების გაკეთებას? მათი ტემპები რომ ვიცით, ეს წლები 3-ზე უნდა გავამრავლოთ კიდევ. რატომ გვპირდებიან მაშინ ამას? რა თქმა უნდა, აზრი აქვს და ერთი და ორი ადამიანის გადარჩენა რომ ყოფილიყო შესაძლებელი, ამადაც ღირდა ეს ყველაფერი და ეს არის მთავარი ქვეყანაში.
მე ღრმად დარწმუნებული ვარ, ერთი მხრივ, რომ არ ყოფილიყო ეს შენობა - ნაგებობები იქ, მსხვერპლი შეიძლება საერთოდ არ ყოფილიყო. რომ ყოფილიყო ნაგებობები და ყოფილიყო მონიტორინგის სისტემა, მსხვერპლი იქნებოდა გაცილებით ნაკლები. რომ ყოფილიყო სამაშველო ავიაცია, შესაძლოა, ორჯერ ნაკლები ყოფილიყო მსხვერპლი, ან მესამედი მაინც გადარჩენილიყო, ეს ყველაფერი არის ჰიპოტეტური მსჯელობა, მაგრამ არსებობს მსოფლიო გამოცდილება, თუნდაც ახლა ნორვეგიაში იყო ახლა წყალდიდობა და როგორც ვიცი, ადრეულმა შეტყობინების სისტემამ, მონიტორინგმა, ევაკუაციამ, თანამედროვე მიდგომებმა, სამაშველო სამსახურებმა უზრუნველყო ის, რომ ადამიანები გადარჩინა. ყველაზე გულისამრევი იყო, როდესაც მართლა გმირ მაშველებთან და მფრინავებთან ფსევდოდაპირისპირება „გამოაცხვეს“, რაც თითქმის სპონტანურად. მინდა ვუთხრა ყველას, მაშველებს, მფრინავებს, მათ არავინ ერჩის, პირიქით, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მითუმეტეს, მათ ისიციც უნდა იცოდნენ და დარწმუნებული ვარ იციან, ისინი თავს სწირავენ და ხშირად იღუპებიან, როგორც გუდაურში მოხდა და დაიღუპა მფრინავი, სწორედ იმის გამო, რომ კორუფციაში ჩამხრჩვალი ხელისუფლება ვერ იმეტებს უკვე, ათწლეულია და მეტია ფულს სათანადო ტექნიკისთვის. ხელისუფლებისგან, ივანიშვილის რეჟიმისგან დღეს განწირულია ყველა და პირველ რიგში, თუ ვინმე განწირულია, ეს არის მაშველი და მფრინავი. მათ ამუშავებენ შიშველი ხელებით, პრაქტიკულად, ყოვლად შეუსაბამო, მოძველებული ტექნიკით და ავიაციით. ამ ტექნიკასაც და ადამიანებს ამუშავებენ არანორმალური რეჟიმით. ბორჯომის ხანძრის დროს ვერტმფრენი ჩამოვარდა იმიტომ, რომ გადატვირთულად ამუშავეს მფრინავიც და ტექნიკაც. დაბალი სიმაღლიდან ჩამოვარდა, წყლის აღების დროს და ღმერთის წყალობით გადარჩა. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ მხოლოდ ღმერთის ანაბარა, ივანიშვილის რეჟიმისგან განწირულები. მას ურჩევნია ფული ყველაფერს და მზადაა ფულის სანაცვლოდ ქვეყანა გაყიდოს, ჩვენი სისხლით იშოვის ფული. ამას პირველ რიგში, ავლენს გარემოს დაცვისა და სოციალურ სფეროებში. მსხვერპლი კატასტროფების დროს ჩანს, მაგრამ ზოგჯერ ეს დროში გახანგრძლივებულია და არ ჩანს, მაგალითად, ჰაერის თუ წყლის დაბინძურებით გამოწვეული მსხვერპლი ასეთი აშკარაა არაა. ადამიანი იღუპება ამის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადებებით, ამის სტატისტიკაც კი არ არის ქვეყანაში. ჩვენ გვაცხოვრებენ კორუფციული ეკოციდის პირობებში, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს ივანიშვილის რეჟიმი. ის სრულიად შეგნებულად მიდის იმაზე, რომ გარისკოს თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე რიკოთის უღელტეხილზე იქნება, დიღმისა და ვაშლიჯვრის მეწყერზე, მესტიაში თუ შოვში, მნიშვნელობა არ აქვს, სადაც კი რაიმე შანსი უვარდებათ ფულის შოვნის, ყველგან, ყველანარი ნებართვას ჰყიდიან კალაძით დაწყებული, ღარიბაშვილითა და ივანიშვილით დამთავრებული. ყიდიან და ყიდულობენ ყველაფერს, ოღონდ დიდი ფული იშოვნონ, ამას რამდენი ჩვენთაგანი შეეწირება, ნაკლებად ადარდებთ. ეს გარკვეულწილად, საზოგადოების ბრალიცაა, ამაში დარწმუნებული ვარ. ასეთი მასშტაბური კატასტროფის კი არა, მასობრივი ეკოდანაშაულისა და ეკომკვლელობის გამო, რადაც შეიძლება შეფასდეს შოვის კატასტროფა და მასთან დაკავშირებული რეაგირების არარეალისტური ფორმები და მოუმზადებლობა, საზოგადოება დღეს უნდა იდგეს ქუჩაში და ითხოვდეს ერთი მხრივ, დამნაშავეთა გამოვლენას და დასჯას. და მე დარწმუნებული ვარ, ეს სულ მცირე ღარიბაშვილამდე მივა, რადგან მოქმედი პრემიერი ისაა. ივანიშვილიც მონაწილეა ამაში, მისი ოჯახი ამაზონზე ტყეების გადარჩენის მცდელობებით იწონებს თავს და საკუთარ ქვეანაში ტყეების ჩეხვით არის დაკავებული, აგალითად, მისი ფირმა „ატუ“ რაჭაში და კიდევ სხვაგან. დამნაშვეთა დასჯის გარეშე ეს ხელისუფლებაც და სხვა ხელისუფლებაც გაბედავს ანალოგიურ მოქმედებებს, მითუმეტეს, ერთპარტიული თუ იქნება, ღმერთმა დაგვიფაროს. მეორე მხრივ, უნდა იყოს მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ახლა მაინც, ადრეული გაფრთხილების სისტემებზე, ყველა ჭალაში მშენობლობების კონტროლი, ამასთანავე, ეს ყბადაღებული სამაშველო ავიაცია და ის ელემენტარული აღჭურვილობა, რაც საჭიროა. გვაცხოვრობენ მე-19 საუკუნის პაპუასების დონეზე. ჩვენ ვართ მართლაც მე-19 საუკუნის კოლონიალური აფრიკის დონეზე. ჩვენ საბჭოთა კავშირის დონეზე მზაობაც კი არ გაგვაჩნია. თანამედროვე ევროპასა და ევროკავშირზე საუბარიც კი ზედმეტია. ეს აისახება ეკონომიკურ განვითარებაზეც, რაც მეტ ტრაგედიას დაინახავს მსოფლიო, ბენებრივია ეს ტურისტების ნაკადზეც აისახება. პაპუა-ახალ გვინეაშიც კი ყავთ ვერტმფრენები საქართველოსგან განსხვავებით. პაპუა-ახალი გვინეაც კი ჩვენზე განვითარებული აღმოჩნდა ბუნებრივ კატასტროფებთან ბრძოლის თვალსაზრისით, ძალიან მიყვარს აფრიკა, მაგრამც იქაც ერთი ორი ქვეყანა თუ იქნება ჩარჩენილი კოლონიალური აფრიკის დონეზე, სადაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირდა. კოლონიალისტები ეპყრობოდნენ ასე დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობას და მათ სიცოცხლეზე შოულობდნენ ფულს, ჩვენთან საკუთარ მოსახლეობას ექცევიან ასე, ჩვენზე შოულობენ ფულს.

გაზიარება