- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2023-05-15 14:12:58
ვიდეოფირის გასაჯაროების მიუხედავად, დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ
ელისო კილაძე
ამბავი, რომელმაც ორი დღეა, მთელი საქართველო შეძრა, ვანის რაიონის სოფელ შუამთაში მოხდა.
ადგილობრივი სკოლის დირექტორის, ლალი სულაბერიძის ქმარმა, ტარიელ მეფარიშვილმა, სკოლის მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.
მეფარიშვილი ავტობუსის მძღოლია და არასრულწლოვან ბავშვებს სკოლიდან სახლში დაატარებდა. სკოლის მოსწავლე, რომელიც აჭარელი ეკომიგრანტების შვილია, იმდენჯერ შეავიწროვა, ბავშვი იძულებული გახდა, ტელეფონით გადაეღო მოძალადის გარყვნილი ქმედება.
ვიდეომასალა ჩემთვის უცნობმა პირმა ფეისბუქის მესენჯერში გამომიგზავნა. ფაქტი აშკარად გარყვნილი ქმედების ნიშნებს შეიცავდა, დამნაშავე კი დაკავებული არ იყო. რაკი დანაშაულის დასტური მტკიცებულება ჩემს ხელთ იყო, ცხადია, სამართლებრივი რეაგირება მყისიერად დავიწყე და 112-ს შეტყობინება გადავეცი.
112-ის შეტყობინების მერე ჩემს კუთვნილ მობილურზე ვანის პოლიციის უფროსი, ირაკლი ლორთქიფანიძე რეკავს, რომელმაც სიტყვა სიტყვით გადმომცა, რომ გამოძიება დაწყებულია, დაზარალებულის ოჯახი არ თანამშრომლობს პოლიციასთან, მას არ აქვს ვიდეომასალა და ტარიელ მეფარიშვილიც დაკავებული ამიტომ არ არის, პროკურატურამ დანაშაულის ნიშნები დაზარალებულის მონაყოლში ვერ აღმოაჩინაო.
ვანის პოლიციის უფროსს ვკითხე კიდეც, რატომ მირეკავდა მე, რაზედაც განმიმარტა, რომ ვანში უნდა ჩავსულიყავი გამოკითხვაზე და ვიდეომასალა წარმედგინა მისთვის.
არ დავიწყებ იმის ახსნას, რატომ იყო 112-ის რეაგირება უპასუხისმგებლო და შეტყობინების ადგილზე რატომ უნდა მომხდარიყო მინიმუმ ჩემი ტელეფონის დათვალიერება და მტკიცებულებების წარდგენა, მაგრამ რაკი უკვე ვიცოდი, რომ დამნაშავეს სუსის უფროსის მოადგილე, ლევან ახობაძე მფარველობდა, ჩემი ზარი პრევენცია უფრო იყო, რომ მერე აქეთ არ მომდავებოდნენ, დანაშაული დაფარეო.
ამ მოჯადოებულ წრეს მხოლოდ საჯაროობა თუ გაარღვევდა, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, ვიდეო ფართო საზოგადოებისთვის წარმედგინა, არასრულწლოვანის ინტერესების სრული დაცვით, მასზე ბავშვის სახე არ ჩანს, ისმის მხოლოდ ხმა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი მისი სახელი და გვარი, ვინაობის იდენტიფიცირება ჩემი მხრიდან არ მომხდარა.
რატომ არ დააკავეს სავარაუდო მოძალადე?
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ტარიელ მეფარიშვილს სუსის უფროსის მოადგილე, ლევან ახობაძე მფარველობს, რომელიც მისი რძლის ბიძა და ოჯახის ნათელ-მირონია. სწორედ ამის გამო ვერ დაინახა მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები ვანის პოლიციის უფროსმა ირაკლი ლორთქიფანიძემ და მეტიც, როცა მომხდარი ფაქტის მერე მეფარიშვილი უბნის ბიჭებმა სცემეს, პოლიციის უფროსი მათ ღიად დაემუქრა, _ თუ მოძალადეს დისკომფორტს ისევ შეუქმნით, იცოდეთ, ფაქტებით გაგავსებთ ან ნარკოტიკს ჩაგიდებთ, ან _ იარაღსო. დაზარალებულის ოჯახის წევრებს კი ლორთქიფანიძემ პირდაპირ უთხრა, _ აჭარელია და დიახ, უნდა ეხმარაო (არასრულწლოვანი გოგონას ოჯახის წევრები ეკომიგრანტები არიან), თუ საჯაროდ ილაპარაკებთ, ვიტყვით, რომ კრიმინალების დაკვეთით მოქმედებთ და მათგან ფული აიღეთო.
სუსის უფროსის მოადგილის ხსენების შემდეგ, რამდენიმე საათის განმავლობაში, სახელისუფლებო ვერტიკალი დუმდა. ვიცოდი, რომ დაცვის მექანიზმზე ფიქრობდნენ. რამდენიმე საათში კი სისტემამ თვითგადარჩენისთვის ბრძოლა ტრადიციული მეთოდებით, დეზინფორმაციისა და სიბინძურის გავრცელებით დაიწყო, _ შემახსენეს, რომ მე ქოლცენტრი მაქვს და მალე დამიჭერენ (ველოდები); და რომ ვიდეომასალის გავრცელება „კანონიერმა ქურდებმა“ დამავალეს.
რა წერია მესიჯბოქსში, რომელიც დაახლოებით 40-მა ადამიანმა სიტყვის შეუცვლელად დაწერა კომენტარში ჩემს სხვადასხვა სტატუსზე:
„ელისო, შენ ხარ კრიმინალების მფარველი, ამ ფაქტს იყენებ კრიმინალების დასაფარად და არა გამოსააშკარავებლად და რატომ? ისინი, ვინც შენ ვიდეო მოგაწოდა, არიან კრიმინალები, იმიტომ რომ ეშინიათ დაჭერის, რადგან დამნაშავეს და მოძალადეს ვანში სახლში მიადგნენ კრიმინალები გოგიტა (ჭიჭიკია) მეფარიშვილი და თამაზი მინაშვილი, სცემეს დამნაშავე, ვითომდა ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის, წაართვეს ფული, ძალავდნენ ავტომანქანას და მერე დაჭერის რომ შეეშინდათ, ქუთაისელმა ქურდმა „სტალინამ“ და კრიმინალმა გოგა სანიკიძემ, რომლებიც ახლა საბერძნეთში არიან, თემის აწევა დაგავალეს შენ, რომ თავისი „პადელნიკები“ გადაარჩინონ დაჭერას. ამიტომ ითხოვ ვანის პოლიციის უფროსის გადადგომას. ვინც არ უნდა იყვნენ დამნაშავეები, მაინც ჩაჯდებიან ციხეში, როგორც მოძალადე, ასევე ფულის გამომძალველი კრიმინალები და შენც ზედ მიყვები, კრიმინალების მფარველო და პენსიონერების მყვლეფარო, მაინც ვერ გადაფარავ ქოლცენტრების თემას“ (ციტატის დასასრული).
ის, რომ დიტო სამხარაძე სრული რეგვენია, ამაზე არც „ქართულ ოცნებაში“ დაობენ, მაგრამ მსგავსი სიბრიყვის გავრცელება სამთავრობო ტროლების მესიჯბოქსითაც კი წარმოუდგენელია.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების მიხედვით, პოლიციის უფროსი დასაჭერია.
მივყვეთ თანმიმდევრობით:
ჯერ ერთი, ტარიელ მეფარიშვილი ჩადენილი გარყვნილი ქმედების მერე წინასწარი დაკავების საკანში უნდა ყოფილიყო და არა _ სახლში (ამიტომაც ვითხოვ პოლიციის უფროსის გადადგომას); მეორე ფაქტი უფრო მძიმეა: გამოდის, რომ პოლიციის უფროს ირაკლი ლორთქიფანიძეს ინფორმაცია ჰქონდა, რომ რამდენიმე პირმა მოძალადეს ფული გამოსძალა „კანონიერი ქურდების“ დავალებით და ისინი არ დააკავა, ანუ დანაშაული წაახალისა? ან ახლა, როცა ვიდეომასალა გასაჯაროებულია და ლორთქიფანიძის გადადგომას ვითხოვ, გამომძალველებს არ აკავებს? ჩემი ეშინია? და კანონი არ აინტერესებს? თუ ეს ხალხი არჩევნებზე სჭირდება და იმიტომაც ურჩია მათ რაიონიდან წასვლა?
მესიჯბოქსში დასახელებულ „კანონიერ ქურდებს“ არ ვიცნობ. თუ მათი არსებობა სიმართლეა და თან საბერძნეთში არიან, ე. ი. ლაშა შუშანაშვილის დაჯგუფებას წარმოადგენენ და წესით, სამხარაძეს თუ არა, რომელიმე ჭკვიანს უნდა ახსოვდეს, რომ ლაშა შუშანაშვილი „ქრონიკა+“-ს სასამართლოში უჩიოდა და ფულის გადახდას სთხოვდა. პროცესი მოვიგეთ და ახლა ჩემი მხრიდან შუშანაშვილის დაჯგუფებასთან რამე ტიპის კოორდინაცია სამხარაძის სიბრიყვის ზღვარსაც კი სცდება.
სექსუალური შევიწროების სკანდალიდან ორი დღე გავიდა. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ სკოლის დირექტორმა თანამდებობა უკვე დატოვა, ტარიელ მეფარიშვილთან ურთიერთობა შეწყვიტეს შვილებმაც. თანამდებობაზე რჩება ირაკლი ლორთქიფანიძე და სკანდალში გახვეული სუსის უფროსის მოადგილე, ლევან ახობაძე, რომელიც ვანის რაიონს დედამისის მეშვეობით მართავს, თანამდებობაზე ნიშნავს მის ნათესავებს, ყიდულობს ქონებას და სუსის გარდა ადგილზე პოლიციასაც სრულად აკონტროლებს. გავლენები იმდენად დიდია, რომ ირაკლი ლორთქიფანიძე სამხარეო სამმართველოსაც არ ემორჩილება, ვანში ავტონომია აქვს გამოცხადებული (ამ და სხვა საკითხებს „ქრონიკა+“ სამომავლოდ აუცილებლად დაუბრუნდება).
ლევან ახობაძეს, თავის მხრივ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მფარველობს. სწორედ ამიტომ იყო ახობაძე მაღალ ფეხებზე სკანდალის პირველ დღეს, _ ჩემ უკან პარტია დგას და ლილუაშვილი ხელს ვერ მახლებსო. რაც შეეხება თავად მდინარაძეს, ორი დღეა, ტელეფონზეა დაკიდებული, როგორმე იქნებ გამოსავალი ვიპოვოთ, კილაძის გამო სუსის უფროსის მოადგილეს ხომ არ მოვხსნითო.
მდინარაძემ, ეტყობა, არ იცის, რომ ოტო მასაც უსმენს და მისი საუბრების კრებსები, მინიმუმ, რამდენიმე მოქმედ თანამდებობის პირთან იგზავნება.
ის, რომ სამართლის დოქტორ მამუკა მდინარაძეს, კანონის უზანაესობაზე მეტად, ჩემი გავლენები აღელვებს, ეს უკვე ვიცი, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევისა და ჩემი ნდობის მაღალი მაჩვენებლის მერე მიიღეს ბიზნესცენტრში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოგზავნის გადაწყვეტილება, რასაც ჯავშნის კომპანია „ნომადაოს“ ქოლცენტრად გამოცხადების მცდელობა მოჰყვა. დაგეგმილი იყო „ნომადაო სერვისის“ დირექტორის, თორნიკე ჯანელიძის დაკავება და მერე ჩემთან სიჩუმეზე ვაჭრობა, მაგრამ როგორც ერთი კაცი იტყოდა, ნურას უკაცრავად. „ნომადაო“ წარმატებული ქართული პროექტია და „ქართული ოცნების“ ლიდერშიპი ამ პროექტის განხორციელებას ხელს ვერ შეუშლის.
მამუკა მდინარაძეს დაავიწყდა, რომ მის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრედ გამოცხადებული ელისო კილაძე ერთადერთი ჟურნალისტი იყო, რომელიც ბერა ივანიშვილს საჯაროდ იცავდა, როცა პოლიტიკური ოპონენტები მას „კაწროს“ მფარველობაში ადანაშაულებდნენ, უფრო ადრე კი, კილაძის სკანდალების გამო, მოხსნეს სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი, რომელიც მალევე დასაჭერი გაუხდათ. ამ ქვეყანაში მთავარი არა ჩემი კომპლექსია, არამედ კანონის უზანაესობა და ვერც ერთი თანამდებობის პირი პედოფილის დაცვას ვერ უნდა ბედავდეს. „ეტა რაზ“ და „ქართულ ოცნებას“ რომ ჩემგან იცავს, 2012 წელს ნეტა, სად იყო მამუკა მდინარაძე? _ „ეტა დვა“… და ბარემ აქვე მესამეც: მერაბ ბაღათურიას ხელის ბიჭი სკამზე ამდგარი რომ სვამდა ვანო მერაბიშვილის სადღეგრძელოს, ახსოვს თუ შევახსენო?