QronikaPlus
როგორ ეხმარებოდნენ უკრაინელები ქართველებს რუსეთთან ომში?

როგორ ეხმარებოდნენ უკრაინელები ქართველებს რუსეთთან ომში?

2022-10-04 08:10:24

შორენა მარსაგიშვილი

ავადსახსენებელი აგვისტოს ომიდან უკვე 14 წელი გავიდა და ამ 14 წლის განმავლობაში არ წყდება იმაზე საუბარი, თუ ვინ დაიწყო ომი. რუსეთის მოტრფიალე ქართველობა ისევ ქართულ მხარეს ადანაშაულებს ომის დაწყებაში და იმდენსაც კი ვერ ხვდებია, რომ საქართველო თავის ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა.

ოკუპირებული ცხინვალი კი საქართველოა. იგივე ხალხი არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ შემოიჭრა რუსული არმია სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე? უკრაინაში რუსეთის შეჭრას ღიად უკრავენ ტაშს და იმ ქვეყანას გულშემატკივრობენ, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ალბათ, არ შერცხვებათ აგვისტოს ომში დაღუპულთა საფლავებზე მისვლა და გვირგვინების მიტანა. შესაძლოა, არც მივიდნენ, _ რუსეთი რომ არ გააღიზიანონ. ვინმე რამეს თუ უსაყვედურებს, იტყვიან, აბა, ომი გინდათო?
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შესაძლოა, ისევ იტიროს მძინარე ცხინვალის გაღვიძების გამო. რა პრობლემაა? _ ქართული საზოგადოება ამაზე თვალს დახუჭავს. ქართველმა ამომრჩეველმა ის პრეზიდენტად ამ მოღალატეობრივი განცხადებების შემდეგ აირჩია.
არც ბიძინა ივანიშვილის გაკეთებული განცხადებები იყო დასაიგნორილებელი. რუსი ოლიგარქი აცხადებდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო და მხოლოდ იმის გამო, რომ რუსებმა თურმე რაღაც ერთი კედელი დაანგრიეს. წლების მანძილზე ოსები და რუსები ქართულ სოფლებს რომ ბომბავდნენ და აწიოკებდნენ, ერთი კედლის დანგრევა ყოფილა მხოლოდ.
რამდენიმე დღეში საქართველო კიდევ ერთი ომის თარიღს გაიხსენებს: 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო, რომელიც ამ ლამაზი კუთხის დაკარგვით დასრულდა. 2008 წლის ომისგან განსხვავებით ამ ომის დაწყებაზე მეოცნებეებს აუგი არ დასცდებათ _ ბევრი მათგანი ან მათი მშობლები ამ ომის დაწყებას უჭერდნენ მხარს.
აგვისტოს ომის გახსენებისას „ქართულ ოცნებას“ უკრაინელების მიმართ სამადლობელი სიტყვა არ დასცდება. არადა, უკრაინა იყო ლამის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ ომში გვეხმარებოდა. თბილისი რომ ვერ დაბომბეს ოკუპანტებმა, ეს საქართველოში ჩამოსული 5 პრეზიდენტის დამსახურება იყო. ამ ხუთი პრეზიდენტიდან ერთი უკრაინის პირველი პირი, ვიქტორ იუშჩენკო გახლდათ.
მოგვიანებით, იუშჩენკო გაიხსენებს, როგორ გადაწყვიტა თბილისში ჩამოსვლა.
„სააკაშვილმა სადილის შემდეგ დამირეკა. ჩვენ ყოველთვის დიდხანს ვლაპარაკობდით მიმდინარე მოვლენებზე, ახლა არც მომსალმებია. მესმის რეზონანსული ხმა. პირველი რეპლიკით შეიძლება იმსჯელო პრეზიდენტის მდგომარეობაზე, მის დამოკიდებულებაზე. ის ამბობს: „ისინი მოდიან თბილისზე…“ ვეუბნები, „მიშა, დაიცა, დაიცა, რით შემიძლია დაგეხმარო?“, ის მპასუხობს: „ჩამოდი“, _ ამბობს იუშჩენკო.
სააკაშვილის მოწოდებაზე ჩამოდი, იუშჩენკოს პასუხი ასეთი იყო: „ახლავე მოვდივარ!“ და წამოვიდა კიდევაც. მასთან ერთად კიდევ 4 პრეზიდენტი ჩამოვიდა.
5 ქვეყნის პრეზიდენტი თბილისში 12 აგვისტოს ჩამოვიდა. რუსები თბილისთან სულ ახლოს იყვნენ და არავინ იცის, რას მოიმოქმედებდნენ. მაგრამ არც იუშჩენკოსა და არც სხვა პრეზიდენტებს არ შეშინებიათ, რუსთაველის გამზირზე გამოსულიყვნენ და ხალხისთვის მიემართათ. განსაკუთრებით ემოციური უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლა იყო.
„ძვირფასო ქართველო ერო, ჩვენ რამდენიმე ათასი კილომეტრი ვიფრინეთ, ძალიან გვინდოდა აქ ყოფნა. ჩვენ ვიცოდით, რომ დღეს აქ უნდა ვყოფილიყავით. ჩვენ დღეს აქ ვართ, რომ ვთქვათ, საქართველო ჩვენი მეგობარია. ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. დღეს საქართველოსთვის ყველაზე მძიმე წუთებში ვამბობთ, რომ თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ თავისუფლები. ჩვენ გავიარეთ ათასობით კილომეტრი, რომ ქართველ, გაუტეხელ ერს ჩვენი სოლიდარობა გამოვუცხადოთ… თქვენ არასდროს იქნებით მარტონი“, _ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე დროს ჩამოვიდა. ჩვენი პრეზიდენტი კი კიევში არცერთხელ არ ჩასულა. კიევში ჩასვლას ვინ ჩივის, უკრაინის მხარდასაჭერად ერთი ხეირიანი განცხადებაც კი არ გაუკეთებია.
მხარდამჭერი განცხადებების გაკეთებას არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ჩქარობენ. ისინი, ძირითადად, უკრაინის ლანძღვით არიან დაკავებულები და ამით პუტინის გულის მოგებას ცდილობენ. უკრაინელ დევნილებს სასტუმროებიდან ყრიან, სამაგიეროდ, რუს ტურისტებს ფეხქვეშ ეგებიან.
ყველას, ვინც რუსებზე აუგს იტყვის, ქსენოფობს უწოდებენ. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განმარტებით, ქსენოფობია გოიმობა ყოფილა. ამ ლოგიკით, „ოცნებაც“ გოიმებითაა სავსე _ ისინი უკრაინელებს ვერ იტანენ, ესეც ქსენოფობიაა. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია, უკრაინა კი ჩვენი მეგობარია.

განადგურებული 58-ე არმია

აგვისტოს ომზე საუბრისას უყვართ ხოლმე გიორგი ანწუხელიძისა და შინდისის გმირების გახსენება. იმ ომმა თავგანწირვის ბევრი მაგალითი აჩვენა, მაგრამ ამ ბიჭების ამბავი მაინც გამორჩეული იყო. სამწუხაროდ, არც „ქართულ ოცნებასა“ და არც მის წინამორბედს ეს გმირები სათანადოდ არ დაუფასებია.
წესით და რიგით, დედაქალაქში ამ ბიჭების სახელობის ქუჩები უნდა გაჩენილიყო, მაგრამ სადღაც გარეუბანში გაიმეტეს მათთვის ადგილი. არც ძეგლის დადგმაზე უფიქრია ვინმეს. შინდისში კი სცადეს მემორიალის დადგმა, მაგრამ რამდენიმე წელია, მის დასრულებას საშველი არ დაადგა.
არც სხვა გმირები დაფასებულან სათანადოდ. 8 აგვისტოს მიაქვთ მათ საფლავებზე გვირგვინები და ჰგონიათ, რომ სამშობლოს წინაშე ვალი მოიხადეს.
საქართველოს ხელისუფლებას, არც მოქმედსა და არც წინას, არც იმაზე უზრუნიათ, რომ გიორგი ანწუხელიძის მკვლელების იდენტიფიცირება მოეხდინათ. არადა, ანწუხელიძის წამების კადრი ვიდეოზეა გადაღებული და მკვლელების იდენტიფიცირება შესაძლებელია.
მხოლოდ რამდენიმე მათგანის ვინაობაა ცნობილი. დიდი ალბათობით, მათი დიდი ნაწილი ცოცხალი აღარაა. ეს „ბოევიკები“ რუსებმა უკრაინასთან საომრად წაასხა და უკრაინელებმა ბევრი მათგანი „გრუზ-200-ად“ აქციეს. ერთ-ერთი მათგანი პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი იყო. ის უკრაინელებმა ჯერ კიდევ მარტში მოკლეს.
კიდევ ბევრი სხვა ქართველის მკვლელი გაისტუმრეს უკრაინელებმა იმქვეყნად. დადასტურებულია, რომ უკრაინელებმა გაანადგურეს რუსეთის 58-ე არმია. ეს ის არმიაა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა.
ქართველების კიდევ ერთი მტერი ძლივს გადაურჩა უკრაინელებს. საუბარია ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურ სერგეი მანიალოზე. ისიც აგვისტოს ომის მონაწილეა. რამდენიმე კვირის წინ ის უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ჩავიდა ოსი მებრძოლების სანახავად. გზად უკრაინელი პარტიზანები გადაეყარნენ, ცეხლი გაუხსნეს, მაგრამ იღბალი ოკუპანტის მხარეს აღმოჩნდა და ის გადარჩა, თუმცა მიმე კონტუზია მიიღო. იმის შემდეგ მანიალო საჯაროდ ჯერ არ გამოჩენილა.

უკრაინელები აფხაზეთის ომში

თბილისში გმირთა მემორიალზე დაღუპულთა შორის რამდენიმე უკრაინელი მებრძოლის სახელი და გვარია ამოტვიფრული. ის ბიჭები აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. უკრაინა ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც საქართველოს მხარი დაუჭირა, საქართველოს დასაცავად რამდენიმე ასეული უკრაინელი ჩამოვიდა. ისინი „უნა-უნსოს“ (Українська Національна Асамблея, УНА УНСО - Українська народная самооборона) წევრები იყვნენ.
უკრაინული კანონები უკრაინელებს ქვეყნის გარეთ მიმდინარე კონფლიქტებში მონაწილეობას უკრძალავდა. უკრაინელი მოხალისეების საქართველოში ჩამოყვანის ორგანიზებას უზრუნველყოფდა უკრაინული ნაციონალური ასამბლეა და უკრაინის ნაციონალური თავდაცვა _ „უნა-უნსო“.
უკრაინელების საქართველოში ჩამოყვანას იური შუხევიჩი ხელმძღვანელობდა. მისი განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში 7 უკრაინელი დაღუპა, რამდენიმე ათეული კი დაიჭრა.
აფხაზეთის ომში დაახლოებით 300-მდე უკრაინელი მოხალისე იბრძოდა. ისინი, ძირითადად, იმ სამთო ბატალიონში იყვნენ თავმოყრილნი, რომელსაც მაიორი ოლეგ ბაბროვიჩი მეთაურობდა. ქვედანაყოფი ბრძოლებში 1993 წლის ივლისში ჩაება და სოხუმის განაპირა სოფელ შრომის აღების დროს პირველი დანაკარგიც განიცადა. ოლეგ ბაბროვიჩი ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული.
„ვმონაწილეობდი სოხუმის დაცვის ბრძოლებში. ჩემმა ქვედანაყოფმა შტურმით აიღო სოფელი შრომა. 3 მებრძოლი დაგვეღუპა, 28 დაგვეჭრა. პლაცდარმი სამი დღე გვეკავა, მაგრამ შემდეგ, ჩვენთვის გაუგებარი გარემოების გამო, დახმარება ვეღარ მივიღეთ წარმატების გასაღრმავებლად, თუმცა ეს იყო სტრატეგიული უბანი და, როგორც ოფიცერი, ვფიქრობდი, შრომიდან შეგვეძლო გავსულიყავით ახალ ათონზე და გზა მოგვეჭრა გუმისთის დაჯგუფებისთვის. ეს ხდებოდა 17 ივლისს, 19 ივლისს კი უკან გამოვედით“, _ ამბობდა ომიდან რამდენიმე წლის დასრულების შემდეგ ბაბროვიჩი რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ასე დაიკარგა მაშინ სოფელი შრომა _ სოფელი, რომელიც სოხუმის ახლოს მდებარეობდა. ქართულმა მხარემ მისი დაცვა ვეღარ შეძლო, რადგან მთელი რესურსი ტამიშის გზის გახსნაზე დახარჯა. 1993 წლის 2 ივლისს რუსებმა დაბა ტამიშში დესანტი გადმოსხეს და სოხუმისკენ მიმავალი გზა ჩაკეტეს. სოხუმი მოწყვეტილი იყო დანარჩენი საქართველოსგან. ამ გზის განთავისუფლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მთელი რესურსი ამაზე დაიხარჯა. გზა გაიხსნა, მაგრამ მოწინააღმდეგემ სოხუმის გარშემო მდებარე რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის დასახლება აიღო.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ბაბროვიჩი ერთ-ერთ ბრძოლაში თავადაც დაიჭრა. როგორც მოგვიანებით გაიხსენა, ის ქართველებმა გადაარჩინეს.
„ტყვიამ ხელი გადამიმსხვრია, ნამსხვრევით კი მარჯვენა თეძოში დავიჭერი. დაჭრილი ორმა ქართველმა გამომიყვანა ტყიანი მთით. ჩვენს ქვემოთ რუსები იდგნენ _ მე მგონი, ირკუტსკის დივიზიიდან. ისინი გვხედავდნენ ხეებს შორის და ყუმბარმტყორცნიდან განუწყვეტლივ ცეცხლს გვიშენდნენ. ამ ბიჭებს შეეძლოთ ჩემი მიტოვება, საკუთარი თავი რომ გადაერჩინათ, მაგრამ მათ შიშველი ხელებით მატარეს. ცოცხალი რომ ვარ, იმ ორი ქართველი ბიჭის დამსახურებაა“, _ ამბობს ბაბროვიჩი.
იმ პერიოდში ბევრს საუბრობდნენ იმაზე, თუ რატომ ჩამოვიდნენ უკრაინელები საქართველოს დასაცავად. რუსული პროპაგანდა მათ ფაშისტებადაც კი მოიხსენიებდა. ეს გასაკვირი არაა, რადგან „უნა-უნსო“ შექმნის დღიდან აცხადებდა, რომ იბრძოლებდა ყველა იმ ერის მხარეს, რომელიც რუსეთის უღლისგან განთავისუფლებას მოისურვებდა.
„მთავარი მიზანი იყო, დაგვემტკიცებინა საქართველოში, ისევე როგორც შემდეგ ჩეჩნეთში, რომ ჩვენ დავიცავთ ყველა იმ ხალხის თავისუფლებას, რომელიც რუსეთის უღლიდან განთავისუფლებას ცდილობს. და მეორე: გვეჩვენებინა რუსეთისთვის, რომ თუკი ის ცხვირს შემოყჰოფდა უკრაინაში, იქ მოიძებნებოდნენ ძალები, კოლაბორაციონისტებისა და მათი აგენტურის გარდა, რომლებიც მას სასტიკ წინააღმდეგობას გაუწევდნენ“, _ ამბობდა იური შუხევიჩი.
რუსი პროპაგანდისტები და რუსეთუმე ქართველები ამტკიცებდნენ, რომ უკრაინელები აქ ფულისთვის იყვნენ ჩამოსულები. არადა, მაშინ საქართველოს ნამდვილად არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ დაქირავებული მებრძოლებისთვის ფული გადაეხადა. ცნობილია ფაქტია, რომ „უნა-უნსოს“ მებრძოლებმა, რომლებიც ქართულმა სახელმწიფომ სახელმწიფო ორდენებით დააჯილდოვა, ფულად ჯილდოებზე უარი თქვეს.
1993 წლის 15-16 მარტის სოხუმის შემოტევა ქართველებმა წარმატებით მოიგერიეს და მოწინააღმდეგეს გამანადგურებელი ზიანი მიაყენეს. ამ ოპერაციას უკრაინიდან ჩამოსული ქართული წარმოშობის გენერალი, ანატოლი კამკამიძე ხელმძღვანელობდა.
ანატოლი კამკამიძე საქართველოში 1992 წელს ჩამოვიდა. ის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. შემდეგ იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდალი. ის საკმაოდ ეფექტიანად მუშაობდა ქართულ ჯარში, მაგრამ რიგი მიზეზების გამო წასვლა მოუწია.
დღეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგნელები ხშირად აყვედრიან უკრაინას, ჰუმანიტარული ტვირთი გამოგიგზავნეთო. იმ უკრაინას აყვედრიან ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელმაც ასეულობით ათასი ქართველის სიცოცხლე გადაარჩინა. აფხაზეთიდან დევნილების დიდი ნაწილი უკრაინულმა ვერტმფრენებმა და გემებმა გამოიყვანეს.
დანარჩენ მსოფლიოს საქართველოს დასაცავად ხმაც კი არ ამოუღია. რუსეთთან დაპირისპირება არავის სურდა და თან საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო, საქართველოს არსებობის შესახებ ბევრმა არც კი იცოდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებმა იცოდნენ საქართველოს არსებობის შესახებ, მაგრამ მხოლოდ უკრაინა დაეხმარა ქართველებს.
გარდა იმისა, რომ უკრაინელებს დევნილები გამოჰყავდათ, მათ ჰუმანიტარული დახმარებაც ჩამოიტანეს. ეს დახმარება გამოაგზავნა როგორც უკრაინის მთავრობამ, ასევე მოხალისეებმა.
გენერალ გენო ადამიას შვილი, ელგუჯა ადამია, სამხედრო ჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა, წლების შემდეგ რადიო „თავისუფლებასთან“ სოხუმის დაცემის უკანასკნელი დღეები გაიხსენა.
1993 წლის 27 ივლისს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება. მოხდა ძალთა დაშორიშორება და ქართულმა მხარემ სოხუმიდან მძიმე შეიარაღება გაიტანა. ეს წინასწარ დაგეგმილი მზაკვრული ნაბიჯი იყო. შეთანხმებიდან დაახლოებით თვე-ნახევარში მოწინააღმდეგემ სოხუმზე შტურმი დაიწყო. ქართველები იარაღის გარეშე დარჩნენ.
როგორ ელგუჯა ადამია იხსენებს, ქართული მხარე, ფაქტობრივად, ავტომატის ამარა იბრძოდა სოხუმის დასაცავად. ამის გამო ჰოსპიტალი დაჭრილებით გადაივსო. მათი ევაკუაცია მხოლოდ სევასტოპოლიდან გამოგზავნილი გემებით მოახერხეს. რუსულ-უკრაინული (მაშინ შავი ზღვის ფლოტი ჯერ კიდევ არ იყო გაყოფილი) დიდი სადესანტო ხომალდები მოადგნენ ადგილებს, რომლებსაც სოხუმში „მაჭარკას“ და „ლიტერატურნაია გაზეტას“ ეძახდნენ. თითოეული გემი 15 ათას კაცს იტევდა. სწორედ ამ გემებმა გადმოიყვანეს დაჭრილები და ბევრი სხვაც, ვინც იმ დღეებში სოხუმს ტოვებდა.
ენგურის ხიდი პირველი პრეზიდენტის მომხრეებს ჰქონდათ გადაკეტილი და არავის ატარებდნენ. დევნილებსა და სამხედროებს ჭუბერის გავლით მოუწიათ აფხაზეთის დატოვება. იმ წელს განსაკუთრებით ადრე მოვიდა თოვლი და ჯოჯოხეთს გამოქცეულმა ქართველებმა გზაზე კიდევ ერთი ჯოჯოხეთი გამოიარეს. კოდორის ხეობაში უამრავმა დევნილმა მოიყარა თავი. არც საჭმელი იყო და არც ტანსაცმელი. იყო იმის საფრთხეც, რომ მტერი კოდორის აღებასაც შეეცდებოდა. საქართველოს ხელისუფლებას ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლო. დახმარება ისევ უკრაინამ გაგვიწია. უკრაინამ კოდორის ხეობიდან დევნილების გამოსაყვანად 20-მდე ვერტმფრენი გამოაგზავნა. ამ სამაშველო მისიაზე დოკუმენტური ფილმიც არის გადაღებული. ფილმს ჰქვია: „მშვიდობისმყოფელები სვანეთის მთებში“.
ამ ფილმის პრემიერა რამდენიმე წლის წინასთ შედგა თბილისში. ფილმის ჩვენებაზე ის უკრაინელი მფრინავებიც ჩამოვიდნენ, რომლებსაც მაშინ საკუთარი სიცოცხლის ფასად ქართველი დევნილები გაჰყავდათ სამშვიდობოს. ნებისმიერი ასეთი რეისი სარისკო იყო. ვერტმფრენში 25 ადამიანზე მეტის ყოფნა არ შეიძლება, უკრაინელი პილოტები კი 40 ადამიანს მაინც სვამდნენ. დადასტურებულია, რომ უკრაინელებმა 300 რეისი შეასრულეს და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად 8000-მდე ადამიანი გადაარჩინეს.
დახმარება უკრაინელებს არც ომის დასრულების შემდეგ შეუწყვეტიათ. წლების შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ გაიხსენა, რომ 1993 წელს უკრაინელების დახმარებით გადარჩა საქართველო ორ ნაწილად გაყოფას.
აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეებმა დასავლეთ საქართველოს ნაწილი დაიკავეს. რუსეთი საქართველოს ორად გაყოფით ემუქრებოდა. საქართველოს წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ ჰქონდა. ედუარდ შევარდნაძემ დახმარებისთვის უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ ლეონიდ კრავჩუკს მიმართა.
„ძალიან შეგვავიწროეს თავის დროზე დასავლეთ საქართველოში ზვიადის მომხრეებმა. დაიკავეს სენაკი, ზუგდიდი. ამ დროს მე მოსკოვში ვიყავი და ელცინთან უკმაყოფილება მომივიდა. გადახაზა რუკა და მითხრა: „აქეთ შენ იყავი, იქით _ ისო“. რომ ჩამოვედი, ფოთი აღებული იყო, დაუკავებიათ რუსებს, ჩეჩნებს. ადგილზე პატარა ქართული რაზმი იყო, საცოდავი ბიჭები შეშინდნენ და ტყეში გაიქცნენ, გადარჩნენ.
ამ საკითხზე ელცინისგან სასიკეთო რომ ვერაფერი მივიღე, დავურეკე უკრაინის მაშინდელ პრეზიდენტ კრავჩუკს. ვუთხარი, X-XII საუკუნიდან ვმეგობრობთ, ლავრა რომ ქართველებმა მოხატეს… შევახსენე ჩვენი ისტორია.
ვუთხარი: ფოთი დავკარგეთ, მატარებლები და შესაბამისად პროდუქტები ვერ შემოვა, ყველაფერს ისინი აკონტროლებენ. ვუთხარი, რომ მერე ბათუმის დაკავებასაც აპირებდნენ. ასე ვუთხარი კრავჩუკს, – ჩვენი მეგობრობის გულისთვის თუ რამე შეგიძლია, მომეხმარე. მკითხა, რა შემიძლია? ვუთხარი: ფლოტი გამოგზავნე და როგორც კი მოუახლოვდება ფოთს, ესენი შეშინდებიან და აიკრავენ გუდანაბადს-მეთქი.
ამ საუბრის შემდეგ საათ-ნახევარში დამირეკა და მითხრა, - ადმირალს მივეცი განკარგულება და ხვალ საღამოს ან, უკიდურეს შემთხვევაში, ზეგ დილით ფოთში იქნება ფლოტიო.
მეორე დღესვე ჩამოვიდა ფლოტი ფოთში. ვინც ადგილზე იყო, დაფრთხა და ქალაქი გაგვითავისუფლა. ფლოტის მეთაურმა მითხრა: „ბიჭები გამოყავით, ჩვენ დავიკავეთ ის პოსტები და დაიკავეთ ქალაქი, ჭიშკარი ღია გექნებათო“.
10 დღე დარჩა ფლოტი ადგილზე. ადრე უნდა გასულიყო, მაგრამ როდესაც საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ მაგრად ვიდექით, გვითხრეს, – თქვენი ბიჭები ისე მაგრად დგანან, უკვე საფრთხე არ არისო. აი, ასე გადაარჩინა უკრაინამ საქართველო.
ამის შემდეგ კრავჩუკს ვუთხარი, _ თუ ნებას მომცემ, ჩემს მემუარებში ვახსენებ, როგორ გადაარჩინა უკრაინამ საქართველო-მეთქი. შემომითვალა, _ ბედნიერი ვარ, რომ შენ მე გაგახსენდი და ბედნიერი ვიქნები, თუ ამ ფაქტის შესახებ იტყვიო. ეს ამბავი ხომ უკრაინელი და ქართველი ხალხის ისტორიაში დარჩებაო. ეს იყო ისტორიული მოვლენა, აი, ასე გადაარჩინა მაშინ უკრაინამ საქართველო“, _ აღნიშნა ედუარდ შევარდნაძემ.
ამ და კიდევ ბევრი ამბიდან გამომდინარე, მართლა სამარცხვინოა ის პოზიცია, რაც ქართულ მხარეს უკავია უკრაინასთან მიმართებით.

გაზიარება