- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-12-27 05:26:49
შორენა მარსაგიშვილი
ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება დღემდე ბურუსით არის მოცული. ოპოზიცია აცხადებს, რომ მათი თანამებრძოლი ხელისუფლებამ მოკლა. ნუგზარ ფუტკარაძე რომ მოკლულია, ამაში არც მის დას, ნაზი ფუტკარაძეს ეპარება ეჭვი. მისი თქმით, ნუგზარ ფუტკარაძეზე აჭარის მთავრობის მეთაურის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით ხორციელდებოდა ზეწოლა. როგორც ნაზი ფუტკარაძე აცხადებს, მის ძმას ფულიც შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ დაეტოვებინა „ნაციონალური მოძრაობა“ და დამოუკიდებელი დეპუტატი ყოფილიყო.
რატომ ხორციელდებოდა ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა? ვისი დავალებით მიდიოდნენ მასთან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები? რატომ არ იძიებენ ამ საქმეს? რა განაცხადა ექიმმა? რატომ თქვეს უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ნაზი ფუტკარაძე ესაუბრება:
_ ქალბატონო ნაზი, ვიდრე თქვენი ძმის გარდაცვალებაზე ვისაუბრებდეთ, მოგვიყევით, როგორ მოხვდა ნუგზარ ფუტკარაძე პოლიტიკაში?
_ ჩემი ძმა პოლიტიკაში აქტიურად 5 წლის წინათ ჩაერთო. ჩვენი ოჯახი პოლიტიკიდან შორს არასდროს ყოფილა. ჩვენ ყოველთვის ამ ხელისუფლების ოპოზიცია ვიყავით. პირველი პოლიტიკაში მე შევედი. წლების წინათ უკვე ვიყავი ბათუმის საკრებულოს წევრი. 2009-2013 წელბში ბათუმის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გახლდით.
_ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყავით?
_ კი. რაც ეს პარტია დაფუძნდა, მას მერე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ. როგორც გითხარით, 2009-2013 წლებში ვიყავი ბათუმის საკრებულოს წევრი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ვიღაცები გადავიდნენ „ქართულ ოცნებაში“, მე კი „ნაციონალებში“ ვამჯობინე დარჩენა, არც მიფიქრია წასვლა.
_ შემოთავაზება არ გქონიათ?
_ როგორ არა! მითხრეს, ჩვენთან წამოდიო. ძალა მაშინ არავის დაუტანებია. ჩემი შვილი მუშაობდა ბაღების სააგენტოში და გამოუშვეს სამსახურიდან.
_ რატომ გამოუშვეს?
_ ჩემი პარტიულობისთვის. თავიდან ჩემი ძმა მაკითხავდა ოფისში, რაღაცებში გვეხმარებოდა და ერთხელაც გამოთქვა სურვილი, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ წევრი გახდებოდა. რაც ამ წლებში არჩევნები ჩატარდა, აქტიურად მუშაობდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მას პარტიამ შესთავაზა, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ყოფილიყო. ნუგზარიც დათანხმდა. მან იმ ოლქში იყარა კენჭი, სადაც 20.000 ამომრჩეველია.
ძალიან კონტაქტური ადამიანი იყო. თითქმის მთელი ბათუმი იცნობდა. ყველასთან მეგობრული და თბილი ურთიერთბა ჰქონდა. ამიტომ აირჩიეს მაჟორიტარად. მან 200 ხმით მოუგო თავის კონკურენტს. ძალიან კარგი ადამიანი იყო. ჩვენ მშრომელ ოჯახში ვართ გაზრდილები, ზემოდან არავისთვის შეგვიხედავს.
_ თქვენს ძმაზე ზეწოლები როდიდან დაიწყო, _ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თუ მაშინვე, როცა მაჟორიტარად დააყენეს მისი კანდიდატურა?
_ ზეწოლა ყველა ოპოზიციურ კანდიდატზე ხორციელდებოდა და არც ჩემი ძმა იყო გამონაკლისი. ჩემი ძმის მსგავსად მეც მაჟორიტარად ვიყრიდა კენჭს. მეც გავიმარჯვე და ჩემმა ძმამაც. ჩვენ პირველივე ტურში მოვიგეთ არჩევნები და მთლიანად მერის არჩევნებზე გადავერთეთ. ბათუმში მერის ასარჩევად მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. პირველ ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლიდერობდა. გიორგი კირთაძეს, ფაქტობრივად, მოგებული ჰქონდა ეს არჩევნები, მაგრამ გამარჯვება არ ჩაუთვალეს.
დავიწყეთ მეორე ტურისთვის სამზადისი. გიორგი კირთაძე მეორე ტურსაც მოიგებდა, მაგრამ არჩევნები საშინლად გააყალბეს და ბათუმის მერად არჩილ ჩიქოვანი გაიყვანეს. არჩევნების გასაყალბებლად უამრავი მექანიზმი აქვს „ქართულ ოცნებას“. მაჟორიტარობის კანდიდატებსაც გაგვიყალბეს არჩევნები. ძალიან დიდი ბრძოლა დაგვჭირდა, რომ პირველივე ტურში გაგვემარჯვა. სასამართლომდეც კი მივედი. ძალიან მაგრად ვიბრძოლე. „ქართული ოცნება“ დაშინებით, შანტაჟითა და მოსყიდვით იღებდა ხმებს. ჩვენ პლაკატებიც კი არ გვქონია. უბრალოდ, კარდაკარ დავდიოდით მოსახლეობასთან და პირადად ვესაუბრებოდით, რას გავაკეთებდით. ვეუბნებოდით, რომ ჩვენ საქმის საკეთებლად მოვდიოდით და არა თანამდებობების დასაკავებლად. მოსახლეობა გვენდო და ხმა მოგვცა. დიდი მადლობა მინდა გადახუხადო ჩემს ამომრჩეველს ამისთვის. მათ მადლობას ვეუბნები ჩემი ძმის სახელითაც. ხელისუფლებამ ეს გამარჯვება მეც გამიმწარა და ჩემს ძმასაც. იმას საერთოდ სიოცოცხლის ფასად დაუჯდა არჩევნების მოგება.
ნუგზართან საუბრები ხელისუფლებამ პირველი ტურის დასრულებისთანავე დაიწყო. თავიდან მის მოსყიდვას შეეცადა. მეორე ტური რომ მოახლოვდა, უკვე ზეწოლაზე გადავიდა. მიმდინარე წლის 5 ნოემბერს ცნობილი გახდა რომ ჩემი ძმის გარდა კიდევ ორი ახალგაზრდის მოსყიდვას ცდილობდა „ქართული ოცნება“. ხელისუფლება მათზეც ახორციელებდა ზეწოლას. ეს მცდელობა სხვების მიმართაც იქნებოდა, უბრალოდ, მე ყველას ამბავი არ ვიცი. ჩემს ძმასთან ზეწოლა ძალიან გამწვავდა და ტრაგიკული შედეგით დასრულდა.
_ თქვენი ძმის მიმართ რატომ იყო ასეთი განსაკუთრებული ზეწოლა?
_ მას ისე მიჰყავდა საქმე, რომ არ უნდოდა, საკრებულოს პირველ სხდომამდე, ახალგაზრდებზე განეხორციელებინათ ზეწოლა. ხელისუფლებამ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა და საკრებულოს თავმჯდომარეს ვერ ირჩევდნენ. ამიტომ იყო მათთვის მნიშვნელოვანი, პირველ სხდომამდე ვინმე გადაებირებინათ. როდესაც ზეწოლამ განსაკუთრებით მძიმე სახე მიიღო, ჩემი ძმა იძულებული გახდა, აუდიო ჩანაწერები გაეკეთებინა.
_ რომელ აუდიო ჩანაწერებზე საუბრობთ, რომელიც გამოქვეყნდა?
_ დიახ. მაგ აუდიო ჩანაწერებზე ვსაუბრობ, ამ ჩანაწერებიდან კარგად ჩანს, თუ რა სიბინძურეებს კადრულობს „ქართული ოცნება“.
_ თქვენზეც ხომ არ ხორციელდებოდა ზეწოლა?
_ ტყუილი რატომ უნდა ვთქვა? _ ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. არც პარტიის დატოვებაზე უსაუბრიათ ჩემთან. მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ მე სულ „ნაციონალებში“ ვარ და აქამდე თუ არ წავედი პარტიიდან, ახლა რატომ წამოვიდოდი? ერთადერთხელ შემომთავაზეს „ნაციონალებიდან“ წამოსვლა, მაგრამ ეს დიდი ხნის წინათ იყო.
_ დიდი ხნის წინათ, როდის?
_ 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. მას შემდეგ ჩემთვის ხმაც არ გაუციათ, სამაგიეროდ, ჩემს ძმაზე ხორციელდებოდა ზეწოლა. ის ისეთი ადამიანი იყო, თანამებრძოლებსა და პარტიას არ დატოვებდა. ეგეც რომ არ ყოფილიყო, მე, მის დას, როგორ მიმატოვებდა და სხვაგან წავიდოდა.
_ თქვენი ძმისგან რას ითხოვდნენ, პარტია უნდა დაეტოვებინა?
_ დიახ.
_ „ქართულ ოცნებაში“ უნდა გადასულიყო?
_ როგორც აუდიო ჩანაწერში ისმის, ნუგზარს სთხოვენ, „ნეიტრალში გადადიო“.
_ „ნეიტრალში გადასვლა“ რას ნიშნავდა?
_ არავის მხარეს არ ყოფილიყო. დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით უნდა ყოფილიყო ბათუმის საკრებულოში. ჩანაწერში ისმის, როგორ ეუბნებიან ჩემს ძმას, ის კაცი ითხოვს, ნეიტრალში გადადიო. მათი გათვლებით, ჩემს ძმას კი ექნებოდა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი, მაგრამ როცა „ქართულ ოცნებას“ დასჭირდებოდა, მათთვის უნდა მიეცა ხმა.
_ ნაარჩევნებს არაერთი დეპუტატი გახდა ნეიტრალური, მათ შორის, ბათუმის საკრებულოში და, სავარაუდოდ, მათთანაც იგივე მეთოდები გამოიყენეს, რაც თქვენს გარდაცვლილ ძმასთან?
_ ალბათ ეს მეთოდები გამოიყენეს. ზოგი უძლებს ამ ზეწოლებს, ზოგი _ ვერა. ბათუმის საკრებულოში გახარიას პარტიიდან ერთი დეპუტატი პირველ სხდომამდე ცოტა ხნით ადრე გახდა ნეიტრალური.
ჩანაწერში კარგად ისმის, თუ როგორ ცდილობენ ნუგზარის მოსყიდვას. ჩემი ძმა ამბობს, რომ 100.000 მიუტანეს იმის სანაცვლოდ, რომ ნეიტრალური ყოფილიყო. ნუგზარი მათ ეუბნება, _ ამ 100.000-ს რამდენიმე ნულიც რომ მიუმატოთ, მაგას მაინც არ გავაკეთებ, რადგან ამ ქალაქში უნდა ვიაროო. ამდენი ამომრჩევლის მხარდაჭერას ჩემი ძმა როგორ უღალატებდა? მან ხომ იცოდა, რომ ამომრჩეველმა რისკის ფასად მისცა მას ხმა. ამომრჩეველსაც ატერორებდა ხელისუფლება. არ შეიძლება ამომრჩევლის გადაგდება და ღალატი. არც ჩემმა ძმამ უღალატა მათ და ამ ამბავს შეეწირა კიდევაც.
ხალხმა ყოველგვარი მოსყიდვის გარეშე მოგვცა ხმა და რანაირად გაყიდდა ნუგზარი მათ ხმებს? მერე როგორ უნდა შეეხედა ამ ხალხისთვის თვალებში? „ქართული ოცნება“ ამას ვერ იაზრებს. მათთვის არაფერს ნიშნავს ამომრჩევლის ნდობა. ჩვენ ხალხის მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება გვაქვს.
_ თქვენთვის როდის გახდა ცნობილი, რომ ძმაზე ზეწოლა ხორციელდებოდა?
_ თავიდანვე გავიგე. შეიძლება, არც უნდოდა, რომ ამის შესახებ მცოდნოდა, მაგრამ დამალვა ვერ შეძლო. ჩვენ ერთ პარტიაში ვიყავით, ერთ ოფისში ვმუშაობდით. ის არ მალავდა, რომ მის მოსყიდვას ცდილობდნენ, ეს საუბრები მეც მესმოდა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ზეწოლა იყო. მეორე ტური რომ მოახლოვდა, ზეწოლა გააძლიერეს. ამის შესახებ მან მესიჯით შეატყობინა გიორგი კირთაძეს.
_ ზეწოლის გაძლიერება რაში გამოიხატებოდა?
_ ასე კონკრეტულად არაფერი უთქვამს ჩემს ძმას, ამბობდა, ზეწოლას აძლიერებენო. ეს ზეწოლები ისე გაძლიერდა, რომ ჩვენ ბრიფინგიც კი ჩავატარეთ. ეს 5 ნოემბერს იყო. ასე ზუსტად იმიტომ მახსოვს ეს თარიღი, რომ ჩემი ძმის დაბადების დღე გახლდათ. ჩვენ მივმართეთ ხელისუფლებას, რათა თავი დაენებებინა ზეწოლისთვის.
_ დაანებეს ზეწოლას თავი?
_ არა და ამის მტკიცებულებად აუდიო ჩანაწერები არსებობს, საიდანაც ვიგებთ, რომ ხმაურიანი ბრიფინგის შემდეგაც გაგრძელდა ჩემს ძმაზე ზეწოლა. ამათთვის მოსყიდვა-გაყიდვა, მუქარა, შანტაჟი, დაშინება ჩვეულებრივი ამბავია. ამათთვის ადამიანის სიცოცხლეც არაფერს ნიშნავს.
_ ვინ აწარმოებდა თქვენს ძმასთან მოლაპარაკებებს? ვინ ახორციელებდა მასზე ზეწოლას? ამ ადამიანების ვინაობა თქვენთვის ცნობილია?
_ რა თქმა უნდა, ვიცი, ვინც იყვნენ. ჩემი ძმა ასახელებდა მათ. ამის გარდა, აუდიო ჩანაწერშიც ისმის, ვისზეა საუბარი. გამუდმებით იმეორებენ, ერთი კაცი ითხოვს ასე, ერთ კაცს უნდა, ასე რომ მოიქცეო.
_ ვინ არის ეს ერთი კაცი?
_ რიჟვაძე.
_ რომელი _ მამა თუ შვილი?
_ ჩემს ძმასთან მოლაპარაკებებს დავით რიჟვაძის სახელით აწარმოებდნენ. ეს თავად ნუგზარსაც აქვს ჩემთვის ნათქვამი.
_ რა მოხელეა დავით რიჟვაძე?
_ პოლიციაში რაღაც მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. მისი შვილი აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეა და დიდი გავლენები აქვთ. ჩემი ძმა რიჟვაძემ შეიწირა, ეს ჩანაწერებითაც მტკიცდება, მაგრამ სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში, ობიექტური გამოძიების იმედი არ გვაქვს.
_ იქნებ, იმიტომ არ იძიებენ საქმეს, რომ მიმდინარე ამბებმა გადაფარა თქვენი ძმის გარდაცვალება.
_ ვერ ვიტყოდი, რომ გადაიფარა, უბრალოდ, ამ ხელისუფლების პირობებში სიმართლეს ვერ გავიგებთ. ადრე თუ გვიან, მაინც გაირკვევა ყველაფერი და დამნაშავეები დაისჯებიან.
_ ოპოზიცია ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებაზე ადრე უფრო ხმაურობდა, ახლა ნაკლებად საუბრობს ამ თემაზე.
_ ყველას ვერ მოსთხოვ, რომ ამ თემაზე ისაუბროს. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს თემა არ მინელებულა. ჩვენი პარტიის ლიდერები ამ საკითხის შესახებ ხშირად საუბრობენ. ისინი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებსაც ესაუბრნენ.
_ გამოძიებით მაინც თუ იძიებენ ამ საქმეს?
_ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ამათ პირობებში იმედი არ მაქვს, რომ სიმართლე დადგინდება.
_ რა ეტაპზეა გამოძიება?
_ სადაც გამოძიება მიდის, იქ თავად მივედი, პირადად დაველაპარაკე გამომძიებლებს. მაინტერესებდა, მათგან გამეგო, რა ეტაპზეა საქმე.
_ რა გაარკვიეთ?
_ ბევრი არაფერი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ესენი ამ საქმეს არ გამოიძიებენ. ეს მათ ინტერესებში არ შედის. რაში აწყობთ ამ საქმის გამოძიება? რიჟვაძეს ხომ არ დასჯიან? ყველა შემთხვევაში კვალი მასთან მივა. მივედი იმ გაყოფილებაში, რომელიც საქმეს იძიებს და მოვითხოვე უფროსთან შეხვედრა. უფროსი ადგილზე არ იყო. ამის შემდეგ იმასთან მოვითხოვე შეხვედრა, ვისაც ნუგზარ ფუტკარაძის საქმე ეწერა. თავიდან მითხრეს, ცოტა ხანში შეგხვდებაო. ეს ცოტა ხანი რომ გავიდა, მეუბნებიან, ვერ შეგხვდება, რადგანაც ეს საქმე სხვას აწერიაო. ამაზე ვუთხარი, _ რაკი საქმე სხვას აწერია, მაშინ იმ სხვას შევხვდები-მეთქი. ის სხვა ადგილზე არ იყო იმ დღეს.
ჩემთან საუბარი არ სურდათ. ამან ძალიან გამაბრაზა და ვუთხარი, _ მე თქვენ გაბოდიალებთ-მეთქი! და წამოვედი განყოფილებიდან. ეტყობა, სიტუაციის გამწვავებას მოერიდნენ, გამომეკიდნენ, დამეწივნენ და უკან დამაბრუნეს, მითხრეს, _ მოადგილე შეგხვდებაო.
_ მოადგილე მაინც თუ იყო ადგილზე, თუ ტყუილად დაგაბრუნეს?
_ მოადგილე ადგილზე იყო და შემხვდა. შევეცადე, მისგან გამეგო, რა ეტაპზე იყო საქმე, კითხვები დავუსვი. აღმოჩნდა, რომ საქმე არ იცოდა. მითხრა, ხვალ მობრძანდით, გამომძიებელს გაესაუბრეთ და ის უფრო დეტალურად გეტყვით, რა ეტაპზეა ნუგზარ ფუტკარაძის საქმეო. ამან ძალიან გამაბრაზა და მოადგილეს ვუსაყვედურე, _ რისი მოადგილე ხარ, თუ ასეთი გახმაურებული საქმის დეტალები არ იცი-მეთქი?! მაშინ მითხრა, _ რაღაცები ვიცი და რაც ვიცი, გეტყვიო. გამაგებინა, რომ საქმეზე რამდენიმე ადამიანი იყო დაკითხული.
_ დაგისახელათ დაკითხულების ვინაობა?
_ კი. და იცით, ვინ აღმოჩნდნენ ეს დაკითხულები? _ ჩვენი პარტიის წევრები, რომლებმაც იცოდნენ, რომ ჩემს ძმაზე ზეწოლა ხორციელდებოდა. მოადგილეს ვკითხე, _ იმ მხარიდან თუ დაკითხეთ ვინმე, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს-მეთქი? განსაკუთრებით მაინტერესებდა, დაკითხეს თუ არა დავით რიჟვაძე. კიდევ რამდენიმე ადამიანის დაკითხვის ამბავი მაინტერესებდა.
_ იყო რომელიმე მათგანი დაკითხული?
_ არცერთი არ ჰყავდათ დაკითხული. საქმის გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩვენ მუხლის შეცვლასაც ვითხოვთ. ადამიანმა ქრთამი არ აიღო, შეეწირა ამ საქმეს და ეს მკვლელობის ტოლფასი ამბავია. დიახ, ჩემი ძმა მოკლეს და ეს საქმე მკვლელობის მუხლით უნდა გამოიძიონ.
_ თავიდან ითქვა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს გული გაუხეთქეს. მერე ამბობდნენ, რომ გული არაფერ შუაშია. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვიღაცასთან ერთად ყავა დალია და აქ არის რაღაც ეჭვები. ექსპერტიზის პასუხები თუ არის ცნობილი, რამ გამოიწვია სიკვდილი?
_ მე აუდიოჩანაწერი მოვისმინე ჩემი ძმის გარდაცვალების შემდეგ, მანამდე ეს მოსმენილი არ მქონდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ნუგზარზე ხორციელდებოდა ზეწოლა. ცუდად რომ გახდა, ჩემი ძმა საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ ვერაფერი უშველეს, წამებში მოხდა ყველაფერი.
ჩვენ მისაღებში ვიყავით, ექიმმა დაგვიბარა, შევედით შიგნით. მეგონა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გვეტყოდა რამეს. ჩემი ძმა უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ ექიმი საუბარს აგრძელებდა, ვერ გვეუბნებოდა, რომ ნუგზარი აღარ იყი. ვფიქრობდი, ნუგზარს სტენტი სჭირდებოდა. ვეკითხები ექიმს, _ ჩემს ძმას გულის რამე პრობლემა აქვს-მეთქი? ის მეუბნება, გული ნორმაშიაო. ვფიქრობდი, ჩვენგან ხელის მოწერა და თანხმობა უნდა ოპერაციაზე-მეთქი.
ექიმი მეუბნება, 1000-მდე აუვიდა შაქარი ნუგზარსო. აპარატი სისხლში შაქრის დონეს 700-მდე სინჯავს. აპარატმა რომ ვეღარ გასინჯა. სისხლის ანალიზი ავუღეთ და ამით ნახეს. რომ შაქრის დონე 1000-ს სცდებოდაო. გავოგნდი და ექიმს ვკითხე, _ სხვა დროს ასეთი შემთხვევა თუ გქონიათ-მეთქი? მაინტერესებდა, რას შეიძლებოდა შაქრის ამ დონეზე მომატება გამოეწვია. ექიმმა ვერაფერი მიპასუხა. მითხრა, რომ ასეთი რამე მის პრაქტიკაში არ ყოფილა.
ამის შემდეგ სულ ეჭვი მღრღნის, რა დონემდე უნდა ენერვიულა, რომ შაქარი 1000-მდე ასულიყო? მით უმეტეს, იმ დილით გაიზომა შაქარი და ნორმაში ჰქონდა. სულ იზომავდა და 220-ზე ზემოთ არასდროს ჰქონია.
_ თქვენს ძმას დიაბეტი ჰქონდა?
_ კი. 220-ზე ზევით არასდროს ჰქონია შაქარი. წამალს ყოველთვის თან ატარებდა. დიაბეტი ძალიან ბევრს აქვს. ადამიანებს ამის გამო განგრენა ემართებათ, სხეულის კიდურებს კვეთენ, მაგრამ ცოცხლები არიან. ჩემს ძმას აუწია შაქარმა და... წნევა დავარდნილი ჰქონდა. რამდენადაც ვიცი, როცა შაქარი იწევს, იქ წნევაც მატულობს. ამასთან პირიქით მოხდა _ შაქარი 1000-მდე ავარდა, წნევა დაუვარდა. შაქარი ვერ დაუწიეს, წნევა ვერ აუწიეს და გარდაიცვალა ადამიანი. ეს მარტო ნერვიულობის გამო არ მოხდებოდა, აქ რაღაც სხვა ამბავთან გვაქვს საქმე და ეს რაღაც აუციელბლად უნდა გამოვიძიოთ.
_ ექსპერტიზის პასუხი რა არის?
_ ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი ვთქვით.
_ რატომ?
_ არ ვენდეთ მაგათ ექსპერტიზას. ის ეჭვები, რაც მოგვიანებით გამოჩნდა, მაშინვე რომ მქონოდა, დამოუკიდებელ ექსპერტს მოვითხოვდი. ეს საქმე აუცილებლად მივა ბოლომდე და დამნაშავეები უპირობოდ დაისჯებიან.