QronikaPlus
გიორგი გუგავა: „ქოცები“ ჯანმრთელი კენგურუს ნახტომებით გაიქცევიან ქვეყნიდან“

გიორგი გუგავა: „ქოცები“ ჯანმრთელი კენგურუს ნახტომებით გაიქცევიან ქვეყნიდან“

2021-08-18 07:35:45

ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა, დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს რუსეთისთვის გადაცემას აპირებს. მისი თქმით, შემთხვევითი არაა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ კრემლმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მოითხოვა. ლეიბორისტის აზრით, დასავლეთს დროული და სათანადო რეაგირება თუ არ ექნა, ის კავკასიაში საქართველოს სახით ერთადერთ სტრატეგიულ მოკავშირეს დაკარგავს.

რა საფრთხე ემუქრება ქართულ სახელმწიფოს? რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებსა და ოპოზიციის ნაწილს? რა შემთხვევაში გაიქცევიან მეოცნებეები? _ ამ თემების შესახებ გიორგი გუგავა „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო გიორგი, „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ დაამტკიცა, რომ იგი გადაგდების დიდოსტატია. ამის მიუხედავად ელოდით, რომ ისინი შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას მოახდენდნენ? ეს, ფაქტობრივად, ევროპაზე უარის თქმის ტოლფასია.

_ მოულოდნელი აქ რა იყო? გადაგდების მეტი ამათ არაფერი იციან. გააკეთეს ის, რაც კარგად გამოსდით. ივანიშვილმა გააკეთა ის, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდა რუსეთში, ანგოლაში, საფრანგეთში, საქართველოში. გადაგდება მისი სულიერი მდგომარეობაა. ეს მისი ბუნება გახლავთ. ბიძინამ გადაგდებით იშოვა მილიარდები. გადაგდებით ინარჩუნებს ძალაუფლებას.
ამჯერად, გადაგდების მასშტაბები ცოტა უფრო დიდი გამოუვიდა. ქართველ ხალხსა და ოპოზიციას, რომელიც პარლამენტში შევარდა, იმ იმედით რომ მიშელის დოკუმენტი შესრულდებოდა, ზედ მიაყოლა ევროკავშირი თავის შარლ მიშელიანად და ამერიკა, რომელიც წარმოდგენილი იყო ელჩ კელი დეგნანის სახით. ამ გადაგდებით ივანიშვილმა საფრთხე შეუქმნა საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობებს. მან დასავლელ პარტნიორებს ძალიან მკვეთრად უთხრა, _ თქვენ საქართველოში არაფერი გესაქმებათ. მაპატიეთ ჟარგონისთვის, მაგრამ ოლიგარქმა ასე უთხრა ამერიკელებსა და ევროპელებს, _ აახვიეთ აქედან!
პარალელურ რეჟიმში რუსეთის ხელისუფლება განცხადებას განცხადებაზე აკეთებს. მოსკოვიდან გვესმის, თუ როგორ აპირებენ საქართველოსთან ურთიერთობების დათბობას. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რუსები ოფიციალურ განცხადებებში საქართველოს ხელისუფლებას პარტნიორებად მოიხსენიებენ.

_ მიშელის დოკუმენტის ანულირება და რუსების გააქტიურება, ალბათ, უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს.

_ პოლიტიკასა და ცხოვრებაში ყველაფერს აქვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. პოლიტიკაში დამთხვევები არ არსებობს. ამ ამბავს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პრეისტორია და კონტექსტიც გააჩნია. მიშელის დოკუმენტის ანულირებამდე პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს. მთელი ეს პერიოდი ანტიდასავლური რიტორიკა გვესმოდა. დაიწყეს თავდასხმები თავისუფალ მედიაზე. ყველაფერი რომ ასე წარიმართა, ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამსახურებაცაა.

_ ისინი რა შუაში არიან? იმათ უთხრეს, ევროკავშირის დროშა დახიეთო?

_ უცხოელმა დიპლომატებმა შეაბეს ოპოზიცია, რომ პარლამენტში შესულიყო. ამით მათ გადაარჩინეს ბიძინა ივანიშვილიც და მისი რეჟიმიც. ოპოზიცია კიდევ ერთი თვე რომ არ შესულიყო პარლამენტში, ჩვენ მივიღებდით ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ამ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის ბუნდღა აღარ იქნებოდა. ელჩებმა ოპოზიცია პარლამენტში შეიყვანეს და ოლიგარქიც გადარჩა. მან დასავლელ პარტნიორებს სიკეთე ისე გადაუხადა, როგორც ეს მორიელს სჩვევია _ თავისი გადამრჩენელი დაგესლა.
მას ოპოზიციის პარლამენტში შესვლა თავის გადასარჩენად სჭირდებოდა. თავი მოიკატუნა. ჩოქბჯენიდან რომ გამოძვრა, წამოდგა ფეხზე და გადმოვიდა შეტევაზე. ახლა ყველანი, მათ შორის, დასავლეთიც უყურებს, თუ რას აკეთებს რუსი ოლიგარქი.

_ დასავლეთი ივანიშვილს ამ გადაგდებას გაუტარებს?

_ ვერ გეტყვით, გაუტარებს თუ არა. მე ის ვიცი, რომ დასავლეთმა ქმედითი ღონისძიებები უნდა გაატაროს. შეშფოთებები და აღშფოთებები გავლენას ვერ ახდენს ამათ ქმედებებზე. დასავლეთი პირდაპირ სანქციების დაწესებაზე უნდა გადავიდეს. ივანიშვილი, მოგეხსენებათ, რომ სოვდაგარია და თავის ქარვასლას უფრთხილდება. საკმარისია, მის ქონებას რამე საფრთხე დაემუქროს, რომ ის სულ სხვა ხმაზე აჭიკჭიკდება. დასავლეთი საკმარის ბერკეტებს ფლობს საიმისოდ, რომ მას სანქციები დაუწესოს. რუს ოლიგარქს ქონება დასავლურ ბანკებში აქვს დაბანდებული. ოფშორებსაც დასავლეთი აკონტროლებს, სადაც ივანიშვილი თავისი ქონების დიდ ნაწილს მალავს. საკმარისია, ერთი ანგარიში მაინც გაუყინონ, რომ რუსი ოლიგარქი მაშინვე დამყოლ „ბულკად“ გადაიქცევა.
ევროპამ და ამერიკამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ შეშფოთება-აღშფოთების დრო წავიდა. საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ივანიშვილს თუ სანქციებს არ დაუწესებენ, საქართველოს სახით დასავლეთი სტრატეგიულ პარტნიორს დაკარგავს კავკასიაში. ამის შემდეგ საქართველო აღმოჩნდება რუსულ რკალში და ჩვენ დავკარგავთ თავისუფლებას, რომლის მოპოვებასა და დაცვას უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
საქართველოს სახელმწიფოებრიობა დღეს საფრთხის ქვეშ დგას. ეს ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ. არჩევნებზე რომ წავალთ, პირველ რიგში ეს საფრთხე უნდა გაგვახსენდეს. 2 ოქტომბრის არჩევნები მარტო მაჟორიტარისა და მერის არჩევნები არ არის. ამ არჩევნებით შეგვიძლია საქართველოს სახელმწიფოებრიობას დიდი საფრთხე ავაცილოთ თავიდან. გვახსოვდეს ისიც, რომ ჩამონგრეულია ჩვენი ეკონომიკა, კატასტროფული სოციალური მდგომარეობა გვაქვს. სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ გაგვაჩნია. ეს ყველაფერი კარგად უნდა გავიაზროთ და ისე წავიდეთ არჩევნებზე.

_ ვთქვათ, წავედით არჩევნებზე და გავაკეთეთ არჩევანი, მერე რა ხდება ან რა იცვლება? ხელისუფლებამ მკაფიოდ გვითხრა, სულ 3%-იც რომ ავიღოთ, ვადამდელ არჩევნებს მაინც არ დავნიშნავთო.

_ ჯერ ქართველმა ხალხმა 2 ოქტომბერს სწორი არჩევანი გააკეთოს და მერე ვნახავთ, როგორ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.

_ დარწმუნებული ხართ რომ იქნება რიგგარეშე არჩევნები?

_ მთავარია, ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს და რიგგარეშე არჩევნებამდე გაიქცევიან „ქოცები“.

_ გაიქცევიან?

_ ჯანმრთელი კენგურუს ნახტომებით გაასწრებენ ერთმანეთს. ბევრი მათგანი ქვეყნიდანაც გაიქცევა, რათა თავი გადაირჩინოს. გამოკვეთილად ვაცხადებ, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს.

_ თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ სწორი არჩევანი. რას გულისხმობთ სწორ არჩევანში?

_ სწორი არჩევანი ნიშნავს სწორ არჩევანს. ამომრჩეველმა უარი უნდა უთხრას არა მარტო ხელისუფლებას, არამედ მოთამაშე ოპოზიციასაც. როგორ შეიძლება, იმ ოპოზიციას დაუჭირო მხარი, რომელიც დღეს ერთს ამბობს, ხვალ მეორეს ფიქრობს, ხოლო ზეგ მესამეს აკეთებს? მე არ ვიცი, ოპოზიცია მიეყიდა, გაურიგდა თუ დაემორჩილა ივანიშვილს. ფაქტია, მათ ხალხისთვის მიცემული სიტყვა არ შეასრულეს. ესენი ხვალაც იგივეს გააკეთებენ. სწორი არჩევანი არის ლეიბორისტული პარტიისთვის ხმის მიცემა. ამას ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვაცხადებ.

_ თქვენ ლეიბორისტი ხართ და ამიტომ ამბობთ ასე. აბა, სხვა პარტიების წარმომადგენლებს ვკითხოთ, რა არის სწორი არჩევანი?

_ მათი სწორი არჩევანი რაც იყო, ვნახეთ. ცდუნებას ვერ გაუძლეს და პარლამენტში შევარდნენ. ლეიბორისტული პარტია ბოლომდე დადგა თავის პოზიციაზე: არც მიშელის დოკუმენტს მოაწერა ხელი და არც პარლამენტში შევიდა.
ლეიბორისტული პარტიისთვის ხმის მიცემა მხოლოდ იმიტომ კი არ მინდა, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ამ პარტიას, იმიტომ მინდა ხალხმა ეს არჩევანი გააკეთოს, რომ პოლიტიკოსებმა ხალხის გადაგდება ვეღარ გაბედონ. პოლიტიკოსებს ხალხმა უნდა დაანახვოს, რომ მხარდაჭერა იმ პარტიებს აქვთ, რომლებიც ხალხისთვის მიცემულ სიტყვას ასრულებენ. მერე თავადაც კეთილს ინებებენ და ხალხისთვის მიცემულ სიტყვას შეასრულებენ. თუ ნახეს, რომ გადაგდება მოსულა და ხალხი ამას ჭამს, ისევე გააგრძელებენ სიტყვის გატეხას. ამასობაში ეს ქვეყანა შემოგვეფცქვნება და ასარჩევიც არაფერი გვექნება.
პარლამენტში შესული ოპოზიციის ნაწილი ნაყიდია, ეს მათ შუბლზეც აწერიათ. ნაწილი გარიგებულია. ზოგიც გარემოებიდან გამომდინარე დამორჩილდა ივანიშვილს და შევიდა. შედეგიც მივიღეთ საშინელი.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტში შესული ოპოზიციის უდიდეს ნაწილს საერთოდ არ უნდა რიგგარეშე არჩევნები. მათ ურჩევნიათ, 2024 წლამდე იყვნენ პარლამენტში და გარანტირებულად ისხდნენ დეპუტატის სავარძლებზე მიწებებულები. ამიტომ ვამბობ, რომ სწორი არჩევანის გაკეთებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ჩვენმა საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს. სწორი არჩევანის გაკეთება თუ არ ვისწავლეთ, ძალიან მძიმე შედეგები გვექნება.
ეს მძიმე შედეგები, პირველ რიგში, ხალხის კისერზე გადაივლის. პოლიტიკოსები კი უშველიან საკუთარ თავს. მათ რომ თავის შველა შეუძლიათ, ეს ახლახან ვნახეთ _ მთელი ოპოზიცია პარლამენტში შელაგდა. ეს სულსწრაფობა რომ არა, ახლა ვადამდელი არჩევნების სამზადისში ვიქნებოდით. სანამ პოლიტიკოსები თავის ცხოვრებას იწყობენ, პერსპექტივა იკარგება, ხალხი იღუპება.
ერთ ცოტა უხეშ შედარებას გავაკეთებ და იმედია, მკითხველი არ მიწყენს: ვირი ტალახში რომ ჩაეფლობა, მეორედ იმ ადგილზე აღარ გაივლის. ადამიანი ამ სამყაროში უდიდესი მოაზროვნე და გონიერი არსებაა. მას ვირზე მეტი ტვინი უნდა ჰქონდეს.
ამის გარდა, უნდა მივეჩვიოთ იმასაც, რომ არ შიძლება საკუთარი არჩევანის გაყიდვა. ჩვენი ამომრჩეველი კარტოფილსა და ხახვზე ან ერთჯერად ფულად დახმარებაზე ყიდის ხმას. მესმის, რომ ხალხს უჭირს, მაგრამ ხმის გაყიდვა არ შეიძლება. ამ დახარჯულ ფულს ხელისუფლება ისევ მათგან ამოიღებს. ფულს ვინ ჩივის, შეიძლება სულიც ამოაცალონ. თქვენ გინახავთ სადმე, რომ ვაჭრებსა და კარიერისტებს სახელმწიფო აეშენებინოთ და ქვეყანა შეექმნათ?
მთავარია, ხალხმა ერთხელ აირჩიოს პატრიოტები და გულწრფელი იდეალისტები, მერე მთელი პოლიტიკური სპექტრი ასეთი გახდება. რანაირი ეშმაკიც არ უნდა შეუჩნდეს, პოლიტიკოსი ხალხის მოტყუებასა და გადაგდებას ვეღარ გაბედავს. საკუთარი სიტყვის უკან წაღებასაც ვეღარავინ გაბედავს. თუ პოლიტიკოსმა დაინახა, რომ გასდის სიტყვის უკან წაღება, რატომ შეასრულებს დაპირებას?

_ ჩვენ გადამგდები პოლიტიკოსების მეტი არავინ გვინახავს. პირობას არავინ ასრულებს. მგონი, ხალხიც შეეჩვია იმას, რომ პოლიტიკოსებმა უნდა გადააგდონ.

_ მთელი უბედურება ისაა, რომ ხალხი ამ გადაგდებას ატარებს და ჩვეულებრივ ამბად აღიქვამს. ხალხი, რომელიც საკუთარ არჩევანს ყიდის, ვერ შექმნის სახელმწიფოს. ისინი ვერც კეთილდღეობას მიიღებენ და ვერც სამართლიან სასამართლოს.
დემოკრატია შესაძლოა იდეალური მმართველობა არ არის, მაგრამ ამაზე უკეთესი კაცობრიობას ჯერ არაფერი გამოუგონია. დემოკრატია როცაა, ხალხი თავად ქმნის თავის მომავალს. რასაც ავირჩევთ, ისაა შედეგი. სხვაზე სანამ გაბრაზდება ადამიანი, პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა გაბრაზდეს.

_ ამდენი გადაგდებისა და უბედურების მერე ხალხმა გამოიტანა სათანადო დასკვნები? თუ ჩვევას არ უღალატებს და ისევ გადამგდებებს აირჩევს?

_ იდეალისტი ვარ და განსაკუთრებით მჯერა ჩემი ერისა და ჩემი ხალხის. ჩემმა ხალხმა შეიძლება ბევრი რამ აიტანოს, ბევრ რამეზე თვალი დახუჭოს, მაგრამ საბოლოოდ ყოველთვის აკეთებს სწორ არჩევანს.

_ ამის თუ გჯერათ, მართლა იდეალისტი ყოფილხართ.

_ რა ვქნა, მე მჯერა ჩემი ხალხის. მჯერა, რომ გადამწყვეტ მომენტში სწორ არჩევანს გააკეთებს. ჩემი ხალხი იბრძვის და საკუთარი სამშობლოსთვის თავის გაწირვა არ დაენანება. ასეთი ბუნების რომ არ ვყოფილიყავით, ამხელა ისტორია არ გვექნებოდა და ვერც ამდენ დამპყრობელს გავუძლებდით. იმდენი რამე გვაქვს გადატანილი, იმდენ შემოსევას გავუძელით, მაგრამ გადავრჩით და მსოფლიო რუკაზე ვართ ჩვენი ფერით. ამიტომ მჯერა, რომ გადამწყვეტ მომენტში ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ მარადიული ერი ვართ და ივანიშვილსაც ისევე მოვიცილებთ, როგორც არაერთხელ მოგვიცილებია ქვეყნისთვის ავაზაკი და ვერაგი მტერი.

_ ივანიშვილის მოცილება ადვილი არ იქნება. ეს ადვილი რომ ყოფილიყო, მესამე ვადით არ დარჩებოდა ხელისუფლებაში.

_ გეთანხმებით, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოცილება იოლი არ არის. ჩვენ ახლა გლობალიზაციის ხანაში გვიწევს ცხოვრება, სადაც დრო დაჩქარებულია. ახალ ფეხადგმული სახელმწიფო ვართ და იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ასეთ ავაზაკებს გავუძლოთ. ასეთი ავაზაკების გაძლება საქართველოს სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს. ივანიშვილი თუ კიდევ დარჩა ამ ქვეყანაში, საქართველომ შესაძლოა, დამოუკიდებლობა დაკარგოს. შეიძლება, ჩვენ პოპულაციაც დავკარგოთ და როგორც ერი, გავნადგურდეთ.

_ ერის განადგურება გადაჭარბებული შეფასებაა, დამოუკიდებლობა შეიძლება მართლა დავკარგოთ.

_ რატომ არის გადაჭარბებული შეფასება ერის განადგურება? ჩვენი მოსახლეობის ნაწილი საზღვარგარეთ გაიქცა, ნაწილი გასაქცევად ემზადება. გაზრდილია სიკვდილიანობა და შემცირებულია შობადობა. გენეტიკა თუ განადგურდა, ჩვენი იდენტობა ფიზიკურად ვერ შენარჩუნდება. იდენტობის განადგურება არაფრით უნდა დავუშვათ. დრო არ ითმენს და ძალიან სწრაფად გარბის. ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა ამოვშანთოთ ეს უცხო სხეული, რომელიც მეტასტაზებივით მოედო ჩვენს სხეულს. ჩვენი ორგანიზმი არის ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა.

_ უცხო სხეულში ვის გულისხმობთ?

_ რა თქმა უნდა, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მეტასტაზივთ მოედო ჩვენს ქვეყანას და ანადგურებს მას. ამით ის რუსეთის საქმეს აკეთებს. დროზე თუ არ მოვიშორეთ ეს ჭირი, ერთ დღეს შეიძლება რუსეთის გუბერნიაში გავიღვიძოთ. ეს საფრთხე ძალიან რეალურია.

_ რუსეთი ახსენეთ და ბოლო დროს რუსეთიდან წამოსულ განცხადებებზე მინდა გკითხოთ: რუსები ამბობენ, რომ ისინი მზად არიან, საქართველოსთან საზღვრებს გადახედონ. ბევრს ამან იმედი გაუჩინა, რომ მოსკოვი წართმეულ ტერიტორიებს დააბრუნებს. თქვენ გჯერათ ამის?

_ რა თქმა უნდა, არ მჯერა, როდის იყო, რუსეთი ვინმეს წართმეულ ტერიტორიებს უბრუნებდა? რუსეთი ახლა იმაზე ფიქრობს, როგორ გადაყლაპოს მთელი საქართველო და რომელი ტერიტორიების დაბრუნებაზეა ლაპარაკი? კრემლი ყველა ღონეს ხმარობს, რომ საქართველო საკუთარი გავლენის ქვეშ დააბრუნოს.

_ ვიღაცებს ძალიან უნდათ, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნდეს.

_ ზოგს ეს იმიტომ უნდა, რომ რუსეთის დავალებას ასრულებს. ზოგი ფიქრობს, რომ რუსეთის შემადგენლობაში კარგად ვიცხოვრებთ. მათ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ რუსეთის შემადგენლობაში კარგად არ ვიცხოვრებთ. რუსეთი იმიტომ არ აპირებს საქართველოს გადაყლაპვას, რომ კარგად გვაცხოვროს.
ვიღაცას თუ ჰგონია, რომ რუსეთი თავის შემადგენლობაში როგორც თანასწორუფლებიან სუბიექტს მიგვიღებს, ძალიან ცდება. მოსკოვი არც იმაზე იზრუნებს, რომ საქართველო ეკონომიკურად იყოს ძლიერი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო. არადა არა, ჩემო კარგებო, რუსებს სულ სხვა რაღაცისთვის სჭირდებათ საქართველო.
პირველ რიგში, საქართველოს ხელში ჩაგდება იმიტომ უნდათ, რომ კავკასიის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარონ. მოგეხსენებათ, რომ ამ რეგიონში დასავლეთს ერთადერთი პარტნიორი ჰყავს და ეს არის საქართველო. ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისა და ნატოსკენ რუსეთს აღიზიანებს.
მეორე მიზეზი, რატომაც უნდა რუსეთს ჩვენი გადაყლაპვა, არის ის, რომ ჩვენ თავის მომსახურე ერად გვაქციოს. ჩვენ ხომ მათთვის ხინკალთან და ხაჭაპურთან ვასოცირდებით.

_ ჩვენი ხელისუფლება ბოლო დროს ოკუპანტებს ისე ხვდება, რა გასაკვირია, ხინკალთან და ხაჭაპურთან თუ გვაიგივებენ.

_ მარტო ხინკალი და ხაჭაპური არ უნდა მოვუმზადოთ. რუსები მიიჩნევენ, რომ უნდა გავართოთ კიდევაც. უნდა ვუმღეროთ და ვიცეკვოთ. გავუსწოროთ რეალობას თვალი, კრემლი საქართველოს მომსახურე, მეორე ხარისხოვან ერად აღიქვამს. საქართველოს ტერიტორია კი იმისთვის სჭირდება, რომ თავისი სტრატეგიული ინტერესები განახორციელოს.
ბევრი ფიქრობს, რომ თუ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნდება, მოსკოვი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დაგვიბრუნებს. ეს არის გამორიცხული. რუსეთი ამას არ გააკეთებს.

_ მჯერა, რომ არ გააკეთებს, მაგრამ შეიძლება, ეს თემა სატყუარად შემოაგდონ.

_ ამითაც აღარ შეიწუხებენ თავს. კრემლი ამ თემით აღარ ცდილობს ჩვენი გულების მოგებას. რუსი ჩინოსნები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ახალ რეალობას უნდა შევეგუოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ტერიტორიები სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ. დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას ვინ ჩივის? _ შესაძლოა ჩვენც გაგვაქრონ.

_ ჩვენ რანაირად უნდა გაგვაქრონ?

_ გაგვაქრობენ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და მერე იდენტობასაც დაგვაკარგვინებენ. ჩვენ გარშმო ისეთი პროცესები მიდის, რაც საქართველოს კარგს არაფერს უქადის.

_ რა პროცესებზე საუბრობთ?

_ ახლახან თურქეთმა და აზერბაიჯანმა სამხედრო შეთანხმება გააფორმეს. გადაწყვიტეს, შექმნან ერთიანი არმია, ერთიანი საშტაბო მეთაურობით. ეს ოტომანური თურქული იმპერიის აღდგენის ტოლფასია. ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და ესეც უნდა გავითვალისწინოთ. სომხეთს რუსეთის სახით ჰყავს პატრონი. ერთადერთი ჩვენ არ გვყავს არავინ.
დღეს საქართველოსთვის გეოპოლიტიკური მარყუჟია შემოვლებული. ჭკვიანად თუ არ ვიქნებით, ბრძნულ გადაწყვეტილებებს თუ არ მივიღებთ, ძალიან ცუდი რამე გველოდება.
კრემლი დიდი ხანია ემზადება საქართველოს გადასაყლაპად. ასე ვერ გადაგვყლაპავდნენ. ამას მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება სჭირდებოდა. ეს სამუშაოები ივანიშვილმა ჩაატარა. კრემლმა თავისი ემისარი სწორედ ამ მისიის შესასრულებლად მოავლინა საქართველოში.
ამ ვითარებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს 2 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებს. ხალხი სწორ არჩევანს თუ გააკეთებს, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება და ივანიშვილს მოვაცილებთ ამ ქვეყანას. სწორი არჩევანი თუ არ გაკეთდება, მაშინ უნდა შვეგუოთ იმას, რომ საქართველო სახელმწიფოებრიობას დაემშვიდობება.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება