QronikaPlus
რა იყო ეთერ ჭელიძის ბოლო სურვილი?!

რა იყო ეთერ ჭელიძის ბოლო სურვილი?!

2019-04-22 08:26:23

„თბილისის ქუჩები“, „ჭაღარა თბილისო“, „ლურჯი აპრილი“, „ვენაცვალე მაგ შენს თვალებს“, „მდინარე ხიდის ქვეშ“, „იას სინაზე მოვტაცე“, „მჯეროდა, შენ დაგიტოვებ“, „მცხეთა“, „მაღლა, მაღლა“, „ქართულო მიწავ“, „მე მაინც მოვალ“, „ყველაფერი სიყვარულს“, „თევზები“ _ ეს იმ სიმღერების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სიცოცხლის მანძილზე კომპოზიტორმა და მომღერალმა ეთერ ჭელიძემ შექმნა. მისი ბიოგრაფია დიდი და მრავალფეროვანია. კომპოზიტორის სიმღერებზე აღიზარდა და იზრდება თაობები. 200-მდე სიმღერის ავტორ-შემსრულებელი, ისეთი მუსიკალური პროექტების თანადამფუძნებელიც იყო, როგორიცაა: „მღერიან ექიმები“ და „მღერიან ჟურნალისტები“. ეთერ ჭელიძე გახლდათ საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, საპატიო თბილისელი, იუნესკოს პრემიის მფლობელი, სხვადასხვა კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი და ერთადერთი ქართველი მომღერალი, რომელსაც პოლონეთში სოპოტის ფესტივალზე ალა პუგაჩოვას გრანპრი ხვდა წილად. ასევე გადაღებული აქვს საქართველოს პირველი ვიდეო რგოლი სიმღერაზე „ჩერვონა რუტა“. ეთერ ჭელიძის შემოქმედებით გზას დღეს უკვე მისი შვილიშვილი, მომღერალი ანი სირაძე ღირსეულად აგრძელებს. ახალგაზრდა მომღერლის რეპერტუარში საკმაოდ ბევრია ბებიის მიერ დატოვებული სიმღერა. როგორი იყო ეთერ ჭელიძის ცხოვრება და მოღვაწეობა? _ ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „ქრონიკა+“-ს კომპოზიტორის შვილი, ნინო ელბაქიძე ესაუბრება: _ ჩვენ არ ვყოფილვართ მხოლოდ დედა-შვილი. ერთმანეთთან ვმეგობრობდით, ძალიან თბილი და სხვანაირი ურთიერთობა მქონდა დედასთან. მიხაროდა, როცა რაღაც ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, პირველი დედასთან მივდიოდი და ყველაფერს მას ვუყვებოდი. შესაბამისად, ყოველთვის კარგ რჩევას მაძლევდა, რომელიც სასიკეთოდ მადგებოდა. არასოდეს ვიღებდი გაკიცხვას, თუ რატომ გააკეთე ეს ან რატომ ვიფიქრე ასე. შეიძლებოდა, რაღაც არ მოსწონებოდა, მაგრამ ამას იმდენად დელიკატურად ამიხსნიდა, რომ ჩემზე ძალიან მოქმედებდა. იგი ყოველთვის ყველაფრის საქმის კურსში იყო. მაშინ მომღერლები და ხელოვანი ადამიანები ძალიან განებივრებულები იყვნენ გასტროლებით, დღეს ცოტა ჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გასტროლი ჰქონდა, ზაფხულს ისე გეგმავდა, რომ არ მაკლდა არც მთაში დასვენება და არც ზღვაზე წასვლა. ყოველთვის ზრუნავდა იმაზე, რომ სრულყოფილი დასვენება მოეწყო ჩემთვის, ჰაერის გამოცვლას ვეძახდით მაშინ. _ გასტროლებზე დაჰყავდით? _ რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად. მაშინ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ტარდებოდა კონცერტები და მოსკოვი ჩემთვის მეორე ქალაქი იყო, რადგან ხშირად გვიწევდა იქ სიარული. როგორც დიდთან, ისეთი ურთიერთობა ჰქონდა ჩემთან. რაღაც ნაწარმოებს რომ დაწერდა, აუცილებლად მომასმენინებდა და შემეკითხებოდა, _ აბა, შენ როგორ ფიქრობ, როგორ მოეწონება ეს სიმღერა სკოლის ბავშვებსო? ახალგაზრდებისთვის საინტერესოაო? სხვათა შორის, ეთერი იყო ადამიანი, რომელსაც ყველას აზრი აინტერესებდა, ასაკის მიუხედავად. აინტერესებდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანის აზრი, თუ ვინ როგორ მიიღებდა ამა თუ იმ ნაწარმოებს. _ მამაზე რას გვეტყვით? _ ძალიან მზრუნველი, კარგი მეუღლე და მამა იყო. მამაჩემი არ გამოირჩეოდა დიდი ხმით, მაგრამ დედაჩემი სულ ცდილობდა, რომ ამ კუთხით არ დაჩაგრულიყო და ემღერა. მაშინ გრანდიოზული დაბადების დღეები იმართებოდა და იქ ამღერებდა ხოლმე. _ როგორც ვიცი, ქალბატონ ეთერს ძალიან ბევრი მომღერლის კარიერულ ზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის. _ დიახ. ბევრ მომღერალს დაეხმარა. ასევე ძალიან ბევრი შემოქმედი ადამიანი აღმოაჩინა. დედაჩემი ყველაფერს აკეთებდა, რომ ნიჭიერი ადამიანი დიდ სცენაზე დამდგარიყო და სუფრასთან არ ემღერა. როცა ნიჭიერ ადამიანს აღმოაჩენდა, ძალიან უხაროდა. მაგალითად, „ცისფერი ტრიო“, მათ საკუთარ თავს „ლურჯი აპრილი“ უწოდეს. როდესაც ეთერმა ისინი ნახა, ძალიან მოინდომა, რომ ფართო ასპარეზზე გამოსულიყვნენ, ასევე ამირან ბუაძე, როგორც კი მისი ხმა მოისმინა, დიდ სცენაზე გავიდა, იქ იყო ტელევიზიები, შემდეგ ჩაწერეს დუეტები და ა. შ. მახსოვს, ძალიან ბევრი ექიმი მეგობარი ჰყავდა. უნიჭიერესი ადამიანები იყვნენ, ზოგი _ მომღერალი, ზოგიც _ პოეტი. სპეციალური საღამო მოუწყო, ასევე სპეციალური საღამო მოუწყო ჟურნალისტებს; როცა „მზიური“ დაიშალა, გოგოებს ძალიან ლამაზი საღამო გაუკეთა. ეთერ კაკულიას პირველი შემოქმედებითი საღამო ფილარმონიის მცირე დარბაზში დედაჩემმა გააკეთა. _ როგორც შვილს, სიმღერის ნიჭი არ გამოგყვათ? _ დედაჩემის საღამოებზე სიმბოლურად მიმღერია. მახსოვს, სპორტის სასახლეში საახალწლო კონცერტები ტარდებოდა და ეთერი ავად გახდა. დედაჩემი შევცვალე, სცენაზე გავედი და რამდენიმე დღე ვიმღერე, მაგრამ მომღერლობა არასოდეს მდომებია და არასოდეს დამინახავს ჩემში ის, რომ მე ძალიან კარგი მომღერალი ვიქნებოდი, თუმცაღა დღეს ესტრადაზე ნორმალური მომღერლებიც არიან და წარმატებითაც სარგებლობენ, მაგრამ რაღაცნაირად ვფიქრობდი, რომ დედაჩემის გამგრძელებელი უფრო სხვა გაქანების, დონისა და ნიჭის მომღერალი უნდა ყოფილიყო. _ და სწორედ ეს ნიჭი აღმოაჩნდა თქვენს შვილს, მომღერალ ანი სირაძეს, რომელიც ღირსეულად აგრძელებს ბებიის გზას. _ დიდი მადლობა. ნამდვილად, ანის ძალიან ძლიერი და სპეციფიკური ხმა აქვს. დედაჩემი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ის ძალიან ბედნიერი იქნებოდა, რომ მას გამგრძელებელი დარჩა. არ შეიძლება, ვინმეს არ გაუხარდეს, როცა ოჯახის წევრი აგრძელებს მის საქმიანობას. _ სიცოცხლის მანძილზე რამდენი სიმღერა აქვს შექმნილი? _ მიუხედავად იმისა, რომ 48 წლის ასაკში გარდაიცვალა, 200-მდე სიმღერა შექმნა და დაწერა ერთი ოპერეტა, მიუზიკლი. _ მართალია, თქვენთვის ძალიან მძიმე თემაა, მაგრამ რით გარდაიცვალა ქალბატონი ეთერი? _ ძალიან რთულია ჩემთვის ამ თემაზე საუბარი. ის საშინელი დაავადება ჰქონდა, რომელსაც, სამწუხაროდ, ადამიანი ვერ უმკლავდება. _ ნინო, როგორც ქალბატონი ეთერის შემოქმედებისა და სიმღერების მემკვიდრეს, ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა მომღერალს თქვენგან დაუკითხავად აუღია სიმღერა, უმღერია და, ზოგადად, თუ გაიხსენებთ სიმღერას, რომელსაც სხვა ასრულებს და არ მოგწონებიათ? _ ბევრი შემთხვევა ყოფილა: მაგალითდ, მომღერალს არც სცოდნია, რომ ეთერის სიმღერა იყო და უმღერია, თუმცა ისეთი შემთხვევებიც მახსოვს, რომ გაუკეთებიათ, გამოუტანიათ და მერე უთქვამთ ჩემთვის და ყოფილა შემთხვევა, დაურეკავთ და ნებართვაც აუღიათ. შეგნებულად არ დავასახელებ სახელებსა და გვარებს, მაგრამ დედაჩემის სიმღერა ჩაწერეს, რომელიც სხვანაირად გადააკეთეს და სრულიად სხვა სახით მივიდა მსმენელამდე. სიმღერაში აბსოლუტურად ყველაფერი დაირღვა: ჰარმონია, სტილი და საბოლოო ჯამში, გაფანოღდა (ე. წ. ქალაქური, _ რედ.) სიმღერა, რაც ეთერის შემოქმედებას არ ახასიათებს. _ ალბათ, ანის რეპერტუარში ბევრი იქნება ბებიის სიმღერა. ასეა? _ რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრ სიმღერას ასრულებს ანი. განსაკუთრებით გამოვყოფ ერთ სიმღერას, „ჭაღარო თბილისოს“, რომელიც საუკუნის 20 საუკეთესო სიმღერას შორის შევიდა. ანი „თეატრალურ კვარტეტთან“ ერთად ასრულებს ამ სიმღერას. _ როგორც ბუმბერაზი კომპოზიტორის, ხელოვანის შვილს, რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც ხედავთ, რომ წლების შემდეგ დედათქვენის სიმღერებს ახალი თაობა ასრულებს? _ პირველ რიგში, სიამაყის გრძნობა მეუფლება. ძალიან რთულია, როდესაც 22 წლის ასაკში დედას კარგავ, მაგრამ მისი შემოქმედება გრძელდება და ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ თითქოს დედაჩემი ჩემ გვერდითაა. არ შემიძლია არ გამოვყო და არ აღვნიშნო: ეთერის მეორე შემოქმედებითი სიცოცხლე წამოვიდა მას შემდეგ, რაც ანრი ჯოხაძემ ჩაწერა სიმღერა „მე მაინც მოვალ“. ეს სიმღერა ანრისთვისაც ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა და დედაჩემის შემოქმედებისთვისაც _ უკვდავი. _ მკაცრი დედა იყო? _ არა, პირიქით, ძალიან თბილი და მეგობრული იყო. მისი გაბრაზება არ მახსოვს. _ ადრე, ისევე როგორც დღესაც _ იყო, არის და ყოველთვის იქნება კონკურენცია. მთავარია, ის იყოს ჯანსაღი, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ადრე იქმნებოდა ძალიან ბევრი ღირებული სიმღერა, რომელმაც დროს გაუძლო. რა ხდება ამ მხრივ დღეს? პირადად თქვენ კარგი სიმღერების დეფიციტს არ განიცდით? ან როგორ ფიქრობთ, რატომ აღარ იქმნება დღეს იმ რაოდენობისა და ხარისხის სიმღერები, რომელიც დროსაც გაუძლებს და ღირებულიც იქნება? _ დღესაც იწერება კარგი სიმღერები, მაგრამ ცოტა რაოდენობის და მაშინ, ფაქტობრივად, იწერებოდა ძალიან ბევრი კარგი სიმღერა. იმ პერიოდს ოქროს საუკუნეს ვუწოდებდი. იმ სიმღერებმა საუკუნეს გაუძლო და კიდევ გაუძლებს დროს. _ ქალბატონ ეთერს 80 წელი შეუსრულდებოდა. არ აპირებთ საიუბილეო კონცერტის გაკეთებას? _ წესით და კანონით შარშან უნდა ყოფილიყო ეთერის კონცერტი, მაგრამ ეს თემა გაჩერდა. იმედს ვიტოვებ, რომ კონცერტი აუცილებლად ჩატარდება, _ როდესაც შემოქმედს უამრავი ჰიტი აქვს, ვფიქრობ, პატივი უნდა ვცეთ მის ხსოვნას და კონცერტის სახით მაინც გავიხსენოთ ეს ადამიანი. არ შეიძლება, პატივი არ მივაგოთ ადამიანებს, რომლებმაც ეპოქა შექმნეს, აქ მხოლოდ დედაჩემზე არაა საუბარი, ზოგადად, ძალიან ბევრ ხელოვან ადამიანს ვგულისხმობ. _ რთული იყო, როგორც ხელოვანი? _ რთული ნამდვილად არ ყოფილა. _ რა გარემო სჭირდებოდა იმისთვის, რომ სიმღერა დაეწერა? _ არანაირი გარემო. მუზა მოუვიდოდა და ეგრევე წერდა. შეიძლება, მეგობართან ყოფილიყო და იქ დაეწერა სიმღერა. _ ხასიათებით ჰგავხართ დედას? ანის რა თვისებები გამოჰყვა ბებიისგან? _ ხასიათით მე ვგავარ, არასოდეს ეცემოდა, საკმაოდ ძლიერი ქალი იყო და გარეგნობითაც ვგავარ. მისი ნიჭიერება და პირდაპირობა ჩემს შვილს გამოჰყვა, ძალიან სიმართლის მოყვარული ქალი იყო. _ დაბოლოს, რა იყო დედათქვენის ბოლო სურვილი? _ ძალიან მძიმე სურვილი ჰქონდა: გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე მითხრა, _ ნინო, დედაჩემი 12 ნიოემბერს გარდაიცვალა და მე ერთი დღით გადავაცილებ, 13-ში გარდავიცვლები და ძალიან გთხოვ, ჩემს საფლავზე თეთრი მარმარილოს ძეგლი მინდა გიტარითო. ეს სურვილი ავუსრულე და ძეგლი დავუდგი.

გიორგი საკარული

 

გაზიარება