მურმან დუმბაძე: „ბიძინა ივანიშვილმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა“

შორენა მარსაგიშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი, მურმან დუმბაძე, დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება გააქტიურდება. მას არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მალე დატოვებს ციხეს. მისი აზრით, შიდა და გარე ფაქტორები საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აიძულებს. მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რომ დონალდ ტუსკის მიერ მიხეილ სააკაშვილის სახელზე გამოგზავნილი წერილი ბევრ რამეს შეცვლის.

რას შეცვლის დონალდ ტუსკის წერილი? რატომ დაარბიეს ბათუმში ოპოზიციის აქცია, რატომ უნდა დატოვოს ოპოზიციამ პარლამენტი და საკრებულოები? ვინ და როგორ დაადგა ასლან აბაშიძის გზას? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს მურმან დუმბაძე ესაუბრება:

_ ბატონო მურმან, გასულ კვირას, 6 მაისს, ბათუმში ოპოზიციის აქცია დაარბიეს. 2004 წლის 6 მაისს, იმ დღეს, როცა ასლან აბაშიძე საქართველოდან გაიქცა, იფიქრებდით თუ არა იმაზე, რომ გავიდოდა წლები და საქართველოში ისევ დაარბევდნენ ოპოზიციის აქციებს? განსხვავებული აზრისა და ოპოზიციის დევნა ასლან აბაშიძის ხელწერა იყო.

_ 2004 წელს ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ გავიდოდა წლები და ადამიანებს განსხვავებული პოზიციის დაფიქსირების გამო პრობლემები შეექმნებოდათ. სამწუხაროდ, განსხვავებული აზრი დღესაც იდევნება. რაც შეეხება ბათუმის დარბეულ აქციას, 6 მაისს აღვნიშნეთ აჭარის რევოლუციის 18 წლისთავი, ჩვენი მთავარი მოთხოვნა კი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება იყო, რომელიც გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს.

საპროტესტო მსვლელობით მივედით აჭარის მთავრობის წინ, სადაც გავშალეთ კარვები. ეს იმას ნიშნავდა, რომ აქციის მონაწილეები მზად იყვნენ, ხანგრძლივად გაეგრძელებინათ ეს აქცია. ღამის 2 საათზე, როდესაც ცოტა ხალხი დარჩა ადგილზე, მიტინგი დაარბიეს: დალეწეს ყველაფერი, დაშალეს კარვები; დარბევის გარდა დააპატიმრეს 25 ადამიანი. ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულთა შორის გოგონებიც იყვნენ. მე არ გამკვირვებია, რომ ხელისუფლებამ, რომელიც ასლან აბაშიძის გზას დაადგა, ჩვენი აქციის დარბევა გადაწყვიტა, ისინი გამოუვალ მდგომარეობაში არიან და ამიტომ გადადგეს ეს ნაბიჯი.

_ რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ხელისუფლება გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფება?

_ შეხედეთ, რა ხდება ქვეყნის გარეთ და რა ხდება ქვეყნის შიგნით, ეს ყველაფერი ნელ-ნელა ერთად იყრის თავს. ტუსკის წერილი ძალიან სერიოზული გასროლა იყო საქართველოს ხელისუფლების მისამართით. მინდა, თქვენს მკითხველს შევახსენო, რომ ტუსკი გავლენიანი და ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პოლიტიკოსია მთელ ევროპაში. წერილის შინაარსი შეიძლება დიდი არაფერია, მაგრამ ფორმაა მთავარი და ის, თუ ვინ არის ამ წერილის ადრესატი.

_ რას გულისხმობთ, ტუსკმა სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე დასასწრებად რომ მიიწვია?

_ დიახ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო და იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება სათანადო დასკვნებს გამოიტანს. ტუსკი ევროსაბჭოს პრეზიდენტი იყო და ყველაზე ხანგრძლივი დროით ეკავა პოლონეთის მთავრობის მეთაურის პოსტი. ახლა ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქციის ხელმძღვანელია. მოკლედ რომ ვთქვათ, ტუსკი ძალიან მაღალი კლასის პოლიტიკური ფიგურაა.

ტუსკი ამ წერილს მხოლოდ თავად არ გამოაგზავნიდა. ის თავის თანაპარტიელებთან იყო შეთანხმებული. ეს პარტია ევროპარლამენტის მთელი შემადგენლობის 30%-ია. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი ამბები წამოვა დასავლეთიდან. შიგნითაც აქტიურდება პოლიტიკური პროცესები. ოპოზიცია არ წყნარდება და მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნა არ ჩამოდის დღის წესრიგიდან. ბიძინა ივანიშვილი ამას ძალიან კარგად ხვდება. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ უკრაინასთან დაკავშირებით პოზიტიური ძვრებია.

_ პოზიტიურ ძვრებში რას გულისხმობთ?

_ უკრაინა დგას! მესამე თვე დაიწყო, რაც უკრაინელი ხალხი გმირულ წინააღმდეგობას უწევს რუს ოკუპანტებს.

_ ეს წინააღმდეგობა უკრაინას ძალიან ძვირი უჯდება.

_ ძალიან დიდი სისხლის ფასად უჯდება უკრაინას თავისუფლების დაცვა, მაგრამ, როგორც ჩანს, თავისუფლება სხვაგვარად არ მოდის. ჩვენც დიდი საფასური გადავიხადეთ თავისუფლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა არ ტყდება და კონტრშეტევაზეც კი გადადის. ასე რომ, ივანიშვილის ხელისუფლება მთავრდება ყველანაირად, როგორც შიდა მიმართულებით, ასევე გარე ფაქტორებიდან გამომდინარე. არ გაამართლა იმ პოლიტიკამ, რომელსაც 2012 წლიდან ნელ-ნელა, მაგრამ შემდეგ აქტიურად აწარმოებდა ბიძინა ივანიშვილი.

_ რომელი პოლიტიკის წარმოებაზე საუბრობთ?

_ რუსეთის მიმართ დაყვავებისა და ლოიალობის პოლიტიკას ვგულისხმობ. რუსეთთან ასეთი პოლიტიკა არ ამართლებს. რუსეთთან მიმართებით საჭიროა სულ სხვანაირი პოლიტიკის გატარება. ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრები და ძალიან ხმამაღლა უნდა ვთქვათ, რომ ცივილიზებული ქვეყნების ნაწილი ვართ და მათ გვერდით უნდა ვიდგეთ.

_ რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება განსხვავებული აზრის მიმართ საკმაოდ მკაცრია. ამის გამოვლინება იმ აქციის დარბევაა, რომელზე საუბრითაც დავიწყეთ ჩვენი ინტერვიუ.

_ ხელისუფლება გრძნობს თავის დასასრულს და სერიოზულ შეცდომას უშვვებს. როდესაც მოვიდნენ და კარვების დარბევა დაიწყეს, აქტივისტებმა უთხრეს, გვაჩვენეთ ის მუხლი, რომელიც არ გვაძლევს კარვების გაშლის უფლებასო. მათ ეს მუხლი ვერ დაასახელეს, მაგრამ დაიწყეს დარბევა. ძალიან უხეშად მოქმედებდნენ.

_ ისე, რა უცნაურია, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის დარბევის უკან არჩილ ჩიქოვანი და თორნიკე რიჟვაძე რომ იდგნენ. ჩიქოვანიც და რიჟვაძის მამაც სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნები იყვნენ და იმ დროს მაშინდელი ოპოზიციის აქციებს უსწორდებოდნენ.

_ ძველი ზონდერების „ქართულ ოცნებაში“ გადანაცვლება ხომ უკვე ტრადიციადაა ქცეული. ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, რატომღაც, ისე ვერ იქცევა, როგორც უნდა მოიქცეს. საქართველოში ყველა ხელისუფლებას დაემართა ასეთი რამე. ჩვენ გვიყვარს ისეთი ხალხის დაწინაურება, რომელიც ყველა ხელისუფლების ბრძანებებს ასრულებდა.

_ ასეთი ხალხი, რატომღაც, გამორჩეულად ფასდება ამ ქვეყანაში.

_ ეს, როგორც ჩანს, ჩვენი პრობლემაა. არ ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნიკალური იყო და არაფერი დაუშავებია. მიხეილ სააკაშვილს თუ წარსულში ჩადენილი გადაცდომებისთვის ასამართლებენ, მაშინ მის გვერდით განსასჯელის სკამზე უნდა იჯდეს მთელი პოლიტიკური ელიტა.

_ დღევანდელი პოლიტიკური ელიტა სულ ყოფილი ნაციონალებით არის სავსე.

_ ამ ადამიანებს ძალიან ბევრი გადაცდომა აქვთ, მაგრამ მათ არავინ სთხოვს პასუხს, იმიტომ რომ დღეს კარგად მოერგნენ „ქართულ ოცნებას“. საქართველოში პოლიტიკური ანგარიშსწორებები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ. იმედი მაქვს, რომ ამას მომავალი ხელისუფლება შეძლებს.

_ დარწმუნებული ხართ, რომ შეძლებს? აქამდე ამის გაკეთება ვერცერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო.

_ უნდა შეძლოს. უახლესი ისტორიაც იმას გვასწავლის, რომ ამის გაკეთება აუცილებელია. თუ შეძლებს, მაშინ ქვეყანა დაწყნარდება და ეს პოლარიზებაც დასრულდება.

_ ამ პოლარიზების დასრულება შესაძლებელია? ძალიან პოლარიზებულია ჩვენი საზოგადოება.

_ პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ დასრულდება, პოლარიზების ხარისხიც დაიკლებს. გამუდმებით ერთმანეთს ვლანძღავთ და ვაგინებთ. შინაარსობრივი და პროგრამული პაექრობა საქართველოში აღარ არსებობს. პოლიტიკოსები ერთმანეთს მხოლოდ ასე მიმართავენ, _ შენ ასეთი ხარ და შენ ისეთი. ეს არის ძალიან ცუდი ამ ქვეყნისთვის და ეს უნდა დასრულდეს.

ბიძინა ივანიშვილს ამის დასრულების უნიკალური შანსი ჰქონდა, მაგრამ არ გამოიყენა. არადა, 2012 წელს საქართველოში უნიკალური რამე მოხდა _ საქართველოს მოქალაქემ საარჩევნო ყუთთან შეცვალა ხელისუფალი. ივანიშვილს მშვიდობიანი ცვლილება პოლარიზების დასასრულებლად უნდა გამოეყენებინა. პოლარიზების დასრულების მაგივრად, ივანიშვილმა ის უფრო გააღვივა და რაც მთავარია, საქართველოს საგარეო ორიენტაცია შეცვალა.

_ ტუსკის წერილს დავუბრუნდეთ. თქვენ ზემოთ აღნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იქ რაც წერიაო. საქართველოს ხელისუფლებას ამ წერილისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია.

_ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ტუსკის პოზიციისთვის ანგარიშის გაწევა. მიხეილ სააკაშვილს დასავლეთში ბევრმა დაუჭირა მხარი, ბევრმა მოითხოვა მისი განთავისუფლება, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მათ მოთხოვნას ყური არ უგდო. ტუსკის პოლიტიკური წონა მათ დათმობებზე წასვლას აიძულებს. ტუსკი ძალიან მაღალი კლასია. კაცმა 14 წლის წინათ საპრეზიდენტო არჩევნებში კინაღამ ლეგენდარული კაჩინსკი დაამარცხა. შემდეგ ქვეყნის პრემიერად დაინიშნა. პრემიერობიდან ის ევროსაბჭოს პრეზიდენტი გახდა. ძალიან სერიოზული პოლიტიკური ფიგურაა. ეს ფიგურა იწვევს მიხეილ სააკაშვილს ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსასვლელად. ამით ტუსკმა საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნა _ ფრთხილად იყავით, მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო პოლიტიკური პატიმარი. ამ ტექსტში სხვა არაფერი იკითხება.

_ ამაზე ხელისუფლების რეაქცია იყო ასეთი _ ბათუმში დაარბიეს კარვების აქცია, რომელიც სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით იყო გაშლილი.

_ ეს ძალიან ცუდი რეაქცია იყო. ეს დარბევა შეთანხმებული გახლდათ იმ კაცთან, რომელსაც ძალიან ხშირად ვახსენებთ ყველანი.

_ ბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ?

_ რა თქმა უნდა. დარბევა მანამდე ვერ გაბედეს, სანამ ივანიშვილისგან არ მიიღეს ამაზე ნებართვა.

_ რატომ გგონიათ, რომ ივანიშვილისგან მიიღეს ნებართვა?

_ კარვების გაშლა თუ არ შეიძლებოდა, მაშინ თავიდანვე არ უნდა მიეცათ ამის ნება. მათ კარვების გაშლის ნებართვა მოგვცეს. სადღაც 20:00 საათზე მთავრობის სახლთან უკვე 15 კარავი იყო გაშლილი. დარბევა დაიწყო ღამის 2 საათზე. მთელი ეს პერიოდი ცდილობდნენ ივანიშვილთან დაკავშირებას, რომ მისგან მიეღოთ დავალება, რა გაეკეთებინათ. იმან უთხრა, დაარბიეთო და ამათაც დაგვარბიეს.

_ ივანიშვილმა რატომ მოინდომა კარვების აქციის დარბევა?

_ კარავის გაშლა ნიშნავს, რომ აქცია უწყვეტ რეჟიმში იქნება. როცა ეს გაიაზრა ივანიშვილმა, დარბევა მოითხოვა. ეს დარბევა მას არ უშველის. საქართველოში პროცესები აქტიურდება და აქ ძალიან მალე რაღაცები შეიცვლება.

_ თქვენ ზემოთაც აღნიშნეთ, რომ პროცესები აქტიურდებაო. რაში გამოიხატება ეს გააქტიურება?

_ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის უკვე შეუძლებელი გახდა აქ ცხოვრება. ამის მიზეზი, პირველ რიგში, ხელისუფლებაა. საქართველოში უკიდურესი გაჭირვებაა. მოცემულ მომენტში იმ ადამიანების ხარჯზე ვცხოვრობთ, რომლებიც უცხოეთში არიან გადახვეწილი და იქ უმძიმეს, შავ სამუშაოებს ასრულებენ. ჩემი ოჯახის წევრებიც იქ არიან წასულები. 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ცხოვრების დონე მკვეთრად გაუარესდა. გაუფასურდა ლარი. ყველაფერზე მოიმატა ფასებმა. აქ ცხოვრება უკვე შეუძლებელია. საჭიროა ცვლილებები. საქართველოს მოსახლეობა უკვე ღიად ითხოვს ცვლილებებს და ეს ცვლილებები აუცილებლად იქნება.

ამ ყველაფრის გარდა, სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ საქართველოში ხელისუფლებაში 8 წელზე მეტი ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ იხეირა. 8 წლის შემდეგ საქართველოს მოქალაქე, როგორც წესი, ხელისუფალს ცვლის. იმ ხელისუფალს, რომელიც არ მიდის, მერე აგდებს. ედუარდ შევარდნაძე რვა წლის მერე უკვე აუტანელი იყო. 2000 წელს მან საპრეზიდენტო არჩევნები ქაღალდზე კი მოიგო, მაგრამ რეალობაში არ მოუგია. მაშინ ასეთი კანონი იყო, პრეზიდენტი არჩეულად ჩაითვლებოდა იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო ყუთთან მოვიდოდა სრული ამომრჩევლის ნახევარზე მეტი. იმ არჩევნებზე საარჩევნო ყუთთან მივიდა მხოლოდ 35%. საქართველოს მოსახლეობამ 8 წლის მერე შევარდნაძეს უარი უთხრა, მაგრამ შევარდნაძემ იჯიუტა და მაინც გაიხანგრძლივა ხელისუფლებაში ყოფნის ვადა. საქართველოს მოქალაქემ 2 წელი გაძლო, მეტი ვერა. 2002 წლიდან დაიწყო მისი რეჟიმის მორყევა. 2003 წელს შევარდნაძე ჩამოაგდეს.

მიხეილ სააკაშვილსაც შეეძლო ეჯიუტა და 2012 წელს არ დაეთმო ხელისუფლება. თქვენ ნუ გგონიათ, რომ მას მაშინ ძალაუფლების შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებოდა, მონდომების შემთხვევაში ის ამას გააკეთებდა. შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა. არ გააკეთა იმიტომ, რომ შეიგნო, ხელისუფლების გახანგრძლივება აღმოჩნდებოდა ძალიან ხანმოკლე. დაიწყებოდა მიტინგები და „ნაციონალებს“ 2013 ან 2014 წელს დაამარცხებდნენ. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა. 2020 წელს მას სრულად პროპორციული არჩევნები უნდა დაეშვა. „ქართული ოცნება“ გადავიდოდა ოპოზიციაში და გაგრძელდებოდა ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება. ახლა რომც არ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და „ოცნება“ 2024 წლამდე რომც დარჩეს ხელისუფლებაში, გამუდმებით იმაზე იქნება საუბარი, რომ რაც ცუდი ხდება, ყველაფერი პირადად ბიძინა ივანიშვილის ბრალია. ასე ივანიშვილი დიდხანს ვერ გაძლებს.

მე მესმის თქვენი შეკითხვის არსი, რომ პროცესები მინელებულია, მაგრამ ეს ასე არ არის. ასე მხოლოდ გარეგნულად ჩანს. საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს „ქართული ოცნება“ აღარ უნდა.

_ აღარ უნდა, მაგრამ მის შესაცვლელად არაფერს აკეთებს.

_ ამის დროც მოვა.

_ როდის მოვა ეს დრო?

_ ვფიქრობ, რომ მალე მოვა.

_ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებაზე არავინ აღარ საუბრობს. საქართველოც და მსოფლიოც დღეს უკრაინაზე არის გადართული.

_ უკრაინის ამბავი ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ არის მთელი მსოფლიო ამ ამბავზე კონცენტრირებული. უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ჩვენთანაც დიდი ყურადღება ეთმობა, ეს არის ნომერ პირველი თემა, მაგრამ სხვა საკითხებიც დგას დღის წესრიგში. „ქართული ოცნება“ აუცილებლად შეიცვლება. ცვლილებამდე იმდენი უნდა მოვახერხოთ, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოუშვას. მისაღწევია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც.

_ „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება.

_ „ქართული ოცნება“ ბევრ რამეზე ამბობდა, რომ ამას არ დაუშვებდა, მაგრამ მოუწია. ახლაც ასე იქნება.

_ კარგია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რომ ახსენეთ. ძალიან ბევრი ოპოზიციონერი ამ თემაზე საერთოდ აღარ საუბრობს.

_ ძალიან ცუდია, ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე რომ აღარ საუბრობს. ვადამდელი არჩევნები არის აუცილებელი. ოპოზიცია პარლამენტში რომ არ შესულიყო, ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა.

_ თქვენ ადრეც თქვით, რომ ოპოზიცია არ უნდა შესულიყო პარლამენტში.

_ არ უნდა შესულიყო, ეს იყო დიდი შეცდომა. პარლამენტში შესვლას წინ უსწრებდა ბოიკოტი და დიდი პროტესტი. ჩემი აზრით, ოპოზიციამ პარლამენტი კი არა, საკრებულოებიც უნდა დატოვოს. არ ვიცით, ინიცირებულია თუ არა ეს ცვლილება, მაგრამ მოგვივიდა ინფორმაცია, რომ ძალიან ცუდი კანონის მიღებას აპირებენ. ამ ცვლილების თანახმად, სულაც არაა საჭირო, შუალედური არჩევნების გზით არჩეული მაჟორიტარის უფლებამოსილება ცნოს საკრებულომ. მას, როგორც წევრს, დაამტკიცებს ცესკო.

ეს არის იგივე კანონები, რასაც ღებულობდა ასლან აბაშიძე. აბაშიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გახდა ისე, რომ ის არ ყოფილა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მაშინ მისთვის მიიღეს სპეციალურად ასეთი კანონი. ახლა შუალედურ არჩევნებში გაყვანილი დეპუტატისთვის ცდილობენ კანონის მორგებას. საკრებულოს ოპოზიცია მისი უფლებამოსილების ცნობაზე უარს ამბობს. გადაწყვიტეს ცესკოს დახმარებით ცნონ მისი უფლებამოსილება. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანებზე. ბათუმელები ამის გამო ძალიან გაბრაზებულები არიან. ამ კანონის მიღების შემთხვევაში კიდევ უფრო გაბრაზდებიან.

_ ნუგზარ ფუტკარაძის ადგილმონაცვლეზეა ხომ საუბარი?

_ დიახ. ძალიან ამორალური იქნება, თუკი ამ ადამიანის უფლებამოსილებას ცნობს ცესკო. ჩვენ დღეს ამორალურ გარემოში გვიწევს ცხოვრება და ასე დიდი ხანი ვერ გაგრძელდება. ვფიქრობ, რომ თვითონ პროცესი წალეკავს ამ ხელისუფლებას. კარგი იქნება, თუ „ქართულ ოცნებაში“ ამაზე იფიქრებენ. მსოფლიო და დრო იცვლება. ეს ცვლილება კი მათ წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს. „ქართული ოცნება“ თავის ნებით თუ არ დათმობს, ხალხი აიძულებს დათმობაზე წასვლას.

კარგი იქნება, თუ ოპოზიციაც გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს. საჭიროა საკრებულოებისა და პარლამენტის დატოვება. პირველებმა ეს ნაბიჯი „ნაციონალებმა“ უნდა გადადგან. „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი ოპოზიციური ძალა. მერე მათ სხვა პარტიებიც მიბაძავენ. ჩვენ ორი რამე უნდა მოვითხოვოთ მკაცრად _ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. სხვა გამოსავალი დღეს, უბრალოდ, არ გვაქვს.