სუიციდამდე მიყვანილი მოსწავლე და დაუსჯელი დირექტორი – რა ხდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის სკოლაში?

გიგა გელხვიიძე

რეგიონების სკოლებში არსებული სიტუაცია და კანონდარღვევები ხშირ შემთხვევაში ისეთი რეზონანსის მქონე არ არის, როგორც ეს დედაქალაქის ან რომელიმე სხვა, დიდი ქალაქის შემთხვევაში შეიძლება იყოს.

ამბავი, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ როხში მოხდა, დამაფიქრებელია. თუმცა მისი მთავარი ფიგურანტი, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ ლომინაძე, ამ დრომდე თანამდებობას იკავებს და ცდილობს, დაზარალებული მხარე ძალისმიერი მეთოდებით გააჩეროს ან იმ ზომამდე მიიყვანოს, რომ სკოლა დატოვოს.
შემთხვევა გასულ წელს მოხდა, თუმცა საქმის მსვლელობა შეჩერებულია და დღეს, მოსწავლისთვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მხრიდან მიყენებული შეურაცხყოფის საქმე, რამაც მოსწავლე ნანა სანიკიძე თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა, თაროზეა შემოდებული, ხოლო მოსწავლის მშობელი, მარინა ბუბუტეიშვილი, რომელიც, ამავდროულად, ამავე სკოლის პედაგოგია, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მეუღლის მხრიდან სისტემატური ბულინგისა და შეურაცხყოფის ადრესატია.
ბუბუტეიშვილი გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორ ელისო კილაძეს მას შემდგომ დაუკავშირდა, რაც ვანში მომხდარი, არასრულწლოვანის მიმართ სკოლის დირექტორის მეუღლის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ, ელისო კილაძემ ინფორმაცია და მთავარი მტკიცებულება გაავრცელა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ თავიანთ პრობლემაზე როხში მცხოვრებლებიც ალაპარაკებულიყვნენ.
რა მოხდა და რა ხდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის სკოლაში? ქრონიკა+-ს ესაუბრება ნანა სანიკიძის დედა, მარინა ბუბუტეიშვილი:

_ ქალბატონო მარინა, თავდაპირველად რა მოხდა და რის გამო წარმოიშვა კონფლიქტი?
_ ჩემი შვილი იყო როხის სკოლის მოსწავლე და, ამავდროულად, წარმოადგენდა სკოლის სამეურვეო საბჭოს. ერთ დღეს მშობლების სურვილის საფუძველზე, გადავწყვიტეთ სკოლისთვის დაგვექირავებინა სამარშრუტო ტაქსი, რომელიც მოსწავლეებს მოემსახურებოდა და უზრუნველყოფდა დილით და საღამოს იმ ბავშვების გადაადგილებას, რომლებიც სკოლიდან მოშორებით ცხოვრობენ. ამის გამო მივმართეთ დირექტორს, რომელმაც გამოთქვა მზაობა და გვითხრა, რომ თანახმა იყო, აღნიშნული განხორციელებულიყო. გავაკეთეთ ხელნაწერი განცხადება, რომელიც გადავიტანეთ ბაღდათში (რესურსცენტრში), სადაც გვითხრეს, რომ საჭირო იყო დირექტორის წერილობითი თანხმობა, თუმცა შემდგომში არ ვიცი, რა მოხდა, _ დამიბარა დირექტორმა, გვერდით გამიყვანა და მითხრა, _ მარინა, უნდა გამოიტანო განცხადება, თორემ მე უნდა დავტოვო სკოლაო. _ რა ვუთხრა მშობლებს, თქვენ ხომ თანახმა იყავით, რომ ეს ავტობუსი დანიშნულიყო-მეთქი? _ არა, უნდა გამოიტანოო. მითხრა, რომ თან გადამყვებოდა სკოლაში, მაგრამ ეს უნდა შემესრულებინა. შემდგომ ვკითხე, რას გულისხმობდა თან გადაყოლაში და რატომ უნდა გამომეტანა ეს განცხადება, თუმცა ამაზე პასუხი ვერ გამცა. განცხადება არ გამოვიტანე, ამის შემდგომ კი დამემუქრა, _ ან შენ იქნები სკოლაში, ან მეო. ვფიქრობ, ალბათ, თავისი მეუღლის მოყვანა უნდოდა.
_ ხომ არ ჰქონდა მას ვინმესთან დადებული გარკვეული შეთანხმება? ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია და საუბრობენ იმაზეც, რომ მას სურდა კონკრეტული პირისთვის გადაეხადა თანხა ავტობუსის მომსახურების სანაცვლოდ, რომელიც შემდგომში ნაწილს მას მისცემდა…
_ კი, იყო ეს ვერსიაც და ამაზე საუბრობდნენ: ამ თანამდებობაზე ისეთი ვინმე უნდა დაესვა, რომ თანხის ნაწილი მისთვის მიეცა.
შემდგომში ჩემი და შეიყვანა და სთხოვა, რომ დამლაპარაკებოდა და გამომეტანა განცხადება, მერე მშობლები შეიყვანა, თუმცა არაფერი გამოუვიდა.
შემდგომ ადგა და სამეურვეო საბჭოზე (რომლის წევრიც, როგორც გითხარით, იყო ჩემი შვილიც) გაიტანა ეს საკითხი, ანუ უნდა დანიშნულიყო თუ არა სასკოლო ავტობუსი. ჩემი შვილი გარკვეულ პერიოდში ამ სხდომას არ დასწრებია, თუმცა ამ შემთხვევაში კატეგორიულად დაიბარა, რომ დასწრებოდა სხდომას. 13 იანვარი იყო, არ დამავიწყდება ეს დღე. ჩემმა შვილმა დასვა შეკითხვა, ჰქონდა თუ არა მას უფლება, მიეღო მონაწილეობა ამ საკითხის გადაწყვეტაში და მიეღო კენჭისყრაში მონაწილეობა? რაზედაც მან პასუხი ვერ მიიღო. შემდეგ მასწავლებელმა დააბრალა, რომ ის საუბარს იწერდა და ამის შემდგომ უკვე დაიწყო დირექტორმა მისი შეურაცხყოფა და ჩვენი, მშობლების შეურაცხყოფა, რაც ჩემი შვილისთვის მიუღებელი იყო. ამ ფაქტმა მასზე ძალიან მძიმედ იმოქმედა.
_ რა მოხდა ამის შემდგომ?
_ ჩემი შვილი მოვიდა სკოლიდან სახლში და პირდაპირ გეტყვით, რომ მეჩხუბა და მისაყვედურა, რატომ მივაყენე შეურაცხყოფა ვინმეს და რატომ ვისაუბრე რაღაც კონკრეტული, რაც რეალურად არ მომხდარა და ეს ყველაფერი იყო დირექტორის ნათქვამი, რათა ჩემი შვილი გაეღიზიანებინა და მისი მეშვეობით მოეხდინა ზეგავლენა ჩემზე. შევეცადე, დამეწყნარებინა, ავუხსენი, რომ ასეთი არაფერი მომხდარა. ამის შემდგომ წავიდა და ოთახში ჩაიკეტა. აღმოჩნდა, რომ ნერვიულობის ნიადაგზე ვერ გაუძლო ამ სტრესს და თვითმკვლელობა სცადა, კონკრეტულად კი ვენების გადაჭრა, თუმცა როდესაც გარკვეული დაზიანება მიიყენა, უცებ მოვიდა გონს. ამის შემდგომ ჩაიკეტა სახლში, აღარ გამოდიოდა გარეთ, არ დადიოდა სკოლაში და სრულიად ასოციალური გახდა. 16 წლის მოზარდისთვის ძალიან მძიმე იყო ეს ფაქტი, ელოდა, რომ მხარს დაუჭერდნენ ის მასწავლებლები, რომლებიც ესწრებოდნენ სამეურვეო საბჭოს სხდომას, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ალბათ, ისინი გააჩუმეს რაღაცით.
_ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თუ მიმართეთ სამართალდამცავ უწყებებს ან რესურსცენტრს და რა რეაგირება მოჰყვა ყოველივეს?
_ რა თქმა უნდა, მივმართეთ გვინდოდა, რომ სიმართლე გამორკვეულიყო. მაშინ რესურსცენტრის უფროსი იყო მარიამ თედორაძე, ყველაფერი მოვუყევით, თუმცა ამასთან დაკავშირებით რეაგირება იყო ნული, ბავშვი არც კი უნახავთ.
_ თუ მოიკითხეთ, რა ეტაპზე იყო ეს საქმე გარკვეულ პერიოდში?
_ შემდგომ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება, თუმცა თქვეს, რომ ვინაიდან ამ ფაქტს მრავალჯერადი ხასიათი არ ჰქონდა, უნდა შეწყვეტილიყო გამოძიება. ამჟამად საქმე არის სასამართლოში და მიმდინარეობს გამოძიება.
_ თქვენთან დაკავშირებით რა ხდება? რამდენადაც ვიცი, ამის შემდგომ სწორედ თქვენ გახდით შევიწროებისა და ბულინგის ობიექტი.
_ დიახ, შემდგომ ჩემზე წავიდა ზეწოლა, რასაც დირექტორის მეუღლე, ალექსანდრე მამასახლისი ახორციელებდა, ასევე პარალელურ რეჟიმში ზეწოლა მიმდინარეობდა მოწმეებზე, მშობლებზე, მასწავლებლებზე, რომ მათ არაფერი ეთქვათ, მათ შორის იყო ასევე როხის დეპუტატი თორნიკე გაჩეჩილაძე. ერთ-ერთ მასწავლებელს დირექტორმა სისხლის სამართლის საქმე აღუძრა (მაკა ჭელიძეს), რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენა დირექტორისავე მეუღლემ, ხოლო როდესაც ის მივიდა დირექტორთან იმის გასარკვევად, თუ რა უნოდა ალექსანდრე მამასახლისს მისგან, დირექტორმა მას აქეთ მიაყენა შეურაცხყოფა და აღუძრა საქმე. მაკამ უთხრა, რომ ტელეფონი, რომლითაც მას უღებდა ან აუდიო ჩაწერას ახორციელებდა მისი საუბრის, უკან გაწია და ხელი მიკრა ტელეფონზე, რაც ჩაუთვალეს ფიზიკურ ანგარიშსწორებად და ამის დასამოწმებლად დირექტორმა სასწავლო ნაწილი გამოიყენა. ჩემი შვილიც შეესწრო ამ ფაქტს და მომხდარის შესახებ როდესაც მითხრა, მაგ დროს სასწავლო ნაწილი ჩემთან ერთად იყო, შესაბამისად, ის ვერანაირად იქნებოდა მოწმე, როგორც ამას დირექტორი აცხადებს. წავედი, მივეცი ჩვენება, რომ ის არ იყო მოწმე, რადგანაც არ ესწრებოდა ამ ამბავს, შემდგომ ეს საქმეც შეწყდა, მანამდე კი მაკას აწუხებდნენ და პოლიციის მხრიდან იყო ზეწოლა, რომ დაეტოვებინა სამსახური, თუმცა იმდენი გავაკეთეთ, რომ ეს საქმე შეჩერებულიყო. დეკემბერს დირექტორის ქმარმა მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა სკოლის ფოიეში და შემდგომ ეს საქმე გავიდა დისციპლინარულზე, რის გამოც ახლა ის შვებულებაში იმყოფება.
_ ეს ადამიანი დღემდე მუშაობს სკოლაში?
_ დიახ, მას პასუხს არავინ სთხოვს.
_ რას ასწავლის ალექსანდრე მამასახლისი?
_ რამდენიმე თანამდებობა უკავია მას, ორი საგნის მასწავლებელია (სამოქალაქო განათლება და უსაფრთხოება) და ამის გარდა არის ტექნიკური ნაწილის ხელმძღვანელი სკოლაში. ფაქტობრივად, ყველაფერზე ის ჰყავს დასაქმებული.
ჩემი შვილი ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და უკიდურესად განიცდის ამ ყველაფერს, აბიტურიენტია.
_ თქვენს კონკრეტულ ქეისზე თუ არის საქმე აღძრული?
_ გეტყვით, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ყველას დახმარება. როდესაც ჩემზე შეურაცხყოფა განხორციელდა, მივედი დირექტორთან და მოვთხოვე მოეყვანა მისი მეუღლე და აეხსნათ, რას მერჩოდნენ და რა სურდათ ჩემგან, რატომ მაყენებდნენ შეურაცხყოფას? დირექტორი ადგა და ისევ შეეცადა, რომ კონკრეტული ადამიანები გადაებირებინა და მათ არ დაედასტურებინათ ის ფაქტი, რომ მე ალექსანდრე მამასახლისმა შეურაცხყოფა მომაყენა. ძალიან ცუდად გავხდი ამ ყველაფრის შემდგომ და რომ არა დროული სამედიცინო დახმარება, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი. თუმცა ამ ყველაფრიდან მაინც არაფერი გამოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ დისციპლინარულმა ჩემსა და სხვა პირების შემთხვევაშიც მას დაუდგინა გადაცდომა და ალექსანდრე მამასახლისისა და მისი მეუღლის, თამარ ლომინაძის ბრალეულობა დადასტურდა, რეალობა კვლავ უცვლელია.
_ რას აკეთებს ამ დროს სამეურვეო საბჭო?
_ სამეურვეო საბჭომ მას მოსთხოვა ყველა სახის დოკუმენტაცია, ხარჯთაღრიცხვები, სამსახურებრივი ნუსხები, თუმცა ის არაფერს ასაჯაროებს და არ აძლევს მათ ამ დოკუმენტებს, არ იძლევა საჯარო ინფორმაციას, დღემდე ამბობს, რომ ალეკო მამასახლისი კვლავ დაბრუნდება სკოლაში. ხელს აფარებენ ამ ადამიანებს, ისე როგორც ეს ვანის შემთხვევაში იყო.
_ ვინ მფარველობს?
_ ზუსტად ის კატეგორია, ვინც მფარველობდა ვანის სკოლის ხელმძღვანელობას. სულ ვრეკავ სამინისტროს ცხელ ხაზზე, მაგრამ არანაირ ინფორმაციას არ მაძლევენ ამ საქმეზე. იყო აუდიტის მიერ სკოლის შემოწმებაც, მაგრამ აქაც როგორღაც გამოძვრა. მე მატყუარას და პროვოკატორს მეძახის სულ.
_ რა პასუხი ჰქონდა დირექტორს, როდესაც მას მოსთხოვეს მამასახლისის განთავისუფლება?
_ პასუხი იყო ის, რომ მითხარით, რომელი თანამდებობიდან გავათავისუფლოო.

„ქრონიკა+“ შეეცადა, უფრო მეტი შეეტყო ამ საქმესთან დაკავშირებით, რის გამოც როხის სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესა და, ამავდროულად, როხის მაჟორიტარ დეპუტატ თორნიკე გაჩეჩილაძეს დაუკავშირდა.
გაჩეჩილაძემ ჩვენთან საუბრისას სკოლაში მომხდარი დაადასტურა და ისიც გვითხრა, რომ ალექსანდრე მამასახლისი სკოლიდან არავის გაუთავისუფლებია, თუმცა ის ამ დროისთვის შვებულებაში იმყოფება.

_ ბატონო თორნიკე, რა მდგომარეობაა როხის სკოლაში? რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, თქვენ საქმის კურსში ხართ იქ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. თუ მოიკვლიეთ ინფორმაცია, რა სტადიაზეა საქმე?
_ რაც ვიცი ის არის, რომ სკოლამ მიიღო საყვედური. მეტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სტადიაზე არის საქმის მოკვლევა, ჯერჯერობით, არ მაქვს.
_ მარინა ბუბუტეიშვილი აცხადებს, რომ ალექსანდრე მამასახლისი მის მიმართ გარკვეულ ზეწოლას ახორციელებს. ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ ინფორმაცია?
_ კი, აღნიშნულს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, საქმე გამოიკვლია დისციპლინარულმა კომისიამ და სამეურვეო საბჭომაც შესაბამისი რეაგირება გააკეთა. სამჯერ მოუწია დისციპლინარულს ამ საქმეზე შეკრება, სამივეჯერ გამოუცხადა სასტიკი საყვედური, შემდგომში უკვე განთავისუფლება (მამასახლისის), მაგრამ…
_ მაგრამ ეს ადამიანი დღემდე იკავებს თანამდებობას?
_ როგორც ვიცი, შვებულებაშია და დირექტორად დანიშვნას ელოდება თამარ ლომინაძე. ის ამ დრომდე არის მოვალეობის შემსრულებელი და შემდგომში უკვე გეგმავს მის დაბრუნებას უკან, სკოლაში. მამასახლისი, როგორც პედაგოგი, ასწავლის რამდენიმე საგანს, რამდენიმე შტატი აქვს შეთავსებული და ეს ინფორმაციაც მოგვიანებით გავიგეთ.

მამასახლისის შვებულებაში ყოფნა დაადასტურა ბაღდათის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო მშვილდაძემაც, თუმცა ის მოგვიანებით კვლავ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მამასახლისი განთავისუფლებულია საერთოდ სკოლიდან, მაგრამ კონკრეტულად რომელი თანამდებობა დატოვა მან, ეს არ დაუკონკრეტებია:
_ თუ გაქვთ ინფორმაცია, რა ხდება როხის სკოლაში?
_ იყო ასეთი პრეტენზია, განიხილა სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა და ბევრი შეუსაბამობა დადგინდა, ასევე არ დადასტურდა რაღაც ნაწილი ბრალდებების. ამ დროისთვის ეს ადამიანი შვებულებაში არის გასული, უფასო შვებულებით სარგებლობს.
საუბრის შემდგომ ქალბატონმა ნინომ მოგვწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება:
„როგორც დავაზუსტე, დირექტორის მეუღლე ნამდვილად იმყოფებოდა უფასო შვებულებაში, მაგრამ დისციპლინარულმა კომიტეტმა მისი განთავისუფლების გადაწყვეტილება რადგან მიიღო, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დააკმაყოფილა დისციპლინარულის გადაწყვეტილება, ანუ ამჟამად დირექტორის მეუღლე სკოლის თანამშრომელი არ არის“, _ აცხადებს ის.
ჩვენს შეკითხვაზე, თუ როდის იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რადგანაც ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი, თორნიკე გაჩეჩილაძე გვპახუსობს: „უფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში იმსჯელა დისციპლინარულმა კომიტეტმა და გამოიტანა განთავისუფლების გადაწყვეტილება, დირექტორი ვალდებული იყო, გაეთავისუფლებინა და შესაბამისად გამოსცა განთავისუფლების ბრძანება“.

როხის სკოლის საკითხი და მასწავლებლის შეურაცხყოფა ამით არ დასრულებულა. მას შემდგომ, რაც „ქრონიკა+“-მა აღნიშნული ინტერვიუ ჩაწერა და მასალის მომზადება დაიწყო, მარინა ბუბუტეიშვილსა და მის ოჯახზე დირექტორის მეუღლის, ალექსანდრე მამასახლისის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა, უფრო კონკრეტულად კი მამასახლისმა მათ ავტომანქანას ქვები ესროლა და მინები ჩაუმსხვრია.
„მოვდიოდით ქუთაისიდან და თავს დაგვესხა ალექსანდრე მამასახლისი, საქონელს მიერეკებოდა გზაზე და როდესაც გზა დავუთმეთ მანქანით, აიღო ქვები ხელში, ჯერ გვაგინა, შემდგომ კი ეს ქვები გვესროლა, ბავშვი მანქანაში მეჯდა და მე მას გადავეფარე. მანქანის ორი მინა ჩაგვიმსხვრია. ეს არის გაგრძელება იმისა, რაც სკოლაში მოხდა, ყველანაირ ფაქტზე ხელი დააფარეს. ისევ სკოლაში მუშაობს ეს ადამიანი, მას რამდენიმე თანამდებობა აქვს დაკავებული და ერთ-ერთიდან განთავისუფლდა“, _ აცხადებს მარინა ბუბუტეიშვილი.

„ქრონიკა+“ აღნიშნულთან დაკავშირებით მოკვლევასა და დამატებითი მასალების მოპოვებას აგრძელებს, შესაბამისად, ცნობებს მოვლენების განვითარების შესახებ მკითხველს შემდგომ ნომრებში შევთავაზებთ.