საქართველოს მესამე პრეზიდენტი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე

გიგა გელხვიიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ბოლო რამდენიმე დღეა, სააკაშვილი ვეღარ ახერხებს საწოლიდან წამოდგომას, სულ უფრო ურთულდება საუბარი და გარშემომყოფებთან კომუნიკაცია, რამდენიმე სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ის ძალიან იღლება.

გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილმა საჭიროდ მიიჩნია, რომ მისთვის აუცილებელი იყო უცხოელი ექიმის, ჯეიმს კარპინტერ კობის დროული კონსულტაცია, რომელსაც ჯანდაცვის უწყება კვალიფიკაციას უწუნებდა და მასთან შესვლის საშუალებას არ აძლევდა, ამიტომაც ექსპრეზიდენტმა კლინიკა „ვივამედის“ დირექტორს შესაბამისი წერილით მიმართა:
„მოგმართავთ თხოვნით, მოიწვიოთ ექიმი, ბატონი ჯეიმს კარპინტერ კობი (ჟAMEშ ჩAღPINთEღ ჩOBEY) (Pასსპორტ N513857586) ჩემთვის ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების გასაწევად. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვს, თავისი ინიციატივით ან/და პაციენტის მოთხოვნით, მოიწვიოს უცხო ქვეყნის სპეციალისტი დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისთვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისთვის. ამასთან, იმავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, „ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისთვის უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევისას, თუ პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ამ მუხლის მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება გაფორმდეს სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდეგ“. ჩემი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია. მოგიწოდებთ, ნუ დააყენებთ ჩემს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ. მიეცით საშუალება ექიმს, გამიწიოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება, მე კი ჩემთვის კანონით მონიჭებული უფლების რეალიზების შესაძლებლობა. გთხოვთ, პასუხი გამცეთ დაუყოვნებლივ დღესვე. თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლის გადარჩენა“.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი თავის განცხადებაში ხაზგასმით საუბრობდა „ვივამედის“ მხრიდან უცხოელი ექიმის ერთჯერადად დაშვების შესაძლებლობაზე, კლინიკის დირექციის პასუხი სრულიად განსხვავებული და ერთგვარად გაუგებარიც კი აღმოჩნდა, რომლითაც „ვივამედის“ მენეჯმენტი ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ იყო. გარდა ამისა, მათ არ ჰქონდათ უფლება, რომ უცხოელი ექიმი საკუთარი პროფესიული მოვალეობის განსახორციელებლად კლინიკაში მიეღოთ:
„ბატონო მიხეილ,
მოგახსენებთ, რომ პაციენტი მ. სააკაშვილი მკურნალობს კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის 12 მაისიდან დღემდე, თერაპიულ განყოფილებაში, კვალიფიციური ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენთვის მისი, ისევე როგორც ყველა პაციენტის ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგომა უპირველეს ვალდებულებას წარმოადგენს. მის მკურნალობაში მუდმივად ჩართულნი არიან მოწვეული სპეციალისტები როგორც კლინიკის, ასევე პაციენტის მხრიდან. თქვენ მიერ მოწერილ მოთხოვნაზე, რომ კლინიკას აქვს უფლება, უცხო ქვეყნის სპეციალისტი დროებით, დამოუკიდებელი საექიმო მომსახურებისთვის მოიწვიოს, თუ პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, მოგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პაციენტის ვიტალური პარამეტრები არ გახლავთ კრიტიკული და იგი განაგრძობს თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობასა და ზედამხედველობას. პაციენტი ამ ეტაპზე არ საჭიროებს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაყვანას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში კლინიკა აღნიშნულისთვის სრულ მზადყოფნაშია, როგორც ექიმი სპეციალისტების ასევე აპარატურული კუთხით.
რაც შეეხება JAMES CARPINTER COBEY-ს შემოყვანას, რომლის სპეციალიზაცია გახლავთ ტრავმატოლოგია-ორთოპედია, მსგავსი კრიტიკული მდგომარეობის განვითარების შემთხვევაში მისი დახმარება ვერ იქნება ჯეროვანი. ხოლო გეგმურად და ერთჯერადად კონკრეტულად ზემოხსენებული ექიმის კლინიკაში შემოყვანა სცილდება ჩვენს კომპეტენციას. როდესაც მას მიენიჭება საექიმო საქმიანობის უფლება ექიმთა პროფესიული ასოციაციის რეკომენდაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით, პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ, ჩვენი მხრიდან არანაირი შეფერხება არ იქნება ისევე, როგორც არაერთ შემთხვევაში.
პატივისცემით, „ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე“.

გაზეთი „ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რა ფაზაშია სააკაშვილის საქმე ამჟამად და რა სამართლებრივი ბერკეტები აქვთ მის უფლებადამცველებს, ასევე შეეცადა გაერკვია ისიც, რა სამართლებრივი დარღვევები და ფაქტობრივი უზუსტობები აღინიშნებოდა კლინიკა „ვივამედის“ გენერალურ დირექტორ ნინო ნადირაძის ხელმოწერილ დოკუმენტში, რისთვისაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს _ ვალერი გელბახიანსა და შალვა ხაჭაპურიძეს ვესაუბრეთ.

ვალერი გელბახიანი _ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი:
_ ბატონო ვალერი, რა ფაზაში შევიდა სიტუაცია? რა ხდება ახლა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ?
_ დარჩენილი იყო ხერხემლის ნაწილის გამოკვლევა. პარასკევს მასთან შევიდა ამერიკელი სპეციალისტი ჯეიმს კობი, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რის გამოც ის შაბათს კვლავ მივიდა კლინიკა „ვივამედში“, ამ შემთხვევაშიც, თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნიდან გამომდინარე და ის არ გაემგზავრა ამერიკაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის საბოლოო დიაგნოზის დაზუსტებამდე მას არ სურს წასვლა ქვეყნიდან. ცხადია, ყველა ამერიკელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ის მკურნალობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სარეაბილიტაციო კურსის მხრივ ჰქონდა დანიშნული, არ იყო საკმარისი და ეფექტიანი, ანუ იმ დაავადების შესაბამისი, რაც მას აღმოაჩნდა.
_ უფრო მეტად რომ დავკონკრეტდეთ, რა დაავადებაზეა საუბარი?
_ ეჭვი აქვთ, რომ ეს შეიძლება იყოს დემენცია და თუ ეს ასეა, კატასტროფაა, სრულიად სხვა ლეტალურ შედეგებზე შეიძლება წავიდეს პროცესი. საბედნიეროდ, ეს, ჯერჯერობით, არის ეჭვი და იმედს ვიტოვებ, რომ ღმერთის წყალობით არ გამართლდება. ალბათ ოთხშაბათს ან შესაძლოა, სამშაბათსაც დაზუსტებულ პასუხს მივიღებთ, ველოდებოდით კიდევაც ამას, რადგანაც მიზეზი იმ წნევებისა და სიცხეების, რომელიც მას პერმანენტულად ჰქონდა, „ვივამედის“ ექიმებმა ვერ დაადგინეს, ამერიკელმა ექიმებმა კი თქვეს, რომ ამის რეალური მიზეზი არის ნერვული სისტემის მოშლა, რამაც გამოიწვია ხერხემლის დაზიანება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მალები არ არის მწყობრში და ორგანიზმი იძლევა იმ სიგნალებს, რაც იწვევს წნევის მატებას, სიცხის ცვალებადობასა და ა. შ.
თუ დიაგნოზი არ იცი, ადამიანს ისე ვერ უმკურნალებ და, შესაბამისად, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მკურნალობის ის კურსი, რომელიც მას ჩაუტარდა და ამ დრომდე უტარდება, იყო ანტი და არა რაიმე სარგებლის მომტანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის.
_ ამ დაზიანებებს უკავშირებთ თუ არა რაიმე სახის ქმედებას და ზეწოლას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელდა, თუნდაც რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას?
_ ამის შესახებ, ჯერჯერობით, ვერავინ აკეთებს რამე სახის დასკვნას, რადგანაც კვლევა გრძელდება. თუ აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი არ არის კავშირში ნერვული სისტემის ჩამოშლასთან, ამ შემთხვევაში განიხილავენ ძალადობის ნაწილს.
_ სამართლებრივად რომ შევაფასოთ, ახლა რა ახალი ბერკეტები არსებობს?
_ სამართლებრივად კანონის რა მოთხოვნაც არის, ის უნდა შესრულდეს, აქ არაფერი იცვლება. ჩვენი ვალდებულებაა, რომ რასაც ითხოვს კანონი, სწორედ ის სათანადო მტკიცებულებები იქნას წარდგენილი: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც აღნიშნული იქნება, რომ მისი მდგომარეობის პირობებში შეუძლებელია სასჯელის მოხდა. ეს ისედაც ცხადია, რადგანაც ადამიანი წევს და მწოლიარე ადამიანმა სასჯელი როგორ უნდა მოიხადოს? ამაზე არ გააჩნიათ პასუხი. არსებობს ერთადერთი განმარტება, რომ თუ მწოლიარე ადამიანია, მას უნდა მიეცეს გამოჯანმრთელების საშუალება, ამიტომ სასჯელის მოხდის გადავადება ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც სახეზეა.
_ თქვენი შეფასება სასამართლოსა და პროკურატურის ქმედებაზე _ ვგულისხმობ სააკაშვილის პალატაში მათ შეჭრას.
_ ამ შემთხვევაში ვგონებ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არის გამოკვეთილი იმიტომ, რომ გაცემულია ცნობა, თითქოს სააკაშვილი იმყოფებოდა ჯანმრთელ მდგომარეობაში და შეიძლებოდა მისი დაკითხვა, როდესაც იმავე დღის კვლევებით და სამედიცინო შემოწმების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ჰქონდა 38 სიცხე, ხოლო წნევა 155 თუ 179, აღარ მახსოვს, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალმა რა დასკვნაც გასცა, ამაში იკითხება დანაშაულებრივი ნიშნები და, ალბათ, ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას.
_ მეხუთე დასკვნის შემდგომ, როდესაც შეიტანთ შუამდგომლობას სასამართლოში, როგორია თქვენი მოლოდინი?
_ მოლოდინი გვაქვს ასპროცენტიანი, ვინაიდან არ არსებობს კონტრმტკიცებულებები და პოზიცია, რიტორიკა, რომ ასე არ უნდა იყოს. ეს არაფერს ადასტურებს. მოიტანონ დასკვნები, მოიყვანონ ექიმები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ეს დასკვნები, რომლებიც დაიწერა ამერიკელი ექსპერტების მიერ, არ არის სწორი. ვისაც არ მოსწონს, ამაზე სამართალი არც იმუშავებს და არც უმუშავია არასდროს, რიტორიკა არ არის სამართლის სფერო, სამართლის სფერო არის მტკიცებულებები.
_ იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დასკვნის მიუხედავად, სასამართლო წავა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე და მიხეილ სააკაშვილს არ გადაუვადებს სასჯელს, რა ხდება შემდგომ?
_ მაშინ იქნება პოლიტიკური სასამართლო და ეს ისეთი საკითხია, რომელსაც მე ვერ გადავწყვეტ, ეს უნდა გადაწყვიტოს ბატონმა სააკაშვილმა. მგონი, პოლიტიკური პროცესი შედგება, ახლა თავს იკავებს ამ პროცესისგან.
_ რამდენადაც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის საქმე არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით მიღებული აქვს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს. თუ ფლობთ ინფორმაციას, რა მდგომარეობაა აღნიშნულ საქმეზე და გარდა ამისა, სარჩელის შეტანის შემდეგ ამ დრომდე განხორციელებული ქმედებები სააკაშვილის მიმართ რა გავლენის მატარებელი შეიძლება იყოს?
_ ვიცით, რომ პროცედურები დაწყებულია და დღე-დღეზე, შეიძლება ითქვას, იქაც ველოდებით გადაწყვეტილების მიღებას.
_ ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ უკრაინაში გამართული პროცესი, სადაც სააკაშვილი მოწმის სტატუსით უნდა დაიკითხოს, კავშირშია საქართველოში აღძრულ საქმესთან სააკაშვილის წინააღმდეგ _ ამ ნაწილში რა ხდება, რომ განვუმარტოთ მკითხველს?
_ არსებობს გარკვეული კავშირი, რადგანაც უკრაინის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ სააკაშვილი პუტინის პატიმარია, კავშირს კი არ ხედავენ, პირდაპირ მიბმულია კრემლის პოლიტიკასთან საქართველოს პოლიტიკა.
_ ასევე ვინაიდან ამ თემას შევეხეთ, ექსტრადირების შესახებაც მინდა გკითხოთ, _ რა ვალდებულება აქვს ქართულ მხარეს და თუ უარს განაცხადებენ ისინი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანაზე, შეუძლიათ თუ არა მათ აღნიშნულის გაპროტესტება?
_ თუ უარს იტყვიან, კიდევ ერთხელ დაარღვევენ საერთაშორისო შეთანხმებას სასამართლო დახმარების შესახებ, რომელიც შეთანხმებულია 33 სახელმწიფოსთან. თუმცა არ გვაქვს დადებული რუსეთთან, რადგანაც იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც საქართველოს გაწყვეტილი აქვს ყოველგვარი სამართლებრივი და დიპლომატიური ურთიერთობა. თუმცა საქართველოს სასამართლო იხილავს საქმეებს და უყოყმანოდ გადასცემს იმ პატიმრებს, რომლებიც საქართველოში არიან დაკავებულები რუსეთის ძებნის შედეგად, ანუ რუსეთს უყოყმანოდ უსრულებენ ყველაფერს, როდესაც ხელშეკრულებაც კი არ აქვთ. თუმცა უკრაინასთან არის დადებული ხელშეკრულება და კი ხედავთ, რაც ხდება.

შალვა ხაჭაპურიძე _ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი:
_ კლინიკა „ვივამედმა“ და მისმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილს გასცა პასუხი, სადაც სრულიად აცდენილა მათი დასკვნა იმ რეალობასთან, რომელზედაც სამედიცინო ექსპერტები საუბრობენ. შეიძლება თუ არა, რომ გარკვეულ სამართლებრივ დარღვევებზე ვისაუბროთ და განვიხილოთ ამ შემთხვევაში ნინო ნადირაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი?
_ ეს შესწავლის საკითხია, თუმცა ფაქტი ერთია: ექსპერტების დასკვნებს კი არ ასცდა მხოლოდ ეს პასუხი, თავად ავადმყოფობის ისტორია, რომელიც შედგენილია უშუალოდ კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიერ, იმას ასცდა, ანუ რასაც თავად წერენ, იმისგან განსხვავებული პასუხი იყო და ეს აღმაშფოთებელია. რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს, ამის შესახებ მუშაობა მიმდინარეობს და შესაბამისი რეაგირება გვექნება.
_ გულისხმობთ იმას, რომ აპირებთ, სამართლებრივი მსვლელობა მისცეთ აღნიშნულს?
_ დიახ.
_ ჯეიმს კობთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, _ თქვენ უშუალოდ იყავით ჩართული მასზე ლიცენზიის გაცემის საკითხებში. რა პრობლემები შეიქმნა და რამდენად რეალური იყო ის არგუმენტები, რომლებიც ჰქონდა ჯანდაცვის უწყებას?
_ თავდაპირველად დაგვიდგინეს ხარვეზი და გვითხრეს, რომ ბატონი ჯეიმს კობის ბოლო ხუთი წლის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ცნობა ესაჭიროებოდათ, რომელიც გვქონდა უკვე წარდგენილი, თუმცა კვლავ წარვადგინეთ და ამის შემდგომ მიანიჭეს მას ლიცენზია.
_ თითქმის ყოველდღიურად იმყოფებით „ვივამედში“, ნახულობთ მიხეილ სააკაშვილს და აფიქსირებთ, თუ როგორ ვითარდება მისი ჯანმრთელობა დღეების განმავლობაში. მაინტერესებს როგორც არა მედიკოსის, არამედ რიგითი ადამიანის თვალით დანახული ეს პროცესი.
_ ყოველდღიურად უარესდება და მძიმდება.
_ რა დასკვნები გამოაქვს ჯეიმს კობის და რა ვარაუდები არსებობს მის დიაგნოზთან დაკავშირებით? რას ამბობს ის და როგორია მისი მიახლოებითი პროგნოზები?
_ მან განაცხადა, რომ კვლევები კიდევ უნდა გააგრძელოს, კვლავ უნდა შეხვდეს სააკაშვილს, გასინჯოს ის და ამის შემდგომ მოამზადებს შესაბამის დასკვნას. რაც შეეხება პირველ შეფასებას, განაცხადა, რომ ის არის მძიმე ავადმყოფი.
_ კონკრეტულ დიაგნოზზე ხომ არ უსაუბრია, თუნდაც ვარაუდის მხრივ?
_ არა, ჯეიმს კობის მსგავსი არაფერი უთქვამს.
_ ამერიკელ იურისტზე მინდა გკითხოთ, როგორ აფასებს ის სამართლებრივად იმ პროცესებს, რაც მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარეობს?
_ ისიც ელოდება, ისევე როგორც ჩვენ, ექსპერტიზის დასკვნას და ამის შემდგომ წარმოადგენს სასამართლო მიღების დასკვნას, სადაც ანალიზი იქნება გაკეთებული სააკაშვილის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.
_ ბატონ ვალერისაც ვკითხე და თქვენც მინდა გკითხოთ, _ რა მოლოდინი გაქვთ სასამართლოსგან მას შემდეგ, რაც დაცვის მხარე შუამდგომლობას შეიტანს?
_ იმედია, მოგვეცემა სამართლიანი სასამართლოს უფლება და თუ ასეთი უფლება არ წაგვერთმევა, მაშინ სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდება.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შიმშილობის გამოცხადებიდან დღემდე აქტიურად ადევნებს თვალყურს საზოგადოებრივი ცენტრი „ემპათია“, რომლის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა სააკაშვილი არაერთხელ გასინჯეს და შესაბამისი დასკვნებიც მოამზადეს, როგორც ცალკეული, ასევე შემაჯამებელი.
„ქრონიკა+“ დაინტერესდა, როგორ აფასებს „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღეს:

_ „ემპათიის“ დასკვნა უკვე ცნობილია. ერთი წლის მანძილზე ადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. როგორია თქვენი ამჟამინდელი პროგნოზები მის დიაგნოზთან დაკავშირებით?
_ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე არ იყო სახარბიელო არასწორი მკურნალობის შედეგად. შემდგომში გაგრძელდა ეს არაადეკვატური სამედიცინო მომსახურება და ამის ფონზე მდგომარეობა დამძიმდა. გარდა ამისა, მდგომარეობის დამძიმებაში გარკვეული როლი ითამაშა არაადამიანურმა მოპყრობამ და მის წინააღმდეგ განხორციელებულმა არაადეკვატურმა ქმედებებმაც. ახლაც ბოლო დღეებში კიდევ უფრო დამძიმდა იმის გამო, რომ ექსპერტების ნაცვლად მასთან პალატაში შევიდა სასამართლო მაშინ, როდესაც მას ჰქონდა სიცხე და ჩვენ გაცემულიც გვქონდა ცნობა იმის თაობაზე, რომ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია სამართალწარმოება და სამართლებრივ პროცედურებში მისი მონაწილეობა, სანამ არ იქნება ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა. ამას მოჰყვა მდგომარეობის დამძიმება. მას ჰქონდა არტერიული კრიზი, რასაც მოჰყვა შემდგომი ნეიროფსიქოლოგიური და ფსიქოსომატური მდგომარეობის დამძიმება და დღეს მივიღეთ კიდევ უფრო პროგრესირებადი პროცესი. ჩვენი რეკომენდაციები კვლავ ძალაში რჩება. ველოდებით, ამავდროულად, ჩვენი ამერიკელი კოლეგების დასკვნებსაც, რომელთა საფუძველზეც შემდგომში მომზადდება სასამართლოში შესატანი შუამდგომლობა. იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო შესაბამისს გადაწყვეტილებას მიიღებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.
_ უცხოელი და ქართველი ექსპერტების შეხედულებები რამდენად არის თანხვედრაში?
_ ვფიქრობ, რომ თანხვედრაშია. ჩვენ კიდევ ვაპირებთ გარკვეულ დეტალებზე შეთანხმებას და შემდგომში დასკვნა დაიდება. ნებისმიერი ობიექტური შეფასება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც გაიცემა ამერიკელი კოლეგების მიერ, თანხვედრაში იქნება ასევე ობიექტურად შედგენილ ცენტრ „ემპათიის“მომზადებულ დასკვნასთან.
_ ალბათ გაეცნობოდით „ვივამედის“ მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ პასუხს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. როგორ შეაფასებდით აღნიშნულ დასკვნას?
_ ჩემთვის უცნობია „ვივამედის“ დასკვნა. შესაძლოა, პაციენტი არ საჭიროებდეს ინტენსიურ თერაპიას, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და თუ არ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული, ადეკვატური მკურნალობა და რეაბილიტაცია, მდგომარეობა მივა კრიტიკულ ზღვრამდე. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ არის საჭირო დროული რეაგირება საკითხის მიმართ.
_ ბოლოს მინდა გკითხოთ, შეიძლება ძალიან მძიმე იყოს ამაზე საუბარი, მაგრამ თუ პროცესები კიდევ უფრო გაჭიანურდება და სასამართლო მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, რა შედეგებთან შეიძლება მოგვიწიოს შეჯახება?
_ კონკრეტულ პროგნოზებზე ახლა არ ვისაუბრებ, ეს არაეთიკური მგონია, მაგრამ თუკი სასამართლო არ მიიღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას, უნდა მოხდეს შემდგომი რეაგირება და, ალბათ, საქმე მივა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომდე.

„ქრონიკა+“ აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს და ყველა სიახლეს მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ.