კახა მიქაია: „მიხეილ სააკაშვილმა თავისი პარტია უნდა ამხილოს“

შორენა მარსაგიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ რამე სერიოზული კომენტარი კომენტარისვე გამკეთებლის არასერიოზულობაზე მეტყველებს. ამის მიუხედავად, მიქაია ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ყოველგვარ ზღვარს გასცდა.

რა თამაშს თამაშობს ბიძინა ივანიშვილი? როგორ „გამოავლინეს“ აშშ-ის აგენტები საქართველოში? რატომ დაკარგა აზრი ლუსტრაციის კანონის მიღებამ? რატომ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში უკრაინამ? რა უნდა გააკეთოს მიხეილ სააკაშვილმა? _ ამ თემების შესახებ კახა მიქაია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება.

_ კახა, რამდენიმე წლის წინათ თქვენ ჩვენს გამოცემასთან თქვით, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებზე სერიოზული კომენტარი შენსავე არასერიოზულობაზე მეტყველებსო. ამის მიუხედავად, ალბათ, თქვენც გაგიკვირდათ, რომ იმ დროს, როცა ქვეყანა თავზე გვემხობა, ხელისუფლებამ ღორებისა და ხბოების დასაცავად მოიცალა. სადამდე შეიძლება მათი არასერიოზულობა გაგრძელდეს?

_ ყველაფერს აქვს ზღვარი, მათ შორის, არასერიოზულობასაც, მაგრამ „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ზღვარი არ არსებობს. კიდევ უარესს ველი მათგან. ყველანი მოისმენდით, ალბათ, დ’არტანიან-დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას სალომე ზურაბიშვილის მოწოდებაზე. პრეზიდენტმა „ოცნებიდან“ წამოსულ ოთხეულს მოუწოდა, რომ ასე საუბარი არ შეიძლება არც ევროპელებსა და არც ამერიკელებზე. ამ მოწოდების საპასუხოდ ღარიბაშვილმა აშშ-ის მიმართ რიტორიკა შეცვლა. სამაგიეროდ, გამოვარდა დ’არტანიან-ხუნდაძე და თქვა, რომ ოთხეული დამთავრდა კი არა, ახლა იწყებს მოქმედებასო.

ამ მარიონეტებსა და ბრიყვებს შესანიშნავად მართავს ბიძინა ივანიშვილი. „ქართულ ოცნებაში“ სხვებს სიტყვის უფლება არ გააჩნიათ: არც პრემიერს, არც უმრავლესობას, არც ოთხეულს, არც ხუთეულს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოებული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ დარჩეს რუსულ ორბიტაზე. ბიძინა ივანიშვილი არის თავიდან ბოლომდე რუსული პროექტი. ბიძინა ივანიშვილმა ფსონი საბოლოოდ დადო რუსეთზე.

_ იმ რუსეთზე დადო ფსონი, რომელსაც უკრაინაში ძალიან მძიმედ მისდის საქმეები და, როგორც ექსპერტები ამბობენ, მალე დამარცხდება?

_ რუსეთს უკრაინაში მართლა ძალიან ცუდად მისდის საქმე და მისი დამარცხება გარდაუვალია. ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი რუსეთზე დებს მაინც ფსონს. ის იმდენად არის კრემლსა და ФСБ-ზე დამოკიდებული, რომ მას რუსეთი ლავირების საშუალებას არ დაუტოვებს.

_ იქნებ, თავადაც არ სურს ლავირება? წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაცას მაინც მოახერხებდა.

_ ვერ მოახერხებდა. ალბათ ყველამ იცით ბიძინას საყვარელი გამოთქმა: „უნდა მოვახერხოთ“. რაღაც პრობლემა რომ იქმნებოდა, სულ ამ ფრაზას გაიძახოდა. ამჯერად ლავირებას ვერ მოახერხებს. ბიძინამ რაც მოახერხა, სახეზეა. მან დაანგრია ქართული სახელმწიფოებრიობა, ეჭვქვეშ დააყენა ჩვენი დამოუკიდებლობა, გაყო და გაანადგურა ქართული პოლიტიკური სპექტრი და, მასთან ერთად, საზოგადოებაც, ივანიშვილმა თავისი ჭკუით საბოლოოდ მიაბა საქართველო რუსეთს. დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი საბოლოოდ მაინც გაუწევენ მას წინააღმდეგობას.

საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა სახელმწიფოებრიობისთვის თუ მარცხით დასრულდა და ქართულმა საზოგადოებამ ვერ გაუწია წინააღმდეგობა ივანიშვილს, მაშინ ჩვენი ხალხი და ქვეყანა არ ყოფილა დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის ღირსი.

_ ჯერჯერობით არ ჩანს წინააღმდეგობა და ივანიშვილი მარტივად აკეთებს თავის გასაკეთებელს.

_ დღეს ქართული საზოგადოება არის ინდიფერენტული, ქართული პოლიტიკური სპექტრი კი _ განადგურებული. ამიტომ ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევის მზაობა არ შეინიშნება. როცა ამ სიტყვებს ვამბობ, ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე. სამწუხაროდ, არ ვცდები.

_ საზოგადოება ინდიფერენტულია, მაგრამ ოპოზიციას რა სჭირს? მათ შორის, „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც პროდასავლურობაზე აპელირებს გამუდმებით? ის რატომ არ აქტიურობს?

_ კარგა ხნის წინ ვთქვი, რომ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობასა და მათ პროდასავლურობას ეჭვქვეშ ვაყენებ. „ნაცმოძრაობა“ იმდენად დისკრედიტებულია, რომ ქართული საზოგადოება მას არ მიიღებს. როდესაც ეს ვთქვი, მაშინ ბევრი ვინმე დამიპირისპირდა და ქვების სროლაც დამიწყო. დრომ აჩვენა, რომ სიმართლეს ვამბობდი.

ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება, მის გარშემო გაერთიანება და დროშის აფრიალება, ძალიან ცუდად დასრულდა. „ნაციონალებმა“ და სააკაშვილმა ბოლომდე ვერ გააცნობიერეს, რომ ისინი უკვე წარსული არიან. ჩადენილ დანაშაულებსა და შეცდომებზე მათ ბოდიშის მოხდათ არ სურთ. ისინი პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ.

_ სააკაშვილს რაც შეეხება, ის ქართული პოლიტიკიდან გამიჯვნას აპირებს. ამის შესახებ უკვე გაკეთდა განცხადებები.

_ სააკაშვილი ცოტა ადრე რომ გამიჯვნოდა ქართულ პოლიტიკას, ეს მისთვისაც კარგი იქნებოდა და _ ქვეყნისთვისაც. მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა. აქედან გამომდინარე, მე სააკაშვილის პოლიტიკოსობას ვერ დავიჯერებ და არც იმ მოსაზრებას დავეთანხმები, რომ ის ჭკვიანია. როდესაც ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დაბალი განათლების ადამიანია, ასე გამოგიყენებს, სირცხვილია, რომ პოლიტიკოსობაზე გქონდეს პრეტენზია.

_ ბიძინა ივანიშვილი არ არის ხელწამოსაკრავი ფიგურა. სხვა თუ არაფერი, მან იმ შავბნელ 90-იანებში რუსეთში დიდი ფული იშოვა და ცოცხალი გადარჩა. ეს ბევრმა ვერ შეძლო.

_ ვერ დაგეთანხმებით. 90-იან წლებში ფული რომ იშოვა, ეს არაფერს ნიშნავს. ის მაშინ მაქინაციებში იყო ჩართული, კრემლის ვარსკვლავბიჭუნა იყო და მას რუსეთი აკონტროლებდა. ფული ივანიშვილს არ უშოვია, ფული მას კრემლმა და ლუბიანკამ აშოვნინა. თუ ივანიშვილმა გამოიყენა მიხეილ სააკაშვილი, რუსეთმა ვანიშვილი გამოიყენა. კრემლმა ბიძინას საქართველოში საშინელებები გააკეთებინა.

_ ბევრი რამე გააკეთებინა ივანიშვილს კრემლმა, მაგრამ რა შედეგი მიიღო? საქართველოში დღემდე უმრავლესობა ანტირუსული განწყობისაა.

_ ღმერთმა არ ქნას, რომ მთელი ქართული საზოგადოება დამოკიდებული იყოს ან მიხეილ სააკაშვილზე, ან ბიძინა ივანიშვილზე. მე პიროვნულად ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ, თორემ ქართულ საზოგადოებაში რომ წინააღმდეგობის მუხტი არსებობს, ამაში ეჭვი არ შემპარვია. ქართულ საზოგადოებას არ ჰყავს წინამძღოლი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ბიძინა ივანიშვილს. ღმერთმა არ ქნას, ჩვენი ხალხი იმ ზომამდე მივიდეს, რომ თეთრი და შავი ერთმანეთისგან ვერ გაარჩიოს.

დღეს საქართველოში ძალიან მძიმე პერიოდია. ქართული საზოგადოება ინდიფერენტულია იმის გამო, რომ არ არსებობს მოძრაობა. პოლიტიკური სპექტრი არის სრული უძრაობის ხანაში. ეს ეხება როგორც ოპოზიციურ სპექტრს, ასევე _ მმართველ ძალას.

_ ახლა გადავიდეთ მეოცნებეთა ანტიამერიკულ ვნებებზე. თქვენი აზრით, რისთვის დასჭირდა ივანიშვილს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ლანძღვა? რუსეთმა ხომ ამის გარეშეც იცის, რომ ბიძინა მათი კაცია?

_ ამერიკის ლანძღვა ბიძინას არაფერში სჭირდებოდა. რუსეთს დასჭირდა ამერიკის ლანძღვა და ივანიშვილმაც დაიწყო. ამაზე უარს ვერ ეტყოდა. ზემოთ გითხარით, რომ მას ლავირების საშუალება არ გააჩნია.

_ ამერიკას ივანიშვილი ხუნდაძესა და სუბარს ალანძღვინებს. ისინი რომ აშშ-ს ლანძღავენ, ეს ამ ქვეყნის მიმართ უფრო დიდ სიმპათიებს აჩენს. ამაზე არ უფიქრია ივანიშვილს?

_ შეიძლება უფიქრია, მაგრამ სხვა გზა არ აქვს და სუბარ-ხუნდაძის პირით ლანძღავს შეერთებულ შტატებს. ეს ჩვენი უბედურება და პრობლემაცაა. ჩვენი ბრალია, ესენი სტრატეგიული პარტნიორების ლანძღვას რომ ბედავენ და რუსულ თამაშს თამაშობენ. საქართველოში კრემლის პოლიტიკა რომ აწარმოო, ამას გაბედვა უნდა. როგორც ვატყობ, კრემლი დარწმუნებულია, რომ მათ შეუძლიათ პოლიტიკური თამაშის ასეთი დღის წესრიგის შეთავაზება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არც ხუბდაძე, არც ღარიბაშვილი, არც სუბარი არაფერ შუაში არ არიან, ეს არის კრემლის დავალება, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს.

ღმერთმა არ ქნას, ეს პოლიტიკა კრემლისა და ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდეს. თუმცა უკვე პრობლემაა, როდესაც ესენი ამ ყველაფერს ბედავენ. აქ პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებასაც აქვს პრობლემა. კრემლი რას იზამს და რას გააკეთებს, ამის გამოცნობა რთული არ არის. რთული ასატანია ის, რომ კრემლი შენ ამას გიბედავს. ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემა არის შენში და არა კრემლში.

_ ამერიკის აგენტების თემაზეც ვისაუბროთ. ხელისუფლების მხარდამჭერებმა სია გამოაქვეყნეს, სადაც ისეთი ხალხი მოხვდა, რომელსაც აქამდე რუსეთის ხალხს ეძახდნენ. ერთ-ერთი ასეთი გიორგი გახარიაა.

_ გახარიაც იყო რუსეთის კაცი და ვანო მერაბიშვილიც, აღარაფერს ვამბობ მიხეილ სააკაშვილზე. რა მიკვირს, იცით? რატომ არ მოხვდა ამ სიაში თემურ ალასანია? ის კაცი ამერიკაში ცხოვრობს. ის ხალხი, ვისაც ახლა აშშ-ის აგენტებად შერაცხეს, ცოტა ხნის წინ რუსეთის აგენტებად ითვლებოდნენ. გავა დრო და მათ კამბოჯის აგენტებად გამოაცხადებენ. ნაურუსა და მავრიკიის აგენტებადაც შეუძლიათ გამოაცხადონ. ამ სიის გამომქვეყნებლებთან მაქვს შეკითხვა, _ მაინტერესებს, რუსეთის აგენტების სიას რატომ არ აქვეყნებენ? ეს, ეტყობა, უკვე არარელევანტურია. იმდენად აქვთ ნიღბები ჩამოხსნილი КГБ-ს ბებერ და ჯუნიორ ბოზ…ბს, რომ არაა მათი სიის გამოქვეყნება რელევანტური.

_ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, სულ საუბრობენ იმაზე, რომ საჭიროა ლუსტრაციის კანონის მიღება, მაგრამ ამ კანონს არავინ ღებულობს.

_ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დავწერე და თქვენთანაც გავიმეორებ, რომ საქართველოში ლუსტრაციის კანონის მიღება საჭირო აღარ არის.

_ რატომ არ არის საჭირო?

_ უკრაინა-რუსეთის ომმა ყველა აგენტი გამოავლინა, ამიტომ ლუსტრაციის კანონის მიღება საჭირო აღარ არის. ყველაფერი ნათელია.

_ ამ ომმა მართლა ბევრის ნამდვილი სახე გამოაჩინა და ისეთი ხალხი აღმოჩნდა რუსეთის მხარეს, რომ ამას, ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდით.

_ სიმართლე გითხრათ, დღეს უკვე აღარაფერი მიკვირს. ზღვარი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ივანიშვილისა და „ოცნების“ მოღალატეობასა და უტიფრობას ზღვარი არ აქვს.

_ „ნაციონალების“ უტიფრობას თუ აქვს ზღვარი? მათ ციხეში მიატოვეს პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. მე და თქვენ რომ არ მოგვწონს სააკაშვილი, ეს ნორმალურია, მაგრამ ის ხალხი, რომელსაც მესამე პრეზიდენტმა ცხოვრება აუწყო და მისი წყალობით არის, ვინც დღეს არის, რატომ იქცევა ასე უნამუსოდ?

_ ისინი სააკაშვილზე ხმას საერთოდ არ იღებენ და არც მომავალში ამოიღებენ. მეეჭვება, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში რაღაც ფორმით დაბრუნდეს, მაგრამ თავად მასაც აქვს პრობლემა. მიშა სააკაშვილს თუ ვინმესთან უნდა ჰქონდეს პრეტენზია, ეს, პირველ რიგში, მისი პარტიაა. მან საკუთარ პარტიას მიხედოს, ჯობია.

_ ციხიდან როგორ უნდა მიხედოს პარტიას?

_ შეუძლია, როგორ არ შეუძლია.

_ რისი გაკეთება შეუძლია პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს?

_ თავისუფლად შეუძლია გააკეთოს განცხადებები და საკუთარი პარტიის წევრები ამხილოს.

_ საინტერესო იქნებოდა ეს მხილების კამპანია.

_ ძალიან საინტერესო იქნება. მიხეილ სააკაშვილი უნდა მოყვეს, თუ როგორ უღალატეს მას თანაპარტიელებმა. ჩემი დიდი ხნის წინ ნათქვამი ახდა ბოლომდე, მიშა სააკაშვილი არასოდეს ყოფილა დამოუკიდებელი პოლიტიკოსი. მეტიც: ის პოლიტიკოსიც არ ყოფილა. მიშა, უბრალოდ, იმ ტალღაზე მოვიდა ქვეყნის სათავეში, რასაც ერქვა „ვარდების რევოლუცია“. თავისი მოღვაწეობით მან დაამტკიცა, რომ პოლიტიკოსი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დაუშვებდა კატასტროფულ შეცდომებს. მან ჩაიდინა დანაშაულებები და ბოლოს, კრახით დაასრულა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა. ეს მოსალოდნელიც იყო.

_ დარწმუნებული ხართ, რომ მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური მოღვაწეობა დაასრულა?

_ ასე ჩანს, რომ დაასრულა, მაგრამ ის შეიძლება, კიდევ ვინმემ გამოიყენოს. და თუ ვინმესთან უნდა ჰქონდეს მას პრეტენზიები, ეს, პირველ რიგში, მის მიერ შექმნილი „ნაციონალური მოძრაობაა“.

_ „ნაციონალური მოძრაობა“ მიშას გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ?

_ ძალიან მიჭირს ამ პარტიაზე სერიოზულად საუბარი. გეტყვით იმას, რაც რამდენიმე წლის წინათ „ქოცებზე“ გითხარით. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ სერიოზული კომენტარის გაკეთება შენსავე არასერიოზულობაზე მეტყველებს. „ნაცები“ და „ქოცები“ ჩემთვის ერთი ძალაა. მათ შორის ტოლობის ნიშანი კარგა ხნის წინ დავსვი.

_ 2014 წელს მათ ურჩიეთ, სხვადასხვანაირი მაისურები ჩაიცვით, ერთმანეთისგან რაღაცით რომ გაგარჩიოთო.

_ დიახ. ეს თავიდანვე ნათელი იყო. რომ მიმხვდარიყავი, ერთ ძალას წარმოადგენდნენ, ამას რაიმე შორსმჭვრეტელური ნიჭი არ სჭირდებოდა. ისიც ნათელი იყო, თუ სადამდე მიიყვანდა ამათი პოლიტიკური თამაშობები ჩვენს სახელმწიფოებრიობას. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზი გამართლდა.

_ თქვენი პროგნოზები თუ მართლდება, მაშინ უკრაინის ომზეც გავაკეთოთ პროგნოზი. როგორ დამთავრდება ომი უკრაინაში, ამაზე პირდაპირ არის დამოკიდებული საქართველოს მომავალი.

_ ჩვენი ევროპული მომავალი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი ჩვენს მეგობარ უკრაინაში. რაც შეეხება უკრაინას, ვერ ვმალავ აღფრთოვანებასა და აღტაცებას უკრაინელი ხალხის მიმართ. აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი მებრძოლებით. ჩემი პატივისცემა უკრაინელ ერს, რომელმაც ასეთი მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ოკუპანტებს. რუსეთისთვის ასეთი წინააღმდეგობის გაწევა ევროპაში არცერთ ერს არ შეეძლო. მე ქედს ვიხრი უკრაინელების წინაშე.

_ აქვე ვთქვათ, რომ რუსებს ქართველებმაც გაუწიეს წინააღმდეგობა.

_ ამაზეც ვიტყვი. მეამაყება, როდესაც ვხედავ, როგორ იბრძვიან ქართველები უკრაინაში. მე ვარ მათთან, მათ ვუცხადებ სოლიდარობას. ეს არის ჩვენი ტკივილი და ჩვენი ომი. კრემლის აგენტები, КГБ-ს ბებერი და ჯუნიორი ბოზ…ბი ამას არასდროს აღიარებენ, მაგრამ ეს ჩვენი ომია. საქართველოს ბედი დღეს უკრაინაში წყდება. უკრაინა აუცილებლად მოიგებს ამ ომს!

გასულ კვირას კარტოფილის რაინდი, ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო გამოხტა და განაცხადა, ზალუჟნისა და ზელენსკის შორის წინააღმდეგობააო. ლუკაშენკოს აზრით, უკრაინაში სამხედრო გადატრიალება იქნება. აქეთ КГБ-ს ქართველი ბოზ…ბი აგინებენ ზელენსკის და პუტინს უჭერენ მხარს. კრემლის აგენტურა დასავლეთშიც კარგად მუშაობს. ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ უკრაინაში ომი მოლაპარაკებით დამთავრდეს.

მოლაპარაკებასთან დაკავშირებით ძალიან კარგი რამე თქვა ბორის ჯონსონმა, _ არ შეიძლება მოელაპარკო დათვს, როდესაც ის შენს ფეხს ჭამს. კარტოფილის რაინდებს არავინ ეკითხება, იქნება თუ არა მოლაპარაკებები. დასავლეთს რაც შეეხება, უკრაინაში მიმდინარე ომი მათი ომიცაა. ეს არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის ომი. დღეს ცივილიზებული დასავლეთი საქართველოსთან ერთად ებრძვის ურდოს. ამ ომში უკრაინელების დამარცხება დასავლეთის დამარცხება იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთი ამ ომში უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს.

უკრაინელები აუცილებლად გააგრძელებენ ომს. ისინი საბოლოოდ გაიმარჯვებენ. და თუ ამისი კიდევ ვინმეს არ სჯერა, მათ ვურჩევ ერთ რაღაცას: წაიკითხონ, თუ რას ამბობდა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი უკრაინასა და უკრაინელებზე.

_ დუდაევმა ბევრი წლის წინათ თქვა, _ რუსეთის მზე ჩაესვენება მაშინ, როცა უკრაინის მზე ამოვა.

_ დიახ. ვისაც უკრაინის გამარჯვებაში ეჭვი ეპარება, წაიკითხონ ჯოხარ დუდაევის მოსაზრებები.

_ როცა ომი დაიწყო, რომელიღაც უკრაინელმა დაწერა რუსებზე, _ კიევმა მონათლა და კიევივე აუგებს რუსეთს წესსო.

_ აბსოლიტურად ვიზიარებ ამ მოსაზრებას. რუსეთის იმპერია აუცილებლად დასრულდება უკრაინაში.

_ რუსეთის იმეპრიის დასრულებაში საქართველოს წვლილიც იქნება და არა იმიტომ, რომ უკრაინაში იბრძვიან ჩვენებურები, ჩვენ პირველები ავუმხედრდით რუსებს.

_ ჯერ იყო 1989 წლის 9 აპრილი, მერე იყო დამოუკიდებლობის გამოცხადება და ეროვნული მთავრობის არჩევა, რომელიც რუსებმა დაამხეს. 1991 წლის მოვლენებს სამხედრო გადატრიალება რომ შეარქვეს, თვალში ნაცრის შეყრაა ქართული საზოგადოებისთვის. ეს იყო რუსული აგრესია ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ; მერე იყო ომი აფხაზეთში, ამას მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომი. რუსეთ-საქართველოს ომი დღესაც მიმდინარეობს უკრაინაში. იქ ქართველი მებრძოლები რუსების წინააღმდეგ იბრძვიან.

_ ინტერვიუს ბოლოს უკრაინასა და, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას ამ ომში გამარჯვება ვუსურვოთ.

_ რა თქმა უნდა, გამარჯვება ვუსურვოთ. დარწმუნებული ვარ, რომ საუკუნეების წინათ დაწყებული ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობისთვის გამარჯვებით დასრულდება. დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას! ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს!