როცა მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხეშია _ ომბუდსმენის კონსილიუმის შემაჯამებელი დასკვნა

ნენე ინჯგია

19 იანვარს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, სამედიცინო კონსილიუმთან ერთად წარადგინა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული მორიგი დასკვნა.

ვინ არიან კონსილიუმის წევრები?

• გიორგი გრიგოლია _ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;

• გრიგოლი ხურციძე _ შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა;

• გიორგი კაჭარავა _ კარდიოლოგი;

• გიორგი პაპიაშვილი _ კარდიოლოგი/არითმიოლოგი;

• აიდა გოზალოვა _ ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი;

• მამუკა მაჩაიძე _ ინფექციონისტი, თერაპევტი;

• თენგიზ წულაძე _ ნევროლოგი;

• ნინო ზავრაშვილი _ ენდოკრინოლოგი;

• მარინე კურატაშვილი _ ფსიქიატრი.

რა წერია სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ მომზადებულ დასკვნაში?!

დასკვნაშია აღნიშნულია, რომ სომატური თვალსაზრისით პაციენტის ფარმაკოლოგიური მკურნალობა მიმდინარეობს და მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია.

„დეპრესიისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობის პირველი რიგის მიდგომაა ფსიქოთერაპია, რაც პაციენტს არ უტარდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეკომენდაცია სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა, ჯერ კიდევ, 2021 წლის 25 ნოემბრის დასკვნით გასცა. ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ არსებულ პირობებში (იგულისხმება როგორც საპატიმროს სპეციფიკა, ასევე კონკრეტული პაციენტის პატიმრობის კონტექსტი) სრულყოფილი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე, ნაკლებად რეალისტურია.

მიუხედავად მრავალჯერადად გაცემული რეკომენდაციისა, იმასთან დაკავშირებით, რომ პაციენტს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რომელიც საჭიროებს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას, სამწუხაროდ, ეს მკურნალობა არ ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება. ჯგუფი ამ ეტაპზე ვერ აიდენტიფიცირებს სხვა სამედიცინო საშუალებებს, რომელსაც შეუძლია მდგომარეობის გაუმჯობესება, გარდა ჩვენ მიერ მანამდე და წინამდებარე დასკვნაში ჩამოთვლილი ღონისძიებებისა. ხსენებული ღონისძიებების ჩაუტარებლობის შემთხვევაში, მოსალოდნელია მდგომარეობის დამძიმება, კერძოდ, სტრესული აშლილობისა და დეპრესიის გაღრმავება.

გახანგრძლივებული ნევოლოგიური სიმპტომატიკა თიამინის (ვიტამინი B1) დეფიციტის ფონზე განვითარებული ვერნიკეს ენცეფალოპათიისა და ნეიროპათიის შედეგია“, _ ნათქვამია დასკვნაში.

რა განმარტებები გააკეთეს სახალხო დამცველმა და კონსილიუმის წევრებმა?!

სახალხო დამცველმა და კონსილიუმის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რეკომენდაციები, რომელსაც კონსილიუმი ამ დროის მანძილზე გასცემდა არ იყო შესრულებული.

„ჩვენ დავინახეთ ამ სამი ვიზიტის განმავლობაში, რომ არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა. ძირითადად პაციენტი იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, თუმცა კვლავ შეუსრულებელია ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე, რომელიც გავეცით, ჯერ კიდევ, ნოემბრის ბოლოს.

თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება, როგორც მკურნალობის მეთოდებთან, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ დამატებით განვახორციელოთ ვიზიტი, ვინაიდან სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის. ამიტომ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს ანგარიში, შეფასებები და რეკომენდაციები იქნება შემაჯამებელი პაციენტის მდგომარეობისა და აუცილებელი სამედიცინო დახმარების შესახებ“, _ განაცხადა სახალხო დამცველმა.

კონსილიუმის წევრმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა გიორგი გრიგოლიამ თქვა, რომ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის ფსიქონევროლოგიური თერაპია:

„დარჩება ამ დონეზე თუ გაღრმავდება დეპრესია და ფსიქონევროლოგიური აშლილობა, ძნელი სათქმელია. თუ ძირითადად ის, რაც იწვევს ამას, მოხსნილი არ არის, სავარაუდოდ, უნდა ვიფიქროთ, რომ ან არ გაღრმავდება, ან გაღრმავდება. ჩემი პირადი აზრია, რომ მისი ფსიქონევრლოგიური თერაპიული რეაბილიტაცია გორის საავადმყოფოში უფრო შესაძლებელი იყო, მაგრამ, რატომღაც, ეს არ გაითვალისწინეს. ახლაც შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად რეალურია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს პენიტენციურ დაწესებულებაში… მე ცოტა არ მჯერა, რომ სრულყოფილი რეაბილიტაცია შესაძლებელია იქ, სადაც ის იმყოფება. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მცდელობაც არ ყოფილა ამის“.

სამედიცინო კონსილიუმის წევრ თენგიზ წულაძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან 11 იანვარს განხორცილებული უკანასკნელი ვიზიტის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო:

„საჭიროა მედიკამენტოზური მკურნალობის გარდა, ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა არა შეუძლებელი და უნდა იყოს ნაცადი. თუ არ ჩატარდა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, შესაძლოა გაღრმავდეს დეპრესიაც და პოსტტრავმული სტრესული აშლილობაც. დეპრესია ზრდის სხვადასხვა ავადობას, ასევე სუიციდურ ფიქრებსაც. თუმცა შესაძლოა, ის არც გაღრმავდეს.

ფსიქოთერაპია და ფიზიკური რეაბილიტაცია, ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს მისი ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენასაც. დამატებითი კვლევის თვალსაზრისით მიგვაჩნია, რომ უნდა ჩატარდეს მაგნიტო-რეზონანსული კვლევა. ადრეც გაჟღერდა ეს საკითხი. მართალია, იგეგმება, მაგრამ ჯერ არ ჩატარებულა. ხოლო ნევროლოგიური თვალსაზრისით, საჭიროა მონიტორირება ნევროლოგის მიერ და იმ შემთხვევაში, თუ დაავადება პროგრესირდება, შესაბამისი კვლევების ჩატარება სიმპტომატიკის მიხედვით“.

როგორ აფასებს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას?

გიული ალასანია „ქრონიკა+“-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისასალმებელია კონსილიუმის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა, თუმცა ცუდია, რომ სააკაშვილის მონახულების უფლებას ცენტრ „ემპათიასა“ და მის პირად ექიმს არ აძლევენ:

„სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები პროფესიონალები არიან. სასიამოვნო ფაქტია, რომ შევიდნენ ციხეში და ნახეს მისი (სააკაშვილის) მდგომარეობა. ერთადერთი, რასაც დავამტებ არის ის, რომ მას (სააკაშვილს) კუჭ-ნაწლავის გამოკვლევებიც სჭირდება, რადგან სრულყოფილად ვერ იკვებება. კარგია, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებს მიეცათ მისი მონახულების შესაძლებლობა, თუმცა ცუდია ის, რომ პერსონალურ ექიმს და ცენტრ „ემპათიას“

არ უშვებენ. ძალიან ცუდია, რომ არ ითვალისწინებენ სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას.  მაშინ, როცა თავდაპირველად მიშა რუსთავის ციხეში იყო, კალიუმი დაეცა, ნიკა (ნიკოლოზ ყიფშიძე) იმ მომენტში იქ იმყოფებოდა, გარეთ რეანიმობილიც იდგა და ნიკამ თავისი ხელით გაუკეთა გადასხმა. ასეთი რამ ყოველ წუთს შეიძლება დაემართოს ადამიანს, რომელიც არ არის ჯანმრთელი. ასეთ ვითარებაში პირად ექიმს შესვლის უფლებას არ აძლევენ, ეს არის ყველანაირი კანონის დარღვევა. ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ უწყებამ უნდა გაითვალისწინოს ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის რეკომენდაციები.

ჩემი შვილი საკონცენტრაციო ბანაკში თუ არის, ეს უნდა ვიცოდეთ, _ ასე როგორ შეიძლება?! ყველასთვის ყველაფერი ნათელია, ჩვენ მე-14 საუკუნეში ხომ არ ვცხოვრობთ?! ყველანაირი ინფორმაცია ყველასთვის ცნობილია. ვითარება ვიცით, ბოლოს და ბოლოს, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. 1995 წელს რომ ჩამოვიდა, მას შემდეგ მიშას არ დაუსვენია, მანამდე მე-5 კურსიდან ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რომ საქართველო „ეუთოში“ გააწევრიანა, არასდროს დაუსვენია _ ამას იმსახურებდა, რაც ახლა მივიღეთ?! ფაქტია, რომ ეს ყველაფერი, რაც ახლა ჩვენს თავს ტრიალებს, არანორმალურია. ფაქტობრივად, სახელმწიფო აღარ არსებობს, როგორც კი ვინმე რამეს იტყვის და სწორ ნაბიჯს გადადგამს, იმ დაწესებულებას (სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური) აუქმებენ. ამ ქვეყანაში უკვე ყველას ყველაფრის ეშინია, ხალხს ხმა ვეღარ ამოუღია“.

ცენტრ „ემპათიის“ პოზიცია სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმის დასკვნაზე

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნული ნევროლოგიური სიმპტომატიკა ქრონიზაციაზე მიუთითებს:

„სახალხო დამცველმაც აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ნევროლოგიური სიმპტომატიკა კვლავ რჩება, რაც უკვე ქრონიზაციაზეც (მწვავე პათოლოგიური პროცესის ქრონიკულში გადასვლა, _ რედ.) მიუთითებს. ასევე არის ფსიქოლოგიური პრობლემები. ვფიქრობ, რომ ეს გამოწვეულია ზოგადი სომატური მდგომარეობით. პრაქტიკულად, შეუძლებელია იქ (ციხეში) ადეკვატური მკურნალობა და რეაბილიტაცია, რასაც ჩვენ ვამბობდით და არაერთ დაკვნაში გვაქვს დაწერილი. მით უფრო, რომ არ უშვებენ არც პირად ექიმებსა და არც „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფს. ამჟამად არ მიმდინარეობს არც მულტიპროფილური დიაგნოსტიკა და არც ადეკვატური მკურნალობა და რეაბილიტაცია. შეუძლებლად მიგვაჩნია ციხეთა სისტემაში ამ რეაბილიტაციის განხორციელება.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია, პენიტენციური სამსახური ყველაფერზე არაადეკვატურად რეაგირებს. სწორედ ამან გამოიწვია მდგომარეობის გამწვავება. ახლა ვდგავართ პაციენტის ინვალიდიზაციის გზაზე. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს, რომ გამოიჩინოს ნათელგონიერება და დადგეს სწორ გზაზე, შეუშვას ცენტრი „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფი და მოისმინოს აკადემიური რეკომენდაციები. სააკაშვილის მკურნალობასა და დიაგნოსტიკაში მედიცინის პროფანაციას ვხედავთ. ამიტომ უნდა გაითვალისწინონ აკადემიური რეკომენდაციები, რასაც ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტთა ჯგუფი გასცემს. უკვე არაერთხელ გავეცით ეს რეკომენდაციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სავალალო შედეგი, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, ინვალიდიზაცია, სახეზე იქნება. დღესდღეობით არის ნევროლოგიური სიმპტომატიკის ქრონიზაცია. ამ შემთხვევაში გამოსავალი იურიდიულადაც უნდა მოიძებნოს სასჯელის გადავადების სახით. დაივიწყონ, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი და ამოვიდნენ პაციენტის ინტერესებიდან“.

ცენტრ „ემპათიის“ ნევროლოგი, ოთარ თოიძე, „ქრონიკა+“-სთან ამბობს:

„ჩვენ, ექიმები, მოწოდებული ვართ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ადამიანს. თუ ამ დახმარებაზე უარს გვეუბნებიან, ეს რას უნდა ნიშნავდეს, მოსახლეობამ გადაწყვიტოს. საზოგადოებამ შეაფასოს, რას ნიშნავს, როცა არ გიშვებენ ადამიანთან, რომლის შველაც შეგიძლია.

სახალხო დამცველის დასკვნა ობიექტურად უნდა მივიჩნიოთ.

ძალიან კარგია, რომ შეიქმნა სახალხო დამცველის კომისია, რომელსაც მკურნალობის მონიტორინგი და დანიშნულების მიცემა ევალება. მეორე მხრივ, ძალიან ცუდია ის, რომ ეს ჯგუფი იშვიათად დაუშვეს პაციენტთან და ისიც მხოლოდ კრიტიკულ მომენტში. რაც შეეხება დასკვნას, ის ადეკვატურად ასახავს დღევანდელ მდგომარეობას და საკმაოდ მკაცრია, თუმცა არც ისე მკაცრად ჟღერს, მაგრამ სამედიცინო თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ეს მკაცრი დასკვნაა, სადაც ხაზგასმულია, რომ ამ ავტორიტეტული კომისიის რეკომენდაციები არ შესრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო დანიშნულება, მკურნალობის ტაქტიკა, რომელსაც სწორად მიიჩნევენ მაღალი კვალიფიკაციის ექიმები, უგულებელყოფილი იქნა, ანუ პაციენტმა ვერ მიიღო სათანადო დახმარება. ეს დარღვევაა როგორც სამედიცინო მკურნალობისა და ეთიკის, ასევე კანონმდებლობის. ასე რომ, სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა უნდა მივიჩნიოთ ადეკვატურად, მაღალკვალიფიციურად. კონსილიუმის წევრებმა იკითხეს, რა უნდა გავაკეთოთ, თუ ეს რეკომენდაციები არ შესრულდაო? თუ არ შესრულდა, მაინც უნდა ნახონ პაციენტი და დადონ კიდევ ერთი დასკვნა, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა, მაინც არ სრულდება ის დანიშნულება, რომელსაც კონსილიუმი გასცემს. ერთმნიშვნელოვნად, დასკვნა არის მკაცრი, ობიექტური, პერსპექტივაზე გათვლილი. მინდა აღვნიშნო, რომ კონსილიუმებთან ასე მოქცევა არ შეიძლება, რადგან კონსილიუმი ეს არის პროფესიონალების, ეთიკური და ზნეობრივი ადამიანების კრებული, რომელთაც ანგარიში უნდა გაუწიოს სახელმწიფოს ნებისმიერმა მოხელემ“.

P. შ. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად სახალხო დამცველმა განაცხადა, თუ არსებითად არაფერი შეიცვლებოდა, მესამე პრეზიდენტთან დამატებით ვიზიტს არ განახორციელებდნენ, თუმცა მოგვიანებით სახალხო დამცველმა განმარტა, რომ მის მიერ შექმნილი კონსილიუმი მუშაობას არ წყვეტს, მათ აქვთ 6-თვიანი რწმუნება და, საჭიროების შემთხვევაში, მუშაობის ვადა გაუხანგრძლივდებათ.