მედიკამენტების შესყიდვაზე „მოტეხილი“ 2 მილიონი და „ცესკოს“ ხელმძღვანელების 9 ახალ მანქანაზე გახარჯული ნახევარი მილიონი ლარი

თამარ როსტიაშვილი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს დასკვნას, სადაც სოციალური მომსახურების სააგენტოს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში წინა წლებში დაგეგმილი 23 დასახელების მედიკამენტის შესყიდვაზე უნდა დაეხარჯა 2 910 000 ლარი. ნაცვლად ამისა, შესყიდულ იქნა 2 777 063 ლარის მედიკამენტი. დანარჩენი თანხა სად წავიდა ანდა რაში გაიხარჯა _ უცნობია!

ასევე ბენეფიციარებზე გაიცა ფარმაცევტული პროდუქტის 100-დან მხოლოდ 20% და ნაშთად დარჩა 80%, ღირებულებით _ 2 235 354 ლარი. ამ გარღვევის ამოსავსებად მომდევნო წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 198%-იანი ზრდით და განისაზღვრა 10 000 000 ლარით. თუმცა ისევ დაირღვა პირობა და 10 000 000 ლარის ნაცვლად  ხელშეკრულებები გაფორმდა 7 957 202 ლარზე. იმ წლის აგვისტოში პროგრამის მოსარგებლეებს დაემატნენ ბენეფიციართა გარკვეული ჯგუფები და მედიკამენტების რაოდენობა გაიზარდა 12 სახეობით. არადა, 36 სახეობამდე უნდა გაზრდილიყო, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს წინა წლების ნაშთად ერიცხებოდა 5 587 414 ლარის ღირებულების ფარმაცევტული პროდუქტი, ხოლო 2 598 844 ლარის ღირებულების მედიკამენტის მისაღებად გადარიცხული ჰქონდა ავანსი.

ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე შეისყიდა სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა აღჭურვა შესაბამისი აქსესუარებით დაუჯდა 6 222 601 ლარი. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეისყიდა შპს „ჯითი მოტორსისაგან“ 5 ერთეული ავტომობილი _ Fორდ Fოცუს, სახელშეკრულებო ღირებულებით 182 995 ლარი. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ავტომობილების შესყიდვა აუცილებლობას არ წარმოადგენდა და განხორციელდა საბიუჯეტო სახსრების ათვისების მიზნით. კერძოდ, ცესკოს ავტომობილების შესყიდვისთვის სრულიად საკმარისი იყო წლიური გეგმით გათვალისწინებული 22 500 ლარი, ნაცვლად ამისა კი აღნიშულ შესყიდვაზე ბიუჯეტით განისაზღვრა 628 030 ლარი.  საარჩევნო კომისიის 9 წევრზე გაპიროვნებული ავტომობილებიდან ჩანაცვლდა Kია ჩერატ-ს მოდელის ავტომობილები.

ქალაქ თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე, მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსის „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი 23 000 000 ლარის ბიუჯეტით. პროექტის განსახორციელებლად შერჩეულ იქნა ე. წ. Dესიგნ-Bუილდ (DB) მეთოდი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა, რომლებმაც დააფიქსირეს შემდეგი ფასები:

შპს „ელ ჯორჯიამ“ – 22 729 965 ლარი და შპს „დაგიმ“ – 19 812 734 ლარი. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „დაგი“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება ღირებულებით _ 19 812 734 ლარი. თუმცა შემდეგ ხდება უცნაური რამ და ნაცვლად თავდაპირველად დაფიქსირებული სატენდერო თანხისა, ღირებულება განისაზღვრა 21 445 882 ლარით, მათ შორის, მომსახურებების ნაწილი _ 420 148 ლარი დღგ-ის ჩათვლით, ხოლო, სამშენებლო სამუშაოების ნაწილი _ 21 025 734 ლარი. ბაზრის კვლევის ეტაპზე მოთხოვნა ინფორმაციის წარდგენაზე დაეგზავნა 24 კომპანიას. განფასება მიღებულ იქნა სამი კომპანიისგან: შპს „საბა კონსტრაქშენი“ – 23 978 503 ლარი, შპს „ახალი სამშენებლო კომპანია“ – 23 770 722 ლარი და შპს „ელ ჯორჯია“ – 21 251 997 ლარი. კომპანიების მიერ წარდგენილი განფასებებიდან ირკვევა, რომ მათ მიერ მითითებული სამუშაოების მოცულობები და ერთეულის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

ყველა დოკუმენტაცია შესასწავლად გადაგზავნილია პროკურატურაში. იმდენად, რამდენადაც საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს ეხება, საქმეს პროკურატურის ფინანსური დეპარტამენტი სწავლობს.

საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული სურსათის უვნებლობის კონტროლის მიზნით, „მიკრობიოლოგიურ“ და სხვა მაჩვენებლებზე ლაბორატორიული კვლევების შესყიდვისთვის, წინა  წლებში შემოსავლების სამსახურმა გამოაცხადა ორი ტენდერი, სადაც ყოველგვარი ვაჭრობის გარეშე გაიმარჯვა შპს „გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა“, საერთო სახელშეკრულებო ღირებულებით _ 148 330 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა, სხვა პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია მიეცათ კვლევის რამდენიმე მაჩვენებელზე აკრედიტაციის არქონის გამო. შემდგომ შემოსავლების სამსახურმა შესასყიდი ლაბორატორიული მომსახურება განაცალკევა „მიკრობიოლოგიური“ და „სხვა მაჩვენებლების“ კვლევების მიხედვით, რომლის შედეგადაც, აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით გამოცხადებულ ორივე ტენდერში გაიზარდა პრეტენდენტთა რიცხვიც და ფასიც. შესაბამისად, საერთო ეკონომიამ შეადგინა 170 460 ლარი. წინა წლებში არაკონკურენტულ გარემოში სატენდერო პროცედურების ჩატარება დღემდე არ არის გამოკვლეული და არც საკითხია შესაბამისი პასუხისმგებლობის ქვეშ დაყენებული.

აუდიტორული პროცედურებით დადგინდა, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ საკვები პროდუქტების ნიმუშების აღების შედეგად, სურსათში აღმოჩენილი სავალდებულო გასაჯაროებას დაქვემდებარებული 936 შემთხვევიდან ინფორმაცია გამოქვეყნებულია არასწორად 288 ფაქტის შესახებ. ეს კი გამოკვლეულ ნიმუშთა 31%-ს შეადგენს. ის, რომ საკვები პროდუქტები დარღვევით იყო წარმოებული ან იმპორტირებული, ეს ინფორმაციები არ გასაჯაროვდა დროულად. არ ყოფილა გაწერილი დარღვევების კრიტერიუმები, ვადები, საზოგადოების გაფრთხილების მიზნით გამოქვეყნებულ განაცხადებში არსებული მონაცემები.

ადამიანის ორგანიზმში სურსათიდან ან სხვა წყაროებიდან მავნე ინგრედიენტების მოხვედრის გზების იდენტიფიცირებისთვის, მნიშვნელოვანია სურსათით გამოწვეული დაავადებების შესახებ სათანადო დეტალიზაციის მონაცემების არსებობა. ასეთი მონაცემთა ბაზა სურსათის უვნებლობის სააგენტოს არ გააჩნია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აღრიცხავს მხოლოდ სავარაუდო საკვებისმიერ ინტოქსიკაციებს. აღნიშნული შემთხვევები ლაბორატორიულად, როგორც წესი, არ მოწმდება და სურსათს ის უკავშირდება მხოლოდ პაციენტის მითითების საფუძველზე. ეს კი სერიოზული გარღვევაა არსებულ სქემაში. შესაბამისად, უცნობია დაავადების გამომწვევი საკვები და სურსათის სახეობა, რომლის საშუალებითაც იგი მოხვდა ადამიანის ორგანიზმში. სავარაუდო მონაცემების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს რისკების სათანადო შეფასებას. ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ არ არის შემუშავებული მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარების, ანუ „ფაქტობრივი კვების“ შესახებ მონაცემები ეროვნულ დონეზე, რაც ხელს უშლის ექსპოზიციის სათანადო შეფასებას.