სად მივყავართ მატარებლის ლიანდაგს?

ელისო კილაძე

2008 წელს, როცა გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს დროშაზე ფეხის დაბიჯება მოსთხოვეს და მან უარი თქვა, ალბათ, ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა წლები და საქართველოში დადგებოდა დრო, როცა მის მშობლიურ მხარეში ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილი, მაზლის ქორწილში მოსალხენად ჩამოვიდოდა.

მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენები აღდგა. პუტინმა, უკრაინის ფრონტზე მიღებული მარცხის პარალელურად, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და „სოლნიჩნაია გრუზიას“ მეგობრობის ხელი გაუწოდა.
ამ დღისთვის პუტინი და „ქართული ოცნება“ დიდხანს ემზადებოდნენ,
მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა ქართველ ჟურნალისტ ნათია ბანძელაძეს კითხვაზე კითხვა დაუბრუნა: „გასპაჟა ბანძელადზე, კოგდა უ ვას ვიბორი?“
„ვიბორი“ არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებით, არამედ ხელისუფლებაში რუსული რბილი ძალის მოსვლით დასრულდა. რუსეთ-უკრაინის ომამდე ეს რბილი ძალა ოფიციალურად დასავლურ კურსსა და ევროპულ ღირებულებებს დეკლარირებდა, თუმცა ომის შემდგომ რიტორიკა არა მხოლოდ შეიცვალა, არამედ რუსების ტაშ-ფანდურს „ოცნების“ თავმჯდომარე უკვე „სტუმარ-მასპინძლის“ საჯარო ციტირებით ამართლებს.

რატომ საქართველო და რატომ მაინცდამაინც კახეთი?

ლავროვის ქალიშვილის მაზლმა, მიკა ვინოკუროვმა, მის რჩეულს, დიანა ახმადიშინას, წლის დასაწყისში ზიმბაბვეში ეგზოტიკური მოგზაურობისას სთხოვა ხელი. მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და ხელის მოწერის ცერემონიალისთვის საქართველოში ჩამოვიდა. ქორწინების სახლში ამბობენ, რომ წყვილმა ორი თვით ადრე დაჯავშნა ხელმოწერის ადგილი და დოკუმენტებიც წესრიგში ჰქონდა. ევროპის ქვეყნებში სანქცირებულმა ოჯახმა საქართველოს საზღვარი როგორ გადმოლახა, ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი კვირა ისე მოიარეს აღმოსავლეთ საქართველო, ხელი არავის შეუშლია.
მგონი, ყველას მოეხსენება, რა როლი აქვს სერგეი ლავროვს საქართველოს ოკუპაციაში და რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ რატომ მოხვდა მისი ოჯახი სანქციების ქვეშ. ფრენების აღდგენასთან ერთად ხელმოწერის ცერემონიალი რომ სიმბოლური ჟესტიც იყო პოლიტიკურთან ერთად, ესეც ცხადზე ცხადია და არავის სჯერა, რომ თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა სომეხმა საკუთარი ქალიშვილი წინაპრების საფლავების მოსანახულებლად გამოუშვა საქართველოში.
„ქართულმა ოცნებამ“ სკანდალის პირველ დღეს გვითხრა, რომ ოპოზიცია მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს და ლავროვის სანქცირებული ოჯახი საქართველოში არ იმყოფება, სკანდალის დასასრულს კი გვაუწყა, რომ მათ საქართველო დატოვეს. წინააღმდეგობები ხელისუფლების განცხადებაში ახალი არ გახლავთ, არც იმის სჯერა ვინმეს, რომ საქართველოში ისინი სპეციალური ნებართვის გარეშე შემოვიდნენ.
_ ეს მხოლოდ დასაწყისია, _ ეუბნება „ქრონიკა+“-ს სახელისუფლებო წყარო, _ ამით ქართველი ხალხის განწყობა დატესტეს და რაკი პროტესტის მასშტაბი დიდი არ იყო, ამიერიდან რუსი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები ვიზიტებს შეგვაჩვევენ. დღის წესრიგში უკვე დგას აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი, რომელიც ხელისუფლებამ 2016 წელს ვერ გაბედა, რკინიგზას მოჰყვება საკუთარი დაცვის სამსახური, რომელიც რეალურად რუსის ჯარი იქნება და იგი საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად დაიდებს ბინას.
რას უპირისპირებს საქართველოს ხელისუფლება ამ აქტს?
ხელისუფლება არაფერს და ოპოზიციური პარტიები?
არც არაფერს, გარდა ერთმანეთთან კინკლაობისა. ასეთ კრიტიკულ მომენტშიც კი ერთიანობის დემონსტრირება არავის შეუძლია.
ყვარლის ტბასთან პირველი „ნაციონალური მოძრაობის“ ექსლიდერი, ნიკა მელია გამოჩნდა, რომელსაც ხმაურიანი დაპირისპირება ჰქონდა კახეთის სამხარეო პოლიციის უფროს თეიმურაზ კალანდაძესთან. როგორც კი პროტესტი დაიწყო, ლავროვის ქალიშვილი მეუღლესთან ერთად ჩარტერული რეისით საქართველოდან გაფრინდა, კახეთში მხოლოდ სტუმრების ნაწილი დარჩა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს სამოქალაქო აქტივისტები და ენმ-ს წევრები დააკავეს. ყვარელში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დაგვიანებით ჩავიდა და მერე დიდხანს ამტკიცებდნენ სოციალურ ქსელში პარტიის მომხრეები, რომ ხაბეიშვილმა უფრო მეტი საქმე გააკეთა, ვიდრე _ მელიამ. ვანო მერაბიშვილის პირად სპიკერად ქცეული თაკო ჩარკვიანი მხურვალე მადლობებს სწორედ ხაბეიშვილის ფლანგს უხდიდა. თავად „კანონი და სამართლის“ სამკაციანი პარტიის ლიდერი ლავროვის ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე არ გამოჩენილა. მას არც ფრენების აღდგენა გაუპროტესტებია რუსთაველზე. არადა, იყო დრო, როცა რუსთაველის მოკავებისა და ლეიბების დაყრისკენ თავად მოუწოდებდა საზოგადოებას. თაკო ჩარკვიანის როლზე მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების პროექტში არაერთხელ ვილაპარაკე და ამჯერად დეტალებზე აღარ შევრჩერდები, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ჩარკვიანს ერთადერთი ფუნქცია აქვს _ რაც შეიძლება მეტი ტალახი შეასხას ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ნიკა მელიას უჭერს მხარს და ამას დიდი ენთუზიაზმით აკეთებს სწორედ მერაბიშვილისა და კეზერაშვილის დავალებით, _ კივილით ამტკიცებს, რომ მელია უბრალოდ მოღალატეა, ქვეყნის გადარჩენა და „ოცნების“ დამარცხება მხოლოდ ლევან ხაბეიშვილს შეუძლია, მუდმივად დადის „ნაციონალური მოძრაობის“ თათბირებზე და საქართველოს პარლამენტის ტრიბუნას აქტიურად იყენებს ჩემ წინააღმდეგ განცხადებებისთვის.
რა ხდება რეალურად „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რატომ შეწყვიტა პარტიამ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით გამართული საპროტესტო მოძრაობა?
რატომ ებრძვის ვანო მერაბიშვილი ჩარკვიანის ხელით მელიას ფლანგს?
ჩვენი წყარო „ქრონიკა+“-ს რამდენიმე კვირის წინ მომხდარ ამბავს უყვება. მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანაზე უარი თქვა, დღის წესრიგში სააკაშვილის განთავისუფლების საკითხი წესით უნდა დაბრუნებულიყო. მოგეხსენებათ, პარტიის ახალი მენეჯმენტი ამბობდა, რომ გეგმა მზად აქვს. ხაბეიშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბრძოლა ქვეყნისა და სააკაშვილის გადასარჩენად გრძელდება, თუმცა რაიმე ტიპის კონკრეტიკა, როდის დაიწყო ეს ბრძოლა და როდის დასრულდება, აღარ მოუყოლებია.
ამ ბრიფინგის მერე სააკაშვილის ხსენება პარტიაში, პარლამენტსა და ეთერში აღარ ყოფილა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ნიკა მელიასა და მის ფრთას პარტიიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, როცა მელიამ „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის წერილი მიიღო, _ შენი იმედი მაქვს ამ ბრძოლაში და თუ ძმა ხარ, არც პარტია მიატოვო და არც ბრძოლაო. ფაქტია, რომ მელიამ ახალი ოფისი გახსნა და არც ენმ დატოვა, გარიცხვა კი ხაბეიშვილის ფრთამ ვერ გაბედა. სამაგიეროდ, ვანო მერაბიშვილი ისეთი გაბრაზებულია, აქციების გაგრძელებას აღარ აპირებს, _ ახლა ხალხი მელიამ გამოიყვანოს და სააკაშვილი გაათავისუფლოსო, _ ამბობს ვიწრო წრეში.
რატომ არ ენდობა მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს, ამაზე სხვა დროს და სხვა ფაქტებით, მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ ქვეყნის ყოფილმა ხერხემალმა საზოგადოების მხარდაჭერა ვერც სრულად მოხდილი პატიმრობის შემდეგ დაიბრუნა.
ამასობაში, პარტიას იუსტიციის საბჭოს სკანდალი წამოეწია _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ხუთმა წევრმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს მისცა ხმა. ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი ის ადამიანები არიან, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“, ფაქტობრივად, „გაუპრავეს“ სასამართლო კლანის არსებობა. იმის მაგიერ, რომ ფრაქციას პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო, ისევ თაკო ჩარკვიანის შავი პიარის იმედად, ამჯერადაც ნიკა მელიასა და კობა ნაყოფიას გაშავება დაიწყეს, _ ბაჩუკი ქარდავა ნიკა მელიას ძმაკაცად, და-ძმა ჩხეიძეები და ნიკა მაჭუტაძე კი კობა ნაყოფიას პროტეჟეებად გამოაცხადეს.
ამჯერად ჩარკვიანს ცივი წყალი ისევ მიხეილ სააკაშვილმა გადაასხა _ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ სტატუსში დაწერა, რომ კობა ნაყოფია მისი მეგობარია და მის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება ენმ-ს აზიანებს, ხუთივე დეპუტატი კი „ოცნებასთან“ გარიგებულად გამოაცხადა და, იანუკოვიჩზე მინიშნებით, მათ პირდაპირ ბრალი დასდო ფინანსურ ინტერესში.
როგორც ჩანს, იუსტიციის საბჭოს სკანდალი ამით არ დასრულდება. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ბაჩუკი ქარდავამ, რომელიც ყოველთვის ვანო მერაბიშვილის კადრად მოიაზრებოდა, ხმის სანაცვლოდ $ 100 000 მიიღო, და-ძმა ჩხეიძეებს კი იმ ფინანსური დავის მოგებას დაჰპირდნენ, რომელიც გაყრის შემდეგ დეპუტატმა ჩხეიძემ ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ წამოიწყო. ჩხეიძეების გადაწყვეტილება განსაკუთრებით ცინიკურია, რადგან მათ, არც მეტი, არც ნაკლები, „ომეგას“ საქმის ერთ-ერთ ფიგურანტს მისცეს ხმა. როსტომ ჩხეიძე კამერებსა და ჟურნალისტების კითხვებს გაურბის, ნატო ჩხეიძე კრიტიკოსების მოგერიებას ოპონენტების შეურაცხყოფით ცდილობს. მაგალითად, მე ამაყად გამომიცხადა, რომ ჩხეიძეები კილაძის კომპასით ვერ ივლიანო. არადა, იყო დრო, დადიოდა, როცა უსამართლობასთან ბრძოლაში ჩემი დახმარება სჭირდებოდა. ამ თემას აქ დავასრულებ, რადგან ჩვევად არ მაქვს, ადამიანების პირადი საუბრები საჯაროდ გამოვიტანო და ვინმეს დახმარება დავაყვედრო.
სამაგიეროდ, ეპითეტებს არ დავამადლი რუსული ფრენებით გაბედნიერებულ „აირზენას“ და მის პრეზიდენტ თამაზ გაიაშვილს, რომელიც 2020 წელს იმდენად იმედგაცრუებული იყო „ქართული ოცნებით“, რომ მამუკა ხაზარაძეში იპოვა ხსნა და „ლელოს“ შეუერთდა: „პოლიტიკაში ჩართვა ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მძიმე გადაწყვეტილება იყო, 2012 წელს დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ იმედები გამიცრუვდა, მე დავკარგე იმედი და აქედან გამომდინარე, დადგა ის დღე“, _ აცხადებდა მაშინ გაიაშვილი. იმ დროს გაიაშვილი ფიქრობდა, რომ „ოცნება“ მესამე ვადით ხელისუფლებაში ვერ დარჩებოდა და პოლიტიკური საყრდენიც იპოვა, მაგრამ მალევე ბედნიერი საქართველოს ძებნა ისევ ოცნებებში დაიწყო და პირდაპირი რეისების მეხოტბედ გადაიქცა. სინამდვილეში, გაიაშვილს შორს მიმავალი გეგმებიც აქვს, მას დიდი ხანია, თბილისის აეროპორტის მართვა უნდა, სახელმწიფოს „ტავ ჯორჯიასთან“ კონტრაქტი 2017 წელს უმთავრდება და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გაგრძელებაზე გარანტიები მიღებული არ აქვს. „აირზენასა“ და „ტავ ჯორჯიას“ შორის დაძაბული ურთიერთობები მუდამ იყო, რასაც „აირზენას“ თანამშრომლების საპროტესტო აქციებიც მოჰყვა, მაგრამ მაშინ ორივე მხარემ უკან დაიხია. ახლა ჩვენი წყარო ამბობს, რომ რუსების მხარდაჭერისა და „ოცნების“ ხელისუფლების ლოიალობის პირობებში გაიაშვილს თბილისის აეროპორტის მართვის უფლების მიღება სურს.
რუსი სტუმრები ფინალური წვეულების გარეშე საქართველოდან წავიდნენ, საპროტესტო აქციები ფრენების აკრძალვის მოთხოვნით ორ დღეში დასრულდა, დაპატიმრებული აქტივისტები გამოუშვეს, დანაწევრებული ოპოზიცია საგაზაფხულო სესიის დასრულებასა და ზაფხულის შვებულებას ელოდება, მიხეილ სააკაშვილი ისევ „ვივამედშია“ და ისევ ექიმების ვერდიქტის მოლოდინში, იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ თუ ექიმების რეკომენდაცია იქნება, მას რუსთავის ციხეში დააბრუნებენ. მართალია, 37-მანეთიანი ბილეთები წარსულს ჩაბარდა და რეისი მოსკოვი-თბილისის ფასი 900 ლარიდან იწყება, მაგრამ საზოგადოებამ ფრენების აღდგენა, ასე თუ ისე, შეირგო. შემდეგი აუცილებლად იქნება აფხაზეთის რკინიგზა, რკინიგზის მერე _ ჯარი. ჰოდა, ასე დიდხანს და ბედნიერად საოცნებო საქართველოში, 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, სადაც ოპოზიცია საპატიო მეორე ადგილს დაიკავებს, ხოლო „ქართული ოცნება“, განახლებული შემადგენლობით, საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს.