პეტრე მამრაძე: „დავით კეზერაშვილი „ნაციონალებში“ ფულს არ ჩადებს, ნიკა მელია დასრულებულია“

შორენა მარსაგიშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრი, პეტრე მამრაძე, მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ძალა, დასრულებულია. მისი თქმით, ერთადერთი კაცი, რომელსაც პარტიისთვის არჩევნებზე ხმების მოტანა შეეძლო, მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ახლა პატიმარია.

რატომ არ დაიშალა აქამდე „ნაციონალური მოძრაობა“? როგორ აირჩიეს ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ? რატომ არ დააფინანსებს „ნაციონალურ მოძრაობას“ დავით კეზერაშვილი? რა კომპრომატები აქვთ ერთმანეთზე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს? _ ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს პეტრე მამრაძე ესაუბრება.

_ ბატონო პეტრე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე აღარ მალავენ, რომ გუნდში დაპირისპირებაა. თქვენ მათთან ადრე კავშირი გქონდათ და ბევრი რამე იცით ყოფილ ხელისუფლებაზე. თქვენი ინფორმაციით, რა ხდება „ნაცმოძრაობაში“?
_ ის, რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, გარდაუვალი იყო. არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც შეკრული არიან იდეის გარშემო. იდეა, შესაძლოა, მცდარი იყოს, მაგრამ ხალხს ამ იდეის სწამს. იდეის სწამდათ ბოლშევიკებს, ერთმანეთის გულისთვის თავსაც სწირავდნენ და კატორღაზეც მიდიოდნენ. ისლამისტებიც იდეის გარშემო არიან გაერთიანებულები. „ნაცებში“ არანაირი იდეა არ დომინირებდა. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით.
_ როდოს არ ჰქონდათ იდეა, ბოლო წლებში, თუ თავიდანვე, როდესაც ეს პარტია შეიქმნა?
_ „ნაციონალები“ არასდროს ყოფილან იდეის გარშემო გაერთიანებულები. „ნაცმოძრაობა“ იყო ადამიანების შენაერთი, ისინი ეძებდნენ თავიანთ პირად წარმატებას, კეთილდღეობას, სტატუსს. ეს უკანასკნელი ბევრს ენატრებოდა, რადგან მანამდე არანაირი სტატუსი არ გააჩნდათ. ადამიანისთვის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში სტატუსი განსაკუთრებით ფასობს. შეიქმნა სტატუსის მაძიებელთა ჯგუფი, რომლის ლიდერიც მიხეილ სააკაშვილი იყო. სხვას არავის ჰქონია ლიდერობაზე პრეტენზია, მიშა იმდენად გამოკვეთილი ფიგურა იყო. სააკაშვილზე ქართველმა მილიონერებმა ჯერ კიდევ 2001 წელს დადეს ფსონი. მანამდე ერთგვარი კასტინგი ჩაატარეს, _ ფიქრობდნენ, ვისზე შეიძლებოდა ფსონის დადება.
_ სხვა ვინ იყო, ვისზედაც ფიქრობდნენ, რომ მასზე ფსონის ჩამოსვლა ღირდა?
_ ზურაბ ჟვანიაც განიხილებოდა. მერე დაინახეს, რომ ჟვანია აპრიორი ვერ ქაჩავდა, მიშას კი შეეძლო გაექაჩა
_ მიშამ მართლა გაქაჩა.
_ მიშამ გაქაჩა. სხვა საქმეა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლოზუნგი იყო კორუფციასთან ბრძოლა. სააკაშვილს ჰქონდა შესანიშნავი საარჩევნო პროგრამა. მსგავსი ბრწყინვალე წინასაარჩევნო პროგრამა საქართველოში არც მანამდე ჰქონია ვინმეს და არც მას შემდეგ. სააკაშვილმა გუნდში ასეთი წესი დანერგა: თქვენ შეასრულებთ ჩემს ყველა ბრძანებას, რა გინდ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი იყოს იგი. სამაგიეროდ, ამის სანაცვლოდ, გექნებათ ყველანაირი სიკეთე, რაც შეიძლება ადამიანს საქართველოში ჰქონდეს.
კარგად მახსოვს დავით უსუფაშვილის განცხადება, როდესაც ის პარლამენტის სპიკერი გახდა. უსუფაშვილი ყვებოდა: _ როდესაც ჩვენ შევედით მთავარი პროკურორის კაბინეტში, იქ ვნახეთ, რომ გიგი უგულავაზე იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე. მთავარი პროკურორი მანამდე გახლდათ ზურაბ ადეიშვილი, მერე _ მურთაზ ზოდელავა. საქმე ადეიშვილის დროს იყო აღძრული.
გვარს არ დაგისახელებთ, მაგრამ გიგი უგულავას ჰყავდა ერთი მოადგილე, რომელიც ყოველ ხუთშაბათს მიდიოდა ზურაბ ადეიშვილთან. მისგან იღებდა გარკვეულ მითითებებს და შემდეგ ამას ასრულებდა მერია. უკანონობას ხომ ადეიშვილის მითითებით აკეთებდნენ, მაგრამ იგივე ადეიშვილი ამ საქმეებზე საქმეს აღძრავდა ხოლმე.
ყველამ კარგად იცით, რომ ციხეებში ყოველ პარასკევს კარანტინის დაშლა ხდებოდა. პატიმრებს სასტიკად სცემდნენ. გლდანის ციხეში იბარებდნენ სხვადასხვა რაიონის პოლიციის უფროსებსა და მოადგილეებს და მათაც ავალებდნენ, რომ ძირს დაგდებული პატიმრები ფეხებით ეცემათ. იქვე იდგნენ ციხის თანამშრომლები კამერებით და ამ ყველაფერს იღებდნენ. ეს შემთხვევით არ კეთდებოდა.
_ გინდათ თქვათ, რომ ასე ჰყავდათ ისინი გამოჭერილი, რომ არსად წასულიყვნენ?
_ რა თქმა უნდა. ისინი იყვნენ შეკრული დანაშაულით. ეს ახალი ამბავი არ არის. დანაშულით რომ არიან შეკრულები, ეს ოდითგან მოდის და კაცობრიობის ისტორიაში ასეთი უამრავი მაგალითი არსებობს. ციხის ბუნტი რომ იყო, ერთი საინტერესო რამ გავიდა ეთერში, ამ ფირს ვეღარ ვპოულობ. მაშინ „მასტერამ“ ძალიან საინტერესო რამე განაცხადა.
_ გია დგებუაძეზეა საუბარი?
_ დიახ. დგებუაძე იყო იოსებიძის საძმოს წევრი, შემდეგ ის დაწინაურებული პოლიციელი გახდა. „მასტერა“ ელაპარაკება „კანონიერ ქურდ“ მამარდაშვილს. „მასტერა“ ქურდს ქურდული ჟარგონით ეუბნება, _ ხო გესმის, ტო, ახლა ყველაფერი ერთ კაცზეა ჩამოკიდებული. სააკაშვილს რომ რამე დაემართოს და ყოფა ეტიროს, სუყველას დედა მოგ…ება. ეს არის „მასტერას“ მიერ შესრულებული შესანიშნავი პოლიტოლოგიური ანალიზი.
ახლა ძალიან საინტერესო ამბები მიდის „ნაცმოძრაობაში“. ისინი შეკრული არიან დანაშაულით. სააკაშვილი 2012 წელს არ აპირებდა არჩევნების შედეგების აღიარებას. მას ამერიკელმა სენატორებმა უთხრეს, შედეგებს თუ არ აღიარებთ, მაშინ შენთან ურთიერთობის სხვა რეჟიმში გადავალთო. სააკაშვილი მაინც არ თანხმდებოდა, მაგრამ თანაგუნდელებმა დაარწმუნეს. ამის შემდეგ იწყება უაღრესად საინტერესო პროცესი: საქართველოს ოსტორიაში პირველად მოხდა, რომ მმართველმა დაჯგუფებამ წააგო რა არჩევნები, ხუხულასავით არ ჩამოიშალა.
არჩევნების წაგების შემდეგ მმართველი ძალის ჩამოშლის მაგალითები საქართველოს ისტორიაში ბევრი გვაქვს. პუტჩის შემდეგ მთლიანად დაიშალა ზვიად გამსახურდიას „მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქართველო“. დღემდე არიან ზვიადისტები, მაგრამ „მრგვალი მაგიდა“ აღარ არსებობს.
ალბათ თქვენს მკითხველს ემახსოვრება „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. ემახსოვრება ისიც, თუ როგორ გუგუნებდა ეს პარტია _ ავსებდა სპორტის სასახლესა და ფილარმონიას. როგორც კი არჩევნები წააგეს, სმკ შარშანდელი თოვლივით გაქრა. საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავდა ასლან აბაშიძეს, „აღორძინებაზე“ მოგახსენებთ. მაგრამ ისინიც ჩამოიშალნენ… „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ დაიშალა. დღეს ეს პარტია საქართველოში მთავარი ოპოზიციური ძალაა.
_ თქვენი აზრით, რატომ არ დაიშალა „ნაციონალური მოძრაობა“, რაკი დანაშაულით არიან შეკრულები?
_ ეს ერთი მიზეზია, მაგრამ არასაკმარისი. მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვა 2013 წელს. „ნაციონალური მოძრაობა“ არც მისი წასვლის შემდეგ დაიშალა. იმისთვის, რომ იარსებოს ასეთმა დაჯგუფებამ, სამი რამ არის საჭირო: ერთი არის ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ხმას მოიტანს; შემდეგ უნდა იყოს ორგანიზაცია და შემდეგ _ ფინანსები. მე ამას დავამატებდი ტელევიზიას. სააკაშვილმა ეს ყველაფერი შეინარჩუნა.
მიშას თანაგუნდელებმა შესანიშნავად იცოდნენ და იციან, რომ არჩევნებზე ხმის მომტანი მხოლოდ ეს ერთი ადამიანია. „ნაციონალურ მოძრაობას“ მიშას გარდა სხვა ვერავინ მოუტანს ხმებს. ისიც ოცოდნენ, რომ ტელევიზია და ფინანსებიც მის ხელში იყო. 2016 წელს სააკაშვილმა პარლამენტში შეიყვანა 28 დეპუტატი. სააკაშვილის პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებზე სტაბილურად მეორე ადგილზე გადის. „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილების პირველი ნიშნები პირველად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოჩნდა. გიგა ბოკერიამ მიშას მიერ გაყვანილი 28 კაციდან 22 დეპუტატი წაიყვანა. მას უფრო მეტის წაყვანა შეეძლო, მაგრამ ეს სკანდალს გამოიწვევდა. „ნაცმოძრაობაში“ დატოვეს ექვსი კაცი. ექვსი კაცი იმიტომ დატოვეს, რომ მათ ფრაქციის შექმნა შეძლებოდათ.
2020 წელს ბოკერიამ დამოუკიდებლად, მიშა სააკაშვილის გარეშე, იყარა კენჭი და მისმა პარტიამ პარლამენტში შვიდი ადგილი აიღო, მიშას „ნაციონალებმა“ კი 36 ადგილი მიიღეს. მთელმა ე. წ. ოპოზიციამ პარლამენტში 60 ადგილი აიღო.
_ ოპოზიციაზე რატომ ამბობთ, ე. წ. ოპოზიციაო?
_ იმიტომ, რომ არ არიან ოპოზიცია. ერთადერთი ლევან იოსელიანი ჰგავს ოპოზიციას. მთელმა ოპოზიციამ „ლელოიან“-ბოკერიან-ვაშაძიანად აიღო 24 ადგილი, მაშინ როდესაც ერთმა მიშამ მოიპოვა 36 მანდატი.
2020 წლის არჩევნების პერიოდში გრიგოლ ვაშაძე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ისე წავიდა, არავის შეუთანხმდა, წერილი დაწერა, მივდივარო. ახალ თავმჯდომარედ მიშას ლევან ვარშალომიძე სურდა, მაგრამ პარტიამ მის ჯინაზე ნიკა მელია აირჩია.
_ ახლა ეს ხალხი მელიას წინააღმდეგია.
_ ეს მოსალოდნელიც იყო. ამ პარტიას სხვა ქარიზმატული ლიდერი რომ ჰყოლოდა, სხვანაირად იქნებოდა საქმე. ახალი ქარიზმატული ლიდერი საქართველოში არ გამოჩნდა და ეს არის ბიძინა ივანიშვილის დიდი მონაპოვარი.
_ რატომ არის ბიძინა ივანიშვილის მონაპოვარი?
_ იმიტომ, რომ არ არსებობს მდიდრი ადამიანების კონტრელიტა. კონტრელიტა იმიტომ არ არის, რომ „ნაციონალების“ მმართველობასთან შედარებით, ახლა მდიდარი ადამიანები სამოთხეში არიან. მათ თითქმის ყველაფერი შერჩათ, „ობშიაკში“ აღარავინ ახდევინებს ფულს. არავინ დაუძახებს ღამით და ქონებას არ გადააფორმებინებს. ბოლოს „ნაცები“ ისეთ დონეზე მივიდნენ, რომ თავისიანებს აპატიმრებდნენ და მათ ართმევდნენ ქონებას. ამის შესანიშნავი მაგალითია ძმებ გეგენავების ისტორია. მათ ერთ დღეში წაართვეს ყველაფერი.
_ რატომ წაართვეს?
_ შარი მოსდეს, შენ პარტიულ „ობშიაკს“ დააკელი რაღაცაო. ჯარს ამარაგებდა მათი კომპანია და ესეც ჩამოართვეს. ყველაფერი წაართვეს. ერთადერთი, უძრავი ქონება დაუტოვეს. კიდევ ბევრ თავისიანს წაართვეს ქონება. ახლა მილიონერები ფიქრობენ, ვინმე სხვა რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, უკეთესი იქნება ჩვენთვისო? 2001 წელს მათ სააკაშვილზე დადეს ფული, რადგან ყელში ჰქონდათ ამოსული მაშინ არსებული კორუფცია. ახლა უკეთესობას არ ელოდებიან, პირიქით, ეშინიათ, უარესი არ მოხდესო. მილიონერი ოქრიაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე ოპოზიციაში არიან. გამუდმებით ივანიშვილს ლანძღავენ და ამის გამო მათ ვინმე ართმევს ქონებას? აწუხებს საგადასახადო ან უშიშროება? _ ეს არის უნიკალური შედეგი, რომელიც ივანიშვილის მმართველობამ მოიტანა. ასეთი რამე პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ ბალტიის ქვეყნებშია.
მილიონერები ეძებენ გარანტიებს, რომ კარგად იყვნენ. აკეთებენ გათვლებს, ვისთან იქნებიან კარგად. კითხულობენ, ვის აქვს ლიდერობის პრეტენზია. მელია ასეთი არ არის. ის ამ ეტაპზე მთლიანად წაიშალა.
_ წაიშალა ვითომ?
_ წაიშალა. ნიკა მელია პოლიტიკურად დასრულებულია. ხაბეიშვილის ლიდერობა გამორიცხულია. კეზერაშვილიც არ გამოდგება. ამ უკანასკნელს ბოლო სიტყვებით ლანძღავს თამარ ჩერგოლეიშვილი.
_ არადა, ცოტა ხნის წინათ ძალიან კარგად იყვნენ. იმასაც ამბობდნენ, რომ დავით კეზერაშვილი აფინანსებდა „ევროპულ საქართველოს“.
_ მიდი და გაარკვიე, რა ხდება მათ თავს. დიდი ქაოსია და მოსინჯვას ვხედავთ. რით დამთავრდება ეს, არ ვიცით. კეზერაშვილი რას წარმოადგენს? _ აბსოლუტურად არაფერს. ის არის მხოლოდ ფული. ოფიციალურად მის ანგარიშზე მილიონ დოლარზე მეტია.
„ნაციონალებმა“ გიგა ბოკერიასა და მისი პარტიის მაგალითზე დაინახეს, რომ სააკაშვილის გარეშე ვერაფერს გახდებიან. სააკაშვილი ახლა ციხეშია და ფიქრობენ, მის გარეშე რა გააკეთონ. ხატია დეკანოიძეს დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ არ ვიცი, რა დაემართა? ეტყობა, შინაგანად გახდა მიშისტი. ისეთი ტიპის ქალია, ზვიადისტები რომ არიან და დღემდე ზვიადს ერთგულებენ.
მიდის ბრძოლა კეთილდღეობისთვის. მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გაჩნდა არანაირი იდეა. იდეის დროს მიწისქვეშეთში მუშაობენ ადამიანები. როცა იდეა არის, ადამიანები პირად კეთილდღეობაზე არ ფიქრობენ. იდეის გარშემო გაერთიანებულებს არ ადარდებთ, რას დააბრალებენ. კეზერაშვილის ლიდერობა როგორ შეიძლება?! ყველას გვაქვს მოსმენილი მისი საუბარი ნარკომან ძმაკაცებთან. მისი საჯარო გამოსვლა წარმოგიდგენიათ? _ გამორიცხულია.
_ საჯაროდ არც არასდროს გამოჩენილა.
_ იმიტომ, რომ არაფერი აქვს სათქმელი, რა უნდა ილაპარაკოს? მან ერთადერთი შეიძლება ვინმეზე გააკეთოს ფსონი. ფსონს, სავარაუდოდ, არავისზე გააკეთებს.
_ რატომ არ გააკეთებს?
_ იმიტომ, რომ არაფერში სჭირდება. სადაც არის, იქ მშვენივრად გრძნობს თავს, რისთვის სჭირდება ზედმეტი შფოთი? „ნაციონალებში“ ვიღაცებმა კი დაიწყეს ფართხალი, რომ მე ვიქნები ლიდერიო, მაგრამ არაფერი გამოუვათ.
_ ვინ დაიწყო ფართხალი, ვის სურს, თქვენი ინფორმაციით, ლიდერობა?
_ რამდენიმეა ასეთი. ერთ-ერთი მათგანი ხაბეიშვილია. ის ვერ გაართმევს თავს ლიდერობას. სააკაშვილს თმის ერთ ღერში ჰქონდა იმდენი ინტელექტი, რამდენიც მთლიანად ხაბეიშვილს აქვს. მათი შედარება შეუძლებელია. მე მახსოვს სააკაშვილის უზადო გამოსვლები. ეს იყო რაღაც სასწაული! მერე მიშა ამბობდა, სიტყვით გამოსვლას რომ ვიწყებ, წინასწარ კი არ ვიცი, რას ვიტყვიო, მაგრამ როცა ვხედავ ჩემკენ მომართულ ადამიანების თვალებს, რაღაც ხდება ჩემშიო.
_ სააკაშვილის გამოსვლებს ეტყობოდა, რომ წინასწარ დაწერილი არ იყო. რასაც ამბობდა, ეს იმ წამს მოდიოდა მისგან.
_ რაღაცებს წინასწარ ფიქრობდა, მაგრამ როცა სიტყვით გამოსვლას იწყებდა, მაშინ მოდიოდა ეს ყველაფერი. რაღაც წამს ამ ადამიანს თავისი ნათქვამის თავადვე სჯეროდა. ეს არის ძალიან დიდი ნიჭი. მიშა არ თამაშობდა ამას, მასში გარდასახვა ხდებოდა. სტანისლავსკი ეუბნებოდა მსახიობებს, _ თქვენ კი არ უნდა ითამაშოთ ეს როლი, არამედ უნდა გარდაიქმნათ და გახდეთ ეს ადამიანიო. ამას შესანიშნავად აკეთებდნენ ანა მანიანი და სესილია თაყაიშვილი. სააკაშვილს გარდასახვის უზადო ნიჭი ჰქონდა, ეს სამსახიობო ხელოვნების უმაღლესი საფეხურია, ამას ბევრი ვერ აკეთებს.
ცოტა ხანი დავანებოთ მიშა სააკაშვილს თავი და გია ნოდიას განცხადებაზე ვისაუბროთ. მან „ნაციონალებს“ მიმართა, _ კი ბატონო, არ მოგწონთ ნიკა მელია, მაგრამ იქნებ, დასხდეთ და ჩამოყალიბდეთ, ვინ გინდათ ლიდერადო? ლიდერი იმიტომ გინდათ, რომ „ნაცმოძრაობა“ მკვდრეთით აღდგეს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი, უბრალოდ, არ არსებობს. ყველაფრის თავი და თავი ამ საპროტესტო მუხტის არარსებობაა.
ჩვენ უკვე ვთქვით, რომ კონტრელიტები არ შექმნილა, ელიტების გარეშე კი არაფერი მოხდება. 1991 წელს ელიტები თბილისის ზღვაზე გასულ კიტოვანს გვერდით დაუდგნენ. კომბინატები იმდენ ფულს უგზავნიდნენ კიტოვანს, რომ გვარდიელებს ხორცი უფუჭდებოდათ და ყრიდნენ. ისინი კიტოვანს ეუბნებოდნენ, ოღონდ შენ გაქაჩე და ფული პრობლემა არ იქნებაო. „ნაციონალებს“ ასეთი დამფინანსებლები არ ჰყავთ. ერთი ჭყონიამ დადო რაღაც თანხა და ისიც წლების წინათ. ისიც ვთქვათ, რატომ არ არის საპროტესტო მუხტი? ადამიანების უფლებები მასობრივად არ ირღვევა; აღარც პატიმრებს აწამებენ ციხეებში; არც ბიზნესებს ართმევენ ხალხს. ხელოვნურად საპროტესტო მუხტი არ გაჩნდება. ტელევიზიებმა მთელი დღე რომ იყვირონ, არაფერი გამოვა. ადამიანი ადგება და ქუჩაში გასვლის ნაცვლად ტელევიზორს ჩართავს.
თავის დროზე, ივანიშვილს არ ჰქონდა იმედი, რომ 2012 წელს არჩევნებს მოიგებდა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩვენ შეგვიძლია 40% ავიღოთ, შევიდეთ პარლამენტში და ვიყოთ ძლიერი ოპოზიციაო. ის მოუმზადებელი შეხვდა გამარჯვებას.
_ მზად რომ არ იყო, ეს მის საკადრო პოლიტიკასაც ეტყობოდა.
_ ძალა, რომელიც ემზადება გამარჯვებისთვის, მზად უნდა ჰყავდეს კანდიდატები ამა თუ იმ თანამდებობის დასაკავებლად. ესენი გამარჯვებას არ ელოდნენ. გაიმარჯვეს და ამიტომაც დაიწყო საკადრო მარაზმი. „ოცნების“ ერთ-ერთმა მინისტრმა, რომლის გვარსაც არ დაგისახელებთ, კოლეგიის სხდომაზე განცხადება გააკეთა და თქვა, _ რა ვქნათ, ქართველებო, ათწლეულების მანძილზე საქართველო ორ ზღვას შუა საომარი იყო ლელო, იქით შავი ზღვა, აქეთ თბილისის ზღვა, შუაში კიდევ ჩვენ. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დონეა. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შემიძლია. ჩვენს თვალწინ სასწაულმა არაჩვეულებრივმა გამოფენამ ჩაიარა. ახლა არ არის საპროტესტო მუხტი, მაგრამ შეიძლება უცბად გაჩნდეს. „ნაცებმა“ ბევრი თემის აგორება სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. მათი ყველა მცდელობა ჩაიშალა.
_ „ნაციონალების“ დიდი ნაწილი ამას ნიკა მელიას აბრალებს.
_ სულ ტყუილად, საწყალი მელია არაფერ შუაშია. მე მის პოლიტიკოსობაზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის უდანაშაულოა.
_ ლიდერთან დაკავშირებით თუ შეთანხმდება ყოფილი ხელისუფლება?
_ გამორიცხულია! ლიდერზე ვერ შეთანხმდებიან. ამ ეტაპზე ეს გამორიცხულია. კოალიციის შექმნაც გამორიცხულია. თავის დროზე, ბურჯანაძე-ჟვანიას პარტია მთელი შემადგენლობით შევიდა „ნაცმოძრაობაში“, მაგრამ ახლა მსგავსი რამე მოსალოდნელი არ არის. 2024 წლისთვის შეიძლება რაღაც მოხდეს.
ქართულ პოლიტიკაში პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. გახსოვთ, ერთ დროს კუკავა და „ახალი მემარჯვენეები“ გაერთიანდნენ. ერთად იყრიდა კენჭს ორი ძალა, რომელსაც განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა. კუკავა ამბობდა, არა ნატოსო, მემარჯვენეები ამბობდნენ, ნატოში უნდა გავწევრიანდეთო. არაფერია ქართულ პოლიტიკაში გამორიცხული, მათ შორის, არც ის, რომ საპროტესტო მუხტი გაჩნდეს და ხალხი გარეთ გამოვიდეს. 2012 წელსაც ხალხი როდის გამოვიდა გარეთ? _ როცა ციხის კადრები ნახა. მანამდე ყველამ იცოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ ამას მკვეთრი პროტესტი არ მოჰყოლია. კადრებს პროტესტი მოჰყვა. ახლაც შეიძლება, რაღაცამ გამოიყვანოს ხალხი, მაგრამ ეს არ იქნება „ნაციონალების“ აგორებული. „ნაციონალები“ მძიმე დღეში არიან. ვისაც ხმებისა და ფულის მოტანა შეეძლო, ციხეშია. ფული აქვს დავით კეზერაშვილს, მაგრამ ის „ნაციონალებში“ ფულს არ ჩადებს. ახლა მას ეს არაფერში სჭირდება. თავისი ინტერესები შეიძლება აქვს პარტიაში, მაგრამ მისი დაფინანსების სურვილი არ აქვს. არადა, ეს ფული „ნაციონალებმა“ აშოვნინეს.