მალხაზ მაჩალიკაშვილი: „ოპოზიციამ ხალხს იმედები გაუცრუა“

შორენა მარსაგიშვილი

შვილმოკლული მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, იმედგაცრუებულია, რომ საზოგადოება აღარ აპროტესტებს ქვეყანაში არსებულ უსამართლობას. მაჩალიკაშვილისვე თქმით, ხალხი რომ ქუჩაში აღარ გამოდის, ეს დიდწილად პოლიტიკოსების ბრალია. იგი არ გამორიცხავს, რომ ხალხს გარეთ გამოსვლის ეშინია.

რატომ დუმს ხალხი? რატომ არ ჩანან სააკაშვილის მხარდამჭერები? ვის და რატომ უთვალთვალებენ პანკისის ხეობაში? რა ეტაპზეა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს მალხაზ მაჩალიკაშვილი ესაუბრება:

_ ბატონო მალხაზ, მიხეილ სააკაშვილზე რამდენიმე ადამიანის გარდა თითქმის არავინ იღებს ხმას. თქვენ, როგორც მისი მხარდამჭერი, რას ფიქრობთ, გაწირა თუ არა გარემოცვამ სააკაშვილი? ან ეს დუმილი რაღაც სტრატეგიის ნაწილია? იქნებ, მხარდამჭერებიც აღარ ჰყავს?

_ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ერთი შეხედვით, მარტოა, მასზე ბევრს აღარ საუბრობენ, არადა, ეს ადამიანი ძალიან ცუდად არის. რაც შეეხება იმას, რომ მას მხარდამჭერები აღარ ჰყავს, ეს გამორიცხულია. მიხეილ სააკაშვილს ისევ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს საქართველოში.

_ ეს მხარდაჭერა რაში გამოიხატება?

_ მიშას რომ მხარდამჭერები ჰყავს და თან ძალიან ბევრი, ეს ყველა არჩევნებზე კარგად ჩანს. ხალხი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილის ხათრით აძლევს ხმას.  მხარდამჭერთა რაოდენობა სულ იზრდება.

_ „ნაცმოძრაობას“ მართლა სააკაშვილის ხათრით აძლევენ ხმას, მაგრამ როცა მიშას სჭირდება გვერდით დადგომა, თითქმის არავინ ჩანს.

_ ეს არ არის კარგი ამბავი და ძალიან არ მომწონს. მიხეილ სააკაშვილი ციხიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. ექვსი დღის განმავლობაში არ იძლეოდა სასამართლო განჩინებას, რომ მასთან ექიმები შესულიყვნენ. განჩინების დაწერას 6 დღე დასჭირდა. ამას არავინ აპროტესტებდა. რამდენჯერმე ვიფიქრე, მე ხომ არ გავაპროტესტო ეს ამბავი-მეთქი? თბილისში ჩამოსვლასა და აქციის გამართვასაც კი ვაპირებდი. ჩემთვის ძალიან მძიმე ასატანი იყო ეს ამბავი.

მე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ვარ, ასევე ვუჭერ მხარს ჩვენს ოპოზიციონერებს. ძალიან მინდა, რომ ისინი წარმატებულები იყვნენ და დაამარცხონ „ქართული ოცნება“. მათ ამ ბრძოლაში ბოლომდე გვერდით დავუდგები, მაგრამ ახლა მათი ქმედება ჩემში პროტესტს იწვევს. ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტზე ხმას არ იღებენ. ეს ძალიან მაშფოთებს.

ვიმეორებ: ექვსი დღე არ იძლეოდა სასამართლო განჩინებას. ექვსი დღე დუმდა ოპოზიცია და მიშას ახლო გარემოცვა. მართალი რომ გითხრათ, გაოცებული დავრჩი ამ დუმილით. ამ დროს განჩინების დაწერას ერთი დღე სჭირდებოდა, ამათ ექვსი დღე არ დაწერეს და ამ დროს მიშა ძალიან ცუდად არის. პროტესტი არავის გამოუხატავს და ბოროტო ძალისთვის პრობლემები არავის შეუქმნია.

_ ბოროტ ძალაში ვის გულისხმობთ?

_ „ქართულ ოცნებას“. შიშზე, შავ პიარსა და ტყუილზეა დაფუძნებული ეს პარტია. ისეთი უსირცხვილოები არიან, კაცი ლამისაა, მოკვდეს და გაიძახიან, არაფერი სჭირს, ჭამოს და კარგად გახდებაო. იმის მაგივრად, რომ რაღაც ეღონათ, ექვსი დღე ჩუმად ელოდნენ, როდის დაწერდა სასამართლო განჩინებას.

_ რა უნდა გაეკეთებინათ?

_ აქცია უნდა მოეწყოთ. აქციის გამართვის მაგივრად მისი მომხრეები გაისუსნენ. არც პარტიას ამოუღია ხმა, ეს კი რაღაც კითხვებს აჩენს ხალხში.

_ თქვენ არ გაგიჩნდათ კითხვები?

_ როგორ არ გამიჩნდა.

_ რა კითხვა გაგიჩნდათ?

_ მაინტერესებს, რა არის ამ დუმილის მიზეზი.

_ თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ამ დუმილის მიზეზი?

_ მე არ ვარ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამიტომ არ ვიცი, შიგნით რა გადაწტყვეტილებას ღებულობენ. შეიძლება რაღაც საინტერესო გეგმა აქვთ, არ ვიცი. იმას ვამბობ, რომ ეს დუმილი ლამაზი არ არის და ბევრ კითხვას აჩენს. ამ დუმილის პარალელურად ბოროტი ძალა „ქართული ოცნება“ ძალიან გააზრებულად და თავისთვის სწორად მუშაობს, ის შანსს არ უტოვებს სააკაშვილის მომხრესაც და თანაპარტიელსაც, რომ გამოხატონ აშკარა და ღია პროტესტი. ახლა პროტესტი აუცილებელია.

ძალიან მაწუხებს ის, რომ ბოლო დროს „ნაციონალური მოძრაობა“ სისუსტეს იჩენს. იმედი მაქვს, რაღაცისთვის ემზადებიან. დიდხანს ჩუმად ყოფნა არ გამოვა, სასწრაფოდ უნდა ამოიღონ ხმა. მიხეილ სააკაშვილის საქმე სამართლებრივადაც ვერ მიდის კარგად. მისი ადვოკატი ნიკა გვარამია, რომელიც ამავე დროს „მთავარი“ არხის გენერალური დირექტორია, ზემოდან მიღებული მითითების შემდეგ დააკავეს. დიდი პროტესტი არც ამ ამბავს მოჰყოლია.

ქვეყანაში პროტესტი რომ აღარ არის, ამაზე უკრაინაში მიმდინარე ომიც ახდენს გავლენას. მთელი მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოს ყურადღებაც იქით არის გადატანილი. ყველა სხვა საკითხმა და პრობლემამ უკანა პლანზე გადაიწია. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ელოდება, თუ როგორ დასრულდება უკრაინაში ომი. ყველამ კარგად იცის, რომ ომის შედეგზე იქნება პირდაპირ დამოკიდებული, რა გზას დაადგება საქართველო.

ძალიან კარგად მესმის, რაც ხდება მსოფლიოში, მაგრამ ეს მიშას მიმართ დუმილს არ ამართლებს. მიშაზე ომის დაწყებამდეც დუმდა საზოგადოება. სააკაშვილი გასული წლის ოქტომბერში დააკავეს. ჩვენ აქციებისა და პროტესტის მიმართ რაღაცნაირი დამოკიდებულება გვაქვს და ასეთი დამოკიდებულებით ბევრს ვერაფერს მოვიგებთ.

_ რა დამოკიდებულებას გულისხმობთ?

_ ჩვენს მოსახლეობას კარგ ამინდში უყვარს საპროტესტოდ ქუჩაში გამოსვლა. ზამთარში სიცივის გამო ერიდებიან ქუჩაში ყოფნას, ამბობენ, გამოთბება და მერე გამოვალთო. გამოთბება თუ არა, ეგრევე ზაფხული მოდის და ძალიან დაცხება. ახლა სიცხეს ბრალდება სახლში დაჯდომა. ელოდებიან აგრილებას, აგრილების ნაცვლად აცივდება და სიცივეში გარეთ არავის უნდა დგომა. მე ამ ადამიანებისაც მესმის, მაგრამ სააკაშვილი ვერ დაელოდება კარგ ამინდს. მას ახლა სჭირდება მხარდაჭერა. მხარს არავინ უჭერს, ამით სარგებლობს „ქართული ოცნება“ და მას კლავს. არავის აქვს უფლება, სხვა ადამიანს წაართვას სიცოცხლე.

არ ვამტკიცებ, რომ მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულოა, მასაც ექნებოდა შეცდომები და გადაცდომები, ამის გამო ის შეიძლება დაეჭირათ, მაგრამ ვინ მისცათ იმის უფლება, რომ ის მოკლან? საქართველოში სიკვდილით დასჯა დიდი ხნის წინ გაუქმდა. „ქართული ოცნება“ სიკვდილით სჯის იმ კაცს, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რამე გააკეთა. ეგეც არ იყოს, „ქართული ოცნება“ რა სინდისით და ნამუსით ასამართლებს მესამე პრეზიდენტს? თავად იმდენი შეცდომა და გადაცდომა დაუშვეს, რომ მიხეილ სააკაშვილს არც დაესიზმრება. დადგება დრო და ამათ აუცილებლად მოეთხოვებათ პასუხი ჩადენილ სიბოროტებებზე.

ძალიან გთხოვთ ყველას, რომ „ქართული ოცნება“ აღარ მოიხსენიოთ, როგორც ხელისუფლება. „ქართული ოცნება“ არის ბოროტი ძალა, რომელიც ზიზღსა და ღვარძლს ანთხევს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამას „ოცნება“ ვლადიმირ პუტინის დაკვეთით აკეთებს. თავის ჩადენილ დანაშაულებზე ხმას არ იღებენ და ყველაფერს „ნაციონალებს“ აბრალებენ. თურმე, მიშას დაუნგრევია ქვეყანა და დაუხოცავს ნახევარი საქართველო. უკვე აღარ ვიცი, რა დავარქვა ამ ბოროტი ძალის საქცილს. იმის თქმა შემიძლია მხოლოდ, რომ ძალიან სუსტად ვართ.

_ სუსტად ვართო, ამბობთ და რას გულისხმობთ?

_ იმას, რომ ამ ბოროტ ძალას საკადრისს პასუხს ვერ ვცემთ. ათი წელია, ამ უსამართლობასა და უკანონობას ვიტანთ. ბოლო ერთი წელია, საერთოდ არაფერს ვაპროტესტებთ. გაჩერებულია ოპოზიცია, გაჩერებულია ხალხი. ამასობაში ქვეყანა თავზე გვენგრევა და მესამე პრეზიდენტი გვიკვდება. როცა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია, ეს დიდი ამბავია, მაგრამ არის სხვა გასაპროტესტებელი თემებიც. ხალხი არც ამაზე იღებს ხმას. არ მეგონა, ჩვენს მოსახლეობას ამდენის მოთმენა თუ შეეძლო.

_ უცნაური მოთმინების უნარი აღმოგვაჩნდა ბოლო ათ წელიწადში. სააკაშვილის, შევარდნაძისა და გამსახურდიას მმართველობის დროს ყველაფერს აპროტესტებდა ხალხი. ფეისბუქზე კი გამოხატავენ პროტესტს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. თქვენ როგორ ხსნით ამას?

_ იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ხალხი უკმაყოფილო არ არის. ხალხში ძალიან დიდი უკმაყოფილებაა, უბრალოდ გარეთ არ გამოდის და ამას თავისი მიზეზები აქვს. მე სიჩუმეს შიშის ფაქტორით ვხსნი. სამწუხაროდ, ჩვენს სპეცსამსახურებს ძალიან იოლად გამოსდით ხალხის დაშინება. ხალხი ისეთი დაშინებული ჰყავთ, რომ ფეისბუქში პოსტებსაც კი აღარ მილაიქებს ზოგიერთი.

_ იქნებ, არ მოსწონთ თქვენი პოსტები?

_ ძალიანაც მოსწონთ, მგულშემატკივრობენ. აქტიურად მიწერდნენ მოწონებებს, მაგრამ დაიბარეს და დააშინეს.

_ თქვენთვის დაწერილი ლაიქებს გამო დაიბარეს ხალხი?

_ ასე იყო. პანკისელებიც დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ რასაც მე ფეისბუქზე დავწერ, არ მოიწონონ.

_ რომ გააკეთონ მოწონება, რას უზამენ?

_ რამეს მოიფიქრებენ. აუცილებლად შეუქმნიან პრობლემებს. ამ ბოროტი ძალისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ხალხს „ლაიქი“ ვერ დაუწერია „ფეისბუქზე“ და ის აქციაზე როგორ გამოვა ქუჩაში? შიში ძალიან ცუდი რამეა. შიში იქით იყო და იმისთვის, რომ აქცია გაიმართოს, ოპოზიციას ფინანსები არ აქვს.

_ ფული არ არის და ამიტომ არ ტარდება აქცია?

_ ასეა და ამაში გასაკვირი არაფერია.

_ ფულის გარეშე ვერ გამოხატავს ხალხი პროტესტს?

_ რაღაცის გასაპროტესტებლად ყოველგვარი ფულის გარეშე შეუძლია ხალხს ქუჩაში გამოსვლა, მაგრამ ორგანიზებული პროტესტისთვის ფულია საჭირო. სხვა თუ არაფერი, ადამიანებს ჩამოსვლაში უნდა დაეხმარო. მათ წყალი და საჭმელი სჭირდებათ. აქციის ჩასატარებლად ყველგან გარკვეული ფინანსებია საჭირო. ფულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თუ უსამართლობის გაპროტესტება გინდა, ამას ყოველგვარი ფინანსების გარეშე გააკეთებ.

_ უსამართლობის შეგრძნება როცა უჩნდება ხალხს, მაშინ მართლა უამრავი ადამიანი გამოდის. ასე იყო 2018 წლის ზაფხულში. თქვენი და ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად უამრავი ადამიანი გამოვიდა.

_ ხალხი უსამართლობაზე მწვავედ რეაგირებს. ასე მოხდა 2019 წლის ივნისშიც. გავრილოვის თბილისში ჩამოსვლა უამრავმა ადამიანმა გააპროტესტა. ეს იყო ძალიან ღირსეული პროტესტი. სამწუხაროა, რომ ეს აქცია დაარბიეს და ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს.

_ ამ აქციისგან განსხვავებით სერიოზული შედეგით დასრულდა 2018 წლის აქცია. მაშინ ხალხის პროტესტმა ხელისუფლება აიძულა, მთავარი პროკურორი გაეშვა თანამდებობიდან.

_ მაშინ ირაკლი შოთაძეს წასვლა მოუწია. მარტო შოთაძეს რატომ? _ მთავრობაც გადადგა, გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან ჩვენი აქციების გამო გადააყენეს. მიზეზად სხვა რამე მოიგონეს. როცა ხალხი მართლა აღშფოთებულია და გულით გამოდის, შედეგიც დგება. სხვა დროს პროტესტს ორგანიზება სჭირდება.

_ ახლა რატომ აღარ უჩნდება ხალხს უსამართლობის განცდა? დავიჯერო, არაფერი არაა გასაპროტესტებელი?

_ გასაპროტესტებლის მეტი რა არის, მაგრამ ხალხს ეშინია. დრონები ტყუილად კი არ დაფრინავენ აქციაზე. აქციის მონაწილეებს სურათებს უღებენ და აიდენტიფიცირებენ. მერე მათ იბარებენ და აშინებენ. ხალხს ეშინია, ამ ბოროტ ძალასთან დაპისპირება ყველას არ შეუძლია. ამის გარდა, ხალხი ძალიან დაიღალა.

_ რით დაიღალა? რამდენი ხანია, პროტესტის გამოსახატავად არ გამოსულა ქუჩაში.

_ ტყუილად რომ გამოვიდნენ და უკან დაბრუნდნენ, მაგით დაიღალნენ.

_ რას გულისხმობით?

_ ბოლო დროს რამდენიმე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. ბევრი ადამიანი გამოვიდა. გაჩნდა საპროტესტო მუხტი, ამ დროს ოპოზიციის ლიდერები რაღაცას მოიფიქრებდნენ, აატარ-ჩაატარებდნენ ამ ხალხს და მერე ეტყოდნენ, ახლა უნდა დაიშალოთო. ხალხი ვერ იგებდა, რა ხდებოდა. ამან უიმედობა გააჩინა. საზოგადოების ნაწილმა იცის, რომ აქცია შედეგს არ მოიტანს, იდგებიან, იყვირებენ და დაიშლებიან. ეს არ არის კარგი საქციელი. არ იფიქროთ, რომ ხალხს არ უნდა მიშას გამო ქუჩაში გასვლა. ამაზე არაერთ ადამიანს ველაპარაკე. მეუბნებიან, სიამოვნებით გავალთ ქუჩაში, მაგრამ მერე რა ხდება? არაფერიც არ ხდება. რომელიმე ლიდერი იტყვის, ახლა დავიშალოთო და იშლებიან.

_ პოლიტიკოსებმა ხალხში გაუგებრობა და დიდი უიმედობა დათესეს.

_ ნამდვილად ასეა. პოლიტიკოსებმა ხალხში დიდი იმედგაცრუება გააჩინეს. სამწუხაროდ, მათ გარეშეც არ გამოდის პროტესტის გამოხატვა.

_ რატომ არ გამოდის მათ გარეშე პროტესტის გამოხატვა?

_ საკუთარი ინიციატივით რომ დაიწყო პროტესტის გამოხატვა, უბრალოდ, დაიბლოკები.

_ ვისგან დაიბლოკები?

_ პოლიტიკოსებისგან. მედიის ნაწილი პოლიტიკოსების მიერ კონტროლდება და მერე მედიაც დაგბლოკავს. პროტესტი თუ არ გაშუქდა და ხალხმა არაფერი გაიგო, რა აზრი აქვს გარეთ გამოსვლას? საზოგადოება ამიტომ ცდილობს პოლიტიკოსებთან ერთად გამოვიდეს პროტესტის გამოსახატავად.

_ თქვენ ტელევიზიებში ხშირად აღარ ჩანხართ და თქვენც ხომ არ დაიბლოკეთ რამე მიზეზის გამო?

_ არა. მე არავის დავუბლოკივარ. მიწვევენ ხოლმე რაღაც გადაცემებში, მაგრამ ვცდილობ, არ წავიდე. გადაცემა რომ გადის, იმის ქვეშ ხომ ფეისბუქზე კომენტარები იწერება. ეს ტროლები და ბოტები მლანძღავენ ხოლმე და ამიტომ ვიკავებ თავს ეთერებში მისვლისგან. ისე, ჟურნალისტებს უარს არასდროს ვეუბნები. როცა უსამართლობას ებრძვი, უნდა ილაპარაკო კიდეც.

_ თქვენი პროტესტიც შეჩერდა და რამე წინსვლა ხომ არ არის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში?

_ სამწუხაროდ, ახალი არაფერია. დარწმუნებული ვარ, სანამ „ქართული ოცნება“ იქნება, ჩემი შვილის საქმეს არ გამოიძიებენ. ხომ ხედავთ, ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ თემაზე ხმა არავინ ამოიღოს.

_ აღარც ოპოზიცია ახსენებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს.

_ რატომ არ ახსენებენ, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ვერავის დავაძალებ, რომ ჩემს საქმეზე ილაპარაკონ. სამი წელი ვიდექი ქუჩაში. ცოტა ხანში ისევ გამოვალ. უსამართლობის წინააღმდეგ გავაგრძელებ ბრძოლას. ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვა. ახლა სტრასბურგის გადაწყვეტილებას ველოდები. საქართველოსგან განსხვავებით, დასავლეთი უფრო მეტ ყურადღებას უთმობს თემირლანის საქმეს. ეს საქმე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც მოხვდა. ამ შემოდგომაზე 5 წელი გადის თემირლანის მკვლელობიდან. სამართალი აუცილებლად უნდა ვიპოვო. არ მოვისვენებ, სანამ ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან. მძინარე ბავშვი მომიკლეს და ეს რატომ უნდა ეპატიოთ?

მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან ერთად იბრძოდნენ, რომ სამართალი მეპოვა. ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება. იმედი მაქვს, საზოგადოება გვერდით დამიდგება. ბევრი ხალხი დამიჭერს მხარს იმის მიუხედავად, რომ უამრავი ჩემი მხარდამჭერი დააშინეს. ადამიანებს ჩემთან მოსვლისაც კი ეშინიათ.

_ თქვენთან მოსვლის რატომ ეშინიათ?

_ როგორც კი ვინმე მოდის ჩემთან, ეგრევე იბარებენ და აფრთხილებენ. ჩემთან მოსვლას ერიდებიან. გამუდმებული თვალთვალი მიდის ჩემზე. თბილისში ამას შეჩვეული ვიყავი, მაგრამ პანკისშიც თუ გააკეთებდნენ არ მეგონა. სამწუხაროდ, აქაც ჰყოლიათ ჩანერგილები. ჩანერგონ, ვინც უნდათ, მე დასამალი არაფერი მაქვს და არც უკანონოს ვითხოვ რამეს. ჩემი მოთხოვნაა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. ამას ხელისუფლება ჩემი მოთხოვნის გარეშე უნდა აკეთებდეს, მაგრამ ვის დასჯიან? _ თავად სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული.

ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სამართალმა იზეიმოს. დიდი იმედით ველოდები სტრასბურგის გადაწყვეტილებას. რაც არ უნდა გადაწყვიტონ, აქციებს მაინც გავმართავ და ამას მხოლოდ ჩემთვის არ გავაკეთებ. ამით ხალხს დავანახვებ, რომ უსამართლობასთან ბრძოლაა საჭირო. მე რომ ბრძოლა შევწყვიტო, ამით ხალხში დამატებით გავაჩენ უიმედობას.

_ თქვენ რატომ გააჩენთ უიმედობას?

_ რაც ჩემი შვილი მოკლეს, 5 წელი გადის. 3 წელი ვიდექი ქუჩაში. ახლა პროტესტი რომ შევწყვიტო, ხალხი იფიქრებს, რა აზრი აქვს გამოსვლებს, აგერ, მაჩალიკაშვილსაც არაფერი გამოუვიდაო. ზევით 2018 წელი გავიხსენე, მაშინ ხალხი გამოვიდა და მთავრობაც გადავაყენეთ. მონდომება თუ გვექნება, შედეგს მივიღებთ. შიში უნდა დავძლიოთ და უსამართლობას თვალები არ უნდა დავუხუჭოთ. ახლა ყველაზე მეტად სააკაშვილს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. მიშამ ეს ქვეყანა ფეხზე დააყენა და გადაარჩინა, ახლა ჩვენ უნდა გადავარჩინოთ მიშა.

მჯერა, რომ ჩვენი ხალხი იპოვის საკუთარ თავში ძალას და ისევ დაიწყებს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას. ამდენის მოთმენა უკვე წარმოუდგენელია. შეიძლება, მიშა არ მოგწონდეს, არც ოპოზიციას უჭერდე მხარს, მაგრამ მაღაზიაში ხომ შედიან? ხომ ნახულობენ, ფასები როგორი გაზრდილია. ეს მაინც გააპროტესტონ… ან მომატებული კრიმინალი არ აწუხებთ? დარწმუნებული ვარ, აწუხებთ. უბრალოდ, შიში უნდა დაძლიონ და გამოვიდნენ. შიში თუ არ დაიძლია, მერე უფრო დიდი ხანი მოუწევთ შიშში ცხოვრება.