„კალაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს“

გიორგი საკარული

„ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს ლეიბორისტული პარტიის წევრი და ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი:

_ ლაშა, რა შეფასებას აძლევთ ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას? საქმეზე 9 პირია დაკავებული. არის თუ არა ეს საკმარისი?
_ ჩემი აზრით, უშუალოდ კალაძეს ეკისრება არა მარტო პოლიტიკური, არამედ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ყოველ შემთხვევაში, ის უნდა იყოს თუ დაკავებული არა, დაკითხული მაინც.
რაც შეეხება რატომ, როგორ და ა. შ. ხელისუფლება, მათ შორის, კალაძე, ერთად მოქმედებენ. დღეს ხელისუფლება, რომელიც დანაშაულებრივ დაჯგუფებადაა გადაქცეული, ძალიან ბევრ რამეს მალავს, ამაზე მეტყველებს ერთი მარტივი ფაქტი: შემდუღებლების ფაქტორი, რაც წინა პლანზე წამოწიეს. ისმის კითხვა, _ დავუშვათ, შემდუღებლებმა მართლაც დააზიანეს კაბელის მთლიანობა, რატომ არ გაითიშა ელექტრო გაყვანილობა თუნდაც ე. წ. რელესა თუ ავტომატის მეშვეობთ? შემდუღებლებმა რელესთან ერთად გამოსათიში ავტომატიც დააზიანეს? ეს არც უთქვამთ და ისინი ოპოზიციამ მიაგზავნაო, ჯერ აქამდე არ მისულან, თუმცა ესეც შეიძლება იკადრონ.
ყველას ვეკითხები, სახლში ყველას გვაქვს ელექტრო გაყვანილობა, ავტომატი რას ნიშნავს, ყველამ ვიცით, ამას არ სჭირდება ელექტრიკოსობა, არ ვარ ელექტრიკოსი, მაგრამ ელემენტარული რაღაც აზროვნების უნარი ყველას გვაქვს. დენის სისტემის მთლიანობის დარღვევისას იგი უნდა გაითიშოს, მით უმეტეს მაშინ, როცა ასეთ საჯარო ადგილას ძვირად ღირებული და ასეთი მნიშვნელობის ობიექტი იხსნება. ფაქტია, რომ ეს ნაწილი უკვე დამალა ხელისუფლებამ.
ამასთან, სხვა უამრავი მომენტიც სახეზეა. მაგალითად, მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, დოკუმენტი, სადაც ვნახეთ, რომ გრაფა უსაფრთხოების შესახებ საერთოდ გამოტოვებულია, ცარიელია. ეს პირდაპირი დანაშაულია!
ახლა განვიხილოთ ის, თუ რამდენად საკმარისია მოადგილის დაკავება. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე, რომელიც 7-პუნქტიანი იყო, ხელს აწერდა გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი და არა მოადგილე, შესაბამისად, ეს ინფორმაცია არც არავის უარუყვია და თუ ამას გავყვებით, ისიც უნდა იყოს დაკავებული.
აქ ძალიან საინტერესო ინფორმაცია შემოდის. ამ ადამიანმა რამდენიმე დღის წინ, სანამ გადადგებოდა, გააკეთა ინფორმაცია იმაზე, რომ 7- ეტაპიანი მიღება-ჩაბარების დოკუმენტიდან ჩვენ 6 ეტაპი გვქონდა გავლილიო. თუ ამ განცხადებას გავყვებით, ე. ი. კალაძე ამის გამოც დასაჭერია. რატომ? იმიტომ, რომ თუ მან გახსნა დაუსრულებელი შადრევანი, ეს ნიშნავს მის დანაშაულს. სულ მცირე, ამ ორი ადამიანიდან ერთი მაინც ტყუის და ერთი მაინც უნდა იჯდეს ციხეში. მისივე სამსახურის უფროსმა თქვა, რომ 7-ეტაპიანი დოკუმენტიდან 6 ჩავიბარეთო. შესაბამისად, თუ მეშვიდე არ ჩაუბარებია, ე. ი. დაუმთავრებელი ობიექტი გაუხსნია კალაძეს და ეს უკვე მისი დანაშაულია, მათ შორის, სისხლის სამართლებრივიც. ამან ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა და, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ბავშვის გარდაცვალებით დასრულდა ეს ამბავი. ამიტომ ამ ორიდან ერთ-ერთი მაინც დასაჭერია, თუ ორივე არა.
რაც შეეხება სხვა ფაქტებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კალაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს, მე ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ მრავალწლიანი კორუფციული აჟიოტაჟი მერიის ირგვლივ, რომლის თაობაზეც მეც და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც საუბრობდნენ, განსაკუთრებით გამწვანებასთან და გრინსერვისთან მიმართებით, კალაძის გარეშე ხორციელდებოდა, მით უმეტეს, ასეთი ფაქტები გამოვლინდა თან ძალიან ბევრ მსგავსს დაკვეთასთან მიმართებით. კერძოდ, გაირკვა, რომ თითქმის ყველაფერს უკვეთავენ უაღრესად შავ-ბნელი წარსულის მქონე „გრინსერვისს“, რომელიც ყველა ხელისუფლების დროს კორუფციაში იყო გახვეული. საუბარია „გრინსერვისზე“, რომელსაც ახლა პლუსი დაუმატეს სახელში და არაფერი შეცვლილა იქ. ეს სერიოზული ეჭვის საფუძველია არა მხოლოდ სამსახურებრივ გულგრილობაზე, არამედ იმ ფაქტებზეც, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამასთანავე, ფურცხვანიძეც ბრალდებული იყო 2013 წელსაც და ეს ადამიანი თბილისის მერიის ფავორიტ კომპანიას ხელმძღვანელობდა დღემდე. გარდა ამისა, საექსპერტო ნაწილი კატასტროფულია, რაშიც ჩართული იყო კომპანია, რომელიც გახლდათ ექსპერტიზის ავტორი მრავალი წლის წინათ ვარკეთილის მეტროს ჭერის ჩამოვარდილი პროექტისა. აქ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დარღვევა არ ყოფილა, თუმცა ჭერი ჩამოვარდა. უბრალოდ, ამ კომპანიას მაშინ ღმერთმა უშველა. ჩვენ ღმერთი ხშირად გვწყალობს, მაგრამ ყოველთვის ასე არ იქნება. ეს კომპანია, რომელმაც იქვე ნახა, რომ ჭერი ჩამოვარდა, არათუ არ დასაჯეს, არამედ კვლავ გააგრძელებინეს პროექტების განხორციელება. ამასთან, საექსპერტო კომპანიასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია: მას ჰქონდა ბრალი წაყენებული, რომ გააყალბა დასკვნა სხვა პროექტთან მიმართებით. ამდენი დამნაშავე, ამდენი თაღლითი, ამდენი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი, კორუფციასთან დაკავშირებული ადამიანი გყავს ჩართული, რომლებიც თან ახორციელებენ პროექტებს. „გრინსერვისი ახორციელებს ყველა პროექტს გამწვანების ნაწილში _ გინდ კორუფციული ნაწილი ავიღოთ, გინდ _ ტექნიკური… რაც კალაძესთან გარიგებების გარეშე ვერ მოხდებოდა. კალაძის პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სახეზე უნდა იყოს.
ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლიან სახელმწიფოში, ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარულ სახელმწიფოში, სადაც კიდევ უფრო გახშირდა კორუფციული მკვლელობები, რომ მოქმედი ხელისუფლების კორუფციული მასშტაბი წინამორბედებისას ერთად აღებულს აღემატება. ეს არის თავზეხელაღებული და აღვირახსნილი კორუფცია.
კორუფციის მასშტაბით საქართველოში ივანიშვილის შემდგომ (ის აღარ არის ოფიციალური პირი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს) კალაძე ლიდერობს და ის კორუფციაში ნამდვილი ჩემპიონია. კახა კალაძემ რაც იკადრა დანაშაულის გასამართლების მცდელობის კუთხით, ეს ცალკე ტრაგედიაა, ეს არაადამიანობაზე მეტყველებს.
_ ეს ყველაფერი დაუსჯელობის სინდრომის ბრალია. ზემოთაც აღნიშნეთ, როდესაც 2018 წელს ვარკეთილში მეტროსადგურის ჭერი ჩამოინგრა. ეს იყო დიდი ტრაგედია მსხვერპლის გარეშე. სწორედ მაშინ დავით ნარმანია გახლდათ მერი, რომელმაც ჩაიბარა აღნიშნული მეტროსადგურის ჭერი და ხელი მოაწერა, ისიც ასევე დაუსჯელი დარჩა. იგივე გრძელდება დღეს.
_ ესეც სერიოზული დანაშაულია. ჩვენ საერთოდ საქართველოში რაც დანაშაულები გვაქვს, პოლიციის მიერ მოკლული ადამიანები იქნება თუ კორუფციის შედეგად მოკლულები, ძირითადად, ამ ყველაფრისა და საქართველოს ყველა ტრაგედიის სათავე არის დაუსჯელობა და მისი სინდრომი, რომელიც, საუბედუროდ, არახალია, უბრალოდ, სხვადასხვა ხელისუფლების დროს განსხვავებულ შედეგებს იძლევა.
ერთ საინტერესო რამეს გეტყვით: დღევანდელი ხელისუფლება უკვე პასუხისმგებელია არა მარტო საკუთარი მმართველობის პერიოდში დაუსჯელ დანაშაულებებზე, რაც თავისთავად ახალ-ახალ დანაშაულს იწვევს, არამედ წინამორბედებზეც. ისინი, როგორც წესი, წინამორბედი ხელისუფლების წარმომადგენლებს პოლიტიკური მოტივებით თუ საბაბებით სჯიდნენ ხოლმე, თუმცა დაუსჯელი დატოვეს და თავად გააგრძელეს იგივეს კეთება. მათ რომ მსგავსი ფაქტების გამო წინამორბედი ხელისუფლების დამნაშავე წარმომადგენლები დაესაჯათ (რაც უკავშირდება კორუფციასა თუ ეკოლოგიურ დანაშაულებებსა და ა. შ.), ისინი შექმნიდნენ პრეცედენტს. ხელისუფლებამ არ გააკეთა ეს ძველ თუ ახალ დანაშაულებებზე, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება. „ოცნებამ“ არ შეასრულა ის პირობა, რაც სამართლიანობის აღდგენას უკავშირდება, პირიქით, რაც დანაშაული იყო, დაუსჯელი დატოვა, დასაჯა საკუთარი პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე ერთეული პირები და არ დასაჯა მთავარ საკითხებზე, რომელიც ეხებოდა ადამიანის სიცოცხლის მოსპობას. ვფიქრობ, ხელისუფლებამ ეს შეგნებულად გააკეთა, ამ პირების დიდი ნაწილი საკუთარ სამსახურში ჩაიყენა და მე დავარქვი ფურცხვანიძეს „გამწვანების მურუსიძე“. ამ ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების მონა-მოსამართლე-ჯალათი გადაიბარა, რითაც სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარი დაასრულა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დამკვიდრებულია. აქედან გამომდინარე, ის, რომ მსგავსი ტრაგედიები ხდება, არაა შემთხვევითობა, ეს გარდაუვალობაა, სამწუხაროდ. კიდევ და კიდევ იარსებებს მსგავსი შემთხვევები, სანამ არ დაისჯებიან პასუხისმგებელი თანამდებობის პირები. მერია იქნება, მთავრობა თუ სხვა სტრუქტურები, პირველ რიგში, მათ ევალებათ ადამიანის სიცოცხლესა თუ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ამიტომ არსებობენ ისინი. კანონი, მთავრობა, მერია, ადგილობრივი ხელისუფლება, პირველ რიგში, იმიტომ არის საჭირო, რომ იზრუნოს უსაფრთხოებაზე და არა იმიტომ, რომ სხვა ადამიანების სინდისზე დატოვოს ხალხის სიცოცხლე. ამ პარადიგმას ურცხვად უარყოფენ ამ ხელისუფლების წარმომადგენლები და პასუხისმგებლობა გადააქვთ ცალკეული ადამიანების მორალზე, იქნებიან ესენი ექსპერტები თუ სხვები. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება უზურპატორთა კლანს წარმოადგენს. თავის გამართლება იმით, რომ წინა ხელისუფლების დროსაც ხდებოდა მსგავსი ფაქტები, საერთოდ არაფერში ჯდება. დანაშაულებები ხდებოდა, რა თქმა უნდა, _ მაგალითად, ფურცხვანიძეს წინა ხელისუფლების დროს გამწვანებაზე ხშირად ვებრძოდი და ვებრძოდი ამ ხელისუფლების დროსაც. თუ იგივენაირად იქცევიან ესენიც, როგორც წინამორბედის დროს, ეს ამართლებს მათ, თუ პირიქით _ ამძიმებს? ასეთი დანაშაულებები ხდებოდა წინა ხელისუფლების დროსაც, თუნდაც დიდების მემორიალი გავიხსენოთ ქუთაისში, რომლის აფეთქებასაც დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა. მაგრამ არც იმათ გამო მოსთხოვეს პასუხი ვინმეს, თუმცა ცნობილია, რომ თანამდებობიდან გადადგა იმერეთის გუბერნატორი, მიხეილ ჩოგოვაძე. პირიქით, „ოცნებამ“ იგივე გააგრძელა და კორუფციის მასშტაბების ზრდის გამო გაასწრო წინა ხელისუფლებას და მეტი მსხვერპლი მოიტანა ამ კუთხით.
ეს არის კორუფცია და რუსული პოზიციების ღიად დაფიქსირება. ეს ორი მიმართულებაა, რაშიც გაცილებით მძიმე სურათი მივიღეთ.
_ ფაქტი ერთია, ჩვენ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე გვიწევს ცხოვრება. ფეისბუქზე კლავიატურის კაკუნს თუ არ ჩავთვლით, როგორ ფიქრობთ, რატომ დუმს დღეს ქართული საზოგადოება? მაგალითად, მსგავსს ტრაგედიებზე, გაჭირვებაზე, გაზრდილ ფასებზე, ყოფით პრობლემებზე?
_ საქართველო დღეს კომაშია და კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაშია. დარწმუნებული მინდა ვიყო, რომ ეს არ არის ნამდვილი სიკვდილი და გაიღვიძებს და გამოვა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობიდან ქართული საზოგადოება. დღევანდელი რეაქციების სიმწირე არაფერია, თუ არა კლინიკური სიკვდილი. ოპოზიციურ ფლანგზე ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ბევრი პარტია აღმოჩნდა უპრინციპო, დაარღვია სიტყვა, ბევრი შევიდა გაყალბებულ პარლამენტში და ამით გააძლიერა რეჟიმი. საპარლამენტო პარტიებიდან ერთადერთი ჩვენ აღმოვჩნდით მარტო, მაგრამ ეს არ გვიხარია, რადგან ჩვენი რესურსებით არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს რეჟიმი შევცვალოთ. გვინდა, რომ პრინციპული პარტნიორები გვყავდეს სხვა პარტიებშიც. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რეჟიმის შეცვლა. უნდა მივიღოთ ცვლილებები. ძალიან ვწუხვართ ამ პარტიების ასეთ მდგომარეობაზეც. რას ელოდებიან პარლამენტში? მათ არაერთხელ მოვუწოდეთ პარლამენტის დატოვებისკენ და ეს მათთვისაც კარგია, მაგრამ ჩვენ ვდარდობთ, ზოგადად, ქვეყნის მდგომარეობასა და საზოგადოებაზე, რომელიც, ამ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილის უპრინციპობის შემხედვარე, ხელჩაქნეულია და ზოგი ფიქრობს, რომ გამოსავალი არ არის, ზოგი თავს იმართლებს. საბოლოო ჯამში, რთული ვითარებაა, _ კლინიკურ სიკვდილამდეა მისული დღეს ქართული საზოგადოება. შეიძლება, საბოლოო სიკვდილიც დადგეს.
_ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველ ხალხს დღეს, ისე როგორც არასდროს, ნდობა აქვს დაკარგული როგორც მმართველი პორტიის, ასევე ოპოზიციური სპექტრის მიმართ.
_ დიახ, და ეს გამოიწვია პარტიების დიდი ნაწილის უპრინციპო მოქმედებამ, ნდობის დაკარგვამ. ჩვენი მაგალითი ავიღოთ, ყველაფერი შევწირეთ იმას, რომ არ შევედით პარლამენტში და ის მინიმალური რესურსი რაც გვქონდა, აღარ გაგვაჩნია, კომისიის წევრობიდან დაწყებული, ოფისით დამთავრებული. თავგანწირვას უნდა ჰქონდეს დაფასება. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს, არ ვიცი. ასე თუ ისე, უნდობლობა და ამ უნდობლობის მიზეზებიც არსებობს, თუმცა პოლიტიკოსთა დიდი ნაწილის ცუდი საქციელი არ არის გამართლება მოქალაქეებისთვის. ავისა და კარგის გარჩევა უნდა ვისწავლოთ, ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოიხარშოს. თუ არც ერთი პარტია არ მოსწონთ ასეთ მრავალფეროვან სპექტრში, მაშინ არავინ უშლის ადამიანებს, რომ თავად შექმნან სამოქალაქო თუ პოლიტიკური პლატფორმები და თავადვე იბრძოლონ. ამის გარეშეც ბავშვის სიკვდილზეც არ იყო სათანადო პროტესტი, იგივე რუსეთის მოქალაქეების უდიდესი დემოგრაფიული მასშტაბის შემოდინებაზე, ეს ვერ მართლდება. არაპარტიული, არაპოლიტიკური აქციები იყო და მაინც ძალიან ცოტა ხალხი გამოვიდა. რომ არა პუტინის სამხედრო გათვლები, შეიძლება უმცირესობაშიც კი აღმოვჩენილიყავით. ისეთი მასშტაბის პრობლემა შეგვიქმნა საკუთარმა ხელისუფლებამ და ივანიშვილმა, რომელიც სამშობლოს ყიდის. ფულის სანაცვლოდ ღალატობს სამშობლოს. ის მზად იყო, ფულის გამო შემოეშვა რუსეთის მოქალაქეები და საკუთარი მოსახლეობა გამოეცვალა. მე ამას მოსახლეობის ჩანაცვლებას ვუწოდებ. მან მოგვიწოდა, რომ დაგვეტოვებინა ქვეყანა და სხვაგან გვერბინა სამუშაო ადგილებისთვის, არაფერი გეშველებათ 20 წელიო და ასეთი კორუფციული აღვირახსნილობის პირობებში მართლა არაფერი გვეშველება. ამასობაში, რუსეთის ასი ათასობით და, არა მხოლოდ რუსეთის, მოქალაქე ჩამოასახლა. რუსეთი ორმაგად პრობლემურია, რადგან ამას უსაფრთხოების პრობლემებიც მოჰყვება. გვქონდა ინიციატივა და ჩემი ავტორობით მომზადდა პროექტი, რომელიც გულისხმობს უძრავი ქონების სანაცვლოდ მოქალაქეობის წესის აკრძალვას. რას ვგულისხმობ: ჩვენთან მოქმედებს წესი, რომ თუ იყიდი ბინას, მოქალაქეობა მოჰყვება ხურდაში, უვადო ბინადრობაზეა საუბარი, ეს კი უკვე, პრაქტიკულად, მოქალაქეობაა. გვიყიდიან სამშობლოს, გვიყიდიან ბინა-ბინა, კარმიდამო-კარმიდამო. შესაბამისად, თუკი ვიქნებით პასიურები, ჩვენს სამშობლოს გაყიდიან. დღის წესრიგში დგას ერის, სამშობლოს შენარჩუნების პრობლემა.
ყველაფერს აქვს ლიმიტი, არ ვამბობ, რომ ჩაკეტილები უნდა ვიყოთ და არავინ მივიღოთ, მაგრამ მაშინ, როცა სოციალური კატასტროფისა და გენოციდის წინაშე ვდგავართ, ასე მასობრივად და ულიმიტოდ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეების, მით უმეტეს კი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების, მიღება არის დაუშვებელი და საერთოდ ყველაფერს ლიმიტი სჭირდება. ყველა ქვეყანას აქვს გარკვეული ლიმიტები, სხვა თუ არაფერი, შრომითი ბაზრის კუთხით, თუნდაც გარკვეული დემოგრაფიული ბალანსის შესანარჩუნებლად და ა. შ.
სამშობლოს პირდაპირ ფიზიკურად გვართმევენ და ივანიშვილი ცდილობს, შეასრულოს რუსების ძველი ოცნება, საქართველო ქართველების გარეშე! და ეს არ არის მხოლოდ პათეთიკური განცხადება, ეს რეალობაა, რომელიც რიცხვებშიც კარგად ჩანს.
_ დაბოლოს, სად ხედავთ გამოსავალს? აპირებს თუ არა ლეიბორისტული პარტია სხვა რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობას?
_ ცხელი შემოდგომის ავტორებს, რომლებიც გაყალბებულ პარლამენტში არიან გაჭედილები, ყოველთვის მოვუწოდებდით თანამშრომლობისკენ, ოღონდ თანამშრომლობისკენ რუსთაველის გამზირზე, ბარიკადებზე, მაგრამ მშვიდობიან ბარიკადებზე, უწყვეტ პროტესტსა და არა პარლამენტის დერეფნებში, სადაც არაფერი წყდება და ეს არ არის ჩვენი სიტყვები. კარგად გაიხსენეთ შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელიც თავზე გადაახიეს ოპოზიციას, ოპოზიციამ კი ამის შემდეგაც არ დატოვა პარლამენტი და გავიხსენოთ ის, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი არც ერთი კანონპროექტი არ მიუღია და გაუზიარებია ხელისუფლებას. სამწუხაროდ, 30 წელია, ავტორიტარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ სხვადასხვა სიმძაფრით. შესაბამისად, ოპოზიციონერები სხედან გაყალბებულ პარლამენტში და არა _ ხალხის მიერ არჩეულში… ბოლო 3 არჩევნები მართლაც გაყალბდა და აქ უკვე ძალაუფლების მიტაცებასთან გვაქვს საქმე. ხალხს ხმა არ მიუცია მათთვის. ამ პარლამენტში ყოფნა ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმის გამყარებას. როდემდე ელოდებიან „ქართული ოცნებისგან“ ევროინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს? როდემდე აპირებენ იმ პარლამენტში ყოფნას, სადაც ვერაფერს წყვეტენ? სანამ პარლამენტს არ დატოვებენ, მანამდე მათი მხრიდან ნდობის დაბრუნება შეუძლებელია. ცალი ფეხით ბარიკადებზე და მეორე ფეხით პარლამენტის ეზოში ყოფნა არავისთვის არის მისაბაძი მაგალითი. თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ოღონდ პრინციპების ირგვლივ და სათანადო პოზიციებით. სათანადო ადგილი, სადაც ივანიშვილის მოშორების შესახებ უნდა გაცხადდეს და იგი ვაიძულოთ, არჩევნებით მოშორდეს, არის ერთადერთი ადგილი და ესაა რუსთაველის გამზირი.