ნიკა შენგელია: „საქართველოს ეროვნული ბანკი დოლარის კურსს თავის ნებაზე ათამაშებს“

ნენე ინჯგია

ლარის გამყარების ტენდენცია გრძელდება, _ უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც ჰედლაინებში ეს ფრაზა აღარ გვხვდება, ამის ნაცვლად კი გვიწევს იმაზე საუბარი, რომ ლარი კვლავ უფასურდება. მოლოდინი არ გამართლდა, რომ ლარი გამყარდებოდა და სტაბილურობას შეინარჩუნებდა, შესაბამისად, გაჩნდა ლოგიკური კითხვები: რას უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში და ეს გამოიწვევს თუ არა ფასების ზრდას?

ამ ყველაფრის პარალელურად კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები საწვავის იმპორტიორებს რამდენჯერმე შეხვდნენ. განხილვის ძირითადი საკითხი იყო ქვეყანაში საწვავის ფასები.
ღარიბაშვილის განცხადებით, იმპორტიორები პირობას დებენ, რომ აგვისტოს ბოლომდე საწვავის ფასებს დამატებით, ჯამურად, 20-30 თეთრით შეამცირებენ.
„ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საქართველოში საწვავის ფასებს, მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის სააგენტოსთან _ დღეს დილითაც მქონდა მათთან საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ ლარი გამყარდა, ასევე პლატსის (ბაზრის ყოველღიური ანალიზი, _ რედ.) ფასები არის დაკლებული, კიდევ გვაქვს განცდა იმისა, რომ ჯერაც არ ჰპოვა სათანადო ასახვა საწვავის ფასებზე და საწვავის ფასებმა პროპორციულად არ დაიკლო. ამიტომაც საჭიროა, რომ საწვავის იმპორტიორებთან გავააქტიუროთ მუშაობა. რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, მაგალითად: რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების არდარღვევა, რამდენად სწორად იცავენ ისინი ამ წესებს და ხომ არ არის რამე სახის გადაცდომა ან კეთილსინდისიერების დარღვევა?
ივლისსა და აგვისტოში იმპორტიორებმა 10-10 თეთრით დააკლეს ფასები და ისინი შეგვპირდნენ, რომ კიდევ უფრო მეტად აპირებენ აგვისტოს ბოლომდე ფასების დაკლებას, ჯამურად 20-30 თეთრით“, _ ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ჯერ კიდევ ორი კვირის წინ განაცხადა, თუმცა ჩვენ სხვა რეალობისთვის გვიწევს თვალის გასწორება და საწვავზე ფასები არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა ისიც, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივლისში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.2%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 11.5% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია თითქმის 11.5%-ით გაძვირდა.
ივლისში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: რძე, ყველი და კვერცხი – 3%, ზეთი – 2.4%, ხახვი – 6.4%, გაზის საწვავი – 7%, დიზელის საწვავი – 6.5%, თვითმფრინავით მგზავრობა – 21%. მნიშვნელოვნად გაიაფდა ბოსტნეული და ბაღჩეული – 21%-ით, ხილი 9.4%-ით,
ბოლო ერთ წელიწადში მნიშვნელოვნად გაძვირდა სიმინდის ფქვილი – 64%-ით, პომიდორი – 61%, დიზელის საწვავი – 61%-ით, საზამთრო 48%-ით, მარგარინი 48%-ით. ავეჯი და საოჯახო ნივთები 9.5%-ით გაძვირდა, კაფეებისა და რესტორნების მომსახურება – 14.3%-ით.

რამდენად შეესაბამება აღნიშნული სტატისტიკა რეალობას? აქვს თუ არა მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასა და გუნდს იმის რესურსი, რომ საწვავზე ფასების შემცირებას ხელი შეუწყოს? რას უნდა ველოდოთ ლარის კურსთან დაკავშირებით?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ ეკონომისტ ნიკა შენგელიას ესაუბრა:

_ ბატონო ნიკა, ბოლო კვირების განმავლობაში ვხედავთ, რომ ლარი უფასურდება, მაშინ, როცა გამყარების ტენდენცია შეინიშნებოდა. რამ გამოიწვია ლარის მკვეთრი გაუფასურება?
_ ლარი ჯერ მყარდებოდა და მისი გამყარების ძლიერი ფაქტორი იყო ემიგრანტების ჩამორიცხვები, ტურისტების დანახარჯები ჩვენს ქვეყანაში, ასევე იმ კაპიტალის აკუმულირება, რაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ შემოვიდა. ვთქვათ პირდაპირ, რომ საქართველოში რუსეთიდან ბოლო 5 თვეში დაფუძნდა 7500-მდე ბიზნესი, უკრაინის მხრიდან დაფუძნდა 737, ბელარუსიელებმა დააფუძნეს 4045 ბიზნესსუბიექტი და ოპერატორი. ამ ყველაფერმა გამოიწვია ლარის გამყარება და შემდეგ უკვე ვხვდებით, რომ იწყება გაუფასურების პროცესი. ლარის გაუფასურების პროცესის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე ჩარევები შეგნებულად დაიწყო. ადრე თუ ინტერვენციას აკეთებდა, ამის შესახებ განცხადება კეთდებოდა, მაგრამ ახლა საუბარია Bლოომბერგ-სა და BMატცჰ-ის პლატფორმების შესახებ, სადაც ეროვნული ბანკი შედის ვაჭრობაში სავალუტო ბირჟაზე და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ყიდულობს დოლარს, ხოლო ამის შესახებ განცხადებას აკეთებს 1 თვის _ 55 დღის შემდეგ და უფრო გვიანაც.
_ კონკრეტულად რა რაოდენობის დოლარი შეისყიდა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა?
_ მაისში შეისყიდა 21 მილიონი დოლარი, ივნისში _ 23 მილიონამდე, ხოლო ივლისში 110 მილიონი დოლარი შეისყიდა. ჩვენ ამ მონაცემებს ვგებულობთ ძალიან დაგვიანებით. ეს იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ვისაც მიუწვდება ხელი BMატცჰ-ის ტერმინალზე და იქ ვაჭრობს, ხედავს, რომ ეროვნული ბანკი ყიდულობს ამ დოლარებს და, ფაქტობრივად, გარკვეული ინფორმაცია აქვთ, რითაც სპეკულირებენ სავალუტო ბაზარზე. მოსახლეობას _ მცირე და საშუალო ბიზნესს _ ფაქტობრივად, კვლავ აკოტრებენ. ეს არის ეოვნული ბანკის არასწორი, არაკონონიერი ქმედება, დოლარის კურსს საკუთარ ნებაზე ათამაშებს, თორემ ლარს გასაუფასურებელი ნამდვილად არაფერი არ სჭირს, იმდენი თანხა შემოდიოდა უცხოეთიდან. ემიგრანტების მხრიდან, საშუალოდ, 500 მილიონი უცხოური ვალუტა შემოდის _ ეს, რაც ოფიციალურად ჩანს, ასევე არაოფიციალურად ერთი მაგდენი შემოდის. ამას ადასტურებს ის ჯარიმის აქტები, რომლითაც არადეკლარირებულ თანხებზე აჯარიმებენ. ამის გარდა, ტურისტულ სეზონზე ტურისტებს 2 მილიარდამდე ლარი აქვთ დახარჯული ბოლო 3-4 თვის განმავლობაში. ასეთი სიტუაცია გვაქვს სავალუტო ბაზარზე. ლარი უფასურდება ხელოვნურად და ვაბრალებ პირდაპირ ეროვნული ბანკის მაღალჩინოსნებს, მათ ნება-სურვილზეა უკვე ლარის კურსი დამოკიდებული. როცა კურსი იყო 2.70, მაშინვე გავაკეთეთ განცხადება, რომ ლარის კურსი მეტად ვერ გამყარდებოდა, არ გაამყარებდნენ, რადგან უკვე შეიძლებოდა ექსპორტი შენელებულიყო. ეს მართლაც ასე მოხდა, შემდეგ უკვე ვფიქრობდით, რომ 2.80-იან ნიშნულზე გააჩერებდნენ ლარს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ახლა, დროის ამ მომენტში რომ მოინდომოთ დოლარის ყიდვა, 2.93-ის ფარგლებში შეძლებთ. ლარის კურსის გაუფასურებას უფრო ველოდებოდით ოქტომბრის ბოლომდე, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პროცესები უფრო ადრე დაიწყო. პირდაპირ ვიტყვი, რომ ლარის კურსი იქნება იმდენი, რამდენიც მოესურვება ეროვნულ ბანკს. „საქართველო“, „თიბისი“ და დიდი ბანკები მანიპულირებენ ამ კურსით, მათ იციან, რამდენი იქნება კურსი 1-2 თვის შემდეგ, რა ტენდენციაა და ამის მიხედვით აკეთებენ შესყიდვებსა და გაყიდვებს. ფაქტობრივად, მოსახლეობისგან იაფად, 2.70-ად ნაყიდ დოლარებს ახლა ისევ უბრუნებენ ლარებში 2.93 კურსით. ეს ხდება, ყოველთვის ასე ხდებოდა და ასეც გაგრძელდება. ამის შემჩერებელი და ამ პროცესებში ჩამხედავი რამე კომისია რომ შეიქმნას, ძალიან კარგი იქნებოდა. კომისია თუ შეიქმნება და შეისწავლის ეროვნული ბანკის საქმიანობას, მოხარული ვიქნები, თანაც თუ ამ კომისიაში თავად ბანკის მესვეურები არ მიიღებენ მონაწილეობას. ამ კომისიის ფარგლებში შესაძლოა, ისეთ დასკვნამდე მივიდეთ, რომ დანაშაულებრივი ქმედებები ხდებოდა.
_ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, განაცხადა, რომ დოლარის აქტიური შესყიდვის მიზანი სავალუტო რეზერვების შევსება არის. რამდენად მყარია სებ-ის პრეზიდენტის ეს არგუმენტი?
_ სხვას რას იტყვის? იმას ხომ არ იტყვის, რომ ამას იმიტომ ვაკეთებ, ლარის კურსის მანიპულაციით კომერციულ ბანკებს ფული ვაშოვნინოთ და მოსახლეობა გავატყავოთო?!
_ რეალურად, არსებობს რეზერვების შევსების საჭიროება?
_ რეზერვები საკმაოდ მაღალია, 4 მილიარდზე მაღლაა. ვფიქრობ, რომ არ სჭირდებოდა არავითარი შევსება. თუ გარკვეული მოთხოვნა არ არის, სავალუტო ფონდიდან შეიძლება ეს რეკომენდაცია იყოს, მათ მოსთხოვონ და შეასრულონ. ყველა შემთხვევაში იმან, რაც ეროვნულმა ბანკმა გააკეთა, გამოიწვია ის, რომ უკვე ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ფასი 5-10 თეთრით გაძვირდა. ვითომ შემცირებულ ფასებზე მოიმატა 5-10 თეთრით. ადრეც გავაკეთე განცხადება, _ ლარის კურსის ასეთი თამაში საწინდარია იმისა, რომ საწვავის ფასები აღარ გაიაფდება-მეთქი. იმედი რომ ჰქონდა მოსახლეობას, ოქტომბერში საწვავზე ფასები გაიაფდებაო, არაფერიც არ გაიაფდება. ამის შემდეგ კი გამოდის ეროვნული ბანკი და ფასების სტაბილიზაციაზე საუბრობს, _ უკვე სასაცილოა ეს ყველაფერი.
_ რა მოცემულობაში შეიძლებოდა ყოფილიყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის აღნიშნული არგუმენტი ლოგიკური და მისაღები, ანუ რა დროს ჩნდება რეზერვების შევსების აუცილებლობა?
_ იმ შემთხვევაში, თუ რამე ეპიდემია და კატაკლიზმებია, სახელმწიფოს ეს თანხა უნდა ჰქონდეს. თუ მოსახლეობას ჰგონია, რომ რეზერვი, რომელიც 4 მილიარდზე მეტია, ეს ფულად უდევს ეროვნულ ბანკს, _ ძალიან შემცდარა. ფულად, დაახლოებით, შეიძლება 10-15% დევს ანგარიშებზე, დანარჩენი თანხა ჩადებულია სხვა ქვეყნის ეკონომიკებში, ფასიან ქაღალდებში. თუნდაც ამერიკის სახელმწიფო ობლიგაციებში, სახელმწიფო ვალდებულებებში. სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებშია ჩადებული, ანუ სხვის ეკონომიკას ხმარდება და არა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ეს თანხები შეეძლოთ ინვესტიციების სახით ქართულ ენერგეტიკაში ჩაედოთ, მაგრამ ამას, რატომღაც, არ აკეთებენ. ამიტომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი როცა ამას ამბობს, ამით ცდილობს გამართლებას. BMატცჰ-ის ტერმინალზე დოლარის შესყიდვები 2022 წლის იანვრიდან ეროვნულმა ბანკმა მცირე მოცულობებით დაიწყო, თებერვალში 10 მილიონზე მეტი შეისყიდა, მარტში 3 მლნ 400 ათასამდე, აპრილში 5 მილიონამდე, მაისში 20 მილიონზე ცოტა მეტი, ივნისში 25 მილიონამდე, ივლისში კი 110 მილიონი დოლარი. ვიმეორებ: ამ ინფორმაციებს ვგებულობთ გვიან. ადრე რომ სავალუტო აუქციონს აკეთებდა და იმ დღესვე ვგებულობდით ამის შესახებ, ეს ასე არ არის.
_ თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენციების შესახებ ცნობილი მაშინვე არ ხდება და ამ ინფორმაციას 1 თვის, 55 დღის შემდეგ ავრცელებენ. რით შეიძლება ეს აიხსნას?
_ როცა BMატცჰ-ს ტერმინალით ყიდულობს, ჩვეულებრივ მოვაჭრედ შედის. BMატცჰ-ის ტერმინალში გაწევრიანებულები არიან როგორც ბანკები, ასევე მსხვილი კომერციული ორგანიზაციები. ეროვნულ ბანკს ყველაზე დიდი თანხები და საშუალებები აქვს და, ფაქტობრივად, ის ათამაშებს ამ კურსს. რა საჭირო იყო ივლისში 110 მილიონის შესყიდვა? ეს რომ არ გაეკეთებინათ, კურსი ამხელა არ იქნებოდა, დარჩებოდა 2.80-ის ფარგლებში. თუ ჩვენ ვეძებთ ლარის ოქროს შუალედს, ყველაზე კარგი ოქროს შუალედი იყო, 2.80-იან ნიშნულზე შეენარჩუნებინათ, რომ საწვავზე ფასები არ გაზრდილიყო. ყველაზე მთავარი და მტკივნეული არის საწვავზე ფასების ზრდა, რადგან აქედან მოდის ინფლაცია, პროდუქტებზე ფასების გაძვირება. მთავრობამ ვერ დაალაგა საწვავის საკითხი, რომ ნავთობპროდუქტების ფასები დაექვემდებაროს კონტროლს, არ აქვს ამის შნო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ შევთავაზეთ გარკვეული მოდელი და პროექტი, მთავრობას ამის არც მოსმენა და არც განხილვა არ უნდა. პოპულისტურ განცხადებებს აკეთებენ მთავრობის წარმომადგენლები, რომ იმპორტიორები დაჰპირდნენ, თითქოს ფასს დაუწევდნენ, დაწევის ნაცვლად 2 თვის წინ 5 თეთრით ისევ აწიეს ფასები.
_ თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს ეს ინტერვენციები რომ არ განეხორციელებინა, შესაძლებელი იქნებოდა ლარის კურსის შენარჩუნება. ასეთ შემთხვევაში ჩნდება ლოგიკური კითხვა, _ რა მოტივი ამოძრავებს ცენტრალურ ბანკს, როცა მსგავსი ტიპის ინტერვენციებს ახორციელებს?
_ როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ინტერვენციების შესახებ ფართო საზოგადოება 1 თვის _ 55 დღის შემდეგ ვგებულობთ. ეროვნულ ბანკს არავითარი გეგმა არ აქვს იმისა, რომ ფასები სტაბილიზირდეს, ეს ქმედებები კი იწვევს იმას, რომ ფასები ვერ დასტაბილიზდება და მოსახლეობას ფასები პროდუქტებსა და მომსახურებაზე არ გაუიაფდება. ამ ყველაფრის თავი და თავი არის ეროვნული ბანკი და მისი პოლიტიკა. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობის ნაწილში არავის ემორჩილება, _ არც პარლამენტს, არც პრეზიდენტს და არც მთავრობას. პრემიერი კი მუდმივად აცხადებს, რომ ფასები დაიწევსო, ამ შემთხვევაში კი გამოდის, რომ ეროვნული ბანკი მთავრობას არ უსმენს. სებ-ს აქვს თავისი პოლიტიკა და თავისი შეხედულება, ჩვეულებრივ აკეთებენ ფულს და აკეთებინებენ თავიანთ „შვილობილ“ ბანკებს ფულს ამ კურსების გადახურდავებაში. ეროვნული ბანკი ასე აკეთებს ფულს, მთავრობა სხვანაირად აკეთებს. არავითარი სინქრონიზაცია არ არსებობს ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის. იყო პერიოდი, როდესაც ეს სინქრონიზაცია არსებობდა, ახლა არის ისეთი პერიოდი, როდესაც სინქრონიზაცია არ არსებობს.
_ კონკრეტულად, რა პერიოდს გულისხმობთ? ეს ეხება „ქართული ოცნების“ მმართველობის ეპიზოდს?
_ უფრო მომენტებს ვგულისხმობ, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც ხდებოდა ისე, რომ როდესაც ძალიან იწევდა ფასები, ეროვნული ბანკი მთავრობას უყურებდა და ლარის კურსი დაბლა ჩამოდიოდა, რადგან ჩვენ იმპორტზე მიბმული ქვეყანა ვართ და ლარის კურსზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. არა თვითონ საქონელია გაძვირებული, არამედ ტრანსპორტირება ძვირდება. ახლა ცნობილი გახდა ისიც, რომ ბოსფორის სრუტეში თუ რაიმე გემი გამოივლის, თურქეთმა გადასახადი 5-ჯერ გაზარდა, იქიდან წამოსული საქონლის ტრანსპორტირება კიდევ უფრო გაძვირდება, ამას დაემატა ლარის კურსი და, ფაქტობრივად, გეომეტრიული პროგრესიით მოიმატებს ფასები ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის ბოლომდე. ფასების დაკლების ტენდენციას უკვე ვეღარ ვხედავ. არ არის ამის იმედი და ვრჩებით პირდაპირ რუსეთის ბაზრის ამარა. რუსეთიდან თუ რამეს შემოვიტანთ ცოტა იაფიანს, მაგრამ რუსები რატომ მოგვცემენ რამე პროდუქტს იაფად, როცა იციან, რომ ჩინეთიდან ძვირი გვიჯდება? ასეთ შემთხვევაში ისიც მოუმატებს ფასს და გააძვირებს. მთელი უბედურება არის გაუთვლელი ნაბიჯები, ეროვნული ბანკისა და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს მივყავართ ამ შედეგამდე. ფურცლებზე გაზრდილი ეკონომიკა რად გვინდა?! ეკონომიკა გაიზრდებოდა, აბა, რა იქნებოდა? უკვე ჩამოვთვალე, რამდენი ბიზნესია ბოლო 5 თვის განმავლობაში გახსნილი. ეს უბრალო ადამიანების ბიზნესი არ არის, საშუალო და ცოტა მსხვილი ფენაა ჩამოსული, რომლებმაც ბიზნესი გადმოიტანეს საქართველოში, როგორც რუსებმა, ასევე ქართველებმა. რა თქმა უნდა, ციფრებში ეკონომიკა მოიმატებს და ეს რიცხვები გაიზრდება ფურცლებზე, მაგრამ მოსახლეობას გაეზარდა ხელფასი?! ეკონომიკური ზრდა თუ გაქვს 10-11%, ინფლაცია ამაზე მეტია. ვის სჯერა ახლა, რომ ინფლაცია 11,5%-ია? _ ამაზე გაცილებით მეტია და რატომ 25% არ არის? ვიცით ჩვენ ეს დათვლის მეთოდოლიგია და მხოლოდ საქართველო კი არ ალამაზებს ციფრებს, არამედ ყველა ალამაზებს. ეს ციფრები რეალობას არ შეესაბამება. ვამბობდი კიდეც, ნახეთ, რა მოხდება აგვისტოსა და სექტემბერში ევროპაში-მეთქი და უკვე 10%-ია ინფლაცია ევროპაში, ახლა საქართველოში 11.5%-ია და მეტი არა?! _ ეს მონაცემები, რასაც ამბობენ, საშუალოა გამოყვანილი. ნახეთ, რამდენით გაიზარდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები: პომიდორზე, კიტრზე, პურზე, რძის პროდუქტებზე ფასები 30%-მდეა გაზრდილი. ყოველთვის ვამბობდი, რომ ნოემბერ-დეკემბერში ხორცზე ფასები მოიმატებს-მეთქი, უკვე დაიწყება ხორცხე ფასების მომატება, იმიტომ, რომ ვხედავთ, რა მდგომარეობაა დასავლეთ საქართველოში. მოსავა,ლი სიმინდი იქნება ეს თუ მარცვლეული, გვალვებისგან გადახმა. ფაქტობრივად, ბოსტანი აღარ აქვს გლეხობას. მოთხოვნა აგროსამრეწველო პროდუქციაზე უკვე სექტემბრიდან გაიზრდება, მოსავალი აღარ არის ბოსტნებში, შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნა გაიზრდება, რომ გადარიცხონ და შემოიტანონ. ეს არის გაზრდილი, აყვავებული ეკონომიკა?! სირცხვილია უკვე ამაზე საუბარი. ვის ახსოვს ასეთი ფასები, რომელ წელს იყიდებოდა 1 კილოგრამი კიტრი 2 ლარ-ნახევრად და პომიდორი 3 ლარად?!
_ თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ საწვავის ფასის ზრდა და თქვით, რომ 5-10 თეთრით არის მომატებული საწვავზე ფასები. მოსახლეობის დიდ ნაწილს აინტერესებს, ამ კუთხით როგორი იქნება პროგნოზი? რას უნდა ველოდოთ უახლოესი თვეების განმავლობაში?
_ უახლოესი თვეების განმავლობაში უნდა ველოდოთ იმას, რაც სამი თვის წინათ ანალიზის სახით გამოვაქვეყნეთ. ჩვენ ძირითადად ორიენტირებული ვართ ნავთობის, ოქროს ფასის ანალიზზე. თქვენ გახსოვთ, რომ აგონიაში იყვნენ, ნავთობის ფასი დაბლა წამოვიდა, 90-92 გახდაო. ჩვენ დავწერეთ პირდაპირ, რომ ნავთობის ფასი 95-დან 105 დოლარამდე იმერყევებს. პრემიერი კი დაჰპირდა, რომ ახლა ლარიც გამყარებულია და შემოდგომაზე კიდევ უფრო გამყარდება და ფასები დაიკლებსო, ეს გამოვიდა ტყუილი. ნავთობის ფასი გადასცდა ისევ 100 დოლარს. ნავთობის ფასის ღირებულება საერთოდ სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ესენი კი აჰყვებიან ვიღაცის დაწერილ სტატიას და მერე ამას მხარს აუბამს 15-20 ექსპერტი რომ ჰყავთ და იტყვიან, გაიაფდებაო. მე მაშინ ვთქვი, რომ არ გაიაფდებოდა და მთავრობას მივმართე, მიეღოთ შესაბამისი ზომები და შეექმნათ ნავთობპროდუქტების სახელმწიფო სააგენტო და გამოეკვლიათ, საიდან იზრდებოდა ფასები. ჩვენ წარვადგინეთ გარკვეული ანალიზი ნავთობის ფასების „კარტელთან“ დაკავშირებით, თუმცა ამაზე რეაგირება არ ჰქონიათ. პრემიერი ემუდარება იმათ, ფასები დაუწიეთო, შემდეგ თქვა, დაგვპირდნენ ფასის დაწევასო. თუ დაჰპირდნენ ფასის დაწევას, რატომ არ დაუწიეს? 24 თებერვალს დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. პირველი მარტის მდგომარეობით დიზელის ბრენდირებულ საწვავზე ფასი, მაქსიმუმ, 3.30, არაბრენდირებულზე კი 3 ლარის ფარგლებში იყო. პირველი მარტიდან 10-მარტამდე საწვავის ფასი ბარელი იყო 100 დოლარზე მეტი, დოლარის კურსი იყო 3.40, ანუ დოლარის კურსიც უარესი გვქონდა, ნავთობის ფასებიც უარესი იყო და დღეს კურსი გვაქვს 2.90, ბარელის ფასიც უფრო ნაკლებია და საწვავის ფასი კი 3.30 კი არ არის, არამედ 4 ლარი და 4.15-ია. როცა მთავრობა საუბრობს ფასების დაკლებაზე, ფასების დაკლებას დავარქმევ იმას, როცა თუნდაც დიზელის ფასი იქნება 3.30. ის კი არა, რომ 4.75-მდე გაზარდა ხელოვნურად „კარტელმა“ ფასი და შემდეგ ჩამოწიეს 4.15-ზე. სინამდვილეში, პრემიერს არც არაფერი გაუკეთებია, ეს არის ფსიქოლოგიური თამაში იმისთვის, რომ ფასი შეინარჩუნონ 4.50-ზე. ჩვენ მაინც არ გავჩერდებით, ამ თემებზე მაინც გამოვაქვეყნებთ სტატიებს. საქართველოში პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასები რომ მაღალია, ეს არის საწვავზე არანორმალურად დიდი ფასების გამო, რომელიც ასე არ უნდა იყოს.
_ ვინაიდან სწორედ საწვავის ფასზეა მიბმული პროდუქტების ფასი, შემოდგომაზე უნდა ველოდოთ პროდუქტებზე ფასების მკვეთრ ზრდას?
_ რა თქმა უნდა! ჯერ კიდევ სამი თვის წინათ ვეუბნებოდი მთავრობას, _ ნუ გაქვთ იმედი, რომ საწვავზე ფასები გაიაფდება-მეთქი. ვთქვი, რომ ლარის კურსი როგორც კი 2.80-ს ასცდება, გაჩერდება საწვავზე ფასების შემცირება-მეთქი, გაჩერდა კიდევაც და მოიმატა კიდეც. რაც შეეხება პროდუქტების ფასებს, ფასები არ დაიკლებს, უფრო მოიმატებს. პურზეც შესაძლოა, ამ მომენტში დაიკლოს, მაგრამ საახალწლოდ მაინც მაღალი ფასები იქნება. ახლა მოსავლის აღების პერიოდია და ექსპორტის დროს პირდაპირ იტვირთება ხოლმე და შემოდის მინდვრებიდან, შენახვის ხარჯებს არ გადის. ამ მომენტში 1-2 თვის განმავლობაში, შესაძლოა, ოდნავ დაიწიოს, თუმცა ამ შემთხვევაში მაღაზიების ფაქტორიც არის, მაღაზია თავის ჭკუაზე შემდეგ უმატებს 20%-ს. მთავრობამ უნდა გამოუშვას რეგულაცია, რომ პურის ფასზე 10%-ზე მეტი დანამატი არ იყოს და ის მომწოდებელი, ვინც მეტ ფასს დაადებს, უნდა დაჯარიმდეს, ასე მიშვება არ შეიძლება. აღარ არსებობს საბაზრო ეკონომიკა, ამიტომ ყველაფრის უფლებას გაძლევს ეს სიტუაცია. როდესაც პურზე, შაქარსა და ზეთზეა საუბარი, მაღაზიებს უნდა აუკრძალო 20-30%-ის დანამატის დადება, მაქსიმუმ 5-დან 10%-მდე უნდა იყოს. კეთილი ინებონ და გააკონტროლონ ეს ინვოისების მეშვეობით, დამრღვევები კი დააჯარიმონ! არ შეიძლება, რომ ყველაფერში ასე უგზო-უკვლოდ აკეთონ თანხები.