კახა კუკავა: „ზურაბიშვილი ივანიშვილს ფულს სძალავს“

შორენა მარსაგიშვილი

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა, მიიჩნევს, რომ, ადრე თუ გვიან, საქართველოში მესამე ძალა აუცილებლად გამოჩნდება. მისი აზრით, არსებული პოლიტიკოსებიდან მესამე ძალად ქცევის შანსი რამდენიმე ლიდერს აქვს, თუმცა მათ შეცდომები დაუშვეს.

რა შეცდომები დაუშვეს ლიდერებმა? რატომ ეყრდნობა დასავლეთი ისევ და ისევ ივანიშვილს? რა შემთხვევაში შეიცვლება საქართველოში ხელისუფლება? რას ნიშნავს ამერიკის ასეთი ლანძღვა? რატომ იცვლის ზურაბიშვილი ასე ხშირად პოზიციას? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს კახა კუკავა ესაუბრება:

_ ბატონო კახა, სალომე ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ დროდადრო ეძაბებათ ხოლმე ურთიერთობა. ამჯერადაც თითქოს ისევ სხვადასხვა პოზიციაზე დგანან. თქვენი აზრით, რა ხდება, ისევ თამაშობენ?

_ სალომე ზურაბიშვილისგან ასეთი განსხვავებულობა ჩვეულ ამბად იქცა. გასაკვირი ისაა, მის მიმართ საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილი აღფრთოვანებას რომ გამოხატავს. ბევრი მის ქებასაც არ ერიდება. არადა, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ხახვით და კარტოფილით არჩეული პრეზიდენტი. მისი კრიტიკის უფლება არ აქვთ არც „ქოცებს“ და არც „ნაცებს“.

„ქოცებს“ იმიტომ არ აქვთ პრეზიდენტის კრიტიკის უფლება, რომ ყველაფერი იკადრეს, რათა ის პრეზიდენტის პოსტზე დაესვათ. დღეს რომ მადამ პრეზიდენტად მოიხსენიებენ და დასცინიან, საკუთარ თავს დასცინონ, ეს მათ დაგვასვეს სალომე თავზე.

აღიარებენ, რომ ეს პრეზიდენტი არ ვარგა. აღიარებენ იმასაც, რომ არც მათ მიერ რეკომენდებული წინა პრეზიდენტი ვარგოდა. აღიარებენ იმასაც, რომ არც მათ მიერ სახალხო დამცველად დანიშნული ნინო ლომჯარია ვარგა. ლანძღავენ სოსო გოგაშვილსაც. მათ მიერ რეკომენდებული ამდენი ადამიანი თუ არ ვარგა, მაშინ გამოვიდნენ და თქვან, რომ საკადრო პოლიტიკა არ უვარგათ და ეს მისია სხვა პოლიტიკოსებს დაუთმონ.

„ნაცებისა“ და მათთან მიტმასნილი ლიბერალური პარტიების მხრიდანაც მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა. ყველას კარგად გვახსოვს პრეზიდენტის რეზიდენციაში შარლ მიშელთან ერთად როგორ ჩამწკრივდნენ და როგორ იყვნენ სიამტკბილობაში.

რეალობა ასეთია: სალომე ზურაბიშვილი გახლავთ ერთი კორუმპირებული ქალბატონი, რომელიც დაუმსახურებლად, მართლაც ხახვით და კარტოფილით მოხვდა პრეზიდენტის სასახლეში. ახლა მთელი მსოფლიო „სლავა უკრაინის“ გაიძახის და სალომეც ამ ტრენდს აჰყვა. ამის გამო ინფანტილურობა იყო მისი ძველი ცოდვების დავიწყება. როგორც ამბობენ, გაფუჭებული საათიც კი დღეში ორჯერ სწორად უჩვენებს დროს. სალომე ზურაბიშვილსაც თუ რაღაც წამოსცდა სწორად, ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალონ. ოპოზიციისგან მიღებული კომპლიმენტებით პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილთან ძალიან კარგად ვაჭრობს.

_ რას ნიშნავს, ბიძინა ივანიშვილთან ვაჭრობს?

_ იმას, რომ ივანიშვილს ფულზე ევაჭრება. მას ფულს სძალავს.

_ რანაირად სძალავს ფულს?

_ როდესაც ზურაბიშვილი ოპოზიციის მიმართ რაღაც რევერანსებს აკეთებს, იცოდეთ, რომ ამას ერთი მიზანი აქვს _ ის ივანიშვილს აეჭვიანებს. შემდეგ ღებულობს რაღაც ფულს და დროებით გაიტრუნება ხოლმე. სხვათა შორის, ასე მარტო სალომე ზურაბიშვილი არ იქცევა.

_ კიდევ ვინ იქცევა ასე?

_ არაერთი პოლიტიკური სუბიექტი, მაგრამ ამჯერად მათ გვარებს არ დავასახელებ.

_ ზურაბიშვილზე როცა ვსაუბრობთ, ალბათ, უნდა გავიხსენოთ ის მასკარადი, რაც საახალწლოდ დადგა. თავის რეზიდენციაში უხმო პოლიტიკურ სპექტრს, უნდა შეგარიგოთო. მერე მოულოდნელად განაცხადა, ამის რესურსი არ მაქვსო.

_ მე ვიყავი ერთადერთი ლიდერი, რომელიც შერიგების პროცესში ჩასართავად არ მიმიწვია. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ იმას ვეტყოდი, რასაც ახლა ინტერვიუში გეუბნებით. როგორც სააკაშვილს უნდა, რომ წამებული იყოს, მაგრამ არ ეწამოს, ასევე ზურაბიშვილს სურს, იყოს ეროვნული ერთიანობის სიმბოლო, ოღონდ ამისთვის არაფერი გააკეთოს. ასე არ გამოვა. ყველაფერს თავისი ფასი აქვს.

ქვეყანას მართლაც სჭირდება ეროვნული ერთიანობა. ეროვნული ერთიანობა მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც ძირითადი პოლიტიკური ძალები რაღაც დათმობებზე წავლენ. ოპოზიციასა და ხელისუფლებას ეროვნული ერთიანობა თავისებურად ესმით. „ოცნება“ ფიქრობს, რომ ოპოზიციამ უნდა გამოაცხადოს კაპიტულაცია, ოპოზიცია კი „ოცნებისგან“ ელის დათმობაზე წასვლას. კომპრომისის მნიშვნელობა არც ზურაბიშვილს ესმის და არც _ პოლიტიკოსების დიდ ნაწილს. არადა, კომპრომისი და ეროვნული ერთიანობა დღეს ჰაერივით სჭირდება ჩვენს ქვეყანას.

_ „ქართულ ოცნებაში“ დაწყებულ ე. წ. რღვევასა და იქიდან ოთხეულის წამოსვლაზე რას ფიქრობთ?

_ ამ ე. წ. რღვევაში რაღაც ლოგიკა არის. უბრალოდ, არსებობს რაღაც კონტექსტები, რომლის გამოც ეს სცენარი ჩემთვის არის გულისამრევი. ძალიან დიდი ხანია, რაც ვამბობ, რომ ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ერევა და ამის გამო ამერიკელები ბევრჯერ გამიკრიტიკებია. თუმცა ამ ყველაფერს „ქართული ოცნება“ მშვენივრად იტანდა.

ხმა არ ამოუღიათ, როდესაც ამერიკელებმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიაღებინეს, „ოცნების“ არცერთ დეპუტატს წინააღმდეგ ხმა არ მიუცია. არც კოჰაბიტაცია გაუპროტესტებიათ, ჩუმად იყვნენ, როდესაც ეკლესიაზე თავდასხმები იყო. ამერიკელების დავალებებს „ქართული ოცნება“ ჭიკჭიკით მიჰყვებოდა. როდესაც ივანიშვილის საბანკო ანგარიშებს შეეხნენ, მაშინ ამოიღეს ხმა. ეს ჩემთვის ამორალური ამბავია. საქართველოს ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი კანონმდებლები კანონებსა და ეკლესიას ფეხებზე იკიდებენ, მაგრამ ივანიშვილის საბანკო ანგარიშების დასაცავად ყველაფერზე მიდიან.

ივანიშვილის საბანკო ანგარიშები არის მიზეზი, რის გამოც მათ ანტიამერიკულ განცხადებებს სერიოზულად არ აღვიქვამ. თანაც ირაკლი ღარიბაშვილის პირით ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელებს დაზავება შესთავაზა. პრემიერის განცხადება რეალურად ასე უნდა ითარგმნოს: ამერიკელებო, მოდით, ნუ გაგვაკრიტიკებთ. სანაცვლოდ ჩვენ შევწყვეტთ რიტორიკას. თუ არადა, მაშინ რეზერვში გვყავს ხალხი, რომელიც გაგლანძღავთ.

_ ამერიკას რა უნდა დააკლოს ამ ხალხის ლანძღვამ?

_ ამერიკას ხუნდაძისა და სუბარის, რა თქმა უნდა, არ ეშინია, მაგრამ ორი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი. ჩვენი მთავრობა რაც არ უნდა სულელი იყოს. ოპოზიცია მასზე უფრო სულელი გამოდის. საზოგადოებრივ აზრს ხელისუფლება ოპოზიციაზე უკეთ გრძნობს. ის, რომ ივანიშვილმა ოთხეულის სცენაზე გამოყვანა გაბედა, ეს იმით აიხსნება, რომ ქვეყანაში ანტიამერიკული განწყობები არსებობს. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს. აქამდე ამერიკის კრიტიკა იყო ტაბუირებული თემა. ახლა ხელისუფლება ამბობს, რომ ამ თემაზე საუბარს დავუთმობ ეთერებს და დავაფინანსებ.

აქ სუბარსა და ხუნდაძეში კი არ არის საქმე, არამედ იმაშია, რომ „ოცნებამ“ ამ თემას ტაბუ მოხსნა. მე შეიძლება სუბიექტური ვარ შეფასებებში, მაგრამ არ მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% ამერიკას უჭერს მხარს. რეალობა ცოტა სხვაა. რეალობა რომ სხვაა, ამაზე ის კამპანიაც მეტყველებს, რომლის დაწყებაც „ოცნებამ“ გაბედა.

მეორე ამბავი, რატომაც შესთავაზეს „ქოცებმა“ ამერიკას დაზავება, არის ის, რომ დასავლეთს საქართველოში „ოცნების“ იქით ალტერნატივა არ გააჩნია. ოპოზიცია ბოლომდე გაკოტრდა. ორი წლის განმავლობაში წარმოებული კამპანია, რომელსაც ხელისუფლება უნდა შეეცვალა და რომელსაც აშშ უჭერდა მხარს, ჩავარდა. ეს კამპანია ჩავარდა იმიტომ, რომ არაკომპეტენტურად იყო დაგეგმილი. ვიღაცები ამბობდნენ, სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დაიჭერენ, ამას უკმაყოფილება მოჰყვება და აზვირთებული ხალხი მას ციხიდან გამოიყვანსო. ფაქტია, რომ ამ გეგმის ეფექტიანობა ბევრმა დაიჯერა.

_ მათ შორის, მიხეილ სააკაშვილმაც დაიჯერა.

_ მის გარდა, სხვებმაც დაიჯერეს. ამ ამბავს ოპოზიციას ვახსენებ ხოლმე, ზოგი მეთანხმება, ზოგი სახეს მარიდებს. ამ გეგმის ჩაფლავების გამოძახილი იყო ღარიბაშვილის ბოლო განცხადება ამერიკაზე. ამერიკის პოლიტიკას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ისინი არ გადადგამენ მკაფიო ნაბიჯებს, თუ გამოკვეთილ ალტერნატივას არ ხედავენ.

შვარდნაძის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატები იყო ძალიან ლოიალური. 2003 წელს არ გამხდარა ის კორუმპირებული, მანამდეც იყო, მაგრამ ამერიკელები ამას არ იმჩნევდნენ. არ იმჩნევდნენ იმიტომ, რომ მანამდე მკაფიო ალტერნატივას ვერ ხედავდნენ. როცა დაინახეს ასეთი ალტერნატივა, წაჰკრეს წკიპურტი და შეცვალეს ის. ზუსტად იგივე იყო სააკაშვილის შემთხევაშიც. მის მიმართ დამოკიდებულება ზუსტად ერთ წელიწადში შეიცვალა. ესეც მაშინ მოხდა, როდესაც ივანიშვილის სახით გამოჩნდა ალტერნატივა.

ბოლო ორ წელიწადში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ მკაფიო ალტერნატივა არ ჰყავს. დღეს ხელისუფლება რომ შეიცვალოს, ქვეყანას, სამწუხაროდ, ქაოსის გარდა არაფერი ელოდება. ხელისუფლების პროპაგანდისტივით კი გამომდის, მაგრამ რეალობა ასეთია. ვიდრე საზოგადოების დიდ ნაწილს არ ეცოდინება, რომ ივანიშვილს შეცვლის ესა და ეს პიროვნება, მანამდე საქართველოში ხელისუფლება არ შეიცვლება. ადამიანებს ყოველთვის ეშინიათ გაურკვევლობისა და ბუნდოვანების.

ეს კამპანია ხელისუფლებამ მოიგო და ვიდრე ოპოზიციაში ბუნებრივად ან ხელოვნურად ალტერნატივა არ გამოიკვეთება, მანამდე „ოცნებას“ თავი ქუდში აქვს და ამერიკელებს ეუბნება, რომ რად გინდა ჩემთან ურთიერთობის გაფუჭება, სხვა მაინც არავინ არისო.

_ ამერიკა დათანხმდება „ოცნებასთან“ სიტუაციის დალაგებას?

_ შანსი იმისა, რომ ამერიკა დალაგებას დათანხმდეს, საკმაოდ მაღალია. ოღონდ ეს იქნება დროებითი.

_ რას ნიშნავს, დროებითი?

_ ამერიკა არავითარ შემთხვევაში არ დაივიწყებს ივანიშვილის მიერ ზურგში ჩარტყმულ ხანჯალს. როცა იქნება, მასთან ანგარიშებს აუცილებლად გაასწორებს. დიდ იმპერიებს წყენის დროებით დავიწყება სჩვევიათ. საქართველოს შემთხვევა ეს არის გადადებული პარტია, ძირითადი ყურადღება უკრაინაზეა. უკრაინაში როგორ განვითარდება პროცესები, ამაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მახლობელი საზღვარგარეთის ბედი და პოლიტიკური ორიენტაცია.

_ თქვით, რომ დასავლეთი ვერ ხედავს ივანიშვილის ალტერნატივასო. ეს იმის ბრალიც ხომ არ არის, რომ თავად ივანიშვილი აქრობს ამ ალტერნატივას? როცა დიდი ფული გაქვს, ყველაფრის ყიდვა შეიძლება.

_ ეს ერთ-ერთი მიზეზია. ვხვდები, ვისზედაც საუბრობთ, მაგრამ გვარები არ დავასახელოთ. ეს ხალხი პარლამენტშიც არის და მის გარეთაც. ეს ამბავი ძირითადი მიზეზიდან გამომდინარეობს. პატარ-პატარა პარტიებს არ შეიძლება ძირითადი პრობლემა დაბრალდეთ. მათ არ აქვთ ამდენი გავლენა და შესაძლებლობები. ის, ვისაც შეეძლო ყოფილიყო ალტერნატივა, მან ვერ შეძლო ამის გაკეთება. ასეთი არის ორი ადამიანი.

_ მათ ვინაობას დაასახელებთ?

_ დავასახელებ. ერთი არის ნიკა მელია, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო ქართველი ხალხის ნდობის მანდატი. მას ეს მანდატი მისცეს იმიტომ, რომ ყოფილიყო არც მიშას, არც ბიძინას ცენტრის ლიდერი. მისი მიმართულებით რაღაც მოძრაობები დაიწყო.

საქართველოში სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ნიკა მელია გახდა ჩვეულებრივი, პარტიული ლიდერი. სააკაშვილმა ნიკა მელია, როგორც პოლიტიკური ლიდერი, მოკლა. ფაქტია რომ გზა, რომელიც ნიკა მელიამ აირჩია, შედეგებს იძლეოდა. ის იყო ერთადერთი ოპოზიციონერი, რომელმაც ოფიციალური მონაცემებითაც კი დაამარცხა „ოცნების“ კანდიდატი. მე ნიკას ვგულშემატკივრობდი, მაგრამ მერე დიდი შეცდომები დაუშვეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რაც მოხდა, ძალიან დიდი შეცდომა იყო.

მეორე ადამიანი, ვისაც ჰქონდა შანსი, გამხდარიყო ალტერნატივა, იყო გიორგი გახარია. არ ვიცი, გაზომა თუ არა ვინმემ მისი რეიტინგი პრემიერობიდან გადადგომის შემდეგ. ჩემი აზრით, გახარიას მაშინ 20%-ზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა. ეს რეიტინგი იყო მზარდი, მაგრამ მან დაუშვა რამდენიმე სტრატეგიული შეცდომა, რომლის გამოც ახლა მისი რეიტინგი ბევრად უფრო დაბალია. ამის მიუხედავად, ყოფილ პრემიერს ისევ აქვს გარკვეული პოტენციალი.

_ გარკვეულ პოტენციალში რას გულისხმობთ?

_ მას შეუძლია შეასრულოს ის ფუნქცია, რაზედაც ასეთი დიდი მოთხოვნაა დღეს საქართველოში.

_ მესამე ძალას გულისხმობთ?

_ მესამე ძალას ვგულისხმობ. იმის პროგნოზირება, თუ ვინ იქნება მესამე ძალა, ძალიან რთულია. ყველას ჰგონია, რომ მესამე ძალა ოპოზიციიდან აღმოცენდება, მაგრამ ის შეიძლება ხელისუფლებაშივე გაჩნდეს.

_ ვინ შეიძლება ხელისუფლებიდან იქცეს მესამე ძალად?

_ იგივე კახა კალაძე.

_ კალაძეს ბევრი უწინასწარმეტყველებს, რომ ის შესაძლოა, მესამე ძალა გახდეს.

_ იმიტომ, რომ რეალობასთან ეს ძალიან ახლოს არის. პოლიტიკაში აღარ ვარ ჩართული, მაგრამ აქტიურად ვაკვირდები პოლიტიკოსებს. აშკარაა, რომ კახა კალაძის რიტორიკა მკვეთრად განსხვავდება სახელისუფლებო ძალის ლიდერების განცხადებებისგან.

_ რით განსხვავდება?

_ შესაძლოა, პიარკონსულტანტებმა ურჩიეს, ასე მოიქეციო, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ბევრად უფრო ადამიანურად იქცევა. საქართველოს მოსახლეობასთან მისი განცხადებები ბევრად უფრო ახლოს დგას. არ აკეთებს რადიკალურ განცხადებებს, არ უხეშობს. ადრე ჰქონდა საზოგადოებრივ აზრთან ექსცესები, მაგრამ ბოლო დროს გამოსწორდა. თბილისის მერიაც ისეთი მოშლილი არაა, როგორც სხვა სახელისუფლებო სტრუქტურები.

ეს ყველაფერი ჩემი მოსაზრებაა და ნამდვილად არ ვიცი, კალაძეს რა გეგმები აქვს, მაგრამ რასაც ვხედავ, არის ის, რომ მოთხოვნა ლიდერზეა, რომელსაც ექნება ლეგიტიმაცია. ამ ლიდერის მთავარი მესიჯი უნდა იყოს ასეთი: სააკაშვილი და ივანიშვილი ორივე წარსულია და როგორღაც უნდა მოვახერხოთ საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცლის გადაფურცვლა. ეს იქნება ის მესიჯი, რომელიც ამ ეტაპზე გააერთიანებს ბევრ ადამიანს.

სხვა ლიდერებს რაც შეეხება, ისინი საერთოდ არ არიან გარტყმაში _ ჟარგონისთვის ბოდიშს ვიხიდი, მაგრამ სხვა შეფასება, უბრალოდ, ვერ მოვუძებნე. მათი დღის წესრიგი საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარია.

ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო თვითმმართველობის არჩევნები. ორი თვის თავზე განმეორებითი არჩევნები ჩატარდა და „ნაციონალებმა“ 30%-70%-ზე წააგეს. ეს მარტო გაყალბების ბრალი ნამდვილად არ არის. ეს იცით, რატომ მოხდა? მოითხოვეს, რომ ბათუმში არ შევუშვათ რუსი ტურისტებიო. ბათუმი არის ქალაქი, რომლის მოსახლეობის 50% ტურისტებით ჭამს პურს.

„ნაციონალებს“ ვაქცინაციის თემამაც გაუფუჭა საქმე. ვინ ექაჩებოდათ ენაზე, როცა აყვირდნენ, იძულებითი ვაქცინაციაო. ნამახვანჰესის ამბავმაც „ოცნების“ წისქვილზე დაასხა წყალი. მთელი საქართველო აქციის მონაწილეებს უჭერდა მხარს, „ნაციონალები“ კიდევ გაიძახოდნენ, ჰესი უნდა აშენდესო. ან რა მათი საქმე იყო, ლგბტქ პრაიდზე რომ გამოხტნენ?

პოლიტიკურ პარტიას ვინ ეკითხება პრაიდის ჩატარებას. ტრადიციულ ქვეყანაში ვინ გაპატიებს იმას, რომ გეიაღლუმის ჩატარებას უჭერ მხარს? განსაკუთრებით იმ პარტიას არ აპატიებენ, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნებაზე აქვს პრეტენზია.

ავტორიტარულ ქვეყანაში ხელისუფლება ვერ შეიცვლება, თუ არ გამოჩნდა ძალიან ძლიერი პოლიტიკური ძალა. ჩვენ რომ მართლა დემოკრატიული ქვეყანა ვიყოთ, მაშინ გაცილებით მარტივი იქნებოდა ხელისუფლების შეცვლა. დემოკრატიულ ქვეყანაში პრემიერის პარტიას შესაძლოა ჰქონდეს 19% და სხვებთან ერთად შექმნას კოალიცია, საქართველო ჯერ არაა დემოკრატიული ქვეყანა. აქ ხელისუფლება რომ შეცვალო, ძალიან ძლიერი მხარდაჭერა უნდა გქონდეს.

თავის დროზე, ზვიად გამსახურდიამ და ბიძინა ივანიშვილმა 50%-ზე მეტი დააგროვეს, ეს ფორმალურად, თორემ მათი რეიტინგი სინამდვილეში 70%-ს აჭარბებდა. როგორ მიიღებ ამ უპირობო უმრავლესობას, თუ ქვეყნის ძირითად სოციალურ ჯგუფთან ხარ ანტაგონიზმში? ოპოზიციის ბანკროტობისა და სრული უპერსპექტივობის გამოვლინება არის ის, რომ დასავლეთს ეხვეწებიან სანქციების დაწესებას. სანქციების იმედად რომ ხარ, ეს ხომ იმის აღიარებაა, რომ არც რევოლუციის თავი გაქვს და არც _ ხალხის ქუჩაში გამოყვანის იმედი.

პოლიტიკურ ბაზარს, ისევე როგორც ფინანსურ ბაზარს, აქვს კანონზომიერება. როცა არის მოთხოვნა, იქნება მიწოდებაც. მოთხოვნა მესამე ძალის შექმნაზე არის. ეს მოთხოვნა ხელოვნურად იბლოკება და ამაში მედიასაც მიუძღვის დიდი წვლილი. ამის მიუხედავად, მაინც გამოჩნდება მესამე ძალა. მესამე ძალის გამოჩენა გარდაუვალია.

_ ვინ შეიძლება იყოს მესამე ძალა?

_ გვარს ვერ გამოვიცნობ. სავარაუდოდ, რამდენიმე გვარზე უკვე გესაუბრეთ.

_ მელიას, კალაძესა და გახარიას გულისხმობთ?

_ დიახ. ყველაზე მეტი შანსი აქვთ, თუმცა შესაძლოა, სხვა ვინმეც გამოჩნდეს. მესამე ძალა რომ გამოჩნდება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. როგორც კი მესამე ძალა გამოჩნდება, „ოცნება“ მაშინვე დაემხობა.