შინ ევროპაში თუ შინ ევროპიდან?

ელისო კილაძე

საქართველოში იბადებოდნენ და მერე მუდამ წუხდნენ ამაზე…
ქართველს წუხილი არ ელევა, სამშობლოზე დარდი ყოველდღიურმა საზრუნავმა შეცვალა _ ფასები იმატებს, ხელფასი _ არა, სამუშაო ადგილები _ არა, ვინც მუშაობს, მიზერულ ანაზღაურებას იღებს და თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვს, სიხარული და სიამაყე წარსულში ჩატოვებული ფრაზებია, დრაივი და მომავლის იმედი მხოლოდ ოცნებაა და სხვა არაფერი.

ასფალტი ვჭამოთ? _ ამადლიდნენ თავს წინა ცხრა წელს ხელისუფლებას.
21-ე საუკუნეში დენი ვის უკვირს? _ ქილიკობდნენ კრიტიკოსები.
ახლა არც საჭმელი ასფალტია და დენიც ხშირად მიდის და წყალიც, ბენზინი ისევ ძვირდება და ადამიანების ნაწილს ისევ სჯერა, რომ ერთი ლარი ამ ფულიდან ისევ მიშას ჯიბეში მიდის; აჭარაში დიდი თურქობა დიდმა რუსობამ შეცვალა, მაგრამ პროტესტი გაქრა. საქართველოში ჩამოსული რუსები ჯერ ტურისტები იყვნენ, მოგვიანებით ბინადრობის უფლებით მოგვევლინენ და ახლა უკვე ნელ-ნელა საქართველოს მოქალაქეობასაც იღებენ.
სამაგიეროდ, მექსიკის საზღვარზე ქართველების რიგი დგას,
მანჰეტენსა და ბრაიტონზე ინგლისურზე მეტად ქართული ისმის, თვეში ასი ათასზე მეტი ქართველი ტოვებს ქვეყანას გაურკვეველი მარშრუტით და კიდევ უფრო გაურკვეველი მომავლის იმედად.
იმასაც მოვესწარით, რომ საქართველოს მთავარ ტაძარში წირვა-ლოცვა რუსულად აღევლინება. საპატრიარქო გვეუბნება, სლავები გვყავდა სტუმრად და მათ პატივსაცემადო. საზოგადოების ნაწილი მხოლოდ სოციალურ ქსელში კლავიატურაზე კაკუნით გამოხატავს პროტესტს, ნაწილი გულში ჩუმად ელოდება უკეთეს დროს, ნაწილი კი საჯაროდ ბედავს, რუსები გაშლილი ხელით მოიპატიჟოს საქართველოში.
ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე, _ ევროპელები,
ჩვენ დიდი ხნის წინ გავაკეთეთ ჩვენი ევროპული არჩევანი და იმ ცხრა წლის შავი რუსული პიარისა და ამ ცხრა წლის ღია რუსული პროპაგანდის მიუხედავად, საქართველოში რუსეთის ღია მომხრეების რიცხვი 4%-ს არ აღემატება. წლების განმავლობაში რუსული პროპაგანდისტული მედიისა და სამოქალაქო სექტორის შესაქმნელად მრავალი ასეული მილიონი დაიხარჯა, ამაზე გაცილებით მეტი _ უკრაინაში, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დროს მკაფიოდ და კარგად გამოჩნდა, რომ რუსული ფულის უდიდესი ნაწილი წყალში გადაყრილი აღმოჩნდა, _ არანაირი რეალური შედეგი ამ თანხის დახარჯვას არ მოჰყვა და მეტიც, ФСБ-ს მეხუთე განყოფიელების შეფი, სერგეი ბესედა, რომელიც წლების განმავლობაში კრემლის კარზე ატუზული ქართული ოპოზიციის კურატორიც იყო, ახლა ციხეში ითვლის გაცემული ფულის „ატკატებს“.
ამ გახსენებაზე, სერგეი ბესედას გვარი პირველად სწორედ მე, თქვენმა მონა-მორჩილმა, ახსენა, ჯერ კიდევ, 2009 წელს _ მაშინ, როდესაც საქართველოში საპროტესტო აქციების ბუმი იყო და ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ხელისუფლების ყველა შეცდომას რუსთაველზე აპროტესტებდა.
ეს ის წლებია, როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ რუსული ჭორების ბუმია, წერენ ყველაფერს, რასაც ადამიანის ფანტაზია გასწვდება _ დაწყებული პატიმრების გაუპატიურებით, დამთავრებული მათი ორგანოების გაყიდვით, საგულდაგულოდ გამოაცხვეს ევროპის წამყვანი ფსიქიატრების დასკვნა სააკაშვილის სიგიჟეზე. აზრადაც არავის მოსვლია გადამოწმება, რომ მსგავსი კლინიკები და ფსიქიატრები რეალურად არ არსებობდნენ და მსგავსი სცენარები კრემლის პროპაგანდის განყოფილებებში იქმნებოდა.
ამ ჭორების ტირაჟირებაში დიდი ფული იხარჯებოდა.
კრემლის კულისების ფინანსისტისა და ერთ-ერთი იდეოლოგის, სერგეი ბესედას ხსენებას დიდი სკანდალი მოყვა როგორც საქართველოში, ისე მოსკოვში. ვლადიმერ ხომერიკმა ძებნაში მყოფი ვალერი გელბახიანი მოსკოვში დაიბარა და საქმეები ურჩია, _ შენგან ხომ არ იცის ელისო კილაძემ სერგეი ბესედას სახელი და გვარიო? ოპოზიცია დაფრთხა და ბინძური ჭორების მოგონება დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი იყო გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ მე კუდის აგენტი ვარ, მეტსახელად „ნუკრი“.
მერე წლების განმავლობაში ეძებდნენ ჩემს საიდუმლო საქმეს, ეძებდა სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილიც, ეძებდა არა მხოლოდ თანამშრომლობის ხელწერილს, არამედ სხვა კომპრომატებსაც პირადი ფირების ჩათვლით. დასახმარებლად კუდის დაკავებულ მაღალჩინოსნებსაც კი მიმართა, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. ამის შემდეგ ჭორების იმედად დარჩენილმა გოგაშვილმა ჩემი შვილი დაიჭირა, ამ ამბიდან ხუთი წლის მერე კი სოსო გოგაშვილია ციხეში. მას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება და პირადი და საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროება.
თუმცა სოსო გოგაშვილს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს. ჩემი ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მფარველობა, დაუსაბუთებელი ქონება, ფულის გათეთრება და ა. შ.
საინტერესოა, ფაქტი რომელზედაც ბოლო დროს გაჩნდა რამდენიმე ინფორმაცია _ სოსო გოგაშვილის ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირებზე.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა და ცხადი გახდა, რომ თბილისში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი საველე მეთაური, ახმად ჩატაევი მოკლეს, მომაწოდეს ინფორმაცია, რომ საქართველოში ისლამური სახელმწიფოს მიერ ერაყის ბანკებიდან წამოღებული თანხის ნაწილი გათეთრდა და ფული თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ხურდავდებოდა, ამ პროცესს კი სოსო გოგაშვილი მფარველობდა და თანხის გვარიანი ნაწილი მის მფლობელობაში გადავიდა. სუსის უფროსის დაკავების მერე ჩემთვის სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონში ცნობილ აუქციონებზე ისლამური სახელმწიფოს ცალკეული ლიდერების კუთვნილი ანტიკვარული ნივთები და ოქროს მონეტები ქართული შტრიხკოდებით გაიყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნივთები აუქციონზე საქართველოს გავლით მოხვდა. ჩემი წყაროს ცნობით, აქაც გოგაშვილის კვალი იკვეთება და მისი ზღაპრულად გამდიდრების საიდუმლოც სწორედ ტერორისტებთან და ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირშია.
სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სუსთან გარიგებული მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის მხილებას დაგვპირდა. იმედია, ის პირობას ამჯერად მაინც შეასრულებს და სიას მტკიცებულებებთან ერთად გამოაქვეყნებს, მაგრამ არც ოპოზიციური მედიის ის ჟურნალისტები და პროდიუსერები გამორჩება, რომელსაც სუსში ყოფნისას აფინანსებდა. სწორედ ამიტომ იყო მისი გვარის ხსენება ტაბუდადებული ოპოზიციურ ტელევიზიებშიც და მისი მხილება, თანამდებობიდან ჩამოშორების ჩათვლით, „ქრონიკა+“-ის ანგარიშზეა.
გოგაშვილი ასევე ფლობს კომპრომატებს ოპოზიციურ პარტიებზე და ჩემი წყაროს ინფორმაციით, მისი სახლიდან ამოღებულია პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების სრული კრებული, რომლის საერთო მოცულობა 28 საათს შეადგენს.
როგორც რუსთავის ციხიდან სანდო წყარო იუწყება, სოსო გოგაშვილი ღრმა დეპრესიაშია. მას ეგონა, რომ ხელისუფლება მის დაკავებას ვერ გაბედავდა, დაკავების მერე კი იმედი ჰქონდა, რომ ისევ ივაჭრებდა მის ხელთ არსებული მასალებით და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერას მაინც მოიპოვებდა, მაგრამ დღეს უკვე ხვდება, რომ მიტოვებულია, _ არც ვაჭრობას აპირებს მასთან ვინმე და არც ციხიდან მის განთავისუფლებას, მეტიც, ახლა მის მიერ უკანონოდ შეძენილი ქონების აღრიცხვა მიმდინარეობს. „ოცნების“ კულუარებში ამბობენ, რომ ის ზუსტად ისე დარჩება, როგორც „ოცნებაში“ მოვიდა _ ქონებისა და ფინანსების გარეშე.
გაკოტრებული ოპოზიციის ფონზე ქვეყანაში სერიოზული რყევები მოსალოდნელი არ არის. ენმ კარგა ხანია, ბედს შეეგუა, პარლამენტში მშვიდად გაატარებს დარჩენილ ორ წელს, ორი წლის თავზე კი სააკაშვილის ფაქტორის გარეშე დაახლოებით იმდენივე ხმას აიღებს, რამდენსაც, მაგალითად, „ლელო“.
მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას გაემიჯნა, შესაბამისად, დისტანცირდა იმ პარტიიდან, რომელიც ხელისუფლებაში ორჯერ მოიყვანა, ცხრა წელია კი მთავარი ოპოზიციური ძალის ნიშას ანარჩუნებინებდა.
პარტიაში სააკაშვილის ადვოკატების ამ განცხადებას აგრესიით შეხვდნენ და მას დაგეგმილი სტრატეგია უწოდეს, მაგრამ მომდევნო დღეებში მიშამ პარტიის ლიდერშიპთან შეხვედრა არ მოისურვა, ის მხოლოდ ეკა ხერხეულიძეს ხვდება და აზუსტებს, რომ მეგობრის სტატუსით, რეალურად, მას მხოლოდ უკრაინული პოლიტიკა აინტერესებს და ადვოკატებთან საუბარში ამბობს, რომ ახლა ყველაზე მეტად უკრაინაშია საჭირო.
მიხეილ სააკაშვილთან უკვე იმყოფებოდნენ ამერიკელი ექსპერტები, ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვის მოლოდინშია ევროპელი ექსპერტიც, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატია. სექტემბერში მათი დასკვნები მზად იქნება. იუსტიციის სამინისტრომ პარალელურად კომპლექსური ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დანიშნა.
სასამართლო პროცესი ცხადია, რეზონანსული და სამაგალითო იქნება. გადაწყვეტილების წინასწარი პროგნოზი რთულია, გააჩნია, რა პოლიტიკური რეალობა იქნება რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ევროპასა და კავკასიაში.
ხელისუფლებას 2024 წლის არჩევნების წინ სააკაშვილი რუსთავის ციხეში ნამდვილად არ აწყობს, არც მისი მომხრეების გააქტიურება უნდა და არც _ საკუთარი მომხრეების მომდურება, ამიტომ შუალედური გამოსავალი იქნება მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადება და მისი უცხოეთში გამგზავრება სამკურნალოდ. ასეთ შემთხვევაში სააკაშვილი ისევ სასამართლოსა და სასჯელის იურისდიქციაში რჩება.
რა არის გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან?
საქართველოს მოსახლეობის აქტიური ნაწილი ემიგრაციაშია, აქ დარჩენილებს ოპოზიციის ნდობა არ აქვთ, მცირე ნაწილი ისევ აქციებისა და მესამე ძალის მოლოდინშია.
მე გამოსავალს ისევ მოძრაობაში ვხედავ, რადგან მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ქვეყნის ძალისა და ღონის მიმცემი,
აუცილებლად დადგება დრო, როცა შინ ევროპაში წავალთ და ემიგრანტები ევროპიდან შინ, სამშობლოში დაბრუნდებიან.