გია ხუხაშვილი: „ბიძინას დღეს ყველაზე სერიოზული მტერი ჰყავს ორი ირაკლის სახით“

ნენე ინჯგია

ოპოზიციას გაერთიანების კიდევ ერთი მცდელობა აქვს. გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პოლიტიკურ პარტიებს ახალი პლატფორმის გარშემო გაერთიანებას სთავაზობენ. პრაიმერისი ოპოზიციის ლიდერების გამოსავლენად და ერთიანი საარჩევნო სიის შესადგენად, _ ასეთია წინადადება, რომელსაც სკეპტიციზმი მოჰყვა.

აქვს თუ არა პოლიტიკური ლოგიკა გაერთიანების მცდელობას ამ ფორმით და დღევანდელ რაელობაში რამდენად სწორი და თანმიმდევრულია ოპოზიციის მხრიდან ამ თემებზე საუბარი? რა უნდა გააკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა საზოგადოების ნდობის აღსადგენად და აქვს თუ არა ოპოზიციას გაძლიერების რესურსი?

ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

_ ბატონო გია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, გასულ კვირას პრაიმერისის ჩატარების შესახებ დაიწყო საუბარი, მისი თქმით, „ერთიანობის წესებს ღია და გამჭვირვალე პროცედურები სჭირდება. პრაიმერისი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას ამ ერთიანობაში, თუ ვის რა პოზიციები აქვს, ვის რა ძალა და ხმა აქვს, იღებს ხალხი და არა პოლიტიკური კულუარები“, _ რამდენად თანმიმდევრულია ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც პრაიმერისის აუცილებლობაზე საუბრობს?
_ საქმე ის გახლავთ, რომ საერთოდ ასეთი უცნაური პოლიტიკური პროცესი მიდის ქვეყანაში. თუ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ყოველ შემთხვევაში, ოპოზიცია ამბობს, რომ მათი ამოცანები არის ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნება, მოგეხსენებათ, ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ხალხის არჩევანი. როდესაც ოპოზიცია ძირითადად დაკავებულია არა ხალხთან კომუნიკაციით, არა ელექტორალური ბაზის გაზრდით, არამედ რაღაც ერთმანეთში უცნაური მოლაპარაკებებით და ელიტარულ კლუბებში გეგმების დასახვით, პირდაპირ გეტყვით, ეს ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან დემოკრატიულ პროცესში დაბრუნების ფორმულა მათი დაჯგუფება, გადაჯგუფება და პრაიმერისების გამართვა არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ არიან ხელისუფლება. კი ბატონო, ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემები, მაგრამ იგივე ლეგიტიმურობის პრობლემა მათაც აქვთ. როდესაც საკმაოდ მოკრძალებული მხარდაჭერის პარტიები რაღაც პრაიმერისებზე საუბრობენ და თუნდაც გამოკვეთონ ვიღაც, მათი ჯამური მხარდაჭერა დავუშვათ თუ გასცდება 5%-ს აქტიურ ამომრჩეველში, ვსვამ კითხვას, _ ასეთ თუნდაც ძალიან ჯანსაღი წესით წარმოდგენილ ლიდერს რა ლეგიტიმაცია აქვს საზოგადოებაში? _ პრაქტიკულად, არანაირი. შესაბამისად, ეს ყველაფერი აბსოლუტურად უაზრო, უსაგნო თამაშებს ემსგავსება, რითაც, საბოლოო ჯამში, ისევ ხელისუფლება სარგებლობს. დავუშვათ, ჩაატარა რამდენიმე პარტიამ პრაიმერისი, რომელთა ჯამური მაჩვენებელი არის 5%, წარმოადგინეს პრემიერობის კანდიდატი. რა ამბიცია აქვთ, რომ ეს ადამიანი, რომელსაც ასეთი მცირე, მოკრძალებული მხარდაჭერა აქვს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს? ასეთ უცნაურ ვითარებაში ვართ ნაცვლად იმისა, რომ პარტიები ფიქრობდნენ ელექტორალური ბაზის გაზრდაზე, როდესაც ხალხთან უნდა მივიდნენ, ხალხში უნდა შექმნან იმის რწმენა, რომ მათ უკეთესად შეუძლიათ ქვეყნის მართვა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მათი პრობლემები კეთილდღეობითი იქნება _ ეს თუ უფლებების დაცვის თვალსაზრისით გაუმჯობესდება, აღიდგინონ ნდობა და ამ მიმართულებით იარონ იმის შემდეგ, როდესაც ხალხის რეალურ მხარდაჭერას მოიპოვებენ, ანუ სახალხო ლეგიტიმაციას შეიძენენ, მერე ჩაატარონ პრაიმერისი. მაგრამ როდესაც შენი მხარდაჭერა არის ძალიან მცირე და რაღაც გაუგებარ თამაშებს თამაშობ, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან გამაღიზიანებლად გამოიყურება და მათ ავტორიტეტს კიდევ უფრო აკნინებს საზოგადოებაში. აცდენილები არიან რეალობას, ხალხი ცხოვრობს თავისი ცხოვრებით და ესენი რაღაც კლუბებში სხდებიან და გადაჯგუფება-გადმოჯგუფებაზე საუბრობენ. დიდი ბოდიში, შეურაცხმყოფელად არ ვამბობ, მაგრამ 0 გინდა 100-ზე გაამრავლე და გინდა 200-ზე, _ მაინც 0-ია. ამით არიან დაკავებულები. მოდი, ახლა გავამრავლოთ 100-ზე, _ იტყვიან და მაინც 0-ს რომ მიიღებენ, მერე იტყვიან, _ მოდი, ახლა 200-ზე გავამრავლოთ! ვა, ისევ 0-ია! _ იტყვიან და, _ მოდი, 1000-ზე გავამრავლოთო, მაინც 0-ს მიიღებენ და ვეღარ გაიგეს, რატომ ხდება ასე. სინამდვილეში, ეს არის უმარტივესი არითმეტიკის ამოცანა, რომელიც პირველკლასელმა ბავშვმაც კი იცის, მაგრამ ჩვენს პოლიტიკოსებს ამის გაგება არაფრით არ უნდათ და ჯიუტად ისევ სურთ, რაღაც კლუბებში გადაწყვიტონ ქვეყნის ბედი, რაც, ბუნებრივია, ილუზიაა და მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
_ რა განაპირობებს ოპოზიციის ამ არათანმიმდევრულ ქმედებას, _ როგორ შეიძლება ეს აიხსნას?
_ პოლიტიკურ ლოგიკას ამაში ვერ ვხედავ. ფაქტობრივად, ისინი საკუთარი უსუსურობის დემონსტრირებას ახდენენ ფეხების ბაკუნით, რაც ემსგავსება 5 წლის ბავშვის ქმედებას, რომელსაც უნდა, ოჯახის მართვის სადავეები ჩაიგდოს ხელში, დედ-მამა კი ხან კუთხეში დააყენებს, ხან წაუყრუებს.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ოპოზიციის ქმედებები ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ფიქრობთ, რომ, სწორედაც, მიზანმიმართულად ახორციელებს ოპოზიციის ნაწილი ამას ხელისუფლების სასარგებლოდ?
_ ვიღაც შეიძლება, მიზანმიმართულადაც ატარებდეს, ვიღაც, უბრალოდ, სიბრიყვით ატარებდეს, ვიღაც იმდენად უსუსურად და უპერსპექტივოდ გრძნობს თავს, იმდენად შელახული აქვს უკვე სახელი, რომ ერიდება ხალხში გამოჩენას. აქ სხვადასხვა მოტივი არსებობს, უნივერსალური ფორმულა არ არის, სხვადახვა პარტიასთან და ჯგუფთან მიმართებით სხვადასხვა მიზეზთან გვაქვს საქმე.
_ პრაიმერისის თემის პარალელურად, ისევ აქტუალური გახდა პარლამენტის დატოვება-არდატოვების საკითხი. 3 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა დატოვა პარტიაც და საპარლამენტო მანდატიც, _ რაზე მიანიშნებს ეს პროცესი თქვენთვის?
_ კრიზისზე და ეს კრიზისი არის მრავალგანზომილებიანი. არ მინდა, ოპოზიცია მთლად წიხლქვეშ გავიგდო, _ ამ კრიზისს ობიექტური მიზეზებიც აქვს, მათ შორის, რესურსებისგან გამოფიტვა და მოგეხსენებათ: ერთი, რაც დღევანდელმა ხელისუფალმა გააკეთა იყო ის, რომ გამოფიტა მთლიანად რესურსებიდან, მთელი ეს 10 წელი მოანდომა იმას, რომ ოპოზიციის კომპრომეტაცია მომხდარიყო. ბიძინა იმას არასდროს ამტკიცებდა, რომ თვითონ იყო კარგი ბიჭი, ის ამტკიცებდა, რომ ყველა ნაგავია, შეიძლება მე არ ვვარგივარ, მაგრამ სხვები ჩემზე უარესები არიანო. პრინციპში, ამით მიიღო გარკვეული ეფექტი _ გამოფიტა მთლიანად ოპოზიცია, როგორც რეპუტაციულად, ასევე მატერიალურად და ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. გარდა ამისა, სუბიექტური მიზეზებიც ბევრია: როდესაც რესურსები არ გაქვს და კომპრომეტირება მოხერხდა შენი და შენ ისევ ამბიცია გაქვს, რომ პოლიტიკაში დარჩე და მით უმეტეს, ხელისუფლებაში მოხვიდე, ამ დროს უნდა ჩაიცვა რკინის ქალამნები და იმ მწირი რესურსებით უნდა ელაპარაკო ხალხს. ხალხია მხოლოდ ერთადერთი არგუმენტი ხელისუფლების წინააღმდეგ, სხვა არგუმენტი არ არსებობს, არავის მოუგონია მთელი ისტორიის მანძილზე. როდესაც შენ არათუ ვერ ახერხებ, არამედ მცდელობაც კი არ გაქვს, რომ განავითარო ელექტორალური ბაზა, დაიბრუნო, აღადგინო ნდობა, აუხსნა ხალხს, რომ ის, რასაც ხელისუფალი აკეთებდა შენ წინააღმდეგ, ეს ყველაფერი ტყუილია, წარმოუდგინო შენი პოზიტიური გეგმები და კვლევებში ჩაიხედონ, რა არის ხალხის პრობლემა, ეს არის ძირითადად სოციალური პაკეტი, უმუშევრობა და ა. შ., წარმოუდგინო ხალხს და პოზიტიური დღის წესრიგი შეუქმნა, უნდა უთხრა, რომ ისინი ამას რომ აკეთებენ, როცა მე მოვალ ხელისუფლებაში, აი, ამას გავაკეთებო, _ მსგავსი არაფერი ხდება. თქვენ გინახავთ ერთი მაინც ასეთი მასშტაბური შეთავაზება ოპოზიციის მხრიდან და რაც მთავარია, მისი სწორი დისტრიბუცია, ანუ ხალხთან კომუნიკაცია, ისე კი არა, რომ კვირაში ერთხელ ტელევიზორში დასხდებიან, სიბრძნეებს დააფრქვევენ და ეს ჰგონიათ პოლიტიკა. ფაქტობრივად, ვირტუალურ პარტიებად იქცნენ. პირდაპირი კომუნიკაცია ადამიანებთან პოლიტიკურ პროცესში საერთოდ გამორიცხეს. გარდა ამისა, თქვენი კითხვიდან გამომდინარე, ეს არის არათანმიმდევრულობა. როდესაც შეგიძლია დილას მიიღო ერთი გადაწყვეტილება, შექმნა რაღაც ზე იმედები, რომელიც საღამოს მერე დიდი იმედგაცრუებით მთავრდება, ყოველდღე რომ აცხადებ, ახლა დავიწყებთ და საღამოს დავამთავრებთო, საღამოს კი ნაცვლად იმისა, რომ დაამთავრო და შედეგი მიიღო, სახლში მიდიხარ _ ეს არათანმიმდევრულობა კიდევ უფრო მეტ ნიჰილიზმსა და სკეპტიციზმს იწვევს მათ მიმართ საზოგადოებაში. რამდენჯერ თქვეს, რომ გავიდეთ-შემოვიდეთ (პარლამენტში)?! შეიძლება, პოლიტიკაში შეცდომა დაუშვა, მაგრამ თანმიმდევრულობა ერთადერთი ინსტრუმენტია, რითაც შენ შეგიძლია იყო წარმატებული. შენ რაღაც გეგმას რომ აირჩევ, იმ გეგმას მეთოდურად უნდა მისდიო. პოლიტიკაში ვერასდროს იქნები წარმატებული, თუ ხარ მხოლოდ ერთეულ ბრძოლებზე ორიენტირებული. შენ უნდა გქონდეს სტრატეგია და დიდ ომზე უნდა იყოს გათვლილი ყველაფერი, სადაც ბევრი ბრძოლა იქნება, ზოგს _ მოიგებ, ზოგს _ წააგებ, მაგრამ ეს თანმიმდევრული სტრატეგია ლაიტმოტივად უნდა გასდევს მთელ პროცესს. აქ სტრატეგია, ტაქტიკა ყოველდღიურად იცვლება, ხან ერთ იდეას იტყვიან, ის იტყვის, _ პრაიმერისი, ეს იტყვის, _ რა პრაიმერისი და ამ უბედურებაში არიან. ხელისუფლებაც ამით სარგებლობს და კატა-თაგვობანას ეთამაშება მუდმივად. რაში სჭირდება აგენტურა ხელისუფლებას? რა თქმა უნდა, ჰყავს, მაგრამ, პრინციპში, არ სჭირდება აგენტურა ოპოზიციაში, თავად ოპოზიცია საკუთარი მოქმედებებით ყველაზე კარგი და პროფესიონალი აგენტის საქმეს თვითონვე უკეთებს ხშირ შემთხვევაში, თავისი შეცდომებითა და არათანმიმდევრულობით. ზოგიერთი პიროვნება იმდენ ზიანს შეიძლება გაყენებდეს, რომ ვერცერთი აგენტი ამას ვერ მოახერხებს. სხვათა შორის, იგივე შემიძლია ვთქვა ხელისუფლებაზეც, _ ბიძინასთვის იმდენი ზიანი, მისი პრობლემებიდან გამომდინარე, პირად თემებთან დაკავშირებით, არც ერთ აგენტს არ მიუყენებია, რაც ორმა ირაკლიმ მიაყენა, თავიანთი დაუფიქრებელი განცხადებებით. საბოლოო ჯამში, იქამდე მიიყვანეს თავისი ბრიყვული, ანტიდასავლური მოქმედებებით, განცხადებებითა და მანევრებით საქმე, რომ კაცი პირდაპირ დააყენეს სანქციების წინაშე. ეს ხომ ამათმა გააკეთეს შიგნით, ოპოზიციის ყვირილმა და ლუსტრირებამ კი არა, აი, ამათმა განცხადებებმა ქნა ეს ყველაფერი. ბიძინას დღეს ყველაზე სერიოზული მტერი ჰყავს ორი ირაკლის სახით (ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე). მე ასე ვფიქრობ, ასე ვაფასებ ამას. არა შეგნებულად, არამედ თავიანთი სიბრიყვით და არასწორი ტაქტიკური მოქმედებებით.
_ ხშირ შემთხვევაში ამას ბიძინას საამებლად აკეთებენ, _ ეს შეიძლება იყოს მოტივი?
რა თქმა უნდა, ბიძინას საამებლად აკეთებენ. ბევრი ისტორიული შემთხვევის მოყვანა შემიძლია, როდესაც მაამებლობა არის ყველაზე ძლიერმოქმედი და ეფექტიანი საწამლავი.
_ ბატონო გია, აქტუალური გახდა ოპოზიციის გაერთიანების თემაც, მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი _ მეტი თავისუფლება“ და „დროა“ აცხადებს, რომ გაერთიანებისთვის მზად არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ამბობს: „ნაციონალური მოძრაობისა“ და სამი პარტიის ერთ სუბიექტად გადაქცევა საფრთხეა და ეს არათუ მოემსახურება ივანიშვილის დამარცხებას, არამედ შეიძლება ეს პროცესი ვადაშიც გაიწელოს“, „გირჩი _ მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ გაერთიანება დააგვიანა. როგორ აფასებთ ამ მოცემულობას, რომელია უფრო მართებული პოლიტიკური ლოგიკის თვალსაზრისით?
_ ამ ეტაპზე მელიას მოსაზრებას ვიზიარებ. გაერთიანება შეიძლება იყოს კონკრეტული ტაქტიკური ამოცანების შესასრულებლად. გაერთიანება, კოორდინაცია, მაგრამ შუა გაკრეფა და ორად დაჯგუფება, გენერალური ბრძოლის გამოცხადება, მაშინ, როდესაც შენი რესურსი, თუნდაც ჯამური, არის საკმაოდ შეზღუდული, _ ეს ხელისუფლების ინტერესებშია, იმიტომ, რომ როდესაც ფრონტის ხაზი ტარდება და ორი ძალა უპირისპირდება ერთმანეთს და არც ერთს არ გააჩნია, საბოლოო ჯამში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიტიური აღქმა საზოგადოებაში, ამ დროს ყოველთვის იგებს რესურსი. როდესაც ასეთი ნეგატიური, კონსოლიდირებული, ორბანაკიანი დაპირისპირება იწყება, ამომრჩევლის დიდი ნაწილი (ამას კვლევები აჩვენებს) ფიქრობს, რომ არც ეს უნდა და არც ის უნდა, ორივეს ჰყავს მხარდამჭერები, შესაბამისად, ასეთი ტიპის დაპირისპირებაში ყოველთვის იგებს ის, ვისაც აქვს მეტი რესურსი, _ ასეთ სკეპტიკურ პოლიტიკურ პროცესში ამომრჩეველი, რომელიც, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტს ნებისმიერი არჩევანის ბედს, ფიქრობს, რომ არც ეს მომწონს და არც ის მომწონს, ამიტომ ის პოტენციურად მზად არის, ერთჯერადად მიეყიდოს იმას, ვინც მეტს გადაიხდის. ვინ არის დღეს გადამხდელი? რა თქმა უნდა, ხელისუფლება. შესაბამისად, ასეთი ტიპის კონსოლიდაცია მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავებს დღეის მდგომარეობით. დღეს ფრონტის გაშლის დროა, რომ ხელისუფლებას არ მისცენ ამ მატრიცის კიდევ ერთხელ ექსპლუატირების საშუალება, რასაც ჰქვია სისხლიანი 9 წელი, რასაც ატრიალებენ 10 წელია უკვე! შენ ფრონტის ხაზი უნდა გაშალო, მაქსიმალურად დაქსაქსო და ყველა შეეცადოს, რომ მიიღოს საკუთარი პარტიული შედეგი, საკუთარი პარტიული სახე აჩვენოს და საკუთარი ამომრჩეველი გამოკვეთოს. თუ ჩვენ მაინცდამაინც გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, გაერთიანება უნდა მოხდეს პოსტსაარჩევნო პერიოდში, პოსტსაარჩევნო კოალიციების სახით, იმ შედეგების მიხედვით, რასაც ესა თუ ის პარტია აჩვენებს. როდესაც დღეს 1%-იან პარტიას თავი სამყაროს ცენტრად მოაქვს და თავის ირგვლივ უნდა მთელი ძალების მობილიზება, პროცესი ტრაგიკომიკურად გამოიყურება, ეს ამბიციები გვკლავს. როდესაც საკუთარი თეთრიანის ლარად გაყიდვა გინდა, რატომ ჰგონიათ, რომ საზოგადოება ბრიყვია და ამას ვერ ხედავს?! ამიტომაც არის უშედეგო ეს ყველაფერი.
_ გასულ კვირას, 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ნიკა გვარამია საპატიმროში დატოვა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას სასჯელის ზომად საბოლოოდ განისაზღვრა 3 წელი და 6 თვე, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ მას ბრალი დაუმძიმა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამია პოლიტპატიმარია, ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ის ჩადენილი დანაშაულისთვის აგებს პასუხს, _ როგორია თქვენი შეფასებით მოცემულობა და რაზე მეტყველებს მმართველი გუნდის რეაქცია ამ საკითხზე?
_ სამწუხაროდ, ფაქტობრივად, გამომდინარე იქიდან, თუ რა მდგომარეობაშია დღევანდელი ქართული მართლმსაჯულება, საზოგადოებაში განცდა ნებისმიერ საქმეზე არის ასეთი, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებშიც: „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია, მათ შეფასებებშიც კი ჩანს, რომ გვარამია ისჯება არა რაღაც კონკრეტული რაღაცისთვის, არამედ სხვა რამისთვის, პოლიტიკისთვის ისჯება. მიუხედავად იმისა, რომ ბრტყელ-ბრტყელი საუბრებია, თითქოს არ ერევიან მართლმსაჯულებაში, იგივე წინადადებაში შეუძლიათ თქვან, რომ გვარამია ღირსი იყო და ამიტომ ისჯებაო. ასეთი მოცემულობაა. რაც შეეხება გვარამიას, მე მისი ფანი არ ვარ ნამდვილად, მეტსაც გეტყვით, რომ ერთ-ერთი დაზარალებული ვარ იმ პერიოდიდან, როდესაც ის იმ ხელისუფლებას წარმოადგენდა და არცთუ კარგ საქმეებში იყო გარეული, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ დღეის მოცემულობით, ამ ვითარებიდან გამომდინარე, ის, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმარია, რადგან ის იმისთვის კი არ ისჯება, რაზედაც თეორიულად შეიძლება დასასჯელი იყოს, არამედ ისჯება იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მოუვიდა თვალში და ამიტომ პოლიტიკური მოტივებით ისჯება. ანუ ის, რასაც გვარამიას მაშინდელი გუნდი აკეთებდა სხვის მიმართ, დღეს გვარამიას მიმართ ზუსტად იგივე მეთოდებით მოქმედებს დღევანდელი ხელისუფლება, არაფერი შეცვლილა ამ კუთხით! გარდა ამისა, საკუთრივ „რუსთავი 2-ის“ საქმე კარგად ვიცი. მეტსაც გეტყვით, ის ქალბატონი, ვისი საჩივრის საფუძველზეც გვარამიას დევნა დაიწყო და რომელმაც „იზარალა“, ჯერ ეს ერთი, რა იზარალა, ტელევიზია, მოგეხსენებათ, მომგებიანი არასდროს ყოფილა და დივიდენდის იმედი სულ ტყუილად ჰქონდა, ვერ მიიღებდა დივიდენდს ვერასდროს, შესაბამისად, ეს ზარალი თეორიული თემაა. გარდა ამისა, ეს წილი, რომელიც ამ ქალბატონს მეუღლისგან მემკვიდრეობით ერგო, იყო ნომინალური, _ მის მეუღლეს და მას არც ერთი თეთრი ინვესტიცია არ განუხორციიელებიათ. შესაბამისად, ზარალზე საუბარი ძალიან სასაცილოა. პლუს ამას, ეს იყო ნომინალური წილი, რომელიც ხელიდან ხელში გადადიოდა იქიდან გამომდინარე, თუ ვინ იყო ხელისუფლებაში. როდესაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვედით, გოგი გეგეშიძე ჩემთან მოვიდა, გახსოვთ თქვენ ჩემი „რუხი კარდინალობის“ პერიოდი, ამიტომ ჩათვალა, რომ ჩემთან უნდა მოსულიყო. მას ეშინოდა, რომ როდესაც ტელევიზიას კანონიერ მეპატრონეებს ართმევდნენ (ვგულისხმობ დვალსა და აქიმიძეს), გეგეშიძეც მონაწილეობდა ამ პროცესში რაღაც ფორმით, შესაბამისად, მას გაუჩნდა განცდა, რომ ყველა ფიგურანტის სამართლებრივი დევნა დაიწყებოდა. ამ სამართლიანობის აღდგენის ეგიდით არ მოვედით ჩვენ თავიდან ხელისუფლებაში?! მას უნდოდა ამ თემიდან გამოძრომა და მოვიდა ერთადერთი მიზნით, რომ საკუთარი თავისუფლება „ეყიდა“. მან შემომთავაზა, ეს წილი ვისზეც გინდათ გააფორმეთო, რაზედაც კატეგორიუილი უარი ვუთხარი, რადგან ჩვენ ამ საქმით საერთოდ არ ვიყავით დაკავებული, ეს ლეგენდები კი ტრიალებდა, მაგრამ, პირიქით, ვითარების გაჯანსაღებაზე ვმუშაობდით. მას ვუთხარი, _ ასე არ ხდება, ყველაფერს აქვს თავისი წესი და რიგი-მეთქი და გამოვისტუმრე მკვახე უარით. დღეს მისი მემკვიდრე (მეუღლე) დაზარალებულად წარმოაჩენს თავს. ასეთ აბსურდთან გვაქვს საქმე. როდესაც ეს ტელევიზია ხალვაშის ხელში აღმოჩნდა, ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა, მე არ მივიჩნევ ქიბარ ხალვაშს ამ ტელევიზიის კანონიერ პატრონად, იმიტომ, რომ ქიბარ ხალვაშიც მონაწილეობდა დამფუძნებლებისთვის ამ ქონების წართმევაში, შეიძლება ირიბად. თვითონ ამტკიცებს, რომ საქმის კურსში არ იყო, მაგრამ არ მგონია, ქიბარ ხალვაში ასეთი მიამიტი ყოფილიყო, რომ ნოტარიუსთან მიდიოდა, ტელევიზიას იფორმებდა და არ იცოდა, ამის უკან რა იდგა, ვის რას ართმევდნენ. ამის დაჯერება ძალიან ძნელია, მაგრამ ასეთია ჩვენი სამართალი. ჩვენ „ასე აღვადგინეთ სამართლიანობა“, კანონიერ მფლობელს კი არ დავუბრუნეთ, არამედ იმას, ვინც პირადად, ჩემი აზრით, ეჭვმიტანილია წართმევაში, უფრო სწორად, წართმევის მონაწილეობაში, თორემ მას ვინ ეკითხებოდა წართმევას, _ მასზე გააფორმეს „რუსთავი 2“. გარდა ამისა, თუ რამე ზარალზეა საუბარი, ზარალზე პრეტენზიები უნდა ჰქონოდა იმ ხალხს, ვინც ინვესტიცია განახორციელა შემდგომში: ესენი იყვნენ ძმები ყარამანიშვილები _ ტელევიზიის კაპიტალიზაცია ამ ხალხმა გაზარდა, ისინი იყვნენ ინვესტორები, მათ პრეტენცია გვარამიასთან არ ჰქონდათ, პრეტენზია გამოხატა ნომინალურმა მფლობელმა, _ ამით, მგონი, ყველაფერი ცხადია. მტკიცებულებებს ვერ მოვიყვან, მაგრამ შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იყო, რადგან სხვა სცენარს, უბრალოდ, ვერ ვხედავ.
_ ეს იყო პოლიტიკური დასჯა გვარამიას მისამართით?
_ დარჩა ადამიანი ამ ქვეყანაში, ვინც ასე არ ფიქრობს?! დამერწმუნეთ, ირაკლი კობახიძეც ასე ფიქრობს. რა მნიშვნელობა აქვს, ის რას ლაპარაკობს კამერებთან. ის ხომ სოციოპათია, ნებისმიერი ტყუილის თქმა შეუძლია, ძარღვიც რომ არ შეუტოკდეს ისე, მაგრამ რეალურად მან ყველაზე კარგად იცის, ნიკაზე კარგად იცის, რომ ეს ასეა და სხვანაირად არ არის.
_ მთავარ თემას რომ დავუბრუნდეთ, ოპოზიცია დღითი დღე სუსტდება იმის გათვალისწინებით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ?
_ იმ მდგომარეობაში, რაშიც დღეს პოლიტიკური ოპოზიციაა, რთულია გაძლიერებაზე ან დასუსტებაზე ვისაუბროთ, მძიმე მდგომარეობაშია. როცა ავად ხარ, სიცხე 37 გაქვს თუ 38, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ავად ხარ და მორჩა. ეს არ ნიშნავს, რომ შანსი არ აქვთ. შანსი რომ მიეცეთ, რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვან და ხალხს უნდა ელაპარაკონ. ხალხის მხარდაჭერა და ნდობა უნდა აღიდგინონ, პოზიტიური დღის წესრიგით უნდა წავიდნენ, მისიონერებად უნდა იქცნენ. ხალხი უნდა დაიბრუნონ. მხოლოდ ხალხზე დაყრდნობით შეიძლება, ხელისუფლებას პრობლემა შეუქმნა და არა კაბინეტებში ერთმანეთთან მოლაპარაკებებით.