ლადო კახაძე: „რუსეთი უნდა იყოს გარიცხული ყველა პოლიტიკური პლატფორმიდან“

ნენე ინჯგია

„მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით“, _ ამ სიტყვებით მიმართ 4 მარტს სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ზურაბიშვილის გამოსვლამდე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მოუსმინეს. ზურაბიშვილი, პრემიერ ღარიბაშვილისგან განსხვავებით, რომელიც ამბობს, რომ საქარველო რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება და რომ ომი უკრაინაშია და მას თავისი საქმეები აქვს, მკაფიოდ გამოხატავს პოზიციას _ საქართველოს პრეზიდენტი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს.

რით ხსნიან მმართველ გუნდში პრემიერ ღარიბაშვილის პოზიციას? რამდენად მისაღებია „ქართული ოცნებისთვის“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოზიცია რუსეთ-უკრაინის მოვლენების შესახებ?

აღნიშნული თემების გარშემო „ქრონიკა+“ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ლადო კახაძეს ესაუბრა:

_ ბატონო ლადო, როგორ შეაფასებთ რუსეთ-უკრაინის ომს, იმას, რაც ჩვენს მეგობარ უკრაინაში ოკუპანტმა რუსეთმა დაატრიალა?

_ კარგი სიტყვებით ვერ შევაფასებ, მძიმე მდგომარეობაა. ვანდლიზმია, ეს არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის, ცხოველმყოფელობის ხელყოფა გარედან, აგრესორი რუსების მხრიდან. ეს არის ცალსახად დასაგმობი. ეს არის სიცოცხლის მიმართ დანაშაული, რომელსაც სჩადის აგრესორი ქვეყანა ამ შემთხვევაში რუსეთი, უკრაინის მიმართ მთელი მსოფლიოს თვალწინ. იღუპებიან ბავშვები, ჩვილები, დედები, უმწეოები, მოხუცები, _ ეს ყველაფერი არის მშვიდობინი მოსახლეობის უპატივცემულობა და მსოფლოს უპატივცემულობა. ეს შემიძლია ყველაზე რბილად გითხრათ.

_ რაც შეეხება ხელისუფლების დამოკიდებულებას? _ პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოყვა, მან თქვა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდებოდა, გარდა ამისა, აღნიშნა ისიც, რომ მას თავისი საქმეები აქვს, პარლამენტს _ თავისი, ომი კი უკრაინაშია, რასაც განსაკუთრებული პროტეტსი მოყვა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის მხრიდან, ეთანხმებით ღარიბაშვილის პოზიციას?

_ მე ჩემი, ექიმის პოზიცია არასდროს შემიცვლია, დაავადებას უნდა ებრძოლო, მტერს უნდა ებრძოლო, მაგრამ მტრის ჯინაზე თავი არ უნდა მოიკლა. შეიძლება, მტერს შეაკვდე, მაგრამ მტრის ჯინაზე თავი არ უნდა მოიკლა, ეს არის ისეთი პოზიცია, როდესაც ყველაფერი უნდა გააკეთო, აბსოლუტურად ყველაფერი, რომ შენი სიცოცხლისუნარიანობა, ბრძოლისუნარიანობა საქმეს მოახმარო და უმიზნოდ, მხოლოდ პოპულიზმის გამო არ უნდა გადადგა არც ერთი ნაბიჯი, ეს არის პრაგმატული შეხედულება. რაც შეეხება სანქციებთან მიერთებას, პირველსავე დღეს, 24 თებერვალს, დავწერე ფეისბუქში, რუსეთი უნდა იყოს გარიცხული ყველა პოლიტიკური პლატფორმიდან, ყველა სპორტული პლატფორმიდან, ყველა ეკონომიკური პლატფორმიდან, უნდა იყოს ჩახსნილი. ეს გულისხმობს მოწოდებას ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ზეგავლენა ექნება რუსეთის ამ სტატუსზე, რაშიც ის ახლა იმყოფება, აგრესორის სტატუსში. ომს სჭირდება დიდი ენერგია, რუსეთს ეს ენერგია უნდა გამოაცალოს მსოფლიომ. თუ სისხლი არ მივა, კუნთი ვერ იმუშავებს, თუ საწვავი არ იქნება, ტანკი ვერ გადაადგილდება, თუ საინფორმაციო მხარდაჭერა არ ექნება ამ ადამიანებს, საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება არ ექნებათ, ეს არის გონიერი, პრაგმატული და ცეცხლის, ომის ჩასაქრობად მოწოდებული ქმედება. საქართველო ეს პატარა ქვეყანაა, მაგრამ მსოფლიო საზოგადოების ნათელი მხარის განუყრელი წევრია. ერთ მაგალითს მოვიყვან: გაეროში ორიოდე დღის წინ ჩვენივე ინიციატივითა და თანასპონსორობით იყო მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის პოლიტიკური პლატფორმიდან იგნორირების თაობაზე, 141-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 35-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, 5-მა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი, ანუ მხარი დაუჭირა რუსეთს. ტვინი მართავს სხეულს, ენერგიასაც ტვინი ახარჯვინებს, სანქციასაც აწესებინებს, გაერო მსოფლიოს ტვინად უნდა იყოს აღქმული. მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს. აღმოჩნდა, რომ მსოფლიო უსაფრთხოებაზე ზრუნვის ნაწილში მთლიანად წესრიგი დამყარებული არ არის და რუსეთს იქაც აქვს პლატფორმა. რაც შეეხება სანქციებს, როდესაც დიპლომატიურ კავშირს გაწყვეტ, ე. ი. იგნორს გამოუცხადებ ქვეყანას. ყველაფერი იგულისხმება აქ, პოლიტიკური და სხვა სახის კავშირის გაწყვეტა და საქართველოს გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური კავშირი რუსეთთან. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რაც პერსონალურ სანქციებსაც მოიცავს, რომლის თანახმადაც, კონკრეტულ ადამიანს ჩვენს მიწაზე ფეხის დადგმის უფლება არ გააჩნია იმ განზრახულობის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მთლიანობის დარღვევას მხარი დაუჭირა და იმოქმედა ამის სასარგებლოდ.

_ ამ მოცემულობაში, სანქციების ნაწილში, ღარიბაშვილის პოზიციას ეთანხმებით?

_ რაც შეეხება ფინანსური თუ ეკონომიკური სანქციის იმ ფორმას, რომელსაც მოსახლოებას არასწორად აწოდებენ, მინდა მარტივად ავხსნა, ამაში ყოველთვის მაძლევს სამედიცინო ცოდნა და პოლიტიკაში მეხმარება. როდესაც არტერიას გადაკვეთ, იწყება კუნთის შიმშილი და შემდეგ კვდომა, სისხლი არ მიდის და კვდება კუნთი. ჩვენ პატარა კუნთი ვართ, ეკონომიკურად ძალიან სუსტი ქვეყანა ვართ და ყველანაირად ვცდილობთ, რომ რამით ვიკვებოთ, მათ შორის, დამატებითი სისხლძარღვები გამოვიყენოთ, როგორმე არ გაშრეს ჩვენი კუნთი. ამ გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი მცირე ეკონომიკის ქვეყანა ისედაც  ვსაზრდოობთ ჯერ ბოლომდე არადივერსიფიცირებული ჩვენი ენერგიით და პოტენციალით. თუ ჩვენ ასეთი ფორმის სანქციას ვგულისხმობთ, რომლითაც ჩვენი კუნთი უფრო დაზარალდება და მოკვდება, ასეთი სანქცია გამართლებული არ არის, არც ეკონომიკურად, არც მორალურად, არც ზნეობრივად. ვთქვათ, ხორბალსა და ელექტროენერგიაზე, ასეთ შემთხვევაში, იწყება ქვეყნის შიგნით შიმშილი, ჩაბნელება. გახსოვთ, 90-იანი წლების ბოლო, საბურავებს რომ წვავდნენ და ქუჩაში გამოდიოდა ხალხი. არეულობის განზრახულობა ეს არის იმ სიტყვის მომწოდებელთა დედააზრი, რომელიც ამას ქადაგებს და გვიკიჟინებს. ეს პირდაპირი სიტყვებია და ამის თქმის არ უნდა მოგვერიდოს. მე ხომ არ ვამბობ, რომ ისინი ცუდები არიან-მეთქი, მაგრამ ამ ყველაფრისკენ წამხალისებლებს ცუდი საქციელი გამოსდით, ამიტომ ქვეყნის საზიანოდ თავი არ უნდა მოიკლა. შეიძლება შეაკვდე და ამას გამართლება ჰქონდეს, ჩვენ არსად დაგვიკლია ერთი პოზიციაც კი, რომელიც ჩვენი და უკრაინელი ხალხის უძლიერეს კავშირებს აღნიშნავს. მთლიანად საქართველო დგას უკრაინის გვერდით, მასთან ერთად, შეიძლება ერთ-ორ ადამიანს განზრახულობა სხვანაირი ჰქონდეს, მაგრამ აბსოლუტრად ყველა ადამიანი, ვისაც მე ვიცნობ, დიდიც და პატარაც, განიცდის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და თავისი ენერგიის დონორია უკრაინის სასარგებლოდ… მაგრამ ქმედებას ყოველთვის რაციო უნდა ჰქონდეს, შენი მკვდარი კუნთით ვერაფერს გააკეთებ, ეს არის ის, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა თავისი პირდაპირობით. ექიმებსა და პაციენტებს შორის დღეს მსოფლიოში ორი მიმართულება არის წახალისებული. ერთი: პაციენტს დაუმალე რეალობა და როცა უბედურება სჭირს, შორიდან მოუარე და ისე უთხარი; ხოლო მეორე, პირდაპირ უთხარი სიმართლე და ირაკლი არის ასეთი ადამიანი, რომელმაც პირდაპირ თქმა იცის. ხედავთ, გურულის ყაბალახივით ენას არ ვაჩერებ ხოლმე, შორიდან ვუვლი, ძველი თაობის კაცი ვარ და ასე გამზარდეს. ზოგი ამბობს, რომ თავიდანვე სიმართლის გაგება და ის წუთიერი ელდა სჯობს, შემდეგ უკვე ადვილია იმ დანარჩენი სხეულის მომზადება და მობილიზება. მეორე მოსაზრების თანახმად, სჯობს შეამზადო და ისე უთხრა. პოლიტიკაშიც ასე არის. იყვნენ ძალიან დიდი დიპლომატიური გზის წარმომადგენლები, რომლებიც საფრთხეებზე წლების წინათ იწყებდნენ საუბარს. ჩემ თვალწინ მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის უდიდესი ზეიმი, მე და ჩემი თაობის წარმომადგენლები მაშინ 40 წლისანი გახლდით ეს მონსტრი ქვეყანა, რომლის შინაარსი და სამზარეულო ჩემმა თაობამ კარგად იცის, რასაც საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა და საბჭოთა კავშირის ღვარძლიანი ბირთვი რუსეთი, მაშინ ვთქვი, ამას არ დაანებებს დანარჩენ რესპუბლიკებს-მეთქი. ბალტიისპირელები ძალიან გონივრულად მოიქცნენ, ჩვენ შიდა არეულობა მოვაწყვეთ და ამან შეგვაფერხა. მაშინ აღვნიშნე, რომ ეს ძალიან გაიწელება-მეთქი იმიტომ, რომ რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა დედამიწაზე, რომელსაც ნაციონალური პათოსით წახალისებული არც ერთი ხვალინდელი დღე არ მოსწონს, ისინი არიან შოვინისტები, რომელთაც არც საქართველოს, არც სომხეთის, არც აზერბაიჯანის, არც უკრაინის, არც მოლდოვის, არც ბალტიისპირეთის ქვეყნების ნაციონალური ღირებულებები არაფრად არ მიაჩნია, ისინი ამის ცალსახა მტრები არიან და მე ვამბობდი, რომ ძალიან დიდხანს მოგვიწევს ბრძოლა-მეთქი. ჩემი სიცოცხლის დამთავრებამდე თუ ამას მოვესწარი, რომ სუვერენული და დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროკავშირში ვნახე-მეთქი, უბედნიერესი კაცი ვიქნები. 30 წელი კი გავიდა მას შემდეგ, 10 წელი კიდევ ვაპირებ ცხოვრებას და დარწმუნებული ვარ, ის ჩემი მიზანი, ევროკავშირში ჩვენი ასოცირება და წევრად ქცევა მეღირსება, ამით მაინც ერთი-ორი სიხარულის კურცხალი გადმომივარდება, მაგრამ ეს რთული და გრძელი გზაა. დაავადებას გააჩნია გარე ეგზო და შიდა ენდო ფაქტორები, ეს ორი ფაქტორი ებრძვის საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს, ბევრ სუვერენულ ქვეყანას, რომელიც თავის თავს ხედავს დამოუკიდებლად, დროშის პატივმიმგებლად. ამას მტერი ემუქრება, ამ შემთხვევაში რუსეთი არის ეგზო ფაქტორი და რუსეთის მეტასტაზები, რომელიც ყველა ქვეყანაშია, ისინი ენდო ფაქტორები არიან და ასე ორივე მხრიდან გვებრძვიან. ჩვენ ამ სიტუაციაში მედეგობა, სიტყვების შინაარსიანი, აზრობრივი განხილვა გვმართებს და რაც მთავარია, ნაკლები პათეთიკა და ნაკლები მჯიღის ცემა მკერდზე და მეტი საქმე. ძალიან ბევრ ადამიანს ხმაც არ ამოუღია და თავის საქმეს აკეთებს, წარმოგიდგენიათ, უკრაინის ქალაქებს ბომბავენ და სამშობიარო სახლში ახალშობილები იბადებიან, ის ექიმები თავიანთ საქმეს აკეთებენ ისე, რომ ხმა არ ამოუღიათ. ახალგაზრდებს სხვანაირი სისხლი უდუღთ და თავის გამოჩენის სხვადასხვა ფორმა აქვთ. მე მინდა, რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს. ძალიან კარგად ვიცნობ უკრაინელ ხალხს, ბევრი მეგობარი მყოლია და ვიცი, როგორ ინელებენ ტკივილს. ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაც სტკენიათ და უთქვამთ, _ მე კი ძალიან მტკივა, მაგრამ შენ ნუ ჩაერევი ტკივილშიო და ასეთ დროს სხვა დაუცვიათ. იქ გარდა იმისა, რაც ხდება, ენდო ფაქტორიც მუშაობს, ცნობილი მეხუთე კოლონა. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ის, რაც სუვერენს საფრთხეს უქმნის. ყველაფერს გააკეთებს ეს მეხუთე კოლონა, ანუ მეტასტაზი, რომ საქართველოს წინააღმდეგობა შეექმნას ევროკავშირისა და ნატოს გზაზე, ყველგან ეს მსტოვრები არიან გაგზანილი. ერთ-ერთ ფილმშია, მსტოვრები, რომ გარბიან, ერთი გააღწევს, წისქვილზე ავა და გაჰყვირის: მეზარბაზნეები არ ჰყავთო, სამწუხაროდ, ბევრი გვყავს ასეთი.

_ ღარიბაშვილისგან განსხვავებით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მკაფიოდ უჭერს მხარს უკრაინას და პირდაპირ გამოხატავს ამას, მათ შორის, რუსთაველზე 4 მარტს, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, ზელენსკის გამოსვლის შემდეგ ზურაბიშვილმა მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და თქვა: „მე ვდგვარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის გვერდით“.

_ სალომემ ის თქვა, რაც მე ვთქვი ახლა თქვენთან, ოღონდ მან ტელეეკრანიდან მიმართა, მან თქვა, რომ ვინც გარეთ ხართ, ყველას გვერდით ვდგავარ და ჩვენ ყველა უკრაინელების გვერდით ვართ, _ მე ასე დავინახე. სალომეს დიფერენცირება არ მოუხდენია მიტინგის მონაწილეებსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც იქ არ იდგნენ, რადგან სალომე არის პრეზიდენტი და ის არის ამ სუვერენული ქვეყნის ის სიმბოლო, რომელიც გაერთიანებას გულისხობს. პრეზიდენტი არ შეიძლება, დამაშორებელი იყოს, ის უნდა იყოს მაკონსოლიდირებელი და მან სწორედ ამ კუთხით მიმართა ყველას, არა მხოლოდ აქციის მონაწილეებს, ყველა ქართველს მიმართა, ვინც იქ იდგა და არ იდგა. მე და სალომე ერთი თაობის გოგო-ბიჭი ვართ, ოღონდ ორ სხვადასხვა სისტემაში გავიზარდეთ. მე მისი სიტყვები ასე დავინახე _ ტკივილგამოვლილი, ერთიანი ქვეყნისა და ქვეყნის, რომელიც მოძმე უკრაინელ ერს გვერდით უდგას. ასეთი მოწოდება იყო, ამიტომ ნურავინ მიიწერს, მარტო მე მითხრაო. სალომემ ეს ყველას უთხრა და ყველას მიმართა და ჩემთვის ეს იყო ისეთი ფორმა, როგორიც პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს.