ჯელალ ქიქავა: „რუსი ქალები ბათუმში ძალიან აგრესიულად იქცევიან“

შორენა მარსაგიშვილი

რუს ოკუპანტებს საქართველოსთვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წაგლეჯა არ აკმაყოფილებთ და ახლა იმაზე ოცნებობენ, საქართველოს აჭარა გამოეყოს. რუსი სენატორი ანდრეი კლიმოვი არ გამორიცხავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს აჭარა ისევე გამოეყოფა საქართველოს, როგორც ეს ცხინვალმა და სოხუმმა გააკეთეს.

„საქართველო მონაწილეობს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში, რომელიც დაწესდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკრაინაში სპეცოპერაციის გამო“, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ტელეკომპანია CNN-ის ეთერში ხუთშაბათს განაცხადა.

ამგვარად, საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ დააბიჯა რუსოფობიურ ჭურჭელზე, რომელიც მათ კრიმინალი სააკაშვილის ყოფილმა რეჟიმმა დაუტოვა. ნათელია, რომ ოფიციალურმა თბილისმა ეს განცხადება ცხინვალიდან ბოლო ცნობებზე საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვით, „სამხრეთ ოსეთს“ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის სურვილი აქვს.

მაგრამ რაც არ უნდა თქვან ქართველმა ლიდერებმა, ოს ხალხთან აგვისტოს ომის შემდეგ 2008 წელს თბილისმა დაკარგა სამხრეთ ოსეთზე გავლენის ფორმალური, მორალური და პრაქტიკული ბერკეტები. მაგრამ ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული ამჟამინდელი გადაწყვეტილებები პირველ რიგში ქართველ ხალხს დასჯის. მინიმუმამდე დაიწევს რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი, ასევე რუსეთის ფედერაციიდან საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქონლის მიწოდება. რუსეთის ფედერაციაში ქართული საქონლის ადგილს სხვები დაიკავებენ. რუსი ტურისტების ნაკადი აშკარად ჩამოიშლება. ამ პატარა მთიანი ქვეყნის ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა კრიტიკული გახდება. საქართველო არანაირ რეალურ კომპენსაციას არ მიიღებს ანტირუსული ხრიკისთვის ევროკავშირისგან და აშშ-სგან. ნატო და ევროკავშირი ამას არ მიიღებენ. მთელი პასუხისმგებლობა საკუთარი მცხოვრებლების მიმართ ამგვარ უგუნურ ქმედებებზე დაეკისრება ქვეყნის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი მოვლენების ფონზე აჭარამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს მიბაძოს და საქართველოსგან გამოყოფის პროცესი დაიწყოს.

ისტორიული (პროთურქული), რელიგიური (ისლამური) და გეოგრაფიული (საზღვრები თურქეთთან ზღვაზე) გარემოებების გათვალისწინებით, ადვილი გასაგებია, რომ ანკარა არ გამოტოვებს შესაძლებლობას, გააძლიეროს თავისი გავლენა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში, აჭარელი სეპარატისტების მხარდაჭერა. ამრიგად, ვაშინგტონის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ წარმოებულ ყოვლისმომცველ მარიონეტულ ომს სულ უფრო მეტი მსხვერპლი და ნგრევა მოაქვს მათთვის, ვინც უერთდება ამ დამღუპველ კონფრონტაციას ჩვენთვის არამეგობრული სახელმწიფოების მხარეს“, _ დაწერა რუსმა დეპუტატმა სოციალურ ქსელში.

ანდრეი კლიმოვის განცხადება სისულელედ მიაჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ჯელალ ქიქავას. მისი თქმით, ასეთ ბოდვაზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება. ამის მიუხედავად, ქიქავა ამბობს, რომ მაინც სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ის კონკრეტულად ბათუმში ელოდება რუსებისგან პროვოკაციებს. მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ ჯელალ ქიქავა „ქრონიკა+“-ს ესაუბრება.

_ ბატონო ჯელალ, ერთ-ერთმა რუსმა დეპუტატმა, ანდრეი კლიმოვმა, განაცხადა, რომ აჭარაც ისევე გამოეყოფა საქართველოს, როგორც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიო. თქვენ რას იტყვით ამ განცხადებაზე?

_ რა უნდა ვთქვა? სულელია ეგ ვიღაც ანდრეი კლიმოვი. რას ნიშნავს, აჭარა გამოეყოფა საქართველოს? ჩემი აზრით, ამ სულელი კაცის სულელურ განცხადებაზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. ჩვენ, უბრალოდ, უნდა ავდგეთ და მაგ სულელი კაცის განცხადებაზე გემრიელად გავიცინოთ.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს განცხადება სასაცილოა?

_ რა თქმა უნდა, სასაცილოა. პირადად მაგ განცხადებაზე მხოლოდ გავიცინებ. სერიოზულ კომენტარს კლიმოვი არ იმსახურებს. მხოლოდ მაგნაირების ტვინში შეიძლება მოიხარშოს აზრი იმის შესახებ, რომ აჭარა საქართველოს გამოეყოფა. ეს არასდროს მოხდება! ამიტომ გირჩევთ ყველას, რომ გავიცინოთ, დავცინოთ მაგ სულელ კაცს.

_ ცხინვალისა და აფხაზეთის გამოყოფაზე რომ მიდიოდა საუბარი, მაშინაც ეცინებოდათ ქართველებს, მაგრამ მერე რუსებმა ისე გააკეთეს, რომ დღეს არცერთ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია აღარ ვრცელდება.

_ აჭარაში სულ სხვა ვითარებაა. რუსეთი ვერასდროს გააღვივებს აჭარაში სეპარატიზმს, ეს გამორიცხულია. აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ასე დარჩება სამუდამოდ. რუსებს ძალიან უნდათ, რომ აჭარა საქართველოს ნაწილი არ იყოს, მაგრამ მათ ოცნებებს ახდენა არ უწერია. რაღაცების გაკეთებას შეეცდებიან, მაგრამ არ გამოუვათ ეგ ამბავი.

_ რის გაკეთებას შეეცდებიან?

_ შეიძლება, რაღაც პროვოკაციები მოაწყონ.

_ ეს არ არის სახიფათო?

_ არ არის სახიფათო. დარწმუნებული ვარ, აჭარაში არაფერი გამოუვათ. აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

_ წინა ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნეთ, რომ ბათუმში ძალიან ბევრი რუსი ცხოვრობს. მათგან ელოდებით პროვოკაციებს?

_ მათგანაც ველოდები, იქნება სხვა რაღაცებიც. რუსს თავში ათასი ბოროტი აზრი უტრიალებს. ეგენი იმით ცხოვრობენ, რომ სხვას პროვოკაცია მოუწყონ და მისი მიწა წაიღონ. გიდასტურებთ, რომ ბათუმში ძალიან ბევრი რუსი ცხოვრობს, მაგრამ მათი არ გვეშინია. სხვებსაც რომ არ შეეშინდეთ, დავაზუსტებ, რომ ბათუმში, ძირითადად, ქალები ჩამოდიან რუსეთიდან. ძალიან ბევრი რუსი ქალი დადის აქ, მაგრამ ქალმა რა პროვოკაცია უნდა მოაწყოს? დიდს ვერაფერს იზამენ.

_ ფიქრობთ, რომ რუსი ქალი საშიში არ არის?

_ არ გვეშინია ჩვენ მაგ ქალების, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მათაც მოაწყონ პროვოკაცია. უკვე რამდენიმე წელია ვამბობ, რომ აჭარაში საეჭვოდ იზრდება რუსების რაოდენობა, მაგრამ ყურს არავინ მიგდებს. რუსებმა აქ თავის დამკვიდრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყეს. მათ ყველანაირად ხელს უწყობენ. აწყობილი აქვთ ბიზნესები და ცხოვრობენ კარგად.

_ მათი მხრიდან რამე პროვოკაცია ხომ არ ყოფილა?

_ აქამდე არანაირი პროვოკაცია არ ყოფილა, ჯერჯერობით, ჩუმად არიან. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსები ბლომად შემოვიდნენ საქართველოში. ვიღაცა მეტყვის, ლტოლვილები უნდა მივიღოთო, მაგრამ ხელისუფლების ადგილზე სიფრთხილეს გამოვიჩენდი. ჩემი აზრით, საქართველომ რუსები არ უნდა შემოუშვას. ისედაც ბევრი რუსია შემოსული საქართველოში. უშვებ _ უშვებ, მაგრამ ის მაინც გაარკვიე, ვის უშვებ? შეიძლება, ისეთი შემოუშვან, ყველაფერი თავდაყირა დააყენონ. ზემოთ რუსის ქალებზე რადგან ჩამოვარდა საუბარი, გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ეს რუსის ქალები ძალიან აგრესიულები არიან.

_ ვის მიმართ არიან აგრესიულები?

_ ყველასა და ყველაფრის მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ საზღვარზე გაფილტვრა არ ხდება და აქ ყველას უშვებენ. მთავარია, რუსი იყოს და მისთვის საქართველოს კარი ღიაა. ასე არ შეიძლება.

_ რაში გამოიხატება მათი აგრესია, _ იგინებიან, იწყევლებიან, ჩხუბობენ, თუ რას აკეთებენ?

_ ყველაფერს აკეთებენ, რისი გაკეთებაც აგრესიის გამოვლენის დროს შეიძლება. ყველაზე არ ვამბობ ამას, მაგრამ რუსი ქალების ნაწილი ძალიან აგრესიულია. ვერ წარმოიდგენთ, ისეთი აგრესიულები არიან.

_ ქართველებისა და საქართველოს მიმართ არიან აგრესიულად განწყობილი?

_ მთელი სამყაროს მიმართ არიან აგრესიულად განწყობილი, საქართველოს მიმართ საშინელი აგრესია აქვთ.

_ ასე თუ სძულდათ საქართველო, რას მოდიოდნენ?

_ მაგათ რას გაუგებ?! სურვილიც არ მაქვს, მივიდე და რამე ვკითხო. მაგათი ფსიქოლოგია ასეა მოწყობილი. შევიფარეთ ჩვენს ქვეყანაში და იცით, როგორიო განწყობა აქვთ? _ 2008 წელს ტყუილად არ დაგვიბომბიხართო.

_ ღიად გაიძახიან ამას?

_ ღიად და ხმამაღლა.

_ თქვენ თავად ხართ ამის მომსწრე თუ გადმოცემით იცით?

_ პირადად მე რუსი ქალებისგან აგრესიის გამოვლენის ორ ფაქტს შევესწარი. ძალიან, ძალიან აგრესიულები არიან. სხვებიც ყვებიან ამ აგრესიაზე, მაგრამ მე მხოლოდ იმას გიყვებით, რაც პირადად ვნახე.

_ თქვენ ზემოთ პროვოკაცია ახსენეთ და ამ თემაზე ვისაუბროთ. როცა აჭარაზე ლაპარაკობენ, რუსეთუმეები ყოველთვის თურქეთის თემას წამოსწევენ ხოლმე. წლებია გაიძახიან, აჭარის გათურქება მიდისო. ამ მიმართულებით ხომ არაა რამე პროვოკაცია მოსალოდნელი?

_ არა, არა! თურქეთი ასი წელი არ მოახდენს აჭარის ოკუპაციას. ოკუპანტები არიან რუსები და რუსეთუმეებმა თავის მოსკოვს მიხედონ. რუსეთის მოყვარულების გასაგონად მინდა განვაცხადო, რომ აჭარაში არიან ყველაზე მაგარი ქართველები. აჭარიდან იწყებოდა ყველაფერი ამ ქვეყანაში. აჭარელმა შეიძლება საქმეში გიღალატოს, ბიზნესში გადაგაგდოს და კიდევ რაღაც დააშავოს, მაგრამ სამშობლოს რაც შეეხება, იქ აჭარელისგან ღალატი გამორიცხულია. აჭარა საქართველოს 300 წელი იყო მოწყვეტილი და ამის გამო განსაკუთრებულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. იმ ვიღაც სულელმა რუსმა დეპუტატმა არც იოცნებოს, რომ აჭარა საქართველოს შემადგენლობიდან გავა, ეს არ მოხდება!!! რუსეთის შემადგენლობას კი ბევრი სუბიექტი დატოვებს. მაგათ სულ სხვისი მიწები აქვთ ოკუპირებული.

_ თემა შევცვალოთ, თქვენ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე იყავით და იქ პროკურორებს ეჩხუბეთ. ამის გამო გამოგაძევეს. მართლა ქათმები ეძახეთ მათ?

_ მართლა ასე ვეძახე. ისეთი მძიმე განწყობით გამოვედი სასამართლოდან, ვერ წარმოიდგენთ. მინდა, რომ ეს ჩემი განწყობა გითხრათ თქვენ და ამის შესახებ მკითხველმაც გაიგოს: ხალხო, თქვენ უბრალოდ ვერც კი წარმოიდგენთ, რა დამოკიდებულება ვლინდება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. მიშა მართლა კაციჭამია რომ იყოს და ეს ქვეყანა აშენების მაგივრად რომ დაექცია, მაშინაც კი არ შეიძლება მასთან ასეთი ლაპარაკი. იცით, როგორ ელაპარაკება მას პროკურორი? _ ე, ბიჭოო, _ ეუბნება. სამივე პროკურორი ამ ტონალობაში საუბრობს. ეს იყო საზიზღარი სანახაობა. სამივე პროკურორი ერთად აკაკანდებოდა და „ე, ბიოჭოს“ ძახილით აჩერებდნენ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს. ეს საშინელი დამოკიდებულება ვერ ავიტანე და მაგიტომ ვუთხარი იმათ, ქათმები ხართ-მეთქი. ჯარჯი წიკლაურს იცით, რა რეაქცია ჰქონდა ამაზე? ხელის დასარტყმელად გამომექაჩა იმხელა პროკურორი კაცი. გლეხ კაცს ხელის დასარტყმელად რომ გაექაჩება, იმ კაცმა პრეზიდენტი რატომ უნდა გაასამართლოს? წარმოუდგენელი რამე ვნახე მიშას სასამართლოზე, სხვას რომ მოეყოლა, არ დავიჯერებდი.

_ სააკაშვილის თემაზე ვსაუბრობთ და თქვენი აზრით, რატომ აღარ არის მესამე პრეზიდენტის საკითხი აქტუალური? მისი განთავისუფლების მოთხოვნით აქციის გამართვას ვინ ჩივის, განცხადებებიც კი აღარ კეთდება. თქვენი აზრით, რატომ არის ასეთი მდუმარება?

_ ეს მდუმარება და მესამე პრეზიდენტის საკითხის მიჩუმათება ჩემთვის მიუღებელია. ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გამოვთქვი პროტესტი. იმის გამო, რომ სააკაშვილის საკითხი აქტუალური აღარ არის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ უნდა დატოვოს თანამდებობა. ეს არის პირადად ჩემი აზრი, სხვებს თავისი მოსაზრება ექნებათ.

_ ნიკა მელიამ რატომ უნდა დატოვოს პარტიის თავმჯდომარის პოსტი?

_ მანქანა როცა გყავს და მისი ტარება არ იცი, ის მანქანა უნდა მისცე სხვას. მელია პარტიას ვერ მართავს და ის უნდა გადადგეს.

_ მელიას დანაშაულს მაინც ვერ ვიგებ, რა არის. ნიკა მელია უკრძალავს „ნაციონალებს“ მიშაზე ლაპარაკს? მიშას განთავისუფლების მოთხოვნით რამე ღონისძიება რომ მოაწყონ, ნიკა მელიას კურთხევა სჭირდებათ?

_ ნიკა მელიას გარეშეც შეიძლება რაღაცების გაკეთება, მაგრამ ამ ყველაფერს პარტიის თავმჯდომარემ უნდა გაუწიოს ორგანიზება. პარტიის თავმჯდომარე რომ გქვია, ცოტა მეტი გმართებს. ფაქტია, რომ ნიკა მელია ვერ ან არ აკეთებს იმას, რომ მიშას საკითხი აქტუალური იყოს, ამიტომ ნიკა მელიამ პარტიის თავმჯდომარის პოსტი უნდა დატოვოს.

_ პარტიაში ბევრი ფიქრობს ასე, რომ ნიკა მელიამ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დატოვოს?

_ ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ამ თემაზე არავისთან მისაუბრია. მე მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი. მიშა რომ თავისუფალი იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ იმის გამო, რომ მისი განთავისუფლებისთვის არაფერი გაკეთდა, ნიკა მელია უნდა წავიდეს.

_ ამბობთ, რომ სააკაშვილი თავისუფალი იქნებაო და რა გაძლევთ ამის თქმის საბაბს?

_ გინდა-არგინდა, მიშა მაინც განთავისუფლდება. ეს ახლა მხოლოდ დროის ფაქტორია. შეიძლება, ეს იყოს ხვალ, შეიძლება ერთ თვეში.

_ ასე მალე გამოუშვებენ მიშას?

_ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები.

_ უკრაინაში როგორ განვითარდება მოვლენები?

_ რუსეთი სასტიკად დამარცხდება და ეს იქნება საქართველოს გამარჯვებაც. დღეს უკრაინელები ჩვენთვისაც იბრძვიან.

_ უკრაინა ახსენეთ და ამ თემაზე მეოცნებეებს ძალიან საინტერესო ვერსიები აქვთ: ამბობენ, მიშამ იცოდა, უკრაინაში ომი რომ იქნებოდა და ამიტომ გამოიქცა საქართველოშიო.

_ ქოცისგან ბევრი სისულელე მაქვს მოსმენილი, მაგრამ ეს ნამეტანი მოუვიდათ. მაგათ იმდენად სულელური ვერსიები აქვთ მიშასთან დაკავშირებით, რომ კომენტარის გაკეთებაც დაგეზარება ადამიანს.

_ მეოცნებეებს მეორე ვერსიაც აქვთ,  _ მიშა საქართველოში ზელენსკისთან შეთანხმებით დაბრუნდა, ღარიბაშვილი რომ დაემხოო.

_ ესეც მორიგი სისულელეა. ვუყურებ ამათ განცხადებებს და ძალიან მეცოდებიან „ქოცები“. ცუდად არის მაგათი საქმე. აშკარაა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო სიმღერას მღერიან. ყველა ხელისუფლება ასე ასრულებდა თავის მოღვაწეობას. მმართველობის ბოლო წლებში ასეთ არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებდა ასლან აბაშიძეც. „ნაციონალებიც“ არაადეკვატურად იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებში. ქართველებმა რამდენიმე ხელისუფლება გამოვიცვალეთ და ვიცით, თუ რას ნიშნავს აგონიაში მყოფი ხელისუფლება. „ქართული ოცნება“ ახლა სწორედ ამ ეტაპს გადის.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ აგონიაშია მმართველი პარტია?

_ კი არ ვფიქრობ, ეს აშკარაა, „ქართული ოცნება“ არის საშინელ აგონიაში. ასე რომ, ყველაფრისთვის მზად იყავით. ეგენი აწი უფრო ბევრ სისულელეს იტყვიან.

_ ასლან აბაშიძე ახსენეთ და როგორც ამბობენ, ის საქართველოში დაბრუნდება. იმ ამნისტიით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, აჭარის ყოფილ მმართველს საქართველოში დაბრუნების შანსი მიეცა. თქვენ როგორ ხვდებით ამ ამბავს?

_ დაბრუნდეს, რა პრობლემაა. ასლან აბაშიძე უკვე 85 წლისაა. 85 წლის კაცმა ვის რა უნდა დაუშავოს? ვინც კი მაგასთან „აღორძინებაში“ იყო, ახლა ყველანი „ოცნებაში“ არიან. ჩათვალეთ, რომ აბაშიძე დაბრუნებულია. ჩამოვიდეს და იყოს აქ. ბერიკაცს სამშობლოში დაბრუნებას ვერ აუკრძალავ.

_ თქვენ ამას არ გააპროტესტებთ?

_ პირადად მე არა. მის წინააღმდეგ პროტესტს მაშინ გამოვხატავდი, როცა ხელისუფლებაში იყო და დიქტატურა ჰქონდა დამყარებული. 85 წლის ბერიკაცს რა უნდა გავუპროტესტო? სხვებსაც იგივეს მოვუწოდებ, დაანებონ ასლან აბაშიძეს თავი და ნამდვილ საქმეს მიხედონ.

_ ნამდვილი საქმე რა არის?

_ მესამე პრეზიდენტის განთავისუფლება მოითხოვონ. ესაა ახლა მთავარი და არა ის, ჩამოვა თუ არა საქართველოში ასლან აბაშიძე. კარგი იქნება, თუ პარლამენტში მყოფი ოპოზიცია მიშაზე ბევრს ილაპარაკებს. ძალიან საინტერესოა, რას აკეთებს პარლამენტში ოპოზიცია. მაგათი გაკეთებული და გაპროტესტებული იქ არაფერი მინახავს. ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს. ჩემს აზრს მართალია, არავინ იზიარებს, მაგრამ ჩემს პოზიციას მაინც დავაფიქსირებ. პარლამენტში თუ მაინც დარჩნენ, გამოდის, რომ რაღაც ისეთი ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით.

_ რას გულისხმობთ? რა შეიძლება ხდებოდეს ისეთი, რომელიც ჩვენ არ ვიცით?

_ შესაძლოა, რაღაც გარიგება არსებობდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მე შიდა სამზარეულოებში ჩახედული არ ვარ და არ ვიცი, რა ხდება ზედა ეშელონებში. შესაძლოა, რამე თამაშთან გვაქვს საქმე, შესაძლოა, რაღაცაში სჭირდებათ ხმები. გახსოვთ, ალბათ, მიშას საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნას რომ ითხოვდნენ. დღეს ამაზე ხმას არ იღებენ. ფაქტობრივად, არაფერს აკეთებენ. პარლამენტში მათ აღარაფერი ესაქმებათ.